დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ემიგრაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 306 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/07/1993 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 30/07/1993 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.140.010.05.001.000.071 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (16/10/1997 - 26/06/1998)
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი ემიგრაციის შესახებ
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №924-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.13
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ემიგრაციის უფლება
საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოდან ემიგრაციის, ანუ სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების უფლება. არ შეიძლება ამ უფლების შეზღუდვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 2. საქართველოს ემიგრაციის კანონის მიზანი
ემიგრაციის შესახებ საქართველოს კანონის მიზანია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის უფლება დატოვოს თავისი ქვეყანა და თავისუფლად დაბრუნდეს უკან; განსაზღვროს საქართველოს მოქალაქეთა სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად წასვლის (ემიგრაციის) წესი და პირობები, აგრეთვე მოაწესრიგოს ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი სხვა ურთიერთობანი.
მუხლი 3. ემიგრაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები
1. ემიგრაციას საქართველოდან აწესრიგებს ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.
2. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია საქართველოს კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.
მუხლი 4. საქართველოს მოქალაქის მიერ ქონების გატანა საზღვარგარეთ
საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ემიგრაციაში მიდის, უფლება აქვს საზღვარგარეთ გაიტანოს ნებისმიერი საკუთარი მოძრავი ქონება, თუ ეს აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით.
თავი II
საქართველოდან ემიგრაციისათვის საბუთების გაფორმების წესი
მუხლი 5. საქართველოს მოქალაქის პასპორტი
1. საქართველოს მოქალაქეები საქართველოდან ემიგრაციაში მიდიან შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ გაცემული პასპორტით.
2. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები პასპორტის გაცემის თაობაზე მიმართავენ საქართველოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობას.
3. პასპორტი ერთიანი ნიმუშისაა და ძალა აქვს საქართველოდან მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გასვლისა და საქართველოში შემოსვლისათვის.
4. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა.
5. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, პასპორტის ნაცვლად შეიძლება გაიცეს მისი შემცვლელი დოკუმენტი.
6. საემიგრაციო პასპორტის გაფორმების და გაცემის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №924-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.13
მუხლი 6. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადა
1. საქართველოს მოქალაქის პასპორტი ძალაშია მისი გაცემის დღიდან 5 წლის მანძილზე.
2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საქართველოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობას, საქართველოში ყოფნისას კი – შინაგან საქმეთა ორგანოებს.
მუხლი 7. შუამდგომლობა საემიგრაციო პასპორტის გასაცემად
1. საემიგრაციო პასპორტის გასაცემად შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს სრულწლოვან და ქმედუნარიან მოქალაქეს.
2. დაინტერესებულ პირს საემიგრაციო პასპორტის მისაღებად შუამდგომლობა შეაქვს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ყველა ის მონაცემი, რომლებიც შეტანილია პასპორტში და უნდა ერთოდეს სანოტარო ან მასთან გათანაბრებული წესით დამოწმებული შემდეგი საბუთები:
ა) დაბადების მოწმობის ასლი;
ბ) თუ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს თან მიჰყვებიან 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი ბავშვები, – მათი წერილობითი თანხმობა კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად გამგზავრების თაობაზე;
გ) თუ შუამდგომლობის აღმძვრელ კანონიერ წარმომადგენელს თან მიჰყვებიან არასრულწლოვანი ბავშვები, ხოლო მეორე კანონიერი წარმომადგენელი რჩება საქართველოში, – ამ უკანასკნელის თანხმობა არასრულწლოვან ბავშვთა ემიგრაციაზე.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №924-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.13
მუხლი 8. არასრულწლოვან ბავშვთა ემიგრაცია
1. 18 წლამდე ბავშვები საქართველოდან ემიგრაციაში მიდიან თავიანთი კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად, ხოლო თუ ისინი მიემგზავრებიან უცხოეთში მყოფ თავიანთ კანონიერ წარმომადგენლებთან და აქვთ ამ უკანასკნელთა თანხმობა, – სრულწლოვან და ქმედუნარიან თანმხლებ პირთან ერთად.
2. თუ საქართველოდან არასრულწლოვანი ბავშვების ემიგრაციის საკითხში მათი კანონიერი წარმომადგენლები ვერ შეთანხმდებიან, დავა სასამართლოს წესით გადაწყდება.
მუხლი 9. არაქმედუნარიან პირთა ემიგრაცია
დაუშვებელია არაქმედუნარიანი პირთა ემიგრაცია მათი კანონიერი წარმომადგენლების ნებართვისა და ქმედუნარიანი სრულწლოვანი პირის თანხლების გარეშე.
მუხლი 10. საემიგრაციო პასპორტის გასაცემად შუამდგომლობის განხილვის ვადა
საემიგრაციო პასპორტის გასაცემად შუამდგომლობა განიხილება ყველა საჭირო საბუთის წარდგენის დღიდან სამ თვეში.
მუხლი 11. სახელმწიფო ბაჟი
საემიგრაციო პასპორტის მისაღებად შუამდგომლობის შეტანისას განმცხადებელი იხდის სახელმწიფო ბაჟს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობითა და წესით.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №924-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.13
მუხლი 12. საქართველოდან ემიგრაციის უფლების შეზღუდვის საფუძვლები
1. დაინტერესებულ პირს შეიძლება უარი ეთქვას საემიგრაციო პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, აგრეთვე საზღვრის გადაკეთაზე, თუ:
ა) მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე;
ბ) არ მოუხდია სასამართლოს განაჩენით შეფარდებული სასჯელი;
გ) მის მიმართ აღძრულია სამოქალაქო სარჩელი;
დ) არ შეუსრულებია სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება და იმ ქვეყანასთან, სადაც მიემგზავრება, საქართველოს ხელშეკრულება არა აქვს დადებული სამართლებრივი დახმარების შესახებ;
ე) წვევამდელი ასაკისაა და არ მოუხდია სამხედრო ბეგარა, თუ კანონით დადგენილი წესით არ არის გათავისუფლებული ამ სამსახურიდან;
ვ) სამუშაოს ხასიათის გამო მისთვის ცნობილია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებანი და არ გასულა კანონით დადგენილი ვადა იმ დღიდან, რომლიდანაც იგი დაკავშირებული არ არის ამ სამუშაოსთან; ამასთან ეს ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 5 წელს;
ზ) ემიგრაციაზე შუამდგომლობის შეტანისას წარმოადგენს ყალბ ან ბათილ საბუთებს.
2. გადაწყვეტილება უარის შესახებ მოქალაქეს უნდა ეცნობოს წერილობით ათი დღის ვადაში.
მუხლი 13. სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების და უწყებების მონაცემები საქართველოს მოქალაქის საქართველოს რესპუბლიკიდან ემიგრაციასთან დაკავშირებით
საემიგრაციო პასპორტის გასაცემად შუამდგომლობის განხილვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ორგანოების შესაბამისი მოთხოვნით სახელმწიფო ორგანოები, ორგანიზაციები, დაწესებულებები და უწყებები ვალდებული არიან წარმოადგინონ მონაცემები ამ კანონის მე-12 მუხლში მითითებულ გარემოებებზე.
მუხლი 14. საემიგრაციო პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე ან საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის გასაჩივრების უფლება
დაინტერესებულ პირს, რომელსაც უარი ეთქვა საემიგრაციო პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე ან საზღვრის გადაკვეთაზე, უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 15. საემიგრაციო პასპორტის გასაცემად შუამდგომლობის განმეორებით განხილვა
დაინტერესებულ პირს, რომელსაც უარი ეთქვა საემიგრაციო პასპორტის გაცემაზე, ამავე საკითხზე შუამდგომლობის განმეორებით წარდგენა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მას უარი ეთქვა პასპორტის გაცემაზე.
მუხლი 16. საქართველოდან საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტები
1. საქართველოს მოქალაქეები საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას გადიან საპასპორტო კონტროლს და პასპორტში ან მის შემცვლელ დოკუმენტში აღინიშნება საზღვრის გადაკვეთის თარიღი.
2. საზღვრის გადასაკვეთად მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმ სახელმწიფოში შესასვლელი ვიზა, სადაც უშუალოდ მიემგზავრება.
მუხლი 17. საქართველოში შემოსვლა
ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შემოვიდეს საქართველოში და ამისათვის ნებართვა არ ესაჭიროება.
მუხლი 18. ემიგრაციის სტატისტიკა
ემიგრაციის სტატისტიკას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №924-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.13
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე.
თბილისი,
1993 წლის 20 ივლისი.
№306–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №924-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.13
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები