დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა ბარგისა და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 522 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 16/09/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 310.040.000.05.002.000. |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/1997 - 04/08/1999)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №522
1997 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში განლაგებულ სამსახურებს შორის ფუნქციათა და მოვალეობათა გამიჯვნის, მათი მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების, „ტრასეკას“ პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგის და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“.
2. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი), სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ. გულუა), საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი), ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე), ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ. ვაშაკიძე) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ.ჩხეიძე), საბაჟო დეპარტამენტმა (თ.აბულაძე), საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ბ. სარალიძე), სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ჯ. მანჯგალაძე) აღნიშნული დებულების საფუძველზე შეიმუშაონ და ერთ თვეში იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნისათვის წარუდგინონ ქვეკანონური ნორმატიული აქტების პროექტები „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის თანახმად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი), ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა) და ტრანსპორტის სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროსთან (თ. ნინიძე) ერთად დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით შეიმუშაონ და 10 ოქტომბრამდე წარუდგინონ პარლამენტს კანონპროექტი სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან განთავსებული სამსახურების (ჯანმრთელობის დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის, ტრანსპორტის სამინისტროები, საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი) ერთჯერადი მომსახურებისათვის დაწესებული გადასახადების შესახებ.
4. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარუდგინონ პარლამენტს კანონპროექტი „საზღვაო ნავსადგურების შესახებ“.
5. ამ ბრძანებულების მიღებასთან დაკავშირებით „საქართველოში საბაჟო საქმის გაუმჯობესების, საბაჟო სისტემის რეორგანიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებათა და საერთაშორისო ტვირთზიდვის სფეროში სახელმწიფოებრივი წესრიგის განმტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 24 ივნისის №409 ბრძანებულებიდან ამოღებულ იქნეს პუნქტი 11.1.
6. დებულება „საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგის და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ ამოქმედდეს 1997 წლის 10 ოქტომბრიდან.
ე. შევარდნაძე
დებულება
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ
1. ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესები მოქმედებს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მთელ ტერიტორიაზე და მათი შესრულება სავალდებულოა გემების ეკიპაჟებისა და მგზავრებისათვის, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებათა და ტვირთის მფლობელთათვის, აგრეთვე ნავსადგურის ადმინისტრაციის, ოპერატორი და სერვისული კომპანიების, ზედამხედველობისა და იმ სამსახურების მუშაკებისათვის, რომლებიც ახორციელებენ კონტროლსა და ფორმალობებს.
1.2. წესები ავსებს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის და მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის, სატრანსპორტო საშუალებათა და ტვირთის გადაადგილებისას ფორმალობათა და კონტროლის განხორციელების მარეგლამენტირებელი და მარეგულირებელი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.
1.3. საზღვაო ნავსადგურის ტერიტორია, რომელიც დაცვის ტექნიკური საშუალებებით გამიჯნულია სხვა გარეშე ობიექტებისა და ქალაქის განაშენიანების ზონისაგან, არის სარეჟიმო ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს საშვების სისტემა.
1.4. ნავსადგურის ტერიტორიაზე რეჟიმის განსაზღვრისა და მისი განხორციელების ორგანიზაციას უზრუნველყოფს ნავსადგურის ხელმძღვანელობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1.5. ექსპორტ-იმპორტისა და სატრანზიტო ტვირთების, ბარგისა და საფოსტო გზავნილების სახელმწიფო საზღვარზე გატარებისას საბაჟო კონტროლის ზონას წარმოადგენს ნავსადგურის ის ტერიტორია, სადაც ხორციელდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის, საგნებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და შენახვა.
1.6. ნავსადგურის სამგზავრო ტერმინალში საჭიროების შემთხვევაში ყალიბდება სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო რეჟიმი, სადაც ხდება მგზავრთა საპასპორტო, მიგრაციული და საბაჟო კონტროლი.
1.7. საბაჟო-საკონტროლო ზონაში საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად კომპეტენციის ფარგლებში თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო ორგანოების, სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის, ვეტერინარულ-საკარანტინო, ფიტო-საკარანტინო, ნავსადგურის კაპიტნისა და ნავსადგურის ადმინისტრაციის თანამშრომლები, აგრეთვე ოპერატორის პერსონალი, საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის სამსახური. აღნიშნული სამსახურები განთავსებულია ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიაზე.
საბაჟო-საკონტროლო ზონაში უცხო პირთა გადაადგილება დაიშვება მხოლოდ საბაჟო ორგანოს ნებართვით.
1.8. საკარანტინო სამსახურების მოთხოვნით საჭიროების შემთხვევაში დროებით გამოიყოფა ტერიტორია, სადაც ყალიბდება საკარანტინო სადგომი. საკარანტინო სადგომზე ტვირთის მოთავსებისა და შემდგომ ზონიდან გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საკარანტინო სამსახური. საკარანტინო სადგომზე გაჩერებული ტვირთი ექვემდებარება საბაჟო კონტროლს.
1.9. გემზე საკარანტინო და სხვა განსაკუთრებით საშიში ინფექციებით დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო პირის ან ტვირთის გამოვლინების შემთხვევაში (დაავადების სახეობის გათვალისწინებით – მგზავრებითა და ტვირთით ან მათ გარეშე) შესაბამისი საკარანტინო სამსახურის დასკვნით გემი დგება რეიდზე.
2. გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგის, ხელბარგისა და ტრანსპორტის რეგისტრაცია, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლი
2.1. გემის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას (რეიდზე ან ნავსადგურში) სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის განყოფილების (პუნქტის) ექიმი-ინსპექტორი მესაზღვრესთან ერთად ადის გემზე, სადაც გემის კაპიტანი წარუდგენს საერთაშორისო სანიტარიულ დეკლარაციას, მოწმობას დერატიზაციის გავლის ან მისგან გათავისუფლების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ გემი (პირადი შემადგენლობა, მგზავრები) კეთილსაიმედოა სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მას მიეცემა ნავსადგურთან თავისუფალი ურთიერთობის ნებართვა. გემის ეკიპაჟის, მათი ბარგისა და ხელბარგის, მგზავრთა და ტრანსპორტის რეგისტრაცია ხორციელდება სასაზღვრო და მიგრაციული კონტროლის გავლისა და შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე. გემის კაპიტანი სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ ვალდებულია წარუდგინოს საბაჟოს წარმომადგენელს: გენერალური დეკლარაცია; სატვირთო დეკლარაცია; ტვირთის მანიფესტი; ტვირთის კონოსამენტი; დეკლარაცია სახიფათო ტვირთის შესახებ; მგზავრთა სია; გემის ეკიპაჟის წევრების ინდივიდუალური საბაჟო დეკლარაცია; გემის სალაროში არსებული ვალუტის, იარაღისა და ნარკოტიკების შესახებ ცნობა.
აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს გემის კაპიტნის მიერ. სასაზღვრო ჯარებისა და საბაჟოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ შერჩევით დაათვალიერონ გემის სათავსები. საკარანტინო სამსახურები ნავსადგურის აკვატორიაში გემის ყოფნის პერიოდში დადგენილი საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ამოწმებენ გემის პირადი შემადგენლობისა და მგზავრთა საკვებად განკუთვნილი სურსათის მარაგს და აუცილებლობის შემთხვევაში ლუქავენ მათ შესანახ სათავსებს (მაცივარი, საკუჭნაო და ა.შ.), ხოლო ხმელეთზე შეძენილი სასურსათო მარაგის გემზე შეტანა დაიშვება საკარანტინო სამსახურების მიერ კონტროლისა და შესაბამისი საბუთების გაფორმებით. მთლიანი დათვალიერების გადაწყვეტილებას იღებენ ნავსადგურში წარმოდგენილი სასაზღვრო ჯარებისა და საბაჟოს ხელმძღვანელები.
მგზავრი და სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელი წარუდგენს სასაზღვრო და მიგრაციის კონტროლის სამსახურებს პასპორტს და მიგრანტის სერტიფიკატს. შემოწმების შემდეგ პასპორტში და სერტიფიკატში კეთდება სათანადო აღნიშვნა და მიიღება გადაწყვეტილება მგზავრის, სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში შესვლის შესახებ.
2.2. გემის ეკიპაჟი ან მგზავრი საბაჟო კონტროლის ზონაში შესვლისას მებაჟის მოთხოვნით წარადგენს ხელბარგს და ბარგს, გახსნის სატრანსპორტო საშუალების საბარგულს და სალონს დათვალიერებისათვის.
გემის ეკიპაჟის, მგზავრის პირად შემოწმებას, მისი ბარგისა და ხელბარგის გახსნა-დათვალიერების აუცილებლობას განსაზღვრავს საბაჟოს პასუხისმგებელი მუშაკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო კარანტინკონტროლქვემდებარე ტვირთს შესამოწმებლად წარუდგენს შესაბამის საკარანტინო სამსახურებს. თუ საბაჟო კონტროლის განხორციელების შედეგად დადგინდა საბაჟო წესების ან სხვა სახის დარღვევები, მებაჟე ამას დაუყოვნებლივ აცნობებს სასაზღვრო-მიგრაციული კონტროლის სამსახურს და ორივე სამსახურის თანამდებობის პირნი იღებენ გადაწყვეტილებას მათი საზღვარზე გადაადგილების მიზანშეწონილობის შესახებ.
2.3. სასაზღვრო-მიგრაციული (შემოსვლისას) და საბაჟო-მიგრაციული (გასვლისას) კონტროლის ზონებში სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო სამსახური ახორციელებს ეკიპაჟის წევრთა და მგზავრთა პროფილაქტიკური აცრებისა და სავალდებულო გამოკვლევების (შიდსი) ჩატარების შემოწმებას, თუ ქვეყანა არასაიმედოა საკარანტინო ინფექციების მხრივ ან ასეთს ითხოვს.
2.4. ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის ნებართვის მისაღებად აუცილებელია სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის სამსახურის თანხმობა გემის სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. აღნიშნული სამსახური ამოწმებს გემის სანიტარიულ ჟურნალს და მასში შეაქვს შესაბამისი აღნიშვნა. გემის ეკიპაჟის, მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელთა რეგისტრაცია და ტვირთის შემოწმება ხორციელდება ჯერ საბაჟოს, ხოლო საქვეკარანტინო ობიექტების და ტვირთების არსებობისას – შესაბამისად ვეტერინარული, ფიტო-სანიტარიული და სანიტარიულ-საკარანტინო სამსახურების მიერ საბაჟო კონტროლის ზონაში, ამის შემდეგ კი სასაზღვრო-მიგრაციულ ზონაში მესაზღვრეთა მიერ. თუ საბაჟო, სასაზღვრო-მიგრაციული კონტროლის განხორციელების დროს დადგინდა დარღვევა, მაშინ ორივე სამსახურის თანამდებობის პირნი იღებენ გადაწყვეტილებას მგზავრის საზღვარზე გადაადგილების მიზანშეწონილობის შესახებ.
3. ბარგის, ხელბარგისა და ტვირთის საზღვარზე გატარება
3.1. ბარგის, ხელბარგისა და ტვირთის საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გატარება ხორციელდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად იმპორტის, ტრანზიტისა და ექსპორტის რეჟიმით.
3.2. ბარგის, ხელბარგისა და ტვირთის, მისი თანმხლები დოკუმენტების შემოწმება და კონტროლი არის საბაჟო სამსახურის პრეროგატივა. საბაჟო კონტროლის მიმდინარეობისას მორიგე მებაჟე წარმოდგენილ დოკუმენტებს ქვემდებარეობის მიხედვით გადასცემს მცენარეთა კარანტინის, ვეტერინარიის, სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის სამსახურებს, რის შემდეგ ისინი განახორციელებენ შემოწმებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. მათი დასტურის გარეშე კარანტინკონტროლქვემდებარე ბარგის, ხელბარგისა და ტვირთის საზღვარზე გადაადგილება არ შეიძლება.
3.3. ტვირთის თანმხლები დოკუმენტების შემოწმების შემდეგ:
ა) ნაყარი და თხევადი ტვირთის შემოსვლის ან გასვლის შემთხვევაში დამოუკიდებელი სურვეიერის (ტალმანის) განაწესის, რომელიც დამოწმებულია გემის კაპიტნის მიერ, საფუძველზე ხორციელდება ტვირთის საბაჟო გაფორმება. აღნიშნული სახეობის ტვირთის გადმოტვირთვას ან ჩატვირთვას ესწრება მებაჟე;
ბ) დალუქულ კონტეინერში, აგრეთვე დაულუქავ ავტომანქანაში მოთავსებული ტვირთის შემოწმება ხორციელდება შერჩევით. ტვირთის შემოწმების შემდეგ წარმოდგენილ დოკუმენტებზე კეთდება სათანადო აღნიშვნა. ავტომანქანისა და ტვირთის რეგისტრაცია ხდება სპეციალურ ჟურნალში.
3.4. საბაჟო და სასაზღვრო-მიგრაციული კონტროლის პროცედურების, აგრეთვე შესაბამისი სამსახურების შემოწმების პროცესში რაიმე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განიხილება ტვირთის საზღვარზე გადაადგილების მიზანშეწონილობის საკითხი არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
4. საბაჟო კონტროლის ზონაში გადასახადის დარიცხვა
4.1. საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა, ტრანსპორტისა და მათ მფლობელთა, ბარგის, ხელბარგისა და ტვირთის მოძრაობის, აგრეთვე საკარანტინო მომსახურების გადასახადების დარიცხვა და გადახდა ხორციელდება მხოლოდ საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. არ შეიძლება საუწყებო გადასახადების თვითნებური დარიცხვა და გადახდევინება.
4.2. კანონით დადგენილი გადასახადების აკრეფა ხორციელდება ერთ სალაროში მებაჟის მიერ შესაბამისი სამსახურებისაგან გაცემული საგადასახადო დოკუმენტების (ქვითარი) საფუძველზე.
4.3. გადასახადების დარიცხვისა და გადახდევინების სისწორისათვის პასუხს აგებენ შესაბამისი სამსახურები კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო საბაჟო სამსახური არ აწარმოებს საბაჟო მომსახურებას კანონით დადგენილი ყველა გადასახადის გადახდის გარეშე. საბაჟო გადასახადების დარიცხვა ხდება გადაზიდვის მიმართულებისა და საბაჟო რეჟიმის მიხედვით.
5. განსაკუთრებული მოთხოვნა
5.1. სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის ზონებში მომუშავე სამსახურების თანამშრომლებს აქვთ შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული სპეციალური საშვები, რომელიც მაგრდება მკერდზე. საშვებში ჩაკრული უნდა იყოს მფლობელის სურათი და ადვილად იკითხებოდეს გვარი და სახელი როგორც ქართულად, ისე ინგლისურ ენაზე. აღნიშნული სამსახურების თანამშრომლები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ ერთმანეთისაგან განსხვავებული ტანსაცმლის ფორმით.
უცხო პირები ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიაზე დაიშვებიან საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელობის მიერ საბაჟო სამსახურთან შეთანხმებული დროებითი სპეციალური საშვებით.
5.2. სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის ზონებში ფუნქციონირებადი სამსახურების დაშვებული პერსონალი გადის არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებულ სპეციალურ შემოწმებას.
დოკუმენტის კომენტარები