დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3177 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 17, 30/05/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/04/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.150.000.05.001.002.293 |
საქართველოს კანონი
„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 1.08.2001, მუხ. 93) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“.
2. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ საფუძვლებს.“.
3. პირველი მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ტრანსპორტი – საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო, საჰაერო, საბაგირო, სპეციალური, მილსადენი ტრანსპორტი;“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სატრანსპორტო სისტემა – სატრანსპორტო საწარმოთა, სატრანსპორტო საშუალებათა, ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო ქსელისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა;
დ) სატრანსპორტო პროცესი – პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ტექნიკურ-საექსპლუატაციო ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას, აგრეთვე აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს სპეციალური სატრანსპორტო სამუშაოების (საავიაციო სამუშაოები, ბუქსირზიდვა და ა. შ.) წარმოებაზე;“;
დ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრთა გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო, საჰაერო, საბაგირო, სპეციალური, მათ შორის, პნევმატური ტრანსპორტი, საქალაქო ელექტროტრანსპორტი, მათ შორის, მეტროპოლიტენი, და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული მილსადენი ტრანსპორტი;
ზ) სატრანსპორტო საწარმო – ფიზიკური ან იურიდიული პირი, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომელიც ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის გადაზიდვას ან/და სხვა სატრანსპორტო საქმიანობას;“;
ე) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ტრანსპორტის სახეობა – მგზავრთა გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად გამოყენებულ სატრან-სპორტო საშუალებათა კონკრეტული ტიპის მოძრავი შემადგენლობა. ტრანსპორტის სახეობა განისაზღვრება იმ სატრანსპორტო საშუალებების ან/და ინფრასტრუქტურების ერთობლიობით, რომლებითაც ხორციელდება მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა, აგრეთვე სპეციალური სატრანსპორტო სამუშაოების წარმოება;“;
ვ) „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“ და „ს“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ზ) „ფ“–„ყ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობა – ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული განსაზღვრულვადიანი ან განუსაზღვრელვადიანი საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასა და გაუქმებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ გაწეული საქმიანობა;
ქ) კომისიის სარეგისტრაციო საქმიანობა – საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სატრანსპორტო სისტემისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვასთან დაკავშირებით კომისიის მიერ გაწეული საქმიანობა;
ღ) კომისიის მიერ ტარიფის დამტკიცება/რეგულირება – საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ტარიფის დამტკიცებისათვის/რეგულირებისათვის კომისიის მიერ გაწეული საქმიანობა;
ყ) კომისიის მიერ სატრანსპორტო საქმიანობის უსაფრთხოების/უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობა და კონტროლი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით კომისიის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებში სატრანსპორტო საქმიანობისა და მასში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირების უსაფრთხოებას/უშიშროებას;“;
თ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“–„ც“ ქვეპუნქტები:
„შ) სატრანსპორტო უშიშროება – ღონისძიებათა კომპლექსი, აგრეთვე ადამიანებისა და მატერიალური საშუალებების რესურსი, რომლებიც გამოიყენება საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგების საქმიანობაში არაკანონიერი ჩარევის აქტებისაგან დაცვის მიზნით;
ჩ) ტერმინები – ტექნიკური რეგლამენტი, შესაბამისობის შეფასება, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი), პროდუქცია, უსაფრთხო პროდუქცია – განიმარტება „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ც) რეგულირების საფასური – ტერმინი განიმარტება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
4. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები
ამ კანონის მიზანია:
ა) უზრუნველყოს სატრანსპორტო სისტემებით, სატრანსპორტო ქსელებითა და სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურებასა და სარგებლობაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნათა დაკმაყოფილება, მოძრაობის უსაფრთხოება და სატრანსპორტო უშიშროება;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დააკისროს ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია და გაათავისუფლოს იგი მარეგულირებელი და ოპერატიულ-სამეურნეო ფუნქციების შესრულებისაგან;
გ) საჯაროობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპების საფუძველზე განსაზღვროს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებში საქმიანობის რეგულირების ძირითადი პრინციპები სატრანსპორტო სისტემაში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირებისა და მომხმარებლებისათვის და ამ მიზნით შექმნას საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგების ერთიანი მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძველი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
დ) უზრუნველყოს სატრანსპორტო ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობისა და ჯანსაღი კონკურენციის განვითარება;
ე) ხელი შეუწყოს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას სატრანსპორტო სისტემების რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის.“.
5. მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე-4 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს კანონმდებლობა ტრანსპორტის სფეროში“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტრანსპორტის სფეროში ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს საჰაერო კოდექსის, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.“;
გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ეს კანონი არ ვრცელდება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ და „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონებით მოწესრიგებულ ურთიერთობებზე, ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებისა და ტრანზიტისათვის განკუთვნილ და სხვა დანიშნულების მილსადენებსა და მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე. ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების, მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების სფეროში სახელმწიფო მართვისა და რეგულირების საკითხები წესრიგდება საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს ტერიტორიის გავლით ნახშირწყალბადების ტრანზიტი და მასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.“.
7. მე-5 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანოა სამინისტრო.
2. საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებში საქმიანობას არეგულირებს კომისია. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად.“;
ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადგილობრივი გადაყვანა/გადაზიდვის რეგულირება;“.
8. მე-6–მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება
1. ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარმართავს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს საქართველოს მთავრობა და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
3. სამინისტრო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
4. სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კანონით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით და სამინისტროს დებულებით.
5. ტრანსპორტის სფეროში სამინისტროს ფუნქციებია:
ა) სამართლებრივი ბაზის შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა;
ბ) სატრანსპორტო სისტემის განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიის, პრიორიტეტებისა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება;
გ) სატრანსპორტო სისტემის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;
დ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა;
ე) ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში ინფორმაციული და ინტელექტუალური სისტემების დანერგვის ხელშეწყობა;
ვ) გარემოს დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სატრანსპორტო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების დროს ეკოლოგიური ასპექტების მაქსიმალურად გათვალისწინება;
ზ) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობისათვის სახელმწიფო სატრანსპორტო სტრატეგიის შემუშავება;
თ) სატრანსპორტო სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის შემუშავება.
6. სამინისტრო არ ასრულებს მარეგულირებელ და ოპერატიულსამეურნეო ფუნქციებს.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე სატრანსპორტო საწარმოები ვალდებული არიან 7 დღის ვადაში მიაწოდონ სამინისტროს სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემები.
მუხლი 7. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის განხორციელების პრინციპები
ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის განხორციელების პრინციპებია:
ა) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო უშიშროების უზრუნველყოფა;
ბ) მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა დემოკრატიულობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად;
გ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა თანასწორუფლებიანობა;
დ) მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ე) თავისუფალი კონკურენციის განვითარება;
ვ) სატრანსპორტო საწარმოს, სატრანსპორტო საშუალებისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უზრუნველმყოფი პირების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის/კვალიფიკაციის დადასტურების უზრუნველყოფა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ეკოლოგიური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
თ) საერთაშორისო სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მუხლი 8. საერთაშორისო თანამშრომლობა
1. ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
2. საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგების საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმოადგენენ საქართველოს მთავრობა/სამინისტრო და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში კომისია.“.
9. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია“.
10. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. კომისიის სტატუსი და ძირითადი ფუნქციები
1. კომისია არის ამ კანონის და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას და არ ექვემდებარება არც ერთ სხვა სახელმწიფო უწყებას.
2. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი, კომისიის დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.
