იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ

იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 070010110.22.027.016092
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21
31/01/2011
ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
070010110.22.027.016092
იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (31/01/2011 - 25/03/2011)

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №21

2011 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი (დანართი №1);

ბ) იძულებითი აუქციონის ჩატარების პროცედურები (დანართი №2).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №141 ბრძანება.

3. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე გამოცხადებული აუქციონები დასრულდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

დანართი №1

იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი

    მუხლი 1

1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის)  გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად.  ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.

2.  აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო  აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 15 დღეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით , შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით;

ბ) ქონების  საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონების შეფასების აქტში  მითითებული საბაზრო ღირებულების  50%;

გ) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) საგარანტიო თანხის ოდენობას (რომელიც არის ქონების საწყისი ფასის ერთი მეათედი);

ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობას;

ვ) აუქციონის ჩატარების  პროცედურებს.

3. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის  შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge .

4. აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. 

 5. აუქციონის შესახებ ეცნობება გარდამავალი უფლებებისა და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოთხოვნების მფლობელ პირებს, ხოლო განმეორებითი აუქციონის შესახებ ამ პირთა ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.

    მუხლი 2

1. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

ა) შესაბამის ვებგვერდზე რეგისტრაცია;

ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე  თანხმობის გაცხადება.

2. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 5 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს საგარანტიო თანხა. საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით. საგარანტიო თანხის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საბანკო გარანტია (მათ შორის, ელექტრონული ფორმით).

3. ინტერნეტაუქციონის დროს ფასის მატება ხდება ვაჭრობის ბიჯით, რაც  ჩანს ‘’ონლაინ’’ რეჟიმში, ფასის მატების ბიჯი შეადგენს ქონების საწყისი ფასის 1%-ს.

4. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერ  აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

5. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე და მობილური ტელეფონის ნომერზე  აუქციონის შედეგების შესახებ.

6. აუქციონში გამარჯვებულმა (ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს აღსრულების ეროვნული  ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, აუქციონის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში.

7. თუ აუქციონზე რეალიზებული ქონებიდან მიღებული თანხა კრედიტორების მოთხოვნებზე ნაკლებია, ამონაგები თანხა კრედიტორებს შორის განაწილდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის XIV1 თავით დადგენილი წესით.

    მუხლი 3

1. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებიდან  7 დღის ვადაში აცხადებს განმეორებით აუქციონს. განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი.   განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს პირველ აუქციონზე გამოცხადებული საწყისი ფასის ნახევარს.

2. განმეორებითი აუქციონის დაწყებამდე პირს შეუძლია შეიძინოს ქონება „ინტერნეტმაღაზიაში“ პირველ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად.

3. ქონების“ინტერნეტმაღაზიის“ საშუალებით რეალიზაციის თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აკეთებს ინტერნეტგანცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) ქონების  სარეალიზაციო  ფასს (რომელიც არის პირველი აუქციონისათვის დადგენილი საწყისი ფასი);

გ) ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის პირობებს.     

4. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით  ქონების შესაძენად სავალდებულოა:

ა) შესაბამის ვებგვერდზე რეგისტრაცია;

ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტმაღაზიით ვაჭრობის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას, ამასთან, ქონების შემძენი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს განცხადებით  ქონებაზე საკუთრების უფლების მიღების თაობაზე. განცხადებას თან უნდა ერთოდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. თუ ქონების რეალიზაცია განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, მაშინ აუქციონი აღარ გაიმართება. ამ შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების ნატურით გადაცემა განმეორებითი აუქციონის ჩატარებიდან 15 დღის ვადაში, რის თაობაზედაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.  კრედიტორის მიერ ამ ვადაში ქონების ნატურით მიღების თაობაზე განცხადების წარდგენამდე ქონების რეალიზაცია შეიძლება მოხდეს განმეორებითი აუქციონისათვის დადგენილ საწყის ფასად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 76 1 მუხლითა და ამ მუხლით დადგენილი წესით.

დანართი №2

იძულებითი აუქციონის ჩატარების პროცედურები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. რეგისტრაციის  ღილაკზე ხელის დაჭერით დასტურდება, რომ მომხმარებელი გაეცნო და დაეთანხმა აუქციონის ჩატარების ფორმებს, წესს, პროცედურებს და პირობებს და წარმოეშვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ ბრძანებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები.

2. მომხმარებელი მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებას იძენს www.nbe.gov.ge ან/და  www.eauction.ge ვებგვერდების მეშვეობით.

    მუხლი 2. რეგისტრაციის პირობები

1. ვებგვერდზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

2. რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე სისტემა აგზავნის აქტივაციის კოდს, ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართზე ვებგვერდის ბმულს. აღნიშნული ბმულის მომხმარებლის მიერ ბროუზერში გახსნის და აქტივაციის კოდის შეყვანით სრულდება რეგისტრაციის პროცესი.

3. ვებგვერდზე რეგისტრაცია მომხმარებლისთვის უფასოა.

    მუხლი 3. ავტორიზაცია

ვებგვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში „მომხმარებლის სახელის“ („დასახელების”) და „პაროლის“ შეყვანის გზით.

    მუხლი 4. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ავტორიზაციის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ინტერნეტაუქციონის გზით შეიძინოს ვებგვერდზე განთავსებული მისთვის საინტერესო ქონება, ლოტის შესაბამისად.

2. საგარანტიო თანხის გადახდა სავალდებულოა.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ავტორიზებული მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ ლოტს და გადააქვს „კალათაში“, საიდანაც შესაძლებლობა აქვს გახსნას აღნიშნულ ლოტზე აუქციონის გვერდი და მიიღოს ინტერნეტაუქციონში მონაწილეობა. ინტერნეტაუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ინტერნეტაუქციონის მიმდინარეობის შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ინტერნეტ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას“.

8. ინტერნეტ აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით.

9. ინტერნეტ აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას.

    მუხლი 5. ინტერნეტმაღაზია

1. ინტერნეტმაღაზიის მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა საჭიროა გაიაროს ავტორიზაცია.

2. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო eshop simbolo.jpg.

3. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

    მუხლი 6. მხარეთა უფლებამოსილება

1. აღსრულების ეროვნული ბიურო  უფლებამოსილია:

ა) ვებგვერდზე განათავსოს ნებისმიერი ცვლილება აუქციონის ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით;

ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო ქმედების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს;

გ)  შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით;

დ) გააკონტროლოს ყველა ქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

2. აღსრულების ეროვნული ბიურო ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულსა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შემძენს, შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ, გადასცემს შესაბამის განკარგულებას.

3. მომხმარებელი უფლებამოსილია:

ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება;

ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

4. მომხმარებელი ვალდებულია:

ა) დაიცვას აუქციონის ჩატარების პროცედურები;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს  მიერ დადგენილ დროში აანაზღაუროს ქონების ღირებულება და უზრუნველყოს  შეძენილი ქონების გატანა.

5 . მომხმარებელს არ აქვს უფლება ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ვაჭრობაში.

    მუხლი 7. ანგარიშსწორება

1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე საგარანტიო თანხის გადახდა, ასევე ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საკრედიტო ბარათის მეშვეობით.

2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე საგარანტიო თანხის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას.

3. საკრედიტო ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე საგარანტიო თანხის ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

4. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულება ინტერნეტაუქციონის დასრულებიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში.

5. ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება ხდება მხოლოდ თანხის სრულად გადახდის შემდეგ.

6. ინტერნეტ აუქციონში დამარცხებულს საგარანტიო თანხა დაუბრუნდება აუქციონის ჩატარების დღიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა საგარანტიო თანხის გადახდა.

7. ინტერნეტმაღაზის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში ანგარიშსწორება ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 8. შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება

1. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული ან ინტერნეტმაღაზის მეშვეობით ქონების შემძენი პირის მიერ თანხის სრულად  გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად გამოსცემს განკარგულებას შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. ამასთან ქონების შემძენის განცხადებისა და ქონების რეგისტრაციისთვის კანონმდებლობით დადგენილი საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვით უზრუნველყოფს ქონებაზე საკუთრების უფლების ქონების შემძენზე რეგისტრაციას.

2. თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარა უქციონის დასრულებიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას.

3. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული ან ინტერნეტმაღაზის მეშვეობით ქონების შემძენი   ვალდებულია განკარგულების მიღების შემდეგ და სათანადო შეტყობინების მიღების შემდეგ, არა უგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მოძრავი ქონების გატანა.

4. იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული ან ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შემძენი დადგენილ ვადაში არ გაიტანს ქონებას, მას დაეკისრება ქონების შენახვის ხარჯი.

5. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულისთვის ქონების გადაცემა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით.

6. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების გადაცემის ვალდებულება შესრულებულად ითვლება  ქონების ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულისათვის ან მყიდველისათვის შესაბამისი განკარგულების გადაცემისთანავე.

    მუხლი 9. კონფიდენციალობა

აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია არ გაამჟღავნოს მომხმარებლის რეგისტრაციის დროს მიღებული ინფორმაცია.

13. 16/06/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 556 - ვებგვერდი, 16/06/2020 12. 17/12/2019 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/6/1311 - ვებგვერდი, 20/12/2019 11. 30/08/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 441 - ვებგვერდი, 30/08/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 28/05/2019 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/2/867 - ვებგვერდი, 31/05/2019 9. 07/02/2019 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/1/1311 - ვებგვერდი, 13/02/2019 8. 28/01/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 7 - ვებგვერდი, 29/01/2014 7. 09/07/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 114 - ვებგვერდი, 10/07/2012 6. 19/06/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 104 - ვებგვერდი, 19/06/2012 5. 02/04/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 41 - ვებგვერდი, 02/04/2012 4. 17/01/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 12 - ვებგვერდი, 17/01/2012 3. 21/11/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 148 - ვებგვერდი, 111121011, 21/11/2011 2. 01/07/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 84 - ვებგვერდი, 110701024, 01/07/2011 1. 25/03/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 44 - ვებგვერდი, 110325015, 25/03/2011