ლობისტური საქმიანობის შესახებ

ლობისტური საქმიანობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1591
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/09/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 26/10/1998
სარეგისტრაციო კოდი 010.240.090.05.001.000.416
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1591
30/09/1998
სსმ, 2, 26/10/1998
010.240.090.05.001.000.416
ლობისტური საქმიანობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (05/02/2014 - 02/05/2014)

საქართველოს კანონი

ლობისტური საქმიანობის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს ლობისტად რეგისტრაციის წესს და აწესრიგებს ლობისტური საქმიანობის განხორციელების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის და უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანების მიღების პროცედურაზე.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „ლობისტური საქმიანობა” – საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზნით წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოზე ლობისტად რეგისტრირებული პირის (შემდგომში – „ლობისტი”) ისეთი ზემოქმედება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით;

ბ) „წარმომადგენლობითი ორგანო“ − საქართველოს პარლამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო;

გ) „აღმასრულებელი ორგანო“ − საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო;

დ) „საკანონმდებლო ცვლილება” – ნორმატიული აქტის მიღება ან ნორმატიული აქტის პროექტის შეცვლა ან უარყოფა.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1253  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 3. ინტერესების დაფიქსირება

1. საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან სამეწარმეო საქმიანობაში პირადი ინტერესებისა და სფეროს შესახებ წერილობით განაცხადონ თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცებისთანავე ან შემდგომ, თუ ასეთი ინტერესები წარმოიშვა.

2. პარლამენტის წევრს, სხვა საჯარო მოსამსახურეს, რომელიც წერილობით განაცხადებს სამეწარმეო საქმიანობის სფეროში პირადი ინტერესების შესახებ, უფლება აქვს თავი შეიკავოს შესაბამისი ნორმატიული აქტის განხილვაში მონაწილეობისაგან.

 

თავი II. ლობისტად რეგისტრაცია

    მუხლი 4. ლობისტად რეგისტრაციის უფლება

ლობისტად რეგისტრაციის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 5. ლობისტად რეგისტრაციის წესი

1. ლობისტად რეგისტრაციისათვის პირმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება ლობისტად რეგისტრაციის შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მისი სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, ნორმატიული აქტი (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტები), ნორმატიული აქტის პროექტი (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტები), რომლის მიღებით ან, შესაბამისად, შეცვლით ან უარყოფით დაინტერესებულია განმცხადებელი, აგრეთვე მისი საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომრები;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) დავალების ხელშეკრულება ლობისტური საქმიანობის განხორციელების შესახებ (შემდგომში – „დავალება”), რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზნით წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოზე მის ზემოქმედებას;

დ) ცნობა მისი ნასამართლობის შესახებ.

2. თუ დავალებაში მარწმუნებლად წარმოდგენილია ერთი ან რამდენიმე იურიდიული პირი, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ საბუთებს უნდა დაერთოს ამ იურიდიული პირის წესდების (დებულების) და რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლები.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული საბუთები წარედგინება:

ა) საქართველოს პარლამენტის ბიუროს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება ამ წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება;

1) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება საქართველოს მთავრობის ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების კომპეტენციას განეკუთვნება;

დ) (ამოღებულია - 05.02.2014, №1966).

4. საქართველოს პარლამენტის ბიურო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა წყვეტს პირის ლობისტად რეგისტრაციის საკითხს. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, პირი ლობისტად რეგისტრირებულად ჩაითვლება.

5. პირის ლობისტად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობება ლობისტს და წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ლობისტის მიერ ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას.

6. საქართველოს პარლამენტის აპარატი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის კანცელარია აწარმოებს ლობისტთა რეესტრს, რომელშიც აისახება:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;

ბ) ცნობა ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ, მისი შეწყვეტის ფორმისა და საფუძვლის მითითებით.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1253  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1966 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 6. ლობისტად რეგისტრაციაზე უარის თქმა

1. პირს ლობისტად რეგისტრაციაზე უარი ეთქმება, თუ:

ა) მისი სამსახურებრივი მდგომარეობა შეუთავსებელია ლობისტური საქმიანობის განხორციელებასთან;

ბ) იგი ნასამართლევია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ან თანამდებობრივი დანაშაულისათვის;

გ) მის მიერ განცხადებაში მითითებული მონაცემები ან წარმოდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს;

 დ) მას ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობა ჩამოერთვა ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით.

2. ლობისტად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული.

3. ლობისტად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 7. დავალება

1. დავალება ფორმდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

2. დავალება შეიძლება ითვალისწინებდეს მხოლოდ ერთი ნორმატიული აქტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების) მიღებას ან ნორმატიული აქტის მხოლოდ ერთი პროექტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტების) შეცვლას ან უარყოფას.

3. დავალებაში მარწმუნებლად შეიძლება წარმოდგენილი იყოს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი (სახაზინო საწარმოსა და სახაზინო დაწესებულების გარდა) ან საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეთა არანაკლებ ორმოცდაათკაციანი ჯგუფი.

4. დავალება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ აუცილებელ მონაცემებს:

ა) ხელშეკრულების საგნის შესახებ, იმ საკანონმდებლო ცვლილების მითითებით, რომელსაც მიზნად ისახავს მარწმუნებელი;

ბ) ლობისტის მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის გასამრჯელოს შესახებ, მისი ოდენობის, სახის და გადახდის წესის მითითებით.

    მუხლი 8. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტა და ჩამორთმევა

1. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტა ხდება მისი დაკარგვის ან ჩამორთმევის გზით.

2. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის დაკარგვის საფუძველია:

ა) დავალების ვადის გასვლა ან მისი შეწყვეტა;

ბ) დავალებით გათვალისწინებულ ნორმატიულ აქტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიულ აქტებზე) ან ნორმატიული აქტის პროექტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტებზე) წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

3. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის ჩამორთმევის საფუძველია:

ა) ისეთი გარემოების წარმოშობა, რომელიც გამორიცხავს პირის ლობისტად რეგისტრაციას;

ბ) ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ანგარიშის წარუდგენლობა;

გ) ლობისტური საქმიანობის განხორციელების პროცესში სამართალ-დარღვევის ჩადენა იმ წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს წევრის ან მოხელის მიმართ, რომელშიც პირი ახორციელებს ლობისტურ საქმიანობას, აგრეთვე ამ ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში.

4. პირს ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობა ჩამოერთმევა იმ თანამდებობის პირის (ორგანოს) გადაწყვეტილებით, რომელმაც მოახდინა მისი ლობისტად რეგისტრაცია. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის ჩამორთმევის შესახებ ეცნობება წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელს და პირს, რომელსაც იგი ჩამოერთვა.

 

თავი III. ლობისტის უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის სამართლებრივი გარანტიები

    მუხლი 9. წარმომადგენლობითი ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისა და გადაადგილების უფლება

1. ლობისტს უფლება აქვს შევიდეს და გადაადგილდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში, ამ ორგანოს საჯარო მოსამსახურეთათვის დაწესებული რეჟიმის (სპეციალურის გარდა) ფარგლებში.

2. საქართველოს პარლამენტის აპარატი, საკრებულოს აპარატი, გამგეობა (მერია), საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის კანცელარია ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ვალდებულია პირის ლობისტად რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უზრუნველყოს იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი მოწმობით.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1253  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 10. ნორმატიული აქტის პროექტის განხილვაში მონაწილეობის უფლება

1. ლობისტს უფლება აქვს დაესწროს წარმომადგენლობითი ორგანოს სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) მიერ დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტების) ღია განხილვის ყველა სტადიას. ღია განხილვის დროს ლობისტს წარმომადგენლობითი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) გადაწყვეტილებით, მისთვის დაწესებული რეგლამენტით შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული ნორმატიული აქტის პროექტთან (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტებთან) დაკავშირებით გამართულ კამათში.

2. ლობისტს უფლება აქვს დაესწროს დახურულ სხდომას, მონაწილეობა მიიღოს კამათში დავალებით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, გარდა კანონით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელი წერილობით აცნობებს ლობისტს დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტების) ღია განხილვის შესახებ, განხილვამდე არა უგვიანეს 2 დღით ადრე, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.

4. ლობისტს უფლება აქვს დაესწროს წარმომადგენლობითი ორგანოს ღია სხდომას ამ ორგანოს რეგლამენტით საზოგადოებრიობის წარმომადგენელთათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე.

5. ლობისტს უფლება აქვს წარმომადგენლობით ორგანოში დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დროს, გარდა პლენარული სხდომებისა, გამოვიდეს რეგლამენტირებული სიტყვით.

6. ლობისტს უფლება აქვს დაესწროს აღმასრულებელ ორგანოში ან მის სტრუქტურებში (სტრუქტურულ ქვედანაყოფებში) დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის ღია განხილვას, რომლის ჩატარების დროს და ადგილს შესაბამისი ორგანოს ან სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელი აცნობებს ლობისტს განხილვამდე არა უგვიანეს 2 დღით ადრე, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე. აღმასრულებელ ორგანოში დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის ღია განხილვის დროს ლობისტს ამ ორგანოს ან სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელის ნებართვით შეიძლება მიენიჭოს რეგლამენტირებული სიტყვის უფლება.

7. ლობისტს უფლება აქვს შესაბამის წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს წერილობით წარუდგინოს თავისი შენიშვნები და მოსაზრებები დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის თაობაზე. ისინი უნდა დაერთოს ნორმატიული აქტის პროექტს.

    მუხლი 11. ინფორმაციის მიღების უფლება

ლობისტს უფლება აქვს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში გაეცნოს შესაბამის წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოში დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტთან დაკავშირებით არსებულ ოფიციალურ მასალებს, აგრეთვე, დადგენილი წესით, გადაიღოს მათი ასლები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 12. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთან შეხვედრის უფლება

1. ლობისტს უფლება აქვს შეხვდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს მოქალაქეებთან შეხვედრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ლობისტს უფლება აქვს დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტთან დაკავშირებით შეხვდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

3. ლობისტის მოთხოვნა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთან შეხვედრის შესახებ, შეხვედრის თემისა და სასურველი დროის მითითებით, წარედგინება ამ წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატს, რომელიც დადგენილი წესით გადასცემს მას წარმომადგენლობითი ორგანოს შესაბამის წევრს სამსახურის ადგილის მიხედვით. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ვალდებულია მიმართვის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი სამუშაო კვირის ვადაში აცნობოს ლობისტს წერილობითი პასუხი მის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.

    მუხლი 13. ლობისტის ანგარიშგება

1. ლობისტი ვალდებულია რეგისტრაციის დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო თვის პირველიდან ათ რიცხვამდე, აგრეთვე ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის დღიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში წარადგინოს ანგარიში, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) დავალებით გათვალისწინებული მიზნებისათვის მისთვის გადაცემული ფულადი თანხების, სხვა მატერიალური თუ არამატერიალური ფასეულობების შესახებ, ფულადი თანხის ოდენობის, სხვა მატერიალური თუ არამატერიალური ფასეულობის სახეობის, მათი გადაცემის თარიღისა და პირობების, აგრეთვე გადამცემი პირის მითითებით;

ბ) ლობისტის მიერ დავალების შესასრულებლად გაწეული ხარჯების შესახებ, მათი გაწევის მიზნის, თარიღისა და პირობების მითითებით.

2. ანგარიშს უნდა დაერთოს იმ დოკუმენტების ოფიციალური ასლები, რომლებიც ადასტურებს ანგარიშში მითითებულ მონაცემებს.

3. ანგარიშში შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე პერიოდის მონაცემები.

4. ანგარიში წარედგინება იმ თანამდებობის პირს (ორგანოს), რომელმაც მოახდინა პირის ლობისტად რეგისტრაცია, და ინახება, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აპარატში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, ბოლო ანგარიშის წარდგენის დღიდან 2 წლის განმავლობაში.

5. ანგარიშის წარდგენის დღედ ითვლება, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აპარატში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მისი ჩაბარების დღე.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1253  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1966 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 14. ლობისტური საქმიანობის საჯაროობა

ლობისტური საქმიანობა საჯაროა. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს გაეცნოს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოში ლობისტის მიერ წარდგენილ საბუთებს და ანგარიშებს, გადაიღოს მათი ასლები.

    მუხლი 15. ლობისტური საქმიანობის ორგანიზება

ლობისტი უფლებამოსილია განახორციელოს ლობისტური საქმიანობა როგორც დამოუკიდებლად, ისე კანონით დადგენილი წესით შექმნილი ლობისტთა სხვადასხვა გაერთიანებების მეშვეობით.

 

თავი IV. დასკვნითი დებულება

    მუხლი 16. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 30 სექტემბერი.

№1591IIs