დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 581 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/10/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 10/11/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.001.000.833 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (27/04/2010 - 24/06/2011)
საქართველოს კანონი
სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა
1. ხსოვნის უკვდავყოფას ექვემდებარება:
ა) სამშობლოს დაცვისას საბრძოლო მოქმედების, საბრძოლო ამოცანის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი;
ბ) უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაღუპული საქართველოს მოქალაქე;
გ) ომის მონაწილე, აგრეთვე სამშობლოს დაცვისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო გარდაცვლილი;
დ) ტყვედჩავარდნილი საქართველოს მოქალაქე (გარდა ნებაყოფლობითი ტყვეობისა), რომელიც ტყვეობაში დაიღუპა ან გარდაიცვალა;
ე) უცხოელი მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც დაიღუპა საქართველოს დაცვისას.
2. უკვდავყოფას ექვემდებარება საჯარისო გაერთიანება, შენაერთი და სამხედრო ნაწილი, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სამშობლოს დაცვისას, აგრეთვე საბრძოლო მოქმედების ცალკეული ტერიტორიები და ადგილები, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ როგორც გმირობის, თავდადებისა და სიმტკიცის სიმბოლო.
მუხლი 2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის ძირითადი ფორმები
1. სამშობლოს დაცვისას დაღუპულისა და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის ხსოვნის უკვდავყოფის ძირითადი ფორმებია:
ა) სამხედრო სასაფლაოს, სამარხის, მემორიალური ობიექტების (შემდეგში – სამხედრო სასაფლაოს), აგრეთვე ძეგლისა და ობელისკის დაცვა და კეთილმოწყობა;
ბ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა გმირობასთან ისტორიულად დაკავშირებული ცალკეული ტერიტორიებისა და ადგილების დაცვა და კეთილმოწყობა;
გ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულის გვარისა და სხვა მონაცემების ხსოვნის წიგნში შეტანა;
დ) მემორიალური მუზეუმის დაარსება, გამოფენის მოწყობა, სამხედრო-სამეცნიერო და სამხედრო-ისტორიული კონფერენციების ჩატარება, საბრძოლო მოქმედების ადგილზე სამახსოვრო წარწერის გაკეთება;
ე) სამშობლოს დაცვისას დაღუპულისა და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მასალის პუბლიკაცია, მათ გმირობასა და თავდადებაზე ხელოვნებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა;
ვ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულისა და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის სახელისა და გვარის დარქმევა ქუჩისათვის, მოედნისათვის, დაწესებულებისათვის, სკოლისათვის, აგრეთვე სამხედრო ნაწილისა და გემისათვის, რომლებმაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი საბრძოლო ოპერაციების ჩატარების დროს.
2. სამთავრობო დაწესებულებების გადაწყვეტილებით სამშობლოს დამცველთა ხსოვნის უკვდავყოფისათვის შეიძლება განხორციელდეს სხვა ღონისძიებებიც.
თავი II
სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სამხედრო სასაფლაოს სახელმწიფო აღრიცხვა, რეგისტრაცია, დაცვა, კეთილმოწყობა და აღდგენა
მუხლი 3. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სამხედრო სასაფლაო
სამხედრო სასაფლაოებს განეკუთვნება:
ა) სამხედრო-მემორიალური სასაფლაო;
ბ) საძმო-სამხედრო სასაფლაო (სამარხი);
გ) საზღვაო და საჰაერო ხომალდების პირადი შემადგენლობის დაღუპვის ადგილები.
მუხლი 4. სამხედრო სასაფლაოს სახელმწიფო აღრიცხვა, რეგისტრაცია, დაცვა და კეთილმოწყობა
1. სამხედრო სასაფლაო ექვემდებარება სახელმწიფო აღრიცხვას. საქართველოს ტერიტორიაზე მას აღრიცხავენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, ხოლო უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე – საქართველოს წარმომადგენლობა. თითოეულ სამხედრო საფლავზე კეთდება მემორიალური დაფა და დგება პასპორტი.
2. საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო სასაფლაოს დაცვა და კეთილმოწყობა ეკისრებათ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ბუნებრივი ლანდშაფტის დაცვის ზონების გათვალისწინებით, ხოლო სამხედრო გარნიზონის ტერიტორიაზე – ამ გარნიზონის ხელმძღვანელობას.
მუხლი 5. სამხედრო სასაფლაოს დაცვის უზრუნველყოფა
1. სამხედრო სასაფლაო დაცული უნდა იქნეს ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ქალაქისა და სხვა დასახლებული პუნქტის დაგეგმარების, განაშენიანების, რეკონსტრუქციისა და ობიექტის მშენებლობის პროექტები შემუშავდება სამხედრო საფლავის შენარჩუნების გათვალისწინებით.
3. სამშენებლო, მიწის, საგზაო და სხვა სამუშაოები, რომელთა წარმოებისას შესაძლოა დაზიანდეს სამხედრო საფლავი, უნდა ჩატარდეს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტთან შეთანხმებით.
4. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემულ მიწებზე სამხედრო საფლავის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს და შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებს. ფიზიკური და იურიდიული პირები პასუხს აგებენ აგრეთვე ამ მიწებზე არსებული სამხედრო საფლავის დაცვაზე.
საქართველოს 2006 წლის 2 5 მაის ის კანონი № 3170 - სსმ I, № 19 , 01 . 06 .200 6 წ., მუხ. 159
მუხლი 6. სამხედრო სასაფლაოს აღდგენა
1. სამხედრო სასაფლაო დაზიანების შემთხვევაში აღდგენილი უნდა იქნეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ.
2. პასუხისმგებლობა სამხედრო სასაფლაოს დაზიანებისა და შეურაცხყოფისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი III
საძიებო სამუშაო
მუხლი 7. საძიებო სამუშაოს ორგანიზება
სამხედრო საფლავისა და დაღუპული მეომრის ნეშტის აღმოჩენის, დაღუპული მეომრის ან უგზო-უკვლოდ დაკარგულის ვინაობის დადგენის მიზნით წარმოებს საძიებო სამუშაოები. საძიებო სამუშაოები ტარდება სამთავრობო დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობიდან უფლებამოსილი პირების მიერ სპეციალური პროგრამებით.
მუხლი 8. საძიებო სამუშაოს წესი
1. საძიებო სამუშაოს წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით.
2. საძიებო სამუშაოს დროს აღმოჩენილი დაღუპული მეომრის ნეშტი უნდა დაიკრძალოს ამ კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. ადრე უცნობი სამხედრო საფლავის აღმოჩენისას ტარდება პირის ვინაობის დადგენა, აგრეთვე საფლავის აღრიცხვა, რეგისტრაცია, დაცვა და კეთილმოწყობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და მოცემულ ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო გარნიზონის მონაწილეობით.
თავი IV
სამთავრობო დაწესებულებების უფლებამოსილებანი სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის
მუხლი 9. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, რომელთა საქმიანობის სფეროს განეკუთვნება სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის გაწეულ მუშაობას.
2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის გაწეულ მუშაობაში მონაწილეობენ:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
დ) საქართველოს დაზვერვის სამსახური;
ე) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;
ვ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;
ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
თ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი:
ა) შეიმუშავებს ნორმატიულ აქტებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის;
ბ) ორგანიზებას უწევს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სამხედრო საფლავების ცენტრალიზებულ აღრიცხვას, მათ შორის, აღრიცხავს საფლავებს, რომლებიც განლაგებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;
გ) თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან სამხედრო საფლავების დაცვისა და კეთილმოწყობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პროექტებს სამხედრო საფლავების სტატუსის შესახებ;
დ) ორგანიზებას უწევს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა გმირობისა და თავდადების ამსახველი მასალის პროპაგანდას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის ამზადებს პუბლიკაციებსა და საძიებო სამუშაოებისას აღმოჩენილ დაღუპულ მეომართა სიებს;
ე) იხილავს მოქალაქეების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების და რელიგიური ორგანიზაციების წინადადებებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის საკითხებზე და იღებს ზომებს მათ განსახორციელებლად.
საქართველოს 2006 წლის 2 5 მაის ის კანონი № 3170 - სსმ I, № 19 , 01 . 06 .200 6 წ., მუხ. 159
საქართველოს 20 10 წლის 27 აპრილ ის კანონი № 2992 - სსმ I, № 24 , 10 . 05 .20 10 წ., მუხ. 157
თავი V
სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება და მათი ოჯახებისათვის დახმარების გაცემა
მუხლი 10. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის (გადასვენების) წესი
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომარი უნდა დაიკრძალოს (გადასვენებული იქნეს) სამხედრო პატივის მიგებით. ნებადართულია დაკრძალვა (გადასვენება) ჩატარდეს რელიგიური წესით.
2. საძიებო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი დაღუპული მეომრის დაუმარხავი ნეშტის დაკრძალვას უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უცხო ქვეყნის არმიის მეომრის ნეშტი უნდა დაიკრძალოს ამ ქვეყნის წარმომადგენლობის ინფორმირებითა და მათი მონაწილეობით.
3. სამშობლოს დაცვისას დაღუპული მეომრის ნეშტის გადასვენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.
4. საბრძოლო მოქმედებისას დაღუპული მეომრის დაკრძალვა (გადასვენება) წარმოებს სამხედრო წესდებისა და სარდლობის ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 11. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
1. სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომარი უნდა დაიკრძალოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხარჯზე. დაკრძალვის თანხა უნდა შეადგენდეს: ქ. თბილისში – 350 ლარს, სხვა ქალაქებში – 300 ლარს, ხოლო რაიონებში – 250 ლარს.
2. მეომარი, რომელიც დაჯილდოებული იყო დავით აღმაშენებლისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით, ატარებდა საბჭოთა კავშირის გმირის, დიდების სამივე ხარისხის ორდენის კავალერის, გენერლის, ადმირალის წოდებას, უნდა დაიკრძალოს სამხედრო პატივის მიგებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
მუხლი 12. გარდაცვლილი მეომრის ოჯახისათვის დახმარებისა და პენსიის გაცემა
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარდაცვლილი მეომრის ოჯახის წევრებს ფულად დახმარებას აძლევენ ის ორგანოები, რომლებიც მას პენსიით უზრუნველყოფენ.
2. მეომრის გარდაცვალების შემთხვევაში გაუცემელი პენსია დაუყოვნებლივ მიეცემათ გარდაცვლილის მემკვიდრეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI
გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის ღონისძიებების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
მუხლი 13. გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის ღონისძიებების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
სამშობლოს დამცველთა გმირობასთან დაკავშირებული ცალკეული ტერიტორიების, ადგილებისა და მემორიალური ობიექტების კეთილმოწყობის ხარჯებს გაიღებენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირები ნებაყოფლობითი შენატანებითა და შემოწირულობებით.
მუხლი 14. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
სამშობლოს დაცვისას დაღუპულისა და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის სამხედრო საფლავს (ძეგლებსა და მემორიალურ ობიექტებს) იცავს სახელმწიფო. ამ კანონის დარღვევისათვის ფიზიკური და იურიდიული პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VII
დასკვნითი დებულება
მუხლი 15. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 27 ოქტომბერი.
№581–Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3170 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.159
2. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2992 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.157
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები