დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მგზავრთა, ავტოტრანსპორტის, ტვირთების რეგისტრაციისა და კონტროლის გაუმჯობესების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 471 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 04/08/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39(46), 11/08/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №471
1999 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მგზავრთა, ავტოტრანსპორტის, ტვირთების რეგისტრაციისა და კონტროლის გაუმჯობესების შესახებ
საქართველოს საბაჟო კოდექსის 124-ე მუხლის, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლების და „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებში განლაგებულ სამსახურებს შორის კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და მოვალეობების გამიჯვნისა და მათი მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით:
1. „საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო და ლიტერულ რეისებზე მგზავრთა საბაჟო, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის განხორციელებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 იანვრის N01-ს ბრძანებულებით, „ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 ბრძანებულებით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მგზავრთა, ავტოტრანსპორტის, ტვირთების რეგისტრაციისა და კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 მაისის №224 ბრძანებულებით, „საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 სექტემბრის №522 ბრძანებულებით განსაზღვრული რეგისტრაციისა და კონტროლის სქემა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
ა) სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის, ვეტერინარიულ-საკარანტინო და ფიტო-საკარანტინო სამსახურები თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ საბაჟო-საკონტროლო ზონაში კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში მებაჟის მიწვევით. ამ სამსახურების საქმიანობას საბაჟო-საკონტროლო ზონაში კოორდინაციას უწევს საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტი;
ბ) კანონით დადგენილი გადასახადების აკრეფა ხდება ერთ სალაროში მებაჟის მიერ შესაბამისი სამსახურებისაგან გაცემული საგადასახადო დოკუმენტების (ქვითარი) საფუძველზე.
2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე), საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. მაღლაკელიძე), საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ. ვაშაკიძე), სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (ბ. გულუა) შესაბამის დანაყოფებთან ერთად გამოსცენ ერთობლივი ბრძანება, რომელიც მოაწესრიგებს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სქემის განხორციელების კონკრეტულ დეტალებს და დააზუსტებს პასუხისმგებლობის საკითხებს.
3. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები