„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3301-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 300350000.05.001.020977
3301-XIმს-Xმპ
28/06/2023
ვებგვერდი, 17/07/2023
300350000.05.001.020977
„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.05.001.019726) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მეორეულ პროდუქტზე, თუ იგი საქართველოს ან „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით გათვალისწინებული ქვეყნებიდან ერთ-ერთის ბაზარზე პირველად განთავსებისას აკმაყოფილებდა აღნიშნულ ქვეყანაში ენერგოეტიკეტირების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ბაზარზე ხელმისაწვდომობა − კომერციული საქმიანობის ფარგლებში პროდუქტის სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება საქართველოს ბაზარზე მისი შემდგომი დისტრიბუციის ან გამოყენების მიზნით;

თ) მწარმოებელი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ან აწარმოებინებს და ბაზარზე განათავსებს პროდუქტს საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით;“;

ბ) „ჟ“−„ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) უფლებამოსილი პირი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო;

რ) ეტიკეტი − ბეჭდური ან ელექტრონული ფორმის გრაფიკული დიაგრამა, რომელსაც აქვს დახურული სკალა ლათინური ასოებით − „A“-დან „G“-ის ჩათვლით, რომელთაგან თითოეული ასო ასახავს კლასს, ხოლო თითოეული კლასი შეესაბამება ენერგიის დაზოგვის მაჩვენებელს, და რომელიც წარმოდგენილია 7 ფერით − მუქი მწვანიდან წითლამდე, რათა მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია პროდუქტის ენერგოეფექტურობისა და მის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ, აგრეთვე სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ეტიკეტი, რომელზედაც მითითებულია ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები რაოდენობის ენერგოეფექტურობის კლასი და შესაბამისი ფერები. თუ ტექნიკური მიზეზის გამო შეუძლებელია ენერგოეფექტურობის 7 კლასის განსაზღვრა, რომლებიც მომხმარებლისთვის ენერგიისა და შესაბამისი ხარჯების მნიშვნელოვან დაზოგვას ნიშნავს, ეტიკეტზე შეიძლება მითითებული იყოს ნაკლები რაოდენობის ენერგოეფექტურობის კლასი. ასეთ შემთხვევაში ეტიკეტზე ფერები მუქი მწვანიდან წითლამდე უნდა შენარჩუნდეს;

ს) მიმწოდებელი − მწარმოებელი, მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელი (ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც მწარმოებლისგან მიღებული აქვს მინდობილობა, მინდობილობით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში მწარმოებლის სახელით იმოქმედოს) საქართველოში ან იმპორტიორი, რომელიც პროდუქტს ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში გაუშვებს;

ტ) დილერი − საცალო მოვაჭრე ან სხვა პირი, რომელიც თავისი კომერციული საქმიანობის ფარგლებში ყიდის (მათ შორის, დისტანციურად ყიდის), აქირავებს, იჯარით/ლიზინგით გასცემს ან სასყიდლით ან უსასყიდლოდ სთავაზობს პროდუქტს მომხმარებელს ან პროდუქტის მემონტაჟეს;“;

გ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) მომხმარებელი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც ყიდულობს, ქირაობს ან იღებს ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტს პირადი მოხმარების/გამოყენების მიზნით, მიუხედავად იმისა, მოქმედებს თუ არა ის თავისი სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში;“;

დ) „ძ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმწოდებელი, რომელიც პროდუქტს ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში გაუშვებს, ვალდებულია უზრუნველყოს ამ პროდუქტთან ერთად დაბეჭდილი ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის უფასოდ მიწოდება, რომელთა ფორმა და შინაარსი დამტკიცებულია სათანადო ტექნიკური რეგლამენტით. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით შეიძლება განისაზღვროს ეტიკეტის პროდუქტის შეფუთვაზე დაბეჭდვა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მიმწოდებელი ვალდებულია ზედამხედველობის მიზნებისთვის უზრუნველყოს ტექნიკური დოკუმენტაციის შენახვა პროდუქტის მოდელის საბოლოო ერთეულის ბაზარზე განთავსების დღიდან 15 წლის განმავლობაში. პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევებში სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვროს ამ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის შენახვის უფრო მცირე ვადა. მიმწოდებელი უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის მიწოდებას უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“;

დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ მიწოდებული ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის სიზუსტე და ტექნიკური დოკუმენტაციის ისე შედგენა, რომ შესაძლებელი იყოს მათი სიზუსტის შეფასება.“;

ვ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პროდუქტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მიმწოდებელი უფლებამოსილია მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით განახორციელოს ისეთი განახლება, რომელმაც შეიძლება გააუარესოს ამ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული ენერგოეფექტურობის კლასი. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული განახლების მიზნისა და შესაბამისი პარამეტრების (მათ შორის, ენერგოეფექტურობის კლასის) ნებისმიერი ცვლილების შესახებ. მომხმარებელი უფლებამოსილია პროდუქტის საშუალო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში უარი განაცხადოს მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ განახლებაზე, თუ აღნიშნული ცვლილება არ აუარესებს პროდუქტის ფუნქციონირებას.

10. მიმწოდებელი ვალდებულია ბაზარზე არ განათავსოს ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია ისე, რომ ტესტირების რეჟიმში მუშაობისას ავტომატურად ცვლის პროდუქტის ფუნქციონირების პარამეტრებს სათანადო ტექნიკურ რეგლამენტში ან პროდუქტის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულზე უფრო მაღალი ენერგოეფექტურობის კლასის/ხელსაყრელი დონის ჩვენების მიზნით.“; 

თ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მიმწოდებელი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლოს.“;

ი) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13−მე-16 პუნქტები:

„13. მიმწოდებელი ვალდებულია პროდუქტის სპეციფიკური მოდელის ვიზუალურ რეკლამაში ან ტექნიკურ სარეკლამო მასალაში მიუთითოს ამ პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე აღნიშნული ენერგოეფექტურობის სხვადასხვა კლასი სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით.

14. მიმწოდებელი ვალდებულია უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოფხვრისა და ამ კანონსა და სათანადო ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 

15. მიმწოდებელი ვალდებულია სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისადმი დაქვემდებარებულ პროდუქტზე არ გამოიყენოს ან არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, ნიშანი, სიმბოლო ან წარწერა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, თუ ეს ქმედება აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის დროს მომხმარებელს ენერგიის ან სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით მცდარ წარმოდგენას უქმნის.

16. მიმწოდებელი ვალდებულია არაენერგომომხმარებელ პროდუქტზე  არ გამოიყენოს და არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, რომელიც ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ეტიკეტის მსგავსია.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომხმარებლისთვის პროდუქტის ნებისმიერი ფორმით მიწოდებისას (მათ შორის, დისტანციური გაყიდვისას) დილერი ვალდებულია მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ეტიკეტი თვალსაჩინოდ განათავსოს  და უზრუნველყოს, რომ პროდუქტის თანმხლები დოკუმენტაცია ან ბროშურა პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს/ფირფიტას შეიცავდეს, აგრეთვე მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში პროდუქტის გაყიდვის ადგილებში უზრუნველყოს დაბეჭდილი პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება.

2. თუ დილერს არ აქვს ეტიკეტი ან პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა, იგი ვალდებულია მიმწოდებელს მოსთხოვოს დაბეჭდილი ეტიკეტები, მათ შორის, სკალაშეცვლილი ეტიკეტი, და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6−მე-9 პუნქტები:

„6. დილერი ვალდებულია პროდუქტის სპეციფიკური მოდელის ვიზუალურ რეკლამაში ან ტექნიკურ სარეკლამო მასალაში მიუთითოს ამ პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე აღნიშნული ენერგოეფექტურობის სხვადასხვა კლასი სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით.

7. დილერი ვალდებულია უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოფხვრისა და ამ კანონსა და სათანადო ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 

8. დილერი ვალდებულია სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისადმი დაქვემდებარებულ პროდუქტზე არ გამოიყენოს ან არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, ნიშანი, სიმბოლო ან წარწერა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, თუ ეს ქმედება აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის დროს მომხმარებელს ენერგიის ან სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით მცდარ წარმოდგენას უქმნის.

9. დილერი ვალდებულია არაენერგომომხმარებელ პროდუქტზე არ გამოიყენოს და არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, რომელიც ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ეტიკეტის მსგავსია.“.

5. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-9 მუხლის:

ა) პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროდუქტის ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობას ახორციელებს უფლებამოსილი პირი.

2. უფლებამოსილი პირი ამ კანონით გათვალისწინებულ ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებს:

ა) რისკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული გეგმის მიხედვით;

ბ) საფუძვლიანი ეჭვის ან ინფორმაციის საფუძველზე, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

3. უფლებამოსილი პირი პროდუქტზე ზედამხედველობას ახორციელებს დოკუმენტური შემოწმებითა და პროდუქტის ტექნიკური შემოწმებით, ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქტის ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ყველა დოკუმენტი.

4. თუ დოკუმენტური შემოწმებით დადგინდა, რომ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა განუსაზღვროს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმეორებით ჩაატაროს დოკუმენტური შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების შედეგები ან/და გამოვლენილი შეუსაბამობები ფორმდება შემოწმების ოქმით.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში მისი ნიმუშების ტექნიკური შემოწმებით ან/და აღნიშნული ადგილებიდან აღებული პროდუქტის ნიმუშების შემოწმებით/გამოცდით და ფორმდება შემოწმების ოქმით.“;

გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ პროდუქტის ტექნიკური შემოწმებისას შეუსაბამობა გამოვლინდა, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა განუსაზღვროს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, განმეორებით შეამოწმოს პროდუქტის ტექნიკური შემოწმებით დადგენილი მახასიათებლების ეტიკეტსა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილთან/ფირფიტასთან შესაბამისობა.“;

დ) მე-13 და მე-14 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) მე-15−მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. როდესაც უფლებამოსილ პირს აქვს საკმარისი საფუძველი, მიიჩნიოს,  რომ პროდუქტი ქმნის რისკს ამ კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასპექტებისთვის, კერძოდ, გარემოსდაცვითი და მომხმარებელთა დაცვის ასპექტებისთვის, ის ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის შეფასება ენერგოეტიკეტირების შესახებ იმ მოთხოვნებთან მიმართებით, რომლებიც აღნიშნულ რისკთან არის დაკავშირებული. მიმწოდებელი და დილერი ვალდებული არიან ამ შეფასების მიზნებისთვის უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლონ.

16. თუ ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებისას გამოვლინდა ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებული მახასიათებლების სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაციის უფლება.

17. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დადგენილების სახით მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. დადგენილების შესრულების კონტროლს ახორციელებს უფლებამოსილი პირი.

18. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს და მოსთხოვოს მას პროდუქტის საბაჟო კონტროლის ზონაში შეჩერება ამ კანონით ან/და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განსახორციელებლად. ამ შემთხვევაში შეჩერებული პროდუქტის იმპორტში გაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგების მიხედვით.“.

7. მე-10 მუხლის:

ა) მე-3−მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ადგენს აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.“.

8. მე-11 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება:

ა) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;

ბ) სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;

გ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;

დ) ელექტრონული ეკრანის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;

ე) ჰაერის კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;

ვ) საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;

ზ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;

თ) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;

ი) მყარი საწვავის ბოილერისა და მყარი საწვავის ბოილერების კომპლექტის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;

კ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმლისა და გამწოვის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;

ლ) წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის შემნახველი ავზის, წყლის გამათბობლისა და მზის პანელის კომპლექტის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;

მ) სივრცის გამათბობლის, კომბინირებული გამათბობლის, სივრცის გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტისა და კომბინირებული გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;

ნ) სინათლის წყაროს ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ;

ო) საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ.

6. სამინისტრომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და შესაბამისი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცება.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

„მუხლი 111. გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები

1. 2025 წლის 1 იანვრამდე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს ბაზარზე განთავსებული, ამ კანონით გათვალისწინებული პროდუქტის ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა და გასცეს სათანადო რეკომენდაციები პროდუქტის აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

2. შესაბამისი მიმწოდებელი/დილერი/მწარმოებელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთან ითანამშრომლოს და უზრუნველყოს პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში ამ სააგენტოს წარმომადგენლის დაშვება, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას პროდუქტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-7  პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2023 წ.

N3301-XIმს-Xმპ