საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ

  • Word
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 255
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
255
20/04/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1998
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/04/1998 - 27/01/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება  №255

1998 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის №44 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დებულება.

ე. შევარდნაძე

 

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ერთიან სახელმწიფოებრივ პოლიტიკას საქართველოს ბავშვთა, ახალგაზრდობისა და ახალგაზრდა ოჯახების სოციალური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით, ბავშვებისა და ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნების გათვალისწინებით.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით.

3. დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, მრგვალი ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და დეპარტამენტის სახელწოდების აღნიშვნით.

4. დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში იქმნება მისდამი დაქვემდებარებული ტერიტორიული ორგანოები: აფხაზეთსა და აჭარაში – დეპარტამენტები; ქ.თბილისში – სამმართველო; საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში (მათ შორის თბილისის რაიონებში) – განყოფილებები; ქალაქებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და რაინებში დაბის, სოფლისა და თემის საკრებულოებში ინიშნებიან ახალგაზრდობის საქმეთა ორგანიზატორები.

5. დეპარტამენტის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

6. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

7. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ანაგის ქ. №20.

 

II. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

 8. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობანია:

ა) ბავშვთა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განხორციელება;

ბ) ბავშვების, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების უფლებათა დაცვა, კონსულტაცია და დახმარება;

გ) ბავშვთა შრომით საქმიანობაზე კონტროლის დაწესება, ავადმყოფი და ინვალიდი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნა და დახმარება;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოებრივი საბავშვო და ახალგაზრდული პოლიტიკის შესაბამისად იმ საზოგადოებრივი (მათ შორის ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო) ორგანიზაციების, იურიდიული თუ კერძო პირების კონსულტაცია, რომელთა საქმიანობა ეხება ბავშვებს, ახალგაზრდებსა და ახალგაზრდა ოჯახებს;

ე) საქართველოს ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლა და სახელმწიფოებრივი ხელშეწყობა, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

ვ) საქართველოს ბავშვების და ახალგაზრდობის სოციალური და სხვა პრობლემების გადაწყვეტაში სხვა სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობის მიღება, მათი ინტერესების დაცვა;

ზ) ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ასევე ნარკომანიის, ლოთობის, პროსტიტუციისა და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შესაბამისი პროგრამისა და წინადადებების მომზადება;

თ) სპეციალისტების, მათ შორის, საზღვარგარეთელი ექსპერტების მოწვევა, ახალგაზრდების გაცვლა, სემინარების, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციების, სიმპოზიუმების, საქველმოქმედო აქციების მოწყობა; პარტნიორი ქვეყნების ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება;

ი) განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა;

კ) სახელმწიფოთა შორის შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ახალგაზრდობის კონტაქტების განმტკიცებაში ხელის შეწყობა;

მ) ომის ახალგაზრდა ვეტერანთა პრობლემებთან დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამების მომზადება;

ნ) ახალგაზრდა პერსპექტიულ მეცნიერებთან, სამეცნიერო კოლექტივებთან ურთიერთობა, მათი საქმიანობისა და პრობლემების შესწავლა როგორც პროფესიული, ისე სოციალური თვალსაზრისით და დახმარება;

ო) თავისი  კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში და მათი წარდგენა შესაბამის სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში;

პ) საზღვარგარეთის საგანმანათლებლო ცენტრებში საქართველოს ახალგაზრდების განათლების მისაღებად წარგზავნის პროგრამების შემუშავება განათლების სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად და მათი განხორციელება;

ჟ) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაში ხელშეწყობა;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კულტურის დარგის ახალგაზრდა მოღვაწეებთან, ნიჭიერ შემოქმედებთან, შემოქმედებით ჯგუფებთან ურთიერთობა, მათი საქმიანობისა და პრობლემების შესწავლა და სახელმწიფოებრივი ხელშეწყობა;

ს) საინიციატივო ჯგუფებისათვის მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების,ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენა;

ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახალგაზრდა სპორტსმენებთან, სპორტულ კოლექტივებთან ურთიერთობა, მათი პრობლემების შესწავლა და პროფესიული თუ სოციალური ინტერესების დაცვა სახელმწიფოებრივ დონეზე;

უ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება;

ფ) ბავშვებისა და ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრისათვის გამიზნული სახელმწიფო, სახელმწიფოთაშორისი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციაში მონაწილეობის მიღება;

ქ) მეთოდური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადება და ამ მასალებით თავისი ტერიტორიული ორგანოების უზრუნველყოფა;

ღ) ახალგაზრდობის პრობლემათა მეცნიერული კვლევისათვის ხელის შეწყობა; ყ) სამხედრო-პატრიოტულ აღმზრდელობით ღონისძიებებსა და წვევამდელთა გამწვევი კომისიების მუშაობაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობის მიღება;

შ) ახალგაზრდობაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ანალიზი; ჩ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა, აგრეთვე არასრულწლოვანთა კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღება;

ც) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა ხელისუფლების ორგანოებისაგან, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმების მიუხედავად;

ძ) სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში საქართველოს ბავშვთა, ახალგაზრდული და საზოგადოებრივი გაერთიანებების პროგრამების ორგანიზაციული, ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა;

წ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი პროგრამებისათვის გამოყოფილი სახსრების განკარგვა;

ჭ) დადგენილი წესით, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზაციისათვის;

ხ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული კონფერენციების, თათბირების და სემინარების მოწვევა.

 

III. დეპარტამენტის მართვა

 9. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

10. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) პასუხს აგებს დეპარტამენტის საქმიანობისათვის;

ბ) ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს, სამმართველოთა და განყოფილებათა ხელმძღვანელებსა და პასუხისმგებელ პირებს, ანაწილებს მათ შორის ფუნქციებსა და საქმიანობის სფეროებს;

გ) წყვეტს შტატგარეშე ექსპერტების დროებით მოწვევის საკითხებს;

დ) წარმოადგენს დეპარტამენტს როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივ და არასახელმწიფოებრივ სტრუქტურებში, ისე ქვეყნის გარეთ;

ე) შეიმუშავებს დეპარტამენტის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს;

ვ) ამტკიცებს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხას, საჭიროების შემთხვევაში შეაქვს მასში ცვლილებანი და დამატებანი საერთო ლიმიტის ფარგლებში; მუშაკთა შრომის ანაზღაურება წარმოებს მოქმედი კანონმდებლობით და სხვა შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;

თ) წელიწადში ერთხელ წარსდგება პრეზიდენტის წინაშე ანგარიშით ქვეყანაში ბავშვთა და ახალგაზრდობის მდგომარეობის შესახებ;

ი) თავმჯდომარეს უფლება აქვს პენიტენციალურ დაწესებულებებსა და შეიარაღებულ ძალებში არასრულწლოვანთა და ახალგაზრდათა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დააყენოს საკითხი შესაბამისი ორგანოების წინაშე.

10. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე (მათ შორის ერთი პირველი), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

11. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

12. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის საქმიანობას წარმართავს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

13. დეპარტამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოა დეპარტამენტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან თავმჯდომარის მოადგილეები, აგრეთვე თავმჯდომარის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები. დეპარტამენტის საბჭოს წევრთა რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

14. დეპარტამენტის საბჭო, რომლის თავმჯდომარეა დეპარტამენტის თავმჯდომარე, განიხილავს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს, ქვეყანაში სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს. საბჭოს გადაწყვეტილებანი ფორმდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

15. საქართველოს ახალგაზრდული მოძრაობის სხვადასხვა მიმართულებათა სახელმწიფოებრივი კოორდინაციის, ახალგაზრდობის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების საჭირბოროტო პრობლემათა შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სათანადო ღონისძიებათა შესამუშავებლად დეპარტამენტში შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურების, ეკონომიკის, ბიზნესის, განათლების, კულტურის, მეცნიერების, სპორტის, მასობრივი ინფორმაციების საშუალებების და სხვა სფეროების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

16. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობასა და მუშაობის რეგლამენტს განსაზღვრავს და ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა წარიმართება საზოგადოებრივ საწყისებზე.

 

IV. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები და დეპარტამენტები ავტონომიურ რესპუბლიკებში

 

17. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტები არიან ამ რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებები და ამავე დროს ექვემდებარებიან საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტს ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მათი შენახვა ხორციელდება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯზე.

18. დეპარტამენტის საქმიანობის გაშლისა და სახელმწიფო მასშტაბით ფუნქციონირების მიზნით დეპარტამენტის თავმჯდომარე ქალაქ თბილისში ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს უფროს, საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში (მათ შორის ქ.თბილისში) – ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების გამგეებს, რომლებიც იმყოფებიან ორმაგ დაქვემდებარებაში, ნიშნავს და ათავისუფლებს შესაბამისი ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით.

19. ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო, რაიონული განყოფილების გამგის მოადგილეებსა და განყოფილების თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე საქალაქო, რაიონული განყოფილების გამგეების წარდგინებით.

20. დეპარტამენტის საქალაქო და რაიონული განყოფილების გამგეები ვალდებულნი არიან შეასრულონ დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და მისი თავმჯდომარის მითითებები და დავალებები, დროულად აცნობონ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ქალაქსა და რაიონში მიმდინარე პროცესები, რომლებიც დეპარტამენტის საქმიანობასა და კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება.

21. ქალაქებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, და რაიონებში, დაბის, თემის, სოფლის ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო და რაიონული განყოფილების გამგეებთან შეთანხმებით ნიშნავენ ახალგაზრდობის საქმეთა ორგანიზატორს. ახალგაზრდობის საქმეთა ორგანიზატორების შენახვა ხორციელდება შესაბამისი ქალაქის (ქალაქში შემავალი რაიონის), დაბის, თემის, სოფლის ბიუჯეტის ხარჯზე.

 

V. ურთიერთობები სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან

 22. დეპარტამენტი თავისი საქმიანობის სწორი ორგანიზაციის მიზნით მუდმივად თანამშრომლობს ყველა სახელმწიფო ორგანოსთან.

23. დეპარტამენტის სამმართველოები და განყოფილებები თანამშრომლობენ შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების სათანადო სამსახურებთან, მათთან ერთად განიხილავენ და ამუშავებენ პროგრამებს, რომლებიც ეხება ახალგაზრდობის პრობლემებს.

24. დეპარტამენტი, როგორც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, პასუხისმგებელია პრეზიდენტის წინაშე დაკისრებული საქმიანობისათვის.

 

VI. დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურა

 25. დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საორგანიზაციო სამმართველო;

ბ) საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამმართველო;

გ) სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების სამმართველო;

დ) საგარეო და ეროვნებათა შორის ურთიერთობათა სამმართველო;

ე) საერთო განყოფილება;

ვ) ბუღალტერია.

26. საორგანიზაციო სამმართველო უზრუნველყოფს დეპარტამენტის ორგანიზაციულ-სამართლებრივ საქმიანობას.

27. საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამმართველო:

ა) აყალიბებს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის პროცესებზე დაყრდნობით ბავშვთა და ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის სისტემას;

ბ) ხელს უწყობს საქართველოს ახალგაზრდობაში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას, ახალგაზრდა შემოქმედთა და მეცნიერთა საქმიანობას.

29. სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების სამმართველო:

ა) განსაზღვრავს ახალგაზრდობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებს;

ბ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე შეიმუშავებს და განახორციელებს ახალგაზრდების, ბავშვთა, დედათა, ახალგაზრდა ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამებს.

30. საგარეო და ეროვნებათა შორის ურთიერთობათა სამმართველო:

ა) განსაზღვრავს საზღვარგარეთის ქვეყნებთან ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;

ბ) უზრუნველყოფს სამთავრობო და უწყებათაშორისი შეთანხმებების მომზადებასა და განხორციელებას;

გ) შეიმუშავებს და განახორციელებს საქართველოში ახალგაზრდებს შორის ეროვნებათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებისა და განმტკიცებისაკენ მიმართულ პროგრამებს.

31. საერთო განყოფილება აწარმოებს შემოსული და გასული დოკუმენტაციის აღრიცხვიანობას, თვალყურს ადევნებს სამმართველოთა დავალებების შესრულებას.

32. ბუღალტერია.

 

VII. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

33.დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.