დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6391-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/06/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 140000000.05.001.016807 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (19/06/2012 - 20/09/2013)
საქართველოს კანონი
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ
ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის ქმედით და ეფექტიან განხორციელებას, დააწესოს საჯარო და კერძო სექტორების უფლება-მოვალეობები ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სფეროში, აგრეთვე განსაზღვროს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინფორმაციული უსაფრთხოება – საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის, ავთენტიფიკაციის, კონფიდენციალურობისა და განგრძობადი მუშაობის დაცვას;
ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა – ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე პრაქტიკის ერთობლიობა, რომელიც ემსახურება ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და შეესაბამება მისი დაცვის სფეროში დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს;
გ) კიბერსივრცე – სივრცე, რომლის განმასხვავებელი ნიშანია ელექტრონული მოწყობილობებისა და ელექტრომაგნიტური სპექტრის გამოყენება ქსელით დაკავშირებული სისტემებისა და დამხმარე ფიზიკური ინფრასტრუქტურის მეშვეობით მონაცემთა შენახვისათვის, შეცვლისათვის ან გაცვლისათვის;
დ) კიბერშეტევა – ქმედება, როდესაც ელექტრონული მოწყობილობა ან/და მასთან დაკავშირებული ქსელი ან სისტემა გამოიყენება კრიტიკულ ინფორმაციულ სისტემაში შემავალი სისტემების, ქონების ან ფუნქციების მთლიანობის დარღვევის, შეფერხების ან განადგურების ან ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების გზით;
ე) კომპიუტერული ინციდენტი – ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის რეალური ან პოტენციური დარღვევა, რომელიც ხორციელდება ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენებით და იწვევს ინფორმაციის უნებართვო წვდომას, გამჟღავნებას, დაზიანებას ან შეფერხებას ან ინფორმაციული რესურსის მიტაცებას;
ვ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემა − ინფორმაციული სისტემა, რომლის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისათვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის;
ზ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი – სახელმწიფო ორგანო ან იურიდიული პირი, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისათვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისათვის;
თ) კონფიდენციალური ინფორმაცია – ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფას, სავარაუდოდ, მოჰყვება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ფუნქციებისათვის მნიშვნელოვანი ზიანი და რომლის კონფიდენციალურ ინფორმაციად კლასიფიცირების მიზანია ინფორმაციული აქტივების მართვის წესების უზრუნველყოფა, გარდა იმ წესებისა, რომლებითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ი) შინასამსახურებრივი გამოყენების ინფორმაცია – ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის თანამშრომლისათვის ან/და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის მქონე პირისათვის, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფა, სავარაუდოდ, გამოიწვევს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების მნიშვნელოვან შეფერხებას ან ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს უსაფრთხოებას, სახელმწიფო ინტერესს ან კერძო პირის საქმიან რეპუტაციას და რომლის შინასამსახურებრივი გამოყენების ინფორმაციად კლასიფიცირების მიზანია ინფორმაციული აქტივების მართვის წესების უზრუნველყოფა, გარდა იმ წესებისა, რომლებითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
კ) ინფორმაციული აქტივი − ყველა ინფორმაცია და ცოდნა (კერძოდ, ინფორმაციის შენახვის, დამუშავებისა და გადაცემის ტექნოლოგიური საშუალებები, თანამშრომლები და მათი ცოდნა ინფორმაციის დამუშავების შესახებ), რომლებიც ღირებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისათვის;
ლ) ინფორმაციული სისტემა − ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ქმედებების ნებისმიერი კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს მართვას ან/და გადაწყვეტილების მიღებას;
მ) ქსელური სენსორი – მოწყობილობა, რომელიც სპეციალურად გამიზნულია ქსელის სეგმენტის მონიტორინგისთვის, ისეთი ქმედებების გამოსავლენად, რომლებიც მიუთითებს ინფორმაციული სისტემის წინააღმდეგ წარმოებულ შეტევაზე ან მასში შეღწევაზე.
მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო
1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა იურიდიულ პირსა და სახელმწიფო ორგანოზე, რომლებიც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები არიან. ამ კანონის მოქმედება ასევე ვრცელდება ისეთ ორგანიზაციასა და უწყებაზე, რომლებიც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტს ექვემდებარებიან ან ამ სუბიექტთან დაკავშირებული არიან დასაქმების, სტაჟირების, სახელშეკრულებო ან სხვა ურთიერთობით და რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციული აქტივის წვდომას ასეთი ურთიერთობის ფარგლებში.
2. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხა მტკიცდება და შესაბამისი სუბიექტის კრიტიკულობის კლასიფიცირება დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, რომლის პროექტს საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო. ამ ნუსხის შედგენის დროს მხედველობაში მიიღება შემდეგი კრიტერიუმები: ინფორმაციული სისტემის შეფერხების ან მწყობრიდან გამოსვლის სავარაუდო შედეგების სიმძიმე და მასშტაბი; სავარაუდო ეკონომიკური ზარალის სიმძიმე სუბიექტისათვის ან/და სახელმწიფოსათვის; ინფორმაციული სისტემის მიერ გაწეული მომსახურების აუცილებლობა საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის; ინფორმაციული სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა; სუბიექტის მატერიალური მდგომარეობა და სავარაუდო ხარჯების ოდენობა, რომლებიც მისთვის ამ კანონიდან გამომდინარე ვალდებულებების დაკისრებას მოჰყვება.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მასმედიაზე, გამომცემლობათა რედაქციებზე, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი საქმიანობა ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის.
4. ნებისმიერ იურიდიულ პირსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, რომელიც არ არის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, უფლება აქვს, ნებაყოფლობით აიღოს ამ კანონიდან გამომდინარე ვალდებულებები.
5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის წინასწარი თანხმობით ნებადართულ ქმედებაზე, რომლის მიზანია ინფორმაციული უსაფრთხოების ტესტირება.
6. ამ კანონის დებულებები გავლენას არ ახდენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ნორმების მოქმედებაზე, რომლებიც არეგულირებს ინფორმაციის თავისუფლებას, პერსონალური მონაცემის დამუშავებას, სახელმწიფო, კომერციული და პირადი საიდუმლოებების დაცვას.
თავი II. ინფორმაციული უსაფრთხოების ორგანიზება და უზრუნველყოფა
მუხლი 4. ინფორმაციული უსაფრთხოების წესები
1. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია მიიღოს ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესები, რომლებიც ემსახურება ამ კანონის დებულებათა აღსრულებას და განსაზღვრავს ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას.
2. ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა აკმაყოფილებდეს ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს (კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კრიტიკულობის კლასიფიცირების გათვალისწინებით), რომლებსაც განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მონაცემთა გაცვლის სააგენტო (შემდგომ − მონაცემთა გაცვლის სააგენტო) სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა ( ISO) და ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის ( ISACA) მიერ დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
3. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიღებულ ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესებს განსახილველად წარუდგენს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ასევე ეცნობება ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება. მონაცემთა გაცვლის სააგენტო ახორციელებს ამგვარად მოწოდებული დოკუმენტების ზოგად ანალიზს და წარადგენს რეკომენდაციებს მათში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელი არ მიუწვდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციასა და ინფორმაციულ აქტივზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ნებაყოფლობით უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთვის ინფორმაციისა და ინფორმაციული აქტივის ხელმისაწვდომობას.
მუხლი 5. ინფორმაციული აქტივების მართვა
1. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შინასამსახურებრივი გამოყენების წესების შესაბამისად, ატარებს ინფორმაციული სისტემების ინვენტარიზაციას ყველა ინფორმაციული აქტივის აღრიცხვის მიზნით, რის შედეგადაც ყოველ ინფორმაციულ აქტივს მიენიჭება კრიტიკულობის შესაბამისი კლასი – კონფიდენციალური ან შინასამსახურებრივი გამოყენების. ყველა სხვა ინფორმაციული აქტივი, რომელთა კლასიფიცირება საჭირო არ არის, ღია ინფორმაციად ითვლება.
2. ინფორმაციული აქტივების აღრიცხვის შედეგად აღიწერება ყოველი ინფორმაციული აქტივის მნიშვნელობა, ფასეულობა, უსაფრთხოებისა და დაცვის არსებული დონე.
3. ინფორმაციული აქტივის შექმნის დროს კრიტიკულობის შესაბამის კლასს ადგენს აქტივის ავტორი ან/და აქტივზე პასუხისმგებელი პირი.
4. ინფორმაციული აქტივების მართვის წესებს, კერძოდ, მათი აღწერის, კლასიფიცირების, წვდომის, გაცემის (გამოქვეყნების), შეცვლისა და განადგურების წესებს, ნორმატიული აქტით ადგენს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, გარდა იმ წესებისა, რომლებითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
მუხლი 6. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი და ინფორმაციული სისტემების ტესტირება
1. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის თანხმობით, მონაცემთა გაცვლის სააგენტო ან მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ ავტორიზებულ პირთაგან კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ შერჩეული პირი ან ორგანიზაცია ატარებს ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების (ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის) მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ დადგენილ უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებთან თავსებადობის შეფასებას (ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი). აუდიტის ჩატარების შემდეგ დგება დასკვნა, რომლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესს ნორმატიული აქტით ადგენს მონაცემთა გაცვლის სააგენტო.
3. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ ჩატარებული ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის საფასური განისაზღვრება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
4. მონაცემთა გაცვლის სააგენტო ნორმატიული აქტით ადგენს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესს, ავტორიზაციის პროცედურებს და ავტორიზაციის საფასურს.
5. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის თანხმობით, მონაცემთა გაცვლის სააგენტო ან მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წინასწარი ნებართვით – კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი, შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი ან ორგანიზაცია ატარებს ინფორმაციული სისტემის შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტს და ამ სისტემის მოწყვლადობის შეფასებას წინასწარ დაგეგმილი და დოკუმენტირებული ამოცანის მიხედვით.
6. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული აუდიტის ან ტესტირების შედეგად გამოვლინდა ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ატარებს შეუსაბამობის მიზეზის ანალიზს და, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრავს და ახორციელებს სათანადო გამოსასწორებელ ღონისძიებებს, რომელთა გრაფიკსაც წარუდგენს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს.
მუხლი 7. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი
1. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია განსაზღვროს კონკრეტული პირი (პირები) ან თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც (რომლებიც) პასუხისმგებელია (პასუხისმგებელი არიან) კრიტიკული ინფორმაციის სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებისათვის (ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი).
2. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:
ა) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი;
ბ) ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერა;
გ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შინაუწყებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
დ) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი;
ე) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება და სხვა სახის ადმინისტრაციული/საორგანიზაციო საქმიანობა;
ვ) ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგადი და დარგობრივი ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
ზ) სხვა მოვალეობები, რომლებსაც განსაზღვრავს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი.
3. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ანგარიშვალდებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ხელმძღვანელის ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის ან ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირთა ჯგუფის (კოლეგიური ორგანოს) წინაშე. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლებიც შეეხება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებას, მიიღება ამ პუნქტით განსაზღვრული პირის (პირების) მიერ ან მასთან (მათთან) წინასწარი შეთანხმებით.
4. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ადგენს ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმას და ამ გეგმის შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირს (პირებს) და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს.
თავი III. კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა
მუხლი 8. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი
1. ამ კანონის დებულებათა აღსრულებას, კერძოდ, საქართველოს კიბერსივრცეში ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ინციდენტების მართვას, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების კოორდინაციისკენ მიმართულ სხვა, მასთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელიც კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტული საფრთხეების აღმოფხვრას ემსახურება, ახორციელებს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი – CERT.GOV.GE (შემდგომ – დახმარების ჯგუფი).
2. კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტულ საფრთხეებს მიეკუთვნება:
ა) კიბერშეტევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ინტერესებს ან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას;
ბ) კიბერშეტევა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული სისტემების წინააღმდეგ;
გ) კიბერშეტევა, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს, ორგანიზაციის ან კერძო პირის ფინანსურ რესურსებს ან/და საკუთრების უფლებას;
დ) სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც, მისი ხასიათიდან, მიზნიდან, წყაროდან, მოცულობიდან ან რაოდენობიდან ან მისი აღკვეთისათვის საჭირო რესურსების ოდენობიდან გამომდინარე, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საკმარისი საფრთხის შემცველია.
3. დახმარების ჯგუფის მოვალეობებია:
ა) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის შესახებ რეკომენდაციების გაცემა;
ბ) კომპიუტერული ინციდენტების დროული გამოვლენა;
გ) კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირება და მათზე რეაგირების კოორდინაცია;
დ) კომპიუტერული ინციდენტების აღრიცხვა და მათზე რეაგირების პრიორიტეტების დადგენა და კატეგორიზაცია;
ე) კომპიუტერული ინციდენტების ანალიზი;
ვ) კომპიუტერული ინციდენტების შედეგების გამოსწორებისა და ზიანის მინიმიზაციის პროცესში დახმარების გაწევა;
ზ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების კოორდინაცია და ამგვარი ზომების დანერგვაში დახმარების გაწევა;
თ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, მათ შორის, კრიტიკულ ინფორმაციულ სისტემაში არსებული საფრთხეებისა და სუსტი წერტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, თუ ინფორმაციის ამგვარი ხელმისაწვდომობა ზიანს არ აყენებს ინფორმაციულ უსაფრთხოებას;
ი) შესაძლო საფრთხეების შესახებ მომხმარებელთა ფართო წრის გაფრთხილება და მისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
კ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე საგანმანათლებლო და ინფორმაციული უზრუნველყოფა;
ლ) საერთაშორისო დონეზე ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენლობა და კოორდინაცია;
მ) სხვა მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნებთან და განისაზღვრება კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით.
4. დახმარების ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული აქტივის, ინფორმაციული სისტემის ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალი საგნის წვდომა, თუ ამგვარი წვდომა აუცილებელია მიმდინარე ან მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტზე სათანადო რეაგირებისათვის. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი მოთხოვნის გონივრულ ვადაში განხილვის შედეგად დახმარების ჯგუფს დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი წვდომის შესაძლებლობის ან შეუძლებლობის შესახებ.
5. დახმარების ჯგუფის კომპეტენცია, მუშაობის პროცედურები, კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმები და საქმიანობის სხვა წესები დგინდება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ნორმატიული აქტით.
მუხლი 9. კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი
1. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია განსაზღვროს კონკრეტული პირი (პირები) ან თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც (რომლებიც) პასუხისმგებელია (პასუხისმგებელი არიან) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოების პრაქტიკული უზრუნველყოფისათვის (კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი).
2. კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობებია:
ა) კომპიუტერული სისტემების ყოველდღიური მონიტორინგი და შეფასება;
ბ) კომპიუტერული ინციდენტების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება;
გ) კომპიუტერული ინციდენტებისა და უსაფრთხოების ზომების ანალიზი და ანგარიშგება;
დ) დახმარების ჯგუფთან კოორდინაცია;
ე) სხვა მოვალეობები, რომლებსაც განსაზღვრავს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი.
3. კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ანგარიშვალდებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელის ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე.
4. კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს, მათ შორის, სამუშაო საათების შემდეგ. იგი ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან მუდმივი კოორდინაცია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტზე მიმდინარე ან სავარაუდო კიბერშეტევის პირობებში, ასევე ამ კიბერშეტევის შედეგების აღმოფხვრის პროცესში.
5. თუ მიმდინარე ან სავარაუდო კიბერშეტევა განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებას, მონაცემთა გაცვლის სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტების დროებითი კოორდინაცია კიბერშეტევის თავიდან აცილების, მოგერიების ან/და მისი შედეგების აღმოფხვრის მიზნით.
მუხლი 10. კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირება
1. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ახორციელებს კომპიუტერული ინციდენტების იდენტიფიცირებას, რაც მოიცავს თითოეული ინციდენტის შესწავლასა და აღწერას და მასზე რეაგირებას.
2. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტთან შეთანხმებით, მონაცემთა გაცვლის სააგენტო და კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ქსელში ახორციელებენ კომპიუტერული ინციდენტების იდენტიფიცირებისა და კვლევისათვის აუცილებელი ქსელური სენსორის (სენსორების სისტემის) კონფიგურირებასა და მართვას. ქსელური სენსორის კონფიგურაციის წესები დგინდება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ნორმატიული აქტით.
3. კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება დახმარების ჯგუფს და, აუცილებლობის შემთხვევაში, ხორციელდება გადაუდებელი ღონისძიებები ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისა და დაცვის მიზნით.
4. დახმარების ჯგუფი შეისწავლის და აღწერს კომპიუტერულ ინციდენტებს და ახორციელებს მათზე ადეკვატურ რეაგირებას ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას.
თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 11. გარდამავალი დებულებები
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცეს ბრძანებულება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მონაცემთა გაცვლის სააგენტომ გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) ბრძანება „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის შესახებ“;
ბ) ბრძანება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისათვის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“;
გ) ბრძანება „ქსელური სენსორის კონფიგურაციის წესების შესახებ“;
დ) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ“;
ე) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესის, ავტორიზაციის პროცედურებისა და ავტორიზაციის საფასურის შესახებ“;
ვ) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის შესახებ“;
ზ) ბრძანება „ინფორმაციული აქტივების მართვის წესების შესახებ“.
ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 5 ივნისი.
№6391- Iს
დოკუმენტის კომენტარები