თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3754-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 02/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 460070000.05.001.016039
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3754-IIს
26/10/2010
სსმ, 59, 02/11/2010
460070000.05.001.016039
თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (02/11/2010 - 17/12/2010)

საქართველოს კანონი

 ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარება და მეწარმეობის ხელშეწყობა, რისთვისაც ეს კანონი ადგენს პირობებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი ვრცელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე ამ კანონის დანართში მითითებული კოორდინატების შესაბამისად.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასტუმრო – შენობა , რომელიც განკუთვნილია თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დროებით გადაადგილებული ან/და ნებისმიერი მიზნით მოგზაური პირის მიღებისათვის/განთავსებისათვის. სასტუმრო უნდა იყოს საშუალო ან მაღალი კლასის , ომელსა განსაზღვრვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო);

ბ) ინვესტორი – პირი (მეწარმე სუბიექტი), რომელიც ამ კანონით დადგენილი წესი შენებს სასტუმროს და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას.

    მუხლი 4. ინვესტორის უფლება-მოვალეობები

1. ინვესტორი უფლებამოსილია:

ა) გაასხვისოს სასტუმრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის თაობაზედაც გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს სამინისტროს;

ბ) ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი შეღავათებით;

გ) სამინისტროსთან შეთანხმებით სასტუმროს სამშენებლო პროექტში შეიტანოს გარკვეული ცვლილებები.

2. ინვესტორი ვალდებულია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარეგისტრიროს ცალკე მეწარმე სუბიექტი, რომელიც განახორციელებს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას (სასტუმროს მშენებლობასა და ფუნქციონირებას);

ბ) სამინისტროს წარუდგინოს განაცხადი და ინფორმაცია სასტუმროს მშენებლობისათვის განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობის შესახებ;

გ) თითოეული სასტუმროს მშენებლობისათვის განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია;

დ) ააშენოს საშუალო ან/და მაღალი კლასის სასტუმრო ამ კანონით დადგენილი პირობებითა და წესით;

ე) უზრუნველყოს სასტუმროს ფუნქციონირება სამინისტროს მიერ შესაბამისი კლასის სასტუმროსთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად;

ვ) სასტუმროს ტერიტორიაზე განახორციელოს მხოლოდ სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობა.

3. თუ ინვესტორი ამ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე განახორციელებს სალიცენზიო ან სანებართვო საქმიანობას, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოიპოვოს ლიცენზია ან/და ნებართვა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათები და ამ კანონის მოთხოვნები.

    მუხლი 5. საშეღავათო პირობები

1. ინვესტორი თავისუფლდება:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ქონების გადასახადისა და მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან 15 წლის ვადით, ამ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში;

ბ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.

2. ინვესტორს შესაბამისი ფართობის (მაგრამ არა უმეტეს 0,2 ჰა) მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად.

3. ამ კანონით დადგენილი შეღავათები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა, არ მოქმედებს, თუ ინვესტორი აღარ უზრუნველყოფს სასტუმროს ფუნქციონირებას.

4. ინვესტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში სასტუმროს მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში სამინისტრო მას აძლევს 3-თვიან დამატებით ვადას.

    მუხლი 6. სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს:

ა) სასტუმროს შენობამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის (გაზი, წყალი, წყალარინება, ელექტროენერგია) მოწესრიგებას და საჭიროების შემთხვევაში ახლის მშენებლობას;

ბ) სასტუმროსთან მისასვლელი გზების მშენებლობას/შეკეთებას;

გ) სასტუმროს ტერიტორიის მიწის ნაკვეთის გონივრულ ფარგლებში კეთილმოწყობასა და გამწვანებას;

დ) ამ კანონით გათვალისწინებული სასტუმროსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის სტატუსის მინიჭებას და მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემას.

2. სამინისტრო უზრუნველყოფს ინვესტორისათვის სასტუმროს სამშენებლო პროექტის უსასყიდლოდ გადაცემას.

    მუხლი 7. ინვესტორისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის წესი

1. ინვესტორს ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები.

3. კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

4. კომისიის შემადგენლობას, დებულებას და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5. კომისია განიხილავს ინვესტორის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და ინფორმაციას და 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

    მუხლი 8. პასუხისმგებლობა

ინვესტორის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ასევე                  3-თვიან დამატებით ვადაში სასტუმროს მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოერთმევა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უძრავი ქონება.

    მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობამ:

ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში დაამტკიცოს კომისიის შემადგენლობა, დებულება და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი;

ბ) საქართველოს პარლამენტს 2010 წლის 1 დეკემბრამდე წარუდგინოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტები.

2. საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში დაამტკიცოს:

ა) ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმები საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;

ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობები.

3. ამ კანონით გათვალისწინებული სასტუმროს შენობის ექსპლუატაციაში შეყვანას და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყების თარიღს განსაზღვრავს ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად შექმნილი კომისია.

    მუხლი 10. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                    . სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 ოქტომბერი.

№3754– IIს

დანართი

კოორდინატები

კოორდინატთა სისტემა WGS 84

პროექცია TM 37

მიწის ნაკვეთის ფართობი: 17,35 ჰა

წერტილის ნომერი

X

Y

1

730096.632

4641497.452

2

730526.872

4641544.457

3

730539.452

4641197.237

4

730460.207

4641141.862

5

730411.367

4641114.477

6

730344.262

4641076.872

7

730297.982

4641052.572

8

730275.997

4641045.052

9

730246.492

4641029.432

10

730173.602

4641006.902

11

730158.562

4641110.162

12

730217.762

4641116.822

13

730212.377

4641174.642

14

730147.992

4641166.832