ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ

ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5927
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 26/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 10/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.05.001.003.166
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5927
14/03/2008
სსმ, 7, 26/03/2008
320.110.000.05.001.003.166
ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (16/07/2010 - 24/06/2011)

საქართველოს კანონი

ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის და მასში ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ელექტრონული ხელმოწერის უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებას ამ კანონის რეგულირების სფეროში.

3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ინფორმაციის სახეობებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფო დაცვას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) წერილობითი დოკუმენტი:

ა.ა) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან შენახული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს;

ა.ბ) მატერიალური დოკუმენტი – ქაღალდზე ან სხვა მატერიალურ მატარებელზე წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს;

ბ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით;

გ) ციფრული ხელმოწერის ავტორი (მფლობელი) (შემდგომში – ხელმომწერი) – პირი, რომელსაც აქვს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი (მოწმობა) და ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ელექტრონულ დოკუმენტს ციფრულად აწერს ხელს;

დ) ელექტრონული დოკუმენტის ადრესატი – პირი, რომელიც განსაზღვრულია ელექტრონული დოკუმენტის მიმღებად;

ე) ელექტრონული ხელმოწერა – ნებისმიერი ელექტრონული საშუალების გამოყენებით შექმნილ მონაცემთა ერთობლიობა, რომელსაც ხელმომწერი იყენებს ელექტრონულ დოკუმენტთან მისი კავშირის აღსანიშნავად;

ვ) ციფრული ხელმოწერა – ელექტრონული ხელმოწერის ნაირსახეობა, რომელიც მიღებულია ელექტრონულ მონაცემთა კრიპტოგრაფიული გარდაქმნის შედეგად, ციფრული ხელმოწერის დახურული გასაღების გამოყენებით, ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: დაკავშირებულია მხოლოდ ხელმომწერთან, მისი მეშვეობით შესაძლებელია ხელმომწერის ვინაობის დადგენა, იგი შექმნილია ხელმომწერის სრული კონტროლის ქვეშ მყოფი დახურული გასაღების მეშვეობით, ისეა დაკავშირებული მონაცემებთან, რომ იძლევა იმის აღმოჩენის საშუალებას, მოხდა თუ არა ცვლილება ამ მონაცემებში;

ზ) კრიპტოგრაფიული გარდაქმნა – ელექტრონულ მონაცემთა შიფრაცია და დეშიფრაცია მათემატიკური და ლოგიკური გარდაქმნების გამოყენებით;

თ) გასაღების წყვილი – ასიმეტრიულ კრიპტოსისტემაში დახურული და მასთან მათემატიკურად დაკავშირებული ღია გასაღები; გასაღების წყვილი იქმნება ხელმომწერის მიერ ან/და მისი მოთხოვნის საფუძველზე ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემის მიერ;

ი) დახურული გასაღები – ელექტრონულ მონაცემთა უნიკალური ერთობლიობა, რომელიც გენერირდება ავტომატურ რეჟიმში, ცნობილია მხოლოდ ხელმომწერისათვის და გამოიყენება დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის შესაქმნელად;

კ) ღია გასაღები – ელექტრონულ მონაცემთა უნიკალური ერთობლიობა, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის და გამოიყენება დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის ნამდვილობის შესამოწმებლად;

ლ) დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება – ზუსტად დადგენა იმისა, რომ:

ლ.ა) ციფრული ხელმოწერა შექმნილია სერტიფიკატში (მოწმობაში) მოცემული ღია გასაღების შესაბამისი დახურული გასაღების გამოყენებით;

ლ.ბ) დოკუმენტი არ შეცვლილა მასზე ციფრული ხელმოწერის შექმნის შემდეგ;

მ) ციფრული ხელმოწერის დახურული გასაღების კომპრომეტირება – ნებისმიერი შემთხვევა ან/და ქმედება, რომელმაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს დახურული გასაღების არასანქცირებული გამოყენება;

ნ) ციფრული ხელმოწერის მოწმობის გამცემი – პირი, რომელიც ახორციელებს ციფრული ხელმოწერის მოწმობასთან დაკავშირებულ მომსახურებას;

ო) ციფრული ხელმოწერის მოწმობა – ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც გაცემულია არააკრედიტებული მოწმობის გამცემის მიერ და შეიცავს ციფრული ხელმოწერის ღია გასაღებს, იძლევა ციფრული ხელმოწერის შექმნის, ამ ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმებისა და ხელმომწერის ვინაობის დადგენის საშუალებას;

პ) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემი – ციფრული ხელმოწერის მოწმობის გამცემი, რომელმაც გაიარა ნებაყოფლობითი აკრედიტაცია;

ჟ) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი – ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც გაცემულია აკრედიტებული სერტიფიკატის გამცემის მიერ და შეიცავს ციფრული ხელმოწერის ღია გასაღებს, იძლევა ციფრული ხელმოწერის შექმნის, ამ ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმებისა და ხელმომწერის ვინაობის დადგენის საშუალებას;

რ) მონაცემთა ბაზა – ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატების (მოწმობების) და მათთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის შენახვისა და გამოთხოვის სისტემა;

ს) ციფრული ხელმოწერის საშუალებები – ელექტრონული (პროგრამული) საშუალებების და კრიპტოგრაფიული მეთოდების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება გასაღების წყვილის ან/და ციფრული ხელმოწერის შესაქმნელად და ციფრული ხელმოწერის ნამდვილობის შესამოწმებლად;

ტ) სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემის შინაგანაწესი – სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემისათვის შესასრულებლად სავალდებულო საჯარო განაცხადი სერტიფიკატის (მოწმობის) გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების პროცედურების შესახებ;

უ) დროის აღნიშვნა – მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც იქმნება ტექნიკური საშუალებების სისტემის მეშვეობით და ადასტურებს ელექტრონული დოკუმენტის შექმნის დროს;

ფ) დრო – წელი, თვე, რიცხვი, საათი, წუთი;

ქ) სერტიფიკატის (მოწმობის) მაძიებელი – პირი, რომელიც ავსებს განაცხადს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) მისაღებად.

მუხლი 3. პირადი ხელმოწერისა და ელექტრონული (ციფრული) ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის ცნობის პირობები

1. ელექტრონულ დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ, თუ ციფრული ხელმოწერა გამოიყენება ელექტრონული დოკუმენტის ხელმოწერის მომენტში მოქმედ სერტიფიკატში (მოწმობაში) მითითებული მონაცემების შესაბამისად და შესაძლებელია ციფრული ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება და დადასტურება.

2. ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სერტიფიკატის საფუძველზე შექმნილი ციფრული ხელმოწერით დამოწმებული ან/და დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს დოკუმენტის მატერიალურ ფორმას.

3. ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოწმობის საფუძველზე შექმნილი ციფრული ხელმოწერით დამოწმებული ან/და დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირდაპირ არ მოითხოვს სერტიფიკატის საფუძველზე შექმნილი ციფრული ხელმოწერის გამოყენებას.

4. ამ კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, თუ არსებობს ორი ან ორზე მეტი პირის შეთანხმება, ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

5. სასამართლომ არ შეიძლება უარი თქვას ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის მტკიცებულების სახით დაშვებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი წარმოდგენილია ელექტრონული ფორმით.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 892-ე, 942-ე და 1357-ე მუხლებით განსაზღვრულ გარიგებებზე ან/და ხელშეკრულებებზე.

მუხლი 4. ელექტრონული დოკუმენტის ორიგინალი და ასლი

1. ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალად ითვლება. ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი.

2. ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური დოკუმენტის ფორმატში გადაყვანის დროს მისი დამოწმება ან/და დადასტურება ხდება ხელმომწერის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.

3. მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული დოკუმენტის ფორმატში გადაყვანის დროს მისი დამოწმება ან/და დადასტურება ხდება ხელმომწერის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ციფრული ხელმოწერით. ასეთი ელექტრონული დოკუმენტი მიიჩნევა მატერიალური დოკუმენტის ასლად და აქვს მისი თანაბარი იურიდიული ძალა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

მუხლი 5. ელექტრონული დოკუმენტის გაგზავნა და მიღება

1. თუ მხარეთა შეთანხმებით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი ითვლება გაგზავნილად იმ მომენტიდან, როდესაც ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი გადის ხელმომწერის კონტროლის არედან და მისი უკან გამოწვევა შეუძლებელია.

2. თუ მხარეთა შეთანხმებით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი ითვლება მიღებულად იმ მომენტიდან, როდესაც ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი შედის ადრესატის საინფორმაციო სისტემაში და ხელმისაწვდომია მისთვის.

3. ელექტრონული დოკუმენტის, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის ელექტრონული ხელმოწერის საჭიროება, გაგზავნისა და მიღების სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 6. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი (მოწმობა)

1. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი (მოწმობა) უნდა შეიცავდეს შემდეგ მინიმალურ მონაცემებს:

ა) სერტიფიკატის (მოწმობის) მფლობელის სახელსა და გვარს (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრულ სახელწოდებას);

ბ) მონაცემებს გამოყენებული კრიპტოგრაფიული ალგორითმისა და ციფრული ხელმოწერის საშუალებების შესახებ;

გ) ციფრული ხელმოწერის ღია გასაღებს;

დ) სერტიფიკატის (მოწმობის) გაცემის დროსა და მოქმედების ვადას;

ე) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების, წარმომადგენლობისა და მიზნობრიობის ფარგლებს;

ვ) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემის სრულ რეკვიზიტებს (მათ შორის, მონაცემთა ბაზის ინტერნეტგვერდის მისამართს).

2. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) მაძიებლის მოთხოვნით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მონაცემთან ერთად ასევე მიეთითოს სერტიფიკატის (მოწმობის) მაძიებლის ფსევდონიმი.

მუხლი 7. განაცხადი ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) მისაღებად

1. სერტიფიკატის (მოწმობის) მიღების მიზნით სერტიფიკატის (მოწმობის) მაძიებელმა სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემს უნდა წარუდგინოს განაცხადი, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) მაძიებლის სახელსა და გვარს (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრულ სახელწოდებას);

ბ) მაძიებლის დაბადების თარიღსა და ადგილს (იურიდიული პირის შემთხვევაში – მარეგისტრირებელ ორგანოს, რეგისტრაციის თარიღსა და ნომერს);

გ) მაძიებლის პირად ნომერს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით (იურიდიული პირის შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერს);

დ) სერტიფიკატის (მოწმობის) მოქმედების ვადას (ვადის მიუთითებლობის შემთხვევაში სერტიფიკატი (მოწმობა) უვადოდ ჩაითვლება);

ე) მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების, წარმომადგენლობისა და მიზნობრიობის ფარგლებს;

ვ) მაძიებლის პირად ხელმოწერას;

ზ) მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში სხვა მონაცემებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, განაცხადში აგრეთვე უნდა აისახოს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ფსევდონიმი არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 8. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) გაცემა

1. სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემი ამოწმებს განაცხადის შესაბამისობას ამ კანონის მოთხოვნებთან და ახდენს პირის იდენტიფიცირებას.

2. სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემს სერტიფიკატის (მოწმობის) გაცემაზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი მონაცემები უზუსტოა ან შეიცავს ხარვეზს.

3. სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემი ვალდებულია სერტიფიკატის (მოწმობის) გაცემისთანავე შეიტანოს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი (მოწმობა) მის მიერ წარმოებულ სერტიფიკატის (მოწმობის) მონაცემთა ბაზაში.

4. სერტიფიკატი (მოწმობა) გაიცემა ელექტრონული ფორმით; მაძიებლის მოთხოვნით შესაძლებელია სერტიფიკატის გაცემა ასევე ქაღალდის ფორმატით.

მუხლი 9. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) მფლობელის უფლება-მოვალეობები

1. სერტიფიკატის (მოწმობის) მფლობელი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს სერტიფიკატის (მოწმობის) შეჩერება-ამოქმედება, მოქმედების ვადის გაგრძელება ან გაუქმება;

ბ) განახორციელოს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული უფლება;

გ) მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

დ) სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემისაგან მოითხოვოს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ე) განახორციელოს სხვა უფლებები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.

2. სერტიფიკატის (მოწმობის) მფლობელი ვალდებულია:

ა) არ დაუშვას დახურული გასაღების არასანქცირებული გამოყენება;

ბ) არ ისარგებლოს დახურული გასაღებით, თუ მისთვის ცნობილი გახდა გასაღების კომპრომეტირების ფაქტი, და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემს;

გ) ციფრული ხელმოწერის შესაქმნელად არ გამოიყენოს ის დახურული გასაღები, რომლის სერტიფიკატის (მოწმობის) მოქმედებაც შეჩერებულია ან გაუქმებულია;

დ) სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სერტიფიკატის (მოწმობის) მისაღებად განაცხადში მითითებული მონაცემების შეცვლის თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაუცველობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება დაეკისრება ხელმომწერს, თუ ის მოქმედებდა წინასწარი შეცნობით აღნიშნულ პუნქტში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით.

მუხლი 10. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემის უფლება-მოვალეობები

1. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემი უფლებამოსილია:

ა) გასცეს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი (მოწმობა) და განახორციელოს მასთან დაკავშირებული მომსახურება;

ბ) დაადგინოს სერტიფიკატის (მოწმობის) გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების საზღაური.

2. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემი ვალდებულია:

ა) შეიმუშაოს სერტიფიკატის (მოწმობის) გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შინაგანაწესი და უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა. შინაგანაწესში ასახული უნდა იყოს შემდეგი მინიმალური ინფორმაცია:

ა.ა) ციფრული ხელმოწერის ელექტრონული საშუალებების აღწერილობა;

ა.ბ) სერტიფიკატის (მოწმობის) მისაღებად განაცხადის განხილვის წესი და ვადები;

ა.გ) სერტიფიკატის (მოწმობის) გაცემის წესი;

ა.დ) სერტიფიკატის (მოწმობის) მოქმედების ფარგლები;

ა.ე) გაცემული სერტიფიკატის (მოწმობის) აღრიცხვისა და შენახვის წესი;

ა.ვ) გასაღების წყვილის შექმნისა და შენახვის წესი;

ა.ზ) სერტიფიკატის (მოწმობის) შეჩერება-ამოქმედების, მოქმედების ვადის გაგრძელების ან გაუქმების წესი და ტექნიკური პროცედურები;

ა.თ) სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლები;

ა.ი) სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემის საქმიანობის შეწყვეტის და მისი საქმიანობის სხვა პირისათვის გადაცემის წესის შესახებ, ასეთი პირის არსებობის შემთხვევაში;

ა.კ) სერტიფიკატის (მოწმობის) მომსახურებისათვის დადგენილი საზღაურის ოდენობის, მისი გადახდის წესისა და პირობების შესაძლო შეცვლის შესახებ;

ა.ლ) ნებისმიერი სხვა პირობა, რომელიც დადგენილია ამ კანონის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტით;

ბ) გამოიყენოს მხოლოდ სერტიფიცირებული ციფრული ხელმოწერის ელექტრონული საშუალებები;

გ) სერტიფიკატის (მოწმობის) გაცემისას უზრუნველყოს ღია და დახურული გასაღებების შესაბამისობა;

დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) დაუყოვნებლივ გაუქმება, შეჩერება და ხელახალი ამოქმედება;

ე) ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ განაცხადში ცვლილების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) გაუქმება და ახალი სერტიფიკატის (მოწმობის) გაცემა;

ვ) უზრუნველყოს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) შეჩერება-ამოქმედების, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების მომსახურება უწყვეტ რეჟიმში;

ზ) აწარმოოს მის მიერ გაცემული მოქმედი, შეჩერებული და გაუქმებული სერტიფიკატის (მოწმობის) მონაცემთა ბაზა;

თ) უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება მომხარებლისთვის ხელმისაწვდომ საკომუნიკაციო ქსელებში;

ი) უზრუნველყოს გაცემული სერტიფიკატის (მოწმობის) შენახვა მატერიალური დოკუმენტების შენახვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით;

კ) დახურული გასაღების შესაქმნელად გამოიყენოს ისეთი ელექტრონული საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი კონფიდენციალობის დაცვას;

ლ) საჭიროების შემთხვევაში კონსულტაცია გაუწიოს ხელმომწერს ციფრულ ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

მ) უზრუნველყოს სერტიფიკატის (მოწმობის) მფლობელისაგან მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;

ნ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასცეს ფსევდონიმით დარეგისტრირებული სერტიფიკატის (მოწმობის) მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

3. თუ ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემი წყვეტს მომსახურების გაწევას, მან ამის შესახებ 30 დღით ადრე უნდა აცნობოს სერტიფიკატის (მოწმობის) მფლობელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია აანაზღაუროს შეუტყობინებლობის შედეგად მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პუნქტში მითითებული ვადის დაცვა შეუძლებელი იყო ფორსმაჟორული გარემოებების გამო.

4. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემს ეკისრება ამ მუხლის მოთხოვნათა დაუცველობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება.

5. სერტიფიკატის გამცემი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტობა ამ კანონის საფუძველზე დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

მუხლი 11. სერტიფიკატის (მოწმობის) შეჩერება

1. სერტიფიკატის (მოწმობის) შეჩერება ხდება:

ა) სერტიფიკატის (მოწმობის) მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი დახურული გასაღების კომპრომეტირების თაობაზე;

გ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი სერტიფიკატის (მოწმობის) მისაღებად განაცხადში არასწორი მონაცემის შეტანის თაობაზე;

დ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემმა სერტიფიკატის (მოწმობის) მფლობელს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სერტიფიკატის (მოწმობის) შეჩერების შესახებ და შეჩერებასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიტანოს მონაცემთა ბაზაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სერტიფიკატის (მოწმობის) შეჩერების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 10 დღეს.

4. სერტიფიკატის (მოწმობის) შეჩერების პერიოდში ასეთი სერტიფიკატის (მოწმობის) საფუძველზე ციფრული ხელმოწერით დამოწმებული ან/და დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტი ბათილია.

მუხლი 12. სერტიფიკატის (მოწმობის) ხელახალი ამოქმედება

1. სერტიფიკატის (მოწმობის) ხელახალი ამოქმედება ხდება:

ა) სერტიფიკატის (მოწმობის) მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) თუ არ დასტურდება ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები.

2. სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემმა სერტიფიკატის (მოწმობის) მფლობელს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სერტიფიკატის (მოწმობის) ხელახალი ამოქმედების შესახებ და ხელახალ ამოქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიტანოს მონაცემთა ბაზაში.

მუხლი 13. სერტიფიკატის (მოწმობის) გაუქმება

1. სერტიფიკატის (მოწმობის) გაუქმება ხდება:

ა) სერტიფიკატის (მოწმობის) მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) თუ დასტურდება ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები;

გ) სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემის მიერ მომსახურების გაწევის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის (მოწმობის) გაცემისა და მომსახურების უფლებამოსილება არ გადაეცა სხვა პირს;

დ) სერტიფიკატის (მოწმობის) მომსახურებისათვის დადგენილი საზღაურის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ე) სერტიფიკატის (მოწმობის) მოქმედების ვადის გასვლისას, თუ სერტიფიკატი (მოწმობა) განსაზღვრული ვადით იყო გაცემული;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემმა სერტიფიკატის (მოწმობის) მფლობელს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სერტიფიკატის (მოწმობის) გაუქმების შესახებ და გაუქმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიტანოს მონაცემთა ბაზაში.

მუხლი 14. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სერტიფიკატის (მოწმობის) შეჩერებისა და გაუქმების შედეგები

ფიზიკური და იურიდიული პირები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც ამ კანონით დადგენილი საფუძვლების გარეშე იწვევენ სერტიფიკატის (მოწმობის) შეჩერებას ან გაუქმებას, ვალდებული არიან, აანაზღაურონ სერტიფიკატის (მოწმობის) შეჩერებით ან გაუქმებით მიყენებული ზიანი.

მუხლი 15. ნებაყოფლობითი აკრედიტაცია

1. პირს, რომელსაც სურს გასცეს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი, უფლება აქვს, გაიაროს აკრედიტაცია აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში – აკრედიტაციის ცენტრში მისი მომსახურების მაღალი ხარისხისა და ამ კანონის საფუძველზე დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

2. ზოგადი მოთხოვნები ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემის მსურველის მიმართ:

ა) ჰქონდეს საკმარისი ფინანსურ-ტექნიკური რესურსები და ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი, რაც უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების უსაფრთხოობას, საიმედოობას და უწყვეტობას;

ბ) უზრუნველყოს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემის, შეჩერება-ამოქმედების, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების, აგრეთვე სხვა სწრაფი და უსაფრთხო მომსახურება;

გ) უზრუნველყოს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემის, შეჩერება-ამოქმედების, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების ზუსტი თარიღისა და დროის დადგენა;

დ) გამოიყენოს ციფრული ხელმოწერის დახურული და ღია გასაღებების გენერირებისთვის განკუთვნილი საიმედო, არასანქცირებული მოდიფიცირებისგან დაცული ელექტრონული საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი კონფიდენციალობის დაცვას;

ე) უზრუნველყოს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის შესახებ ინფორმაციის შენახვას მისი გაუქმებიდან სულ მცირე 6 წლის განმავლობაში;

ვ) უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის ისეთი ფუნქციონირება, როდესაც მხოლოდ უფლებამოსილ პირს აქვს მასში ინფორმაციისა და ცვლილებების შეტანის საშუალება, ასევე შესაძლებლობა, გამოავლინოს ნებისმიერი ტექნიკური ცვლილება, რომელიც უსაფრთხოების დონის შესუსტებას გამოიწვევს;

ზ) შეასრულოს ნებისმიერი სხვა მოთხოვნა, რომელიც დადგენილია ამ კანონის საფუძველზე დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით.

3. საჯარო მოსამსახურემ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა ისარგებლოს მხოლოდ ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მომსახურებით.

4. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემს უნდა ჰქონდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობის და მომსახურების უწყვეტობის სავალდებულო დაზღვევა.

5. შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული ან/და დადასტურებული დოკუმენტების შენახვა დამოუკიდებელი მესამე პირების მიერ. ამგვარად შენახული დოკუმენტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათი კომპრომეტირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ელექტრონული დოკუმენტის მესამე პირთან შენახვა ნებაყოფლობითია.

6. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემმა შეიძლება შეიმუშაოს დამატებითი დაცვის მექანიზმი ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) გაცემასთან დაკავშირებით.

მუხლი 16. საინფორმაციო სისტემის (მონაცემთა ბაზის) დასტური

1. ნებისმიერი საინფორმაციო სისტემიდან გამოთხოვილ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს იურიდიული ძალა, თუ სისტემა უზრუნველყოფს ელექტრონული დოკუმენტის დადასტურებას ავტომატურ რეჟიმში.

2. თუ საინფორმაციო სისტემის დასტური დაკავშირებულია ციფრულ ხელმოწერასთან, ის უნდა განხორციელდეს ამ კანონის მოთხოვნების დაცვით.

მუხლი 17. პასუხისმგებლობა

1. ელექტრონული დოკუმენტების გაყალბება გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე და 362-ე მუხლების შესაბამისად.

2. ელექტრონულ დოკუმენტებთან დაკავშირებული სხვა სამართალდარღვევები გამოიწვევს იმავე სახის პასუხისმგებლობას, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა მატერიალური (წერილობითი) დოკუმენტების შემთხვევაში.

მუხლი 18. საზღვარგარეთ გაცემული ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის აღიარება

1. საზღვარგარეთ გაცემულ ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატს აქვს ამ კანონის შესაბამისად გაცემული ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის ეკვივალენტური ძალა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) სერტიფიკატის გამცემი აკრედიტებულია იმ ქვეყანაში, რომელთანაც ამ საკითხებზე საქართველოს დადებული აქვს ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება;

ბ) სერტიფიკატი გაცემულია იმ ქვეყანაში, რომლის ტექნიკური რეგლამენტები აღიარებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით და ისინი სრულუფლებიანად გამოიყენება საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების პარალელურად;

გ) სერტიფიკატის გამცემს გარანტად უდგება საქართველოში აკრედიტებული სერტიფიკატის გამცემი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არსებობისას გარანტი კისრულობს ამ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო სერტიფიკატის გამცემისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

მუხლი 19. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობა ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრავს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესს.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებას.

3. სახელმწიფომ შეიმუშაოს შესაბამისი მექანიზმები ელექტრონული ხელმოწერის უსაფრთხოების პოლიტიკის უზრუნველსაყოფად ამ კანონის რეგულირების სფეროში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დადგომამდე ან/და ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული საზღვარგარეთ გაცემული ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატების აღიარებამდე ამ კანონის მოქმედება, გარდა ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა, არ ვრცელდება სახელმწიფო ორგანოების (ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების) საქმიანობაზე საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ შესაბამისი კანონით საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შესაძლებლობა პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, ან თუ არ არსებობს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება.

5. საბანკო საქმიანობაში ელექტრონული (ციფრული) ხელმოწერის გამოყენების სტანდარტები და წესები ძალაში რჩება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დადგომამდე ან/და ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ საზღვარგარეთ გაცემულ ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატთა აღიარებიდან 1 წლის განმავლობაში.

6. სახელმწიფო ორგანოები (ორგანიზაციები და დაწესებულებები, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირები) უფლებამოსილი არიან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა გამოიყენონ აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.

საქართველოს 20 10 წლის 16 ივლისის კანონი № 3449 - სსმ I,  № 42 , 22 . 07 .20 10 წ., მუხ. 268

მუხლი 20. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 14 მარტი.

№5927–Iს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3449 - სსმ I,  №42 , 22 .07 .2010 წ., მუხ.268

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.