დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციასა და მათთვის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების, უცხოელ მოქალაქეთა ბინადრობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასასვლელი პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 96 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 12/03/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12(19), 18/03/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.230.000.05.002.001. |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (18/03/1999 - 17/06/1999)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №96
1999 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციასა და მათთვის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების, უცხოელ მოქალაქეთა ბინადრობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასასვლელი პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციასა და მათთვის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების, უცხოელ მოქალაქეთა ბინადრობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასასვლელი პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით:
1. ქვეყნის შიგნით პირადობის დამადასტურებელი საბუთის ძალა ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიან პასპორტებს შეუნარჩუნდეს 2001 წლის 31 დეკემბრამდე და მათი ამოღება განხორცელდეს ეტაპობრივად აღნიშნულ ვადაში.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე), ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი), საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი), იუსტიციის სამინისტრომ (ლ. ჭანტურია) სხვა დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად „საქართველოში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა იდენტიფიცირებისა და პერსონიფიცირების ერთიანი საინფორმაციო კომპიუტერული სისტემის დანერგვის“ სამთავრობო კომისიის მონაწილეობით შეისწავლონ და განსაზღვრონ საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის ფირმა „ფრანსუა შარლ ობერტურ ფიუდისერს“ შორის გაფორმებული კონტრაქტის გაგრძელების მიზანშეწონილობა. ამასთანავე უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვის ხარჯზე უზრუნველყონ ერთიანი საინფორმაციო-საძიებო კომპიუტერული სისტემის დანერგვა და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო მონაცემთა ცენტრალიზებული ბანკის შექმნა.
ნება დაერთოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდერში გამარჯვებულ ფირმასთან გააფორმოს კონტრაქტი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების, უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასასვლელი პირადობის მოწმობების დასამზადებლად.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციის, მათთვის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემის აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო-საძიებო სისტემის დანერგვა დაქვემდებარებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესე-ბულებებში;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ მუშაკთა მონაწილეობით უზრუნველყოს მოკლევადიანი სწავლება-სემინარის გამართვა საზღვარგარეთ მოქმედ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა პასუხისმგებელი მუშაკებისათვის.
4. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (ს. ესაკია) ორგანიზაცია გაუწიოს შინაგან საქმეთა საქალაქო და რაიონული ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების აღჭურვას კავშირგაბმულობის სათანადო საშუალებებით, რისი დაფინანსებაც, შესაბამისად, უზრუნველყონ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა.
5. ქ. თბილისის მერიამ (ვ. ზოდელავა) წარმოადგინოს წინადადებები შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროსათვის 1991-92 წლების ცნობილი მოვლენების შედეგად განადგურებული შენობის სანაცვლოდ დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში შესაფერისი არასაცხოვრებელი კაპიტალური ნაგებობის გამოყოფის თაობაზე.
6. მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქების მერებმა, რაიონების გამგებლებმა ხელი შეუწყონ შინაგან საქმეთა ადგილობრივ ორგანოებს საპასპორტო რეფორმის მაღალორგანიზებულად წარმართვაში, რისთვისაც:
ა) უმოკლეს ვადაში განახორციელონ ქმედითი ღონისძიებები შინაგან საქმეთა ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების შესაფერის შენობებში განსათავსებლად და კავშირგაბმულობის საშუალებებით მათი აღჭურვის დასაფინანსებლად;
ბ) დაინტერესებული ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით მოსახლეობაში გასწიონ სათანადო ახსნა-განმარტებითი მუშაობა ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტების ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ ვადებში გამოცვლის უზრუნველსაყოფად;
გ) რაიონებისა და ქალაქების მოსახლეობის სოციალური პირობების, ტერიტორიული სირთულეებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, სოფლებში საკრებულოების, ხოლო ქალაქებში ქუჩების მიხედვით, შეიმუშაონ რეფორმის მიმდინარეობის სპეციალური გრაფიკები და დაუწესონ კონტროლი მის შესრულებას.
7. საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე) 1999 წლის 1 მაისიდან არ დაუშვას საქართველოს მოქალაქეთა დსთ-ის წევრ ქვეყნებში გასვლა სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტებით.
8. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) და რკინიგზის, საჰაერო, საავტომობილო, საზღვაო-სანაოსნო დეპარტამენტებმა უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებული და შესაბამისი კერძო სტრუქტურების ინფორმირება ბრძანებულების მე-7 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების აუცილებლობის თაობაზე.
9. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს მოსახლეობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობების, ბინადრობის მოწმობებისა და საზღვარგარეთ გასასვლელი ქართული პასპორტების გაცემის კამპანიის დაწყების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს №512 და „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და ქართული პასპორტების გაცემის შესახებ“ 1995 წლის 3 მაისის №240 დადგენილებები.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები