„ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 338
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.025230
338
07/08/2025
ვებგვერდი, 08/08/2025
340170000.10.003.025230
„ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №338

2025 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022040) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ“:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

პ) სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზეთების ყველა მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქტის        ბაზარზე განთავსებამდე, დარეგისტრირდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს სააგენტო. მგვ-ის რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო ვალდებულია, შექნას და აწარმოოს მონაცემთა ბაზა, რომელშიც აღირიცხება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, ზეთების ნარჩენების შეგროვების, საქართველოში მათი დამუშავებისა და ქვეყნიდან ექსპორტის შესახებ.

5. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია, მგვ-ის ორგანიზაციის წევრის თანხმობის შემთხვევაში, ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონულად) მგვ-ის ორგანიზაციის წევრის მიერ იმპორტირებული ზეთების რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით, ტონებში) შესახებ.“.

3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ის მწარმოებელი, რომელიც არ გაწევრიანდება მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციაში, ვალდებულია, შექმნას მგვ-ის ინდივიდუალური სქემა და სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად.“.

4. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) წარუდგინოს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის მიერ გაცემულია თანხმობა ინფორმაციის მიწოდებაზე, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად) სააგენტოს სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადასტურებული ინფორმაცია მის მიერ იმპორტირებული ზეთების რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით, ტონებში) შესახებ, მგვ-ის რეესტრის საშუალებით (ელექტრონულად).“;

ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სააგენტოს მიაწოდოს მონაცემები, ინფორმაცია და ანგარიშები მგვ-ის ორგანიზაციის მუშაობის, ბაზარზე განთავსებული ზეთების რაოდენობის, რეგენერირებული და აღდგენილი ზეთების რაოდენობისა და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის შესახებ;“;

გ) მე-4  პუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით, მგვ-ის ორგანიზაციის მიერ შეგროვებული და სააგენტოში წარდგენილი მონაცემების სისწორე;“.

5. მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია

1. საქმიანობის დაწყებამდე მგვ-ის ორგანიზაციამ უნდა მიიღოს ავტორიზაცია სააგენტოსგან, რისთვისაც ზეთების მწარმოებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მგვ-ის ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან სხვა მწარმოებლებთან ერთობლივად და სააგენტოს წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ II-ით  განსაზღვრულ ინფორმაციას.

2. სააგენტო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადს და ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილია, 30 დღის ვადაში მოითხოვოს ხარვეზის გამოსწორება და დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. სააგენტო ვალდებულია, ავტორიზაციის გადაწყვეტილება მიიღოს სამი (3) თვის ვადაში განაცხადის შეტანის დღიდან ან დამატებითი ინფორმაციის წარდგენის დღიდან.

3. გადაწყვეტილება მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაციის შესახებ ძალაშია ექვსი (6) წლის განმავლობაში.

4. მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ექვსწლიანი ვადის ამოწურვამდე, სულ მცირე, ექვსი (6) თვით ადრე, სააგენტოში შეიტანოს განაცხადი ავტორიზაციის გაგრძელების თაობაზე. ეს განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ II-ით განსაზღვრულ ინფორმაციას.

5. ავტორიზაციის მიღების შემდეგ მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია, სააგენტოს შესათანხმებლად, ყოველწლიურად, წარუდგინოს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ნარჩენი ზეთების მართვის ღონისძიებების ბიუჯეტსა და გეგმას. სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს კონკრეტულ ღონისძიებებს, მათ მიზნებს, განხორციელების საშუალებებს, ვადებსა და შესაბამის ხარჯებს. ასევე სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ღონისძიებები, მათი მიზნები, განხორციელების საშუალებები, ვადები და შესაბამისი ხარჯები. სამოქმედო გეგმის განხილვისას სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ერთობლივი კამპანიების ჩატარება სხვა მგვ-ის ორგანიზაციებთან ერთად. სამოქმედო გეგმა სააგენტოს უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის წინა კალენდარული წლის პირველ ნოემბრამდე. სააგენტო განიხილავს და შეითანხმებს სამოქმედო გეგმას 30 დღის ვადაში ან დაუბრუნებს წარმდგენს შენიშვნებით.

6. ავტორიზაციის მიღებისა და საქმიანობის დაწყებიდან  ყოველი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ, მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია, სააგენტოს შესაფასებლად წარუდგინოს საქმიანობის დეტალური წლიური ანგარიში სააგენტოსთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. ანგარიშს უნდა ერთოდეს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა. ანგარიში სააგენტოს უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 30 აპრილამდე.

7. სააგენტო უფლებამოსილია, გააუქმოს მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია, იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მგვ-ის ორგანიზაციამ მიმართა სააგენტოს ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით;

ბ) არ სრულდება ავტორიზაციის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები;

გ) ავტორიზაციის მიღებიდან მე-3 წელს არ იქნა მიღწეული ნარჩენების აღდგენისა და რეგენერაციის მიზნობრივი მაჩვენებლები;

დ) ადგილი აქვს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობას;

ე) სააგენტოს აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ:

ე.ა) ავტორიზაცია მოხდა ყალბი/არასწორი მონაცემების/ დოკუმენტაციის საფუძველზე;

ე.ბ) მგვ-ის შესაბამისობის სქემა გაუმართავია და შესაბამისად ვერ უზრუნველყოფს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.

მუხლი 12. სააგენტოს უფლებამოსილება

სააგენტო უფლებამოსილია, მგვ-ის შესაბამისობის სქემების ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით: 

ა) შექმნას და აწარმოოს ელექტრონული რეესტრი, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის შესაბამისად;

ბ) შექმნას და აწარმოოს ნარჩენი ზეთების მონაცემთა ბაზები, რომლებიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ქვეყანაში ნარჩენი ზეთების რაოდენობის, მახასიათებლებისა და დინამიკის შესახებ. ამ თვალსაზრისით, სააგენტო უფლებამოსილია:

ბ.ა) შეამოწმოს წარდგენილი მონაცემების სისწორე;

ბ.ბ) შეაგროვოს და დაამუშაოს დამატებითი ინფორმაცია, კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) მიანიჭოს და გაუგრძელოს ავტორიზაცია მგვ-ის ორგანიზაციებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად;

დ) ითანამშრომლოს მგვ-ის ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელების მიზნით;

ე) გააუქმოს მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;

ვ) ყოველი წლის 31 მაისამდე მოამზადოს და სააგენტოს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში/ანგარიშები  წინა წელს ნარჩენი ზეთების მართვაში მიღწეული შედეგების შესახებ.“.

6. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები, შემოწმების მიზნით, ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე