დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1012 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/06/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 01/08/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/04/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320.030.000.05.001.000.963 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (30/06/2004 - 29/12/2004)
საქართველოს კანონი
ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ
ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ საფუძვლებს.
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ტრანსპორტი – საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო, საბაგირო, სამდინარო, სპეციალური, მილსადენი ტრანსპორტი;
ბ) კომუნიკაციები – კავშირგაბმულობა და ფოსტა;
გ) სატრანსპორტო სისტემა – სატრანსპორტო საშუალებათა, ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის, საავტომობილო გზებისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა;
დ) სატრანსპორტო პროცესი – პოლიტიკურ-ეკონომიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადატანაში მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისაკენ;
ე) სატრანსპორტო საქმიანობა (ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა) – სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა;
ვ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასატანად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო, საბაგირო, სამდინარო, სპეციალური, მათ შორის, პნევმატური ტრანსპორტი, საქალაქო ელექტროტრანსპორტი, მათ შორის, მეტროპოლიტენი და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული მილსადენი ტრანსპორტი;
ზ) სატრანსპორტო საწარმო – ფიზიკური ან იურიდიული პირი, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ახორციელებს მგზავრების გადაყვანას, ტვირთების გადატანას ან/და სხვა სატრანსპორტო საქმიანობას;
თ) ტრანსპორტის მოძრაობა – სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება სატრანსპორტო ქსელში;
ი) სატრანსპორტო ქსელი – მიმოსვლის გზათა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს სივრცის ნაწილს და მოწყობილია სატრანსპორტო პროცესის განსახორციელებლად;
კ) ტრანსპორტის სახეობა – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასატანად გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებათა კონკრეტული ტიპის მოძრავი შემადგენლობა. ტრანსპორტის სახეობა განისაზღვრება იმ სატრანსპორტო საშუალებით ან ინფრასტრუქტურით, რომლითაც ხორციელდება მგზავრების გადაყვანა და ტვირთების გადატანა;
ლ) გადაზიდვა – კანონით დადგენილი წესით მგზავრების გადაყვანა და ტვირთების გადატანა სატრანსპორტო ქსელში ტრანსპორტის სახეობით. გადაზიდვის სახეებია: სატრანზიტო, შერეული, შიდა და საერთაშორისო;
მ) სატრანზიტო გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული გადაზიდვა, როდესაც სატრანსპორტო საშუალება აუცილებლად გადაკვეთს მესამე (ერთი ან რამდენიმე) ქვეყნის ტერიტორიას მარშრუტის მთელ სიგრძეზე დატვირთვის/ჩასხდომის და გადმოტვირთვის/გადმოსხდომის გარეშე;
ნ) შერეული (მულტიმოდალური, კომბინირებული) გადაზიდვა – ერთი მულტიმოდალური ხელშეკრულების საფუძველზე არანაკლებ ორი ტრანსპორტის სახეობითა და ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით განხორციელებული გადაზიდვა;
ო) შიდა გადაზიდვა – საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში განხორციელებული გადაზიდვა (დატვირთვა/ჩასხდომა და გადმოტვირთვა/გადმოსხდომა);
პ) საერთაშორისო გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული გადაზიდვა (დატვირთვა/ჩასხდომა და გადმოტვირთვა/გადმოსხდომა), მათ შორის, ტრანზიტი ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით;
ჟ) მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სატრანსპორტო საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობს სატრანსპორტო მომსახურებით;
რ) ტვირთი – სატრანსპორტო საწარმოს მიერ გადატანილი ყველანაირი ქონება, ცხოველთა სამყაროს ცოცხალი ობიექტების, მათი დერივატებისა და ცხოველქმედების პროდუქტების ჩათვლით, აგრეთვე კონტეინერები, პალეტები და ანალოგიური საგნები;
ს) სახიფათო ტვირთი – ტვირთი, რომელიც ოფიციალურად, საერთაშორისო ნორმებით კლასიფიცირებულია როგორც სახიფათო;
ტ) ტრანსპორტის სფერო – სატრანსპორტო სისტემისა და სატრანსპორტო პროცესის ერთობლიობა;
უ) სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური – ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ნორმატიული აქტით განსაზღვრული საფასური, რომელიც სატრანსპორტო ადმინისტრაციის ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციისათვის მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების შესრულებასთან, მათ შორის, სანებართვო და სარეგისტრაციო საქმიანობასთან, ტარიფის შემუშავებასთან, სატრანსპორტო საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს;(არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება №2/1/187-188 – სსმ IV, №3, 20.01.2003 წ., გვ.2]
ფ) ადმინისტრაციის სანებართვო საქმიანობა – ამ კანონის მიზნებისათვის, ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ერთჯერადი ან/და ვადიანი საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა;
ქ) ადმინისტრაციის სარეგისტრაციო საქმიანობა – ამ კანონის მიზნებისათვის, ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სატრანსპორტო სისტემისა და საშუალებების აღნუსხვა-აღრიცხვასთან დაკავშირებით სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა;
ღ) ადმინისტრაციის მიერ ტარიფის შემუშავება – ამ კანონის საფუძველზე ტრანსპორტის სფეროში ტარიფის დადგენისათვის სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა;
ყ) ადმინისტრაციის მიერ სატრანსპორტო საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება – ამ კანონის მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია სატრანსპორტო საქმიანობისა და მასში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება №2/1/187-188 – სსმ IV, №3, 20.01.2003 წ., გვ.2
მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები
1. ამ კანონის მიზანია:
ა) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დააკისროს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია და გაათავისუფლოს იგი მარეგულირებელი და ოპერატიულ- სამეურნეო ფუნქციებისგან;
ბ) საჯაროობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპების საფუძველზე განსაზღვროს ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის რეგულირების ძირითადი პრინციპები სატრანსპორტო სისტემაში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირებისა და მომხმარებლების მიმართ და ამ მიზნით შექმნას საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის დარგების მარეგულირებელ ორგანოთა ჩამოყალიბების სამართლებრივი საფუძველი;
გ) უზრუნველყოს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის განვითარება.
2. ამ კანონის ამოცანაა:
ა) კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურებისა და სარგებლობის ხარჯების ზუსტი ასახვა სატარიფო სისტემაში;
ბ) ხელი შეუწყოს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემების რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის.
მუხლი 3. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების დანიშნულება
ტრანსპორტი და კომუნიკაციები წარმოადგენს საქართველოს მეურნეობის ინფრასტრუქტურის განუყოფელ ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემებით, ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებასა და სარგებლობაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.
მუხლი 4. კანონმდებლობა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში
1. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. ეს კანონი ვრცელდება:
ა) ტრანსპორტის სფეროში მონაწილე ყველა სუბიექტზე;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე;
გ) სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს სატრანსპორტო საშუალებებზე, თუ ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო მართვისა და რეგულირების საკითხები წესრიგდება „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. ეს კანონი არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“, „საავტომობილო გზების შესახებ“ და „საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონებით მოწესრიგებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებისა და ტრანზიტისათვის განკუთვნილ და სხვა დანიშნულების მილსადენებზე და მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე. ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების, მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების სფეროში სახელმწიფო მართვისა და რეგულირების საკითხები წესრიგდება საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს ტერიტორიის გავლით ნახშირწყალბადების ტრანზიტი და მასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.
თავი II. ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა და რეგულირება
მუხლი 5. ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების განმახორციელებელი ორგანოები
1. ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობას არეგულირებენ სატრანსპორტო ადმინისტრაციები, კერძოდ, საავტომობილო ტრანსპორტში – საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, სარკინიგზო ტრანსპორტში – სარკინიგზო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, საზღვაო ტრანსპორტში – საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, ხოლო საჰაერო ტრანსპორტში – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ტრანსპორტის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფუნქციებია:
ა) ადგილობრივი გადაზიდვების რეგულირება;
ბ) სატრანსპორტო სისტემის მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირების ხელშეწყობა სატრანსპორტო მომსახურების ბაზრის განვითარებაში;
გ) სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.
მუხლი 6. სამინისტრო. ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება
1. სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კანონით, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სამინისტროს დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებას და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას.
2. სამინისტროს ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა და სამინისტროს დებულებით. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სატრანსპორტო სისტემის განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიის, პრიორიტეტისა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, აგრეთვე ამ პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა და კონტროლი;
ბ) ტრანსპორტის დარგების რაციონალური განვითარების, ქვეყნის მოსახლეობისა და ეკონომიკის ინტერესების შესაბამისად „ტრასეკასა“ და საინფორმაციო დერეფნების მაქსიმალური ამოქმედებისა და მაღალი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა;
გ) ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფა, დარგების ეკონომიკური მდგომარეობისა და საბიუჯეტო შენატანების მონიტორინგი;
დ) სატრანსპორტო სისტემის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, შესაბამის უწყებებთან ერთად ინსტიტუციური მშენებლობის, კომერციალიზაციის, რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვისა და ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა;
ვ) ტრანსპორტის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა;
ზ) ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში ინფორმაციული და ინტერნეტტექნოლოგიების, გეოპოზიციური და ინტელექტუალური სისტემების დანერგვის ხელშეწყობა;
თ) ტრანსპორტის სფეროში გარემოს დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სატრანსპორტო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების დროს ეკოლოგიური ასპექტის მაქსიმალურად გათვალისწინება;
ი) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობისათვის სახელმწიფო სატრანსპორტო სტრატეგიის შემუშავება;
კ) სატრანსპორტო სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის დამტკიცება;
ლ) (ამოღებულია).
3. სამინისტრო არ ახორციელებს მარეგულირებელ და ოპერატიულ-სამეურნეო ფუნქციებს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს საწარმოები ვალდებულნი არიან 7 დღის ვადაში მიაწოდონ სამინისტროს სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემები.
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3145– სსმI, №32, 22.12.2003წ., მუხ.236
მუხლი 7. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის პრინციპები
ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა ხორციელდება შემდეგი პრინციპების საფუძველზე:
ა) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა თანასწორუფლებიანობა;
ბ) მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) საკონკურენციო გარემოს შექმნა;
დ) თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის გამოცდილების გამოყენება, აგრეთვე ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვა და ეფექტიანად გამოყენება;
ე) უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ვ) ტექნიკური ნორმების შესაბამისი მომსახურების სფეროს გაფართოება და მომსახურების ხარისხის ამაღლება;
ზ) მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა დემოკრატიულობის, საჯაროობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების შესაბამისად.
მუხლი 8. საერთაშორისო თანამშრომლობა
1. ტრანსპორტის საერთაშორისო ორგანიზაციებში ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს წარმოადგენენ სამინისტრო და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი სატრანსპორტო ადმინისტრაციები.
2. ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
3. სხვა სახელმწიფოთა სატრანსპორტო ადმინისტრაციებთან და ტრანსპორტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას სამინისტრო და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი სატრანსპორტო ადმინისტრაციები იცავენ საქართველოს ინტერესებს.
თავი III. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოები
მუხლი 9. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელ ორგანოთა სტატუსი და ფუნქციები
1. ტრანსპორტის სფეროში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები –საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციები – (შემდგომში – ადმინისტრაცია) არიან ამ კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც კანონით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. კონკრეტული ადმინისტრაციის უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ შესაბამის დარგში.
2. ადმინისტრაციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები და ეს კანონი.
3. ადმინისტრაციის დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების შემუშავება, დამტკიცება და რეგულირება;
ბ) საკონკურენციო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
გ) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის ნებართვების პირობებისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
დ) ტრანსპორტის სფეროში „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისი ნორმების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) ტრანსპორტის შესაბამის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შემუშავება ან/და მიღება;
ვ) ტრანსპორტის სფეროში მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების დარგობრივ-სპეციფიკური ფორმების და დოკუმენტების ბლანკების დამზადებისა და მიწოდების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
თ) ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა;
ი) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობისათვის „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
კ) სატრანსპორტო სისტემისა და საშუალებების რეგისტრაცია;
ლ) (ამოღებულია).
5. სატრანსპორტო საწარმო ადმინისტრაციას უხდის სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს, რომლის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ნორმატიული აქტით. საფასური უნდა იყოს მართლზომიერი და არადისკრიმინაციული. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება №2/1/187-188 – სსმ IV, №3, 20.01.2003 წ., გვ.2]
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №275– სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.99
მუხლი 10. ადმინისტრაციის თავმჯდომარე
1. ადმინისტრაციას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის წარდგინებით 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ადმინისტრაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
მუხლი 11. ადმინისტრაციის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
1. ადმინისტრაციის თავმჯდომარე ამ კანონისა და ადმინისტრაციის დებულების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად.
2. თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისი არყოფნის შემთხვევაში ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დააკისროს თავის მოადგილეს.
3. თავმჯდომარე ერთპიროვნულად უძღვება ადმინისტრაციის საქმიანობას, არის მისი წარმომადგენელი და პერსონალურად აგებს პასუხს ადმინისტრაციის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, მის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
4. თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
მუხლი 12. ადმინისტრაციის თავმჯდომარე და აპარატის თანამშრომლები
1. ადმინისტრაციას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. მხოლოდ ადმინისტრაციის თავმჯდომარეს აქვს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს აპარატის თანამშრომლები.
2. ადმინისტრაციის თავმჯდომარისა და აპარატის თანამშრომლების შრომით ურთიერთობებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები.
3. ადმინისტრაციის თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელი პირებისა და აპარატის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნისა და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება ადმინისტრაციის დებულებით.
4. ადმინისტრაციის თავმჯდომარესა და აპარატის თანამშრომლებს უფლება აქვთ მათი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრონ სასამართლოში.
მუხლი 13. ადმინისტრაციის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები
1. ადმინისტრაციის თავმჯდომარე ამ კანონითა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტებს – ბრძანებებს.
2. ადმინისტრაციის თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია განკარგულება.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
მუხლი 14. ადმინისტრაციის ბიუჯეტი
1. ადმინისტრაცია ვალდებულია ყოველი წლის 1 სექტემბრისთვის მოამზადოს და გამოაქვეყნოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ადმინისტრაციის ყველა შემოსავალი და ხარჯი, მათ შორის, ადმინისტრაციის თავმჯდომარისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასი.
2. ადმინისტრაციის ბიუჯეტის წყაროებია – „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით ნებადართული შემოსავლები.
3. სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადმინისტრაციის ანგარიშზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ადმინისტრაცია ამ თანხას განკარგავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.(არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება №2/1/187-188 – სსმ IV, №3, 20.01.2003 წ., გვ.2]
4. ადმინისტრაცია ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს წლიური ბალანსი და ბიუჯეტი. ადმინისტრაციის წლიური ბალანსი მოწმდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ადმინისტრაციის ბიუჯეტს შესაბამის დასაბუთებასთან ერთად ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის წარდგინებით.
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება №2/1/187-188 – სსმ IV, №3, 20.01.2003 წ., გვ.2
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3145– სსმI, №32, 22.12.2003წ., მუხ.236
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №275– სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.99
მუხლი 15. ადმინისტრაციის ანგარიში
ადმინისტრაცია თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრიობისათვის.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
მუხლი 16. (ამოღებულია)
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3145– სსმI, №32, 22.12.2003წ., მუხ.236
თავი IV. ტრანსპორტის სფეროში სანებართვო და სასერტიფიკაციო საქმიანობა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
მუხლი 17. ტრანსპორტის სფეროში სანებართვო საქმიანობის ორგანიზება
1. ტრანსპორტის სფეროში ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხორციელდება ამ საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ნებართვის საფუძველზე.
2. ნებართვის გაცემის წესი და პირობები, აგრეთვე სანებართვო საქმიანობის სახეები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
3. ტრანსპორტის სფეროში სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 18. ტრანსპორტის სფეროში პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიცირება
1. ტრანსპორტის სფეროში პროდუქცია და მომსახურება სერტიფიცირებული უნდა იყოს.
2. ტრანსპორტის სფეროში პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიცირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 19. სატრანსპორტო საქმიანობის განხორციელებისას გარემოს დაცვისა და სატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
1. საქართველოში საექსპლუატაციოდ დაიშვებიან ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აკმაყოფილებენ გარემოზე მავნე ზემოქმედების დასაშვებ, კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
2. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რომელიც გამორიცხავს გარემოზე სატრანსპორტო საშუალების მავნე ზემოქმედების ნორმების გადამეტებას, და უზრუნველყოს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
3. სატრანსპორტო საშუალებები და ტრანსპორტის მუშაობის უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული ან საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით.
4. პირებს, რომლებიც უშუალოდ უზრუნველყოფენ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პროფესიული მომზადების დამადასტურებული დოკუმენტი.
5. სატრანსპორტო საქმიანობის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობას ახორციელებს ადმინისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის გამო საძებნ-სამაშველო სამუშაოებისა და შესაბამისი საინსპექციო მოკვლევის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
7. სტიქიური უბედურების, ეპიდემიისა და სხვა განსაკუთრებული შემთხვევების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსების წესი, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელებისა და მესაკუთრეებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
თავი V. სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურება
მუხლი 20. მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა
1. მომხმარებელს აქვს სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების სახის არჩევის უფლება.
2. მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო და ეროვნულ ტექნიკურ ნორმებს.
3. აკრძალულია მომსახურების გაწევა იმ სატრანსპორტო სისტემით ან საშუალებით, რომლის შესაბამისობა დაწესებულ მოთხოვნებთან სერტიფიკატით არ არის დადასტურებული.
მუხლი 21. პასუხისმგებლობა ტრანსპორტის სფეროში კანონმდებლობის დარღვევისათვის
ტრანსპორტის სფეროში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI. ტარიფები
მუხლი 22. ტრანსპორტის სფეროში სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და ამოცანები
1. ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების ტარიფები:
ა) იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან;
ბ) მოიცავს მომსახურებისათვის საჭირო, ეკონომიკურად გამართლე-ბულ ყველა დანახარჯს, მათ შორის, ექსპლუატაციის, მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების ხარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილის და პროცენტის გადასახადებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა აუცილებელ ხარჯებს. ამასთან, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებების ამონაგების ოდენობას, რომელიც საკმარისია სატრანსპორტო საწარმოს რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის ინვესტიციების მოსაზიდად.
2. სატარიფო პოლიტიკის პრინციპები და ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით საზოგადოების ყველა ფენის ეფექტიან მომსახურებას და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების სახეების განვითარებას;
ბ) სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების პროცესში უზრუნველყოს რეგიონის, ქვეყნის ცალკეული რეგიონების განსხვავებული მახასიათებლების გათვალისწინება;
გ) სათანადო პირობები შექმნას სამეწარმეო გარემოსა და ჯანსაღი კონკურენციის განვითარების, ხარისხიანი მომსახურებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისათვის;
დ) უზრუნველყოს სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობა;
ე) უზრუნველყოს, რომ სატარიფო სისტემა იყოს მარტივი და გასაგები;
ვ) არ დაუშვას მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სატრანსპორტო საწარმოთა ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე.
3. მომსახურების სახეების მიხედვით სხვადასხვა ტარიფის შემუშავება შეიძლება პიკური სიდიდის, საშუალო სიდიდის, საერთო მოხმარების სეზონურობის, მოხმარების სადღეღამისო ცვლილებების, მომსახურების ტიპის ან ანალოგიური პარამეტრების მიხედვით. ადმინისტრაციას შეუძლია გამოიყენოს უახლესი სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლებიც ითვალისწინებს მოგების ინდექსაციას, ფასთა ინდექსაციას და სხვა ფაქტორებს, თუ იგი მიიჩნევს, რომ ასეთი მეთოდოლოგიების გამოყენება შეესაბამება სატრანსპორტო საწარმოსა და მომხმარებლის ინტერესებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება №2/1/187-188 – სსმ IV, №3, 20.01.2003 წ., გვ.2
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
მუხლი 23. ადმინისტრაციისა და სამინისტროს უფლებამოსილება ტარიფების შემუშავებასა და დამტკიცებაში
1. (ამოღებულია).
2. ადმინისტრაცია, ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურის შესაბამისად, ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურებისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს ზღვრულ ან ფიქსირებულ ტარიფებს, თუ:
ა) მომსახურების კონკრეტულ სახეზე ტარიფი ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ადმინისტრაცია დაასაბუთებს, რომ მომსახურების კონკრეტულ სახეზე გარკვეულ პერიოდში შექმნილია არაკონკურენტუნარიანი გარემო.
3. ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ტარიფი მტკიცდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ნორმატიული აქტით.
4. ტარიფების შემუშავებისა და დამტკიცების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება, აგრეთვე ტრანსპორტის სფეროში სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და ამოცანები.
5. სატრანსპორტო საწარმოები ვალდებულნი არიან ადმინისტრაციას წარუდგინონ ინფორმაცია ზღვრული ტარიფის ფარგლებში მათ მიერ შემოღებულ მომსახურების ტარიფზე, სათანადო გაანგარიშებით, ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ფორმების მეშვეობით.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3145– სსმI, №32, 22.12.2003წ., მუხ.236
თავი VI1. რეგულირების საფასური
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №275– სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.99
მუხლი 231. რეგულირების საფასური სამოქალაქო ავიაციის დარგში
1. რეგულირების საფასური არის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის ან სამოქალაქო ავიაციის დარგში მის მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის (დღგ-ის გარეშე) 2 პროცენტს. ადმინისტრაციას უფლება აქვს ნორმატიული აქტით დაადგინოს ამ კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლები საფასური.
2. რეგულირების საფასურის გადახდის წესი დგინდება სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ნორმატიული აქტით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:
ა) ადმინისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება;
ბ) ადმინისტრაციის მიერ ავიასაწარმოების საქმიანობის რეგულირებისათვის გაწეული ხარჯების დაფარვა;
გ) საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვებისა და საავიაციო სამუშაოების უსაფრთხოდ და ეფექტიანად განხორციელებაში დაინტერესებულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
დ) ადმინისტრაციის საქმიანობის დამოუკიდებლობა და საჯაროობა.
3. რეგულირების საფასურის გადახდა წარმოებს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაზე ნებართვის მიღებამდე ან ყოველთვიურად.
4. რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა პირი, რომელიც ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამოსილების სფეროში.
5. სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:
ა) 2 წლამდე ასაკის ბავშვი;
ბ) საძებნ-სამაშველო სამუშაოების განმახორციელებელი ავიაგადამზიდველი, მაშველი;
გ) ავიაგადამზიდველი, რომელიც ახორციელებს იძულებით დაფრენას (ტექნიკური გაუმართაობის, ამინდის გაუარესებისა და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციის გამო), და იძულებით დაფრენასთან დაკავშირებული მგზავრთა მომსახურება;
დ) პირდაპირი ტრანზიტული მგზავრი;
ე) ადგილობრივი გადაყვანა-გადაზიდვები.
6. პირის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი ოდენობით და დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას უფლება აქვს შეაჩეროს დამრღვევის მიმართ მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელება.“.
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №275– სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.99
თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 24. გარდამავალი დებულებანი
1. ადმინისტრაციებმა თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება დაიწყონ 2002 წლის 1 იანვრიდან.
2. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ კანონს შეუსაბამოს კანონქვემდებარე აქტები და საქართველოს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესით 2002 წლის 1 იანვრამდე მიიღოს ყველა საჭირო ზომა ადმინისტრაციების სრული ამოქმედებისათვის.
3. 2002 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრაციების უფლებამოსილება განახორციელონ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა.
4. დაევალოთ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს, 2005 წლის 1 იანვრამდე მოამზადონ კანონპროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“.
5. (ამოღებულია).
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №275– სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.99
მუხლი 25. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 20 ივლისი
№1012-რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება №2/1/187-188 – სსმ IV, №3, 20.01.2003 წ., გვ.2
2. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
3. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3145– სსმI, №32, 22.12.2003წ., მუხ.236
4. საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №275– სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.99
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები