საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-110/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016678
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-110/ნ
31/10/2019
ვებგვერდი, 31/10/2019
470230000.22.035.016678
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/10/2019 - 19/11/2019)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-110/ნ

2019 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანდართული დებულება.

 

2. სსიპ –  დასაქმების  ხელშეწყობის  სახელმწიფო სააგენტო განისაზღვროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელების ნაწილში.

 

3. ბრძანება, გარდა ბრძანების მე-2 პუნქტისა და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბრძანების მე-2 პუნქტი და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე




დანართი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

3. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.

5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, შესაძლოა ჰქონდეს ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზირი №144.

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები

1. სააგენტოს მიზანია მოსახლეობის შრომისა და დასაქმების ხელშეწყობა.

2. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) შრომის ბაზრის მომსახურებების გაწევა, მათ შორის:

ა.ა) შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელება;

ა.ბ) საშუამავლო მომსახურების გაწევა;

ა.გ) სამუშაოს მაძიებელთა და თავისუფალი (ვაკანტური) სამუშაო ადგილების რეგისტრაცია და ამ მიზნით შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება, გამართული ფუნქციონირება;

ა.დ) სამუშაო ძალის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი.

ბ) საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების მიმდინარე და პერსპექტიული ტენდენციების გამოვლენის მიზნით, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, განხორციელება და ანალიზი;

გ) საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი, ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) განვითარების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შეთანხმებული მექანიზმების განხორციელება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და/ან მომზადებაში მონაწილეობა;

ე) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება;

ვ) საქართველოს შრომის ბაზარზე საშუამავლო მომსახურების გაწევის ეფექტურად უზრუნველსაყოფად, ცალკეულ დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან და დასაქმების კერძო სააგენტოებთან თანამშრომლობის განვითარება;

ზ) სამუშაოს მაძიებლებისათვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა;

თ) სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების ღონისძიებათა ორგანიზება, განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობა;

ი) დასაქმების ფორუმების ორგანიზება ან/და ორგანიზებაში მონაწილეობა;

კ) შრომისა და დასაქმების, მათ შორის, ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში, შესაბამისი საერთაშორისო რეგულაციებისა და ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;

ლ) შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი ბაზისა და საჭიროებისამებრ, შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;

მ) ცირკულარული შრომითი მიგრაციის სქემებში მონაწილე, საქართველოში დაბრუნებული შრომითი მიგრანტების, ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობა;

ნ) საქართველოში შრომითი იმიგრაციის რეგულირების შესახებ წინადადებების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა;

ო) შრომითი მიგრაციის სფეროში სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო კონვენციების, რეკომენდაციების, შეთანხმებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

პ) სააგენტოს საქმიანობისა და პროექტების მიმდინარეობის ანგარიშების მომზადება და სამინისტროსათვის წარდგენა;

ჟ) სააგენტოს პროგრამების/პროექტების ფარგლებში მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება, განვითარება და ანალიზი.

მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – სააგენტოს უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. სააგენტოს უფროსი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.

3. სააგენტოს უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. უფროსის მოადგილ(ეებ)ის რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით.

4. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, თუ მინისტრის ბრძანებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5. სააგენტოს უფროსის არყოფნის (უფლებამოსილების შეწყვეტის ან შეჩერების) შემთხვევაში, სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრი უფლებამოსილია სააგენტოს უფროსის უფლება-მოვალეობები დროებით დააკისროს სააგენტოს უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი.

მუხლი 4. სააგენტოს უფროსი

სააგენტოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;

გ) უძღვება სააგენტოს საქმიანობას, ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;

ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე;

ვ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;

ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსის მოადგილის კანდიდატურას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

თ) კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ი) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

მ) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;

ო) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;

პ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, განსაზღვრავს სააგენტოს საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;

ჟ) სააგენტო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები და საბჭოები) და სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

რ) სააგენტოს საქმიანობის ორგანზების სრულყოფის მიზნით ამტკიცებს შესაბამის ინსტრუქციებს/წესებს;

ს) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა

სააგენტოს სტრუქტურას და თანამშრომელთა რაოდენობას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები

1. სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სააგენტოს საქმიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

3. სამინისტრო უფლებამოსილია, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.

მუხლი 7. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები

1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.

3. სააგენტოს დაფინანსების წყარო შესაძლოა იყოს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და სახელფასო დანამატის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებსა და ფუნქციების განხორციელებას.

7. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

მუხლი 8. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

მუხლი 9. დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.