დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1829-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 140000000.05.001.017260 |
|
მუხლი 1. „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 140000000.05.001.016807) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები: „ნ) მონაცემთა გაცვლის სააგენტო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომ − მონაცემთა გაცვლის სააგენტო); ო) კიბერუსაფრთხოების ბიურო − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომ − კიბერუსაფრთხოების ბიურო).“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხა მტკიცდება და შესაბამისი სუბიექტის კრიტიკულობის კლასიფიცირება დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომლის პროექტს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით. ამ ნუსხის შედგენისას მხედველობაში მიიღება შემდეგი კრიტერიუმები: ინფორმაციული სისტემის შეფერხების ან მწყობრიდან გამოსვლის სავარაუდო შედეგების სიმძიმე და მასშტაბი; სავარაუდო ეკონომიკური ზარალის სიმძიმე სუბიექტებისთვის ან/და სახელმწიფოსთვის; ინფორმაციული სისტემის მიერ გაწეული მომსახურების აუცილებლობა საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის; ინფორმაციული სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა; სუბიექტის მატერიალური მდგომარეობა და სავარაუდო ხარჯების ოდენობა, რომლებიც მისთვის ამ კანონიდან გამომდინარე ვალდებულებების დაკისრებას მოჰყვება.“. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა აკმაყოფილებდეს ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს (კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კრიტიკულობის კლასიფიცირების გათვალისწინებით), რომლებსაც განსაზღვრავს მონაცემთა გაცვლის სააგენტო სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) და ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი: „თავი III1 კიბერუსაფრთხოების ბიურო
მუხლი 101. კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტატუსი და ფუნქციები
1. თავდაცვის სფეროში კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისათვის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა აკმაყოფილებდეს თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს (თავდაცვის სფეროში კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კრიტიკულობის კლასიფიცირების გათვალისწინებით), რომლებსაც განსაზღვრავს კიბერუსაფრთხოების ბიურო სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) და ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად. 2. კიბერუსაფრთხოების ბიურო იქმნება ამ კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. კიბერუსაფრთხოების ბიუროს მოქმედების სფერო არ ვრცელდება მონაცემთა გაცვლის სააგენტოზე, რომლის უფლებამოსილება, ფუნქციები და მოქმედების სფერო განისაზღვრება ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. თავდაცვის სფეროში კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხა მტკიცდება და შესაბამისი სუბიექტის კრიტიკულობის კლასიფიცირება დგინდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტით, რომლის პროექტს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით. ამ ნუსხის შედგენისას მხედველობაში მიიღება შემდეგი კრიტერიუმები: ინფორმაციული სისტემის შეფერხების ან მწყობრიდან გამოსვლის სავარაუდო შედეგების სიმძიმე და მასშტაბი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით; სავარაუდო ეკონომიკური ზარალის სიმძიმე სუბიექტებისთვის ან/და სახელმწიფოსთვის; ინფორმაციული სისტემის მიერ გაწეული მომსახურების აუცილებლობა სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის; ინფორმაციული სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა; სუბიექტის მატერიალური მდგომარეობა და სავარაუდო ხარჯების ოდენობა, რომლებიც მისთვის შესაბამისი ვალდებულებების დაკისრებას მოჰყვება. 5. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 6. კიბერუსაფრთხოების ბიუროს ძირითადი ფუნქციაა საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება. 7. ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლების, მე-9 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქმიანობაზე.
მუხლი 102. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი 1. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 2. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე, რომელიც ასრულებს დირექტორის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით. 3. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი მოქმედებს ამ კანონითა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 4. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლები. 5. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კიბერუსაფრთხოების სფეროში თავდაცვის პოლიტიკის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 6. კიბერუსაფრთხოების ბიუროს საშტატო განრიგსა და თანამდებობრივ სარგოებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 103. კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი 1. თავდაცვის სფეროში კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებზე განხორციელებული იმ კიბერშეტევის, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ინტერესებსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, აგრეთვე ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ინციდენტების მართვას და მასთან დაკავშირებულ იმ საქმიანობას, რომელიც კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტული საფრთხეების აღმოფხვრას ემსახურება, ახორციელებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი – CERT.MOD.GOV.GE (შემდგომ – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დახმარების ჯგუფი). 2. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დახმარების ჯგუფისათვის პრიორიტეტული საფრთხეები და ამ ჯგუფის მოვალეობები თავდაცვის სფეროში განისაზღვრება ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით.“. 5. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს შექმნის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 6. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2014 წლის 1 აპრილამდე გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის შესახებ“; ბ) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ“; გ) ბრძანება „ინფორმაციული აქტივების მართვის წესების შესახებ“.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 24 დეკემბერი 2013 წ. N1829-რს |
დოკუმენტის კომენტარები