საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3/4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 17/01/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 20/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.014
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3/4
13/01/2005
სსმ, 5, 17/01/2005
040.030.000.22.028.007.014
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/01/2005 - 30/03/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.014

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/4

2005 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 30 დეკემბრის 2004 წლის №626 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ (შემდგომში – მუზეუმი) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის №626 ბრძანებულებით. მუზეუმი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.

2. მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.

3. მუზეუმი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

4. მუზეუმის სახელწოდებაა “საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“.

5. საქართველოს ეროვნული მუზეუმი შექმნილია შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის, გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმისა და ო. ლორთქიფანიძის სახელობის ვანის მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე და წარმოადგენს მათ ერთობლიობას.

    მუხლი 2. ორგანიზაციის იურიდიული სტატუსი და მისამართი

1. მუზეუმი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „მუზეუმების შესახებ“ და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

2. მუზეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, შტამპი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები როგორც საქართველოს ასევე უცხოეთის საბანკო დაწესებულებებში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

3. მუზეუმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, რუსთაველის გამზირი №3.

    მუხლი 3. მუზეუმის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას და მისი საქმიანობა უპირატესად ორიენტირებულია სამუზეუმო, კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებზე.

2. მუზეუმის საქმიანობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავს ყველა კანონით აუკრძალავ საქმიანობას, რომელიც პასუხობს მუზეუმის მიზნებსა და ამოცანებს.

3. მუზეუმის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:

ა) ეროვნული საგანძურის მოძიება, დაცვა, ექსპონირება, სამუზეუმო კოლექცების ოპტიმიზაცია, რესტავრაცია, ინვერტარიზაცია და პოპულარიზაცია;

ბ) კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ინტერდისციპლინარულ მიდგომაზე დაფუძნებული მეცნიერული კვლევა (საველე, ლაბორატორიული, ანალიტიკური და ექსპერიმენტული კვლევა);

გ) საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური მმართველობითი და ადმინისტრაციული მოდელების შემუშავება საქართველოს სამუზეუმო სივრცეში მათი დანერგვის მიზნით;

დ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ – განათლების, აღმზრდელობითი საქმიანობის, მეცნიერული ცოდნის გავრცელების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპოზიციების განახლების, ახალი ბეჭდვითი პროდუქციის შექმნის გზით;

ე) სახელოვნებო და საგანმანათლებლო-პედაგოგიური საქმიანობის განვითარება უმაღლეს, სპეციალურ და ზოგადსანმანათლებლო სკოლებთან, პედაგოგთა პროფესიული მომზადების ცენტრებთან კოორდინირებული მუშაობის გზით;

ვ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

ზ) საგანმანათლებლო და სასწავლო ბაზის შექმნა. საქართველოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, მუზეუმის ფონდებში მუშაობისა და სამუზეუმო ლექციების გზით;

თ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან კოორდინირებული მუშაობა დამტკიცებული სასწავლო პროგრამების შესაბამისი თემატური ექსპოზიციების გამართვის მიზნით;

ი) მუზეუმის ინტეგრირება სასწავლო და საგანმანათლებლო სფეროში – თანამშრომლობს საქართველოს განათლების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიასთან, ქ. თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებში სამუზეუმო ლექციებისა და გაკვეთილების დასანერგად;

კ) კულტურულ ფასეულობათა ექსპერტიზის უზრუნველყოფა.

    მუხლი 4. ურთიერთობა მესამე პირებთან, უფლება-მოვალეობები

1. მუზეუმს უფლება აქვს:

ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;

ბ) განახორციელოს ყველა სახის კულტურული, სახელოვნებო, სამეცნიერო, კვლევით და/ან საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) მოაწყოს გამოფენები, შეხვედრები, სიმპოზიუმები, ექსპედიციები, და სხვა კულტურული და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;

დ) „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით განახორციელოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა და რეალიზაცია, ასევე მუზეუმის სამუზეუმო ფონდებში დაცული ექსპონატების დაცვა ყველა სახის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

ე) აწარმოოს საქმიანობა, რომელიც თვისობრივად პასუხობს მუზეუმის მიზნებს და ამოცანებს. ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები მოახმაროს მუზეუმის ძირითად მიზნებს, მატერიალური ბაზის გაუმჯობესებასა და თანამშრომელთა შრომის სტიმულირებას;

ვ) აწარმოოს კანონით აუკრძალავი ყველა სხვა საქმიანობა, რომელიც შეესაბამება მუზეუმის მიზნებს.

2. მუზეუმს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია:

ა) მოახდინოს უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;

ბ) სესხის აღება და თავდებობა;

გ) ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;

დ) სხვა საწარმოს დაფუძნება, ასევე სხვა საწარმოს წილის ან აქციების შეძენა და/ან გასხვისება;

ე) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ვ) მიიღოს ყველა სხვა გადაწყვეტილება მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

    მუხლი 5. მუზეუმის სტრუქტურა და მართვის ორგანოები

1. მუზეუმის მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს მუზეუმის გენერალური დირექტორი.

2. მუზეუმის საკონსულტაციო ორგანოა სამეცნიერო საბჭო.

3. გენერალური დირექტორის მიერ მუზეუმის მიზნებიდან გამომდინარე შეიძლება შეიქმნას მუზეუმის მზრუნველთა საბჭო.

4. მუზეუმის შემადგენლობაში არსებობს საგანმანათლებლო-სასწავლო ცენტრი.

5. მუზეუმის სტრუქტურული ქვედანაყოფები მტკიცდება გენერალური დირექტორის მიერ. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების საფუძველზე, დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობის გზით.

6. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს.

    მუხლი 6. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

1. მუზეუმის მართვას და მის წარმომადგენლობას ახორციელებს მუზეუმის გენერალური დირექტორი.

2. გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

3. გენერალურ დირექტორს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის დირექტორის პირველი მოადგილე (აღმასრულებელი დირექტორი), დირექტორის მოადგილე საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში (საფინანსო დირექტორი). გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მუზეუმის სტრუქტურული ერთეულის რომელიმე ხელმძღვანელს განესაზღვროს გენერალური დირექტორის მოდგილის უფლებამოსილება განსხვავებული ფუნქციური დატვირთვით. მოადგილეებს შორის ფუნქციების განაწილება ხდება გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე. მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური დირექტორი;

4. მუზეუმის გენერალური დირექტორის უფლება მოსილება არ არის შეზღუდული რაიმე სახის საქმიანობით. იგი უფლებამოსილია ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს მუზეუმის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.

    მუხლი 7. სამეცნიერო საბჭო

1. სამეცნიერო საბჭო წარმოადგენს მუზეუმის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც განსაზღვრავს მუზეუმის სამეცნიერო და საექსპოზიციო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს გენერალური დირექტორის მიერ დადგენილი ინსტრუქციების შესაბამისად.

2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება გენერალური დირექტორის მიერ. სამეცნიერო საბჭო შედგება მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან.

3. სამეცნიერო საბჭო შედგება 15 წევრისაგან. სამეცნიერო საბჭოს წევრები ინიშნებიან 4 წლის ვადით. გენერალურ დირექტორს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამეცნიერო საბჭოს წევრისათვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.

4. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა ხდება 4 წლის ვადით. თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მაშინ უნდა გაიმართოს ფარული კენჭისყრა. წევრთა შორის ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში თავმჯდომარედ დაინიშნება მათ შორის უხუცესი.

5. საბჭო განიხილავს:

ა) მუზეუმის შემოქმედებითი განვითარების გეგმასა და მუზეუმის შემოქმედებით მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ბ) სამეცნიერო კვლევით და საექსპოზიციო სამუშაოთა, სამეცნიერო კადრების მომზადების, სამეცნიერო ნაშრომთა გამოცემის პროექტებს;

გ) მუზეუმის სამეცნიერო და საექსპოზიციო საქმიანობის მიმდინარეობას და აძლევს შეფასებას მიღწეულ სამეცნიერო შედეგებს;

დ) განიხილავს სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან შემოქმედებითი თანამშრომლობის საკითხებს. ერთობლივ საკვლევაძიებო და სამეცნიერო სამუშაოთა დაგეგმვასა და მათ მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

6. მუზეუმის თემატური საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს მუზეუმის სამეცნიერო საბჭო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობის და კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე.

7. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კი _ საბჭოს მიერ არჩეული სხდომის თავმჯდომარე. საბჭოს სხდომა გადაყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. სხდომის ოქმს ადგენს სხდომის მდივანი.

8. სამეცნიერო საბჭოს მორიგი სხდომები ტარდება სამ თვეში ერთხელ მაინც. სამეცნიერო საბჭოს სხდომებს იწვევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. სამეცნიერო საბჭოს წევრს, გენერალურ დირექტორს შეუძლიათ მოითხოვონ საბჭოსაგან რიგგარეშე სხდომის გამართვა. გადაწყვეტილება საბჭოს რიგგარეშე სხდომის გამართვის თაობაზე და სხდომის დღის წესრიგი საბჭოს წევრებს უნდა ეცნობოს სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს  3 დღით ადრე.

9. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმის სახით.

    მუხლი 8. მთავარი მცველი

1. მუზეუმის მთავარ მცველს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.

2. მთავარი მცველი:

ა) აკონტროლებს მუზეუმის სამუზეუმო ფონდების მდგომარეობას და დაცულობას;

ბ) უზრუნველყოფს მუზეუმში დაცული სამუზეუმო ექსპონატების დაცულობის შესწავლას და რესტავრირებას, ასევე ყველა სხვა ღონისძიებას, რომელიც აუცილებელია სამუზეუმო ექსპონატის ინტერესებიდან გამომდინარე;

გ) აკონტროლებს მუზეუმის მცველებისა და სხვა მუშაკთა საქმიანობას, რომელიც უკავშირდება სამუზეუმო ექსპონატების აღრიცხვა-პასპორტიზაციას, რესტავრაციას, შეფუთვას და გადაადგილებას;

დ) უზრუნველყოფს სამუზეუმო ფასეულობების სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოებასა და დაცვას გენერალური დირექტორის მიერ დადგენილი წესისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

    მუხლი 9. საგანმანათლებლო-სასწავლო ცენტრი

1. ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში არსებობს საგანმანათლებლო-სასწავლო ცენტრი. საგანმანათლებლო-სასწავლო ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუზეუმის გენერალური დირექტორი.

2. საგანმანათლებლო-სასწავლო ცენტრი:

ა) შეიმუშავებს თანამედროვე მმართველობითი და ადმინისტრაციული მოდელების საქართველოს მუზეუმებში დანერგვისა და ადაპტირების სქემებს;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს მუზეუმების თანამშრომელთა მომზადებასა და გადამზადებას;

გ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისათვის ამუშავებს წინადადებებს სასწავლო პროგრამებისათვის, ატარებს ლექციებსა და კონფერენციებს;

დ) თანამშრომლობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან სტუდენტებისა და დისერტანტებისათვის კვლევითი და სასწავლო ბაზის შექმნის მიზნით.

    მუხლი 10. მუზეუმის სხვა სტუქტურული ქვედანაყოფები

1. მუზეუმის ქვედანაყოფების აღწერილობა, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება გენერალური დირექტორის მიერ.

2. გენერალური დირექტორი ამტკიცებს მუზეუმის და მისი ფილიალების შიდა ინსტრუქციებსა და შინაგანაწესს, რომელიც იმპერატიული ხასიათისაა და მისი შესრულება სავალდებულოა მუზეუმის ყველა თანამშრომლისათვის.

3. გენერალური დირექტორი ამტკიცებს შრომით აღწერილობებს თითოეული საშტატო ერთეულისათვის.

4. გადაწყვეტილებას თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და საკადრო გადაადგილებების შესახებ იღებს მუზეუმის გენერალური დირექტორი.

    მუხლი 11. სამუზეუმო ფონდი და მუზეუმის ქონება

1. სამუზეუმო ფონდი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული მუზეუმში არსებული ყველა სამუზეუმო კოლექციის ერთობლიობას.

2. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება სამუზეუმო ფონდს, ცალკეულ სამუზეუმო ექსპონატებს, კოლექციათა მოძრაობას, ექსპონირებას, კონსერვაციასა თუ რესტავრაციას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში იღებს მუზეუმის გენერალური დირექტორი.

3. მუზეუმი საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე თავისი საქმიანობის განსახორციელებლად ფლობს და სარგებლობს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ქონებით, უფლებამოსილია დადგენილი წესით გამოიყენოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მის გამგებლობაში შემავალი ყველა სხვა საკითხი.

5. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუზეუმს აქვს უფლება მოითხოვოს სამუზეუმო კოლექციებში დაცული ფასეულობის სარეკლამო თუ სხვა მიზნებისათვის სათანადო თანხმობის გარეშე გამოყენების აღკვეთა.

6. მუზეუმი ახორციელებს სამუზეუმო კოლექციებში დაცულ ფასეულობებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არსებული საავტორო და სხვა უფლებების დაცვას.

7. მუზეუმის ქონებად ითვლება, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.

    მუხლი 12. მუზეუმის ფინანსური წყაროები

1. მუზეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საწევროები და შენატანები;

ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) მუზეუმის მიერ ბილეთების, ბუკლეტებისა და სხვა თვალსაჩინო მასალების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ეროვნული მუზეუმის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ამ სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.

    მუხლი 13. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება

მუზეუმი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.

    მუხლი 14. სახელმწიფო კონტროლი

1. მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

    მუხლი 15. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 16. მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.