პაციენტის უფლებების შესახებ

პაციენტის უფლებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 283
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/05/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 25/05/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.100.000.05.001.000.765
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
283
05/05/2000
სსმ, 19, 25/05/2000
010.100.000.05.001.000.765
პაციენტის უფლებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

პაციენტის უფლებების შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ამ კანონის მიზანია მოქალაქის უფლებების დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, აგრეთვე მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა.

    მუხლი 2

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქალაქის უფლებებსა და კეთილდღეობას მედიცინისა და სამედიცინო მეცნიერების ინტერესებთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა აქვს.

    მუხლი 3

საქართველოს კანონმდებლობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქალაქის უფლებების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 4

კანონში გამოყენებულ ტერმინებს (თუ არ არის განსაკუთრებული მითითება) აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გენომი – ქრომოსომების ერთობლიობა, რომელიც შეიცავს მემკვიდრეობით ფაქტორებს (გენებს);

ბ) ინფორმირებული თანხმობა – პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების შემთხვევაში − პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე მას შემდეგ, რაც მას მიეწოდა ინფორმაცია:

ბ.ა) სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ;

ბ.ბ) სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

ბ.გ) სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული, პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკის შესახებ;

ბ.დ) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკის და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;

 ბ.ე) სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

ბ.ვ) ამ მუხლის „ბ.ა“–ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული ფინანსური და სოციალური საკითხების შესახებ;

გ) პალიატიური მკურნალობა – სამედიცინო მომსახურება, რომლითაც რადიკალურად არ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა, არ იცვლება არაკეთილსაიმედო პროგნოზი და რომლის მიზანია პაციენტის მდგომარეობის დროებითი შემსუბუქება;

დ) პაციენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით;

ე) პაციენტის ნათესავი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რიგითობის მიხედვით აქვს უპირატესი უფლება მონაწილეობა მიიღოს პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების აღმოჩენასთან ან მის სიკვდილთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;

ვ) პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი – პაციენტის მეურვე ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი;

ზ) სამედიცინო მომსახურების გამწევი – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო მომსახურებას;

თ) სამედიცინო მომსახურება – დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩატარებული ნებისმიერი მანიპულაცია და პროცედურა;

ი) სამედიცინო ჩანაწერები – სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ ქაღალდზე, აგრეთვე ინფორმაციის სხვადასხვა მატარებლებზე, მათ შორის, კომპიუტერში დაფიქსირებული ინფორმაცია პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით;

კ) ტერმინალური მდგომარეობა – უკურნებელი დაავადების სიკვდილისწინა სტადია.

ლ) პალიატიური მზრუნველობა − მულტიდისციპლინური მიდგომით მომსახურება, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური, ფსიქოსოციალური, სულიერი პრობლემების ადრეული გამოვლენის, სწორი შეფასების, მკურნალობის, სულიერი თანადგომის, ტანჯვის პრევენციისა და შემსუბუქების გზით აუმჯობესებს ქრონიკული დაავადების ან/და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს;

მ) ჰოსპისური მზრუნველობა − პალიატიური მზრუნველობის ნაწილი, განკუთვნილი ინკურაბელური პაციენტებისთვის, რომელთა სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა შეზღუდულია. ჰოსპისურ მზრუნველობას ახორციელებს პალიატიური მზრუნველობის სპეციალიზებული გუნდი. საჭიროებისამებრ, იგი ხორციელდება როგორც ჰოსპისში, ისე ბინაზე, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში ან მულტიპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში. ჰოსპისური მზრუნველობის დროს დაავადების განკურნებაზე ორიენტირებული სამედიცინო ჩარევები აღარ გამოიყენება და ხორციელდება მხოლოდ დაავადების სიმპტომთა მართვისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული სამედიცინო ჩარევები. ბავშვთა მიმართ ჰოსპისური მზრუნველობის დროს შესაძლებელია სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა არ შეიზღუდოს და პარალელურად განხორციელდეს ძირითადი დაავადების მკურნალობაზე ორიენტირებული ჩარევები.

საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4722-სსმI,  №18, 22.05.2007წ., მუხ152

    მუხლი 5

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

    მუხლი 6

1. პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო აკრძალულია.

2. ამა თუ იმ დაავადებასთან დაკავშირებით პაციენტის უფლებების შეზღუდვის პირობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

    მუხლი 7

პაციენტს უფლება აქვს მეორე აზრის მოსაძიებლად დაუბრკოლებლად მიმართოს სხვა ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას.

    მუხლი 8

პაციენტს უფლება აქვს აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი.

    მუხლი 9

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმყოფება სხვა სახელმწიფოში, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში, ჯანმრთელობის დაცვის უფლება გარანტირებული აქვთ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, ხოლო მათი არარსებობისას მოქმედებს იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც პირი იმყოფება.

    მუხლი 10

პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს:

ა) კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია:

ა.ა) პაციენტის უფლებების დარღვევით;

ა.ბ) მცდარი სამედიცინო ქმედებით;

ა.გ) სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების სხვა ხარვეზებით;

ა.დ) სახელმწიფოს მიერ არასწორად განხორციელებული ზედამხედველობითა და რეგულირებით;

ბ) სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება;

გ) სახელმწიფო სამედიცინო და სანიტარიული სტანდარტების შეცვლა.

 

თავი II. მკურნალობისა და მოვლის უფლება

    მუხლი 11

სამედიცინო მომსახურების თანაბრად ხელმისაწვდომობა ხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით.

    მუხლი 12

1. სახელმწიფო იცავს პაციენტის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება.

2. თუ პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო სამედიცინო მომსახურების გამწევს არა აქვს შესაძლებლობა აღმოუჩინოს პაციენტს ასეთი მომსახურება, იგი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს სრული ინფორმაცია, თუ სად შეიძლება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღება.

    მუხლი 13

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით.

2. იშვიათი დაავადებების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3066 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 14

სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ადამიანთა, ტექნიკური, ფინანსური ან/და სხვა რესურსების დეფიციტის შემთხვევაში პოტენციური პაციენტის შერჩევა ხდება მხოლოდ სამედიცინო კრიტერიუმებით, სხვა ფაქტორების გაუთვალისწინებლად.

    მუხლი 15

პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მოითხოვოს მისი ღირსების, ტრადიციების, აღმსარებლობისა და პიროვნული ფასეულობების პატივისცემა.

 

თავი III. ინფორმაციის მიღების უფლება

    მუხლი 16

1. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან უარყოფითად მოქმედებს მასზე.

2. სახელმწიფო ვალდებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან ინდივიდუალურად, მოთხოვნისამებრ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდოს მოქალაქეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია.

    მუხლი 17

1. პაციენტს, ხოლო მისი თანხმობის ან მცირეწლოვანების შემთხვევაში − პაციენტის ნათესავს და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ:

ა) გაეცნონ სამედიცინო ჩანაწერებს და მოითხოვონ პაციენტის შესახებ არსებულ ინფორმაციაში შესწორების შეტანა; სამედიცინო ჩანაწერებში ინახება როგორც შესწორებამდე არსებული, ისე პაციენტის, მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ახალი ინფორმაცია;

ბ) მოითხოვონ სამედიცინო ჩანაწერების ნებისმიერი ნაწილის ასლი.

2. სამედიცინო ჩანაწერების გაცნობის, აგრეთვე მათი ასლის მიღების შესახებ მოთხოვნა წერილობით წარედგინება სამედიცინო დაწესებულებას.

    მუხლი 18

1. პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია:

ა) სამედიცინო მომსახურების არსებული რესურსებისა და მათი მიღების სახეების, საფასურისა და ანაზღაურების ფორმების შესახებ;

ბ) საქართველოს კანონმდებლობითა და სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული პაციენტის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;

გ) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;

დ) სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ;

ე) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;

ვ) განზრახულ სამედიცინო მომსახურებაზე განცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

ზ) დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ;

თ) სამედიცინო მომსახურების გამწევის ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.

2. პაციენტს შეიძლება არ მიეწოდოს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან ამ ინფორმაციის მოცულობა შეიზღუდოს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სრული ინფორმაციის მიღება პაციენტის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. პაციენტს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ მაშინ, თუ იგი ამას დაჟინებით მოითხოვს.

3. ინფორმაციის მიუწოდებლობის ან მისი მოცულობის შეზღუდვის გადაწყვეტილებას ადასტურებს სამედიცინო ეთიკის კომისია, ხოლო სამედიცინო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის არარსებობისას – სხვა ექიმი. ინფორმაციის მიუწოდებლობაზე ან მისი მოცულობის შეზღუდვაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება ფიქსირდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში.

4. თუ პაციენტი მცირეწლოვანია ან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სამედიცინო მომსახურების გამწევი პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს აწვდის.

    მუხლი 19

პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს ინფორმაცია მიეწოდებათ მათი აღქმის უნარის გათვალისწინებით. განმარტების მიცემისას სპეციალური ტერმინები მინიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული.

    მუხლი 20

პაციენტს უფლება აქვს უარი განაცხადოს მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ინფორმაციის მიუწოდებლობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს პაციენტის ან/და მესამე პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს.

    მუხლი 21

ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას მანვე უნდა დაასახელოს ის პირი, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. გადაწყვეტილება და პირის ვინაობა ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში.

 

თავი IV. თანხმობა

    მუხლი 22

1. სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ინფორმირებული თანხმობის მიღება წინ უძღვის სამედიცინო მომსახურების გაწევას.

2. წერილობითი ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია შემდეგი სამედიცინო მომსახურების გაწევისას:

ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა;

ბ) აბორტი;

გ) ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია;

დ) მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია;

ე) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი;

ვ) ექსტრაკორპორული განაყოფიერება;

[ 1 ) ადამიანის ორგანოს გადანერგვა, ადამიანის ქსოვილის ან უჯრედის გამოყენება;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

ზ) გენეტიკური ტესტირება;

თ) გენური თერაპია;

ი) სხივური თერაპია;

კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია;

[ 1 ) ადამიანის სისხლის ან მისი კომპონენტის ტრანსფუზია;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

ლ) ყველა სხვა შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი საჭიროდ თვლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.

3. წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღება აუცილებელია მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას.

    მუხლი 23

1. ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული.

2. აკრძალულია ქმედუნარიანი და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიანი პაციენტის ნების წინააღმდეგ სამედიცინო მომსახურების განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

    მუხლი 24

1. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ჩატარების ან/და მის მიმართ პალიატიური მზრუნველობის ან ჰოსპისური მზრუნველობის განხორციელების შესახებ, თუ მითითებული გარემოება გამოწვეულია:

ა) განუკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით;

ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას.

2. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ დაასახელოს პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას მიიღებს გადაწყვეტილებას მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის შესახებ.

საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4722 - სსმI,  №18, 22.05.2007წ., მუხ152

საქართველოს 2019 წლის 19 თებერვლის კანონი №4278 – ვებგვერდი, 25.02.2019წ.

    მუხლი 25

1. თუ მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, სამედიცინო მომსახურების გამწევს უფლება აქვს, ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

 2. თუ მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რის გარეშეც გარდაუვალია მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, მაგრამ პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოძებნა ვერ ხერხდება, სამედიცინო მომსახურების გამწევი გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.

3. თუ მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რის გარეშეც გარდაუვალია მისი სიკვდილი, მაგრამ პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების გაწევის წინააღმდეგია, სამედიცინო მომსახურების გამწევი გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.

    მუხლი 26

1. პაციენტის ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია მისი სწავლების ობიექტად გამოყენებისათვის. ინფორმირებული თანხმობა წინ უძღვის პაციენტის სწავლების ობიექტად გამოყენებას.

2. მხარდაჭერის მიმღები და მცირეწლოვანი პაციენტების სწავლების ობიექტად გამოყენების საკითხები რეგულირდება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. პაციენტის თანხმობა არ არის აუცილებელი იმ შემთხვევებში, თუ სასწავლო მიზნით გამოიყენება:

ა) პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია, რომელიც არ იძლევა პაციენტის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას;

ბ) მკურნალობისა და დიაგნოსტიკის პროცესში მიღებული მასალა (შარდი, სისხლი, სხვა ქსოვილები), რომლითაც უზრუნველყოფილია პაციენტის ანონიმურობა.

    მუხლი 261

ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტისთვის ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შეთავაზებასთან და მის თანხმობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

თავი V. პირადი ცხოვრების კონფიდენციალობა და ხელშეუხებლობა

    მუხლი 27

სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა დაიცვას როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ.

    მუხლი 28

1. სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია, თუ:

ა) მიღებულია პაციენტის თანხმობა;

ბ) ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა საფრთხეს უქმნის მესამე პირის (რომლის ვინაობაც ცნობილია) სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

გ) სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით პაციენტის შესახებ ინფორმაციის გამოყენებისას მონაცემები ისეა წარმოდგენილი, რომ შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია;

1) ინფორმაცია ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. ეს ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად;

დ) ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

2. სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ სამედიცინო მომსახურებაში მონაწილე სხვა პირებისათვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებაზე პაციენტის თანხმობა ნაგულისხმევად შეიძლება ჩაითვალოს.

    მუხლი 29

პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში სამედიცინო მომსახურების გამწევის ჩარევა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

ა) ჩარევა აუცილებელია პაციენტის დაავადების დიაგნოსტიკის, მისი მკურნალობისა და მოვლისათვის. ამ შემთხვევებში პაციენტის თანხმობა აუცილებელი პირობაა;

ბ) საფრთხე ექმნება პაციენტის ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს;

გ) პაციენტის ან/და მისი ოჯახის წევრის მიმართ ხორციელდება ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება, თუკი ჩარევა აუცილებელია პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

    მუხლი 30

სამედიცინო მომსახურების გაწევისას დასაშვებია მხოლოდ მასში უშუალოდ მონაწილე პირთა დასწრება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პაციენტი თანახმაა ან მოითხოვს სხვა პირთა დასწრებას.

 

თავი VI. უფლებები გენეტიკური კონსულტაციისა და გენური თერაპიის სფეროში

    მუხლი 31

აკრძალულია პირის დისკრიმინაცია გენეტიკური მემკვიდრეობის გამო.

    მუხლი 32

დაავადების განმაპირობებელი გენის გამოვლენის ან დაავადებისადმი გენეტიკური მიდრეკილების განმსაზღვრელი ტესტირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მიზანია:

ა) პაციენტის ჯანმრთელობის დაცვა;

ბ) ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევა.

    მუხლი 33

ადამიანის გენის მოდიფიცირებისათვის განსაზღვრული ჩარევა დასაშვებია მხოლოდ დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან პრევენციის მიზნით და თუ იგი არ ითვალისწინებს პაციენტის შთამომავლობის გენომის შეცვლას.

    მუხლი 34

აკრძალულია სქესის შერჩევის მიზნით ხელოვნური ჩასახვის მეთოდების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აუცილებელია სქესთან შეჭიდული მემკვიდრეობითი დაავადების თავიდან აცილება.

 

თავი VII. ორსულისა და მეძუძური დედის უფლებები

    მ უხლი 35

ორსულს და მეძუძურ დედას უფლება აქვთ სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღონ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია ორსულობის, მშობიარობის ან ლოგინობის პერიოდში დაგეგმილი ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში ნაყოფზე ან ახალშობილზე შესაძლო პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედების შესახებ.

    მუხლი 36

1. მშობიარეს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის და ნაყოფისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მშობიარეს არა აქვს უფლება უარი თქვას ისეთ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი ნაყოფის დაბადებას და რომელიც მშობიარის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მინიმალური რისკის მატარებელია.

    მუხლი 37

მშობიარეს უფლება აქვს მშობიარობის დროს გვერდით იყოლიოს მეუღლე ან სხვა მისთვის სასურველი პირი.

    მუხლი 38

მელოგინე ქალს უფლება აქვს გვერდით იყოლიოს ახალშობილი, თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მის სხვაგან გადაყვანას არ გადაწყვეტს, აგრეთვე საკუთარი შეხედულებისამებრ კვებოს ახალშობილი.

 

თავი VIII. არასრულწლოვანის უფლებები

    მუხლი 39

სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა არასრულწლოვანისათვის ხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით.

    მუხლი 40

1. მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მკურნალი ექიმისაგან მიიღონ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

2. მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ მიეწოდება, თუ ინფორმაციის მიწოდების წინააღმდეგია:

ა) არასრულწლოვანი პაციენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუნარიანად ითვლება;

ბ) 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტი, რომელიც სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას და რომელმაც ექიმს მიმართა სქესობრივად გადამდები დაავადების ან ნარკომანიის მკურნალობის, კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაციის მიღების ან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზნით;

გ) 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტი, რომელიც, სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით, სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას და რომელმაც ექიმს მიმართა აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკისას დადებითი შედეგი გამოვლინდა. ამ შემთხვევაში 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს პაციენტის ინფორმირებული თანხმობა ამ ინფორმაციის მიწოდებაზე ან/და პაციენტი უარს აცხადებს შესაბამისი მკურნალობის ჩატარებაზე და პაციენტი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქმედუნარიანად არ ითვლება.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმირების წესს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

საქართველოს 2015 წლის 28  მაისის   კანონი  №3609  - ვებგვერდი,  04.06.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3066 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 41

1. 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს, რომელიც, სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით, სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლება აქვს, ინფორმირებული თანხმობა განაცხადოს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, თუ მან სამედიცინო მომსახურების გამწევს ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით მიმართა.

2. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს სამედიცინო მომსახურება გაეწევა მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამასთანავე, სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და გონებრივი განვითარების გათვალისწინებით.

3. 16 წელზე მეტი ასაკის არასრულწლოვან პაციენტს, რომელიც, სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით, სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლება აქვს, ინფორმირებული თანხმობა ან უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე. პაციენტის ამ გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს.

    მუხლი 42

1. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის გამოყენება სწავლების ობიექტად დასაშვებია მხოლოდ მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით. გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პაციენტის მონაწილეობაც ასაკისა და გონებრივი განვითარების გათვალისწინებით.

2. 16 წელზე მეტი ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის გამოყენება სწავლების ობიექტად დასაშვებია მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობით. პაციენტის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს.

    მუხლი 43

არასრულწლოვან პაციენტს აქვს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. მიწოდებული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს მის ასაკსა და გონებრივი განვითარების დონეს.

 

თავი IX. სამხედრო მოსამსახურის, წვევამდელისა და სამხედრო სამსახურში კონტრაქტით დაქირავებულის უფლებები

    მუხლი 44

სამხედრო მოსამსახურეს, წვევამდელსა და სამხედრო სამსახურში კონტრაქტით დაქირავებულს ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრისათვის აქვთ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის მოთხოვნისა და ჩატარების უფლება.

თავი X. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის უფლებები 

საქართველოს  2010 წლის 9 მარტის კანონი №2703-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.45

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3551 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.  

    მუხლი 45

1. სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის უზრუნველყოფილია სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით.

2. პირს უფლება აქვს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევის, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურების გაწევა.

საქართველოს  2010 წლის 9 მარტის კანონი №2703-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.45

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3551 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 46

პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

საქართველოს  2010 წლის 9 მარტის კანონი №2703-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.45

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3551 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 47

პენიტენციური დაწესებულების დირექტორს შეუძლია ამ დაწესებულებაში მოთავსებულ პირს შეუზღუდოს სამედიცინო მომსახურების გამწევის არჩევის უფლება. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2703-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.45

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3551 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

საქართველოს 2017 წლის  1   ივნისის   კანონი №956  - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

 

თავი XI. დასკვნითი დებულება

    მუხლი 48

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 5 მაისი.

№283–IIს

13. 01/11/2023 - საქართველოს კანონი - 3614-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 22/11/2023 12. 15/12/2022 - საქართველოს კანონი - 2390-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2022 11. 19/02/2019 - საქართველოს კანონი - 4278-IIს - ვებგვერდი, 25/02/2019 10. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3066-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 9. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 956-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 8. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 775-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 7. 11/12/2015 - საქართველოს კანონი - 4634-Iს - ვებგვერდი, 23/12/2015 6. 28/05/2015 - საქართველოს კანონი - 3609-IIს - ვებგვერდი, 04/06/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3551-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 4. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3379-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 3. 17/10/2014 - საქართველოს კანონი - 2691-Iს - ვებგვერდი, 31/10/2014 2. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2703 - სსმ, 12, 24/03/2010 1. 08/05/2007 - საქართველოს კანონი - 4722 - სსმ, 18, 22/05/2007