დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლისა და დადგენის წესის” და ,,ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/02/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 28/02/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.050.000.11.113.005.694 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/02/2003 - 15/08/2012)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.11.113.005.694
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-37
2003 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
„ ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლისა და დადგენის წესის” და „ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ
„ ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულების თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „ ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლისა და დადგენის წესი”.
2. დამტკიცდეს თანდართული „ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესი”.
3. იურიდიული, კანონშემოქმედებითი და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურმა (გ. მერაბიშვილი) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2003 წლის 15 აპრილიდან.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ დ. გრიგოლიამ.
დ. კირვალიძე
ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლის და დადგენის
წ ე ს ი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „ საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ”, „ ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონების, და „ საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულების შესაბამისად.
2. მონაცემთა შესწავლა- დადგენა ხორციელდება ფიზიკური ან იურიდიული პირის ან მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანების მიერ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „ სამტრესტში” წარდგენილი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც უკავშირდება მათ განზრახვას რეგისტრაციაში გაატაროს ღვინის ან ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელება.
3. შესწავლა-დადგენის დასკვნა გაიცემა „ საქპატენტში” ღვინის და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის წარსადგენ განაცხადში ჩასართავად.
მუხლი 2. უფლებამოსილება მონაცემთა შესწავლასა და დადგენაზე
ადგილწამოშობის დასახელების ღვინის, ღვინის ბრენდის და მისი ნედლეულის ფიზიკო-ქიმიური, მიკრო-ბოილოგიური, ორგანოლეპტიკური, აგრეთვე მათი წარმოების გეოგრაფიული ადგილის მდებარეობისა და საზღვრების, ტექნოლოგიური პროცესების სპეციფიკური პირობების მონაცემთა შესწავლასა და დადგენას ახორციელებს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „ სამტრესტი” მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად, სათანადო დასკვნის გაფორმებით, რომელიც დასტურდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ.
მუხლი 3. შესასწავლი და დასადგენი მონაცემები
ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის შესწავლილი და დადგენილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ყურძნისა და ღვინის წარმოების ადგილი;
ბ) სპეციფიკური ზონის საზღვრები და ნიადაგურ-კლიმატური პირობები;
გ) ყურძნის ჯიში;
დ) ყურძნის ხარისხი და მისი მაქსიმალური მოსავალი 1 ჰექტრიდან;
ე) ყურძნის წარმოების ტექნოლოგია;
ვ) ღვინის მაქსიმალური გამოსავლიანობა 1 ტონა ყურძნიდან;
ზ) ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოების ტექნოლოგიური პროცესები;
თ) ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები;
ი) ორგანოლეპტიკური მახასიათებლები;
კ) შესაბამისი გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი წარმოების სპეციფიკური პირობები და ხერხები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ლ) ღვინისა და ღვინის ბრენდის განსაკუთრებულ თვისებათა კავშირი გეოგრაფიულ ადგილთან.
მუხლი 4. მონაცემთა შესაბამისობა ნორმატიულ მოთხოვნებთან
შესწავლისა და დადგენის მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი აქტების მოთხოვნებს:
ა) საქართველოს კანონი „ ვაზის და ღვინის შესახებ”;
ბ) საქართველოს კანონი „ საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ”;
გ) დებულება „ ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ”;
დ) ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციები;
ე) მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტები.
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის
წ ე ს ი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესი შემუშავებულია „ ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის და „ საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულების შესაბამისად.
2. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „ სამტრესტი”.
3. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „ სამტრესტში” წარდგენილი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც უკავშირდება პირის განზრახვას, აწარმოოს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ან ღვინის ბრენდი.
4. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება წარმოების ყველა ეტაპზე. კონტროლის შედეგად დგინდება ყურძნის წარმოების, გადამუშავების, ღვინისა და ღვინის ბრენდის დამზადების ტექნოლოგიური პროცესების, აგრეთვე, ღვინისა და ღვინის ბრენდის ხარისხისა და მახასიათებლების შესაბამისობა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოქმედი წარმოების წესების, რეგლამენტების, ტექნოლოგიური ინსტრუქციების მოთხოვნებთან; რეგისტრირებული ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების შემთხვევაში – „ საქპატენტის” ადგილწარმოშობის დასახელებათა სახელმწიფო რეესტრში შეტანილ მონაცემებთან.
მუხლი 2. სახელმწიფო კონტროლის ობიექტები
სახელმწიფო კონტროლის ობიექტებია:
ა) ყურძნისა და ღვინის წარმოების ადგილი;
ბ) ყურძნის ჯიში;
გ) ყურძნის წარმოების ტექნოლოგია;
დ) ყურძნის ხარისხი და მისი მაქსიმალური მოსავალი 1 ჰექტარიდან;
ე) ღვინის მაქსიმალური გამოსავლიანობა 1 ტონა ყურძნიდან;
ვ) ღვინის და ღვინის ბრენდის წარმოების ტექნოლოგიური პროცესები;
ზ) ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლები.
მუხლი 3. უფლებამოსილება სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე
1. კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილების მინიჭება ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „ სამტრესტის” შესაბამისი სამსახურებისა და საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სპეციალისტებისათვის ხორციელდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
2. ბრძანებაში მიეთითება:
– კონტროლის განხორციელების უფლებამოსილი პირის ან პირების სახელი, გვარი, თანამდებობა;
– მეწარმე სუბიექტის დასახელება, სადაც უნდა განხორციელდეს კონტროლი;
– კონტროლის მიზანი და ობიექტები;
– კონტროლის განხორციელების ვადა.
მუხლი 4. მაკონტროლებელი პირების უფლებამოვალეობა
1. მაკონტროლებელ პირს უფლება აქვს:
ა) შეამოწმოს ვენახის ადგილმდებარეობა;
ბ) მოახდინოს ვენახისა და სადედეების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლი;
გ) გაეცნოს ვენახისა და ტექნოლოგიურ წიგნებს;
დ) შეამოწმოს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოების საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესები;
ე) მოითხოვოს ტექნოლოგიური ხასიათის დამატებითი ინფორმაცია წარმოების პროცესებზე.
2. მაკონტროლებელი პირი ვალდებულია:
ა) შეამოწმოს მხოლოდ ბრძანებით განსაზღვრული კონტროლის ობიექტები;
ბ) კონტროლის დროს იხელმძღვანელოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოქმედი წარმოების წესებით, რეგლამენტებით, ტექნოლოგიური ინსტრუქციებით; რეგისტრირებული ღვინის ან ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების შემთხვევაში – „ საქპატენტის” ადგილწარმოშობის დასახელებათა სახელმწიფო რეესტრში შეტანილი მონაცემებით;
გ) კონტროლის შედეგები დეტალურად აღწეროს თავის ანგარიშში.
მუხლი 5. მეწარმე სუბიექტის ვალდებულება
მეწარმე სუბიექტი ვალდებულია ხელი შეუწყოს მაკონტროლებელ პირს მე-4 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში და წარუდგინოს მოთხოვნილი მონაცემები.
მუხლი 6. კონტროლის შედეგები
1. სახელმწიფო კონტროლის შედეგების საფუძველზე ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „ სამტრესტი” იღებს გადაწყვეტილებას ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოსა და ღვინის ბრენდზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის ან არგაცემის თაობაზე.
2. გადაწყვეტილების გამოტანის პროცედურა ხორციელდება დებულებით „ ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ”.
3. სახელმწიფო კონტროლის შედეგები გამოიყენება რეგისტრირებული ღვინის და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის „ საქპატენტში” რეგისტრაციისათვის.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები