„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3609-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.017766
3609-IIს
28/05/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
010100000.05.001.017766
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 2000 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:  

„გ) 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტი, რომელიც, სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით, სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას და რომელმაც ექიმს მიმართა აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკისას დადებითი შედეგი გამოვლინდა. ამ შემთხვევაში 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს პაციენტის ინფორმირებული თანხმობა ამ ინფორმაციის მიწოდებაზე ან/და პაციენტი უარს აცხადებს შესაბამისი მკურნალობის ჩატარებაზე და პაციენტი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქმედუნარიანად არ ითვლება.“;

ბ) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:  

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმირების წესს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“. 

2. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„მუხლი 41

1. 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს, რომელიც, სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით, სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლება აქვს, ინფორმირებული თანხმობა განაცხადოს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, თუ მან სამედიცინო მომსახურების გამწევს ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით მიმართა.

2. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს სამედიცინო მომსახურება გაეწევა მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამასთანავე, სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და გონებრივი განვითარების გათვალისწინებით.

3. 16 წელზე მეტი ასაკის არასრულწლოვან პაციენტს, რომელიც, სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით, სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლება აქვს, ინფორმირებული თანხმობა ან უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე. პაციენტის ამ გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს.“.

მუხლი 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2015 წლის 1 სექტემბრამდე ბრძანებით განსაზღვროს 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის აივ ინფექცია/შიდსზე დიაგნოსტიკისას გამოვლენილი დადებითი შედეგის თაობაზე მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირების წესი.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 მაისი 2015 წ.

N3609-IIს