დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 431 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/10/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 30/10/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.080.000.05.001.003.300 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (30/06/2023 - 18/04/2024)
საქართველოს კანონი
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
საქართველო არის სუვერენული, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო და მის ტერიტორიაზე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს სახელმწიფოს მკაფიოდ და ნებაყოფლობით განცხადებული თანხმობის გარეშე, 1907 წლის ჰააგის რეგულაციების, 1949 წლის ჟენევის IV კონვენციისა და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმების შესაბამისად, არის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის უკანონო სამხედრო ოკუპაცია.
ამ კანონის მიზანია განსაზღვროს იმ ტერიტორიების სტატუსი, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად, დაადგინოს ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
მუხლი 2. ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონები
ამ კანონის მიზნებისათვის ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონებია (შემდგომ – ოკუპირებული ტერიტორიები):
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები;
ბ) ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები);
გ) შავ ზღვაზე: რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მდინარე ფსოუდან სამხრეთით მდინარე ენგურის შავ ზღვასთან ჩადინების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში შემავალი საქართველოს შიდა წყლები და ტერიტორიული ზღვა, მათი ფსკერი და წიაღი, რომლებზედაც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, აგრეთვე საზღვაო ზონები: მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი, სადაც საქართველო თავისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების, კერძოდ, „საზღვაო სამართლის შესახებ“ გაეროს 1982 წლის კონვენციის შესაბამისად, მიმდებარე ზონაში სარგებლობს ფისკალური, სანიტარიული, საიმიგრაციო და საგადასახადო უფლებებით, ხოლო განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე – სუვერენული უფლებებითა და იურისდიქციით;
დ) ამ მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტერიტორიების ზემოთ არსებული საჰაერო სივრცე.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66,03.12.2010წ., მუხ.414
მუხლი 3. ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმი
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ კანონის მოქმედების ვადით ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმობს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ამ კანონით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადებისა და ამ კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 4. თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;
ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულის გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა და შესაბამისი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან შემოვიდა, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც საქართველოში უნებართვოდ იმყოფება და იმავე კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, იმ პირობით, რომ ის დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში და წარადგენს სათანადო განმარტებას საქართველოში უკანონო შემოსვლის ან უნებართვო ყოფნის შესახებ, და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები, აგრეთვე პირზე, რომელმაც აღნიშნული ქმედება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა;
ბ) იმ პირზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობის სიცოცხლის უფლების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, მოსახლეობას უზრუნველყოფს საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით;
გ) იმ პირზე, რომელზედაც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლამდე, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში – შესვლის შემდგომ გონივრულ ვადაში, შეატყობინონ საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და ამ ტერიტორიებიდან გასვლის დრო. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები ასევე ვალდებული არიან წარადგინონ ინფორმაცია იმ დახმარების შესახებ, რომელიც მათ გაუწიეს მოსახლეობას.
მუხლი 5. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე
1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით დადებული ნებისმიერი გარიგება დადების მომენტიდან ბათილად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.
2. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების უფლება დაცულია და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2676-სსმI, №10, 16.03.2010წ., მუხ.39
მუხლი 6. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია შემდეგი სახის საქმიანობა:
ა) ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „წყლის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს საზღვაო კოდექსის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას, ან თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს შეთანხმებას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში;
[ ა) ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს საზღვაო კოდექსის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას, ან თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს შეთანხმებას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
ბ) სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეტანა ან/და გამოტანა;
გ) საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა გაეროს 1982 წლის საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციით დადგენილი შემთხვევებისა;
გ1) სარკინიგზო მიმოსვლა და საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა;
დ) სახელმწიფო რესურსებით სარგებლობა;
ე) ფულადი გადარიცხვების ორგანიზება;
ვ) ამ პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის დაფინანსება ან რაიმე სხვა ფორმით ხელშეწყობა.
2. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალული საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.
3. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
4. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები ვრცელდება დაკავშირებულ პირებზედაც, ანუ იმ პირებზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების კაპიტალში ან/და რაიმე ფორმით გავლენას ახდენენ მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის დაკავშირებული პირები არიან:
ა) პირი, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ პირში აქვს წილი ან აქციათა 5%-ზე მეტი;
ბ) პირი, რომელსაც აქვს წილი ან აქციათა 25%-ზე მეტი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირში;
გ) პირი, რომელსაც აქვს წილი ან აქციათა 50%-ზე მეტი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირში.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა და ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობის სიცოცხლის უფლების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, მოსახლეობას უზრუნველყოფენ საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებამდე, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი განხორციელების შემდგომ გონივრულ ვადაში, შეატყობინონ საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი/განხორციელებული შესაბამისი საქმიანობის დაწყებისა და დასრულების დრო, აგრეთვე წარუდგინონ ინფორმაცია იმ დახმარების შესახებ, რომელიც მათ გაუწიეს მოსახლეობას.
მუხლი 7. ადამიანის უფლებათა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
1. ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და მათზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.
2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ.
3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეებისათვის, მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის და სათანადო ნებართვით საქართველოში მყოფი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.
4. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2676-სსმI, №10, 16.03.2010წ., მუხ.39
მუხლი 8. უკანონო ორგანოები (თანამდებობის პირები)
1. უკანონოა ნებისმიერი ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც შექმნილი (დანიშნული/არჩეული) არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან/და რაიმე ფორმით ფაქტობრივად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს ან სხვა საქმიანობას, რაც მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოთა ფუნქციებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების მიე რ გამოცემული ნებისმიერი აქტი არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილება საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის, დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) პირის ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტის დადგენისა და მისი რეგისტრაციის მიზნებისათვის.
3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 9. საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება
1. საქართველოს ხელისუფლება ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისას ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
2. საქართველოს მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დამრღვევი პირის მიმართ ამავე სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სანქციების გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ყველა სამართლებრივი აქტის მიღება, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონით და ადგენს განსაკუთრებულ რეჟიმს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
2. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გამომდინარე, ამ კანონის მოქმედება ასევე ვრცელდება შემდეგ ტერიტორიებზე: საჩხერის რაიონის სოფელ პერევზე, ქურთის, ერედვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების და ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე.
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-5, მე-6 და მე-8 მუხლების მოქმედება გავრცელდეს 1990 წლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. უკუძალა არ აქვს ამ მუხლების არც ერთ დებულებას, რომელიც მიუთითებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.
3. ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმი მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე.
4. 2012 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პარლამენტი დეოკუპაციის პროცესის შესაბამისად იმსჯელებს ამ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის თაობაზე.
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2676-სსმI, №10, 16.03.2010წ., მუხ.39
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 23 ოქტომბერი.
№431–IIს
დოკუმენტის კომენტარები