„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 331
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017857
331
02/10/2024
ვებგვერდი, 03/10/2024
190040000.22.033.017857
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №331

2024 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებით (ვებგვერდი, 18/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016592) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ინსტრუქციის პრინციპები ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელო მითითებებს მულტინაციონალური კომპანიებისა და საგადასახადო ორგანოებისათვის (შემდგომ – სახელმძღვანელო მითითებები).

3. თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე – 1291 მუხლებითა და ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია იხელმძღვანელოს საგადასახადო შემოწმების მომენტისთვის არსებული სახელმძღვანელო მითითებების ბოლო რედაქციით.“.

2.  მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141. სესხის კაპიტალში შენატანად კვალიფიცირება

1. წინამდებარე მუხლი გამოიყენება მხოლოდ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან მიმართებით.

2. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის, სესხად განიხილება კრედიტი/სესხი, ოვერდრაფტი, აკრედიტივი, საკრედიტო ხაზი, გარანტია, სავალო ფასიანი ქაღალდები და სხვა.

3. ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, კონტროლირებული ოპერაციის მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და ფაქტობრივი გარემოებებით სესხად განხილული ოპერაციის კაპიტალში შენატანად სრულად ან ნაწილობრივ დაკვალიფიცირებისას გაითვალისწინება შემდეგი კრიტერიუმები:

ა) ფიქსირებული დაფარვის გრაფიკი – სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულია ან/და ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება თუ არა სესხის ძირის/პროცენტის დაფარვის ფიქსირებული გრაფიკი, აგრეთვე, შეესაბამება თუ არა აღნიშნული გრაფიკი საბაზრო პირობებს და სესხის მიზნობრიობას;

ბ) პროცენტის გადახდის ვალდებულება – სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულია ან/და ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება თუ არა პროცენტის დარიცხვის/გადახდის ვალდებულება. ამასთან, ფაქტობრივად ხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა/გადახდა;

გ) სესხის ძირის/პროცენტის მიღება იძულებითი აღსრულების გზით – სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულია ან/და ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება თუ არა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ზომების გამოყენება მოთხოვნის (სესხის ძირის და პროცენტის) დასაკმაყოფილებლად. ამასთან, შესაბამისი პირობების დადგომისას გამსესხებელი სარგებლობს თუ არა ამ უფლებით;

დ) გამსესხებლის სტატუსი (სუბორდინაცია) სხვა კრედიტორებთან მიმართებაში – სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულია ან/და ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება თუ არა გამსესხებლის მოთხოვნის სუბორდინაცია მსესხებლის სხვა კრედიტორებთან მიმართებაში;

ე) სახელშეკრულებო შეზღუდვები და დაცულობის მექანიზმები – სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულია ან/და ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება თუ არა ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მსესხებლის მიმართ სხვადასხვა სახელშეკრულებო შეზღუდვების (მათ შორის, აქტივების რეალიზაციასთან დაკავშირებით), ჯარიმის ან/და მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენება. ამასთან, შესაბამისი პირობების დადგომისას, გამსესხებელი სარგებლობს თუ არა აღნიშნული საშუალებებით;

ვ) სასესხო ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა – მხარეთა მიერ სესხად განხილული ოპერაციის განხორციელებისას მსესხებელს უფიქსირდება თუ არა რეალური ფინანსური შესაძლებლობა სესხის ძირი და პროცენტი დაიფაროს მისი საოპერაციო მოგებით;

ზ) მსესხებლის კაპიტალის სტრუქტურა – მხარეთა მიერ სესხად განხილული ოპერაციის განხორციელებისას ექცევა თუ არა მსესხებლის ფინანსური მაჩვენებლები (მათ შორის, სესხის და კაპიტალის თანაფარდობა) საბაზრო დიაპაზონში;

თ) სესხის აღების საჭიროება და ხარჯვის მიზნობრიობა – მსესხებელს აქვს თუ არა სესხის აღების რეალური საჭიროება. ამასთან, მიღებული დაფინანსება განკუთვნილია ან/და გამოყენებულია თუ არა გრძელვადიანი (კაპიტალიზირებადი) აქტივების შესაძენად ან/და დამწყები საწარმოს (სტარტაპის) ფინანსური სახსრებით უზრუნველსაყოფად;

ი) სასესხო ვალდებულებების გადავადება – აქვს თუ არა ადგილი სესხის ძირის/პროცენტის გადაუხდელობას დათქმულ ვადაში ან/და ხდება თუ არა სესხის ძირის/პროცენტის დაფარვის პერიოდის გახანგრძლივება არაერთჯერადად;

კ) მონაწილეობა მსესხებლის მართვაშისახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულია ან/და ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება თუ არა გამსესხებლისთვის მსესხებლის სტრატეგიულ/საოპერაციო მართვაში მონაწილეობის უფლების მინიჭება. ამასთან, გამსესხებელი სარგებლობს თუ არა ამ უფლებით;

ლ) სესხის გაცემა წილის ფლობის პროპორციულად ან/და ფლობის პირობით – სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულია ან/და ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება თუ არ გამსესხებლისთვის მსესხებლის წილის ფლობასთან დაკავშირებული  უფლებების მინიჭება. ამასთან, გამსესხებელი სარგებლობს თუ არა ამ უფლებით;

მ) სესხის კაპიტალად კონვერტაციის შესაძლებლობა – სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულია ან/და ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება თუ არა სესხის კაპიტალად კონვერტაციის შესაძლებლობა. ამასთან, გამსესხებელი სარგებლობს თუ არა ამ შესაძლებლობით.

4. ოპერაცია ან მისი ნაწილი კვალიფიკაციის შეცვლას ექვემდებარება ამ ოპერაციის განხორციელების მომენტისთვის.

5. ოპერაციის ან მისი ნაწილის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია, თუ გამოიკვეთება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძველი არანაკლებ სამი კრიტერიუმის მიხედვით, რომელთა შორისაც არანაკლებ ერთი უნდა იყოს „ვ“ – „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმი. ამასთან, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, სესხის კაპიტალში შენატანად კვალიფიცირების შესახებ შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, რომლის სამოტივაციო ნაწილში უნდა მიეთითოს ოპერაციის შინაარსი, არგუმენტაცია და გარემოებები, ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების მიზანშეწონილობის თაობაზე.“.

მუხლი 2
1. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება 2025 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებთან მიმართებაში 2025 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ საკურსო სხვაობაზე და 2025 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ პროცენტზე, რომლის გადახდაც განხორციელებულია ამავე ან შემდგომ პერიოდებში. 
2. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი