დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ავტორიზაციის წესის, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 239 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170310.22.033.017375 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (01/10/2020 - 25/02/2021)
|
ავტორიზაციის წესის, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
|
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-9 პუნქტისა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 25 ივნისის №6487-IIს (სარეგისტრაციო კოდი: 040170310.05.001.019926) მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ავტორიზაციის წესი, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები“ თანდართულ დანართებთან ერთად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ავტორიზაციის წესი, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი 1. ეს წესი განსაზღვრავს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეული პირის მიერ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის, აგრეთვე ზოგიერთი არსებითი პროდუქციის/მომსახურების ავტორიზაციისა და ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესსა და პირობებს. 2. ავტორიზაციის მიზანია, დადგინდეს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის, აგრეთვე ზოგიერთი არსებითი პროდუქციის/მომსახურების სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობა და კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან თავსებადობა. 3. ავტორიზაცია შედგება 3 ეტაპისგან: ა) სისტემის პირველადი კვლევა; ბ) სისტემასთან ინტეგრაცია, რაც გულისხმობს: ბ.ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მაძიებელთან/ორგანიზატორთან, ასევე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებელთან/მფლობელთან კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრირებისათვის აღჭურვილობის განთავსებას; ბ.ბ) POS ტერმინალის მოწყობას; ბ.გ) სათამაშო აპარატის მონიტორინგის მოწყობილობის განთავსებას. გ) სერტიფიკატის გაცემა. 4. სათამაშო სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირველადი კვლევა/ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემა ხორციელდება ცალ-ცალკე, საქმიანობის შემდეგი მიმართულებების მიხედვით: ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობები; ბ) სათამაშო აპარატების სალონ(ებ)ი, ტოტალიზატორები, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) არსებითი პროდუქცია/მომსახურება; 5. ავტორიზაცია ხორციელდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361მუხლის საფუძველზე შერჩეული პირის მიერ. 6. ავტორიზაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შერჩეული პირის მიერ განმცხადებელზე გაიცემა ავტორიზაციის სერტიფიკატი. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნებართვის მაძიებელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აპირებს, განახორციელოს საქმიანობა სათამაშო აპარატების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების, ტოტალიზატორისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების გზით; ბ) ნებართვის მფლობელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას სათამაშო აპარატების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების, ტოტალიზატორისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების გზით; გ) შერჩეული პირი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის (შემდგომში − შემოსავლების სამსახური) მიერ, სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ოპერირების მიზნით, შერჩეული პირი; დ) განმცხადებელი – ნებართვის მაძიებელი ან/და ნებართვის მფლობელი; ე) სისტემის პირველადი კვლევა − (ტექნიკური აუდიტი) შერჩეული პირის მიერ სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან თავსებადობის შეფასება; ვ) სისტემასთან ინტეგრაცია − ტექნიკური მოწყობილობების/დანადგარების/სხვა საშუალებების განთავსება, რომლის მიზანია კონტროლის ელექტრონულ სისტემაში სათამაშო სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების ინტეგრირება; ზ) დღე − კალენდარული დღე; თ) ავტორიზაციის სერტიფიკატი – შერჩეული პირის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის, აგრეთვე ზოგიერთი არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობას. თავი II ავტორიზაცია მუხლი 3. განაცხადი ავტორიზაციის შესახებ 1. განმცხადებელი შერჩეულ პირს მიმართავს ამ ბრძანებით (დანართი №1) დამტკიცებული ელექტრონული განაცხადით, www.portal.rsi.ge ვებგვერდის მეშვეობით. 2. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) იურიდიული პირის/მეწარმე ფიზიკური პირის დასახელებას, საიდენტიფიკაციო კოდს, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ვინაობასა და პირად ნომერს, მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ მომსახურების ჩამონათვალს, რომელზედაც სურს ავტორიზაციის განხორციელება; გ) სათამაშო აპარატების შემთხვევაში – ავტორიზაციას დაქვემდებარებული სათამაშო აპარატების რაოდენობას. 3. განმცხადებელსა და შერჩეულ პირს შორის კომუნიკაცია ხორციელდება ელექტრონული ფორმით, მუხლი 4. ავტორიზაციის შესახებ განაცხადის განხილვა და მომსახურების საფასური 1. ავტორიზაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში შერჩეული პირი შეისწავლის წარდგენილ განაცხადსა და მასზე თანდართულ დოკუმენტებს/ინფორმაციას და ადგენს განაცხადში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობას ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან. 2. განაცხადში მითითებული ინფორმაციის არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში შერჩეული პირი უფლებამოსილია განმცხადებელს განუსაზღვროს გონივრული ვადა ინფორმაციის დაზუსტების მოთხოვნით. 3. თუ განაცხადი აკმაყოფილებს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელსა და შერჩეულ პირს შორის ფორმდება მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, მომსახურების საფასურის გადახდის ვადა და მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა,რომელიც დგინდება „შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის №455 დადგენილების (შემდგომში – დადგენილება) მე-4 მუხლით დადგენილი ოდენობის ფარგლებში. 4. გადახდილი საფასური დაბრუნებას ექვემდებარება, თუ: ა) განმცხადებელმა პირველადი კვლევის დაწყებამდე მოითხოვა ავტორიზაციის პროცესის შეწყვეტა და გადახდილი თანხის დაბრუნება; ბ) საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთს შორის. 5. საფასური ბრუნდება მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 6 თვის ვადაში ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. მუხლი 5. სისტემის პირველადი კვლევა და მისი შედეგები 1. შერჩეული პირი ვალდებულია, დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული საფასურის გადახდიდან არაუგვიანეს 20 დღისა დაიწყოს პირველადი კვლევის პროცედურები და აცნობოს განმცხადებელს მისი დაწყების და დასრულების თარიღი, რომელიც განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – არაუმეტეს 45 დღე; ბ) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სათამაშო აპარატებთან მიმართებით – არაუმეტეს 30 დღე; გ) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტოტალიზატორებთან მიმართებით – არაუმეტეს 15 დღე; დ) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – არაუმეტეს 15 დღე. 2. საჭიროების შემთხვევაში, ამა თუ იმ ტექნიკური თუ სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც პირველადი კვლევისთვის საჭიროა დამატებითი ვადა, შერჩეული პირის დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადები გაზარდოს ერთჯერადად, არაუმეტეს იმავე პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი ვადების ფარგლებში, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება განმცხადებელს. 3. პირველადი კვლევის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო 7 დღის განმავლობაში განმცხადებელს ეგზავნება კვლევის შედეგი, რომელშიც მითითებულია, თუ რამდენად აკმაყოფილებს მის მიერ წარმოდგენილი განაცხადი ამ წესისა და ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებს/სტანდარტებს. 4. იმ შემთხვევაში, თუ პირველადი კვლევის შედეგი დადებითია, შერჩეული პირი იწყებს განმცხადებლის სისტემასთან ინტეგრაციის პროცედურებს. 5. იმ შემთხვევაში, თუ პირველადი კვლევის შედეგი უარყოფითია, მაგრამ არ არსებობს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, შერჩეული პირი განმცხადებელს განუსაზღვრავს ხარვეზის აღმოფხვრისთვის საჭირო გონივრულ ვადას. თუ განმცხადებელი ამ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, ავტორიზაციის პროცესი შეწყვეტილად ჩაითვლება. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი გამოასწორებს ხარვეზს, შერჩეული პირი დაადასტურებს ხარვეზის გამოსწორებას და არ გამოვლინდება ახალი ხარვეზი, შერჩეული პირი იწყებს განმცხადებლის სისტემასთან ინტეგრაციის პროცედურებს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირველადი კვლევით დასტურდება, რომ განმცხადებლის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობები, აგრეთვე ზოგიერთი არსებითი პროდუქცია/მომსახურება არსებითად არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს/მოთხოვნებს, რის გამოსწორებაც მიმდინარე ავტორიზაციის პროცესში შეუძლებელია. მუხლი 6. სისტემასთან ინტეგრაცია 1. ინტეგრაციის პროცესი დაიწყება მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად განმცხადებელის მიერ, დაგენილების მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) განსაზღვრული შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში. თუ შესაბამისი საფასური არ იქნა გადახდილი ავტორიზაციის პროცესი წყდება. 2. ინტეგრაციის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისთანავე და გრძელდება: ა) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – არაუმეტეს 30 დღე; ბ) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სათამაშო აპარატებთან მიმართებით – არაუმეტეს 90 დღე; გ) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტოტალიზატორებთან მიმართებით – არაუმეტეს 10 დღე. დ) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - არაუმეტეს 45 დღე; 3. საჭიროების შემთხვევაში, შერჩეული პირის დასაბუთებული მოთხოვნით, როდესაც სისტემის ინტეგრაციის პროცესისთვის საჭიროა დამატებითი ვადა, შერჩეული პირი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადები გაზარდოს ერთჯერადად, არაუმეტეს 30 დღით, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება განმცხადებელს. მუხლი 7. ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემა და გაუქმება 1. სისტემის ინტეგრაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შერჩეული პირი გასცემს ავტორიზაციის სერტიფიკატს. 2. ავტორიზაციის სერტიფიკატის ფორმა განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად. 3. ავტორიზაციის სერტიფიკატი უვადოა. 4. ავტორიზაციის სერტიფიკატი გაუქმდება, თუ: ა) ოპერატორმა არსებითად შეცვალა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობები, აგრეთვე ზოგიერთი არსებითი პროდუქცია/მომსახურება და დადგენილი წესით არ გაიარა რეავტორიზაცია; ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ გადაიხადა ავტორიზაციის საფასური; გ) რეავტორიზაციისას დადგება მე-5 მუხლის მე-5 ან/და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი; დ) რეავტორიზაციის პროცესის შედეგად გაიცა ავტორიზაციის ახალი სერტიფიკატი. 5. როგორც მოქმედი, ისე გაუქმებული ავტორიზაციის სერტიფიკატები აღირიცხება შერჩეულის პირის მიერ სსიპ – შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმით. მუხლი 8. რეავტორიზაცია 1. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელი არსებით ცვლილებას შეიტანს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში, აგრეთვე ზოგიერთი არსებით პროდუქციაში/მომსახურებაში ან/და იგი გეგმავს ასეთი ცვლილების განხორციელებას, იგი წინასწარ მიმართავს შერჩეულ პირს რეავტორიზაციის გავლის მოთხოვნით. 2. რეავტორიზაციის პროცესი იწყება, მიმდინარეობს და სრულდება ავტორიზაციისთვის დადგენილი წესების შესაბამისად. ამასთან, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ განაცხადში დამატებით მიეთითება, რომ მოთხოვნა შეეხება რეავტორიზაციას. მუხლი 9. უსაფრთხოების დამღა 1. ავტორიზაციის პროცესის მიზნებისთვის, ასევე მის შემდგომ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში, აგრეთვე ზოგიერთ არსებით პროდუქციაში/მომსახურებაში არასანქცირებული მოდიფიკაციისა და მანიპულირების თავიდან აცილების მიზნით, შერჩეული პირი უსაფრთხოების დამღას ადებს განმცხადებლის მოწყობილობებს (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სათამაშო აპარატებით, შესაბამისი სერვერებით). 2. სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორმა საკუთარ ვებგვერდზე დამატებით უნდა განათავსოს უსაფრთხოების ელექტრონული დამღა (Digital Seal). აღნიშნულის მეშვეობით კონტროლდება, რომ თამაშობის ორგანიზატორი სრულად არის ინტეგრირებული სისტემაში და თამაშობაში არ გამოიყენება არაავტორიზებული პროგრამული უზრუნველყოფა ან/დააღჭურვილობა. 3. ელექტრონული დამღის ფორმა განისაზღვრება შერჩეული პირის მიერ სსიპ – შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები