დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 45 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 02/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017450 |
|
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016592) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქცია“ თანდართულ დანართებთან ერთად.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის: ა) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ თავის შესაბამისად საქართველოს საწარმომ შეიძლება მოითხოვოს ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმება ერთ ან რამდენიმე კონტროლირებულ ოპერაციასთან დაკავშირებით.“; ბ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრა 1. ნებისმიერ საქართველოს საწარმოს, რომელსაც სურს ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმება, უფლება აქვს, განაცხადის წარდგენამდე შემოსავლების სამსახურთან მოითხოვოს შეხვედრა. 2. მოთხოვნა განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრის თაობაზე შემოსავლების სამსახურს უნდა წარედგინოს წერილობით, ამ ინსტრუქციის №1 დანართით დადგენილი ფორმით. 3. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული აფასებს განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრის ეტაპზე საქართველოს საწარმოსთან შეხვედრის საჭიროებას, რა დროსაც, შესაძლებელია საქართველოს საწარმოსთან კომუნიკაცია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. 4. განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრის საჭიროდ მიჩნევის შემთხვევაში, მოთხოვნის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული უნდა დაუკავშირდეს საქართველოს საწარმოს განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრის ორმხრივად მისაღები დროის და ადგილის შესათანხმებლად. 5. საქართველოს საწარმო მომზადებული უნდა იყოს, განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრის განმავლობაში, გამოხატოს საკუთარი წინასწარი მოსაზრებები ოპერაციების შეფასების მართებულ მექანიზმთან დაკავშირებით და გააჩნდეს მოლაპარაკებების საწარმოებლად საჭირო ინფორმაცია. კერძოდ, საქართველოს საწარმომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ქვემოთ ჩამოთვლილ შემდეგ საკითხებზე: ა) საქართველოს საწარმოს საქმიანობის დეტალები და დარგი, რომელშიც, სავარაუდოდ, განხორციელდება შეთანხმებით მოცული ოპერაცია; ბ) წინასწარი შეთანხმებით მოცული ოპერაციების სავარაუდო ღირებულება; გ) ცალმხრივი წინასწარი შეთანხმებით მოცული საკითხების მასშტაბი (მაგალითად, რა უნდა იქნეს გათვალისწინებული და რა არა); დ) ცალმხრივი წინასწარი შეთანხმებით მოცული შეთავაზებული პერიოდი; ე) საქართველოს საწარმოს განმარტება მის მიერ შეთავაზებული პრინციპების საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის შესახებ; ვ) წინასწარი შეთანხმებით მოცულ ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა არსებითი ფაქტისა და გარემოების დეტალური აღწერა. 6. საქართველოს საწარმო უფლებამოსილია, განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრა გამოიყენოს შემდეგი მიზნებისათვის: ა) შეაფასოს და შეამციროს ნებისმიერი რისკი იმის შესახებ, რომ: ა.ა) არ მოხდება ნებით ან უნებლიეთ ისეთი კონფიდენციალური ინფორმაციის (მაგალითად, კომერციული საიდუმლოების) გამჟღავნება, რომელიც მიწოდებული იქნება ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების პროცესში; ა.ბ) შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას გადასახადის გადამხდელის წინააღმდეგ საგადასახადო შემოწმების პროცესში, თუ ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესი არ იქნება წარმატებული; ა.გ) წინა წლებში გამოყენებული ოპერაციების შეფასების პრაქტიკას შეიძლება საფრთხე შეექმნას ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შედეგით; ბ) შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის შესაფასებლად, შემოთავაზებულ ოპერაციებთან მიმართებით საბაზრო პრინციპის გამოყენებასთან დაკავშირებით; გ) ორმხრივი ან მრავალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის განსახილველად. 7. განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრა შეიძლება გულისხმობდეს ერთზე მეტ შეხვედრას საქართველოს საწარმოსა და შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებს შორის. 8. საქართველოს საწარმო, რომელიც მონაწილეობს განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრაში, არ არის ვალდებული წარადგინოს განაცხადი ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. 9. განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრის დროს ან განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილმა სტრუქტურულმა ერთეულმა უნდა აცნობოს საქართველოს საწარმოს ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების მოთხოვნის თაობაზე განაცხადის მიღების შესაძლებლობის შესახებ. 10. ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების მოთხოვნის თაობაზე განაცხადის მიღების შესაძლებლობის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილმა სტრუქტურულმა ერთეულმა საქართველოს საწარმოს უნდა მიაწოდოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზები წერილობითი ფორმით და, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საწარმოს უნდა მისცეს შესაძლებლობა მოითხოვოს დამატებითი განხილვა. 11. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილმა სტრუქტურულმა ერთეულმა ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული განხილვის შედეგად შესაძლოა შეცვალოს მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება. აღნიშნული ცვლილების შესახებ ეცნობება საქართველოს საწარმოს წერილობითი ფორმით. 12. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ან საქართველოს საწარმოს მიერ გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება განაცხადის წარდგენის წინა შეხვედრის განმავლობაში არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი არც ერთი მხარისთვის.“; გ) 24-ე მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს საწარმოს მიერ ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების მოთხოვნის თაობაზე განაცხადი (შემდგომში – განაცხადი) წარედგინება ამ ინსტრუქციის N2 დანართით დადგენილი ფორმით.“; გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. თუ საქართველოს საწარმოს მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, საქართველოს საწარმო ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს ამ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.“; გ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული შეისწავლის პირის მიერ წარდგენილ განაცხადს და უფლებამოსილია: ა) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, მიუთითოს პირს ხარვეზის გამოსწორების თაობაზე; ბ) ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, უარი თქვას წინასწარი შეთანხმების გაფორმებაზე.“; გ.დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-9 პუნქტები: „5. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. ამ შემთხვევაში, ჩერდება წინასწარი შეთანხმების გაფორმებისთვის განსაზღვრული ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან. 6. საქართველოს საწარმოს მიერ განაცხადის წარდგენიდან წინასწარი შეთანხმების გაფორმებამდე პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. 7. შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადა დამატებით გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. 8. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას წინასწარი შეთანხმების გაფორმებაზე შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) საქართველოს საწარმოს მიერ წინასწარი შეთანხმების გაფორმება მოთხოვნილია იმ საკითხზე, რომელიც სცილდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVII თავით განსაზღვრულ მიზნებს და პროცედურებს; ბ) საქართველოს საწარმოს მიერ განაცხადში არსებული ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა; გ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ან მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მოადგილის მოტივირებული გადაწყვეტილება. 9. განაცხადის წარდგენა არ იწვევს საგადასახადო შემოწმების ჩატარებას. ამასთან, განაცხადის წარდგენა არ ზღუდავს შემოსავლების სამსახურის უფლებას, ჩაატაროს იმ საქართველოს საწარმოს საგადასახადო შემოწმება, რომელსაც წარდგენილი აქვს განაცხადი.“; დ) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. განაცხადის განხილვა და შეფასება 1. ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლთან შესაბამისობაში მყოფი განაცხადი, მისი განხილვისა და შეფასების მიზნით, ეგზავნება შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შექმნილ მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფს. 2. განაცხადის შეფასებისას, სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია განაცხადის წარმომდგენი საქართველოს საწარმოსგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/ დოკუმენტაცია, რომელიც მნიშვნელოვანია განაცხადის შესაფასებლად. 3. სამუშაო ჯგუფი განიხილავს განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას განხილვის გაგრძელების ან განხილვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ა) საქართველოს საწარმოს მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვა; ბ) ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების მოქმედების სფეროს ეკონომიკურად თანმიმდევრულობა; გ) შეთანხმებით მოცული ოპერაციების სირთულე; დ) ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმებით მოსალოდნელი სარგებელი საქართველოს ეკონომიკისთვის. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება განხილვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ შემოსავლების სამსახურმა განაცხადის წარმომდგენ საქართველოს საწარმოს უნდა მიაწოდოს განაცხადის მიღებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში. გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს მისი მიღების მიზეზები და, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საწარმოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გონივრულ ვადაში წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია/ დოკუმენტაცია. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, სამუშაო ჯგუფმა შეიძლება შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება და გააგრძელოს განაცხადის განხილვა, რის შესახებაც, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის მიერ ეგზავნება შეტყობინება განაცხადის წარმომდგენ საქართველოს საწარმოს. 6. თუ სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტს, გააგრძელოს განაცხადის განხილვა, შეიძლება დადგეს ერთ-ერთი შემდეგი შედეგი: ა) განაცხადში მოცემული საქართველოს საწარმოს წინადადების მიღება; ბ) განაცხადში მოცემული საქართველოს საწარმოს წინადადების უარყოფა; გ) მოდიფიცირებული შეთანხმების მიღება სამუშაო ჯგუფსა და საწარმოს შორის შეთანხმების შედეგად. 7. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება განაცხადის განხილვის გაგრძელების თაობაზე, არ ავალდებულებს შემოსავლების სამსახურს ან საქართველოს საწარმოს გააფორმოს ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმება. 8. სამუშაო ჯგუფის მიერ განხილვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მათ შორის, დამატებითი ინფორმაცის წარდგენის შემდეგ, საქართველოს საწარმო უფლებამოსილია, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის შემდეგ, კვლავ შეიტანოს განაცხადი ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. 9. განაცხადის განხილვისას, წინასწარი შეთანხმების გაფორმების მიზნით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ისარგებლოს შესაბამისი სფეროს სპეციალისტის/ ექსპერტის მომსახურებით.“; ე) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. მოლაპარაკებების წარმოება ცალმხრივ წინასწარ შეთანხმებასთან დაკავშირებით 1. ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შინაარსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია: ა) განაცხადის წარმომდგენი საქართველოს საწარმოსგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც მნიშვნელოვანია ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების გასაფორმებლად საქართველოს კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად; ბ) მოითხოვოს შეხვედრა განაცხადის წარმომდგენ საქართველოს საწარმოსთან, კონკრეტული საკითხების განსახილველად; გ) განაცხადის წარმომდგენ საქართველოს საწარმოსთან განახორციელოს გასვლითი კვლევა და ადგილზე ვიზიტი მისი ოპერაციების შესამოწმებლად; დ) გაესაუბროს განაცხადის წარმომდგენ საქართველოს საწარმოს პერსონალს; ე) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლის თაობაზე დებულებების შესაბამისად, მოითხოვოს ინფორმაცია ამავე ხელშეკრულების მეორე მხარისგან; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც მნიშვნელოვანია ოპერაციების შეფასების წინასწარ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების საწარმოებლად. 2. გაფორმებული ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შინაარსი და ოპერაციების შეფასების მეთოდი შეიძლება განსხვავდებოდეს საქართველოს საწარმოს მიერ განაცხადში შემოთავაზებულისაგან. 3. განაცხადის წარმომდგენ საქართველოს საწარმოს ან შემოსავლების სამსახურს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მოლაპარაკების პროცესი ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შესახებ, თუ ნათელი ხდება, რომ მხარეები ვერ შეძლებენ ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმებას. 4. შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საწარმოს უნდა მიაწოდოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით.“; ვ) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმება და მისი შინაარსი 1. ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების შესახებ სამუშაო ჯგუფის ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი პირობების შესაბამისად, შემოსავლების სამსახური საქართველოს საწარმოსთან აფორმებს ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების აქტს, რომელიც ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან. 2. ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების აქტი ფორმდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომლებსაც ხელს აწერენ, ერთის მხრივ, შემოსავლების სამსახურის უფროსი და, მეორეს მხრივ, საქართველოს საწარმო/საქართველოს საწარმოს წარმომადგენელი. ამასთან, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა საქართველოს საწარმოს, ხოლო მეორე რჩება შემოსავლების სამსახურს. 3. ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების აქტი ფორმდება ამ ინსტრუქციის №3 დანართით გათვალისწინებული ფორმით. 4. შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს საწარმოს შორის გაფორმებული ცალმხრივი წინასწარი შეთანხმება უნდა შეიცავდეს შემდეგ დებულებებს: ა) აღნიშნული შეთანხმებით მოცული ურთიერთდამოკიდებული მხარეების შესახებ ინფორმაციას (დასახელებას, მისამართს, საიდენტიფიკაციო კოდს და საგადასახადო რეზიდენტობას); ბ) ოპერაციებს, ხელშეკრულებებს ან შეთანხმებებს, მათ ტიპებს და მოცულობას და მოცულ წლებს; გ) აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული ოპერაციების შეფასების მეთოდის აღწერას, ამავე შეთანხმებით განსაზღვრულ შედარებად დამოუკიდებელ ოპერაციებს (ან შერჩევის კრიტერიუმებს) და საბაზრო დიაპაზონს (საჭიროების შემთხვევაში); დ) კრიტიკულ დაშვებებს, რომლის დარღვევამაც შეიძლება გამოიწვიოს ხელშეკრულების მოშლა, შეწყვეტა ან გადასინჯვა; ე) ნებისმიერ შეთანხმებულ პროცედურას, რომელმაც შეიძლება განაპირობოს აღნიშნული შეთანხმების მოშლა, შეწყვეტა ან გადასინჯვის აუცილებლობა ფაქტობრივ გარემოებებში მომხდარი ცვლილებებიდან გამომდინარე. ვ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო დაბეგვრის წინასწარ შეთანხმებულ მიდგომას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნული შეთანხმების საგნის მიმართ დამხმარე ხასიათისაა. ზ) მოთხოვნები და პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს გადასახადის გადამხდელის მიერ, რათა ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმება ძალაში იყოს. ასევე პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული მოთხოვნების და პირობების შესრულებას; თ) გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების დეტალები საგადასახადო ორგანოს წინაშე (მაგ. დოკუმენტაცია: შესაბამისობის წლიური ანგარიშგებები, ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება, კრიტიკული დაშვებების ცვლილების შესახებ შეტყობინების ვალდებულება და ა.შ.); ი) საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს, რომლის საფუძველზეც წარმოებს აღნიშნული შეთანხმების გაფორმება; კ) ნებისმიერ სხვა წინასწარ შეთანხმებულ პირობებს და დებულებებს. 5. წინასწარი შეთანხმების დებულებები უნდა ემყარებოდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე - 1291 მუხლებისა და ამ ინსტრუქციის დებულებებს“; ზ) 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს საწარმო შეატყობინებს შემოსავლების სამსახურს ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების დებულებების დარღვევის შესახებ, შესაბამისი გარემოებების აღმოჩენიდან 30 დღის ვადაში;“; თ) 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. წლიური შესაბამისობის ანგარიში საქართველოს საწარმო, რომელმაც გააფორმა ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმება შემოსავლების სამსახურთან, ვალდებულია შეთანხმებით მოცული პერიოდის თითოეული კალენდარული წლის მიხედვით, მომდევნო წლის 1 აპრილამდე, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების შესაბამისობის წლიური ანგარიში ამ ინსტრუქციის N4 დანართით დადგენილი ფორმით.“; ი) 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. შეუსაბამობა ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების დებულებებთან 1. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს გამოიყენოს ამ ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებები იმის შესაფასებლად, საქართველოს საწარმოს მიერ ირღვევა თუ არა მის მიერ გაფორმებული ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმება. 2. თუ საქართველოს საწარმო არღვევს ოპერაციების შეფასების წინასწარ შეთანხმებას ან აღნიშნული შეთანხმების კრიტიკულ დაშვებას, ასევე, თუ არ წარადგენს, დაგვიანებით ან/და არასწორად წარადგენს წლიური შესაბამისობის ანგარიშს, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ამ ინსტრუქციის 33-ე - 35-ე მუხლების შესაბამისად, მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) გადასინჯოს შეთანხმება; ბ) შეწყვიტოს შეთანხმება; გ) მოშალოს შეთანხმება.“. 3. ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №1, დანართი №2, დანართი №3 და დანართი №4.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები