დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 49 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/01/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 070211, 07/02/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016221 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (07/02/2011 - 22/02/2011)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №49
2011 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1. „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-7 მუხლის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს თანდართული ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები.
2. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელ პირად განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 თებერვლიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები განსაზღვრავს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის კანდიდატისათვის სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დადგენილების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ვირტუალური ზონის პირი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიები – კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების, კერძოდ, პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტებისა და კომპიუტერული მოწყობილობების შესწავლა, პროექტირება, შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და მენეჯმენტი;
გ) ვირტუალური ზონის პირის სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) – ვირტუალური ზონის პირის სტატუსის დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი;
დ) ვირტუალური ზონის პირის სტატუსის კანდიდატი (შემდგომში – კანდიდატი) – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს (შემდგომში – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური).
მუხლი 3. სტატუსის მინიჭების წესი და პირობები
1. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის კანდიდატმა სტატუსის მისაღებად ელექტრონული ფორმით განცხადებით უნდა მიმართოს საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე: www.mof.ge.
2. განცხადებას უნდა დაერთოს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროექტების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. საფინანსო-ანალიტიკური სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს ინფორმაცია კანდიდატის მიერ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით.
4. საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
მუხლი 4. სტატუსის მინიჭების ვადები
1. კანდიდატს სტატუსი ენიჭება განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღეში.
2. სტატუსის მინიჭების შემდეგ 2 სამუშაო დღის განმავლობაში საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ კანდიდატს გადაეცემა სერტიფიკატი.
დოკუმენტის კომენტარები