საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 423
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016592
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
423
18/12/2013
ვებგვერდი, 18/12/2013
190040000.22.033.016592
საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/12/2013 - 02/12/2019)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №423

2013 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2  მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 127-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს “საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქცია”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური



საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქცია


თავი I
ზოგადი დებულებები და განმარტებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე-1291 მუხლების შესაბამისად ამ ინსტრუქციით განისაზღვრება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდები და მათი გამოყენება, დამოუკიდებელი ოპერაციის შედარებადობის განსაზღვრა, ოპერაციის კორექტირების განხორციელების წესი, ოპერაციის მხარეთა მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარსადგენი ინფორმაცია, დოკუმენტთა ნუსხა, საბაზრო ფასების თაობაზე ინფორმაციის წყაროები, კრიტერიუმები რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში შესამოწმებელი ოპერაციების ფასი ჩაითვლება საბაზრო ფასად, პროცედურები საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმებებისა და ორმაგი ეკონომიკური დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად, ფასების დიაპაზონის გამოყენების წესი, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მიზნებისთვის გამოსაყენებელი ვადები და სხვა პროცედურული საკითხები.

2. ამ ინსტრუქციის პრინციპები ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 2010 წლის სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელო მითითებებს მულტინაციონალური კომპანიებისა და საგადასახადო ორგანოებისათვის.

3. თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე-1291 მუხლებით და ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, მაშინ გამოიყენება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 2010 წლის სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელო მითითებები მულტინაციონალური კომპანიებისა და საგადასახადო ორგანოებისათვის.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის (შემდგომში - ოპერაციის) შეფასების მიღებული მეთოდი - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილი ოპერაციების შეფასების მეთოდებიდან ერთ - ერთი მეთოდი;

ბ) საბაზრო პირობა - ოპერაციის პირობა (საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად), რომელიც შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127 - ე მუხლის მოთხოვნებს;

გ) საბაზრო დიაპაზონი - ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამისი ფინანსური მაჩვენებლის მნიშვნელობებისაგან შემდგარი დიაპაზონი;

დ) საბაზრო ანაზღაურება - ოპერაციის შედეგად მიღებული ისეთი ანაზღაურება, რომელიც შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მოთხოვნებს;

ე) ოპერაციების შეფასების ორმხრივი წინასწარი შეთანხმება (შემდგომში ორმხრივი წინასწარი შეთანხმება) - შემოსავლების სამსახურსა და საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი მხარის კომპეტენტურ ორგანოს შორის საგადასახადო ხელშეკრულების დებულებების შესაბამისი მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული შეთანხმება,  რომლითაც განისაზღვრება საბაზრო პრინციპის გამოყენება საქართველოს საწარმოსა და საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი მხარის რეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ საწარმოს შორის მომავალში განსახორციელებელი მოცული ოპერაციების მიმართ;

ვ) შედარებადობის შესწორება - შესაბამისი ფინანსური მაჩვენებლის შესწორება საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის შესაბამისად;

ზ) შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი - ოპერაციის შეფასების მიღებული მეთოდი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

თ) შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაცია - დამოუკიდებელი ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რომელიც აკმაყოფილებს კონტროლირებად ოპერაციასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შედარებადობის სტანდარტს;

ი) ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია - საგადასახადო დეკლარაციის წარდგენამდე საქართველოს საწარმოს მიერ ამ ინსტრუქციის IV თავის შესაბამისად მომზადებული დოკუმენტაცია; 

კ) შესაბამისი შესწორება - შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განხორციელებული შესწორება საქართველოს საწარმოსთვის დაკისრებულ გადასახადთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ორმაგი  დაბეგვრა, რომელიც გამოწვეულია საქართველოს საწარმოსა და საგადასახადო ხელშეკრულების წევრი ქვეყნის რეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ საწარმოს შორის  ოპერაციის პირობების ცვლილებით;      

ლ) ფასნამატის მეთოდი - ოპერაციის შეფასების მიღებული მეთოდი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;                  

მ) მოცული პერიოდი - საგადასახადო წლები, რომლებიც მოცულია ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებით;

ნ) მოცული ოპერაცია - ოპერაცია, რომელიც წარმოადგენს ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების საგანს;

ო) გარე შედარებადი ოპერაცია - გარე დამოუკიდებელი ოპერაცია, რომელიც  განსაზღვრულია ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც აკმაყოფილებს კონტროლირებად ოპერაციასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შედარებადობის სტანდარტს;

პ) უფლებამოსილი საქართველოს საწარმო - საქართველოს საწარმო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმება ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის შესაბამისად;

ჟ) ფინანსური მაჩვენებელი - მაჩვენებელი (მაგ. ფასნამატი თვითღირებულებაზე, მთლიანი მარჟა, ან წმინდა მოგების მაჩვენებელი), რომლის შემოწმებაც წარმოებს ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდოლოგიით;

რ) უცხოური შედარებადი ოპერაცია - დამოუკიდებელი ოპერაცია, რომელიც აკმაყოფილებს  საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შედარებადობის სტანდარტს (ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლში ჩამოთვლილი შედარებადობის ფაქტორების გათვალისწინებით) და რომელიც:

რ.ა) შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდის და მოგების გაყოფის მეთოდის გამოყენებისას არ გულისხმობს საქართველოს საწარმოს ჩართულობას; ან

რ.ბ) გადაყიდვის ფასის მეთოდის, ფასნამატის მეთოდის და ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდის გამოყენებისას არ ხორციელდება ქვეყანაში, სადაც  შემოწმებული მხარე მდებარეობს;

ს) უცხოური შემოწმებული მხარე - შემოწმებული მხარე, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო;

ტ) ფუნქციური ანალიზი - ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კონტროლირებად ოპერაციასთან დაკავშირებით განხორციელებული ანალიზი;

უ) შემოსავლების სამსახური - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;

ფ) დამოუკიდებელი ექსპერტი - ფიზიკური პირი ისეთი სპეციალიზებული უნარ-ჩვევებით, ცოდნით და/ან გამოცდილებით, რომელიც შესაფერისია მოლაპარაკების პროცესში არსებული ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების ფაქტებთან და გარემოებებთან;

ქ) შიდა შედარებადი ოპერაცია - შიდა დამოუკიდებელი ოპერაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც აკმაყოფილებს  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შედარებადობის სტანდარტს კონტროლირებად ოპერაციასთან დაკავშირებით;

ღ) ინტერკვარტილური დიაპაზონი - დიაპაზონი, რომელიც შედგება 25-დან 75-ე პროცენტილამდე (ამ პროცენტილების მნიშვნელობების ჩათვლით) არსებული შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციებისგან მიღებული შედეგებისგან;

ყ) 25-ე პროცენტილი - შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციისგან მიღებული შედეგი, რომელიც ზრდის მიმართულებით დალაგებული შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციებისგან მიღებული შედეგების მწკრივში წარმოადგენს ¼ (შედეგების რაოდენობა +1)-ე შედეგს. თუმცა, თუ ამ ფორმულის შესაბამისად განსაზღვრული 25-ე პროცენტილი არ ემთხვევა ფაქტიურ შედეგს, მაშინ იგი შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციისგან მიღებული ის შედეგი იქნება, რომელიც ყველაზე ახლოსაა ფორმულით განსაზღვრულ 25-ე პროცენტილთან, ხოლო თუ ფორმულით განსაზღვრული 25-ე პროცენტილი არის ორი შედეგის შუაში, მაშინ 25-ე პროცენტილი იქნება ფორმულით განსაზღვულ 25-ე პროცენტილამდე  არსებული პირველივე შედეგი;

შ) 75-ე პროცენტილი - შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციისგან მიღებული შედეგი, რომელიც ზრდის მიმართულებით დალაგებული შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციებისგან მიღებული შედეგების მწკრივში წარმოადგენს ¾ (შედეგების რაოდენობა +1)-ე შედეგს. თუმცა, თუ ამ ფორმულის შესაბამისად განსაზღვრული 75-ე პროცენტილი არ ემთხვევა ფაქტიურ შედეგს, მაშინ იგი შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციისგან მიღებული ის შედეგი იქნება, რომელიც ყველაზე ახლოსაა ფორმულით განსაზღვრულ 75-ე პროცენტილთან, ხოლო თუ ფორმულით განსაზღვრული 75-ე პროცენტილი არის ორი შედეგის შუაში, მაშინ 75-ე პროცენტილი იქნება ფორმულით განსაზღვული 75-ე პროცენტილის შემდეგ არსებული პირველივე შედეგი;

ჩ) 50-ე პროცენტილი - ამ მიზნისთვის 50-ე პროცენტილი არის შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციიდან მიღებული ყველაზე დაბალი შედეგი, ისეთი, რომ შედეგების 50 პროცენტი მაინც იმყოფება აღნიშნული შედეგის დონეზე ან მის ქვემოთ. თუმცა, თუ შედეგების ზუსტად 50 პროცენტი არის აღნიშნული შედეგის დონეზე ან მის ქვემოთ, მაშინ 50-ე პროცენტილი არის შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციებისგან მიღებული აღნიშნული შედეგის  და ამ შედეგის მომდევნო უფრო მაღალი შედეგის საშუალო; 

ც) ოპერაციების შეფასების მრავალმხრივი წინასწარი შეთანხმება (შემდგომში მრავალმხრივი წინასწარი შეთანხმება) - შემოსავლების სამსახურსა და ორი ან მეტი საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი მხარის კომპეტენტურ ორგანოს შორის საგადასახადო ხელშეკრულებების დებულებების შესაბამისად გაფორმებული შეთანხმება,  რომლითაც განისაზღვრება საბაზრო პრინციპის გამოყენება საქართველოს საწარმოსა და საგადასახადო ხელშეკრულებების პარტნიორი მხარეების რეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ საწარმოებს შორის მომავალში განხორციელებული მოცული ოპერაციების მიმართ;

ძ) სხვა მეთოდი - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდებისგან განსხვავებული ოპერაციების შეფასების მეთოდი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის მე–8 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს; 

წ) ნათესავი - პირი განსაზღვრული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად;

ჭ) გადაყიდვის ფასის მეთოდი - ოპერაციის შეფასების მიღებული მეთოდი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ხ) საგადასახადო ხელშეკრულება - შეთანხმება შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ;

ჯ) საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი მხარე - ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს საგადასახადო ხელშეკრულება;

ჰ) შემოწმებული მხარე - კონტროლირებული ოპერაციის მხარე, რომლის ფინანსური მაჩვენებლებიც მოწმდება;

1) ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი - ოპერაციის შეფასების მიღებული მეთოდი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

2) ოპერაციის მოგების გაყოფის მეთოდი - ოპერაციის შეფასების მიღებული მეთოდი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

3) ოპერაციების შეფასების ცალმხრივი წინასწარი შეთანხმება (შემდეგში ცალმხრივი წინასწარი შეთანხმება) - პროცედურული შეთანხმება საქართველოს საწარმოსა და შემოსავლების სამსახურს შორის, რომელიც ძალაში შესულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1291 მუხლის შესაბამისად.          


მუხლი 3. საწარმოს სამეწარმეო გადაწყვეტილების პრაქტიკული კონტროლი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის პირი „პირდაპირ ან არაპირდაპირ პრაქტიკულად აკონტროლებს საწარმოს სამეწარმეო გადაწყვეტილებებს“, როცა სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა: 

ა) ის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან აკონტროლებს კომპანიის ხმის უფლების მქონე აქციების/წილების უმრავლესობას;

ბ) მას შეუძლია პირდაპირ ან არაპირდაპირ დირექტორთა საბჭოს შემადგენლობის კონტროლი;

გ) მას უფლება აქვს პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღოს საწარმოს მოგების 50%-ი ან მეტი;

დ) მის მიერ საწარმოზე პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცემული სესხების და მისი გარანტიით კომპანიის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ აღებული სესხების ჯამი აღემატება საწარმოს მთლიანი აქტივების საბალანსო ღირებულების 50%-ს;

ე) პირის ნათესავი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს საწარმოს 50%-ზე მეტს ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მართავს საწარმოს;

ვ) გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, საწარმოს სამეწარმეო გადაწყვეტილებებზე კონტროლი დასტურდება ფაქტებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე.

 


მუხლი 4. ოპერაციები შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნების რეზიდენტებთან
  1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, როცა საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან მეტ ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნის გადასახადის გადამხდელთან, იმის მიუხედავად არიან თუ არა მხარეები ურთიერთდამოკიდებული პირები, საქართველოს საწარმომ უნდა განსაზღვროს მისი დასაბეგრი მოგების მოცულობა საბაზრო პრინციპის შესაბამისად (საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად), და  ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციების პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშვებოდა პირს, მაგრამ მასთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნას ამ პირის მოგებაში და შესაბამისად დაიბეგროს.
  2. ოპერაციის პირობები საქართველოს საწარმოსა და შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნის გადასახადის გადამხდელს შორის ჩაითვლება საბაზრო პრინციპის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის, თუ შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ოპერაციების მხარეები არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

თავი II
საბაზრო პრინციპის გამოყენება

მუხლი 5. შედარებადობის ფაქტორები
  1. იმის განსაზღვრისას შედარებადია თუ არა ორი ან რამდენიმე ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის, გათვალისწინებულ უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები, იმდენად, რამდენადაც ისინი ეკონომიკურად მნიშვნელოვანია ოპერაციების ფაქტებთან და გარემოებებთან მიმართებით: 

ა) მიწოდებული ქონების ან მომსახურების მახასიათებლები, მათ შორის:

ა.ა) მატერიალური აქტივების შემთხვევაში: ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, საიმედოობა, მიწოდების ხელმისაწვდომობა და ა.შ.

ა.ბ) მომსახურების შემთხვევაში: მომსახურების ტიპი და მასშტაბი მიუხედავად იმისა მომსახურება მოიცავს თუ არა კონკრეტულ გამოცდილებას, ტექნიკურ „ნოუ ჰაუს“ ან არამატერიალური აქტივების გამოყენებას და ა.შ.

ა.გ) ფინანსური ოპერაციების შემთხვევაში: ძირითადი თანხის მოცულობა, პერიოდი, გარანტიები, ვალუტა, მოვალის გადახდისუნარიანობა, უზრუნველყოფა, საპროცენტო განაკვეთი და ა.შ.

ა.დ) არამატერიალური აქტივების შემთხვევაში: ოპერაციის ფორმა (მაგ. ლიცენზირება ან გაყიდვა), ქონების ტიპი (მაგ. პატენტი, სავაჭრო ნიშანი, ან „ნოუ ჰაუ“), დაცვის ხანგრძლივობა და ხარისხი, მოსალოდნელი სარგებელი ქონების გამოყენებიდან და ა.შ.

ა.ე) აქციების გასხვისების შემთხვევაში: ემიტენტის განახლებული კაპიტალის ანგარიში, მოგებისა ან პროგნოზირებული ფულადი ნაკადების მიმდინარე ღირებულება, აქციების გადაცემის მომენტში საფონდო ბაზარზე მათი კოტირებული ფასი და ა.შ.

ბ) თითოეული საწარმოს მიერ ოპერაციებთან დაკავშირებით განხორციელებული ფუნქციები, გამოყენებული აქტივები და  ნაკისრი რისკები, მათ შორის:

ბ.ა) ფუნქციები: დაპროექტება, წარმოება, აწყობა, კვლევა და განვითარება, მომსახურება, შესყიდვა, დისტრიბუცია, მარკეტინგი, რეკლამირება, ტრანსპორტირება, დაფინანსება, მართვა და ა.შ.

ბ.ბ) აქტივები: მოწყობილობები და დანადგარები, ფასეული არამატერიალური აქტივები, ფინანსური აქტივები, და ა.შ. ასევე, გამოყენებული აქტივების ტიპი, როგორიცაა მაგ. ასაკი, საბაზრო ღირებულება, ადგილმდებარეობა, საკუთრების უფლების  დაცულობა და ა.შ.

ბ.გ)   რისკები, მაგალითად: საბაზრო რისკი; ქონებაში, დანადგარებსა და მოწყობილობებში ინვესტირებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დანაკარგის რისკი; კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინვესტიციების წარმატებისა და წარუმატებლობის რისკები; ფინანსური რისკები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს მაგალითად: ვალუტის გაცვლითი კურსის და საპროცენტო განაკვეთის ცვლილებით, საკრედიტო რისკებით და ა.შ.

გ) ოპერაციებთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობები შემდეგის გათვალისწინებით:

გ.ა) წერილობითი ხელშეკრულების არ არსებობისას ოპერაციების პირობები შეიძლება დადასტურებულ იქნას მხარეებს შორის არსებული მიმოწერით/კომუნიკაციით;

გ.ბ) ხელშეკრულების პირობების წერილობითი სახით არ არსებობის შემთხვევაში, მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობები უნდა გამომდინარეობდეს მათი ქცევიდან და ეკონომიკური პრინციპებიდან, რომლებიც ძირითადად მართავენ ურთიერთობებს დამოუკიდებელ საწარმოებს შორის;

გ.გ) გამოკვლეულ უნდა იქნას შეესაბამება, თუ არა კონტროლირებულ ოპერაციებში მხარეთა ქცევა  ხელშეკრულების პირობებს ან მხარეთა ქცევა მიუთითებს თუ არა, რომ ხელშეკრულების პირობები არ ყოფილა დაცული ან ფიქტიურია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შემდგომი ანალიზია საჭირო ოპერაციის ჭეშმარიტი პირობების დასადგენად.

დ) ეკონომიკური გარემოებები, რომლებშიც  ხორციელდება ოპერაცია, კერძოდ ის გარემოებები,  რომლებიც მნიშვნელოვანია საბაზრო შედარებადობის განსასაზღვრად, მაგალითად როგორებიც არის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა; ბაზრების სიდიდე; კონკურენციის მასშტაბი; ბაზრებზე და მყიდველების და გამყიდველების შედარებითი კონკურენტული პოზიციები; შემცვლელი საქონლის და მომსახურების ხელმისაწვდომობა; მოთხოვნის და მიწოდების დონე ბაზარზე მთლიანობაში და კონკრეტულ რეგიონებში; მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი; მთავრობის მიერ ბაზრის რეგულირების ტიპი და მასშტაბი; წარმოების ხარჯები  (მათ შორის მიწის, მუშახელის და კაპიტალის ხარჯი); სატრანსპორტო ხარჯები; ბაზრის დონე (მაგ. საცალო ან საბითუმო); ოპერაციის განხორციელების თარიღი და დრო და ა.შ.

ე) ოპერაციის მხარეების მიერ გამოყენებული სამეწარმეო სტრატეგიები, მათ შორის სტრატეგიები, რომლებიც დაკავშირებულია ბაზარზე შეღწევასთან, დივერსიფიკაციასთან, ინოვაციებთან, პროდუქტის განვითარებასთან, რისკის აცილებასთან, პოლიტიკურ ცვლილებებთან და ა.შ.


მუხლი 6. შედარებადობის შესწორება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის:

 ა) გონივრულად ზუსტი შედარებადობის შესწორების შეტანის საკითხი განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შედარებადობის შესწორება გაზრდის შედეგების საიმედოობას ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხების გათვალისწინებით:

ა.ა) იმ განსხვავების არსებითობა, რომლისთვისაც შედარებადობის შესწორების შეტანა განიხილება;

ა.ბ) შედარებადობის შესწორებას დაქვემდებარებული მონაცემების ხარისხი;

ა.გ) შედარებადობის შესწორების შეტანის მიზანი;

ა.დ) შედარებადობის შესწორების შესატანად გამოყენებული მიდგომის საიმედოობა.

ბ) გონივრულად ზუსტი შედარებადობის შესწორება შეიძლება მოიცავდეს: 

ბ.ა) შედარებადობის შესწორებებს ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისობისათვის, რომლებიც შემუშავებულია კონტროლირებულ და დამოუკიდებელ ოპერაციებთან მიმართებით განსხვავებული ბუღალტრული პრაქტიკის გამოყენების შედეგად მიღებული განსხვავებების აღმოსაფხვრელად;

ბ.ბ) ფინანსური მონაცემების სეგმენტაციას მნიშვნელოვანი არაშედარებადი ოპერაციების გამოსარიცხად;

ბ.გ) შედარებადობის შესწორებებს კაპიტალში, ფუნქციებში, აქტივებში, რისკებში არსებული განსხვავებების აღმოსაფხვრელად; 

ბ.დ) შედარებადობის შესწორებებს გეოგრაფიულ ბაზრებს შორის არსებული განსხვავებების აღმოსაფხვრელად.


მუხლი 7. დამოუკიდებელი ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვების წყაროები
  1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისათვის დამოუკიდებელი ოპერაციები მოიცავს:

ა) შიდა დამოუკიდებელ ოპერაციებს, სადაც კონტროლირებული ოპერაციის ერთ-ერთი მხარე არის დამოუკიდებელ საწარმოსთან განხორციელებული ოპერაციის მხარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად;

ბ) გარე დამოუკიდებელ ოპერაციებს, სადაც კონტროლირებული ოპერაციის არცერთი მხარე არ არის დამოუკიდებელ საწარმოებს შორის განხორციელებული ოპერაციის მხარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. 

  1. დამოუკიდებელი ოპერაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას შედარებადობის შესწორების შეტანის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როცა დამოუკიდებელი ოპერაციის დეტალები არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად და მასზე ინფორმაცის სხვა წყაროებიც არსებობს.

3. შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციების შესახებ საქართველოში ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიერ დაშვებული იქნება უცხოური შედარებადი ოპერაციების გამოყენება იმ პირობით, რომ გაანალიზდება გეოგრაფიული განსხვავებებისა და სხვა ფაქტორების გავლენა ყველაზე მართებული ოპერაციების შეფასების მეთოდის გამოყენებისას შემოწმებულ ფინანსურ მაჩვენებელზე და რომ საჭიროების შემთხვევაში, ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მითითებების შესაბამისად შეტანილ იქნება შედარებადობის შესწორება.


მუხლი 8. ოპერაციების შეფასების მეთოდების შერჩევა და გამოყენება
  1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდებიდან ოპერაციების შეფასების  ყველაზე მართებული მეთოდის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა კრიტერიუმი:

ა) ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდის შესაბამისი ძლიერი და სუსტი მხარეები;

ბ) კონტროლირებული ოპერაციის ტიპიდან გამომდინარე ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდის გამოყენების მართებულობა; კერძოდ: ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდის გამოყენების მართებულობა განისაზღვრება კონტროლირებულ ოპერაციაში თითოეული საწარმოს მიერ განხორციელებული ფუნქციების ანალიზის მეშვეობით (გამოყენებული აქტივების და ნაკისრი რისკების გათვალისწინებით);

გ) საიმედო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც საჭიროა არჩეული ოპერაციების შეფასების მეთოდის და/ან სხვა მეთოდების გამოსაყენებლად;

დ) შედარებადობის ხარისხი კონტროლირებულ და დამოუკიდებელ ოპერაციებს შორის, კონტროლირებულ და დამოუკიდებელ ოპერაციებს შორის არსებული განსხვავებების აღმოფხვრის მიზნით შეტანილი შედარებადობის შესწორებების საიმედოობის ჩათვლით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  1. როცა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღწერილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერაციების შეფასების ერთი ან რამდენიმე მიღებული მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას  თანაბარი საიმედოობით, საბაზრო პირობების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდის გამოყენებით. როცა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღწერილი კრიტერიუმების გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერაციის შეფასების მიღებული მეთოდი და საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერაციის შეფასების მიღებული მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს თანაბარი საიმედოობით, საბაზრო პირობების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერაციის შეფასების მიღებული მეთოდის გამოყენებით.
  2. მოცემული კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით ოპერაციების შეფასების ერთზე მეტი მეთოდის გამოყენება აუცილებელი არ არის.
  3. თუ საქართველოს საწარმომ საბაზრო ანაზღაურების დასადგენად გამოიყენა ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდი, მაშინ შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმება იმის გასარკვევად, იყო თუ არა საქართველოს საწარმოს მიერ განხორციელებული კონტროლირებული ოპერაციის პირობები საბაზრო პრინციპის შესაბამისი, უნდა ემყარებოდეს საქართველოს საწარმოს მიერ გამოყენებულ ოპერაციების შეფასების მიღებულ მეთოდს, თუ  საწარმოს მიერ აღნიშნული ოპერაციების შეფასების მეთოდის შერჩევა მოხდა ამ მუხლის დებულებების შესაბამისად.
  4. თუ ოპერაციის მოგების გაყოფის მეთოდი შერჩეულია, როგორც ყველაზე სათანადო მეთოდი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და ასევე, შესაძლებელია კონტროლირებულ ოპერაციასთან დაკავშირებით ურთიერთდამოკიდებული საწარმოების მიერ შესრულებული ზოგიერთი ფუნქციის საბაზრო ანაზღაურების განსაზღვრა ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდებიდან ერთ-ერთი მეთოდის საშუალებით, მაშინ ოპერაციის მოგების გაყოფის მეთოდის გამოყენება უნდა მოხდეს ნარჩენი მოგების საფუძველზე, რომელიც მიღებულია აღნიშნული ფუნქციების ამგვარად ანაზღაურების შემდეგ.
  5. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდებისგან განსხვავებული მეთოდი გამოიყენოს, როცა შესაძლებელია ნაჩვენებ იქნას, რომ:

ა) ოპერაციის შეფასების არცერთი მიღებული მეთოდი არ შეიძლება მიზანშეწონილად იქნას გამოყენებული კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო პირობების განსასაზღვრად; და

ბ) ასეთი სხვა მეთოდი იძლევა შედეგს, შესაბამისს იმ შედეგთან, რომელიც შედარებად გარემოებებში დამოუკიდებელი საწარმოს მიერ შედარებად დამოუკიდებელ ოპერაციაში იქნებოდა მიღწეული.

  1. გადასახადის გადამხდელს, რომელიც ითხოვს „სხვა მეთოდის“ გამოყენებას, ეკისრება მტკიცების ტვირთი იმის საჩვენებლად, რომ ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები სრულდება.

მუხლი 9. შემოწმებული მხარის შერჩევა
  1. ფასნამატის მეთოდის, გადაყიდვის ფასის მეთოდის ან ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდის გამოყენებისას აუცილებელია შემოწმებული მხარის შერჩევა.
  2. შემოწმებული მხარის შესახებ არჩევანი უნდა შეესაბამებოდეს კონტროლირებული ოპერაციის ფუნქციურ ანალიზს.
  3. შემოწმებული მხარე არის მხარე, რომლის მიმართაც შესაძლებელია ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდის გამოყენება ყველაზე საიმედო ფორმით და რომლისთვისაც შესაძლებელია განისაზღვროს ყველაზე საიმედო შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციები ე.ი. შემოწმებული მხარე ყველზე ხშირად იქნება ის მხარე, რომელსაც შესაბამის კონტროლირებულ ოპერაციასთან მიმართებით შესრულებული აქვს ყველაზე ნაკლებად კომპლექსური ფუნქციები.
  4. უცხოური შემოწმებული მხარის გამოყენება მიღებული იქნება შემოსავლების სამსახურის მიერ იმ პირობით თუ სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი სამი პირობა:

ა)  გამოყენებული ოპერაციების შეფასების მეთოდი  არის ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდი, რომელიც ოპერაციების შეფასების ყველაზე უფრო მართებული მეთოდია ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად;

ბ) შემოწმებული მხარე შერჩეულია ამ მუხლის შესაბამისად;

გ) საქართველოს საწარმო შემოსავლების სამსახურს აწვდის საკმარის ინფორმაციას შემოწმებულ მხარესთან დაკავშირებით, რათა შესაძლებელი იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლთან კონტროლირებული ოპერაციის შესაბამისობის შეფასება.


მუხლი 10. საბაზრო დიაპაზონი
  1. საბაზრო დიაპაზონი არის შესაბამისი ფინანსური მაჩვენებლებისგან (მაგ. ფასები, მარჟები ან მოგების წილები) შემდგარი დიაპაზონი, რომელიც მიღებულია შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციების მიმართ ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ყველაზე მართებული ოპერაციების შეფასების მეთოდის გამოყენებით, რომელიც უნდა განისაზღვროს:

ა) ყველა შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციისგან მიღებული შედეგის გათვალისწინებით, როცა ინფორმაცია კონტროლირებული ოპერაციის და შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის შესახებ საკმარისად სრულია და მოსალოდნელია, რომ ყველა არსებითი განსხვავება იდენტიფიცირებულია, თითოეულ ასეთ განსხვავებას აქვს განსაზღვრული და გონივრულად დადგენილი ეფექტი შესაბამის ფინანსურ მაჩვენებელზე და საჭიროების შემთხვევაში, განხორციელებულია შედარებადობის შესწორება თითოეული ასეთი განსხვავების ეფექტის აღმოსაფხვრელად.

ბ) ინტერკვარტილური დიაპაზონის გათვალისწინებით, რომელიც შედგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის და ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული შედარებადობის და საიმედოობის მსგავსი დონის შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციების შედეგებისგან, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს.

  1. კონტროლირებული ოპერაცია ან კონტროლირებული ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც გაერთიანებულია ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად არ უნდა დაექვემდებაროს შესწორებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კონტროლირებული ოპერაციიდან ან კონტროლირებული ოპერაციების ერთობლიობიდან მიღებული და ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად შერჩეული ოპერაციების შეფასების მეთოდით შემოწმებული შესაბამისი ფინანსური მაჩვენებელი მდებარეობს საბაზრო დიაპაზონის ფარგლებში.
  2. იმ შემთხვევაში თუ, კონტროლირებული ოპერაცია ან კონტროლირებული ოპერაციების ერთობლიობა, რომელიც გაერთიანებულია ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად ხვდება საბაზრო დიაპაზონის ფარგლებს გარეთ, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს საწარმოს დასაბეგრი მოგების შესწორება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნული შესწორებით შესაბამისი ფინანსური მაჩვენებელი გაუტოლდება შესაბამისი საბაზრო დიაპაზონის მედიანას, თუ ფაქტები და გარემოებები მკაფიოდ არ მიუთითებენ აღნიშნული ფინანსური მაჩვენებელის საბაზრო დიაპაზონის სხვა წერტილთან ტოლობის შესახებ.
  3. მტკიცების ტვირთი იმის საჩვენებლად, რომ ფაქტებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე ფინანსური მაჩვენებლის შესწორება უნდა განხორციელდეს საბაზრო დიაპაზონში მედიანისგან განსხვავებულ წერტილზე ეკისრება:

ა) საქართველოს საწარმოს, როცა საქართველოს საწარმო აცხადებს, რომ ფაქტები და გარემოებები მიუთითებენ ფინანსური მაჩვენებლის საბაზრო დიაპაზონის მედიანისგან განსხვავებულ წერტილთან ტოლობაზე;

ბ) შემოსავლების სამსახურს, როცა შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ფაქტები და გარემოებები მიუთითებენ ფინანსური მაჩვენებლის საბაზრო დიაპაზონის მედიანისგან განსხვავებულ წერტილთან ტოლობაზე.


მუხლი 11. კონტროლირებული ოპერაციების ერთობლიობის შეფასება
თუ საქართველოს საწარმო ერთსა და იმავე ან მსგავს გარემოებებში ახორციელებს ორ ან რამდენიმე კონტროლირებულ ოპერაციას, რომლებიც ეკონომიკურად მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან ან რომლებიც ქმნიან  უწყვეტობას იმგვარად, რომ შეუძლებელია მათი საიმედოდ ანალიზი ცალ-ცალკე, ეს ოპერაციები შეიძლება გაერთიანდეს ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლში განსაზღვრული შედარებადობის ანალიზის განსახორციელებლად და გამოყენებულ იქნას ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად შერჩეული ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდი.

მუხლი 12. წინასწარ განზრახული ურთიერთჩათვლის საერთაშორისო შეთანხმებები
  1. წინასწარ განზრახული ურთიერთჩათვლის საერთაშორისო შეთანხმება არის ისეთი შეთანხმება, როდესაც ერთი ურთიერთდამოკიდებული საწარმო მეორე ურთიერთდამოკიდებულ საწარმოს აწვდის ეკონომიკურ სარგებელს იმ წინასწარი განზრახვით, რომ ჩაითვალოს მეორე ურთიერთდამოკიდებული საწარმოსგან სანაცვლოდ მიღებული სხვა ეკონომიკური სარგებლის გარკვეული ნაწილი. მიღებულმა ეკონომიკურმა სარგებელმა შესაძლოა სრულად გაქვითოს გაცემული ეკონომიკური სარგებელი ან შესაძლოა საჭირო იყოს გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის შესასრულებლად. 
  2. იმის განსაზღვრისას არის თუ არა წინასწარ განზრახული ურთიერთჩათვლის საერთაშორისო შეთანხმება შესაბამისობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლთან, სხვა საკითხებთან ერთად განხილულ უნდა იქნას შემდეგი ფაქტორები:

ა) აღემატება თუ არა გაცემული სარგებლის ღირებულება მიღებული სარგებლის ღირებულებას. ამ თვალსაზრისით შესაძლოა აუცილებელი იყოს ოპერაციების საბაზრო ანაზღაურების ცალ-ცალკე განსაზღვრა;

ბ) დოკუმენტაციის არსებობა, რომელიც მომზადებულია წინასწარ განზრახული ურთიერთჩათვლის საერთაშორისო შეთანხმების გაფორმებამდე ან აღნიშნული შეთანხმების გაფორმების მომენტში და რომელიც ადასტურებს წინასწარ განზრახული ურთიერთჩათვლის საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისობას საბაზრო პრინციპთან;

გ) ნებისმიერი მოსაზრება, დაკავშირებული საგადასახადო კოდექსის სხვა ნაწილების გამოყენების ჩათვლით, მათ შორის მაგალითად წყაროსთან დაკავების ვალდებულება, შეზღუდვები გარკვეული ტიპის გამოქვითვებზე და ა.შ.


მუხლი 13. რამდენიმე წლის მონაცემების შეფასება
შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის კონტროლირებულ ოპერაციასთან შედარებადობის შეფასებისას გამოსაყენებელი ინფორმაცია უნდა იყოს იმ ფინანსურ წელთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლის განმავლობაშიც  ადგილი ჰქონდა კონტროლირებულ ოპერაციას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) თუ დამოუკიდებელი და კონტროლირებული ოპერაციის შედარებადობის შეფასებისას ხელმისაწვდომი არ არის იმ ფინანსური წლის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც მოხდა კონტროლირებული ოპერაცია, მაშინ შესაძლებელია წინა წლების ინფორმაციის გამოყენება იმ პირობით, რომ სრულდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილში განსაზღვრული შედარებადობის სტანდარტი;

ბ) თუ ინფორმაცია დაკავშირებული იმ პერიოდთან, რომელიც მიეკუთვნება კონტროლირებული ოპერაციის განხორციელების ფინანსური წლის წინა 4 ფინანსურ წელს, გამოავლენს ისეთ ფაქტებს, რომლებსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეთ შესადარებელი ოპერაციების შედარებადობის განსაზღვრაზე (მაგალითად პროდუქტის, დარგის, ეკონომიკური ციკლების გავლენის დამამტკიცებელი საბუთი).

 


მუხლი 14. ფაქტიურად განხორციელებული ოპერაციების აღიარება
  1. შემოსავლების სამსახურის მიერ კონტროლირებული ოპერაციის შეფასება ჩვეულებრივ უნდა ემყარებოდეს ურთიერთდამოკიდებული საწარმოების მიერ რეალურად განხორციელებულ ოპერაციას, როგორც მათ მიერ იყო ორგანიზებული, გადასახადის გადამხდელის მიერ არჩეული ოპერაციების შეფასების მეთოდის გამოყენებით ამ ინსტრუქციის მე-8-მე-10 მუხლების შესაბამისად.
  2. შემოსავლების სამსახურმა არ უნდა უგულებელყოს ფაქტიური ოპერაციები ან ჩაანაცვლოს ისინი სხვა ოპერაციებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

ა) კონტროლირებული ოპერაციის ეკონომიკური შინაარსი განსხვავდება მისი ფორმისგან;

ბ) ოპერაციასთან დაკავშირებული შეთანხმებები განსხვავდება იმ შეთანხმებებისგან, რომლებიც შესაძლებელია მიღებულ ყოფილიყო კომერციული თვალსაზრისით რაციონალურად მოქმედი დამოუკიდებელი საწარმოების მიერ და რომლის ფაქტიური სტრუქტურაც  პრაქტიკულად ხელს უშლის შემოსავლების სამსახურს განსაზღვროს ოპერაციის შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლთან.


თავი III
ოპერაციის კონკრეტული ტიპები

მუხლი 15. მომსახურება
  1. მომსახურების საფასური კონტროლირებულ ოპერაციაში ჩაითვლება საბაზრო პრინციპის შესაბამისად, როდესაც სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

ა) მისი დაკისრება ხდება რეალურად გაწეული მომსახურებისთვის;

ბ) მომსახურება მიმღებისათვის წარმოადგენს, ან მიწოდებისას მოსალოდნელი იყო, რომ წარმოადგენდა ეკონომიკურ ან კომერციულ ღირებულებას, რომელიც ემსახურება მომსახურების მიმღების კომერციული მდგომარეობის გამყარებას;

გ) ის დაკისრებულია მომსახურებისთვის, რომლისთვისაც დამოუკიდებელი საწარმო შედარებად გარემოებებში გადაიხდიდა საფასურს, თუ ეს მომსახურება მისთვის გაწეული იქნებოდა დამოუკიდებელი საწარმოს მიერ ან თვითონ შეასრულებდა  საწარმოში თავისთვის;

დ) მისი ოდენობა შეესაბამება თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა დამოუკიდებელ საწარმოებს შორის შედარებადი მომსახურებისთვის შედარებად გარემოებებში.

  1. საწარმოსთვის დაკისრებული მომსახურების საფასური არ ჩაითვლება საბაზრო პრინციპის შესაბამისად, როდესაც მისი დაკისრება ხდება მხოლოდ აქციონერის მიერ ერთ ან მეტ ურთიერთდამოკიდებულ საწარმოში წილის/აქციის ფლობის გამო. აღნიშნული მოიცავს ასეთი ურთიერთდამოკიდებული საწარმოს მიერ გაწეულ ისეთ ხარჯებს ან განხორციელებულ ისეთ საქმიანობებს როგორებიცაა: 

ა) საქმიანობა ან ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ზემოთ აღნიშნული საწარმოს მშობელი კომპანიის იურიდიულ სტრუქტურასთან, როგორიცაა მშობელი კომპანიის აქციონერთა კრება, აქციების ემისია მშობელ კომპანიაში და მშობელი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ხარჯები;

ბ) საქმიანობა ან ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ზემოთ აღნიშნული საწარმოს მშობელი კომპანიის მიერ საანგარიშგებო მოთხოვნების შესრულებასთან, ანგარიშგებების კონსოლიდაციის ჩათვლით;

გ) საქმიანობა ან ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სახსრების მოზიდვასთან ურთიერთდამოკიდებული საწარმოების ჯგუფის წევრებში წილის/აქციის შესაძენად თუ ეს წევრები არ არიან პირდაპირ ან არაპირდაპირ შეძენილი ზემოთ აღნიშნული საწარმოს მიერ და შეძენას სარგებელი მოაქვს ან მოსალოდნელია, რომ სარგებელს მოიტანს ზემოთ აღნიშნული  საწარმოსათვის.

  1. საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებული საწარმოსათვის მომსახურების გაწევისას, თუ შესაძლებელია კონკრეტული მომსახურების იდენტიფიკაცია, მაშინ მომსახურების საფასურის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს თითოეული კონკრეტული მომსახურებისთვის  ამ მუხლის დებულებების შესაბამისად.
  2. როდესაც მომსახურების გაწევა წარმოებს საწარმოს მიერ ერთობლივად სხვადასხვა ურთიერთდამოკიდებული საწარმოებისთვის და შეუძლებელია თითოეული მათგანისთვის გაწეული კონკრეტული მომსახურებების იდენტიფიკაცია, მომსახურების მთლიანი საფასური განაწილებულ უნდა იქნას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოებს შორის, რომლებიც სარგებელს იღებენ ან ელიან სარგებელს მომსახურებიდან, განაწილების გონივრული კრიტერიუმების შესაბამისად. ამ დებულების მიზნებისათვის განაწილების კრიტერიუმები მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული, როცა ისინი ემყარება ცვლადს ან ცვლადებს რომლებიც:

ა) ითვალისწინებს მომსახურების ბუნებას, გარემოებებს, რომელშიც ის იქნა გაწეული და ასევე მიღებულ სარგებელს ან მხარეებისთვის მოსალოდნელ სარგებელს, რომლისთვისაც მოხდა მომსახურების გაწევა; და

ბ) შესაძლებელია შეფასდეს მიზანშეწონილად საიმედო ფორმით.


მუხლი 16. ოპერაციები არამატერიალური აქტივების მონაწილეობით
  1. საბაზრო პირობების განსაზღვრა კონტროლირებული ოპერაციებისთვის, რომლებიც ეხება ლიცენზიებს, არამატერიალური ქონების გაყიდვას ან სხვაგვარ გადაცემას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოებს შორის უნდა ითვალისწინებდეს როგორც ქონების გადამცემის, ისე ქონების მიმღების პერსპექტივას, მათ შორის, ოპერაციის ფასის განსაზღვრას, რომლითაც შედარებადი დამოუკიდებელი საწარმო ისურვებს ქონების გადაცემას, და ასევე არამატერიალური ქონების ღირებულებასა და სარგებელს მიმღებისთვის მის საქმიანობაში. 
  2. ლიცენზიის, არამატერიალური ქონების გაყიდვის ან  სხვაგვარი გადაცემის მიმართ ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ნებისმიერი სპეციფიკური ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანია კონტროლირებული და დამოუკიდებელი ოპერაციების შედარებადობისათვის, მათ შორის: 

ა) არამატერიალური ქონებიდან მოსალოდნელი სარგებელი;

ბ) ნებისმიერი გეოგრაფიული შეზღუდვა არამატერიალურ ქონებასთან დაკავშირებული უფლებების გამოყენებასთან დაკავშირებით;

გ) გადაცემული უფლებების ექსკლუზიური ან არაექსკლუზიური ბუნება; და

დ) მიმღების მიერ არამატერიალური ქონების შემდგომი განვითარების უფლება.


თავი IV

ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია


მუხლი 17. ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია
  1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა კომპანიის მიმართ წარმოდგენილ იქნას განმარტება იმ საფუძვლის შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც საწარმო მიიჩნევს, რომ მისი მოგება საბაზრო პრინციპის შესაბამისია, დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, როცა:

ა) საქართველოს საწარმოს მომზადებული აქვს ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ამ მუხლის შესაბამისად და

ბ) ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურს მიეწოდება წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

  1. ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) საქართველოს საწარმოს სამეწარმეო ოპერაციების მიმოხილვას, მათ შორის ეკონომიკური ფაქტორების ანალიზს, რომლებიც გავლენას ახდენენ მისი საქონლისა  და მომსახურების ფასის განსაზღვრაზე;

ბ) საქართველოს საწარმოს კორპორაციული, ორგანიზაციული სტრუქტურის აღწერას, რომელიც მოიცავს ყველა მხარეს, რომელიც პოტენციურად მნიშვნელოვანია კონტროლირებული ოპერაციის გასაანალიზებლად;

გ) იმ ოპერაციის აღწერას, რომლის გაანალიზებაც ხდება, მათ შორის ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლში განსაზღვრული შედარებადობის ფაქტორების ანალიზს და ჯგუფის ოპერაციების შეფასების პოლიტიკის დეტალებს (საჭიროების შემთხვევაში);

დ) შერჩეული ოპერაციის შეფასების მეთოდის აღწერას და განმარტებას, თუ რატომ იქნა ეს მეთოდი შერჩეული (ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად);

ე) შედარებადობის ანალიზს, მათ შორის: განხორციელებული შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის აღწერას; ნებისმიერი პოტენციური შიდა შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის უარყოფის საფუძვლის განმარტებას (საჭიროების შემთხვევაში); გარე შედარებადი ფაქტორების ძიების დეტალურ აღწერას (საჭიროების შემთხვევაში); კონტროლირებული ოპერაციების და შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის შედარებადობის შეფასებას (ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით განსაზღვრული შედარებადობის ფაქტორებთან მიმართებაში); და განხორციელებული ნებისმიერი შედარებადობის შესწორების აღწერას.

ვ)  ნებისმიერი ეკონომიკური ანალიზის და პროგნოზის განმარტებას, რომელიც საფუძვლად იქნა გამოყენებული ოპერაციის შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავებისას;

ზ) ოპერაციის შეფასების წინასწარი შეთანხმების ან წინასწარი გადაწყვეტილების დეტალებს, რომლებიც მნიშვნელოვანია კონტროლირებული ოპერაციებისთვის;

თ) დასკვნას საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საწარმოს მიერ მის ოპერაციის ფასთან/დასაბეგრ შემოსავალთან დაკავშირებით განხორციელებულ ნებისმიერ შესწორებას შესაბამისი წლებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისობა საბაზრო პრინციპთან; და

ი) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს საქართველოს საწარმოს საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრაზე კონტროლირებულ ოპერაციებთან მიმართებაში.

  1. საქართველოს საწარმოები, რომელთა ბრუნვაც საგადასახადო წლის განმავლობაში 8 000 000 ლარზე ნაკლებია ჩაითვლება, რომ აკმაყოფილებენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს მაშინაც კი, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული ანალიზის შედეგად განსაზღვრული გარე შედარებადი ოპერაციის განახლება წარმოებს მხოლოდ ყოველ მესამე წელს, თუ არ ჰქონია არსებით ცვლილებას ადგილი საქართველოს საწარმოს სამეწარმეო საქმიანობაში, შესადარებელ საწარმოო ოპერაციებში ან შესაბამის ეკონომიკურ გარემოებებში.
  2. ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, თუმცა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში ინგლისურენოვანი დოკუმენტების თარგმნა ქართულად უნდა განხორციელდეს საქართველოს საწარმოს ხარჯით.
  3. ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნას ელექტრონული ან ნაბეჭდი ფორმით.

თავი V

ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებები


მუხლი 18. ამ თავის გამოყენების სფერო
ამ თავით განსაზღვრული წესები და პროცედურები გამოიყენება მხოლოდ ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების მიმართ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1291 მუხლის შესაბამისად.  

მუხლი 19. ორმხრივი და მრავალმხრივი წინასწარი შეთანხმებები
  1. საქართველოს საწარმოსგან წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე შემოსავლების სამსახურმა შეიძლება განიხილოს ორმხრივი ან მრავალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.
  2. ორმხრივ ან მრავალმხრივ წინასწარ შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცედურები შეიძლება განსხვავდებოდეს ამ თავით განსაზღვრული პროცედურებისგან;
  3. ორმხრივი ან მრავალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების მოთხოვნასთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურის შემდგომი განმარტება შეიძლება გაცხადებულ იქნას შემოსავლების სამსახურის მიერ.

მუხლი 20. ოპერაციაზე ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების უფლება
  1. ამ თავის შესაბამისად საქართველოს საწარმომ შეიძლება მოითხოვოს  ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმება ერთ ან რამდენიმე კონტროლირებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, თუ სავარაუდოდ, ასეთი ოპერაციების მოცულობა გადააჭარბებს  50 000 000 ლარს.
  2. ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს მოცული ოპერაციების განხორციელებამდე.
  3. განაცხადი   ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების მიღების მოთხოვნით წარდგენილ უნდა იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1291 მუხლის და ამ თავით განსაზღვრული წესების და პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 21. ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გამოყენება
ცალმხრივი წინასწარი შეთანხმება ემყარება შეთანხმებით მოცული ოპერაციების ინდივიდუალურ ფაქტებს და გარემოებებს და იგი გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1291 მუხლის შესაბამისად ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში და გავრცელდება: 

ა) მხოლოდ საქართველოს საწარმოს მიმართ, რომელიც შეთანხმების მხარეა;

ბ) მხოლოდ შეთანხმებით მოცული ოპერაციების მიმართ;

გ) მხოლოდ შეთანხმებით მოცული პერიოდის განმავლობაში;

დ) საგადასახადო კოდექსის 1291 მუხლის და ამ თავით განსაზღვრული წესების და პროცედურების შესაბამისად.


მუხლი 22. ცალმხრივი წინასწარი შეთანხმებით მოცული მაქსიმალური პერიოდი
ცალმხრივი წინასწარი შეთანხმებით მოცული პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.

მუხლი 23. განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრა
  1. ნებისმიერ საქართველოს საწარმოს, რომელიც განიხილავს ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურისათვის მომართვას, უფლება აქვს, განაცხადის წარდგენამდე შემოსავლების სამსახურთან მოითხოვოს შეხვედრა.
  2. მოთხოვნა განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრის თაობაზე უნდა გაიგზავნოს წერილობითი ფორმით შემოსავლების სამსახურის უფროსის სახელზე.
  3. მოთხოვნის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის უფროსის უფლებამოსილი წარმომადგენელი (წარმომადგენლები) უნდა დაუკავშირდეს საქართველოს საწარმოს განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრის ორმხრივად მისაღები დროის და ადგილის შესათანხმებლად.
  4. საქართველოს საწარმო განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრის განმავლობაში მომზადებული უნდა იყოს გამოხატოს საკუთარი წინასწარი მოსაზრებები ოპერაციების შეფასების მართებულ მექანიზმთან დაკავშირებით და გააჩნდეს მოლაპარაკებების საწარმოებლად საჭირო ინფორმაცია. კერძოდ, საქართველოს საწარმომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ქვემოთ ჩამოთვლილ შემდეგ საკითხებზე: 

ა) საქართველოს საწარმოს საქმიანობის დეტალები და დარგი, რომელშიც სავარაუდოდ განხორციელდება შეთანხმებით მოცული ოპერაცია;

ბ) მოცული ოპერაციების სავარაუდო ღირებულება;

გ) ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებით მოცული საკითხების მასშტაბი (მაგ. რა უნდა იქნეს გათვალისწინებული და რა არა);

დ) შეთანხმებით მოცული შეთავაზებული პერიოდი;

ე) განმარტება, თუ გადასახადის გადამხდელი როგორ აპირებს აჩვენოს, რომ მისი შეთავაზება შესაბამისობაშია საბაზრო პრინციპთან;

ვ) ნებისმიერი სხვა შესაბამისი ფაქტისა და გარემოების დეტალური აღწერა.

  1. საქართველოს საწარმო უფლებამოსილია, განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრა გამოიყენოს შემდეგი მიზნებისათვის:

ა) შეაფასოს და შეასუსტოს ნებისმიერი რისკი იმის შესახებ, რომ:

ა.ა) არ მოხდება ნებით ან უნებლიეთ ისეთი კონფიდენციალური ინფორმაციის (მაგალითად სავაჭრო საიდუმლოს) გამჟღავნება, რომელიც მიწოდებული იქნება ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების პროცესში;

ა.ბ) შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას გადასახადის გადამხდელის წინააღმდეგ საგადასახადო შემოწმების პროცესში, თუ ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესი არ იქნება წარმატებული;

ა.გ) წინა წლებში გამოყენებული ოპერაციების შეფასების პრაქტიკას შეიძლება საფრთხე შეექმნას ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შედეგით.

ბ) შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის შესაფასებლად, შემოთავაზებულ ოპერაციებთან მიმართებით საბაზრო პრინციპის გამოყენებასთან დაკავშირებით;

გ)ორმხრივი ან მრავალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის განსახილველად.

  1. განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრა შეიძლება გულისხმობდეს ერთზე მეტ შეხვედრას საქართველოს საწარმოსა და შემოსავლების სამსახურის უფროსის სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) შორის.
  2. საქართველოს საწარმო, რომელიც მონაწილეობს განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრაში, არ არის ვალდებული წარადგინოს განაცხადი ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით;
  3. განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრის დროს ან განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის უფროსის სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელმა (წარმომადგენლებმა) უნდა აცნობოს საქართველოს საწარმოს  ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების განაცხადის  მიღების შესაძლებლობის შესახებ.
  4. შემოსავლების სამსახურის უფროსის სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლის (წარმომადგენლების) პოზიცია ამ მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად არ არის შემოსავლების სამსახურის უფროსის საბოლოო გადაწყვეტილების განმსაზღვრელი განაცხადის მიღების თაობაზე.
  5.  შემოსავლების სამსახურის უფროსის სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლის (წარმომადგენლების) ან საქართველოს გადასახადის გადამხდელის მიერ გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრის განმავლობაში არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი არცერთი მხარისთვის.

მუხლი 24. განაცხადის წარდგენა ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით
  1. უფლებამოსილმა საქართველოს საწარმომ შეიძლება შეიტანოს განაცხადი ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების მიღების მოთხოვნით ამ მუხლის შესაბამისად; 
  2. საქართველოს საწარმოს მოთხოვნა ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით წერილობით უნდა წარედგინოს  შემოსავლების სამსახურის უფროსს და უნდა შეიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა საკითხს:

ა) შემოთავაზებული ოპერაციების დეტალებს ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლში განსაზღვრული შედარებადობის ფაქტორების მითითებით;

ბ) დეტალურ ინფორმაციას ურთიერთდამოკიდებული საწარმოების შესახებ, რომლებიც ასეთი ოპერაციების მხარეებს წარმოადგენენ, საგადასახადო რეზიდენტობის მითითებით;

გ) საქართველოს საწარმოს სამეწარმეო მოდელის და დარგის აღწერას, რომელიც მნიშვნელოვანია მოცულ ოპერაციებთან მიმართებით;

დ) აღნიშნული შეთანხმებით მოცულ შემოთავაზებულ მასშტაბს და პერიოდს;

ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე–1291 მუხლების და ამ ინსტრუქციის გამოყენების სათანადო დეტალებს შეთანხმებით გათვალისწინებული ოპერაციების მიმართ, მათ შორის: 

ე.ა) შემოთავაზებული შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციების დეტალებს (ან შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციების და ინფორმაციის წყაროს შერჩევის კრიტერიუმებს), რომელიც დადასტურებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის და ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის შესაბამისად განხორციელებული შედარებადობის ანალიზით;

ე.ბ) შემოთავაზებულ შედარებადობის  შესწორებას;

ე.გ) შემოთავაზებული ოპერაციების შეფასების მეთოდს, რომელიც შერჩეულია ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად;

ე.დ) საჭიროების შემთხვევაში, შემოთავაზებულ შემოწმებულ მხარეს, რომელიც შერჩეულია ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის შესაბამისად;

ვ) შესაბამის ფინანსურ მონაცემებს წინა სამი წლისთვის (ან თუ სამეწარმეო საქმიანობის პერიოდი შედარებით ხანმოკლეა მთელი პერიოდის მონაცემებს) და გამოთვლებს დაგეგმილი ოპერაციების შეფასების მეთოდის გამოყენების საფუძველზე. თუ ამ გამოთვლების შედეგი განსხვავდება იმავე წლების საგადასახადო დეკლარაციებში მოცემული შედეგისგან, საქართველოს საწარმომ უნდა წარმოადგინოს განმარტება ასეთ განსხვავებასთან დაკავშირებით;

ზ) შემოთავაზებულ კრიტიკულ დაშვებებს (ამ ინსტრუქციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად) რომელიც შესატანია ოპერაციების შეფასების წინასწარ შეთანხმებაში;

თ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს შემოსავლების სამსახურისათვის განაცხადის შეფასებისას.

  1. განაცხადი შეიძლება წარდგენილ იქნას ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე, თუმცა როცა დოკუმენტების წარდგენა ხდება ინგლისურად, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (წარმომადგენლებმა) შეიძლება მოითხოვოს საწარმოსგან კონკრეტული დოკუმენტების თარგმნა ქართულ ენაზე. დოკუმენტაციის თარგმნა წარმოებს საქართველოს საწარმოს ხარჯზე.
  2. განაცხადის წარდგენა ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების მიზნით ავტომატურად არ იწვევს საგადასახადო შემოწმების ჩატარებას. თუმცა, რამდენადაც ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების გასაფორმებლად განაცხადის წარდგენის პროცესი არ არის საგადასახადო შემოწმება, განაცხადის წარდგენა არ ზღუდავს შემოსავლების სამსახურის უფლებას ჩაატაროს იმ საქართველოს საწარმოს საგადასახადო შემოწმება, რომელსაც წარდგენილი აქვს განაცხადი.

მუხლი 25. განაცხადის განხილვა და შეფასება
  1. ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლთან შესაბამისობაში მყოფი უფლებამოსილი საქართველოს საწარმოს განაცხადის მიღებისთანავე, შემოსავლების სამსახურის უფროსმა შეიძლება დანიშნოს სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი (წარმომადგენლები) განაცხადის შესაფასებლად.
  2. განაცხადის შეფასებისას შემოსავლების სამსახურის უფროსმა ან მისმა სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელმა (წარმომადგენლებმა) შეიძლება საქართველოს საწარმოსგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც მნიშვნელოვანია განაცხადის შესაფასებლად.
  3. შემოსავლების სამსახურის უფროსი ან მისი სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელი (წარმომადგენლები) განიხილავს განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას განაგრძოს თუ არა განაცხადის განხილვა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

ა) საქართველოს საწარმოს მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვა;

ბ) საქართველოს საწარმოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტთან და ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში 23-ე მუხლის მე-4 პუნქტთან  შესაბამისობა;

გ) ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების მოქმედების სფეროს ეკონომიკურად თანმიმდევრულობა;

დ) შეთანხმებით მოცული ოპერაციების სირთულე;

ე) ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმებით მოსალოდნელი სარგებელი საქართველოს ეკონომიკისთვის.

  1. შემოსავლების სამსახურის უფროსმა ან მისმა სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელმა (წარმომადგენლებმა) საქართველოს საწარმოს უნდა მიაწოდოს წერილობითი შეტყობინება იმის შესახებ, გააგრძელებენ თუ არა განაცხადის განხილვას. აღნიშნული შეტყობინება საქართველოს საწარმოს უნდა მიეწოდოს შემოსავლების სამსახურის მიერ განაცხადის მიღებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში.
  2. განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ან მისმა სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელმა (წარმომადგენლებმა) საქართველოს საწარმოს უნდა მიაწოდოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზები წერილობითი ფორმით და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საწარმოს უნდა მისცეს შესაძლებლობა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია;
  3. დამატებითი ინფორმაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურის უფროსმა ან მისმა სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელმა (წარმომადგენლებმა) შეიძლება შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება.    
  4. თუ შემოსავლების სამსახურის უფროსი ან მისი სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელი (წარმომადგენლები) გადაწყვეტს, რომ გააგრძელოს განაცხადის განხილვა, ის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების გაცემიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში  საქართველოს საწარმოს მიაწვდის საქმეზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაციას. 
  5. თუ შემოსავლების სამსახურის უფროსი ან მისი სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელი (წარმომადგენლები) გადაწყვეტს გააგრძელოს განაცხადის განხილვა ამას შეიძლება მოჰყვეს განაცხადში მოცემული საქართველოს საწარმოს წინადადების მიღება, წინადადების უარყოფა ან მოდიფიცირებული შეთანხმების მიღება შემოსავლების სამსახურის უფროსს ან მის სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელსა (წარმომადგენლებსა) და საწარმოს შორის შეთანხმების შედეგად.
  6. შემოსავლების სამსახურის  უფროსის ან მისი სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლის (წარმომადგენლების) გადაწყვეტილება გააგრძელოს განაცხადის განხილვა არ ავალდებულებს შემოსავლების სამსახურის ან საქართველოს საწარმოს გააფორმოს ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმება.
  7. განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მათ შორის დამატებითი ინფორმაცის წარდგენის შემდეგ, საქართველოს საწარმო უფლებამოსილია, განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის შემდეგ, კვლავ შეიტანოს განაცხადი ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების მიღების მოთხოვნით.
  8.  შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ისარგებლოს დამოუკიდებელი ექსპერტის მომსახურებით.

მუხლი 26. მოლაპარაკებების წარმოება ცალმხრივ წინასწარ შეთანხმებასთან დაკავშირებით
  1. შემოსავლების სამსახური განიხილავს ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლის შესაბამისად შედგენილ განაცხადს და თავდაპირველად გაითვალისწინებს საქართველოს საწარმოს მიერ შემოთავაზებულ ოპერაციების შეფასების მეთოდს. 
  2. ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შინაარსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში შემოსავლების სამსახურმა შეიძლება: 

ა) მოითხოვოს საქართველოს საწარმოსგან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც მნიშვნელოვანია ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების გასაფორმებლად საქართველოს კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად;

ბ) მოითხოვოს შეხვედრა საქართველოს საწარმოსთან კონკრეტული საკითხების განსახილველად;

გ) განახორციელოს საველე კვლევა და ადგილზე ვიზიტები საქართველოს საწარმოს ოპერაციების შესამოწმებლად;

დ) გაესაუბროს საქართველოს საწარმოს პერსონალს;

ე) მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაციის საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორებისგან ინფორმაციის გაცვლის პირობიდან გამომდინარე, მოქმედი საგადასახადო ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც მნიშვნელოვანია ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების საწარმოებლად.

  1. გაფორმებული ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შინაარსი და ოპერაციების შეფასების მეთოდი შეიძლება განსხვავდებოდეს საქართველოს საწარმოს მიერ განაცხადში შემოთავაზებულისაგან.
  2. საქართველოს საწარმოს ან შემოსავლების სამსახურს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მოლაპარაკების პროცესი ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შესახებ, თუ ნათელი ხდება, რომ მხარეები ვერ შეძლებენ ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების წარმატებით გაფორმებას.

მუხლი 27. შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს საწარმოს შორის გაფორმებული ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების შინაარსი
  1. შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს საწარმოს შორის გაფორმებული ცალმხრივი წინასწარი შეთანხმება უნდა მოიცავდეს შემდეგ დებულებებს:

ა) აღნიშნული შეთანხმებით მოცული ურთიერთდამოკიდებული მხარეების შესახებ ინფორმაციას (დასახელებას, მისამართს, საიდენტიფიკაციო კოდს და საგადასახადო რეზიდენტობას);

ბ) ოპერაციებს, ხელშეკრულებებს ან შეთანხმებებს, მათ ტიპებს და მოცულობას და მოცულ წლებს;

გ) აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული ოპერაციების შეფასების მეთოდის აღწერას, ამავე შეთანხმებით განსაზღვრულ შედარებად დამოუკიდებელ ოპერაციებს (ან შერჩევის კრიტერიუმებს) და საბაზრო დიაპაზონს (საჭიროების შემთხვევაში);

დ) კრიტიკულ დაშვებებს, რომლის დარღვევამაც შეიძლება გამოიწვიოს ხელშეკრულების მოშლა, შეწყვეტა ან გადასინჯვა;

ე) ნებისმიერ შეთანხმებულ პროცედურას, რომელმაც შეიძლება განაპირობოს აღნიშნული შეთანხმების მოშლა, შეწყვეტა ან გადასინჯვის აუცილებლობა ფაქტობრივ გარემოებებში მომხდარი ცვლილებებიდან გამომდინარე.

ვ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო დაბეგვრის წინასწარ შეთანხმებულ მიდგომას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნული შეთანხმების საგნის მიმართ დამხმარე ხასიათისაა.

ზ) მოთხოვნები და პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს გადასახადის გადამხდელის მიერ, რათა ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმება ძალაში იყოს. ასევე პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული მოთხოვნების და პირობების შესრულებას; 

თ) გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების დეტალები საგადასახადო ორგანოს წინაშე  (მაგ. დოკუმენტაცია:  შესაბამისობის წლიური ანგარიშგებები, ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება, კრიტიკული დაშვებების ცვლილების შესახებ შეტყობინების ვალდებულება და ა.შ.);

ი) საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს, რომლის საფუძველზეც წარმოებს აღნიშნული შეთანხმების გაფორმება;

კ) ნებისმიერ სხვა წინასწარ შეთანხმებულ პირობებს და დებულებებს.

  1. წინასწარი შეთანხმების დებულებები უნდა ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობის ნორმების გამოყენებას, კერძოდ:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე- 1291მუხლებს;

ბ) ამ ინსტრუქციას.


მუხლი 28. კრიტიკული დაშვებები
  1. დაშვებები წარმოადგენს „კრიტიკულ დაშვებებს“, თუ ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებით მოცული პერიოდის განმავლობაში მათი ცვლილება, აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული ოპერაციების შეფასების მეთოდის და საბაზრო პრინციპის გამოყენებას ნაკლებად სანდოს ხდის. მაგალითები შეიძლება მოიცავდეს:

ა) დაშვებებს ტარიფებზე, იმპორტის გადასახადებზე, იმპორტის შეზღუდვებსა და სხვა სახის რეგულაციებზე;

ბ)დაშვებებს ეკონომიკურ პირობებზე, საბაზრო წილზე, საბაზრო პირობებზე, საბოლოო გაყიდვის ფასზე და გაყიდვების მოცულობაზე;

გ)  დაშვებებს ოპერაციებში მონაწილე საწარმოების მიერ შესრულებული ფუნქციების და ნაკისრი რისკების ბუნებაზე;

დ) დაშვებებს ვალუტის გაცვლით კურსზე, საპროცენტო განაკვეთებზე, საკრედიტო რეიტინგსა და კაპიტალის სტრუქტურაზე (კაპიტალი ვალის მიმართ);

ე)  დაშვებებს მმართველობით ან ფინანსურ აღრიცხვაზე და შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიკაციაზე; და

ვ) დაშვებებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასა და საგადასახადო  ხელშეკრულებაზე (დებულებები ან მათი შესაძლო ცვლილებები).

2. თუ ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებით მოცული პერიოდის განმავლობაში აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული კრიტიკული დაშვებები ირღვევა, ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმება შეიძლება გადაისინჯოს, მოიშალოს ან შეწყდეს ამ ინსტრუქციის 33-ე – 35-ე მუხლების შესაბამისად.


მუხლი 29. კონფიდენციალური ინფორმაცია
  1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1291 მუხლის თანახმად საქართველოს საწარმოს მიერ   განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრაზე, განაცხადში, მოლაპარაკებების პროცესსა და ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების გაფორმებისას წარმოდგენილი ინფორმაცია არის  კონფიდენციალური და წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.
  2. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია გაამჟღავნოს სტატისტიკური ანალიზის განხორციელების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია უნდა გამჟღავნდეს ანონიმურად, შემდეგი სახით:

ა) მიღებული და უარყოფილი განაცხადების რაოდენობა და ტიპები;

ბ) გაფორმებული, გატანილი, შეწყვეტილი, განახლებული, მოშლილი ხელშეკრულებების რაოდენობა და ტიპები;

გ) შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს საწარმოს შორის გაფორმებულ ოპერაციების შეფასების წინასწარ შეთანხმებებში გამოყენებული ოპერაციების შეფასების მეთოდების რაოდენობა და ტიპი.


მუხლი 30. ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების შედეგი
  1. თუ საქართველოს საწარმო სათანადოდ ასრულებს იმ ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების დებულებებს, რომლის მხარესაც თვითონ წარმოადგენს, შემოსავლების სამსახური არ განახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შესწორებას.
  2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1291 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საწარმოს არ დაეკისრება სანქცია იმ ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების დებულებების დარღვევის გამო, რომლის მხარესაც თვითონ წარმოადგენს, თუ:

ა) ამ დარღვევის შედეგი ასახავს საბაზრო პრინციპის გამოყენებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე –1291 მუხლების და ამ ინსტრუქციის შესაბამისად;

ბ) საქართველოს საწარმო ატყობინებს შემოსავლების სამსახურს დარღვევის შესახებ ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების დებულებების შესაბამისად;

გ) საქართველოს საწარმო აწარმოებს და შემოსავლების სამსახურს მოთხოვნისთანავე წარუდგენს ჩანაწერებსა და ანალიზს, რომელიც აჩვენებს შესაბამისობას ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან.

  1. შემოსავლების სამსახურმა შეიძლება განახორციელოს იმ საქართველოს საწარმოს საგადასახადო შემოწმება, რომელთანაც გაფორმებული აქვს ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმება, თუმცა ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებით მოცულ ოპერაციებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების მიზანი შემოფარგლული იქნება აღნიშნული შეთანხმების დებულებების შესრულების შემოწმებით.
  2. თუ საქართველოს საწარმო არ ეთანხმება ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებით მოცული ოპერაციების საგადასახადო შემოწმების შედეგებს, მაშინ მას უფლება აქვს აღნიშნული შედეგები გაასაჩივროს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 31. წლიური შესაბამისობის ანგარიში
  1. საქართველოს საწარმოს, რომელიც აფორმებს ოპერაციების შეფასების წინასწარ შეთანხმებას შემოსავლების სამსახურთან, მოეთხოვება წლიური შესაბამისობის ანგარიშგების შევსება და წარდგენა აღნიშნული შეთანხმებით მოცული პერიოდის თითოეული წლისთვის. 
  2. წლიური შესაბამისობის ანგარიშგების დეტალები, ფორმის და წარდგენის თარიღის ჩათვლით, გაცხადებული იქნება შემოსავლების სამსახურის მიერ.

მუხლი 32. შეუსაბამობა ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების დებულებებთან
თუ საქართველოს საწარმო არღვევს გაფორმებული ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების დებულებას ან აღნიშნული შეთანხმების კრიტიკულ დაშვებას, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის 33-ე-35-ე მუხლების შესაბამისად: 

ა) გადასინჯოს შეთანხმება;

ბ) შეწყვიტოს შეთანხმება; ან

გ) მოშალოს შეთანხმება.


მუხლი 33. ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გადასინჯვა
  1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გადასინჯოს ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების დებულებები, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებიდან ერთ-ერთი მაინც დადგება:

ა) დაირღვა ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების დებულება;

ბ) შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც იქნა დადებული ცალმხრივი წინასწარი შეთანხმება;

გ) საქართველოს საწარმოსთან კონსულტაციის შედეგად.

  1. ნებისმიერი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი ორმხრივად უნდა იქნას შეთანხმებული საქართველოს საწარმოსა და შემოსავლების სამსახურს შორის.

მუხლი 34. ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების შეწყვეტა
  1. შემოსავლების სამსახურმა შეიძლება შეწყვიტოს ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმება, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტებიდან ერთ-ერთი მაინც დადგება:

ა) ადგილი აქვს ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას, შეცდომას ან გამოტოვებას, რომელიც არ არის განპირობებული საქართველოს საწარმოს დაუდევრობით, უყურადღებობით ან განზრახ შეუსრულებლობით განაცხადის წარდგენის, შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოების დროს ან ანგარიშგების და შესაბამისობის მოთხოვნების შესრულებისას;

ბ) საქართველოს საწარმო არსებითად ვერ ასრულებს ოპერაციების შეფასების წინასწარი  შეთანხმების დებულებებს;

გ) ადგილი აქვს ერთი ან რამდენიმე კრიტიკული დაშვების დარღვევას და შესაძლებელია ამ დარღვევის დროის განსაზღვრა;

დ) ამ ინსტრუქციის 33-ე მუხლის შესაბამისად, ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების გადასინჯვისას შეუძლებელია შეთანხმების მიღწევა შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს საწარმოს შორის.

  1. ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შეწყვეტის თარიღი განსაზღვრულ იქნება იმ მოვლენის თარიღით, რომელმაც გამოიწვია შეთანხმების შეწყვეტა. თუ ასეთი თარიღის გარკვევა შეუძლებელია, მაგალითად როცა ადგილი ჰქონდა ერთ-ერთი კრიტიკული დაშვების არსებით ცვლილებას, ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შეწყვეტა ძალაში შევა იმ საგადასახადო წლიდან, როცა ამ მოვლენას ადგილი ჰქონდა.
     
  2. შემოსავლების სამსახური და საქართველოს საწარმო ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შეწყვეტის თარიღიდან აღარ არიან ვალდებულნი შეასრულონ აღნიშნული შეთანხმების მოთხოვნები.
  3. შემოსავლების სამსახურმა შეიძლება უარი თქვას ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შეწყვეტაზე, თუ საქართველოს საწარმოს შეუძლია დასაბუთებული მიზეზის ჩვენება და ასევე, მხარეები თანახმა არიან განახორციელონ აღნიშნული შეთანხმების გადასინჯვა ამ ინსტრუქციის 33- ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 35. ცალმხრივი  წინასწარი შეთანხმების მოშლა
  1. შემოსავლების სამსახურმა შეიძლება მოშალოს ოპერაციების შეფასების წინასწარი  შეთანხმება, როცა დადგება ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებიდან ერთ-ერთი მაინც:

ა) ადგილი აქვს ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას, შეცდომას ან გამოტოვებას, რომელიც განპირობებულია საქართველოს საწარმოს დაუდევრობით, უყურადღებობით ან განზრახ შეუსრულებლობით განაცხადის წარდგენის, შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოების დროს ან ანგარიშგების და შესაბამისობის მოთხოვნების შესრულებისას;

ბ) საქართველოს საწარმომ არსებითად ვერ შეასრულა ოპერაციების შეფასების წინასწარი  შეთანხმების ფუნდამენტური მოთხოვნა ან პირობა;

გ) ადგილი აქვს ერთი ან რამდენიმე კრიტიკული დაშვების დარღვევას და შეუძლებელია კრიტიკული დაშვების დარღვევის როგორც თარიღის, ასევე კრიტიკული დაშვების დარღვევის საგადასახადო წლის გარკვევა.

  1. ოპერაციების შეფასების წინასწარი  შეთანხმების მოშლის შემთხვევაში ითვლება, რომ ასეთი შეთანხმება არასდროს  ყოფილა გაფორმებული.

მუხლი 36. ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების განახლება
  1. ნებისმიერი მოთხოვნა ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების განახლებასთან დაკავშირებით უნდა გაკეთდეს აღნიშნული შეთანხმების პერიოდის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე.
  2. ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების განახლების მოთხოვნა არის დამოუკიდებელი განაცხადი ოპერაციის შეფასების წინასწარი ცალმხრივი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და უნდა განხორციელდეს ამ თავში აღწერილი პროცედურის შესაბამისად.
  3. შემოსავლების სამსახური განაახლებს ცალმხრივ წინასწარ შეთანხმებას, თუ სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

ა) ადგილი არ ჰქონია ფაქტების და გარემოებების არსებით ცვლილებას და მნიშვნელოვანი კრიტიკული დაშვებები კვლავ მოქმედებს;

ბ) საქართველოს საწარმო ასრულებს (ასრულებდა) მიმდინარე (წინა) ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების მოთხოვნებს;

გ) შემოსავლების სამსახური განიხილავს მიზანშეწონილად შეთანხმების განახლებას ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების და მიმდინარე (წინა) შეთანხმების გადასინჯვის აუცილებლობის გათვალისწინებით.


თავი VI
პროცედურები ორმაგი ეკონომიკური დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად

მუხლი 37. შესაბამისი შესწორების პროცედურა
  1. საქართველოს საწარმოს მოთხოვნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი შესწორების განხორციელებასთან დაკავშირებით წერილობით უნდა მიეწოდოს შემოსავლების სამსახურს და უნდა შეიცავდეს (ან მას თან უნდა ახლდეს) ისეთ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია შემოსავლების სამსახურისათვის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრის შესაფასებლად:

ა) დასახელება, რეგისტრაციის რეკვიზიტები, ურთიერთდამოკიდებული საწარმოს  დასახელება და რეგისტრაციის რეკვიზიტები;

ბ) წელი, როდესაც შესწორებული ოპერაცია მოხდა;

გ) მოთხოვნილი შესაბამისი შესწორების თანხა და  საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი ქვეყნის საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული შესწორების თანხის ოდენობა;

დ) ურთიერთდამოკიდებული საწარმოს საგადასახადო  რეზიდენტობის დამადასტურებელი საბუთი (ე.ი. წერილი ან რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც გაცემულია საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი ქვეყნის საგადასახადო ორგანოს მიერ);

ე) იმ შესწორების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც განხორციელდა საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი ქვეყნის საგადასახადო ორგანოს მიერ და აღნიშნული შესწორების საფუძველი (ე.ი. შეფასების და დამხმარე ანალიზის ასლი და ადმინისტრაციული დავების ან სასამართლო პროცესის დეტალები საჭიროების შემთხვევაში;

ვ) შედარებადობის ფაქტორების დეტალები, გამოყენებული  ოპერაციების შეფასების მეთოდი  და ა.შ.

ზ) დამტკიცება იმისა, რომ ურთიერთდამოკიდებული მხარე არ განახორციელებს ან ამ მხარეს არ შეუძლია  შემდგომი ქმედებების განხორციელება საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი ქვეყნის ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი ქვეყნის საგადასახადო ორგანოს  მიერ განხორციელებული შესწორებების შემცირება ან გაუქმება;

თ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს შესწორების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შესაფასებლად.

  1. შესაბამისი შესწორების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს შესაბამისი შესწორების მოთხოვნის წარსადგენად განსაზღვრულ პერიოდში იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული მოთხოვნა უნდა გადაწყდეს ორმხრივი შეთანხმების პროცედურით, მოქმედი საგადასახადო ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
  2.  შემოსავლების სამსახური, ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, საქართველოს საწარმოს შეატყობინებს  დაკმაყოფილდება თუ არა მოთხოვნილი შესაბამისი შესწორება სრულად ან ნაწილობრივ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
  3. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური უარს ეტყვის საქართველოს საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შესწორების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად ან ნაწილობრივ, შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საწარმოს წერილობითი ფორმით ან ელექტრონულად უნდა მიაწოდოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზები, აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს საწარმოსათვის ცნობების მომენტში. ასეთი მიზეზები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს, მაგრამ მხოლოდ ჩამოთვლილით არ შემოიფარგლებოდეს:

ა) მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს;

ბ) საქართველოს საწარმომ ვერ წარუდგინა შემოსავლების სამსახურს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი იყო შესწორების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შესამოწმებლად;

გ) შემოსავლების სამსახურის აზრით, შესწორება არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს და აღნიშნულის დასადასტურებლად იძლევა ახსნა-განმარტებას.

  1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი შესწორების მოთხოვნის განსახორციელებლად საჭირო პროცედურის შესახებ დამატებითი განმარტება შესაძლოა გაცხადებულ იქნას შემოსავლების სამსახურის მიერ.

მუხლი 38. ორმხრივი შეთანხმების პროცედურა
  1. საგადასახადო შეთანხმების დებულებების შესაბამისად, თუ საქართველოს საწარმოსთვის ცნობილი გახდება, რომ შემოსავლების სამსახურის ან საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორის ქმედებებს შედეგად მოჰყვება დაბეგვრა, რომელიც არ არის შესაბამისობაში  საგადასახადო ხელშეკრულების პირობებთან, საქართველოს საწარმომ შეიძლება წარუდგინოს საქმე შემოსავლების სამსახურს და მოითხოვოს საქმის ორმხრივი შეთანხმების პროცედურით გადაწყვეტა.
  2. შემოსავლების სამსახურის ქმედებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე-1291 მუხლების და ამ ინსტრუქციის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს დაბეგვრა, რომელიც არ იქნება შესაბამისი საქართველოს სათანადო საგადასახადო ხელშეკრულების დებულებებთან, შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილს (მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდეს):

ა) საქართველოს საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურის შეტყობინების მიღება ამ ინსტრუქციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, რომ მას უარი ეთქვა  შესაბამისი შესწორების განხორციელებაზე სრულად ან ნაწილობრივ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

ბ) საქართველოს საწარმოს დასაბეგრი მოგების შესწორების შესახებ შეტყობინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

  1. საჭირო პროცედურა საკითხის ორმხრივი შეთანხმებით გადაწყვეტის პროცედურის შესახებ გაცხადებული იქნება შემოსავლების სამსახურის მიერ.