3. კომისიის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. ტრანსპორტის სფეროში კომისიის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებში (შემდგომში – რეგულირებადი დარგები) სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, მათ შორის, რეგულირებადი დარგების ფუნქციონირებისა და განვითარების სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების ზედამხედველობა;
ბ) რეგულირებად დარგებში საქმიანობისა და შესაბამისობის შეფასების/დადასტურების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოცემა, მათი მოთხოვნების დაცვის ზედამხედველობა და ამ მოთხოვნების დარღვევისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
გ) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო უშიშროების უზრუნველყოფის მუდმივი ზედამხედველობა;
დ) სატრანსპორტო შემთხვევის (კატასტროფის, ინციდენტისა და სხვა) გამოკვლევა, გამომწვევი მიზეზების დადგენა, შემდგომში მისი თავიდან აცილების პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და ამ ღონისძიებების გატარების ზედამხედველობა;
ე) რეგულირებად დარგებში ლიცენზიების/ნებართვების გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, გაუქმება;
ვ) სატრანსპორტო საწარმოებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაბამისობის შეფასება/დადასტურება – სერტიფიცირება (მოწმობების გაცემა/აღიარება) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ზ) საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებში სატრანსპორტო საშუალებების მართვის უზრუნველმყოფი პირებისათვის მოწმობების გაცემა/აღიარება;
თ) სატრანსპორტო სისტემებისა და სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ან/და საუწყებო რეგისტრაცია;
ი) რეგულირებად დარგებში მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სპეციალისტების საკვალიფიკაციო მოთხოვნათა განსაზღვრა;
კ) სატრანსპორტო ბაზრის მარკეტინგული კვლევა;
ლ) კონკურენტული გარემოს შექმნის, აგრეთვე სატრანზიტო გადაზიდვების მოზიდვის ხელშეწყობა;
მ) საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებსა და ევრო-სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ნ) სატრანსპორტო სისტემითა და სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურებაზე ტარიფების დამტკიცება/რეგულირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ო) სატრანსპორტო გადაყვანა-გადაზიდვაზე და სპეციალური სატრანსპორტო სამუშაოების წარმოებაზე მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ხელშეწყობა, მათი ინტერესების დაცვა;
პ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ჟ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა რეგულირების სფეროში დასაქმებულ საწარმოებს, აგრეთვე საწარმოსა (საწარმოებსა) და მომხმარებელს შორის;
რ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის სავალდებულო მოთხოვნების დადგენა, ამ მოთხოვნების დაცვის ზედამხედველობა და კონტროლი;
ს) რეგულირების საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ტ) სატრანსპორტო სისტემებით მომსახურებისა და მუშაობის წესების განსაზღვრა;
უ) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების დარგობრივ-სპეციფიკური ფორმებისა და დოკუმენტების ბლანკების დამზადების/მიწოდების ორგანიზება;
ფ) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობისათვის „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
5. სატრანსპორტო საწარმო ვალდებულია კომისიას მიაწოდოს თავისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდების წესი განისაზღვრება კომისიის დადგენილებით.“.
11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91. კომისიის რეგულირების სფერო
1. კომისიის მარეგულირებელი ფუნქცია და ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებზე.
2. კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება:
ა) მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ხელბარგის, ფოსტის გადაზიდვა, სპეციალური სატრანსპორტო სამუშაოების წარმოება;
ბ) სატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოება/უშიშროება;
გ) სატრანსპორტო საწარმო, სატრანსპორტო საშუალება, სატრანსპორტო პროცესის უზრუნველმყოფი ხელოვნური სატრანსპორტო ნაგებობა;
დ) სატრანსპორტო ქსელი;
ე) იმ სპეციალისტების საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო უშიშროების უზრუნველყოფასთან;
ვ) სპეციალიზებული სატრანსპორტო-სასწავლო პროგრამები (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით);
ზ) ტარიფის დამტკიცება და რეგულირება.
3. სარკინიგზო ტრანსპორტის დარგზე ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.“.
12. მე-10–მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. კომისიის დამოუკიდებლობა
1. კომისია, კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ასეთი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ბათილია.
2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს უკანონო ზემოქმედებისა და საქმიანობაში ჩარევის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
3. მხოლოდ კომისიაა უფლებამოსილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩიოს, დანიშნოს და გაათავისუფლოს კომისიის აპარატის თანამშრომლები.
4. კომისიის აპარატის თანამშრომლის ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის ვადაში ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება – მხოლოდ სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
მუხლი 11. კომისიის სხდომა
1. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის ყველა დადგენილება, გადაწყვეტილება, ბრძანება ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად კომისია უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
3. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა. კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდეგ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
4. კომისიის სხდომა ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის არანაკლებ 2 წევრისა.
5. კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო სხდომის დახურულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე ინფორმაცია სხდომის დახურულად გამოცხადების თაობაზე.
6. გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო სხდომის დახურულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე ინფორმაცია სხდომის დახურულად გამოცხადების თაობაზე.
7. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით.
8. გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 12. კომისიის სამართლებრივი აქტები
1. კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს (გამოსცემს) სამართლებრივ აქტებს. კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.
2. კომისიის ნორმატიულ-სამართლებრივი აქტია კომისიის დადგენილება, რომელიც მიიღება ამ კანონის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. კომისიის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტია კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ისეთ საკითხებზე, რომლებიც თავისი შინაარსით არანორმატიული ხასიათისაა, კომისიისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აგრეთვე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც შეიცავს ქცევის ზოგად წესს პირთა განსაზღვრული წრისათვის.
5. კომისიის თავმჯდომარე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს.
6. კომისიის სამართლებრივი აქტები მიიღება კომისიის სხდომაზე.
7. კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13. კომისიის შემადგენლობა. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება. კომისიის წევრის და აპარატის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი
1. კომისია შედგება 5 წევრისაგან. კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.
3. პირი არ შეიძლება დაინიშნოს კომისიის წევრად ზედიზედ 2 ვადაზე მეტი ხნით.
4. კომისიის წევრად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.
5. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილია ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად. თავმჯდომარე უფლებამოსილია, თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.
6. კომისიის თავმჯდომარე წარმართავს კომისიის სხდომებს, პასუხისმგებელია კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საპროცედურო წესების დაცვასა და მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიის აპარატის მართვაზე.
7. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება, თუ:
ა) იგი ნებაყოფლობით გადადგა;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას;
გ) სასამართლო მას აღიარებს ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
დ) დაარღვია ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილი ნორმები;
ე) მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ვ) იგი ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს კომისიის წევრის უფლებამოსილებას;
ზ) იგი გარდაიცვალა.
8. კომისიის წევრის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
9. კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად:
ა) იგი არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) იგი არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) იგი ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) იგი ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) იგი არის იმ ორგანიზაციის თანამდებობის პირი, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) მას აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
10. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
11. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
12. კომისიის აპარატის თანამშრომელი, დამხმარე მოსამსახურის გარდა, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
მუხლი 14. კომისიის ფინანსური დამოუკიდებლობა. კომისიის ბიუჯეტი
1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.
2. კომისიის ბიუჯეტს ქმნის „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასური და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.
მუხლი 15. მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი
1. ტრანსპორტის სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. კომისიაში საქმიანობას ახორციელებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 16. კომისიის ანგარიში
1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 31 მარტისათვის მოამზადოს და გამოაქვეყნოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში.
2. კომისია საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს.
3. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმიანობის ანგარიშის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა.
4. კომისიის ფინანსური საქმიანობის კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები, მათ შორის, დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც ინიშნება „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. კომისიის ფინანსური საქმიანობის შემოწმებამ არ უნდა გამოიწვიოს კომისიის მიმდინარე საქმიანობის შეჩერება ან შეფერხება.“.
13. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რეგულირებად დარგებში სალიცენზიო/სანებართვო, სასერტიფიკაციო საქმიანობა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა“.
14. მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. რეგულირებად დარგებში სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის ორგანიზება
1. რეგულირებად დარგებში ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხორციელდება ამ საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე.
2. რეგულირებად დარგებში ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასა და გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
მუხლი 18. რეგულირებად დარგებში სერტიფიცირება (შესაბამისობის შეფასება/დადასტურება)
რეგულირებად დარგებში საქმიანობის განმახორციელებელი სატრანსპორტო საწარმოს ან/და მის მიერ მიწოდებული პროდუქციის/მომსახურების სერტიფიცირება ხორციელდება „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.“.
15. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. რეგულირებად დარგებში სატრანსპორტო საქმიანობის უსაფრთხოების/უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობას ახორციელებს კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
16. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. მომსახურების ხარისხი
1. მომხმარებელს აქვს სატრანსპორტო სისტემითა და სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების სახეობის არჩევის უფლება.
2. ტრანსპორტის სფეროში მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ან/და ეროვნულ სტანდარტებს.“.
17. 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
18. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. კომისიის უფლებამოსილება ტარიფების დამტკიცებასა და რეგულირებაში
1. კომისია უფლებამოსილია დაამტკიცოს და არეგულიროს სატრანსპორტო სისტემითა და სატრან-სპორტო საშუალებებით მომსახურებაზე ტარიფები საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ტარიფების დამტკიცებისა და რეგულირების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება, აგრეთვე ტრანსპორტის სფეროში სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და ამოცანები.
3. კომისია საზღვაო ტრანსპორტის დარგში სანავ-სადგურო ტარიფების დამტკიცებასა და რეგულირებას ახორციელებს მომსახურების შემდეგ სახეებზე:
ა) ნაოსნობის მართვის;
ბ) შუქურის;
გ) სალოცმანო გაცილების.
4. ტარიფის დამტკიცებისა და რეგულირების ზოგადი პრინციპები განისაზღვრება კომისიის ნორმატიულ-სამართლებრივი აქტით.“.
19. VI1 თავი ამოღებულ იქნეს.
20. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. კომისიამ 2006 წლის 1 დეკემბრამდე შესაბამისობაში მოიყვანოს სამართლებრივი ბაზა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3177-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები