„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7019-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240090.05.001.020014
7019-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
010240090.05.001.020014
„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 1998 წელი, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წარმომადგენლობითი ორგანო − საქართველოს პარლამენტი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო;

გ) აღმასრულებელი ორგანო − საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება ამ წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირის ლობისტად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობება ლობისტს და წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ლობისტის მიერ ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას.“.

3. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დავალებით გათვალისწინებულ ნორმატიულ აქტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიულ აქტებზე) ან ნორმატიული აქტის პროექტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტებზე) წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.“;

ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ლობისტური საქმიანობის განხორციელების პროცესში სამართალდარღვევის ჩადენა იმ წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს წევრის/მოხელის ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელის მიმართ, რომელშიც პირი ახორციელებს ლობისტურ საქმიანობას, აგრეთვე ამ ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირს ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობა ჩამოერთმევა იმ თანამდებობის პირის (ორგანოს) გადაწყვეტილებით, რომელმაც მოახდინა მისი ლობისტად რეგისტრაცია. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის ჩამორთმევის შესახებ ეცნობება წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელს და პირს, რომელსაც იგი ჩამოერთვა.“.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლობისტს უფლება აქვს შევიდეს და გადაადგილდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში, ამ ორგანოს საჯარო მოსამსახურეთათვის დაწესებული რეჟიმის (სპეციალურის გარდა) ფარგლებში.“.

5. მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ლობისტს უფლება აქვს დაესწროს აღმასრულებელ ორგანოში ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან მის სტრუქტურებში (სტრუქტურულ ქვედანაყოფებში) დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის ღია განხილვას, რომლის ჩატარების დროს და ადგილს შესაბამისი ორგანოს ან სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელი აცნობებს ლობისტს განხილვამდე არაუგვიანეს 2 დღით ადრე, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე. აღმასრულებელ ორგანოში ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის ღია განხილვის დროს ლობისტს ამ ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელის ნებართვით შეიძლება მიენიჭოს რეგლამენტირებული სიტყვის უფლება.

7. ლობისტს უფლება აქვს, შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოს, აღმასრულებელ ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილობით წარუდგინოს თავისი შენიშვნები და მოსაზრებები დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის თაობაზე. ისინი უნდა დაერთოს ნორმატიული აქტის პროექტს.“.

6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. ინფორმაციის მიღების უფლება

ლობისტს უფლება აქვს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში გაეცნოს შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოში, აღმასრულებელ ორგანოში ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტთან დაკავშირებით არსებულ ოფიციალურ მასალებს, აგრეთვე, დადგენილი წესით, გადაიღოს მათი ასლები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

7. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ლობისტური საქმიანობის საჯაროობა

ლობისტური საქმიანობა საჯაროა. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს, გაეცნოს წარმომადგენლობით ორგანოში, აღმასრულებელ ორგანოში ან საქართველოს პრეზიდენტთან ლობისტის მიერ წარდგენილ საბუთებსა და ანგარიშებს, გადაიღოს მათი ასლები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N7019-რს