„ტრანსპორტისა და კომუნაკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტრანსპორტისა და კომუნაკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2947
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 10/09/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 320.030.000.05.001.001.366
  • Word
2947
14/08/2003
სსმ, 27, 10/09/2003
320.030.000.05.001.001.366
„ტრანსპორტისა და კომუნაკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 24, 1.08.2001, მუხ.93) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტრანსპორტის სფეროში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები –საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციები – (შემდგომში – ადმინისტრაცია) არიან ამ კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც კანონით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. კონკრეტული ადმინისტრაციის უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ შესაბამის დარგში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციის დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

გ) მე-4 პუნქტის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების შემუშავება, დამტკიცება და რეგულირება;“;

გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ტრანსპორტის შესაბამის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შემუშავება ან/და მიღება;“;

გ.გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ტრანსპორტის სფეროს ცენტრალური ორგანოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და მისი თანამშრომლების მატერიალური წახალისების უზრუნველყოფა.“.

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის წარდგინებით 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

3. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე.“.

4. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. ადმინისტრაციის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები

1. ადმინისტრაციის თავმჯდომარე ამ კანონითა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტებს – ბრძანებებს.

2. ადმინისტრაციის თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია განკარგულება.“.

5. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციის ბიუჯეტის წყაროებია – „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით ნებადართული შემოსავლები.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადმინისტრაცია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს წლიური ბალანსი და ბიუჯეტი, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი.“;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ადმინისტრაციის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. აუდიტორის საქმიანობისათვის საჭირო თანხას გაიღებს ადმინისტრაცია.“.

6. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. ადმინისტრაციის ანგარიში

ადმინისტრაცია თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრიობისათვის.“.

7. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სატრანსპორტო საქმიანობის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობას ახორციელებს ადმინისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

8. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოიცავს მომსახურებისათვის საჭირო, ეკონომიკურად გამართლე-ბულ ყველა დანახარჯს, მათ შორის, ექსპლუატაციის, მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების ხარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილის და პროცენტის გადასახადებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა აუცილებელ ხარჯებს. ამასთან, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებების ამონაგების ოდენობას, რომელიც საკმარისია სატრანსპორტო საწარმოს რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის ინვესტიციების მოსაზიდად.“.

9. 23-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაცია, ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურის შესაბამისად, ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურებისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს ზღვრულ ან ფიქსირებულ ტარიფებს, თუ:

ა) მომსახურების კონკრეტულ სახეზე ტარიფი ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ადმინისტრაცია დაასაბუთებს, რომ მომსახურების კონკრეტულ სახეზე გარკვეულ პერიოდში შექმნილია არაკონკურენტუნარიანი გარემო.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სატრანსპორტო საწარმოები ვალდებულნი არიან ადმინისტრაციას წარუდგინონ ინფორმაცია ზღვრული ტარიფის ფარგლებში მათ მიერ შემოღებულ მომსახურების ტარიფზე, სათანადო გაანგარიშებით, ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ფორმების მეშვეობით.“.

10. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. შესაბამისი საკანონმდებლო აქტით რეგულირების საფასურის ზღვრული ოდენობის დადგენამდე რეგულირების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს შესაბამისი ადმინისტრაცია.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მოყვანილ იქნეს შესაბამისობაში ამ კანონთან.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი   ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 14 აგვისტო.

№2947-რს