ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1228
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 480480030.22.027.017710
1228
05/08/2026
ვებგვერდი, 05/08/2026
480480030.22.027.017710
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1228

2026 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ1“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების თანდართული წესი და პროცედურა.

 

2. შეიქმნას ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი;

ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი;

ვ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი;

ზ) საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი;

თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი.

 

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 23 აგვისტოს №852 ბრძანება.

 

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია




ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის წესი და პროცედურა

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის კომისია (შემდგომ – კომისია) შექმნილია ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევისა და ევროპის საბჭოსათვის წარდგენის მიზნით.

 

მუხლი 2. კომისიის საქმიანობის პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები

უფლებამოსილებათა განხორციელებისას კომისია ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობის, სამართლიანობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებით, ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონვენციის 36-ე მუხლითა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის (2013)28 რეზოლუციით, აგრეთვე, ამ წესითა და პროცედურით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

 

მუხლი 3. კომისია

1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, იწვევს კომისიის სხდომებს და უძღვება მათ.

3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის წევრებს შორის გადაწყვეტილებაზე შეჯერება შეიძლება მოხდეს ელექტრონული წესით, სხდომის მოწვევის გარეშე.

4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის დროს მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

 

მუხლი 4. კომისიის სამდივნო

კომისიასთან იქმნება სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ მხარდაჭერას. კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, ხოლო სხდომის მდივანია ამავე დეპარტამენტის უფროსი.

 

მუხლი 5. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი. ოქმი

1. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომაში მონაწილეობს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

3. კომისიის სხდომები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

 

მუხლი 6. კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები

1. ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სრულყოფილად  (C2 დონე) ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;

ბ) კარგად (არანაკლებ B2 დონე)  ფლობს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისურს ან ფრანგულს);

გ) სრულყოფილად ფლობს ევროპის საბჭოს კონვენციას ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ;

დ) სრულყოფილად ფლობს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას;

ე) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხით;

ვ) აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მათ შორის, მსხვერპლთა დაცვის ან/და ადამიანით ვაჭრობის  (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

ზ) აქვს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში;

თ) არსებობს მოლოდინი, რომ დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.

2. ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის ფლობა კანდიდატის უპირატესობად ჩაითვლება.

 

მუხლი 7. ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კომისია საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას ვაკანსიის შესახებ, უზრუნველყოფს მის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას და დაინტერესებულ პირებს დოკუმენტების წარსადგენად განუსაზღვრავს არანაკლებ 10 სამუშაო დღეს.

 

მუხლი 8. კანდიდატის მიერ საკონკურსო განაცხადის წარდგენა

1. კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს საკონკურსო განაცხადი, რომელიც მოიცავს ავტობიოგრაფიასა (Curriculum Vitae) და სამოტივაციო წერილს, რომელშიც დეტალურად და მკაფიოდ იქნება ახსნილი, თუ როგორ აკმაყოფილებს ამ წესისა და პროცედურის მე-6 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს. კანდიდატმა განაცხადს უნდა დაურთოს მასში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. ავტობიოგრაფია (Curriculum Vitae) შედგენილი უნდა იყოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დადგენილ სამოდელო ფორმატში, ქართულ ენაზე (დანართი №1.1), აგრეთვე ინგლისურ (დანართი №1.2) ან ფრანგულ (დანართი №1.3) ენაზე.

3. არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში ხარვეზის აღმოსაფხვრელად კანდიდატს მიეცემა მისთვის შესაბამისი შეტყობინების ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნის დღიდან სამდღიანი ვადა. ამ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კანდიდატის განაცხადი არ მიიღება განსახილველად.

 

მუხლი 9. საკონკურსო განაცხადების პირველადი გადარჩევა. ტესტირება უცხო ენაში

1. ამ წესისა და პროცედურის მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად საკონკურსო განაცხადების (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) პირველად გადარჩევას აწარმოებს კომისიის სამდივნო და შედეგებს ელექტრონული წესით დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის წევრებს. პირველადი გადარჩევის შედეგები დამტკიცებულად ითვლება, თუ ამ შედეგებზე თანხმობას გამოხატავს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

2. განაცხადების პირველადი გადარჩევის ეტაპზე ამ წესისა და პროცედურის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი წარმოადგენს ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელ ერთ-ერთ შემდეგ დოკუმენტს:

ა) ინგლისურ ან/და ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებულ სტატიას;

ბ) ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურზე სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ) ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე მუშაობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

დ) ინგლისური ან/და ფრანგული ენის ცოდნის (არანაკლებ B2 დონე) დამადასტურებელ მოქმედ სერტიფიკატს.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით ვერ დგინდება ამ  წესისა და პროცედურის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან შესაბამისობა, კომისია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სასწავლო ცენტრის მეშვეობით, ატარებს ტესტირებას შესაბამის უცხო ენაში.

 

მუხლი 10. გასაუბრება და მისი შედეგები

1. განაცხადების პირველადი გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს კომისია იწვევს გასაუბრებაზე და ცალ-ცალკე ისმენს თითოეული მათგანის მოსაზრებებს.

2. კომისიის წევრები კანდიდატებს აფასებენ ამ წესისა და პროცედურის №2 დანართში მოცემული შეფასების ფორმის მიხედვით და მათ ქულებს ანიჭებენ (მაქსიმალური ქულა – 5). კომისიის წევრების შეფასებები ჰბარდება კომისიის სამდივნოს.

3. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე კომისიის სამდივნო ადგენს თითოეულ კანდიდატთან მიმართებით საშუალო ჯამურ ქულას.

4. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა.

5. კომისია კომისიის სამდივნოს მეშვეობით კანდიდატებს ატყობინებს განაცხადების პირველადი გადარჩევისა და გასაუბრების შედეგებს.

 

მუხლი 11. კანდიდატის წარდგენა

1. კომისია კონკურსის შედეგებს აჯამებს სხდომაზე და გადასცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის წარსადგენად.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატს წარუდგენს ევროპის საბჭოს არაუგვიანეს 2026 წლის 27 სექტემბრისა.