ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 327
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.022040
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
327
25/05/2020
ვებგვერდი, 27/05/2020
340170000.10.003.022040
ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/05/2020 - 18/05/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №327

2020 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
ნარჩენების მართვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ“.
მუხლი 2
ეს დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. 
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ტექნიკური რეგლამენტი
ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის მიზანი

ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მიზანია:

ა) ნარჩენების მართვის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მე-9 მუხლის შესაბამისად, სპეციფიკური ნარენების – ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებული   მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა და აღნიშნული ნარჩენების მართვის წესების განსაზღვრა;

ბ) ნარჩენი ზეთების წარმოქმნის პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეგენერაცია ან სხვაგვარად აღდგენა და ასეთი ნარჩენის განთავსების შემცირება ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობისთვის.

 

მუხლი 2.  რეგულირების სფერო                      

1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება საქართველოს ბაზარზე განთავსებულ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ნარჩენ ზეთებზე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

 2. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება  ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის ნარჩენ ზეთებზე, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის.

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, ტექნიკურ რეგლამენტში მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ზეთი – ბაზარზე განთავსებული მინერალური ან სინთეტიკური საპოხი ან სხვა სახის საწარმოო ზეთი, რომელიც განკუთვნილია სამრეწველო დანიშნულებით, სატრანსპორტო საშუალებებში ან სხვა სახით გამოსაყენებლად, კერძოდ: ძრავის ზეთი, გადაცემათა კოლოფის ზეთი, საპოხი ზეთი, ტურბინის ზეთი, ჰიდრავლიკური ზეთი და სხვ.;

ბ) ნარჩენი ზეთი – ზეთი, რომელიც წარმოადგენს ნარჩენს, კოდექსის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

გ) ნარჩენი ზეთის რეგენერაცია  პროცესი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბაზისო ზეთის მიღება ნარჩენი ზეთის გაწმენდით. კერძოდ, ნარჩენი ზეთიდან დამბინძურებლების, ჟანგვის პროდუქტებისა და მინარევების მოშორებით;

დ) ნარჩენი ზეთის დამუშავება – კოდექსის მე-3 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ოპერაციები ნარჩენ ზეთებთან დაკავშირებით;

ე) მწარმოებელი – პირი, რომელიც ახორციელებს ზეთების, მათ შორის, მოწყობილობებში, დანადგარებსა და სატრანსპორტო საშუალებებში არსებული ზეთების საქართველოს ბაზარზე პირველად განთავსებას, მათი რეალიზაციის მეთოდის მიუხედავად;

ვ) დისტრიბუტორი  იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც უზრუნველყოფს ზეთების ბაზარზე ხელმისაწვდომობას. დისტრიბუტორი შეიძლება ამავე დროს მწარმოებელიც იყოს;

ზ) ბაზარზე განთავსება –  ქვეყნის ტერიტორიაზე მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდება ან მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ, რაც ასევე მოიცავს პროდუქტის იმპორტს ქვეყნის ტერიტორიაზე. ბაზარზე განთავსებად არ ითვლება იმპორტირებული პროდუქტის ექსპორტი, თუ ექსპორტი დასტურდება საბაჟო დეკლარაციით;

თ) ოპერატორი – პირი, რომელიც ჩართულია ზეთების და ნარჩენი ზეთების სასიცოცხლო ციკლში: მწარმოებელი, დისტრიბუტორი, შეგროვების პუნქტები და ცენტრები, შემგროვებელი, რეგენერაციის ან სხვა სახის დამუშავების განმახორციელებელი;

ი) შეგროვების პუნქტი – მომხმარებლის მიერ ნარჩენი ზეთების განსათავსებლად ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად შერჩეული პუნქტი;

კ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (შემდგომშ  მგვ) – გარემოსდაცვითი  მიდგომა, რომელიც მოიცავს  მწარმოებლის პასუხისმგებლობას საკუთარ პროდუქტზე ამ პროდუქტის მოხმარების შემდგომ ეტაპზეც, სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, კოდექსის მე-9 მუხლის პირველი–მე-4 ნაწილების შესაბამისად;

ლ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესაბამისობის სქემა (შემდგოში – მგვ-ის შესაბამისობის სქემა) – ღონისძიებების სისტემა, რომელიც ხორციელდება მწარმოებლების მიერ, ბაზარზე განთავსებული საკუთარი პროდუქტის ნარჩენად გადაქცევის შემდეგ მასზე ფინანსური ან ფინანსური და ორგანიზაციული პასუხისმგებლობის აღების უზრუნველსაყოფად. არსებობს მგვ-ის შესაბამისობის ინდივიდუალური და კოლექტიური სქემა:

ლ.ა) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესაბამისობის ინდივიდუალური სქემა (შემდგომში – მგვ-ის ინდივიდუალური სქემა) – ღონისძიებების სისტემა, როცა ცალკეული მწარმოებლი, ინდივიდუალურად, საკუთარი რესურსებით ქმნის მგვ-ის ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და ტრანსპორტირებას შესაბამის ავტორიზებულ ობიექტზე, აღდგენის (მათ შორის, რეციკლირების) მიზნით;

ლ.ბ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესაბამისობის კოლექტიური სქემა (შემდგომში – მგვ-ის კოლექტიური სქემა) – ღონისძიებების სისტემა, როცა ერთზე მეტი მწარმოებლი ქმნის მგვ-ის ორგანიზაციას რომელიც მისი წევრი მწარმოებლების რესურსებით, წილობრივი შენატანებით (რეციკლირების წინასწარი შენატანი) უზრუნველყოფს მწარმოებლების მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტებისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და ტრანსპორტირებას შესაბამის ავტორიზებულ ობიექტზე, აღდგენის (მათ შორის, რეციკლირების) მიზნით;

მ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია (შემდგომში – მგვ-ის ორგანიზაცია) – მწარმოებლების მიერ ინდივიდუალურად ან კოლექტიურად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია მწარმოებლების გაფართოებული ვალდებულებების შესრულებაზე;

ნ) რეციკლირების წინასწარი შენატანი – წილობრივი შენატანი, რომელსაც მგვ-ის ორგანიზაციის წევრი უხდის მგვ-ის ორგანიზაციას, მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად მართვისთვის;

ო) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის სამინისტრო.

2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. 

 

მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები

ოპერატორები ვალდებული არიან გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ნარჩენი ზეთების მართვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე.

 

მუხლი 5. ნარჩენი ზეთის შეგროვება და დამუშავება

1. ნარჩენი ზეთების შეგროვება, ტრანსპორტირება, დროებითი შენახვა და დამუშავება საჭიროებს შესაბამის გადაწყვეტილებას ან/და რეგისტრაციას, კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.

2. მომხმარებლისგან ნარჩენი ზეთის მიღება ხორციელდება შეგროვების პუნქტებში, სადაც ნარჩენი უნდა განთავსდეს ამ მიზნისთვის სპეციალურად გამოყოფილ კონტეინერებში ან ავზებში, რომლებიც დაცულია გაჟონვისგან და აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით. შეგროვების პუნქტები უნდა მოეწყოს თხევადი საწვავის სადგურებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარემონტო და ტექნიკური მომსახურების სადგურებში, სამრეწველო ობიექტებში, პორტებში, აეროპორტებსა და სხვა ობიექტებში, სადაც ხდება ზეთების  გამოცვლა.

3. შეგროვების პუნქტებში ან შეგროვების ცენტრებში შეგროვებული ნარჩენი ზეთი გადაეცემა ნარჩენი ზეთის რეგენერაციის ან/და აღდგენის ობიექტებს, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც რეგენერაცია ან/და აღდგენა, ტექნიკური ან ეკონომიკური თვალსაზრისით, შეუძლებელია – შესაბამის ობიექტებს, მათი უსაფრთხოდ განსათავსებლად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. რეგენერაციის ობიექტები ვალდებული არიან მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად: 

ა) შეამცირონ რეგენერაციის შედეგად წარმოქმნილი პოტენციურად სახიფათო ნარჩენებით გამოწვეული საფრთხეები;

ბ) უზრუნველყონ, რომ რეგენერაციით მიღებული ზეთები არ შეიცავდეს პოლიქრორირებულ ბიფენილებს/პოლიქრორირებულ ტერფენილებს (PCBs/PCTs); პოლიქლორირებული ბიფენილების/პოლიქრორირებული ტერფენილების (PCBs/PCTs) შემცველი ზეთების მართვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად;

გ) უზრუნველყონ, რომ რეგენერებული ზეთები აკმაყოფილებდეს დადგენილ ნორმებს.

5. სამრეწველო ობიექტებში ნარჩენი ზეთების საწვავად გამოყენება, ენერგიის აღდგენით, უნდა განხორციელდეს სახიფათო ნარჩენების ინსინერაციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 6. ნარჩენი ზეთების აღდგენისა და რეგენერაციის მიზნობრივი მაჩვენებლები

1. ზეთების მწარმოებელმა, მგვ კოლექტიური ან ინდივიდუალური ორგანიზაციის მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს ზეთების შეგროვება, აღდგენა და რეგენერაცია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი  I-ის შესაბამისად განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

2. მიზნობრივი  მაჩვენებლები დადგენილია საქართველოს ბაზარზე განთავსებული ზეთების რაოდენობის გათვალისწინებით, პროცენტული მაჩვენებლების სახით.

3. მგვ-ს დაქვემდებარებული სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების, ხელახალი გამოყენებისთვის მომზადების, აღდგენისა და რეციკლირების მიზნობრივი მაჩვენებლების გაანგარიშების წესები და მიღწევის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 7. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების რეესტრი

1. ზეთების ყველა მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე,  დარეგისტრირდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს სამინისტრო. მგვ რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

2. 2021 წლის 1 ივნისამდე ზეთების ყველა მწარმოებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია მგვ-ის რეესტრში და შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო კოდი. იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) საკონტაქტო ინფორმაცია;

გ) საქმიანობის სახე;

დ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის კოდი;

ე) წინა წლის განმავლობაში და რეგისტრაციის დროისთვის საქართველოს ბაზარზე განთავსებული ზეთების  წონა, სახეობების მიხედვით (ტონებში). 

3. რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს:

ა) ყოველთვიური ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული ზეთების შესახებ (წონა, სახეობების მიხედვით, ტონებში) მომდევნო თვის 15 რიცხვამდე;

ბ) ინფორმაცია მომავალი წლისათვის ბაზარზე განსათავსებლად გათვალისწინებული ზეთების  შესახებ (წონა, სახეობების მიხედვით, ტონებში) ყოველი წლის  15 ნოემბრამდე.

4. სამინისტრო ვალდებულია შექნას და აწარმოოს მონაცემთა ბაზა, რომელშიც აღირიცხება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, ზეთების ნარჩენების შეგროვების, საქართველოში მათი დამუშავებისა და ქვეყნიდან ექსპორტის შესახებ.

 

მუხლი 8.  მგვ შესაბამისობის სქემები

1. მწარმოებელი ვალდებულია შექმნას მგვ ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან კოლექტიურად იმის გათვალისწინებით, რომ ინდივიდუალური მგვ ორგანიზაციის მქონე მწარმოებლის ან კოლექტიური მგვ ორგანიზაციის წევრი მწარმოებლების (ჯამურად)  ბაზრის წილი უნდა შეადგენდეს მთლიანი ბაზრის არანაკლებ 10%-ს.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულება და მე-6 მუხლში განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა მწარმოებლების მიერ ხორციელდება ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, მწარმოებლების მიერ შექმნილი მგვ შესაბამისობის იდივიდუალური ან კოლექტიური სქემების საშუალებით, კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

3. ის მწარმოებელი, რომელიც არ გაწევრიანდება მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილ მგვ ორგანიზაციაში, ვალდებულია შექმნას მგვ ინდივიდუალური სქემა და სამინისტროს წარუდგინოს განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად.

4. მგვ შესაბამისობის სქემამ უნდა უზრუნველყოს ნარჩენების მართვის პროცესის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და მე-6 მუხლში განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა.

5. როგორც მწარმოებლის მიერ ინდივიდუალურად, ასევე მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილი თითოეული მგვ-ის ორგანიზაცია უნდა დარეგისტრირდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

 

მუხლი 9.  მგვ-ის ორგანიზაციის წევრობა, მგვ-ის ორგანიზაციის ვალდებულებები

1. მწარმოებლის გაწევრიანება მგვ ორგანიზაციაში ხდება მწარმოებელსა და ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადებით. აღნიშნული ხელშეკრულება  წარმოადგენს მწარმოებლის მგვ ორგანიზაციაში წევრობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც მგვ ორგანიზაციის მიერ ელექტრონულად უნდა იქნეს ატვირთული  „მგვ-ის რეესტრი“.

2. მგვ ორგანიზაციის წევრი ვალდებულია:

ა) მგვ ორგანიზაციაში გადაიხადოს რეციკლირების წინასწარი შენატანი, მის მიერ ბაზარზე განთავსებული ზეთების წილის შესაბამისად;

ბ) ახალ მგვ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადებისას წარადგინოს წინა მგვ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) მგვ ორგანიზაციის წევრობის შეწყვეტიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განაახლოს მგვ რეესტრში შესაბამისი მონაცემები;

დ) ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) წარუდგინოს სამინისტროს, სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადასტურებული ინფორმაცია მის მიერ იმპორტირებული ზეთების  რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით, ტონებში) შესახებ, მგვ რეესტრის საშუალებით (ელექტრონულად).

3. მწარმოებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ნარჩენი ზეთების მგვ ორგანიზაციის წევრი. მწარმოებელმა მგვ ორგანიზაციის წევრობა შესაძლებელია შეწყვიტოს მხოლოდ საანგარიშო პერიოდის დასრულებისას, ურთიერთანგარიშსწორების შემდეგ.

4. მგვ ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) ნარჩენების მართვის იერარქიის შესაბამისად დაგეგმოს და განახორციელოს  ნარჩენი ზეთების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება ან დამუშავებისათვის გადაცემა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა;

ბ) უზრუნველყოს თანამშრომლობა ოპერატორებთან, ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის მგვ ორგანიზაციებთან   და შესაბამის  უფლებამოსილ პირებთან;

გ) ნარჩენი ზეთების მართვის არსებული სქემების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და  სქემებში საზოგადოების მონაწილეობის მაღალი დონის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოებას  სისტემატურად მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია;

დ) სამინისტროს მიაწოდოს მონაცემები, ინფორმაცია და ანგარიშები მგვ ორგანიზაციის მუშაობის, ბაზარზე განთავსებული ზეთების რაოდენობის, რეგენერირებული და აღდგენილი ზეთების რაოდენობისა და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის შესახებ;

ე) შექმნას მდგრადი ფინანსური საფუძველი ნარჩენი ზეთების სეპარირებული შეგროვებისა და მართვის ხარჯების ანაზღაურებისათვის;

ვ) ჰქონდეს პროდუქტისა და მასალების თვალსაზრისით მკაფიოდ განსაზღვრული  გეოგრაფიული დაფარვა და არ შემოიფარგლოს მხოლოდ იმ ტერიტორიით, სადაც ნარჩენების მართვა ყველაზე მომგებიანია;

ზ) შექმნას თვითმონიტორინგის სრულყოფილი მექანიზმი და ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება, რათა შეაფასოს:

ზ.ა) ორგანიზაციის ფინანსური მართვა, მათ შორის, მწარმოებლების მიერ გადახდილი წილობრივი შენატანები;

ზ.ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით მგვ ორგანიზაციის მიერ შეგროვებული და სამინისტროში წარდგენილი  მონაცემების სისწორე;

თ) საჯაროდ გამოაქვეყნოს ინფორმაცია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლში განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის შესახებ;

ი) მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილი მგვ ორგანიზაცია, დამატებით, ვალდებულია საჯაროდ გამოაქვეყნოს ინფორმაცია:

ი.ა) ორგანიზაციის წევრების შესახებ; 

ი.ბ) ორგანიზაციის წევრების მიერ გადახდილი რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობის შესახებ; 

ი.გ) ოპერატორების შერჩევის პროცედურის შესახებ;

კ) მგვ ორგანიზაცია უფლებამოსილია შექმნას სარეზერვო ფონდი, რომლის რაოდენობა განისაზღვრება ორგანიზაციის წევრ მწარმოებლების მიერ და რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეციკლირებადი მასალების უარყოფითი საბაზრო ფასის კომპენსაციისთვის და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯის დასაფარად მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის მიზნით.

 

მუხლი 10. რეციკლირების წინასწარი შენატანი

1. მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილი თითოეული მგვ ორგანიზაცია თავის წევრ მწარმოებლებს განუსაზღვრავს რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობას. აღნიშნული შენატანი საკმარისი უნდა იყოს მწარმოებლის მიერ საქართველოს ბაზარზე განთავსებულ პროდუქტთან დაკავშირებული შემდეგი ხარჯების დასაფარად:

ა) ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების ხარჯები, ნარჩენების ხელახალი გამოყენებით და მეორადი ნედლეულის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით;

ბ) ნარჩენების მფლობელების ინფორმირების ხარჯები;

გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მონაცემების შეგროვებისა და ანგარიშგების ხარჯები;

დ) მგვ ორგანიზაციის ადმინისტრაციულ ხარჯები.

2. რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობის დადგენისას, პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ცალკეული პროდუქტის ან მსგავსი პროდუქტების ჯგუფების სპეციფიკაციები, მათ შორის, მათი  აღდგენისა და რეციკლირების შესაძლებლობა და მათში სახიფათო ნივთიერებების არსებობა.

3. მგვ-ის ორგანიზაციის ხარჯები წევრებს შორის ღიად განისაზღვრება. აღნიშნული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს ნარჩენების მართვის მომსახურების ხარჯეფექტიანად შესასრულებლად საჭირო ხარჯებს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები უნდა შესრულდეს ისე, რომ ზეთების ნარჩენების ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის მგვ ორგანიზაციების მიერ შეგროვების შემთხვევაში მწარმოებელს არ დაეკისროს ორმაგი რეციკლირების წინასწარი შენატანის გადახდის ვალდებულება.

 

მუხლი 11. მგვ ორგანიზაციის ავტორიზაცია

1. საქმიანობის დაწყებამდე მგვ ორგანიზაციამ უნდა მიიღოს ავტორიზაცია სამინისტროსგან,  რისთვისაც ზეთების მწარმოებლები ვალდებულნი არიან შექმნან მგვ ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან სხვა მწარმოებლებთან ერთობლივად და სამინისტროს წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი II-ით  განსაზღვრულ ინფორმაციას.

2. სამინისტრო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადს და ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილია 30 დღის ვადაში მოითხოვოს ხარვეზის გამოსწორება და დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა.  სამინისტრო ვალდებულია ავტორიზაციის გადაწყვეტილება მიიღოს სამი (3) თვის ვადაში განაცხადის შემოტანის დღიდან ან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის დღიდან.

3. გადაწყვეტილება მგვ ორგანიზაციის ავტორიზაციის შესახებ ძალაშია ექვსი (6) წლის განმავლობაში.

4. მგვ ორგანიზაცია ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ექვსწლიანი ვადის ამოწურვამდე, სულ მცირე, ექვსი (6) თვით ადრე, სამინისტროში შეიტანოს განაცხადი ავტორიზაციის გაგრძელების თაობაზე. ეს განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი II -ით განსაზღვრულ ინფორმაციას.

5. ავტორიზაციის მიღების შემდეგ მგვ ორგანიზაცია ვალდებულია სამინისტროს შესათანხმებლად, ყოველწლიურად, წარუდგინოს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ნარჩენი ზეთების მართვის ღონისძიებების ბიუჯეტს და  გეგმას. სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს კონკრეტულ ღონისძიებებს, მათ მიზნებს, განხორციელების საშუალებებს, ვადებსა და შესაბამის ხარჯებს. ასევე სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ღონისძიებები, მათი მიზნები, განხორციელების საშუალებები, ვადები და შესაბამისი ხარჯები. სამოქმედო გეგმის განხილვისას სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ერთობლივი კამპანიების ჩატარება სხვა მგვ ორგანიზაციებთან ერთად. სამოქმედო გეგმა სამინისტროს უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის წინა კალენდარული წლის პირველ ნოემბრამდე. სამინისტრო განიხილავს და შეითანხმებს სამოქმედო გეგმას 30 დღის ვადაში ან დაუბრუნებს წარმდგენს შენიშვნებით.

6. ავტორიზაციის მიღებისა და საქმიანობის დაწყებიდან  ყოველი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ მგვ ორგანიზაცია ვალდებულია სამინისტროს შესაფასებლად წარუდგინოს საქმიანობის დეტალური წლიური ანგარიში სამინისტროსთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. ანგარიშს უნდა ერთოდეს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა. ანგარიში სამინისტროს უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 30 აპრილამდე.

7. სამინისტრო უფლებამოსილია გააუქმოს მგვ ორგანიზაციის ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მგვ ორგანიზაციამ მიმართა სამინისტროს ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით;

ბ) არ სრულდება ავტორიზაციის გადაწყვეტილებაში განსაზღვრული პირობები;

გ) ავტორიზაციის მიღებიდან მე-3 წელს არ იქნა მიღწეული ნარჩენების აღდგენისა და რეგენერაციის მიზნობრივი მაჩვენებლები;

გ) ადგილი აქვს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობას;

დ) სამინისტროს აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ:

დ.ა) ავტორიზაცია მოხდა ყალბი/არასწორი მონაცემების/დოკუმენტაციის საფუძველზე;

დ.ბ) მგვ შესაბამისობის სქემა გაუმართავია და შესაბამისად ვერ უზრუნველყოფს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.

 

მუხლი 12.  სამინისტროს უფლებამოსილება

სამინისტრო უფლებამოსილია, მგვ შესაბამისობის სქემების ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით:  

ა) შექმნას და აწარმოოს ელექტრონული რეესტრი, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის შესაბამისად;

ბ) შექმნას და აწარმოოს ნარჩენი ზეთების მონაცემთა ბაზები, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ქვეყანაში ნარჩენი ზეთების რაოდენობის, მახასიათებლებისა და დინამიკის შესახებ. ამ თვალსაზრისით სამინისტრო უფლებამოსილია:

ბ.ა) შეამოწმოს წარმოდგენილი მონაცემების სისწორე;

ბ.ბ) შეაგროვოს და დაამუშაოს დამატებითი ინფორმაცია, კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) მიანიჭოს და გაუგრძელოს ავტორიზაცია მგვ ორგანიზაციებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად;

დ) ითანამშომლოს მგვ ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა  დაინტერესებულ მხარეებთან, საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელების მიზნით;

ე) განახორციელოს კონტროლი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისა დავალდებულებების შესრულებაზე კანონმდებლობის შესაბამისად; შემოწმების ჩასატარებლად სამინისტრო უფლებამოსილია, ითანამშრომლოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან. სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გაუწიონ შესაბამისი დახმარება შემოწმებების ჩატარებაში;

ვ) გააუქმოს მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;

ზ) ყოველი წლის 31 მაისამდე მოამზადოს და სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში/ანგარიშები  წინა წელს ნარჩენი ზეთების მართვაში მიღწეული შედეგების შესახებ.

 

მუხლი 13. დისტრიბუტორების ვალდებულებები

1. ზეთების დისტრიბუტორები ვალდებული არიან ბაზარზე არ განათავსონ ისეთი მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები (ან არ აქვთ შექმნილი ინდივიდუალური მგვ ორგანიზაცია).

2. მწარმოებლის მგვ რეესტრში რეგისტრაცია დასტურდება მგვ რეესტრში მინიჭებული უნიკალური კოდით, ხოლო მგვ ორგანიზაციის წევრობა – მგვ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

 

მუხლი 14 . მომხმარებლების ვალდებულებები

1. მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს ნარჩენი ზეთების  შეგროვების სისტემა, მომხმარებლები ვალდებული არიან ნარჩენი ზეთები განათავსონ სპეციალურად მოწყობილ შეგროვების პუნქტებში.

2. ნარჩენი ზეთების წარმომქმნელი იურიდიული პირები, მათ შორის, სახელმწიფო ორგანიზაციები, ვალდებული არიან ნარჩენი ზეთები გადასცენ შესაბამის უფლებამოსილ ნარჩენების შემგროვებლებს.

 

მუხლი 15. მომხმარებლების ინფორმირება

1. მგვ ორგანიზაცია სამინისტროსთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით ატარებს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს მომხმარებლებისთვის, შემდეგ საკითხებზე:

ა) ნარჩენ ზეთებში არსებული ნივთიერებების შესაძლო ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;

ბ) ნარჩენი ზეთების უკონტროლოდ განთავსების დაუშვებლობა და მათ სეპარირებულ შეგროვებაში მონაწილეობის აუცილებლობა, დამუშავებისა და აღდგენის  ხელშეწყობის მიზნით;

გ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების არსებული ორგანიზაციები და ამ სახის ნარჩენების მართვაში (შეგროვება, ტრანსპორტირება, შენახვა, აღდგენა და რეგენერაცია) ჩართული კომპანიები, მათი ფუნქციები და ვალდებულებები;

დ) მომხმარებლების როლი ნარჩენი ზეთების მართვის ხელშეწყობაში.

2. დისტრიბუტორები ვალდებული არიან მომხმარებელს მიაწოდონ ინფორმაცია ნარჩენი ზეთების უსასყიდლოდ (მომხმარებელი ჩაბარებისთვის საფასურს არ იხდის) ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ.

 

მუხლი 16. აღრიცხვა

1. ნარჩენი ზეთების მართვაში ჩართული ოპერატორები ვალდებული არიან შეასრულონ აღრიცხვასა და დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებული შემდეგი მოთხოვნები:

ა) ის ობიექტები, სადაც განთავსებულია შეგროვების პუნქტები, ვალდებული არიან აღრიცხონ:

ა.ა)  შეგროვებული ნარჩენი ზეთების რაოდენობები;

ა.ბ) შეგროვების პუნქტიდან შეგროვების ცენტრებში ან დამუშავების ობიექტებზე გადაცემული ნარჩენი ზეთების რაოდენობები, შეგროვების თარიღების, რაოდენობების, დანიშნულების ადგილის (შეგროვების ცენტრი ან დამუშავების ობიექტი) და შემგროვებლის შესახებ ინფორმაციის მითითებით;

ბ) შეგროვების ცენტრები ვალდებული არიან აღრიცხონ:

ბ.ა) შეგროვების ცენტრში შეგროვებული ნარჩენი ზეთების რაოდენობები, მიღების თარიღების, მათი წარმოშობის, გადაცემული ზეთების რაოდენობებისა და შემგროვებლის  შესახებ ინფორმაციის მითითებით;

ბ.ბ) შეგროვების ცენტრებიდან დამუშავების ობიექტებზე მიტანილი ნარჩენი ზეთების რაოდენობები, შეგროვების თარიღების, დანიშნულების ადგილის, შეგროვებული ზეთების რაოდენობისა და შემგროვებლის შესახებ ინფორმაციის მითითებით;

გ) შემგროვებლები ვალდებული არიან აღრიცხონ შეგროვებული ნარჩენი ზეთების რაოდენობები, წარმომავლობისა და დანიშნულების ადგილის მითითებით;

დ) დამუშავების ობიექტები ვალდებულები არიან აღრიცხონ:

დ.ა) დამუშავების ობიექტებზე მიტანილი ნარჩენი ზეთების რაოდენობები მიღების თარიღების, მათი წარმომავლობის, რაოდენობებისა და გადამზიდავის  შესახებ ინფორმაციის მითითებით;

დ.ბ) აღდგენილი ზეთების რაოდენობები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები, შემოწმების მიზნით, ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამინისტროსთვის.

 

მუხლი 17.  პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის

ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კოდექსის  X  თავით.

 

დანართი I

 

ნარჩენი ზეთების აღდგენისა და რეგენერაციის მიზნობრივი მაჩვენებლები წლების მიხედვით

 

 

2022

2023

2024

2025

2026

2027

2028

2029

2030

2031

აღდგენა

15%

18%

23%

25%

30%

35%

40%

45%

50%

50%

ენერგიის აღდგენა

7%

9%

10%

12%

15%

17%

20%

23%

25%

25%

რეგენერაცია

8%

9%

10%

13%

15%

18%

20%

22%

25%

25%

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი II

მგვ ორგანიზაციის ავტორიზაციისთვის წარსადგენი განაცხადის შინაარსი

 

1. განაცხადის წარმდგენი:

განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წარმდგენის შესახებ:

ა) სახელი, იურიდიული მისამართი, ეკონომიკური საქმიანობის კოდი, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ბ) ზეთების მწარმოებლის, ხოლო მგვ კოლექტიური სქემის შემთხვევაში მწარმოებლების მონაცემები (სახელი, იურიდული მისამართი, ეკონომიკური საქმიანობის კოდი, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

გ) ინფორმაცია ინდივიდუალური და კოლექტიური სქემის მგვ ორგანიზაციაში მწარმოებელთა ბაზრის წილის შესახებ (მთლიანი ბაზრის არანაკლებ 10%-ისა);

დ) გასული  ერთი წლის განმავლობაში მწარმოებლის (მწარმოებლების) მიერ ბაზარზე განთავსებული ზეთების სახეობა (ძრავის ზეთი, გადაცემათა კოლოფის ზეთი, საპოხი ზეთი, ტურბინის ზეთი, ჰიდრავლიკური ზეთი და სხვ.) და წლიური რაოდენობა.

2. არსებული მდგომარების აღწერა (ეს მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ მგვ კოლექტიურ ორგანიზაციებზე):

განცხადებაში წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოში ნარჩენი ზეთების მართვასთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი, რომელიც უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგს:

ა) საქართველოს ბაზარზე ამჟამად განთავსებული ზეთების წლიური რაოდენობის შეფასება;

ბ) ნარჩენი ზეთების მართვის არსებული პრაქტიკის შეფასება, მონაცემებისა და აღდგენისა და რეგენერაციის პროცენტული მაჩვენებლის მითითებით;

გ) ნარჩენი ზეთების მართვის არსებული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, შეგროვების, დახარისხების ცენტრების, ნარჩენი ზეთების რეგენერირების, აღდგენის ან რეციკლირების ობიექტების, და სხვ. ანალიზი;

დ) საქართველოში არსებული ბაზრის შეფასება რეციკლირებული მასალების ათვისების თვალსაზრისით.

3. მგვ ორგანიზაციის (მგვ შესაბამისობის სქემის) მიზნები და ამოცანები:

განაცხადში უნდა აისახოს მიზნობრივი მაჩვენებლები და მათ მისაღწევად  გამოყენებული მეთოდების მოკლე აღწერა. ამასთან, უნდა შეფასდეს ის წვლილი, რომელსაც შემოთავაზებული სქემა შეიტანს ნარჩენი ზეთების აღდგენისა და რეგენერაციის ეროვნული მიზნების შესრულებაში. განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებლებს მე-5 მუხლისა და დანართების შესაბამისად.

4. გეოგრაფიული დაფარვის არეალი:

მითითებული უნდა იყოს მგვ შესაბამისობის სქემის გეოგრაფიული დაფარვის არეალი, სამიზნე მოსახლეობა და მისი სიმჭიდროვე, და სხვ. 

5. ნარჩენი ზეთების მართვის მეთოდების აღწერა:

მგვ შესაბამისობის სქემის მეთოდოლოგია უნდა იქნეს აღწერილი (ნარჩენი ზეთების სეპარირებული  შეგროვება, ტრანსპორტირება, დროებითი შენახვა, დამუშავება და რეგენერაცია).

6. მგვ შესაბამისობის სქემის ტექნიკური და ეკონომიკური შეფასება მოიცავს:

ა) სქემის (ნარჩენი ზეთების მართვის საქმიანობები) ტექნიკურ-ეკონომიკურ მიზანშეწონილობას;

ბ) მოსალოდნელ შედეგებს;

გ) განხორციელების მეთოდოლოგიას;

დ) სქემის განხორციელებისთვის და გაფართოებისათვის საჭირო  ტექნიკური ინფრასტრუქტურის აღწერას;

ე) სქემის მუშაობისთვის შესაბამისი პერსონალის შესახებ ინფორმაციას;

ვ) ინფორმაციას ახალი სამუშაო ადგილების შესახებ;

ზ) გარემოსდაცვით სარგებელს, რომელიც განპირობებულია მართვის ღონისძიებებით, მეთოდებითა და ისეთი პრობლემების გადაჭრით, როგორიცაა დამუშავების შედეგად მიღებული მონარჩენის განთავსება;

თ) ფინანსურ მონაცემებს.

7. ბიუჯეტი, რომელიც, სულ მცირე, უნდა შედგებოდეს შემდეგი ელემენტებისაგან:

ა) ნარჩენი ზეთებიდან და რეციკლირებული ნარჩენებიდან  მიღებული შემოსავალი;

ბ) ხარჯები და მათი განაწილება;

გ) შესაძლო ზიანის ანაზღაურება.

8. მგვ ორგანიზაციის წინასწარი ხელშეკრულებები მხარეებთან:

მგვ ორგანიზაციების ხელშეკრულებები პირებთან, რომლებიც მონაწილეობენ ნარჩენების მართვაში (მაგ., დისტრიბუტორები, შემგროვებლები, დამუშავების, აღდგენისა და რეციკლირების  უფლებამოსილი ობიექტები და ა.შ).

9. საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები:

კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა ჩატარებასაც მგვ-ის ორგანიზაცია გეგმავს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების მიზნით. 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.