საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 529
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 22/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
529
22/09/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1997
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/1997 - 07/05/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 529

1997 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს, სახელმწიფო ზედამხედველობას და, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, სახელმწიფო იძულებას და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

3. დეპარტამენტი ემყარება ერთმმართველობის პრინციპს.

4. დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო საწარმოებისა და სამეურნეო ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც ქმნიან დეპარტამენტის ერთიან სისტემას.

5. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი.

6. დეპარტამენტს უფლება აქვს ფლობდეს და სარგებლობდეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საგზაო დარგის სახელმწიფო ქონებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. დეპარტამენტს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებას თავის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებები და მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის შენახვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

9. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

10. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, გაგარინის ქ. 29 ა.

II. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი ამოცანები

11. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:

ა) საგზაო დარგში ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის შემუშავება და გატარება, სახელმწიფო საკუთრების საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების ქსელის მართვა, მისი სრულყოფა და განვითარება ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეკოლოგიური და ეროვნულ-პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე;

ბ) დარგის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და რეალიზაცია;

გ) ავტოსატრანსპორტო კომუნიკაციებით ეროვნული მეურნეობისა და მოსახლეობის უზრუნველყოფა;

დ) დარგის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება;

ე) დარგის საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის პროექტების მომზადება, დარგის ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ნორმატივებისა და სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;

ვ) ქვეყნის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების პერსპექტიული მიმართულებების შემუშავება და მათი რეალიზაციის ზედამხედველობა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

ზ) დარგის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა; ამ სფეროში საკოორდინაციო მეთოდოლოგიური ფუნქციების შესრულება; უცხოური ინვესტიციებისა და კრედიტების მოსაზიდად დასაბუთებული წინადადებებისა და ღონისძიებების მომზადება და რეალიზაცია;

თ) საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების ანალიზი და მასზე დაყრდნობით დარგის სტრუქტურის სრულყოფა; დარგის შემდგომი ეკონომიკური რეფორმის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და განხორციელება; მისი ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი კანონპროექტებისა და ნორმატიული აქტების მომზადება;

ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო საგზაო და სხვა ორგანიზაციებში წარმომადგენლობა;

კ) საქართველოს მეზობელ და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ლ) დარგის სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება, პროგრესული ტექნოლოგიების, კონსტრუქციების და სამუშაოთა წარმოების მეთოდების ძიება, შერჩევა და დანერგვა;

მ) მაკოორდინირებელი როლის განხორციელება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისა და მშენებლობის საკითხებში; მათი განვითარების მიმართულებებისა და ტექნიკური პოლიტიკის განსაზღვრა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თანაბარზომიერი განვითარების უზრუნველსაყოფად;

ნ) საჯარო ხელისუფლების სამხარეო და რაიონულ ორგანოთა სტრუქტურებში შემავალი დეპარტამენტის პროფილის სამსახურების საქმიანობის მეთოდური და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;

ო) დეპარტამენტის ერთიან სისტემაში კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

პ) დარგის განვითარების საპრეზიდენტო პროგრამის რეალიზაცია.

III. დეპარტამენტის ფუნქციები

12. დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) დარგის საქმიანობის ანალიზი და მისი განვითარების ტექნიკური პოლიტიკის მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზირება;

ბ) დარგის განვითარების გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამებისა და მათ საფუძველზე ყოველწლიური პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასკვნებისა და შენიშვნების მომზადება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტებთან დაკავშირებით;

დ) არსებული კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში საგზაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციების ლიცენზირების პირობების ერთიანი სისტემების შემუშავება და განხორციელება;

ე) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დარგობრივი ექსპერტიზა დადგენილი ლიმიტების ფარგლებში, საავტომობილო გზებზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;

ვ) დარგში რესტრუქტურიზაციისა და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის პერიოდული ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მასში შესაბამისი კორექტივების შეტანა დადგენილი წესით;

ზ) საავტომობილო გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებების, საგზაო ფონდის და სხვა სახსრების მიზნობრივად ხარჯვის კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის სამუშაოთა ერთიანი დამკვეთის ფუნქციის შესრულება, საგზაო სამუშაოების საკონკურსო საწყისებზე შესრულების პრაქტიკის ფართოდ დანერგვა;

ი) დარგობრივი საინფორმაციო ბანკის, საინფორმაციო სისტემების შექმნა და განვითარება;

კ) დეპარტამენტის საკადრო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ლ) სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების უზრუნველყოფა დადგენილი წესით;

მ) დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო საწარმოებისა და სამეურნეო ორგანიზაციების უზრუნველყოფა საფინანსო-საკრედიტო, სამართლებრივი, ორგანიზაციული და სხვა მომსახურებით, მათი ინტერესების დაცვა;

ნ) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება და კოორდინაცია ავტოსატრანსპორტო კომუნიკაციების ნაწილში, მუშაობა სატრანსპორტო დერეფნის გავლით საერთაშორისო ტვირთზიდვებით დაინტერესებულ ქვეყნებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან კრედიტებისა და ინვესტიციების მოსაზიდად;

ო) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, მათი სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაცია საავტომობილო გზებზე; ექსტრემალურ პირობებში საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

პ) თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად;

ჟ) საავტომობილო გზების დარგის სამობილიზაციო ღონისძიებების გეგმის შემუშავება;

რ) დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო საწარმოებისა და სამეურნეო ორგანიზაციების სახელმწიფო ქონების, აგრეთვე მასზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში დარგის პრივატიზებული საწარმოების სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ქონების ნაწილის მართვა დადგენილი წესით;

ს) დარგში შემავალი დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელ მუშაკთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე მუშა-მოსამსახურეთა კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;

ტ) დარგის მუშა-მოსამსახურეთა შრომისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შემუშავება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა;

უ) საავტომობილო გზების შესახებ კანონის შესაბამისად საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიმდებარე ზოლში (გზის ღერძიდან 100 მეტრის მანძილზე ორივე მხარეს) ინფრასტრუქტურის განვითარების რეგულირება და სხვადასხვა ობიექტების მშენებლობისა და განვითარების სათანადო ნებართვების გაცემა დადგენილი წესით.

IV. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანი

13. დეპარტამენტს უფლება აქვს:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის, კანონპროექტების, ინდიკატური გეგმების და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტების შემუშავებასა და განხილვაში;

ბ) დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებიდან;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებანი დეპარტამენტის სახელმწიფო საწარმოებისა და სახელმწიფო ქონების მიმართ, რომელთა მართვა დელეგირებული აქვს დეპარტამენტს;

დ) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად განახორციელოს დარგის საწარმოთა და ორგანიზაციათა, აგრეთვე ცალკეული ობიექტების განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზების ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნას ახალი საწარმოები, დადგენილი წესით მოახდინოს სახაზინო საწარმოთა რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დარგის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოსცეს ბრძანებები, დაამტკიცოს ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები და სხვა აქტები, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისათვის, აგრეთვე საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, აგრეთვე ფიზიკური პირებისათვის;

ვ) საჭიროების შემთხვევაში გააფორმოს ხელშეკრულებები იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან და განახორციელოს მათი მომსახურების ანაზღაურება დადგენილი წესით;

ზ) მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები კონსულტაციისათვის ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი წესით მათი მომსახურების ანაზღაურებით;

თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადოს შრომითი ხელშეკრულებები (კონტრაქტები) სამუშაოზე დაქირავების წესით მიღებულ მოქალაქეებთან და განახორციელოს მათი შრომის ანაზღაურება;

ი) მიავლინოს სპეციალისტები საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობის მისაღებად დარგის ინტერესების გათვალისწინებით;

კ) დარგის ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციისათვის წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს დასაბუთებული წინადადებები საბიუჯეტო ასიგნებათა დამატებით გამოყოფის შესახებ;

ლ) არსებული კანონმდებლობის დაცვით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, დააწესოს გზების ცალკეული მონაკვეთებით საგებლობის საფასური;

მ) არსებული კანონმდებლობის დაცვით დაამყაროს ურთიერთობები სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადოს მათთან ხელშეკრულებები;

ნ) დასვას საკითხი ლიცენზიის გაუქმების თაობაზე იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც ლიცენზიით აქვთ საგზაო სამუშაოების წარმოების უფლება და ლიცენზიის მიღებისას არ მიუღიათ დეპარტამენტის თანხმობა;

ო) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად (კარი XV, თავი 47) შექმნას დეპარტამენტის მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების ფონდი და დაადგინოს ამ ფონდის განაწილებისა და გამოყენების წესი;

პ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

14. დეპარტამენტი ვალდებულია:

ა) დადგენილი წესით მოახსენოს საქართველოს პრეზიდენტს დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისა და უფლებამოსილებათა რეალიზაციის შესახებ;

ბ) მჭიდროდ ითანამშრომლოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და რაიონულ (საქალაქო) ორგანოებთან;

გ) დადგენილ ვადაში და სათანადო ფორმით უზრუნველყოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებში საანგარიშგებო, საპროგნოზო და სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა;

დ) უზრუნველყოს ფართო საზოგადოებრიობის სისტემატური ინფორმირება დარგში მიმდინარე საქმიანობის შესახებ;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობა;

ვ) უზრუნველყოს დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო საწარმოებისა და სამეურნეო ორგანიზაციების და დარგში დასაქმებულ მუშაკთა ინტერესების დაცვა;

ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხი აგოს თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

V. დეპარტამენტის მართვა

15. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

16. თავმჯდომარე:

ა) მეთაურობს დეპარტამენტს და აწესრიგებს დეპარტამენტის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის დეპარტამენტის მმართველობას მიკუთვნებულ სფეროში;

დ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების და დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო საწარმოებისა და სამეურნეო ორგანიზაციების მიერ მოვალეობათა შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის სახელმწიფო მოსამსახურეთა საქმიანობისადმი დადგენილი წესით;

ე) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარის მოადგილეებს და დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეებს, დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო საწარმოებისა და სამეურნეო ორგანიზაციების უფროსებს;

ვ) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შემოსავლებისა და გასავლების საკითხებისა და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ბიუჯეტის პროექტის შესახებ, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო და საგზაო ფონდის, აგრეთვე მოზიდული სახსრების გამოყენების თაობაზე დამტკიცებული გეგმის ფარგლებში და პასუხს აგებს მათი მიზნობრივი ხარჯვისათვის;

ზ) ამტკიცებს დეპარტამენტის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს;

თ) დადგენილი წესით მთავრობის სხდომის განსახილველად შეაქვს წინადადებები დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;

ი) ანგარიშს აბარებს საქართველოს პრეზიდენტს დეპარტამენტის საქმიანობის საკითხების შესახებ;

კ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო საწარმოებისა და სამეურნეო ორგანიზაციების საქმიანობას, ამტკიცებს მათ დებულებებს, წესდებებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო საწარმოებისა და სამეურნეო ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, აკონტროლებს მათ საქმიანობას;

ლ) განკარგავს დეპარტამენტის ცენტრალიზებულ ფონდებსა და სპეცსახსრებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;

მ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ნ) დადგენილი წესით წარადგენს დარგის მუშაკებს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად;

ო) უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირად მიღებას;

16. თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე.

17. თავმჯდომარე ანაწილებს ფუნქციებს მოადგილეებს შორის. ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

18. თავმჯდომარის სათათბირო ორგანოა დეპარტამენტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან თავმჯდომარის მოადგილეები და თავმჯდომარის მიერ დანიშნული თანამდებობის პირები და სპეციალისტები. მის პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს თავმჯდომარე.

VI. დეპარტამენტის ქონება

19. დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, სხვა აქტივები, რომლებიც აისახება დეპარტამენტის დამოუკიდებელ ბალანსში.

VII. დასკვნითი დებულებები

20. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებანი და დამატებანი შეიტანება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

21. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

VIII. დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურა

– ხელმძღვანელობა

– საქმეთა მმართველობა

– კადრების, იურიდიული და სოციალურ საკითხთა განყოფილება

– ტექნიკური სამმართველო

– უცხო ქვეყნებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება

– საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ექსპლუატაციის სამმართველო

– შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ექსპლუატაციის სამმართველო

– ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველო

– საკონკურსო სამმართველო

– საბუღალტრო აღრიცხვისა და სარევიზიო სამმართველო

– მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების განყოფილება

– სპეცგანყოფილება

– პრესცენტრი

IX. დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებები

– საგზაო ფონდის სამმართველო

– საგზაო-საგადასახადო სამმართველო.