კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 214/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 220000000.18.011.016342
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
214/04
26/09/2018
ვებგვერდი, 27/09/2018
220000000.18.011.016342
კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/09/2018 - 27/04/2020)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №214/04

2018 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულება დანართთან ერთად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულება (შემდგომში დებულება) განსაზღვრავს ლევერიჯის კოეფიციენტის მინიმალურ მოთხოვნასა და კომერციული ბანკის მიერ ლევერიჯის კოეფიციენტის გამოთვლის ელემენტებსა და სტანდარტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისა და უცხოეთის ბანკების ფილიალებისათვის (შემდგომში – ბანკი).

2. ლევერიჯის კოეფიციენტი წარმოადგენს მარტივ მაჩვენებელს და გამოიყენება რისკებზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შემავსებლად. ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის განსაზღვრის მიზანია საბანკო სექტორში ჭარბი ლევერიჯის დაგროვების თავიდან არიდება.

3. ამ დებულებით განსაზღვრული ლევერიჯის კოეფიციენტი ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებული „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ მიერ განსაზღვრულ ჩარჩოს. თუ ამ დებულებაში მოცემული არ არის კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი წესი ან ტერმინის განმარტება,  ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან (შემდგომში ეროვნული ბანკი) შეთანხმებით უნდა იხელმძღვანელოს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტებით, 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს  საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული მოთხოვნების შესახებ 575/2013 რეგულაციითა და 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს  საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ 2013/36 დირექტივით.

4. ბანკს უნდა გააჩნდეს ჭარბი ლევერიჯის იდენტიფიკაციის, მართვისა  და მონიტორინგის შიდა პოლიტიკა და პროცედურები.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საბაზრო ფასებზე მიბმის მეთოდი (mark-to-market) ფინანსური ინსტრუმენტების რისკის პოზიციის ღირებულების დათვლის მეთოდი, რომლის დროსაც შეფასება ხდება საბაზრო ფასების გამოყენებით;

ბ) ჩანაცვლების ღირებულება (replacement cost) ფინანსური ინსტრუმენტის მიმდინარე საბაზრო ღირებულების თანხა, რომელიც საჭირო იქნებოდა კონტრაჰენტის დეფოლტის შემთხვევაში ფინანსური ინსტრუმენტის ჩასანაცვლებლად;

გ) პოტენციური საკრედიტო რისკის  პოზიცია (potential future credit exposure) ფინანსური ინსტრუმენტის მომავალ პოტენციურ დანაკარგებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის პოზიცია, რომელიც გამოითვლება როგორც ფინანსური ინსტრუმენტების ნომინალური ღირებულებისა და ინსტრუმენტის ტიპისა და ნარჩენი ვადიანობის შესაბამისად განსაზღვრული პროცენტის ნამრავლი;

დ) ვარიაციის მარჟა (variation margin) ცვალებადი დამატებითი/საგარანტიო გადასახადი, რომელიც გამოწვეულია ფინანსური ინსტრუმენტების ფასების არასასურველი მერყეობით;

ე) ურთიერთგაქვითვის გენერალური ხელშეკრულება (master netting agreement) ხელშეკრულება ორი ან მეტი კონტრაქტის მქონე ორ კონტრაჰენტს შორის, რომელიც რომელიმე კონტრაქტის შეწყვეტის ან გადახდისუუნარობის შემთხვევაში განსაზღვრავს ყველა კონტრაქტისა და უზრუნველყოფების წმინდა (გაქვითული) ღირებულებით ანგარიშსწორებას, ერთი გადახდის ფარგლებში და ერთ ვალუტაში;

ვ) ცენტრალური კონტრაჰენტი (central counterparty) იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს შუამავალს იმ კონტრაქტების კონტრაჰენტებს შორის, რომლებიც ივაჭრება ერთ ან მეტ ფინანსურ ბაზარზე. იგი წარმოადგენს მყიდველს ყველა კონტრაქტის გამყიდველისთვის და გამყიდველს ყველა კონტრაქტის მყიდველისთვის;

ზ) კვალიფიცირებული ცენტრალური კონტრაჰენტი (QCCP) ევროკავშირის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტოს მიერ ავტორიზებული (ევროკავშირის წევრ ქვეყანაში დაარსებული) ან აღიარებული (ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში დაარსებული) ცენტრალური კონტრაჰენტი;

თ) დეფოლტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ, ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა, რომლის შედეგადაც მეორე მხარეს წარმოეშობა ფინანსური გირაოს ამოქმედების უფლება ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლება.


მუხლი 3. ლევერიჯის კოეფიციენტის გამოთვლა და კოეფიციენტის მინიმალური მოთხოვნა
1. ლევერიჯის კოეფიციენტის გამოთვლის მიზნით, კაპიტალი იყოფა მთლიან რისკის პოზიციებზე და აღნიშნული გამოისახება პროცენტულად.

2. წინამდებარე დებულების მიზნებისთვის კაპიტალი წარმოადგენს „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით (შემდგომში   კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულება) განსაზღვრულ პირველად კაპიტალს.

3. მთლიანი რისკის პოზიციები წარმოადგენს შემდეგი ელემენტების ჯამს:

ა) საბალანსო რისკის პოზიციები ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საბალანსო რისკის პოზიციები;

ბ) წარმოებული ინსტრუმენტები ამ დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული კრედიტის წარმოებული ინსტრუმენტები, მათ შორის, გარესაბალანსო ინსტრუმენტები და დანართი №1-ში ჩამოთვლილი კონტრაქტები;

გ) ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციები რეპოოპერაციები, უკუ-რეპოოპერაციები, ფასიანი ქაღალდებითა და საქონლით დაფინანსებული ტრანზაქციები, გრძელვადიანი ანგარიშსწორების ტრანზაქციები და ზღვრული დაკრედიტების ტრანზაქციები, მათ შორის გარესაბალანსო, განსაზღვრული ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად;

დ) გარესაბალანსო ელემენტები ამ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული გარესაბალანსო ელემენტები.

4. ბანკის ლევერიჯის კოეფიციენტი ყოველთვის უნდა აღემატებოდეს 5%-ს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ბანკის მიმართ ლევერიჯის ინდივიდუალური კოეფიციენტის მოთხოვნაა დაწესებული. 

5. ლევერიჯის კოეფიციენტის დათვლის მიზნებისათვის  ბანკებმა უნდა ისარგებლონ საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2000 წლის 26 ოქტომბრის №3 დადგენილებით დამტკიცებული  „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის“ (შემდგომში ინსტრუქცია)    საფუძველზე გაანგარიშებული  რიცხვებით.


მუხლი 4. საბალანსო რისკის პოზიციები
1. საბალანსო რისკის პოზიციების ღირებულება წარმოადგენს საბალანსო ელემენტების ღირებულების ძირითად თანხას, რომელიც შემცირებულია სპეციალური რეზერვითა და კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით განსაზღვრული პირველადი კაპიტალის კორექტირებებით, შესაბამისი დარიცხული მისაღები პროცენტებისა და ჯარიმების და მხარის მიმართ ნებისმიერი სხვა სახის მოთხოვნების, მათ შორის, დებიტორული მოთხოვნების ჩათვლით.

2. კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების შესაბამისად  განსაზღვრული საკრედიტო მიტიგაციის საშუალებები არ გამოიყენება საბალანსო რისკის პოზიციის ღირებულების შესამცირებლად.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის საბალანსო ელემენტებში ჩაითვლება კრედიტის წარმოებული ინსტრუმენტებისა და ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციების სანაცვლოდ მიღებული უზრუნველყოფები, რომელთა აღიარება ხდება  ბალანსზე.  


მუხლი 5. წარმოებული ინსტრუმენტები
1. კრედიტის წარმოებული ინსტრუმენტების, მათ შორის, გარესაბალანსო ინსტრუმენტების და დანართ №1-ში ჩამოთვლილი კონტრაქტების რისკის პოზიციების ღირებულება წარმოადგენს შემდეგი ელემენტების ჯამს:

ა) საბაზრო ფასებზე მიბმის მეთოდის შესაბამისად დათვლილი ჩანაცვლების ღირებულება, თუ ბანკი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების  მიზნებისათვის იყენებს აღნიშნულ მეთოდს;

ბ) საბაზრო ფასებზე მიბმის მეთოდის შესაბამისად დათვლილი მოსალოდნელ საკრედიტო რისკის პოზიციასთან დაკავშირებული დამატებითი ღირებულება, თუ ბანკი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების მიზნებისათვის იყენებს აღნიშნულ მეთოდს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დათვლილი ჩანაცვლების ღირებულება შესაძლოა შემცირდეს კონტრაჰენტისგან მიღებული ვარიაციის მარჟის თანხით, იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუქციით განსაზღვრული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები არ ითვალისწინებს აღნიშნული ინსტრუმენტის საბალანსო ღირებულების  შემცირებას აღნიშნული ვარიაციის მარჟით და, ამასთან, კუმულაციურად სრულდება შემდეგი პირობები:

ა) ტრანზაქციებისთვის, რომლებშიც არ მონაწილეობს კვალიფიცირებული ცენტრალური კონტრაჰენტი, მიღებული ვარიაციის მარჟის თანხაზე არ მოქმედებს რაიმე სახის სამართლებრივი ან ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვები, რომლებიც შეაფერხებდა მიღებული ვარიაციის მარჟის განკარგვას;

ბ) ვარიაციის მარჟა გამოითვლება და იცვლება ყოველდღიურად და ეფუძნება ფინანსური ინსტრუმენტების საბაზრო ფასებზე მიბმის მეთოდით შეფასებას;

გ) მიღებული ვარიაციის მარჟა ფინანსური ინსტრუმენტის კონტრაქტით განსაზღვრული ანგარიშსწორების ვალუტაშია დენომინირებული;

დ) მიღებული ვარიაციის მარჟის ოდენობა საკმარისი უნდა იყოს საბაზრო ფასებზე მიბმის მეთოდით მიღებული რისკის პოზიციის დასაფარად;

ე) წარმოებული ინსტრუმენტის ხელშეკრულება და ვარიაციის მარჟა განსაზღვრული უნდა იყოს კონტრაჰენტებს შორის დადებული ცალკეული ურთიერთგაქვითვის ხელშეკრულების მიხედვით. აღნიშნული ხელშეკრულება ცალსახად უნდა განსაზღვრავდეს ანგარიშსწორებას წმინდა ღირებულებით და ითვალისწინებდეს მიღებულ ან გადახდილ ვარიაციის მარჟას რომელიმე კონტრაჰენტის დეფოლტის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შემთხვევაში. ხელშეკრულება უნდა იყოს სამართლებრივად აღსრულებადი ყველა შესაბამის იურისდიქციაში, მათ შორის დეფოლტის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შემთხვევაში.

3. ვარიაციის მარჟის დაქვითვისას:

ა) დაქვითული ვარიაციის მარჟა არ უნდა აღემატებოდეს ჩანაცვლების ღირებულების დადებით მოცულობას;

ბ) მიღებული ვარიაციის მარჟის თანხა არ უნდა იქნეს გამოყენებული მოსალოდნელ საკრედიტო რისკის პოზიციასთან დაკავშირებული დამატებითი ღირებულების შესამცირებლად.

4. იმ შემთხვევაში, თუ კონტრაჰენტისთვის გადახდილი ვარიაციის მარჟის თანხა ინსტრუქციით განსაზღვრული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების თანახმად კლასიფიცირდება მოთხოვნად, იგი უნდა გამოაკლდეს რისკის პოზიციებს და იმავე პრინციპების დაცვით უნდა დაემატოს წარმოებული ინსტრუმენტის ჩანაცვლების ღირებულებას  ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული წესით.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის კრედიტის წარმოებული ინსტრუმენტების ღირებულებაში შევა მათ სანაცვლოდ მიღებული უზრუნველყოფების ღირებულება, თუ ინსტრუქციით განსაზღვრული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად აღნიშნული  უზრუნველყოფები ამცირებს საბალანსო ელემენტებს.

6. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დათვლილი ღირებულებისა, გაყიდული კრედიტის წარმოებული ინსტრუმენტისთვის დამატებით გაითვალისწინება ეფექტური პირობითი ღირებულება. აღნიშნული ღირებულება უნდა შემცირდეს გადაფასების შედეგად პირველად კაპიტალში ასახული ცვლილებებით. დამატებით მიღებული ღირებულება შესაძლოა შემცირდეს შეძენილი კრედიტის წარმოებული ინსტრუმენტის შესაბამისი ეფექტური პირობითი ღირებულებით, თუ დაკმაყოფილდება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები.

7. თუ ბანკი ამ დებულების დანართი №1-ით განსაზღვრული კონტრაქტებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისთვის იყენებს კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების 50-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ მეთოდს, ასეთ შემთხვევაში ბანკს შეუძლია, ლევერიჯის კოეფიციენტის გამოთვლის მიზნებისთვის გამოიყენოს ეს უკანასკნელი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მეთოდის ნაცვლად.


მუხლი 6. ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციები
1. ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციებისთვის რისკის პოზიციის ღირებულება წარმოადგენს შემდეგი ელემენტების ჯამს:
ა) ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციების მთლიანი სააღრიცხვო ღირებულება;

ბ) კონტრაჰენტის საკრედიტო რისკთან დაკავშირებული დამატებითი ღირებულება განსაზღვრული ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

2. ერთსა და იმავე კონტრაჰენტთან ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციების ფარგლებში მისაღები და გადასახდელი თანხების ურთიერთგაქვითვა დასაშვებია, თუ სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:
ა) ტრანზაქციების საბოლოო ანგარიშსწორების თარიღები ერთმანეთს ემთხვევა;

ბ) ურთიერთგაქვითვა სამართლებრივად აღსრულებადია როგორც საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში, ასევე დეფოლტის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შემთხვევაში;

გ) კონტრაჰენტებს შორის ანგარიშსწორება ხდება წმინდა ღირებულებით, ერთდროულად ან ტრანზაქციები ექვემდებარება ანგარიშსწორების ისეთ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას წმინდა ღირებულების ეკვივალენტურად;

დ) ბანკს კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების მიზნებისათვის ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციების ურთიერთგაქვითვის შესახებ ეროვნული ბანკისაგან აქვს შესაბამისი ნებართვა მიღებული.

3. ტრანზაქციებისთვის, რომლებიც არ ექვემდებარება ძირითად ხელშეკრულებას ურთიერთგაქვითვის შესახებ, კონტრაჰენტის საკრედიტო რისკთან დაკავშირებული დამატებითი ღირებულება გამოითვლება ინდივიდუალურად, თითოეული ტრანზაქციისთვის შემდეგი ფორმულის მიხედვით:

Ei* = max {0, Ei-Ci},

სადაც:

ა) Ei არის i ტრანზაქციის ფარგლებში კონტრაჰენტზე გაცემული ფასიანი ქაღალდების ან გაცემული სახსრების სამართლიანი ღირებულება;

ბ) Ci არის i ტრანზაქციის ფარგლებში კონტრაჰენტისგან მიღებული სახსრების ან მიღებული ფასიანი ქაღალდების სამართლიანი ღირებულება.

4. თუ ტრანზაქციები ექვემდებარება ძირითად ხელშეკრულებას ურთიერთგაქვითვის შესახებ, კონტრაჰენტის საკრედიტო რისკთან დაკავშირებული დამატებითი ღირებულება გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

Ei* = max {0, (  - )}

ა) Ei არის კონტრაჰენტზე გაცემული ფასიანი ქაღალდების ან გაცემული სახსრების სამართლიანი ღირებულება, ტრანზაქციების ფარგლებში, რომლებიც ექვემდებარება i ძირითად ხელშეკრულებას ურთიერთგაქვითვის შესახებ;

ბ) Ci არის კონტრაჰენტისგან მიღებული სახსრების ან მიღებული ფასიანი ქაღალდების სამართლიანი ღირებულება იმ ტრანზაქციების ფარგლებში, რომლებიც ექვემდებარება i ძირითად ხელშეკრულებას ურთიერთგაქვითვის შესახებ.

5. თუ ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციები ინსტრუქციით განსაზღვრული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად  კლასიფიცირდება როგორც ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, მთლიანი რისკის პოზიციების მიზნებისთვის ბანკმა უნდა შეასწოროს აღნიშნული ბუღალტრული ჩანაწერები და დათვალოს შესაბამისი რისკის პოზიციების ღირებულება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

6. თუ ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციების განხორციელებისას ბანკი ასრულებს შუამავლის/აგენტის როლს ორ მხარეს შორის, მაშინ:

ა) თუ ბანკი უზრუნველყოფს ზარალის ლიმიტირებულად ანაზღაურებას გამსესხებლის მიერ გაცემული თანხისა  და მსესხებლის მიერ  წარმოდგენილი უზრუნველყოფის ღირებულების სხვაობის ფარგლებში, მაშინ რისკის პოზიციის ღირებულებაში შევა მხოლოდ ამ მუხლის მე-3-მე-4 პუნქტების შესაბამისად დათვლილი დამატებითი ღირებულება;

ბ) თუ ბანკი არ იღებს არანაირ ვალდებულებას ტრანზაქციაში მონაწილე მხარეების მიმართ, მაშინ ტრანზაქციის ღირებულება არ შევა რისკის პოზიციების ღირებულებაში;

გ) თუ ბანკი იღებს ვალდებულებას ტრანზაქციის ფარგლებში გაცემული თანხის ან უზრუნველყოფის მიმართ და არ შემოიფარგლება მხოლოდ დამატებითი ღირებულების ანაზღაურებით, მაშინ ბანკმა რისკის პოზიციებში უნდა გაითვალისწინოს გაცემული თანხის ან უზრუნველყოფის მთლიანი ღირებულება.

7. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციების კონტრაჰენტთან დაკავშირებული დამატებითი ღირებულების გამოსათვლელად კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისთვის იყენებს ფინანსური უზრუნველყოფის გამარტივებულ მეთოდს, მაშინ ბანკს შეუძლია ლევერიჯის კოეფიციენტის გამოთვლის მიზნებისთვის გამოიყენოს ეს უკანასკნელი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მეთოდის ნაცვლად.


მუხლი 7. გარესაბალანსო რისკის პოზიციები
1. ლევერიჯის კოეფიციენტის მიზნებისთვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების მიხედვით განსაზღვრული გარესაბალანსო ელემენტების რისკის პოზიციის ღირებულება არის მათი ღირებულების შემდეგი პროცენტი (კრედიტ-კონვერსიის ფაქტორი): თუ მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 100%, თუ საშუალო რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 50%, თუ საშუალო/დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 20%, თუ დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 10%. აღნიშნულ გარესაბალანსო ელემენტებს უნდა მიენიჭოთ რისკის კატეგორიები კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების მიხედვით.
2. კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების შესაბამისად  განსაზღვრული საკრედიტო მიტიგაციის საშუალებები არ გამოიყენება გარესაბალანსო რისკის პოზიციის ღირებულების შესამცირებლად.

 

მუხლი 8. ინდივიდუალური მიდგომები
1. თუ ბანკი როგორც კვალიფიცირებული ცენტრალური კონტრაჰენტის წევრი  ასრულებს საკლირინგო მომსახურებას და წარმოადგენს ფინანსურ შუამავალს კლიენტსა და ცენტრალურ კონტრაჰენტს შორის, ხოლო ფინანსური ინსტრუმენტის ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ ცენტრალური კონტრაჰენტის გადახდისუუნარობის შემთხვევაში ბანკი არ არის ვალდებული აუნაზღაუროს კლიენტს მიყენებული ზარალი, მაშინ აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტები არ ჩაირთვება მთლიან რისკის პოზიციებში.

2. თუ ბანკი როგორც კვალიფიცირებული ცენტრალური კონტრაჰენტის წევრი ასრულებს საკლირინგო მომსახურებას და წარმოადგენს კლიენტის გარანტორს კვალიფიცირებული ცენტრალური კონტრაჰენტის წინაშე, ამ შემთხვევაში აღნიშნული ინსტრუმენტების ღირებულება დაემატება რისკის პოზიციების ღირებულებას.

3. ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით გარკვეული რისკის პოზიციები შესაძლოა გამოირიცხოს მთლიანი რისკის პოზიციების დათვლისას, თუ სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი  ყველა პირობა:

ა) კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების მიზნებისათვის ისინი წარმოადგენენ რისკის პოზიციებს საჯარო დაწესებულებების მიმართ;

ბ) აღნიშნული რისკის პოზიციების მიმართ ვრცელდება იგივე მიდგომა, რაც ცენტრალური, რეგიონული ან ადგილობრივი მთავრობის მიმართ არსებული რისკის პოზიციების მიმართ კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

გ) ისინი დაკავშირებულია დეპოზიტებთან, რომელთა მიმართაც ბანკს გააჩნია სამართლებრივი ვალდებულება, გადასცეს წინამდებარე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებას საერთო საზოგადოებრივი ინტერესების ინვესტიციების დასაფინანსებლად;

4. ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით, მთლიანი რისკის პოზიციებიდან შესაძლოა გამოირიცხოს რისკის პოზიციები მშობელ, შვილობილ ან ჯგუფის წევრ სხვა საწარმოებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კაპიტალის ინსტრუმენტი წარმოიქმნება და ამასთან, კუმულაციურად კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი პირობები:

ა) კონტრაჰენტი არის ფინანსური ინსტიტუტი ან დამხმარე მომსახურებათა საწარმო, რომელიც ექვემდებარება შესაბამის საზედამხედველო მოთხოვნებს;

ბ) კონტრაჰენტი და ბანკი ექვემდებარებიან სრულ საზედამხედველო კონსოლიდირებას;

გ) კონტრაჰენტი ექვემდებარება რისკების შეფასების, გაზომვისა და კონტროლის  იმავე  პროცედურებს, რასაც ბანკი;

დ) კონტრაჰენტი დაარსებულია იმავე ქვეყნის იურისდიქციაში, რომელშიც ბანკი;

ე) არ არის სახეზე არსებული ან მოსალოდნელი პრაქტიკული ან სამართლებრივი შეფერხებები, რომელიც დააბრკოლებს კაპიტალის გადადინებას ან ვალდებულებების დაფარვას კონტრაჰენტიდან ბანკის მიმართულებით.

5. ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით, გარკვეული მაკროეკონომიკური გარემოებების გათვალისწინებით, მთლიანი რისკის პოზიციებიდან შესაძლოა,  დროებით გამოირიცხოს ეროვნულ ბანკში არსებული სავალდებულო რეზერვები. აღნიშნულ შემთხვევაში ლევერიჯის კოეფიციენტის მინიმალური მოთხოვნა გაიზრდება, ხოლო ბანკები გამჭვირვალობის მიზნებისთვის ვალდებულნი იქნებიან, გამოაქვეყნონ კოეფიციენტი როგორც სავალდებულო რეზერვების გათვალისწინებით, ასევე რისკის პოზიციებიდან სავალდებულო რეზერვების გამორიცხვის ეფექტით.

6. იმ შემთხვევაში, თუ ფიდუციარული ოპერაციების ფარგლებში მიღებული აქტივები ინსტრუქციის მიხედვით აღიარდება ბალანსზე, აღნიშნული აქტივები უნდა გამოაკლდეს მთლიან რისკის პოზიციებს, თუ არ კმაყოფილდება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის — „ბასს 39“-ის თანახმად განსაზღვრული კრიტერიუმები.


მუხლი 9. ეროვნულ ბანკთან ანგარიშგება
ბანკებმა ეროვნულ ბანკში ყოველთვიურად უნდა წარადგინონ ლევერიჯის კოეფიციენტის შესახებ ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად.

მუხლი 10. სანქციები
1. წინამდებარე დებულებით განსაზღვრული კოეფიციენტის დარღვევის შემთხვევაში, ბანკს ეკრძალება კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით გათვალისწინებული ძირითადი პირველადი კაპიტალის განაწილება, დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტებზე გადახდების განხორციელება, ცვალებადი ანაზღაურების (ბონუსების) გადახდის ვალდებულების შექმნა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული სხვა გადახდების განხორციელება იმ პერიოდისათვის, როდესაც ბანკი ვერ აკმაყოფილებს ლევერიჯის კოეფიციენტის მინიმალურ მოთხოვნას

2. ზემოაღნიშნული პუნქტის გარდა, ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.