დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4139-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/04/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010080000.05.001.102248 |
|
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 30.10.2008, მუხ. 172) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიმართულებების გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.“; ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტითა და 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან იმავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა ხელისუფლების ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები, აგრეთვე პირზე, რომელმაც აღნიშნული ქმედება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა;“; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სათანადო ნორმების მიხედვით.“. 2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის, მოქალაქეობის არმქონე პირებისა და სათანადო ნებართვით საქართველოში მყოფი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასული უცხოელებისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 18 აპრილი 2024 წ. N4139-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები