2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 200
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260050.10.003.021912
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
200
27/03/2020
ვებგვერდი, 27/03/2020
010260050.10.003.021912
2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/03/2020 - 21/05/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №200

2020 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „ჰ3“ ქვეპუნქტების საფუძველზე და საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, აგრეთვე „საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №628 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესი“.
მუხლი 2
დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინაცია, ამავე დადგენილებითა და „საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №628 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესი“ (შემდგომში − წესი) ეფუძნება „საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №628 დადგენილებით დამტკიცებულ „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას“ (შემდგომში −  სრიგპ).

2. წესი მოიცავს „2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში საპილოტე რეგიონების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 აგვისტოს №1713 განკარგულებით განსაზღვრულ საპილოტე რეგიონებში (შემდგომში − საპილოტე რეგიონები) ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ღონისძიებების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს და მათი დაფინანსების წესს.

3. წესი ვრცელდება სრიგპ-ის პრიორიტეტის/ღონისძიების/ ქვეღონისძიების ფარგლებში შესარჩევ იმ პროექტებზე, რომლებიც ფინანსდება შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

4. წესით განსაზღვრული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები, აგრეთვე მათი დაფინანსების წესი მოიცავს სრიგპ-ით გათვალისწინებულ პროგრამას/პროექტს.

 

მუხლი 2. სრიგპ-ის ფარგლებში პროექტის/პროგრამის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო  (შემდგომში − სამინისტრო) ყოველწლიურად ამზადებს, სრიგპ-ის ეფექტიანად განხორცილებების მიზნით, სამოქმედო გეგმას და წარუდგენს საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიას (შემდგომში − კომისია) მოსაწონებლად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სრიგპ-ით გათვალისწინებული პროგრამის პრიორიტეტებისა და საპილოტე რეგიონებისათვის ყოველწლიურად განსაკარგი ჯამური თანხის შესახებ;

ბ) სრიგპ-ით გათვალისწინებული პროგრამის თითოეული პრიორიტეტისთვის/ღონისძიებისთვის ან/და ქვეღონისძიებისთვის განსაკარგი თანხის შესახებ, შესაბამისი რეგიონისთვის;

გ) სრიგპ-ის ფარგლებში კონკურს(ებ)ის გამოცხადების განრიგის შესახებ;

დ) სრიგპ-ის განხორციელების კოორდინაციისა და მონიტორინგის აქტივობების შესახებ;

ე) სხვა ინფორმაციას, რომელიც უზრუნველყოფს სრიგპ-ის ეფექტიან განხორცილებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის მოწონების შემდეგ, კომისია განსაზღვრავს სრიგპ-ით გათვალისწინებული პროგრამის პრიორიტეტებისა და საპილოტე რეგიონებისათვის ყოველწლიურად განსაკარგ ჯამურ თანხას და საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს დასამტკიცებლად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა სრიგპ-ის განხორციელების პირველ წელს უნდა შემუშავდეს არა უგვიანეს 31 მარტისა, ხოლო ყოველი მომდევნო წლისთვის − შესაბამისი წლის წინა წელს, არაუგვიანეს 31 დეკემბრისა.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სამინისტრო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს შესაბამისი თანხების გამოყოფის თაობაზე.

7. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისია, პროექტების შერჩევის მიზნით, უფლებამოსილია, განახორციელოს ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებები.

 

მუხლი 3. სრიგპ-ის ფარგლებში კონკურს(ებ)ის გამოცხადება

1. კონკურს(ებ)ი იგეგმება და ცხადდება სრიგპ-ის განხორციელების წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე.

2. კონკურს(ებ)ის გამოცხადების მიზნით, სამინისტრო შეიმუშავებს საკონკურსო პირობებს და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს კომისიას.

3. კონკურს(ებ)ის მიზნებისათვის, უფლებამოსილების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია, დააზუსტოს სრიგპ-ით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის, გრანტის მიმღებები, აგრეთვე პროგრამის/პროექტის ღირებულების მინიმალური ან/და მაქსიმალური ზღვრები.

4. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საკონკურსო პირობების მოწონების შემთხვევაში, სრიგპ-ის განხორციელების წლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული განრიგის მიხედვით, ცხადდება შესაბამისი კონკურს(ებ)ი.

5. კონკურს(ებ)ის გამოცხადებას უზრუნველყოფს სამინისტრო.

6. კონკურს(ებ)ი ცხადდება სამინისტროს ვებგვერდზე − www.mrdi.gov.ge.  ასევე კონკურს(ებ)ის გამოცხადების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება საპილოტე რეგიონების შესაბამისად სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ვებგვერდებზე: www.imereti.gov.ge; www.guria.gov.ge; www.kakheti.gov.ge; www.rls.gov.ge.

 

მუხლი 4. განაცხადების მომზადება კონკურსანტის მიერ

1. კონკურს(ებ)ი შესაძლოა, გამოცხადდეს როგორც ერთეტაპიანი, ისე  ორეტაპიანი შეფასების პროცედურების მიხედვით.

2. კონკურს(ებ)ის ერთეტაპიანი შეფასების პროცედურით გამოცხადების შემთხვევაში, კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება საპროექტო წინადადების სრული განაცხადის ფორმით, დანართ №2-ისა და დანართ №3-ის შესაბამისად.

3. კონკურს(ებ)ის ორეტაპიანი შეფასების პროცედურით გამოცხადების შემთხვევაში, კონკურსანტის მიერ შერჩევის პირველ ეტაპზე განაცხადი ივსება საპროექტო იდეების განაცხადის ფორმით, დანართ №1-ის შესაბამისად, ხოლო მეორე ეტაპზე, მხოლოდ პირველ ეტაპზე მის მიმართ დადებითი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება საპროექტო წინადადების სრული განაცხადის ფორმით − დანართ №2-ისა და დანართ №3-ის შესაბამისად.

4. ამ მუხლით დადგენილი განაცხადის ფორმები არ გამოიყენება ცენტრალურ დონეზე (სრიგპ-ის მესამე პრიორიტეტის ფარგლებში) გამოსაცხადებელ კონკურს(ებ)თან მიმართებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, კონკურსანტებისათვის კომისია უფლებამოსილია, საკონკურსო პირობებში დაადგინოს განაცხადის გაკეთების ფორმა.

 

მუხლი 5. პროექტის შეფასება

1. პროექტის შეფასებას ახორციელებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური (შემდგომში − სამსახური), რომელიც აფასებს წარდგენილ საპროექტო იდეების განაცხადებსა და საპროექტო წინადადებების სრულ განაცხადებს, ამ დადგენილების დანართ №4-ით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიზნით, სამსახური უფლებამოსილია, მიიწვიოს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები ან/და მიიწვიოს შესაბამისი ექსპერტ(ებ)ი.

3. ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კონკურს(ებ)ის ფარგლებში წარდგენილი პროგრამები ფასდება საკონკურსო პირობების შესაბამისად, კომისიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ.

 

მუხლი 6. შეფასების პროცედურა

1. შეფასების ფარგლებში პროექტი გადის ადმინისტრაციული და შესაბამისობის შემოწმებისა და ტექნიკური ქულის მინიჭების პროცესებს, ამ დადგენილების დანართ №4-ის შესაბამისად.

2. შეფასება შესაძლებელია, იყოს ერთეტაპიანი ან ორეტაპიანი, საკონკურსო პირობების შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ერთეტაპიანი შეფასება გულისხმობს კონკურსის შინაარსის შესაბამისად პროექტის შეფასებას, მხოლოდ საპროექტო წინადადების სრული განაცხადის საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ორეტაპიანი შეფასების დროს პირველ ეტაპზე ფასდება საპროექტო იდეა, ხოლო მეორე ეტაპზე − საპროექტო წინადადების სრული განაცხადი.

5. დაუშვებელია, შეფასებაში ჩართული პირები იყვნენ კონკურსანტის წარმომადგენლები.

6. სამსახურის მიერ საპროექტო იდეების განაცხადებისა და საპროექტო წინადადებების სრული განაცხადების შეფასების შედეგად, ამ დადგენილების დანართ №4-ით გათვალისწინებული შესაბამისი შეფასების მაქსიმალური ქულებიდან თითოეულზე არანაკლებ 70%-ით შეფასების შემთხვევაში, პროექტს წარუდგენს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს (შემდგომში − საბჭო), ხოლო სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების შემთხვევაში − კომისიას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტად მიიჩნევა პროექტი, რომლისთვისაც მოთხოვნილი დაფინანსების სავარაუდო ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასების პროცედურის დროს მოწმდება, რომ საპროექტო წინადადების სრული განაცხადის წარდგენამდე არსებობს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება პროექტის მოწონებისა და შემდგომი მსვლელობის მისაცემად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

 

მუხლი 7. შერჩევის პროცედურები

1. კონკურს(ებ)ის ფარგლებში პროექტის შერჩევას ახორციელებს საბჭო ან კომისია.

2. ცენტრალურ დონეზე (სრიგპ-ის მესამე პრიორიტეტის ფარგლებში) გამოცხადებულ კონკურსში პროგრამებსა და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს შეარჩევს კომისია, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში, პროექტის შერჩევას ახორციელებს საბჭო.

3. ერთეტაპიან შეფასებას დაქვემდებარებული პროექტის შერჩევისას საბჭო ან სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში − კომისია ირჩევს ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით შეფასებულ სრულ საპროექტო განაცხადს.

4. კონკურსის შინაარსის გათვალისწინებით, ორეტაპიანი შეფასების შემთხვევაში, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით პირველ ეტაპზე შეირჩევა საპროექტო იდეა, ხოლო მეორე ეტაპზე − საპროექტო წინადადების სრული განაცხადი, მხოლოდ პირველ ეტაპზე საპროექტო იდეის მოწონების შემთხვევაში.

5. კონკურსის შინაარსის გათვალისწინებით, კონკურსანტის მიერ წარდგენილ სრულ საპროექტო განაცხადს თან უნდა ერთოდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისი დადებითი საექსპერტო დასკვნით და საპროექტო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების ხელმოწერილი აქტის ასლი.

6. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისათვის საჭირო ხარჯების (მათ შორის, საპროექტო და საექსპერტო მომსახურების ხარჯების) დაფინანსება არ ხორციელდება სრიგპ-ის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯებიდან.

7. საბჭოსა და კომისიის მიერ პროექტები შეირჩევა მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. საბჭოს მიერ შერჩეული საპროექტო იდეის განაცხადი და საპროექტო წინადადების სრული განაცხადი ექვემდებარება კომისიის მიერ შესაბამისობის შემოწმებას, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.

 

მუხლი 8. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება

1. ცენტრალურ დონეზე (სრიგპ-ის მესამე პრიორიტეტის ფარგლებში) შერჩეული პროგრამებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსების საფუძველს წარმოადგენს კომისიის შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა ყველა სხვა შემთხვევაში დაფინანსების საფუძველს წარმოადგენს საბჭოს შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით, სამინისტრო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს თანხების გამოყოფის თაობაზე.

5. გრანტის მიმღებს, პროექტის განხორციელების მიზნით, თანხა გადაეცემა მის მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, მათ შორის, შესრულებული სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით. ცენტრალურ დონეზე (სრიგპ-ის მესამე პრიორიტეტის ფარგლებში) პროექტის განხორციელების მიზნით, გრანტის მიმღებს თანხა გადაეცემა მის მიერ წარდგენილი პროგრამის შინაარსის გათვალისწინებით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გამოყოფილი სახსრების ფარგლებში თანხების კანონიერად, მიზნობრივად და რაციონალურად განკარგვაზე პასუხისმგებელია შესაბამისი გრანტის მიმღები.

 

მუხლი 9. ინფორმაციის საჯაროობა

1. კონკურს(ებ)ის საფუძველზე გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ის უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა სამინისტროს ვებგვერდზე.

2. შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღების მიერ კონკურსანტს ეცნობება მის განაცხადზე მიღებული დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ.

 

მუხლი 10. ეკონომიის/ფინანსური რესურსის გამოყენების წესი

1. გრანტის მიმღები ვალდებულია, სრიგპ-ის ფარგლებში მიღებული თანხიდან დარჩენილი ეკონომია/ფინანსური რესურსი შესაბამისი ეკონომიის/ფინანსური რესურსის წარმოშობიდან არა უგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის ბოლო რიცხვისა დააბრუნოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში, შესაძლებელია სრიგპ-ისა და ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება ამავე დადგენილებით განსაზღვრული წესით.

 

მუხლი 11. დაფინანსებული პროექტების განხორციელების მიმდინარეობის შემოწმება

1. სამინისტრო ან/და სახელმწიფო რწმუნებული უფლებამოსილია, გრანტის მიმღებებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობის შესახებ. გრანტის მიმღები ვალდებულია, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტები.

2. სამინისტრო ან/და სახელმწიფო რწმუნებული უფლებამოსილია, განახორციელოს დაფინანსებული პროექტის ადგილზე დათვალიერება, რაც გულისხმობს აღნიშნული პროექტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას.

3. სამინისტრო ან/და სახელმწიფო რწმუნებული ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტების და ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განხორციელებული ადგილზე დათვალიერების შედეგების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს კომისიას, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილია, გრანტის მიმღებს მისცეს რეკომენდაციები პროექტის სრულყოფილად და შეუფერხებლად განხორციელებისათვის.

4. სამინისტრო უფლებამოსილია, განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები ცენტრალურ დონეზე (სრიგპ-ის მესამე პრიორიტეტის ფარგლებში) შერჩეულ პროგრამებსა და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებთან მიმართებით.

5. სამინისტრო კომისიას წარუდგენს წლიურ ანგარიშს დაფინანსებული პროგრამების/პროექტების განხორციელების თაობაზე.

 

მუხლი 12. კოორდინაცია და მონიტორინგი

1. სამინისტრო უზრუნველყოფს, სრიგპ-ის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შესაბამისი კოორდინაციისა და მონიტორინგის განხორციელებას სრიგპ-ის ინდიკატორების საფუძველზე, უფლებამოსილების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კოორდინაცია და მონიტორინგი ხორციელდება პერიოდულად და ის ქმნის წლიური ანგარიშის შემუშავების საფუძველს.

3. გრანტის მიმღებები ვალდებულები არიან, შეავსონ მონიტორინგისა და საინფორმაციო ფორმები.

4. ცენტრალურ დონეზე (სრიგპ-ის მე-3 პრიორიტეტის ფარგლებში) შემუშავებული პროგრამის/პროექტების განმახორციელებელი პირები/უწყებები ვალდებულნი არიან, დადგენილი წესით მოამზადონ შესაბამისი ინფორმაცია და წარუდგინონ სამინისტროს.