მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ

  • Word
მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1081
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/09/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 15/10/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 470.040.000.05.001.000.982
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1081
28/09/2001
სსმ, 28, 15/10/2001
470.040.000.05.001.000.982
მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (23/12/2004 - 29/12/2006)

საქართველოს კანონი

მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის სფეროში

საქართველოს კანონმდებლობა მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციისაგან, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 2. კანონის მიზანი

კანონის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა იმ მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია კინო-,ვიდეო-,ტელეფილმების ჩვენებასა (შემდგომში – ფილმები) და ნაბეჭდ პროდუქციასთან, ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს მოხმარება-გასაღებასა და აზარტულ თამაშობებში მონაწილეობასთან.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მავნე ზეგავლენა – იმ ფილმების ჩვენებით, ნაბეჭდი პროდუქციის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს მოხმარება-გასაღებით, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობით მიღებული ზემოქმედება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფსიქიკურ ან/და ფიზიკურ ჯანმრთელობას, მის მორალურ და სოციალურ განვითარებას;

ბ) აზარტული თამაში – თამაში, რომლის შედეგია ფულის, საკუთრების, საკუთრების უფლების წაგება ან მოგება, რაც დამოკიდებულია შემთხვევითობაზე;

გ) აზარტული სათამაშო დაწესებულება – დაწესებულება, სადაც იმართება აზარტული თამაში;

დ) აზარტული სათამაშო ავტომატი – მექანიკური ან ელექტრონული მექანიზმი, რომლით თამაშის შედეგია ფულის წაგება ან მოგება;

ე) კოდირებული სატელევიზიო არხი – სატელევიზიო არხი, რომლის პროგრამის მატარებელი სიგნალები დაშიფრულია და კავშირი ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლობის ორგანიზაცია თანახმაა უზრუნველყოს საზოგადოებისათვის გაშიფრვის საშუალებათა მიწოდება;

ვ) ძალადობის ამსახველი სცენა – კადრი, რომელშიც ასახულია განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, თვითმკვლელობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, წამება, დასახიჩრება.

თავი II

არასრულწლოვანთა დაცვა ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოსაგან

    მუხლი 4. არასრულწლოვანთა დაცვა ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოსაგან

1. აკრძალულია:

ა) არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს მიყიდვა;

ბ) არასრულწლოვანთა მიერ ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს რეალიზაცია;

გ) ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს რეალიზაცია საგანმანათლებლო, სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში და მათ ტერიტორიაზე.

2. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვის შესახებ მიუთითონ თვალსაჩინო ადგილას.

თავი III

არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების ჩვენებისა და ნაბეჭდი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვა

    მუხლი 5. არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების ჩვენების შეზღუდვა

1. შეზღუდულია არასრულწლოვანთათვის ისეთი ფილმების ჩვენება, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენენ მათ ჯანმრთელობაზე, გონებრივ და სულიერ განვითარებაზე.

2. არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენად შეიძლება ჩაითვალოს ფილმი, თუ ის შეიცავს სექსუალური ურთიერთობის, ძალადობის, ნარკოტიკების დამზადებისა და უკანონო მოხმარების ამსახველ სცენებს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული აკრძალვები არ ვრცელდება ფილმებზე, თუ მათი ჩვენება ხდება საქართველოს განათლების სამინისტროს ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნებართვით.

4. საქართველოს განათლების ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიძლება სექსუალური ურთიერთობის ამსახველი სცენების შემცველი ისეთი ფილმების ჩვენების ნება დართოს, რომლებიც სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან საინფორმაციო ხასიათისაა, სექსუალური ურთიერთობის ამსახველი დეტალები კი მოცემულია მხოლოდ იმ სახით, რომელიც აუცილებელია საგანმანათლებლო და საინფორმაციო საკითხების ილუსტრირებისათვის.

    მუხლი 6. ფილმების კატეგორიები და მათი აღმნიშვნელი ნიშნები

1. მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით კანონი ადგენს ფილმების შემდეგ კატეგორიებსა და მათ აღმნიშვნელ ნიშნებს:

ა) ფილმი, რომლის ჩვენება შეზღუდულია 18 წლის ასაკამდე - რიცხვი „18“ წრეწირში;

ბ) ფილმი, რომლის ჩვენება შეზღუდულია 15 წლის ასაკამდე - რიცხვი „15“ წრეწირში ;

გ) ფილმი, რომლის ჩვენება შეზღუდულია 12 წლის ასაკამდე - რიცხვი „12“ წრეწირში;

დ) ფილმი, რომლის ჩვენება არ იზღუდება - ლათინური ასო „U“ წრეწირში.

2. ფილმებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კატეგორიების მისანიჭებელი კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული „ქცევის კოდექსით“.

3. ტელევიზიით დემონსტრირებისას ფილმის კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშანი თავსდება ეკრანის კუთხეში ფილმის დემონსტრირების დაწყებიდან, აგრეთვე რეკლამით შეწვეტილი ფილმის ჩვენების განახლებიდან არანაკლებ 5 წუთის განმავლობაში და მისი დიამეტრი არ უნდა იყოს ეკრანის დიაგონალის 8%-ზე ნაკლები.

4. ფილმის კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშანი არ უნდა იყოს აფიშისა და ვიდეოკასეტის ყდის ფართობის 1 %-ზე ნაკლები.

5. „ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ ევროპულ კონვენციასთან შეერთებულ ქვეყანაში გადაღებულ ფილმზე ვრცელდება ამ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული კატეგორია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოში დადგენილ ფილმების კატეგორიებსა და კრიტერიუმებს.

საქართველო 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი 782 - სსმ I , 5 18.01.2005 წ., მუხ. 21

    მუხლი 7. არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების ტელედემონსტრირება

1. ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეზღუდულია:

ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის ფილმების ტელედემონსტრირება 7-დან 24 საათამდე;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის ფილმების ტელედემონსტრირება 7-დან 23 საათამდე;

გ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის ფილმების ტელედემონსტრირება 8-დან 22 საათამდე.

2. მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის ფილმების ტელედემონსტრირება შეუზღუდავია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება კოდირებულ სატელევიზიო არხებზე.

    მუხლი 8. დაწესებულების დირექციისა და ფილმის ჩვენების ორგანიზატორის უფლება

1. ფილმის ჩვენებისას შესაბამისი დაწესებულების დირექცია ან ფილმის ჩვენების ორგანიზატორი ვალდებულია:

ა) ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად მიუთითოს აფიშაზე ფილმის კატეგორია;

ბ) არ დაუშვას მე-6 მუხლის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფილმის ჩვენებაზე 18 წლამდე ასაკის მაყურებელი;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფილმის ჩვენებაზე 15 წლამდე ასაკის მაყურებელი;

ბ.გ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფილმის ჩვენებაზე 12 წლამდე ასაკის მაყურებელი;

ბ.დ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული ფილმის კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ფილმის ჩვენებამდე შესაბამისი დაწესებულების დირექციას ან ფილმის ჩვენების ორგანიზატორს უფლება აქვს შეამოწმოს დაწესებულებაში შემსვლელთა ასაკი ადამიანის უფლებათა დაცვის სრული გარანტიით.

3. დაუშვებელია ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად ფილმების კონფისკაცია.

    მუხლი 9. ფილმის დემონსტრირება, გაყიდვა ან გაქირავება

1. ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად აკრძალულია მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების არასრულწლოვანთათვის მიყიდვა ან სარეალიზაციოდ გადაცემა.

2. ფილმის დემონსტრირება, გაყიდვა ან გაქირავება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების აღმნიშვნელი ნიშნებით, შეფუთული სახით.

3. აკრძალულია არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებით გარე ვაჭრობა (ვაჭრობა დროებითი სადგომიდან, ავტომანქანიდან, შენობის გარეთ განლაგებული დახლიდან).

    მუხლი 10. არასრულწლოვანთა დაცვა რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს

არასრულწლოვანთა დაცვა რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს რეგულირდება საქართველოს კანონით „რეკლამის შესახებ“.

    მუხლი 11. მავნე ზეგავლენის მომხდენი ნაბეჭდი პროდუქციის არასრულწლოვანთათვის მიწოდება

1. აკრძალულია არასრულწლოვანთათვის ისეთი ჟურნალ-გაზეთებისა და მსგავსი სახის ნაბეჭდი პროდუქციის მიყიდვა და სარეალიზაციოდ გადაცემა, რომელიც შეიცავს მათზე მავნე ზეგავლენის მომხდენი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ მასალას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმები დადგენილია საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

3. არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ნაბეჭდი პროდუქციის მიყიდვა სრულწლოვან მოქალაქეთათვის დასაშვებია მხოლოდ შეფუთული სახით და გარეკანზე წარწერით: „აკრძალულია 18 წლამდე.“

4. აკრძალულია არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ნაბეჭდი პროდუქციით გარე ვაჭრობა (ვაჭრობა დროებითი სადგომიდან, ავტომანქანიდან, შენობის გარეთ განლაგებული დახლიდან).

5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული აკრძალვები არ ვრცელდება საქართველოს განათლების სამინისტროს ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნებართვით დაბეჭდილ პროდუქციაზე.

6. საქართველოს განათლების ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიძლება ნება დართოს სექსუალური ურთიერთობის ამსახველი მასალების შემცველ ისეთ ნაბეჭდ პროდუქციაზე, რომელშიც მოთავსებული მასალები სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათისაა, სექსუალური ურთიერთობის ამსახველი დეტალები კი მოცემულია მხოლოდ იმ სახით, რომელიც აუცილებელია საგანმანათლებლო და საინფორმაციო საკითხების ილუსტრირებისათვის.

    მუხლი 12. არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრები

1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს ინფორმაცია მიიღოს იმ ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის შესახებ, რომლებმაც შეიძლება მავნე ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვნებზე, აგრეთვე ინფორმაცია არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების შესახებ.

2. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ქმნის არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრს.

3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ქმნის არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების რეესტრს.   

საქართველო 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი 782 - სსმ I , 5 18.01.2005 წ., მუხ. 21

თავი IV

აზარტულ სათამაშო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა დაშვებისა და მუშაობის, აგრეთვე აზარტულ სათამაშო ავტომატებთან მათი დაშვების აკრძალვა

    მუხლი 13. აზარტულ სათამაშო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა დაშვებისა და მუშაობის, აგრეთვე აზარტულ სათამაშო ავტომატებთან მათი დაშვების აკრძალვა

1. აკრძალულია აზარტულ სათამაშო დაწესებულებებსა და აზარტულ სათამაშო ავტომატებთან არასრულწლოვანთა დაშვება.

2. აკრძალულია აზარტულ სათამაშო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა მუშაობა.

    მუხლი 14. აზარტულ სათამაშო დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და აზარტული სათამაშო ავტომატების მფლობელთა უფლება-მოვალეობა

1. აზარტულ სათამაშო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და აზარტული სათამაშო ავტომატების მფლობელებს უფლება აქვთ შეამოწმონ დაწესებულებაში შესულთა, მათ შორის, მოთამაშეთა ასაკი ადამიანის უფლებათა დაცვის სრული გარანტიით.

2. აზარტულ სათამაშო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და აზარტული სათამაშო ავტომატების მფლობელები ვალდებულნი არიან მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვის შესახებ მიუთითონ თვალსაჩინო ადგილას.

თავი V

რესტორანში, ბარსა და ღამის კლუბში არასრულწლოვანთა დაშვების შეზღუდვა და მუშაობის აკრძალვა

    მუხლი 15. რესტორანში, ბარსა და ღამის კლუბში არასრულწლოვანთა დაშვების შეზღუდვა და მუშაობის აკრძალვა

აკრძალულია:

ა) ბარსა და ღამის კლუბში არასრულწლოვანთა დაშვება 23-დან 8 საათამდე;

ბ) რესტორანში, ბარსა და ღამის კლუბში არასრულწლოვანთა მუშაობა.

    მუხლი 16. ბარისა და ღამის კლუბის ხელმძღვანელთა უფლება

ბარისა და ღამის კლუბის ხელმძღვანელებს უფლება აქვთ შეამოწმონ ბარსა და ღამის კლუბში შემსვლელთა ასაკი ადამიანის უფლებათა დაცვის სრული გარანტიით.

თავი VI

პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის

    მუხლი 17. პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის

1. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-11 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-13–მე-15 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევებს განიხილავს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და გამოაქვს სათანადო გადაწყვეტილება.

21. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ კანონის მე-5–მე-7 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევებს განიხილავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

3. მშობელს ან არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

საქართველო 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი 782 - სსმ I , 5 18.01.2005 წ., მუხ. 21

 

თავი VII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 18. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს ამ კანონის მიღებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა შეიმუშაოს:

ა) დებულება „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრის წარმოების შესახებ“;

ბ) არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმები.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაოს დებულება „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების რეესტრის წარმოების შესახებ“.

4. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ამოქმედებამდე მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კატეგორიების მისანიჭებელი კრიტერიუმები განსაზღვრულია „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 28 დეკემბრის №39 ბრძანებით.

საქართველო 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი 782 - სსმ I , 5 18.01.2005 წ., მუხ. 21

    მუხლი 19. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული „ქცევის კოდექსის“ ამოქმედებისთანავე.

საქართველო 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი 782 - სსმ I , 5 18.01.2005 წ., მუხ. 21

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 28 სექტემბერი.

№1081-Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველო2004 წლის 23 დეკემბრის კანონი 782 - სსმ I, 5 18.01.2005 წ., მუხ.21