ენერგოეტიკეტირების შესახებ

ენერგოეტიკეტირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5688-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300350000.05.001.019726
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5688-რს
20/12/2019
ვებგვერდი, 26/12/2019
300350000.05.001.019726
ენერგოეტიკეტირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (26/12/2019 - 30/12/2020)

 

საქართველოს კანონი

 

 

ენერგოეტიკეტირების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების შესახებ, აგრეთვე აღნიშნული პროდუქტის ენერგომოხმარების მაჩვენებლების შესახებ სტანდარტული ინფორმაციისა და დამატებითი ინფორმაციის პროდუქტზე მითითების უზრუნველყოფა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების შემცირების მიზნით უფრო ეფექტიანი პროდუქცია შეარჩიოს. ამ კანონის მიზანია აგრეთვე საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომ − ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრულ ენერგომომხმარებელ პროდუქტზე, რომელიც მოხმარებისას პირდაპირ ან არაპირდაპირ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ენერგიის ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა რესურსების მოხმარებაზე.

 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) მეორეულ პროდუქტზე, თუ იგი იმპორტირებულია და არ ხდება მისი ბაზარზე განთავსება შემდგომი რეალიზაციის მიზნით;

ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გადაყვანისთვის/ გადაზიდვისთვის გამოიყენება;

გ) პროდუქტის საპასპორტო მონაცემებზე ან სხვა ეკვივალენტურ ინფორმაციაზე, რომლებიც/რომელიც პროდუქტის უსაფრთხოების მიზნით დაიტანება პროდუქტზე.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ენერგომომხმარებელი პროდუქტი (შემდგომ − პროდუქტი) − ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც გამოყენებისას ენერგიასა და სხვა რესურსებს მოიხმარს და რომელიც განთავსებულია საქართველოს ბაზარზე ან გაშვებულია ექსპლუატაციაში საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე პროდუქტის ის ნაწილი, რომელიც ინდივიდუალურად განთავსებულია ბაზარზე ან/და გაშვებულია ექსპლუატაციაში მომხმარებლისთვის და რომლის ეკოლოგიური მაჩვენებლები შეიძლება შეფასდეს დამოუკიდებლად;

ბ) პროდუქტების ჯგუფი − იმ პროდუქტების ჯგუფი, რომელთა მთავარი ფუნქციები ერთმანეთის მსგავსია;

გ) სისტემა − რამდენიმე პროდუქტის გაერთიანება, რომლებიც ერთობლივად, განსაზღვრულ გარემოში სპეციალურ ფუნქციას ასრულებს, რომლისთვისაც ენერგოეფექტურობა განისაზღვრება, როგორც ცალკე ერთეულისთვის;

დ) მოდელი − პროდუქტის მოდიფიკაცია, რომლის ყველა დეტალს აქვს იგივე ტექნიკური მახასიათებელი, შეესაბამება ეტიკეტს, პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს და იმავე მოდელის იდენტიფიკატორს;

ე) მოდელის იდენტიფიკატორი − კოდი, რომელიც, ჩვეულებრივ, შედგება ასოებისა და ციფრებისგან და განასხვავებს პროდუქტის სპეციფიკურ მოდელს სხვა, იმავე სავაჭრო ნიშნის მქონე მოდელისგან ან იმავე მიმწოდებლის სახელწოდებისგან;

ვ) ეკვივალენტური მოდელი − მოდელი, რომელსაც აქვს ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლები, მაგრამ იმავე მიმწოდებლის მიერ განთავსებულია ბაზარზე ან გაშვებულია ექსპლუატაციაში, როგორც სხვა მოდელი, განსხვავებული მოდელის იდენტიფიკატორით;

ზ) ბაზარზე ხელმისაწვდომობა − დისტრიბუციის ან კომერციული აქტივობის ფარგლებში პროდუქტის სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება საქართველოს ბაზარზე მისი გამოყენების მიზნით;

თ) მწარმოებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს პროდუქტს, ფლობს პროდუქტის ნახაზებს/პროექტს, შეუძლია მისი წარმოება და ბაზარზე განათავსებს პროდუქტს საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით;

ი) სკალის ცვლილება − მოთხოვნა, რომელიც კონკრეტული პროდუქტების ჯგუფისთვის უფრო ამკაცრებს ეტიკეტზე მითითებული ენერგოეფექტურობის კლასის მიღწევის ვალდებულებას;

კ) სკალაშეცვლილი ეტიკეტი − განსაკუთრებული პროდუქტების ჯგუფისთვის განკუთვნილი ეტიკეტი, რომელმაც გაიარა სკალის ცვლილების პროცესი და რომლის განსხვავება შესაძლებელია სკალის ცვლილებამდე არსებული/ძველი ეტიკეტისგან, ამასთანავე, რომელიც ინარჩუნებს ეტიკეტისთვის დამახასიათებელ ვიზუალურ აღქმადობას;

ლ) პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა − პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის ცხრილი, რომელშიც, სხვა ინფორმაციასთან ერთად, ასახული უნდა იყოს: მიმწოდებლის სახელწოდება ან სასაქონლო ნიშანი; ენერგოეფექტურობის კლასი; მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი (კოდი), რომელიც, ჩვეულებრივ, ანბანურ-ციფრულია და რომლითაც ხდება ამ მოდელის იმავე სასაქონლო ნიშნის ან იმავე მიმწოდებლის სახელწოდების მქონე მოდელისგან გამორჩევა;

მ) ტექნიკური დოკუმენტაცია − დოკუმენტაცია, რომელიც უფლებამოსილ პირს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის სიზუსტე, მათ შორის, ტესტირების ანგარიშები და მსგავსი ტექნიკური მონაცემები;

ნ) სხვა რესურსები − წყალი, ქიმიკატები და სხვა ნივთიერებები, რომლებსაც პროდუქტი ჩვეულებრივი გამოყენებისას მოიხმარს;

ო) დამატებითი ინფორმაცია − ინფორმაცია პროდუქტის ფუნქციური და გარემოსდაცვითი მახასიათებლების შესახებ;

პ) დასაშვები გადახრა − უფლებამოსილი პირის მიერ ან მისი სახელით საკონტროლო ტესტირების ჩატარებისას განხორციელებული გაზომვებისა და გაანგარიშებების შედეგების გამოცხადებული ან გამოქვეყნებული პარამეტრებისაგან მაქსიმალურად დასაშვები ცდომილება, რომელიც ასახავს ლაბორატორიათაშორისი ვარიაციებიდან წარმოშობილ ცდომილებას;

ჟ) უფლებამოსილი პირი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიერ განსაზღვრული, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირი;

რ) ეტიკეტი − გრაფიკული დიაგრამა, ბეჭდური ან ელექტრონული ფორმის, რომელსაც აქვს დახურული სკალა ლათინური ასოებით − „A“-დან  „G“-ის ჩათვლით, რომელთაგან თითოეული ასო ასახავს კლასს, ხოლო თითოეული კლასი შეესაბამება ენერგიის დაზოგვის მაჩვენებელს, და რომელიც წარმოდგენილია 7 ფერით − მუქი მწვანიდან წითლამდე, რათა მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია პროდუქტის ენერგოეფექტურობისა და მის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ;

ს) მიმწოდებელი − მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი (ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მწარმოებლისგან მიღებული აქვს მინდობილობა, იმოქმედოს მწარმოებლის სახელით, მინდობილობით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში) საქართველოში ან იმპორტიორი, რომელიც პროდუქტს საქართველოს ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში უშვებს. მათი არარსებობის შემთხვევაში მიმწოდებლად მიიჩნევა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პროდუქტს საქართველოს ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში უშვებს;

ტ) დილერი − საცალო მოვაჭრე ან სხვა პირი, რომელიც ყიდის (მათ შორის, დისტანციურად), აქირავებს, იჯარით/ლიზინგით გასცემს ან განათავსებს პროდუქტს მომხმარებლისთვის ან პროდუქტის მემონტაჟისთვის, კომერციული საქმიანობის განმავლობაში, სასყიდლით ან უსასყიდლოდ;

უ) დისტანციური გაყიდვა − პროდუქტის გაყიდვის, გაქირავების ან იჯარით/ლიზინგით გაცემის მიზნით მისი შეთავაზება ელექტრონული ფოსტის, კატალოგის, ინტერნეტის, ტელემარკეტინგის ან ნებისმიერი სხვა მეთოდის გამოყენებით, როდესაც პოტენციური მომხმარებელი პროდუქტს ფიზიკურად ვერ ნახულობს;

ფ) ენერგოეფექტურობა − შესრულებული სამუშაოს ან გაწეული მომსახურების, წარმოებული პროდუქციის ან/და ენერგიის თანაფარდობა მოხმარებულ ენერგიასთან;

ქ) ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის პირველად მიწოდება ბაზარზე წარმოების, იმპორტის, იჯარის/ლიზინგის ან სხვა გზით, კომერციული ან არაკომერციული მიზნით;

ღ) ექსპლუატაციაში გაშვება − საქართველოში პროდუქტის პირველად გამოყენება დანიშნულების მიხედვით;

ყ) ბაზარზე ზედამხედველობა − უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული ქმედებებისა და მიღებული ზომების ერთობლიობა, რომლებითაც დგინდება პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

შ) დოკუმენტური შემოწმება − პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება;

ჩ) ტექნიკური შემოწმება − პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმება/გამოცდა მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ც) მომხმარებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის რეალიზაციას არ ახდენს (პროდუქციას საკუთარი მოხმარებისთვის ყიდულობს, ქირაობს ან იღებს);

ძ) შემოსავლების სამსახური − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

 

თავი II. ინფორმაციის მიწოდებისა და მიმწოდებლის/დილერის ვალდებულებები

მუხლი 4. მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება

1. პროდუქტის მიერ ელექტროენერგიის, ენერგიის სხვა წყაროებისა და, შესაბამის შემთხვევაში, სხვა რესურსების მოხმარების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის ნებისმიერი ფორმით, სასყიდლით მიწოდებისას ან უსასყიდლოდ მიწოდებისას (მათ შორის, დისტანციური გაყიდვისას) ან გასაყიდად განთავსებისას მომხმარებელს პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის და ეტიკეტის მეშვეობით უნდა მიეწოდოს.

2. მომხმარებლისთვის ჩასაშენებელი ან დასამონტაჟებელი პროდუქტის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში.

3. პროდუქტის სპეციფიკური მოდელის ნებისმიერი რეკლამა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პროდუქტის ფასის ან ენერგომოხმარების შესახებ, უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული მოდელის ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ.

4. პროდუქტთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური ხასიათის მასალა, რომელიც განკუთვნილია პროდუქტის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის და აღწერს პროდუქტის სპეციფიკურ ტექნიკურ პარამეტრებს, კერძოდ, ტექნიკური სახელმძღვანელოები და მწარმოებლის ბროშურები, მიუხედავად მათი ბეჭდური თუ ელექტრონული ფორმისა, უნდა მიეწოდოს მომხმარებელს. მათში ასახული უნდა იყოს პროდუქტის მიერ მოხმარებული ენერგიის მოცულობა ან პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი.

5. ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ პროდუქტზე დაუშვებელია განსხვავებული დიზაინის, სიმბოლოს ან წარწერის მქონე ეტიკეტის განთავსება, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს ან დააბნიოს მომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიის ან სხვა, მნიშვნელოვანი რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით.

მუხლი 5. მიმწოდებლის ვალდებულებები

1. მიმწოდებელი, რომელიც ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში გაუშვებს პროდუქტს, ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქტთან ერთად დაბეჭდილი ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება, რომელთა ფორმა და შინაარსი დამტკიცებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით. ტექნიკური რეგლამენტით შესაძლებელია განისაზღვროს ეტიკეტის პროდუქტის შეფუთვაზე დაბეჭდვა.

2. მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც საკმარისია პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში/ფირფიტაზე და ეტიკეტზე ასახული ინფორმაციის სიზუსტის შესაფასებლად. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:

ა) პროდუქტის ზოგად აღწერილობას;

ბ) შესაბამის შემთხვევაში პროდუქტის დაპროექტებისას განხორციელებული გაანგარიშებების შედეგებს;

გ) ტესტირების ანგარიშებს, მათ შორის, როდესაც შესაძლებელია, − შესაბამისი აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ანგარიშებს;

დ) როდესაც პროდუქტის მახასიათებლები მსგავსი მოდელისთვისაა გამოყენებული, − შესაბამის მითითებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ამ მოდელის იდენტიფიცირებას.

3. მიმწოდებელი ვალდებულია ზედამხედველობის მიზნებისთვის უზრუნველყოს ტექნიკური დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა პროდუქტის ბაზარზე განთავსების დღიდან 15 წლის განმავლობაში. პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევებში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვროს პროდუქტის შესახებ ინფორმაციის შენახვის უფრო მცირე ვადა. მიმწოდებელი უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის მიწოდებას უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

4. მიმწოდებელი ვალდებულია დილერს უფასოდ მიაწოდოს პროდუქტთან დაკავშირებული, ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დაბეჭდილი ეტიკეტები, მათ შორის, სკალაშეცვლილი ეტიკეტი, და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი. მიმწოდებელმა დილერს ეტიკეტები უნდა მიაწოდოს მოთხოვნისთანავე ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მიმწოდებელი თავად განსაზღვრავს მიწოდების საშუალებას.

5. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დილერისთვის ეტიკეტებთან ერთად პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება.

6. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პროდუქტის შესახებ ყველა ბროშურა შეიცავდეს აგრეთვე პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს/ფირფიტას. აღნიშნული ბროშურის არარსებობის შემთხვევაში მიმწოდებელი უზრუნველყოფს პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის პროდუქტთან დაკავშირებულ სხვა მასალაში ასახვას.

7. მიმწოდებელი პასუხისმგებელია მის მიერ მიწოდებული, პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში/ფირფიტაზე და ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის სიზუსტისთვის. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საინფორმაციო ცხრილში/ფირფიტაზე და ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული  მოთხოვნების შესაბამისად მიიჩნევა, თუ საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

8. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში/ფირფიტაზე ან ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად მიმწოდებლის თანხმობა საჭირო არ არის.

9. პროდუქტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მიმწოდებელი იტოვებს უფლებას, მომხმარებლის თანხმობით განახორციელოს იმგვარი განახლება, რომელმაც შეიძლება გააუარესოს პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული განახლების, პარამეტრებისა და ენერგოეფექტურობის კლასის სავარაუდო ცვლილების შესახებ. მომხმარებელი  იტოვებს უფლებას, პროდუქტის საშუალო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში უარი განაცხადოს მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ განახლებაზე, თუ აღნიშნული ცვლილება არ აუარესებს პროდუქტის ფუნქციონირებას.

10. მიმწოდებელი ვალდებულია ბაზარზე არ განათავსოს ისეთი პროდუქტი, რომელიც ტესტირების რეჟიმში მუშაობისას ავტომატურად აჩვენებს პროდუქტის ფუნქციონირების იმგვარ პარამეტრებს, რომლებიც შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტში ან პროდუქტის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულ პარამეტრებზე მაღალია.

11. მიმწოდებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის ბაზარზე განთავსებისთვის აუცილებელი, ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები.

12. მიმწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან და უფლებამოსილ პირთან ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში.

მუხლი 6. დილერის ვალდებულებები

1. მომხმარებლისთვის პროდუქტის ნებისმიერი ფორმით მიწოდებისას (მათ შორის, დისტანციური გაყიდვისას) დილერი ვალდებულია თვალსაჩინოდ განათავსოს ეტიკეტი და უზრუნველყოს, რომ პროდუქტის თანმხლები დოკუმენტაცია ან ბროშურა შეიცავდეს პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს/ფირფიტას, აგრეთვე მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში პროდუქტის გაყიდვის ადგილებში უზრუნველყოს პროდუქტის შესახებ დაბეჭდილი საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება.

2. თუ დილერს არ აქვს ეტიკეტი ან პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა, მას შეუძლია მიმწოდებელს მოსთხოვოს დაბეჭდილი ეტიკეტები, მათ შორის, სკალაშეცვლილი ეტიკეტი, და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3. შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის გასაყიდად განთავსებისას დილერი ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქტზე განთავსებული ეტიკეტის თვალსაჩინოება.

4. დილერი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის ბაზარზე განთავსებისთვის აუცილებელი, ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები.

5. დილერი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს უფლებამოსილ პირთან.

მუხლი 7. სკალაშეცვლილი ეტიკეტი

1. პროდუქტის მიერ ენერგიის მოხმარების აღმნიშვნელი სკალის ცვლილების შემთხვევაში პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას მიმწოდებელს უფლება აქვს, დილერს წარუდგინოს როგორც არსებული ეტიკეტი, ისე სკალაშეცვლილი ეტიკეტი და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დაწყებამდე.

2. თუ არსებული ეტიკეტი და სკალაშეცვლილი ეტიკეტი მოდელის სხვადასხვაგვარ ტესტირებას მოითხოვს, მიმწოდებელი იტოვებს უფლებას, დილერს მიაწოდოს პროდუქტი ახალი, სკალაშეცვლილი ეტიკეტით. ამასთანავე, დილერს ექნება უფლება, ეს პროდუქტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მხოლოდ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დაწყებიდან.

3. მიმწოდებელი ვალდებულია იმ პროდუქტისთვის, რომელსაც შეეხება ცვლილება, დილერის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვადის გასვლამდე მიაწოდოს მას სკალაშეცვლილი ეტიკეტი ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) თუ დილერს შეწყვეტილი აქვს საქმიანი ურთიერთობა მიმწოდებელთან ან მიმწოდებელს შეწყვეტილი აქვს ეკონომიკური საქმიანობა, დილერს უფლება აქვს, მის მარაგში არსებული პროდუქტი არსებული/ძველი ეტიკეტით გაყიდოს სკალაშეცვლილი ეტიკეტის ძალაში შესვლის თარიღიდან 9 თვის განმავლობაში;

ბ) თუ არსებული ეტიკეტი და სკალაშეცვლილი ეტიკეტი მოდელის სხვადასხვაგვარ ტესტირებას მოითხოვს, მიმწოდებელი თავისუფლდება ვალდებულებისგან, დილერს მიაწოდოს სკალაშეცვლილი ეტიკეტი შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცვლილების ძალაში შესვლის ვადის დაწყებამდე ბაზარზე განთავსებული ან მარაგში არსებული ამ მოდელის ერთეულებისთვის. ამასთანავე, მიმწოდებელს უფლება აქვს, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცვლილების ძალაში შესვლიდან 9 თვის განმავლობაში ექსკლუზიურად გაყიდოს აღნიშნული ერთეულები, თუ ეს ერთეულები არ არის იმ მოდელის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ცვლილების ძალაში შესვლისთანავე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. დილერი ვალდებულია პროდუქტზე განთავსებული არსებული ეტიკეტი პროდუქტის გაყიდვის (მათ შორის, დისტანციური გაყიდვის) შემთხვევაში ჩაანაცვლოს სკალაშეცვლილი ეტიკეტით შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თარიღიდან 14 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 8. პროდუქტის თავისუფალი მიმოქცევა

1. დაუშვებელია ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტის ბაზარზე განთავსებისა და ექსპლუატაციაში გაშვების აკრძალვა, შეზღუდვა ან რაიმე სახით ხელშეშლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტი სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის, გარემოსთვის საფრთხის შემცველია ან/და პროდუქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

2. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ეტიკეტზე და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში/ფირფიტაზე დატანილი ინფორმაციის სიზუსტის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად.

3. თუ შემოსავლების სამსახურს აქვს ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსაბამო ეტიკეტის მქონე ან არაეტიკეტირებული  პროდუქტის შემოტანის შესახებ, იგი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ასეთი პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებლობისათვის და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს უფლებამოსილ პირს.

 

თავი III. ზედამხედველობა

მუხლი 9. ბაზარზე ზედამხედველობა

1. პროდუქტის ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობას ახორციელებენ შემოსავლების სამსახური და უფლებამოსილი პირი. 

2. საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებს უფლებამოსილი პირი:

ა) რისკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული გეგმის მიხედვით;

ბ) თუ უფლებამოსილ პირს ან/და შემოსავლების სამსახურს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენება შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს;

გ) თუ უფლებამოსილ პირს ან/და შემოსავლების სამსახურს აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. უფლებამოსილი პირი ზედამხედველობას ახორციელებს დოკუმენტური შემოწმებითა და ტექნიკური შემოწმებით, ამ კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ბაზარზე ზედამხედველობის და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების წესის შესაბამისად. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ამ კანონისა და ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

4. თუ ნიმუშის დოკუმენტური შემოწმებისას დადგინდა, რომ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიმწოდებელს/ დილერს მისცეს მითითება და შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის განუსაზღვროს გონივრული ვადა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი პირი   ვალდებულია განმეორებით ჩაატაროს ნიმუშის დოკუმენტური შემოწმება.

5. თუ განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მიმწოდებელს/დილერს არ აღმოუფხვრია შეუსაბამობა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაცია.

6. თუ მიმწოდებელი/დილერი, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიუხედავად, აგრძელებს პროდუქტის რეალიზაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ კანონის შესაბამისად.

7. პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლის ზონებში და პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში პროდუქტის ნიმუშების ტექნიკური შემოწმებით ან/და აღნიშნული ადგილებიდან აღებული პროდუქტის ნიმუშების შემოწმებით/გამოცდით და ფორმდება შემოწმების ოქმით.

8. ბაზარზე ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის ზედამხედველობისას უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მთლიანად პროდუქტის ყველა მახასიათებელი, ისე მისი ცალკეული კომპონენტები ან მახასიათებლები, რომელთა თაობაზედაც მას აქვს დასაბუთებული ეჭვი ან ინფორმაცია შესაძლო შეუსაბამობის შესახებ.

9. მიმწოდებელი/დილერი ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნიმუში/ნიმუშები, რომლის/რომელთა შესყიდვის ხარჯს უფლებამოსილი პირი აანაზღაურებს, აგრეთვე მიაწოდოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი.

10. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ფარულად შეისყიდოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი, თუ ეს ხელს შეუწყობს პროდუქტის ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის დროულად აღმოჩენას/ გამოვლენას. ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

11. თუ პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მიმწოდებელი/დილერი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული ხარჯი.

12. თუ ტექნიკური შემოწმებისას გამოვლინდა შეუსაბამობა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიმწოდებელს/დილერს მისცეს მითითება და შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის განუსაზღვროს გონივრული ვადა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმეორებით შეამოწმოს ტექნიკური შემოწმებისას დადგენილი მახასიათებლების პროდუქტის ეტიკეტთან და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილთან/ფირფიტასთან სრული შესაბამისობა.

13. თუ განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მიმწოდებელს/დილერს არ აღმოუფხვრია შეუსაბამობა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაცია.

14. თუ მიმწოდებელი/დილერი, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიუხედავად, აგრძელებს პროდუქტის რეალიზაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ კანონის შესაბამისად.

15. ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის მიერ გარემოსა და მომხმარებლისთვის რისკის შემცველობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ჩაატაროს ამ პროდუქტის რისკის შემცველი და ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებული მახასიათებლების შეფასება, რომლებიც განსაზღვრულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით.

16. თუ ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებისას გამოვლინდა პროდუქტის ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებული მახასიათებლების სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიმწოდებელს/დილერს შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაცია და შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის განუსაზღვროს გონივრული ვადა.

17. ამ მუხლის მე-4 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება და ამავე მუხლის მე-5 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება დადგენილების სახით, შესასრულებლად სავალდებულოა. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. მითითებისა და დადგენილების შესრულების კონტროლს ახორციელებს უფლებამოსილი პირი.

18. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ჩაატაროს დოკუმენტური შემოწმება და ამისათვის მოითხოვოს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროდუქტთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაცია.  შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია მიმწოდებელს გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის განუსაზღვროს გონივრული ვადა. თუ აღნიშნულ ვადაში მიმწოდებელი არ აღმოფხვრის შეუსაბამობას, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებლობის შესახებ.

 

თავი IV. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

მუხლი 10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და სახდელები

1. მიმწოდებლის/დილერის მიერ უფლებამოსილი პირისთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3, მე-4, მე-9 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა −  

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. მიმწოდებლის/დილერის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ უფლებამოსილი პირის დადგენილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დამრღვევმა უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინოს მისი გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც.

4. დაკისრებული ჯარიმის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევს დაეკისრება საურავი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული  ჯარიმის თანხის ორმაგი ოდენობით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისა და საურავის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს უფლებამოსილი პირი.

 

თავი V. გარდამავალი დებულებები

მუხლი 11. მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე აქტები

1. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მიერ შემუშავებული ბაზარზე ზედამხედველობის და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების წესის დამტკიცება.

2. სამინისტრომ 2020 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შემუშავება და დამტკიცება.

3. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს სამინისტროს მიერ შემუშავებული შემდეგი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება:

ა) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

ბ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სამაცივრე მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

გ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

დ) ტელევიზორის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

ე) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჰაერის კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

ვ) საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

ზ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

თ) საყოფაცხოვრებო გამათბობელი საშუალებების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

ი) მყარი საწვავის ბოილერისა და მყარი საწვავის ბოილერის კომპლექტების, დამატებითი გამათბობლების, ტემპერატურის მარეგულირებლებისა და მზის ენერგიის მიმღები მოწყობილობების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე. 

4. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 30 აპრილამდე უზრუნველყოს სამინისტროს მიერ შემუშავებული შემდეგი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება:

ა) საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმლისა და გამწოვის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

ბ) მტვერსასრუტის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

გ) წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის ავზის, წყლის გამაცხელებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

დ) გამათბობლის, გამათბობლის კომპლექტების, ტემპერატურის კონტროლის მზის პანელებისა და გამათბობლის კომბინირებული კომპლექტების, ტემპერატურის კონტროლისა და მზის პანელების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

ე) ელექტრონათურისა და სანათის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

ვ) საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;

ზ) საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე.

მუხლი 12. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-10 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი−მე-10 მუხლები ამოქმედდეს 2020 წლის 31 დეკემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5688-რს