„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ

„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 31/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016277
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
31/08/2018
ვებგვერდი, 07/09/2018
300280000.16.009.016277
„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/09/2018 - 27/03/2019)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №22

2018 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

1. დამტკიცდეს თანდართული „ბუნებრივი გაზის ქსელის წესები“.
2. ეს დადგენილება,  გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ პირველი, მე-3-მე-9, მე-11-მე-16, მე-18-58-ე, 77-ე-85-ე, 87-ე, 89-ე, 91-ე-93-ე მუხლებისა და დანართი №1-ისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ პირველი, მე-3-მე-9, მე-11-მე-16, მე-18-58-ე, 77-ე-85-ე, 87-ე, 89-ე, 91-ე-93-ე მუხლები და დანართი №1 ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიდავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია



ბუნებრივი გაზის ქსელის წესები

კარი I
ზოგადი ნაწილი

თავი I
ზოგადი დებულებები

 


მუხლი 1. ბუნებრივი გაზის ქსელის წესების მოქმედების სფერო და მიზანი
1. ბუნებრივი გაზის ქსელის წესები (შემდგომში – წესები) განსაზღვრავს ტრანსპორტირების სისტემისა და გამანაწილებელი ქსელის მართვის და ამ ქსელით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს, პირობებსა და პრინციპებს და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს.

2. ამ წესების მოქმედება ვრცელდება:

ა)    განაწილების ლიცენზიატებზე;

ბ)    საცალო და პირდაპირ მომხმარებლებზე;

გ)    მაძიებლებზე;

დ)   ტრანსპორტირების ლიცენზიატზე;

ე)    სისტემითა და ქსელით მოსარგებლეებზე;

ვ)    მოპოვებული ბუნებრივი გაზის გადამზიდებზე.

3. ეს წესები არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის გავლით ბუნებრივი გაზის ტრანზიტზე.

4. ამ წესებით გათვალისწინებული ვადები გამოითვლება კალენდარული დღეების მიხედვით, თუ პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ვადის სამუშაო დღით განსაზღვრის ვალდებულება.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესების მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ავარია – ტრანსპორტირების სისტემის მოწყობილობასთან დაკავშირებული სისტემური გაუმართაობა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და დააზიანოს ქონება ან სხვა სახის ზეგავლენა იქონიოს ტრანსპორტირების სისტემის გარკვეული მონაკვეთების მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე;

ბ) არასტანდარტული ბუნებრივი გაზი – ბუნებრივი გაზი, რომლის ხარისხობრივი მახასიათებლები არ შეესაბამება ამ წესების დანართი №2-ით განსაზღვრულ მაჩვენებლებს;

გ) აღრიცხვის ანგარიში – ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ აღრიცხვის კვანძში გაზომილი და დადასტურებული მონაცემების შემაჯამებელი დოკუმენტი;

დ) აღრიცხვის კვანძი – მოწყობილობა ან მოწყობილობათა ერთობლიობა, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ბუნებრივი გაზის ოდენობის გაზომვა;

ე) გაზომვის მოწყობილობა – საზომი მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის გაზომვისთვის;

ვ) ბუნებრივი გაზის გაცემა – მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის გაცემა;

ზ) ბუნებრივი გაზის მიღება – მიღების პუნქტში ბუნებრივი გაზის მიღება;

თ) ბუნებრივი გაზის ოდენობა – ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელიც გაზომილია სტანდარტულ კუბურ მეტრებში;

ი) გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და სისტემით მოსარგებლეს შორის, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ;

კ) ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მახასიათებლები – ამ წესების  დანართი №2-ით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის მახასიათებლები;

ლ) დაბალანსება – ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მომარაგების მიზნით განხორციელებული ყველა მოქმედება და პროცესი, რომლის საშუალებითაც ტრანსპორტირების ლიცენზიატი უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს ტრანსპორტირების სისტემის განსაზღვრული პარამეტრებისა და სისტემის სტაბილური ფუნქციონირების შენარჩუნებას;

მ) დაბალანსების ჯგუფი – ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემით  მოსარგებლე ორი ან მეტი პირისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც უბალანსობაზე პასუხისმგებლობის ვალდებულებას გადასცემს დაბალანსების ჯგუფის პასუხისმგებელ მხარეს;

ნ) დაბალანსების ჯგუფის პასუხისმგებელი მხარე – პირი, რომელიც დაბალანსების ჯგუფის მონაწილეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად პასუხისმგებელია  ამ ჯგუფის უბალანსობაზე;

ო) დადასტურებული აღრიცხვის მონაცემი – აღრიცხვის მონაცემი, რომელიც ტრანსპორტირების ლიცენზიატმა დაადასტურა ანგარიშსწორების მიზნით;

პ) დაკავშირების წერტილი – მიერთების წერტილი, რომლის მეშვეობითაც ტრანსპორტირების სისტემა დაკავშირებულია გამანაწილებელ ქსელთან, გადამზიდის გაზსადენთან ან სხვა ქვეყნის სისტემასთან, ასევე წერტილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს გამანაწილებელ ქსელებს;

ჟ) დაკავშირებული სისტემა – ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების (მათ შორის, მეზობელი ქვეყნის) სისტემა, გამანაწილებელი ქსელი ან გადამზიდის გაზსადენი, რომელიც დაკავშირებულია ერთმანეთთან ერთი ან რამდენიმე დაკავშირების წერტილის მეშვეობით;

რ) დაკავშირებული სისტემის ოპერატორი – პირი, რომელიც ახორციელებს დაკავშირებული სისტემის ოპერირებას;

ს) მაძიებელი პირი რომელსაც სურს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთება ან არსებული მიერთების ცვლილება და შესაბამისი განაცხადით მიმართავს ტრანსპორტირების ლიცენზიატს;

ტ) მაქსიმალური ტექნიკური სიმძლავრე  – მიღების ან მიწოდების პუნქტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, რომლის გამოყენების საშუალება აქვთ ამ პუნქტით მოსარგებლეებს;

უ) მიერთების წერტილი – მოწყობილობა-დანადგარების ერთობლიობა, რომლის მეშვეობით ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება მიღების პუნქტში ბუნებრივი გაზის მიღება ან მისი გაცემა მიწოდების პუნქტიდან;

ფ) მიერთებული სუბიექტი – პირი (პირდაპირი მომხმარებელი, განაწილების ლიცენზიატი, გადამზიდი), რომელიც მიერთებულია ტრანსპორტირების სისტემაზე;

ქ) მიწოდების ვირტუალური პუნქტი – მიწოდების პუნქტების ერთობლიობა, რომელიც ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე დაჯგუფებულია ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ;

ღ) მოპოვებული ბუნებრივი გაზის გადამზიდი (გადამზიდი) – პირი, რომელიც „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ტრანსპორტირების ლიცენზიის საფუძველზე და მის მფლობელობაში არსებული გაზსადენების მეშვეობით ახორციელებს საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი გაზის გადაზიდვას ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის მიღების პუნქტებამდე;

ყ) ნომინაცია – ტრანსპორტირების სისტემაში მისაღები და სისტემიდან გასაცემი ბუნებრივი გაზის სასურველი ოდენობების სისტემით მოსარგებლის მიერ ტრანსპორტირების ლიცენზიატისათვის წინასწარი შეტყობინება;

შ) საანგარიშო დღე – დღე, რომელიც იწყება დღის 11:00 საათზე და სრულდება მომდევნო კალენდარული დღის 11:00 საათზე;

ჩ) სიმძლავრე – კუბური მეტრით დროის ერთეულში გამოხატული ბუნებრივი გაზის ნაკადი;

ც) სისტემით მოსარგებლე – განაწილების ლიცენზიატი (დანაკარგების დაფარვის მიზნით ბუნებრივი გაზის შესყიდვის ნაწილში), მიმწოდებელი ან პირდაპირი მომხმარებელი, რომელსაც გაფორმებული აქვს გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება ტრანსპორტირების ლიცენზიატთან;

ძ) სისტემით მოსარგებლეთა რეესტრი – ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ წარმოებული რეესტრი,  სადაც დარეგისტრირება სავალდებულოა ყველა სისტემით მოსარგებლისათვის და იმ პირებისათვის, რომლებიც სისტემით მოსარგებლის ნაცვლად ახორციელებენ ნომინაციას;

წ) ტრანსპორტირების სისტემის ტექნიკური მომსახურება (ტექნიკური მომსახურება) – ტრანსპორტირების სისტემის შემადგენელი ნაწილის ნებისმიერი შემოწმება/ინსპექტირება, მოდიფიცირება, შეკეთება, შეცვლა, აღდგენა, განახლება, ასევე ნებისმიერი სხვა სამუშაო, რომელიც ზეგავლენას ახდენს ან შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ბუნებრივი გაზის მიღებასა და გაცემაზე ტრანსპორტირების სისტემის მიღების ან მიწოდების პუნქტებში;

ჭ) ფორსმაჟორი – ნებისმიერი გაუთვალისწინებელი სიტუაცია, ან ქმედება, რომელიც არ ექვემდებარება ამ წესებით განსაზღვრული პირების გავლენასა და კონტროლს და რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა ამ პირების მიერ უკიდურესად ფრთხილი ზომების გატარებისა და მაქსიმალური გულმოდგინების გამოჩენის შემთხვევაშიც კი და რომელიც ხელს უშლის ამ პირებს მათი მოვალეობების შესრულებაში. სავარაუდო ფორსმაჟორული მოვლენებია: სტიქიური უბედურებები, გაფიცვები, ომი, აჯანყება, არეულობები, მეწყერი, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, აფეთქებები ან უბედური შემთხვევები ტრანსპორტირების სისტემის ან გამანაწილებელი ქსელის შემადგენელ ნებისმიერ მოწყობილობაში ან სხვა ობიექტებში რომელიც აუცილებელია შესაბამისი მომსახურების გაწევისათვის, ან ქმედების განხორციელებისათვის და რომელთა ხარისხი და მასშტაბი შეუძლებელს ხდის შესაბამისი მომსახურების გაწევას ან ქმედების განხორციელებას;

ხ) ქსელით მოსარგებლე – მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით;

ჯ) ხელშეკრულება დაკავშირებული სისტემის ოპერატორთან (დაკავშირების ხელშეკრულება) – ამ წესების შესაბამისად დაკავშირებულ სისტემის ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ადგენს ბუნებრივი გაზის ნაკადის კონტროლის, ნომინაციის და მიკუთვნების პროცესის წესებს, კომუნიკაციების პროცედურებს და მონაცემთა გაცვლის პირობებს.

2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები.


მუხლი 3. კონფიდენციალურობა
1. ამ წესების შესაბამისად ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატების, ასევე სისტემითა და ქსელით მოსარგებლეების მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მხარეთა შორის მონაცემთა ელექტრონული გაცვლის შედეგად მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის ჩათვლით, არის კონფიდენციალური და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხარეების, მათი თანამშრომლების ან/და  მათ მიერ დაქირავებული პირების მიერ ამ წესებით განსაზღვრულ ფარგლებს მიღმა. ასევე დაუშვებელია აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება მესამე მხარისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს იმ პირის წერილობითი თანხმობა, რომელსაც ეხება აღნიშნული ინფორმაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების მიუხედავად, ინფორმაცია არ ჩაითვლება კონფიდენციალურად, თუ:

ა) ინფორმაცია მხარეს გამჟღავნებამდე ჰქონდა ან მიიღო კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებებით, ან ეს ინფორმაცია სხვაგვარად მოხვდა საჯარო სივრცეში, ისე, რომ ადგილი არ ჰქონია მხარის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული კონფიდენციალობის დაცვის ან სხვა ვალდებულების პირდაპირ ან არაპირდაპირ დარღვევას;

ბ) ინფორმაციის გასაჯაროება სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესებით.

3. კონფიდენციალურობის შესახებ მოთხოვნები ძალაშია ამ წესებით განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულებების შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში.


მუხლი 4. უფლებები და ვალდებულებები ფორსმაჟორული შემთხვევების დროს
პირს, რომელიც ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ:

ა) სათანადო საშუალების გამოყენებით დაუყოვნებლივ აცნობებს ფორსმაჟორით გამოწვეული შემთხვევის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ ხელშემკვრელ მხარეს ან ნებისმიერ შესაბამის პირს ფორსმაჟორული მდგომარეობის შესახებ და მიაწვდის ინფორმაციას ფორსმაჟორის სავარაუდო ხანგრძლივობისა და გასატარებელი აუცილებელი ზომების შესახებ;

ბ) ფორსმაჟორით გამოწვეული შემთხვევის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ ხელშემკვრელ მხარეს ან ნებისმიერ შესაბამის პირს აცნობებს იმ ზომების შესახებ, რომლებიც გატარებული იქნა ფორსმაჟორით გამოწვეულ ავარიებზე რეაგირებისათვის, ასევე, ფორსმაჟორის სავარაუდო ხანგრძლივობასა და მისი დასრულების ვადას;

გ) უზრუნველყოფს ფორსმაჟორით გამოწვეული შემთხვევის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ხელშემკვრელი მხარის ან ნებისმიერი შესაბამისი პირის ან მათი წარმომადგენლების დაშვებას ფორსმაჟორული მდგომარეობის ადგილზე, თუ დაშვების უფლების მინიჭება მიეკუთვნება ამ პირის უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში, პირმა, რომელიც ითხოვს შემოწმების ჩატარებას, უნდა დაფაროს შემოწმების პროცესში გაღებული ნებისმიერი ხარჯი;

დ) მოამზადებს ფორსმაჟორული შემთხვევის შესახებ ანგარიშს, რომელიც მოიცავს შექმნილ ვითარებაზე რეაგირებისათვის განხორციელებულ ქმედებებსა და მის შედეგებს და აღნიშნულ ანგარიშს ფორსმაჟორის დასრულებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში გაუგზავნის ფორსმაჟორით გამოწვეული შემთხვევის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ ხელშემკვრელ მხარეს ან ნებისმიერ შესაბამის პირს.


თავი II
ხელშეკრულებები დაკავშირებული სისტემების ოპერატორებს შორის

 


მუხლი 5. დაკავშირებული სისტემების ოპერატორებს შორის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. დაკავშირებული სისტემების ურთიერთკავშირების, ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით, დაკავშირებული სისტემების ოპერატორებმა უნდა გააფორმონ ხელშეკრულებები (დაკავშირების ხელშეკრულება). ტრანსპორტირების ლიცენზიატი აგრეთვე უნდა შეეცადოს გააფორმოს დაკავშირების ხელშეკრულებები მეზობელი ქვეყნების სისტემების ოპერატორებთან.

2. დაკავშირების ხელშეკრულება სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ა) ბუნებრივი გაზის ნაკადის კონტროლის წესებს;

ბ) ბუნებრივი გაზის ოდენობის ნომინაციის და მიკუთვნების პროცესის წესებს;

გ) ფორსმაჟორულ შემთხვევებში კომუნიკაციების პროცედურებს;

დ) საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაციას;

ე) მონაცემთა გაცვლის პირობებს;

ვ) ავარიულ სიტუაციებში გაზის ნაკადის შეწყვეტის/შეზღუდვის და კომუნიკაციის საკითხებს.

3. დაკავშირების ხელშეკრულება უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად და ხელმოწერილი უნდა იყოს ორივე დაკავშირებული სისტემის ოპერატორის მიერ.


მუხლი 6. დაკავშირების წერტილის ოპერატიული მართვა და ექსპლუატაცია
1. დაკავშირების წერტილებისთვის, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ:

ა) გამანაწილებელ ქსელსა და ტრანსპორტირების სისტემას, გაზის ნაკადის კონტროლზე პასუხისმგებელია ტრანსპორტირების ლიცენზიატი;

ბ) გადამზიდის გაზსადენს და ტრანსპორტირების სისტემას, გაზის ნაკადის კონტროლზე პასუხისმგებელია ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი;

გ) გამანაწილებელ ქსელებს, გაზის ნაკადის კონტროლზე პასუხისმგებელია გამცემი განაწილების ლიცენზიატი, თუ დაკავშირების ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. დაკავშირების წერტილის ოპერირება, ექსპლუატაცია და მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ არსებობს დაკავშირებული სისტემის ოპერატორის ბუნებრივი გაზის დანადგარებისთვის ზიანის მიყენების საფრთხე, დაკავშირებული სისტემის ოპერატორის ბუნებრივი გაზის დანადგარზე სამუშაოს წარმოების შესახებ უნდა ეცნობოს მეორე დაკავშირებული სისტემის ოპერატორს, სამუშაოების დაწყებამდე სულ მცირე სამი სამუშაო დღით ადრე. ნებისმიერი ასეთი სამუშაო უნდა შესრულდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვით და კანონმდებლობით განსაზღვრული კვალიფიკაციის მქონე პირების მიერ.

3. დაკავშირებული სისტემების ოპერატორები ვალდებულნი არიან ერთმანეთს შეუთანხმონ მათ მფლობელობაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობისა და მოწყობილობების საექსპლუატაციო და სამშენებლო სამუშაოები.


მუხლი 7. მონაცემთა გაცვლა დაკავშირებული სისტემის ოპერატორებს შორის
1. დაკავშირებული სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია დაკავშირების წერტილში ბუნებრივი გაზის აღრიცხვაზე, ვალდებულია ამ წესების XIIIთავის შესაბამისად მასთან დაკავშირებული სისტემის ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია ამ წერტილის მეშვეობით მასზე გაცემული გაზის საათობრივ ოდენობებზე.

2. მონაცემთა გაცვლის პერიოდები, ვადები და გრაფიკები უნდა განისაზღვროს მხარეთა მიერ ისე, რომ მოხდეს ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი მომარაგების გამარტივება ორივე დაკავშირებული სისტემის ოპერატორისთვის.


თავი III
ტრანსპორტირების სისტემისა და გამანაწილებელი ქსელის განვითარება

მუხლი 8. განვითარების გეგმა
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ყოველწლიურად შეიმუშაოს ტრანსპორტირების სისტემის განვითარების გეგმა (საინვესტიციო პროგრამა), ხოლო განაწილების ლიცენზიატი – გამანაწილებელი ქსელის განვითარების გეგმა. განვითარების გეგმა უნდა მოიცავდეს:

ა) ტრანსპორტირების სისტემის განვითარების გეგმის შემთხვევაში –  ინფორმაციას ტრანსპორტირების სისტემის იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა აშენდეს ან გაუმჯობესდეს მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მათ შორის ინფორმაციას გადაწყვეტილი ინვესტიციების შესახებ, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში;

ბ) გამანაწილებელი ქსელის განვითარების გეგმის შემთხვევაში –  ინფორმაციას გამანაწილებელი ქსელის იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა აშენდეს ან გაუმჯობესდეს მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, ინფორმაციას გადაწყვეტილი ინვესტიციების შესახებ, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, განვითარების გეგმაში მოცემული უნდა იყოს:

ა) არსებული ინფრასტრუქტურის აღწერილობა;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საჭირო ახალი საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალი და თითოეული პროექტის დასაბუთება, ტექნიკური აღწერილობა, სავარაუდო ღირებულება და დასრულების სავარაუდო თარიღი;

გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების გრაფიკი;

დ) საინვესტიციო პროექტების შერჩევისათვის გამოყენებული დაშვებების/კრიტერიუმების დეტალური აღწერილობა;

ე) საანგარიშო პერიოდის წინა პერიოდის გეგმით წარდგენილი პროექტების ჩამონათვალი,  დაზუსტებული სავარაუდო ღირებულება და ინფორმაცია მათი მიმდინარეობის შესახებ;

ვ) ინფორმაცია განვითარების გეგმის წარდგენის წინა წელს მიწოდების უსაფრთხოებასა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობაზე.

3. განვითარების გეგმაში მითითებული თითოეული საინვესტიციო პროექტის მიზანი შეიძლება იყოს:

ა) ტრანსპორტირების სისტემისა და გამანაწილებელი ქსელის (მისი სიმძლავრის) განვითარება, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების სათანადო გაზმომარაგებას, ასევე მოპოვებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასა და განაწილებას;

ბ) ტრანსპორტირების სისტემისა და გამანაწილებელი ქსელის ხელმისაწვდომობისა და საიმედოობის მაღალი დონის უზრუნველყოფა მიწოდების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით;

გ) ენერგოეფექტიანობის გაზრდა.

4. საინვესტიციო პროექტების განსაზღვრის მიზნით, ლიცენზიატი ვალდებულია დაეყრდნოს დასაბუთებულ  დაშვებებს სამომავლო მიერთებებთან, ბუნებრივი გაზის წლიურ მოხმარებასთან, პიკურ საათობრივ მოხმარებასა და სხვა შესაბამის მაჩვენებლებთან დაკავშირებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ყველა დაშვება უნდა:

ა) იყოს სახელმწიფო ენერგეტიკულ პოლიტიკასთან შესაბამისობაში;

ბ) იყოს განსაზღვრული სულ მცირე ამ მუხლის პირველი პუნქტში მოცემული პერიოდის თითოეულ წელზე;

გ) განსხვავდებოდეს მომხმარებელთა სულ მცირე  ისეთი ჯგუფების მიხედვით, როგორიცაა: საყოფაცხოვრებო მომხმარებლები, ელექტროენერგიის მწარმოებლები, ავტოგაზგასამართი სადგურები და სხვა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები.

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა ითანამშრომლოს ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატთან, რათა განვითარების გეგმებში ორივე ლიცენზიატის მიერ გამოყენებული დაშვებები იყოს თანხვედრაში.

7. ლიცენზიატები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ მასთან დაკავშირებული სისტემების ოპერატორებთან, მათი ქსელის განვითარების გეგმების თანხვედრის უზრუნველყოფის მიზნით. მოთხოვნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ტრანსპორტირების ლიცენზიატს მიაწოდოს ტრანსპორტირების სისტემის განვითარების გეგმის შემუშავებისათვის საჭირო ინფორმაცია. ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს ინფორმაციის ეფექტიანი დამუშავების მიზნით, გასცეს ინსტრუქციები მისაწოდებელი ინფორმაციის განსაზღვრასთან, სტრუქტურასა და ფორმატთან დაკავშირებით.

8. ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატები ვალდებულნი არიან შესაბამისი განვითარების გეგმის პროექტები შესათანხმებლად წარუდგინონ კომისიას ყოველი წლის 1 ოქტომბრამდე.

9. კომისია განიხილავს და შეისწავლის წარდგენილი განვითარების გეგმის პროექტს და უფლებამოსილია, მიიღოს დამატებით მოსაზრებები დაინტერესებული პირებისაგან და საჭიროების შემთხვევაში, ყოველი წლის 1 ნოემბრამდე აცნობოს შესაბამის ლიცენზიატს ცვლილების შეტანის საჭიროების თაობაზე, აგრეთვე, მოსთხოვოს შესაბამისი საინვესტიციო პროექტების განხორცილების აუცილებლობის, მათ შორის, მისი ზომის (პროექტის მასშტაბის, მათ შორის, მისი ღირებულების) და ეკონომიკური ეფექტიანობის დასაბუთება.

10. კომისიასთან შეთანხმებული განვითარების გეგმა უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი ლიცენზიატის ვებგვერდზე.


მუხლი 9. განვითარების გეგმის განხორციელების მონიტორინგი
1. ლიცენზიატი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოს განვითარების გეგმით გათვალისწინებული თითოეული პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკებისა და მათი ბიუჯეტის ეფექტიანად შესრულება.

2. ყოველი წლის პირველ აპრილამდე, ლიცენზიატმა კომისიას უნდა წარუდგინოს განვითარების გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობის შესახებ შუალედური ანგარიში, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე განვითარების გეგმაში ჩართული თითოეული პროექტის ფაქტობრივი ბიუჯეტის დეტალებს და გეგმა-გრაფიკს.

3. ყოველი წლის 1 ოქტომბრამდე, განვითარების გეგმის პროექტთან ერთად ლიცენზიატმა კომისიას უნდა წარუდგინოს მოცემული დროისათვის შეთანხმებული გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობის წლიური ანგარიში. ლიცენზიატმა უნდა დაასაბუთოს ბიუჯეტში და გეგმა-გრაფიკში არსებული გადახვევები, შეაფასოს მათი ზეგავლენა და აღწეროს მათი უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით გატარებული ზომები.


კარი II
ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ქსელის წესები

თავი IV
ზოგადი დებულებები

მუხლი 10. მიღების და მიწოდების პუნქტების საიდენტიფიკაციო კოდები
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა მიღების ან მიწოდების ყოველ ახალ პუნქტს ექსპლუატაციაში მიღებამდე უნდა მიანიჭოს უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, მის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

2. საიდენტიფიკაციო კოდები გამოყენებული უნდა იყოს შესაბამის პუნქტებთან დაკავშირებით ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და სისტემით მოსარგებლეებს შორის კომუნიკაციის დროს, შესაბამის პუნქტებზე მითითების მიზნით.


მუხლი 11. ტრანსპორტირების სისტემის მიწოდების ვირტუალური პუნქტები
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს მიწოდების ვირტუალურ პუნქტში გააერთიანოს მიწოდების ორი ან მეტი პუნქტი. მიწოდების ვირტუალური პუნქტის მაქსიმალური ტექნიკური სიმძლავრე არის მისი შემადგენელი მიწოდების პუნქტების შესაბამისი მაჩვენებლების ჯამი. მიწოდების ვირტუალური პუნქტების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები, რაც ამ წესებით დადგენილია ინდივიდუალური მიწოდების პუნქტების მიმართ.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიასთან შეათანხმოს თითოეული ვირტუალური მიწოდების პუნქტის შექმნა ან არსებულის ცვლილება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მისი შემადგენელი მიწოდების პუნქტების ცვლილებით.


მუხლი 12. ინფორმაციის გაცვლა
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია განავითაროს ელექტრონული საინფორმაციო სისტემა, ამ წესების XVთავის შესაბამისად.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატს და სისტემით მოსარგებლეებს/მიერთებულ სუბიექტებს შორის ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებასთან, უნდა განხორციელდეს ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მეშვეობით, თუ ამავე წესებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.


მუხლი 13. მიერთების წერტილის მფლობელობა და მისი მართვა
1. მიერთების წერტილი წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის განუყოფელ ნაწილს.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ფლობდეს მიერთების წერტილებს ყველა მიწოდებისა და მიღების პუნქტში, გარდა მეზობელი ქვეყნების და სატრანზიტო სისტემებიდან მიღების პუნქტისა და უზრუნველყოს ამ მიერთების წერტილების მართვა ისე, რომ მუდმივად პასუხობდეს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესებით განსაზღვრულ ფუნქციურ მოთხოვნებს.

3. მიერთების წერტილის მესაკუთრე ვალდებულია უზრუნველყოს მიერთების წერტილის ტექნიკური გამართულობა (შეკეთება-შეცვლა), დაცულობა და არასანქცირებული ჩარევისაგან გამოწვეული დაზიანების აღმოფხვრა, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და მიერთების წერტილის მესაკუთრეს შორის გაფორმებული შეთანხმებით.

4. მიერთების წერტილის ტექნიკური მოთხოვნები, სქემები და ნახაზები უნდა იყოს დოკუმენტირებული და ინახებოდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატთან და იმ პირთან, ვის საკუთრებაშიც არის მოცემული მიერთების წერტილი.

5. მიერთების წერტილთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული კვალიფიკაციის მქონე პირების მიერ.

6. შესრულებული სამუშაოების შესახებ ჩანაწერის შეტანა უნდა განხორციელდეს შესაბამის საქაღალდეში. აღნიშნული ჩანაწერი უნდა მოიცავდეს სამუშაოს შესრულების თარიღს, სამუშაოს ტიპს, სამუშაოს შემსრულებელი პირის სახელს და გვარს, შემოწმების შედეგებს და სხვა მახასიათებლებს. შესაბამისი საქაღალდის ჩანაწერები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ტრანსპორტირების ლიცენზიატისათვის.


თავი V
ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ შეთავაზებული მომსახურება

მუხლი 14. ძირითადი მომსახურებები
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ძირითადი მომსახურება (ტრანსპორტირების მომსახურება) უნდა განახორციელოს ხარჯეფექტიანად, გამჭვირვალობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპების გათვალისწინებით.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეებს უნდა გაუწიოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მომსახურება, რომელიც მოიცავს:

ა) სისტემით მოსარგებლის მიერ მოწოდებული ბუნებრივი გაზის მიღებას ერთ ან მეტ მიღების პუნქტში;

ბ) ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას;

გ) სისტემით მოსარგებლისათვის ბუნებრივი გაზის გაცემას მიწოდების ერთ ან მეტ პუნქტში;

დ) მიღებისა და მიწოდების პუნქტებში ყველა აუცილებელი გაზომვის განხორციელებას, ამ წესების შესაბამისად.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ძირითადი მომსახურების გაწევისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის მეშვეობით, შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად.


მუხლი 15. დამხმარე მომსახურებები
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა დამხმარე მომსახურებები ექსკლუზიურად უნდა შესთავაზოს ხარჯეფექტიანად, გამჭვირვალობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპების გათვალისწინებით.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატს შეუძლია შესთავაზოს დამხმარე მომსახურებები, თუ ეს მომსახურებები:

ა) არ წარმოადგენს ძირითად მომსახურებას და არ ანაზღაურდება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფით;

ბ) ემყარება ტრანსპორტირების ლიცენზიატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ პირობებს;

გ) არ არის დამყარებული სისტემით მოსარგებლეების ან სხვა მხარეების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე,მათი თანხმობის გარეშე.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ დამხმარე მომსახურებების მიწოდებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება შესაბამისი მომსახურების მიმღები პირის მიერ.

4. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა დამხმარე მომსახურებები უნდა შესთავაზოს მათი სახეების და საფასურის (ან მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიის) კომისიასთან შეთანხმების პირობით. ამავდროულად, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია თითოეულ დამხმარე მომსახურებასთან დაკავშირებით დაუსაბუთოს კომისიას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება.

5. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა, მის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს ყველა დამხმარე მომსახურების (რომელიც მოიცავს აგრეთვე სხვის საკუთრებაში არსებული მიწოდების და მიღების პუნქტის ოპერირებას) ჩამონათვალი და შესაბამისი საფასურები ან მეთოდოლოგია მათ გასაანგარიშებლად.


მუხლი 16. სხვა მომსახურებები
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს კონკურენტულ ბაზარზე შესთავაზოს მომსახურებები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ წესების მე-14 და მე-15 მუხლებით, თუ ეს მომსახურებები:

ა) არ ანაზღაურდება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფით;

ბ) არ ემყარება სისტემით მოსარგებლეების ან სხვა მხარეების კონფიდენციალურ ინფორმაციას, მათი თანხმობის გარეშე.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა საკუთარ ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს შეთავაზებული მომსახურებების ნუსხა.


თავი VI
გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება

მუხლი 17. გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება
1. მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევის მიზნით ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და სისტემით მოსარგებლეს შორის გაფორმებული უნდა იყოს გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება.

2. გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების გაფორმების უფლება აქვთ:

ა) ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებს;

ბ) განაწილების ლიცენზიატებს (დანაკარგების დაფარვის მიზნით ბუნებრივი გაზის შესყიდვის ნაწილში);

გ) პირდაპირ მომხმარებლებს.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და სისტემით მოსარგებლეს შორის შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი მოქმედი გაზის ტრანსპორტირების  ხელშეკრულება.

4. გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება სისტემით მოსარგებლეს ანიჭებს უფლებამოსილებას, განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესებით განსაზღვრული ქმედებები და ავალდებულებს სრულად გადაიხადოს ამ წესებითა და კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებული გადასახდელები.

5. გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების სტანდარტული ფორმით სულ მცირე უნდა განისაზღვროს:

ა) გაზის ტრანსპორტირების პირობები, სისტემით მოსარგებლის უფლებები და მოვალეობები;

ბ) ხელშეკრულების მხარეთა სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის ზღვარი, გაწეული მომსახურებისათვის ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ინვოისის წარდგენასთან და სისტემით მოსარგებლის მიერ ამ მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებული  პროცედურები;

6. გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა და მასში ნებისმიერი ცვლილება ტრანსპორტირების ლიცენზიატის წარდგინებით უნდა დაამტკიცოს კომისიამ. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების სტანდარტული ფორმის რედაქტირებადი ვერსია უნდა გამოქვეყნოს მის ვებგვერდზე.

7. გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით სისტემით მოსარგებლემ ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მეშვეობით ტრანსპორტირების ლიცენზიატს უნდა წარუდგინოს „გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ“ განაცხადის სტანდარტული ფორმა.

8. „გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ“ განაცხადის სტანდარტული ფორმით უნდა განისაზღვროს გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების გაფორმებისთვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და იგი ტრანსპორტირების ლიცენზიატის წარდგინებით უნდა დამტკიცდეს კომისიის მიერ. განაცხადის სტანდარტული ფორმა გამოქვეყნებული უნდა იყოს ტრანსპორტირების ლიცენზიატის ვებგვერდზე.

9. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა „გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ“ განაცხადის და თანდართული დოკუმენტების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უნდა შეამოწმოს წარდგენილი დოკუმენტების სრულყოფილება. ხელშეკრულების განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ხარვეზის დადგენის მიზეზის შესახებ უნდა აცნობოს განმცხადებელს და მისცეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, ტრანსპორტირების ლიცენზიატი არ დაამტკიცებს განაცხადს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას.

10. „გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ“ განაცხადის სტანდარტული ფორმის სრულყოფილად წარდგენიდან ან ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოფხვრიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, დაამტკიცოს განაცხადი და გააფორმოს გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება.  

11. „გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ“ განაცხადის სტანდარტულ ფორმასთან ერთად სისტემით მოსარგებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები წარმოადგენს გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. წარდგენილი დოკუმენტების მუდმივ განახლებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სისტემით მოსარგებლეს.

12. გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებას დანართის სახით უნდა დაერთოს ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების იმ პუნქტების ჩამონათვალი, რომელთა მეშვეობითაც ხელშეკრულების შესაბამისად უნდა განხორციელდეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება.


მუხლი 18. სისტემით მოსარგებლეთა რეესტრი
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია აწარმოოს სისტემით მოსარგებლეთა რეესტრი.

2. სისტემით მოსარგებლეთა რეესტრში პირი შეიძლება დარეგისტრირდეს ამ პუნქტში მითითებულ ერთ ან ორივე კატეგორიაში:

ა) სისტემით მოსარგებლე;

ბ) მესამე მხარე – ამ წესების VII თავის შესაბამისად  სისტემით მოსარგებლის ნაცვლად ბუნებრივი გაზის ნომინაციაზე უფლებამოსილების მქონე პირი.

3. გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების გაფორმების პარალელურად, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შესაბამისი სისტემით მოსარგებლე დაარეგისტრიროს სისტემით მოსარგებლეთა რეესტრში, ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიაში.

4. სისტემით მოსარგებლე, რომელიც ამ წესების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიებიდან მიეკუთვნება ერთზე მეტს, თითოეული კატეგორიისთვის  რეგისტრირდება ცალ-ცალკე.

5. მესამე მხარემ, სისტემით მოსარგებლეთა რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ტრანსპორტირების ლიცენზიატს უნდა წარუდგინოს სისტემით მოსარგებლის/მოსარგებლეების მიერ გაცემული თანხმობა, მათ ნაცვლად ნომინაციის განხორციელებასთან (VII თავის შესაბამისად) დაკავშირებით.

6. სისტემით მოსარგებლე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს მესამე მხარისათვის მის ნაცვლად ნომინაციის უფლების მინიჭების და გაუქმების შესახებ, რის შემდეგაც მესამე მხარე იძენს ან კარგავს სისტემით მოსარგებლის სახელით ნომინაციის წარდგენის უფლებამოსილებას. აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მოახდინოს სისტემით მოსარგებლეთა რეესტრის შესაბამისი განახლება.

7. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ წარმოებული სისტემით მოსარგებლეთა რეესტრი თითოეული რეგისტრირებული პირისათვის უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

ა) რეგისტრირებული პირის რეგისტრაციის ნომერი;

ბ) რეგისტრირებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ) რეგისტრირებული პირის მისამართი;

დ) ამ წესების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიები, რომლის ფარგლებშიც მოხდა რეგისტრაცია;

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კატეგორია, რომლის ფარგლებშიც მოხდა რეგისტრაცია;

ვ) შესაბამისი დაბალანსების ჯგუფის დასახელება, თუ რეგისტრირებული პირი არის სისტემით მოსარგებლე (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) და იგი არის დაბალანსების ჯგუფის წევრი ან დაბალანსებაზე პასუხისმგებელი მხარე;

ზ) თუ სისტემით მოსარგებლე მესამე მხარეს ანიჭებს მის ნაცვლად ნომინაციის უფლებას, უნდა მიეთითოს მესამე მხარის დასახელება;

თ) მესამე მხარის შემთხვევაში (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი), უნდა მიეთითოს სისტემით ის მოსარგებლე, რომელსაც მესამე მხარე გაუწევს მომსახურებას.

8. სისტემით მოსარგებლეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის შესახებ ამ მუხლის მე-7პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში რეესტრში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება; რეგისტრირებული პირი ვალდებულია, ამ ინფორმაციის ცვლილებიდან 5  (ხუთი) დღის ვადაში აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს და გაუგზავნოს მას საჭირო დოკუმენტები. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ან უკვე მიწოდებულ დოკუმენტებთან დაკავშირებული განმარტებები.

9. სისტემით მოსარგებლეთა რეესტრი უნდა იყოს ელექტრონული საინფორმაციო სისტემის შემადგენელი ნაწილი და მასზე წვდომა უნდა ჰქონდეს კომისიას. რეესტრში რეგისტრირებულ პირთა ჩამონათვალი ასევე უნდა გამოქვეყნდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატის ვებგვერდზე.

10. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეთა რეესტრიდან უნდა ამოშალოს რეგისტრირებული პირი, თუ:

ა) სისტემით მოსარგებლე რეგისტრირებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიაში და ის აღარ არის მოქმედი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების მხარე;

ბ) სისტემით მოსარგებლე რეგისტრირებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიაში და იგი ამ წესების VII თავის შესაბამისად აღარ ახორციელებს  ბუნებრივი გაზის ნომინაციას სისტემით მოსარგებლის სახელით.


თავი VII
ნომინაცია

 


მუხლი 19. ყოველთვიური დაგეგმვა
1. ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა დაგეგმოს ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით თვის განმავლობაში გადასაცემი ბუნებრივი გაზის ოდენობები.

2. ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით თვის განმავლობაში გადასაცემი ბუნებრივი გაზის ოდენობების დაგეგმვის მიზნით, თითოეულმა სისტემით მოსარგებლემ ტრანსპორტირების ლიცენზიატს ამ თავის შესაბამისად უნდა წარუდგინოს ყოველთვიური ნომინაცია და საჭიროების შემთხვევაში დღიური რენომინაცია, სადაც განსაზღვრავს ტრანსპორტირების სისტემაში მისაღები და სისტემიდან გასაცემი ბუნებრივი გაზის ოდენობებს.

3. სისტემით მოსარგებლემ, რომელიც ამ წესების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიებიდან მიეკუთვნება ერთზე მეტს, ნომინაცია უნდა წარადგინოს თითოეული საქმიანობისათვის ცალ-ცალკე.

4. სისტემით მოსარგებლეს უფლება აქვს ბუნებრივი გაზის მიღებისა და გაცემის ნომინაცია წარადგინოს მხოლოდ იმ მიღების და მიწოდების პუნქტებისათვის, რომლებიც შესულია ტრანსპორტირების ლიცენზიატთან გაფორმებულ გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებაში.

5. სისტემით მოსარგებლე, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, უფლებამოსილია ნომინაცია წარადგინოს სისტემით მოსარგებლეთა რეესტრში რეგისტრირებული მესამე მხარის საშუალებით. ამ შემთხვევაში, სისტემით მოსარგებლის მიმართ ამ თავით დადგენილი რეგულაციები შესაბამისად გავრცელდება რეგისტრირებული მესამე მხარის მიმართ და ამ თავით განსაზღვრული ყველა შესაბამისი შეტყობინება უნდა გაეგზავნოს როგორც სისტემით მოსარგებლეს, ასევე მესამე მხარეს.

6. სისტემით მოსარგებლის მიერ გაგზავნილ საბოლოო ყოველთვიურ ნომინაციად და დღიურ რენომინაციად ჩაითვლება შესაბამისი ნომინაციის/რენომინაციის წარდგენის ბოლო ვადამდე შესაბამისი სისტემით მოსარგებლის ან მესამე მხარის მიერ გაგზავნილი უკანასკნელი ნომინაცია.

7. თუ ნომინაცია ეხება მიწოდების ვირტუალურ პუნქტს, რომელიც აერთიანებს ორ ან მეტ პირდაპირ მომხმარებელს, სისტემით მოსარგებლემ უნდა მიუთითოს თითოეული პირდაპირი მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ოდენობა.

8. ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის ნომინაციის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მეშვეობით, ამავე სისტემაში გამოქვეყნებული ნომინაციის/რენომინაციის შესაბამისი სტანდარტული ფორმების მიხედვით.

9. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია აწარმოოს ნომინაციების უარყოფისა და დადასტურების აქტების, ასევე დადასტურებული ნომინაციების აღრიცხვა ელექტრონულ ფორმატში, მათი წარდგენიდან სულ მცირე 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.


მუხლი 20. ნომინაციის ან რენომინაციის დადასტურების და უარყოფის კრიტერიუმები
1. ყოველთვიური ნომინაციის ან დღიური რენომინაციის განხილვისას, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა მხედველობაში უნდა მიიღოს თითოეული სისტემით მოსარგებლის საბოლოო ყოველთვიური/დღიური ნომინაცია/რენომინაცია, ტრანსპორტირების სისტემის საექსპლუატაციო შეზღუდვები და შესაბამის სისტემით მოსარგებლესთან გაფორმებული გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების პირობები.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა უარყოს სისტემით მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი ყოველთვიური ნომინაცია ან დღიური რენომინაცია, თუ:

ა) ყოველთვიური ნომინაციით ან  დღიური რენომინაციით განსაზღვრული რომელიმე დღისათვის სისტემით მოსარგებლის მიერ ყველა მიღების პუნქტში ჯამურად მისაღები ბუნებრივი გაზის ნომინირებული/განცხადებული ოდენობა არ არის მის მიერ ყველა მიწოდების პუნქტიდან ჯამურად მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის განცხადებული ოდენობის ტოლი;

ბ) ყოველთვიური ნომინაცია ან  დღიური რენომინაცია არ შეესაბამება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ შესაბამისად დამტკიცებულ ბუნებრივი გაზის ბალანსს;

გ) ყოველთვიური ნომინაცია ან  დღიური რენომინაცია არ შეესაბამება ამ წესების მოთხოვნებს;

დ) ყოველთვიური ნომინაციით ან დღიური რენომინაციით ნომინირებული/განცხადებული ბუნებრივი გაზის მიღების ან მიწოდების ოდენობების დაკმაყოფილება შეუძლებელია შესაბამის პუნქტებში ფორსმაჟორის ან ტექნიკური მომსახურების გამო, ამ წესების მე-4 მუხლის და XII თავების შესაბამისად;

3. წარდგენილი ნომინაციის ან რენომინაციის  უარყოფის შესახებ სისტემით მოსარგებლეს უნდა ეცნობოს „ნომინაციის უარყოფის აქტის“ სტანდარტული ფორმის მეშვეობით, რომელშიც ყოველთვიური ნომინაციის ან დღიური რენომინაციის უარყოფის დასაბუთების გარდა სულ მცირე აღნიშნული უნდა იყოს ნომინირებული/განცხადებული ოდენობები, რომელთა მიღებასა და მიწოდებას მოითხოვდა სისტემით მოსარგებლე მისი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მიღებისა და მიწოდების პუნქტების მეშვეობით.

4. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატი სისტემით მოსარგებლის ყოველთვიურ ნომინაციას ან დღიურ რენომინაციას უარყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული მიზეზით, მან სისტემით მოსარგებლეს უნდა შესთავაზოს ბუნებრივი გაზის ნომინირებული/განცხადებული ოდენობის ცვლილება.

5. ყოველთვიური ნომინაციისა და დღიური რენომინაციის დადასტურებისა და უარყოფის შესაბამისი აქტების სტანდარტული ფორმები გამოქვეყნებული უნდა იყოს ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში.


მუხლი 21. ყოველთვიური ნომინაციის წარდგენა და მისი შინაარსი
1. თითოეულმა სისტემით მოსარგებლემ ტრანსპორტირების ლიცენზიატს ამ თავის შესაბამისად უნდა წარუდგინოს ყოველთვიური ნომინაცია, სადაც თვის ყოველი დღისთვის განსაზღვრული უნდა იყოს მიღების და მიწოდების თითოეული პუნქტის მეშვეობით ტრანსპორტირების სისტემაში მისაღები და სისტემიდან მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ოდენობები.

2. სისტემით მოსარგებლემ ყოველთვიური ნომინაცია უნდა წარადგინოს შესაბამისი საანგარიშო თვის დაწყებამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე, ამავე დღის 10:00 საათამდე (ყოველთვიური ნომინაციის წარდგენის ბოლო ვადა). სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია წარდგენილ ნომინაციაში შეიტანოს ცვლილება ყოველთვიური ნომინაციის წარდგენის ბოლო ვადის გასვლამდე.


მუხლი 22. ყოველთვიური ნომინაციების დადასტურება და უარყოფა
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლის ყოველთვიური ნომინაციის დადასტურების შემთხვევაში, მან აღნიშნულის შესახებ ამ წესების 21-ე მუხლის მე-2პუნქტით განსაზღვრული ყოველთვიური ნომინაციის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ერთი დღის ვადაში „დადასტურებული ნომინაციის აქტის“ სტანდარტული ფორმის მეშვეობით უნდა აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეს.

2. „დადასტურებული ნომინაციის აქტის“ სტანდარტულ ფორმაში სულ მცირე აღნიშნული უნდა იყოს გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღებისა და მიწოდების თითოეული პუნქტისთვის დადასტურებული ნომინაცია (ნომინაციის შესაბამისი ბუნებრივი გაზის ოდენობები, რომელიც სისტემით მოსარგებლემ უნდა მიიღოს ან მიაწოდოს კონკრეტული მიღების ან მიწოდების პუნქტების მეშვეობით) თვის თითოეული დღისათვის.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლის ყოველთვიური ნომინაციის უარყოფის შემთხვევაში:

ა) ტრანსპორტირების ლიცენზიატმა აღნიშნულის შესახებ ამ წესების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყოველთვიური ნომინაციის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ერთი დღის ვადაში „ნომინაციის უარყოფის აქტის“ სტანდარტული ფორმის მეშვეობით უნდა აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეს.

ბ) სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია წარადგინოს მოდიფიცირებული ყოველთვიური ნომინაცია ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ თავდაპირველი ყოველთვიური ნომინაციის უარყოფიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის ამოწურვიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა დაადასტუროს ან უარყოს მოდიფიცირებული ნომინაცია ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და აღნიშნულის შესახებ სისტემით მოსარგებლეს აცნობოს „დადასტურებული ნომინაციის აქტით“ ან „ნომინაციის უარყოფის აქტით“.

4. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატი უარყოფს სისტემით მოსარგებლის მიერ წარდგენილ ყოველთვიურ ნომინაციას და სისტემით მოსარგებლე აღარ წარადგენს მოდიფიცირებულ ნომინაციას ან ტრანსპორტირების ლიცენზიატი უარყოფს მოდიფიცირებულ ყოველთვიურ ნომინაციას, იგულისხმება, რომ შესაბამის საანგარიშო დღისათვის ამ სისტემით მოსარგებლის ნომინაცია არის ნულის ტოლი.


მუხლი 23. დღიური რენომინაციის შინაარსი და მისი წარდგენა
1. სისტემით მოსარგებლეებს, მათ შორის მოსარგებლეებს, რომელთაც ყოველთვიური ნომინაცია არ აქვთ წარდგენილი, უფლება აქვთ შესაბამისი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღებისა და მიწოდების პუნქტებისათვის წარადგინონ დღიური რენომინაცია.

2. დღიური რენომინაციის წარდგენა უნდა მოხდეს საანგარიშო დღის წინა დღის 12:30 საათამდე. სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია აღნიშნულ რენომინაციაში შესწორებები შეიტანოს ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე.

3. სისტემით მოსარგებლემ დღიური რენომინაციით უნდა განსაზღვროს ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელსაც იგი თვის დარჩენილი ერთი ან მეტი დღის განმავლობაში გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების შესაბამისად მიიღებს მიღების პუნქტში და მიაწოდებს მიწოდების პუნქტიდან.

4. თვის დარჩენილი ნებისმიერი დღისთვის, რომელზეც სისტემით მოსარგებლე არ წარადგენს დღიურ რენომინაციას, ძალაში დარჩება ამ წესების 21-ე და 22-ე მუხლების შესაბამისად დადასტურებული ნომინაციები.


მუხლი 24. დღიური რენომინაციების დადასტურება და უარყოფა
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლის დღიური რენომინაციის დადასტურების შემთხვევაში, მან აღნიშნულის შესახებ ამ წესების 23-ე მუხლის მე-2პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან საათნახევრის (1 სთ. და 30 წუთი) განმავლობაში „დადასტურებული ნომინაციის აქტის“ სტანდარტული ფორმის მეშვეობით უნდა აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეს.

2. „დადასტურებული ნომინაციის აქტის“ სტანდარტულ ფორმაში თვის დარჩენილი ყოველი დღისთვის სულ მცირე აღნიშნული უნდა იყოს დადასტურებული რენომინაციები, (ნომინაციის შესაბამისი ბუნებრივი გაზის ოდენობები, რომელიც სისტემით მოსარგებლემ უნდა მიიღოს ან მიაწოდოს კონკრეტული მიღების ან მიწოდების პუნქტის მეშვეობით) იმ მიღებისა და მიწოდების პუნქტებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებაში.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლის დღიური რენომინაციის უარყოფის შემთხვევაში:

ა) ტრანსპორტირების ლიცენზიატმა აღნიშნულის შესახებ ამ წესების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან საათნახევრის (1 საათი და ოცდაათი წუთი) განმავლობაში უნდა აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეს, „ნომინაციის უარყოფის აქტის“ სტანდარტული ფორმის მეშვეობით.

ბ) სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია წარადგინოს მოდიფიცირებული დღიური რენომინაცია ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ თავდაპირველი დღიური რენომინაციის უარყოფიდან 1 (ერთი) საათის განმავლობაში. აღნიშნული ვადის ამოწურვიდან 1 (ერთი) საათის განმავლობაში ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა დაადასტუროს ან უარყოს მოდიფიცირებული დღიური რენომინაცია ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და აღნიშნულის შესახებ სისტემით მოსარგებლეს აცნობოს „დადასტურებული ნომინაციის აქტით“ ან „ნომინაციის უარყოფის აქტით“.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ტრანსპორტირების ლიცენზიატი უარყოფს სისტემით მოსარგებლის მიერ წარდგენილ დღიურ რენომინაციას და სისტემით მოსარგებლე აღარ წარადგენს მოდიფიცირებულ დღიურ რენომინაციას, ან ტრანსპორტირების ლიცენზიატი ასევე უარყოფს მოდიფიცირებულ დღიურ რენომინაციას, ჩაითვლება, რომ სისტემით მოსარგებლე კონკრეტული მიღების/მიწოდების პუნქტის მეშვეობით თვის განმავლობაში მიიღებს/მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ყოველთვიური დადასტურებული ნომინაციის შესაბამისად.


მუხლი 25. დამატებითი დღიური რენომინაციების წარდგენა და მათი შინაარსი
1. სისტემით მოსარგებლეს, თუ ის ბუნებრივი გაზის მიწოდებას ახორციელებს იმ მიწოდების პუნქტის მეშვეობით, რომლითაც ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით ბუნებრივი გაზით მარაგდება თბოელექტროსადგური, ამ წესების 23-ე მუხლის შესაბამისად დღიური რენომინაციის გარდა შეუძლია, ასევე წარადგინოს დამატებითი დღიური რენომინაცია.

2. დამატებითი დღიური რენომინაციის წარდგენა უნდა მოხდეს საანგარიშო დღის წინა დღის 17:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში. ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია შესწორებები შეიტანოს აღნიშნულ რენომინაციაში.

3. სისტემით მოსარგებლემ დამატებითი დღიური რენომინაციით უნდა განსაზღვროს ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელსაც მომდევნო დღის განმავლობაში მიიღებს შესაბამის მიღების პუნქტში და მიაწოდებს შესაბამისი მიწოდების პუნქტიდან.


მუხლი 26. დამატებითი დღიური რენომინაციების მიღება და უარყოფა
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლის დამატებითი დღიური რენომინაციის დადასტურების შემთხვევაში, მან აღნიშნულის შესახებ ამ წესების 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან საათნახევრის (1 სთ და 30 წუთის) განმავლობაში უნდა აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეს, „დადასტურებული ნომინაციის აქტის“ სტანდარტული ფორმის მეშვეობით.

2. „დადასტურებული ნომინაციის აქტში“ სულ მცირე აღნიშნული უნდა იყოს მომდევნო დღისთვის დადასტურებული დამატებითი დღიური რენომინაციები (ნომინაციის შესაბამისი ბუნებრივი გაზის ოდენობები, რომელიც სისტემით მოსარგებლემ უნდა მიიღოს ან მიაწოდოს კონკრეტული მიღების ან მიწოდების პუნქტის მეშვეობით) იმ მიღებისა და მიწოდების პუნქტებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებაში.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლის დამატებითი დღიური რენომინაციის უარყოფის შემთხვევაში:

ა) ტრანსპორტირების ლიცენზიატმა აღნიშნულის შესახებ ამ წესების 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან საათნახევრის (1 საათი და ოცდაათი წუთი) განმავლობაში უნდა აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეს, „ნომინაციის უარყოფის აქტის“ სტანდარტული ფორმის მეშვეობით.

ბ) სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია წარადგინოს მოდიფიცირებული დამატებითი დღიური რენომინაცია ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ თავდაპირველი დამატებითი დღიური რენომინაციის უარყოფიდან 1 (ერთი) საათის განმავლობაში. აღნიშნული ვადის ამოწურვიდან ნახევარი საათის განმავლობაში ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა დაადასტუროს ან უარყოს მოდიფიცირებული დღიური რენომინაცია ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და აღნიშნულის შესახებ სისტემით მოსარგებლეს აცნობოს „დადასტურებული ნომინაციის აქტით“ ან „ნომინაციის უარყოფის აქტით“.

4. თუ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ტრანსპორტირების ლიცენზიატი უარყოფს სისტემით მოსარგებლის მიერ წარდგენილ დამატებით დღიურ რენომინაციას და სისტემით მოსარგებლე აღარ წარადგენს შესაბამის მოდიფიცირებულ დღიურ რენომინაციას, ან ტრანსპორტირების ლიცენზიატი ასევე უარყოფს მას, ჩაითვლება, რომ სისტემით მოსარგებლე კონკრეტული მიღების/მიწოდების პუნქტის მეშვეობით მომდევნო დღის განმავლობაში მიიღებს/მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ამ წესების 22-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად.


მუხლი 27. დადასტურებული ნომინაციის კორექტირება
1. შესაბამისი სისტემით მოსარგებლის მიერ ამ მუხლის შესაბამისად მიმართვის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია მოახდინოს დადასტურებული ნომინაციის კორექტირება, თუ:

ა) ფორსმაჟორული გარემოებების მოქმედების გამო სისტემით მოსარგებლეს საანგარიშო დღის განმავლობაში არ შეუძლია მიიღოს ან მიაწოდოს ბუნებრივი გაზი შესაბამისი მიღების ან მიწოდების პუნქტის მეშვეობით;

ბ) საანგარიშო დღის განმავლობაში სისტემით მოსარგებლემ უარი განაცხადა არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღებაზე ამ წესების 33-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად;

გ) საანგარიშო დღის განმავლობაში ელექტროენერგეტიკული სისტემის დისპეტჩერიზაციის მიზეზით თბოელექტროსადგურმა მოიხმარა ამ დღისთვის ნომინირებულისგან განსხვავებული ოდენობის ბუნებრივი გაზი და  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის შესახებ არ იყო მისთვის ცნობილი ამ დღისათვის ამ წესების 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი დღიური რენომინაციის ვადის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დადასტურებული ნომინაციის კორექტირება ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის „დღიური დადასტურებული ნომინაციის კორექტირების“ სტანდარტული ფორმის გაგზავნით. „დღიური დადასტურებული ნომინაციის კორექტირების“ სტანდარტული ფორმა გამოქვეყნებული უნდა იყოს ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის დადგომისას, „დღიური დადასტურებული ნომინაციის კორექტირების“ სტანდარტული ფორმა ტრანსპორტირების ლიცენზიატს უნდა გაეგზავნოს საანგარიშო დღის შემდგომი დღის 22:00 საათამდე.

4. სისტემით მოსარგებლემ უნდა დაასაბუთოს იმ მოვლენების არსებობა, რომლებმაც გამოიწვია დადასტურებული ნომინაციის შეცვლის საჭიროება და უნდა მიუთითოს მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი სავარაუდო დრო.

5. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შეძლებისდაგვარად სწრაფად აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეს კონკრეტული დღისთვის დადასტურებული ნომინაციის კორექტირებაზე მისი განაცხადის დადასტურების ან უარყოფის თაობაზე. კორექტირების მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში ტრანსპორტირების ლიცენზიატმა შესაბამის სისტემით მოსარგებლეს შეტყობინება უნდა გაუგზავნოს „დადასტურებული ნომინაციის აქტის“ სტანდარტული ფორმის შესაბამისად, ხოლო უარყოფის შემთხვევაში - „ნომინაციის უარყოფის აქტის“ სტანდარტული ფორმის შესაბამისად.

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უარყოფს დადასტურებული ნომინაციის კორექტირების თაობაზე განაცხადს, თუკი ადგილი აქვს ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათაგან ერთ-ერთს, ან თუ სისტემით მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი ცვლილების საჭიროება არასათანადოდაა დასაბუთებული.

7. დადასტურებული ნომინაციის კორექტირების თაობაზე განაცხადის დადასტურების შემთხვევაში ტრანსპორტირების ლიცენზიატმა შესაბამისად უნდა შეცვალოს ამ დღისთვის დადასტურებული ნომინაცია.


მუხლი 28. პირგასამტეხლო არასწორი ნომინაციისთვის
1. თითოეული დღისთვის, რომლისთვისაც ამ წესების IX თავის შესაბამისად სისტემით მოსარგებლეზე მიღების ან მიწოდების პუნქტში მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის ოდენობა 15%-ით განსხვავდება ამ პუნქტში მისთვის დადასტურებული ნომინაციისგან, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ამ სისტემით მოსარგებლეს უნდა დააკისროს პირგასამტეხლო.

2. პირგასამტეხლოს ოდენობა გამოითვლება თითოეული სისტემით მოსარგებლისთვის და თითოეული მიღებისა და მიწოდების (მათ შორის ვირტუალური) პუნქტისათვის და წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ჭარბი ან ნაკლული ოდენობისა (ოდენობა, რომელიც აჭარბებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დონეს) და დღიური ნომინაციის ერთეულის საფასურის ნამრავლს.

3. დღიური ნომინაციის ერთეულის საფასურის სიდიდეს განსაზღვრავს ტრანსპორტირების ლიცენზიატი და იგი უნდა დამტკიცდეს კომისიის მიერ ყოველი წლის დაწყებამდე სულ მცირე 3 (სამი) თვით ადრე.

4. არასწორი ნომინაციისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს სახით მიღებული შემოსავლები ითვლება ტრანსპორტირების ძირითადი მომსახურებიდან (ტრანსპორტირების საქმიანობიდან) მიღებულ შემოსავლებად და ის უნდა აისახოს ტრანსპორტირების ლიცენზიატის შესაბამის ანგარიშზე.

5. სისტემით მოსარგებლეს არ შეიძლება დაეკისროს პირგასამტეხლო არასწორი ნომინაციისთვის გადაუდებელი ტექნიკური მომსახურების და გაცემის მინიმალური წნევის უზრუნველყოფის შეფერხების დროს, ამ წესების 39-ე მუხლის შესაბამისად.

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა „არასწორი ნომინაციის პირგასამტეხლოს  ფორმა“ შესაბამის ინვოისთან ერთად ყოველთვიურად უნდა გაუგზავნოს იმ სისტემით მოსარგებლეს, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ეკისრება არასწორი ნომინაციისთვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. ყოველი დღისთვის, რომელზედაც ხდება პირგასამტეხლოს დაკისრება, „არასწორი ნომინაციის პირგასამტეხლოს ფორმა“ უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

ა) მიღების ან/და მიწოდების პუნქტები, რომელსაც ეხება პირგასამტეხლო;

ბ) მოცემულ პუნქტებში დადასტურებული ნომინაციები და ამ პუნქტებში სისტემით მოსარგებლისთვის მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის ოდენობები;

გ) დღიური არასწორი ნომინაციის პირგასამტეხლოს ოდენობა თითოეული პუნქტისათვის.


თავი VIII
ტრანსპორტირების სისტემაში ბუნებრივი გაზის მიღება და სისტემიდან მისი გაცემა

 


მუხლი 29. ბუნებრივი გაზის მფლობელობა
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი, მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ტრანსპორტირების სისტემაში მიღებულ ბუნებრივ გაზზე იძენს მფლობელობას, რაც არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის საკუთრებას. ბუნებრივ გაზზე მფლობელობა მიწოდების პუნქტში გადადის შესაბამის სისტემით მოსარგებლეზე.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია მიიღოს სისტემით მოსარგებლის მიერ მიწოდებული ბუნებრივი გაზი და არ დატვირთოს იგი რაიმე სახის ვალდებულებით.


მუხლი 30. მიღების პუნქტში ბუნებრივი გაზის მიღების პირობები 
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა მის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს თითოეული მიღების  პუნქტის მიმართ დადგენილი ბუნებრივი გაზის მიღების პირობები, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ა) ბუნებრივი გაზის ხარისხობრივ მახასიათებლებს;

ბ) ბუნებრივი გაზის მიღების მაქსიმალურ და მინიმალურ წნევას;

გ) მიღების პუნქტში ბუნებრივი გაზის ნაკადის მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობას, ისევე როგორც აღნიშნულ პუნქტში ნაკადის გაზრდასთან ან შემცირებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეზღუდვას;

დ) მიღების პუნქტში ბუნებრივი გაზის მიღების წესსა და პირობებს, რომელიც გამომდინარეობს კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით გაფორმებული დაკავშირების ხელშეკრულებიდან(ასეთის არსებობის შემთხვევაში).  

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაადასტუროს, რომ ბუნებრივი გაზის მიღების პირობები დაცულია.


მუხლი 31. მიღების პუნქტში ბუნებრივი გაზის მიღება სისტემით მოსარგებლეების მიერ 
1. სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია მიღების პუნქტში მიიღოს ბუნებრივი გაზი მის მიერ გაფორმებული გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებისა და ამ წესების მოთხოვნების დაცვით, თუ კონკრეტულ დღეს აქვს დადასტურებული ნომინაცია ამ მიღების პუნქტისთვის.

2. თუ დღის განმავლობაში რამდენიმე სისტემით მოსარგებლემ  მიიღო ბუნებრივი გაზი ერთსა და იმავე მიღების პუნქტში, იგულისხმება, რომ:

ა)    აღნიშნულ პუნქტში მიღებულ ბუნებრივ გაზს ჰქონდა ერთი და იგივე მახასიათებლები ყველა სისტემით მოსარგებლისათვის;

ბ)    თითოეულმა სისტემით მოსარგებლემ აღნიშნულ პუნქტში ბუნებრივი გაზი მიიღო მოცემული დღისთვის დადასტურებული ნომინაციის პროპორციულად, თუ ამ სისტემით მოსარგებლეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით ან დაკავშირების ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.


მუხლი 32. ბუნებრივი გაზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლება
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია, სრულად ან ნაწილობრივ არ მიიღოს სისტემით მოსარგებლის ბუნებრივი გაზი, თუ სისტემით მოსარგებლე სათანადოდ არ ასრულებს მიღების პუნქტში ბუნებრივი გაზის მიღების პირობებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია ტრანსპორტირების ლიცენზიატის ბრალით.

2. ბუნებრივი გაზის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს. 

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატი გათავისუფლებულია მიღების პუნქტში ბუნებრივი გაზის სრულად ან ნაწილობრივ მიღების ვალდებულებისგან, როდესაც:

ა) ტრანსპორტირების სისტემაში არსებული (ქვედა დინების) და სისტემაში მისაღები (ზედა დინების) ბუნებრივი გაზის წნევათა თანაფარდობა არ იძლევა აღნიშნული პუნქტის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიღების საშუალებას, ამ მიღების პუნქტში არსებული გაზომვის მოწყობილობების მინიმალური ნაკადის შეზღუდვის გათვალისწინებით;

ბ) ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ან ფორსმაჟორის გამო ტრანსპორტირების ლიცენზიატი მოკლებულია ბუნებრივი გაზის მიღების შესაძლებლობას.

4. ტრანსპორტირების ლიცენზიატი არ არის ვალდებული დაკავშირებული სისტემიდან ბუნებრივი გაზის მიღების უზრუნველყოფის მიზნით მოახდინოს ტრანსპორტირების სისტემის მინიმალური საოპერაციო წნევის ცვლილება.


მუხლი 33. არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღება
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა განახორციელოს სისტემით მოსარგებლეების მიერ მიღების პუნქტში მიღებული ბუნებრივი გაზის ხარისხის მახასიათებლების მონიტორინგი ამ წესების დანართი №1-ის შესაბამისად. თუ ლიცენზიატისთვის ცნობილი გახდება ან დაადგენს (აღმოაჩენს), რომ სისტემით მოსარგებლეების მიერ მიღების პუნქტში მიღებისათვის განკუთვნილი, მიღების პროცესში მყოფი ან მიღებული ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მახასიათებლები არ შეესაბამება ამ წესების დანართი №2-ით განსაზღვრულ მახასიათებლებს (არასტანდარტული ბუნებრივი გაზი), იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს, გარდა ამ მუხლის მე-6პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. თითოეულმა სისტემით მოსარგებლემ, რომლისთვისაც ცნობილია, რომ მის მიერ მიღების პუნქტში მისაღები ბუნებრივი გაზი წარმოადგენს არასტანდარტულ ბუნებრივ გაზს, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს.

3. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის ცნობილი გახდება, რომ მიღებისთვის განკუთვნილი, მიღების პროცესში მყოფი ან მიღებული ბუნებრივი გაზი არის არასტანდარტული, იგი ვალდებულია შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს, დაუყოვნებლივ აცნობოს:

ა) ბუნებრივი გაზის ხარისხის ის მაჩვენებლები, რომლებიც არ შეესაბამება ამ წესების  დანართი №2-ით განსაზღვრულ ხარისხობრივ მახასიათებლებს და შესაბამისი პროცენტული განსხვავება;

ბ) ბუნებრივი გაზის ხარისხის მახასიათებლების ნორმებთან შესაბამისობის აღდგენისათვის საჭირო სავარაუდო დრო.

4. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, შესაბამის სისტემით მოსარგებლეს მიაწოდოს ინფორმაცია არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღების შემთხვევაში ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების დაკისრების თაობაზე.

5. ბუნებრივი გაზის ხარისხის მახასიათებლების ამ წესების დანართი №2-ით განსაზღვრულ ხარისხობრივ მახასიათებლებთან შესაბამისობის აღდგენის შემდეგ, ტრანსპორტირების ლიცენზიატი შესაბამის ინფორმაციას დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს.

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატს არ ეკისრება სისტემით მოსარგებლეებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება, თუ მიღების პუნქტში მიღებისათვის განკუთვნილი, მიღების პროცესში მყოფი ან მიღებული ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მახასიათებლების ამ წესების  დანართი №2-ით განსაზღვრულ ხარისხობრივ მახასიათებლებთან შესაბამისობა აღდგენილ იქნება არასტანდარტული ბუნებრივი გაზის იდენტიფიცირებიდან 1 (ერთ) საათის განმავლობაში.

7. სისტემით მოსარგებლეები, რომელთაც ეცნობათ, რომ მათთვის მიღებისათვის განკუთვნილი, მიღების პროცესში მყოფი ან მიღებული ბუნებრივი გაზი არის არასტანდარტული, უფლება აქვთ ტრანსპორტირების ლიცენზიატს მოსთხოვონ მათთვის არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღების შეზღუდვა ან შეწყვეტა.

8. არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღების შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზის ხარისხის ამ წესების დანართი №2-ით განსაზღვრულ ხარისხობრივ მახასიათებლებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მიიღოს ტექნიკურად განხორციელებადი და ეკონომიკურად გამართლებული ყველა ზომა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ზომების განხორციელება შესაძლებელია ეფექტიანად და ეს ზიანს არ მიაყენებს ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიან (ოპტიმალური ხარჯებით) ოპერირებას. 

9. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატი მოკლებულია ბუნებრივი გაზის მახასიათებლების ამ წესების  დანართი №2-ით განსაზღვრულ ხარისხობრივ მახასიათებლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის შესაძლებლობას, მან  უნდა:

ა) მიიღოს არასტანდარტული ბუნებრივი გაზი, თუ ის რისკის ქვეშ არ აყენებს გადამცემი სისტემის უსაფრთხო, საიმედო და ოპტიმალური ხარჯებით ოპერირებას; ან

ბ) შეამციროს არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღების ნაკადი ან უარი თქვას  ასეთი გაზის მთლიანად ან ნაწილობრივ მიღებაზე/მიღების გაგრძელებაზე. 

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის დადგომისას ტრანსპორტირების ლიცენზიატმა აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს და ასევე წარუდგინოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე როდესაც სისტემით მოსარგებლე უარს განაცხადებს არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღებაზე,   სისტემით მოსარგებლე, რომელსაც შესაბამის მიღების პუნქტთან დაკავშირებით ტრანსპორტირების ლიცენზიატთან გაფორმებული აქვთ გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება, არ თავისუფლდება ამ წესების Xთავით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.

12. არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღების გამო ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ გაწეული ხარჯები მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია: 

ა) ტრანსპორტირების სისტემის ან მისი ნაწილის გაწმენდასთან, ასევე, არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღებით გამოწვეული სხვა დაზიანების აღდგენასთან;

ბ) არასტანდარტული ბუნებრივი გაზის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანისათვის ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ მიღებულ ზომებთან.

13. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატმა და შესაბამისმა სისტემით მოსარგებლეებმა თანხმობა განაცხადეს მიღების პუნქტიდან არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღებაზე ან მიღების გაგრძელებაზე, ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ხარჯები დააკისროს შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს.

14. არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღებისთანავე ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გაიანგარიშოს მიღებული არასტანდარტული გაზის ხარისხობრივი მახასიათებლების ამ წესების  დანართი №2-ით განსაზღვრულ ხარისხობრივ მახასიათებლებთან შესაბამისობის აღდგენის მიზნით მიღებულ ზომებთან დაკავშირებული ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივი ხარჯები და შეაფასოს ამ მიზეზით სხვა განხორციელებული ან განსახორციელებელი ქმედებები. თითოეულ შესაბამის სისტემით მოსარგებლეზე დასაკისრებელი ხარჯის სიდიდე განისაზღვრება მიღების პუნქტში აღნიშნული მოსარგებლისათვის მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის პროპორციულად იმ დღეების განმავლობაში, როდესაც მიღების პუნქტში განხორციელდა არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღება. 

15. თუ არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღების შედეგად დაზიანდება ტრანსპორტირების სისტემა, ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია დამატებითი, მათ შორის თანმდევი, ზიანისთვის შესაბამისი სისტემით მოსარგებლეებისაგან მოითხოვოს კომპენსაცია. თითოეულ სისტემით მოსარგებლეზე დასაკისრებელი კომპენსაციის სიდიდე განისაზღვრება მიღების პუნქტში აღნიშნული მოსარგებლისათვის მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის პროპორციულად იმ დღეების განმავლობაში, როდესაც მიღების პუნქტში განხორციელდა არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღება. ამ პუნქტის შესაბამისად თითოეულ სისტემით მოსარგებლეზე დაკისრებული კომპენსაცია არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებით განსაზღვრული პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვარს.

16. ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტით  გათვალისწინებული კომპენსაციის უფლების გამოყენების უზრუნველსაყოფად, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეებს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში  უნდა წარუდგინოს მოთხოვნა, რომელიც სულ მცირე განსაზღვრავს:

ა) მიღების პუნქტსა და დღეებს, რომლის განმავლობაშიც ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული იქნა არასტანდარტული ბუნებრივი გაზი;

ბ) თითოეულ მიღების პუნქტში მიღებული არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მთლიან ოდენობას და სხვა საჭირო მონაცემებს იმის დასადასტურებლად, რომ მიღებული ბუნებრივი გაზის იყო არასტანდარტული;

გ) იმ ხარჯების ანალიზსა და დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომელთა კომპენსაციის უფლებაც ტრანსპორტირების ლიცენზიატს სისტემით მოსარგებლეებისგან აქვს ამ წესების მე-12 პუნქტის შესაბამისად;

დ) ტრანსპორტირების სისტემაში არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღების მიზეზების დასაბუთებას, თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის ხელმისაწვდომი ტექნიკური ინსტრუმენტები და მოწყობილობები საკმარისი იყო არასტანდარტული მახასიათებლების აღმოსაჩენად.

17. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, მიღების პუნქტში არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღებასთან დაკავშირებით  ხელმისაწვდომი ნებისმიერი ინფორმაცია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს იმ პირებს, რომლებზეც არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღებამ ზეგავლენა იქონია.

18. არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღებისთვის ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ მიღებული ანაზღაურება მიჩნეულია ტრანსპორტირების ძირითადი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად და აისახება ტრანსპორტირების ლიცენზიატის შესაბამის ანგარიშზე.


მუხლი 34. ბუნებრივი გაზის მიღების მინიმალური წნევა
1. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატი ამ წესების XIII თავით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად ან სხვა სათანადო საშუალებით დაადგენს, რომ მიღების პუნქტში ბუნებრივი გაზის მიღება ხორციელდება ბუნებრივი გაზის მიღების მინიმალურზე დაბალი წნევით, მან ამ წესების 33-ე მუხლის მე-3- მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად შეტყობინება უნდა გაუგზავნოს თითოეულ სისტემით მოსარგებლეს, რომელთანაც გაფორმებული აქვს გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება აღნიშნულ მიღების პუნქტთან დაკავშირებით.

2. მიღების პუნქტში მიღების მინიმალური წნევის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებები:

ა) მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი აღნიშნულ პუნქტში ბუნებრივი გაზის მიღების გაგრძელებაზე;

ბ) შეამციროს აღნიშნული პუნქტის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ბუნებრივი გაზის მიღების ნაკადი;

გ) ამ წესების X თავის შესაბამისად მიიღოს ტექნიკურად განხორციელებადი და ეკონომიკურად გამართლებული ყველა ზომა მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის გაცემის პირობების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სისტემით მოსარგებლეები, რომლებსაც შესაბამის მიღების პუნქტთან დაკავშირებით ტრანსპორტირების ლიცენზიატთან დადებული აქვთ გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება, არ თავისუფლდებიან ამ წესების X თავით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან. 

4. თუ ადგილი აქვს მიღების პუნქტში მინიმალური მიღების წნევის მოთხოვნების დარღვევას, ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს ბუნებრივი გაზის წნევის ტექნიკურად დასაშვებ დონემდე აღდგენისათვის გაწეული ხარჯები დააკისროს შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს. მიღების პუნქტში მინიმალური მიღების წნევის მოთხოვნის დარღვევისთანავე ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გაიანგარიშოს წნევის აღდგენისათვის გასაწევი ღონისძიებების ფაქტობრივი ხარჯები.  თითოეულ სისტემით მოსარგებლეზე დასაკისრებელი ხარჯის სიდიდე განისაზღვრება მიღების პუნქტში აღნიშნული მოსარგებლისათვის მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის პროპორციულად იმ დღეების განმავლობაში, როდესაც მიღების პუნქტში განხორციელდა დაბალი წნევის მქონე გაზის მიღება. 

5. მიღების მინიმალური წნევის დარღვევისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ მიღებული კომპენსაცია წარმოადგენს ტრანსპორტირების ძირითად საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს და აისახება ტრანსპორტირების ლიცენზიატის შესაბამის ანგარიშზე.


მუხლი 35. მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის გაცემის პირობები 
1. თითოეული მიწოდების პუნქტისათვის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გამოაქვეყნოს ამ  წერტილის მიმართ დადგენილი ბუნებრივი გაზის გაცემის პირობები, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ა) ბუნებრივი გაზის ხარისხობრივ მახასიათებლებს;

ბ) ბუნებრივი გაზის გაცემის მაქსიმალურ და მინიმალურ წნევას;

გ) მიწოდების პუნქტში ბუნებრივი გაზის ნაკადის მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობას, ისევე როგორც აღნიშნულ პუნქტში ნაკადის გაზრდასთან ან შემცირებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეზღუდვას;

დ) მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის გაცემის წესსა და პირობებს, რომელიც გამომდინარეობს კონკრეტულ წერტილთან დაკავშირებით გაფორმებული დაკავშირების ხელშეკრულებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა რათა დაადასტუროს, რომ ბუნებრივი გაზის გაცემის პირობები დაცულია.


მუხლი 36. მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის გაცემა 
1. სისტემით მოსარგებლეები უფლებამოსილნი არიან მიწოდების პუნქტიდან გასცენ ბუნებრივი გაზი მათ მიერ გაფორმებული გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებისა და ამ წესების მოთხოვნების დაცვით, თუ კონკრეტულ დღეს აქვთ დადასტურებული ნომინაცია ამ მიწოდების პუნქტისათვის.

2. თუ დღის განმავლობაში ერთსა და იმავე მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის გაცემა ხორციელდება რამდენიმე სისტემით მოსარგებლისთვის, იგულისხმება, რომ:

ა) აღნიშნული პუნქტიდან გაცემულ ბუნებრივ გაზს ჰქონდა ერთი და იგივე მახასიათებლები ყველა სისტემით მოსარგებლისათვის;

ბ) თითოეული სისტემით მოსარგებლისთვის აღნიშნულ პუნქტში გაიცა ბუნებრივი გაზი მოცემული დღისთვის მისთვის დადასტურებული ნომინაციის პროპორციულად, თუ ამ სისტემით მოსარგებლეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით ან დაკავშირების ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.


მუხლი 37. სისტემით მოსარგებლეებისა და ტრანსპორტირების ლიცენზიატის ვალდებულებები ბუნებრივი გაზის მიწოდების პუნქტიდან გაცემისას
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, მიწოდების პუნქტიდან სისტემით მოსარგებლისთვის ბუნებრივი გაზი გასცეს ბუნებრივი გაზის გაცემის პირობების შესაბამისად. სისტემით მოსარგებლე ვალდებულია მიიღოს აღნიშნული ბუნებრივი გაზი.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია, უარი თქვას მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის სრულად ან ნაწილობრივ გაცემაზე, თუ სისტემით მოსარგებლისთვის დღის განმავლობაში მიწოდების პუნქტში გასაცემი ბუნებრივი გაზის ჯამური ოდენობა აღემატება გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ გაცემის მაქსიმალურ ოდენობას და ტრანსპორტირების ლიცენზიატის შეფასებით, აღნიშნული ზიანს მიაყენებს ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიან ფუნქციონირებას ან უარყოფით გავლენას მოახდენს სხვა სისტემით მოსარგებლეებისათვის გაწეულ/გასაწევ მომსახურებაზე.

3. თუ მიერთების წერტილის გაუმართაობის გამო ტრანსპორტირების ლიცენზიატს არ აქვს შესაძლებლობა შეასრულოს სისტემით მოსარგებლისათვის მიწოდების პუნქტში ბუნებრივი გაზის გაცემის ვალდებულება, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია გაატაროს სათანადო ღონისძიებები და არაუმეტეს 5 (ხუთი) საათის განმავლობაში მოახდინოს სისტემით მოსარგებლისთვის ბუნებრივი გაზის გაცემის აღდგენა იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მიწოდების პუნქტში მიერთების წერტილი არის ტრანსპორტირების ლიცენზიატის საკუთრებაში ან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მას ეკისრება ამ წერტილთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოების წარმოების ვალდებულება. ზემოაღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეს უნდა გადაუხადოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც მას მიადგა მიწოდების პუნქტის გაუმართაობის გამო. ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის დაკისრებული კომპენსაცია არ უნდა აღემატებოდეს  შესაბამისი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ზედა ზღვარს.


მუხლი 38. არასტანდარტული ბუნებრივი გაზის გაცემა 
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა განახორციელოს სისტემით მოსარგებლეებისთვის მიწოდების პუნქტში გაცემული ბუნებრივი გაზის ხარისხის მახასიათებლების მონიტორინგი დანართი №1-ის შესაბამისად. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შეატყობინოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს, რომ მიწოდების პუნქტში გასაცემად ხელმისაწვდომი, გაცემის პროცესში მყოფი ან  გაცემული ბუნებრივი გაზი არის არასტანდარტული, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. თითოეულმა სისტემით მოსარგებლემ, რომლისთვისაც ცნობილი გახდება რომ მისთვის გაცემის პროცესში მყოფი ბუნებრივი გაზი არის არასტანდარტული, ამის თაობაზე უნდა შეატყობინოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს. 

3. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის ცნობილი გახდება, რომ მიწოდების პუნქტიდან გასაცემად ხელმისაწვდომი, გაცემის პროცესში მყოფი ან  გაცემული ბუნებრივი გაზი არის არასტანდარტული, იგი ვალდებულია შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს დაუყოვნებლივ აცნობოს:

ა) ბუნებრივი გაზის ხარისხის ის მაჩვენებლები, რომლებიც არ შეესაბამება ამ წესების დანართი №2-ით განსაზღვრულ ხარისხობრივ მახასიათებლებს და შესაბამისი პროცენტული განსხვავება;

ბ) ბუნებრივი გაზის ხარისხის მახასიათებლების ნორმებთან შესაბამისობის აღდგენისათვის საჭირო სავარაუდო დრო.

4. ბუნებრივი გაზის ხარისხის მახასიათებლების დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის აღდგენის შემდეგ, ტრანსპორტირების ლიცენზიატი შესაბამის ინფორმაციას დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს.

5. ტრანსპორტირების ლიცენზიატს არ ეკისრება სისტემით მოსარგებლეებისათვის შეტყობინების ვალდებულება, თუ გასაცემად ხელმისაწვდომი, გაცემის პროცესში მყოფი ან გაცემული ბუნებრივი გაზის ხარისხის მახასიათებლების დადგენილ ნორმებთან შესაბამისობა აღდგენილ იქნება არასტანდარტული ბუნებრივი გაზის იდენტიფიცირებიდან 1 (ერთი) საათის განმავლობაში.

6. არასტანდარტული ბუნებრივი გაზის გაცემის შესახებ ტრანსპორტირების ლიცენზიატის შეტყობინების მომენტიდან იმავე პუნქტში გასაცემად ხელმისაწვდომი ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის აღდგენის მომენტამდე სისტემით მოსარგებლეს უფლება აქვს:

ა) მიწოდების პუნქტიდან მიიღოს ან გააგრძელოს არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღება;

ბ) შეამციროს ან შეწყვიტოს მიწოდების პუნქტიდან არასტანდარტული მახასიათებლების ბუნებრივი გაზის მიღება.

7. სისტემით მოსარგებლეებმა ტრანსპორტირების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების შესახებ.  

8. თუ სისტემით მოსარგებლეებისთვის მიწოდების პუნქტიდან გაიცა არასტანდარტული ბუნებრივი გაზი და მათ, აღნიშნულის შესახებ, ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად ტრანსპორტირების ლიცენზიატისგან შეტყობინება არ ჰქონდათ მიღებული, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია გადაუხადოს კონპენსაცია ზემოხსენებულ სისტემით მოსარგებლეებს ნებისმიერი ზიანისთვის. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ თითოეული მოსარგებლისთვის გადახდილი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ზედა ზღვარს.

9. სისტემით მოსარგებლის მიერ ტრანსპორტირების ლიცენზიატისგან კომპენსაციის მიღების უფლების უზრუნველყოფის მიზნით, სისტემით მოსარგებლემ უმოკლეს ვადაში უნდა წარუდგინოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს მოთხოვნა, რომელშიც მოცემული უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგი საკითხები:

ა) მიწოდების პუნქტები და დღეები, რომლის განმავლობაშიც ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემულ იქნა არასტანდარტული ბუნებრივი გაზი;

ბ) თითოეული მიწოდების პუნქტიდან გაცემული არასტანდარტული ბუნებრივი გაზის ოდენობა და სხვა საჭირო მონაცემები იმის დასადასტურებლად, რომ გაცემული ბუნებრივი გაზი იყო არასტანდარტული;

გ) ხარჯების ანალიზი და დასაბუთება, რომლის თანახმადაც მას აქვს უფლება მოითხოვოს ტრანსპორტირების ლიცენზიატისგან კომპენსაცია.

10. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში სისტემით მოსარგებლეს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა სისტემით მოსარგებლის მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.


მუხლი 39. ბუნებრივი გაზის გაცემის მინიმალური წნევა 
1. თითოეული სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია ტრანსპორტირების ლიცენზიატს წარუდგინოს მოთხოვნა მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის გაცემის მინიმალური წნევის განსაზღვრის შესახებ, ამ პუნქტისთვის განსაზღვრული ბუნებრივი გაზის გაცემის პირობებით გათვალისწინებული წნევის ფარგლებში.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებული არ არის შეინარჩუნოს გაცემის მინიმალური წნევა, როდესაც:

ა) მიწოდების პუნქტიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობა აღემატება გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ გაცემის მაქსიმალურ ოდენობას;

ბ) ადგილი აქვს ბუნებრივი გაზის გაცემის პირობებით განსაზღვრული გაზომვის მოწყობილობების საოპერაციო შეზღუდვების დარღვევას.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატი არ არის ვალდებული, მიწოდების პუნქტში სისტემით მოსარგებლისთვის გასცეს ბუნებრივი გაზი, როდესაც ბუნებრივი გაზის წნევა მიერთებულ სისტემაში ან მომხმარებლის კუთვნილ ქსელში (მიერთების წერტილის შემდეგ)  აღემატება ამ მიწოდების პუნქტისთვის განსაზღვრულ მინიმალურ გაცემის წნევას.  

4. სისტემით მოსარგებლე, ამ მუხლის მე-2და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, თავისუფლდება ამ წესების 28-ე მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან, თუ მიწოდების პუნქტში მისთვის მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის ოდენობა ნაკლებია ამ პუნქტში სისტემით მოსარგებლის დადასტურებულ ნომინაციაზე და ეს გამოწვეულია ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ აღნიშნული პუნქტიდან გაცემის მინიმალური წნევის შენარჩუნების ვალდებულების შეუსრულებლობით.


თავი IX
ბუნებრივი გაზის მიკუთვნება

 


მუხლი 40. მიღების და მიწოდების პუნქტებში ბუნებრივი გაზის მიკუთვნების წესი
1. მიღების და მიწოდების თითოეულ პუნქტში ყველა სისტემით მოსარგებლის მიერ დღის განმავლობაში (საანგარიშო  დღე) გაცემული ან მიღებული ბუნებრივი გაზის ჯამური ოდენობის სისტემით მოსარგებლეთათვის პირობით მიკუთვნებას ახდენს ტრანსპორტირების ლიცენზიატი, მოცემული ფორმულის გამოყენებით:

  

2. მისაკუთვნებელი ოდენობა (NMQi) მიღების პუნქტისათვის გამოითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ხოლო მიწოდების პუნქტისათვის წარმოადგენს მოცემულ პუნქტში ბუნებრივი გაზის გაზომილ ოდენობას.

3. მისაკუთვნებელი ოდენობა (NMQi), რომელიც საანგარიშო დღის განმავლობაში აღირიცხება მიღების ან მიწოდების i‑ურ პუნქტში, შეიძლება იყოს აღნიშნულ პუნქტში სისტემის ყველა მოსარგებლის დადასტურებულ ნომინაციათა ჯამური ოდენობისგან განსხვავებული.

4. თუ საანგარიშო დღისთვის დადასტურებულ ნომინაციათა ჯამური ოდენობა ( ) მიღების ან მიწოდების i-ურ პუნქტში ნულის ტოლია, ხოლო მისაკუთვნებელი ოდენობა (NMQi) განსხვავდება ნულისგან, მაშინ აღრიცხული  გაზის ოდენობა თითოეულ სისტემით მოსარგებლეს მიეკუთვნება გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებით განსაზღვრული მიღების ან გაცემის მაქსიმალური დღიური ოდენობის პროპორციულად.

5. თუ საანგარიშო დღის განმავლობაში მიღების პუნქტში ბუნებრივი გაზის მიღება ხდება ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ, დაბალანსების ან საოპერაციო გაზის კომპენსაციის მიზნით, მისაკუთვნებელი ოდენობის (NMQi) განსასაზღვრად მოცემულ მიღების პუნქტში საანგარიშო დღის განმავლობაში გაზომილი ბუნებრივი გაზის ოდენობას უნდა გამოაკლდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ზემოაღნიშნული მიზნით მიღებული ბუნებრივი გაზის ოდენობა.

6. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და დაკავშირებული სისტემის ოპერატორს შორის გაფორმებულია დაკავშირების ხელშეკრულება ამ წესების II თავის შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიღების ან მიწოდების პუნქტის მეშვეობით მიღებული ან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობის მიკუთვნება, ამ მუხლით განსაზღვრული პირობის ნაცვლად, ხდება დაკავშირების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.


მუხლი 41. მიღების და მიწოდების პუნქტებში ბუნებრივი გაზის მიკუთვნების პროცესი
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა, საანგარიშო დღის მომდევნო დღის 14:00 საათამდე დაუდასტურებელ გაზომვის შედეგებზე დაყრდნობით თითოეულ სისტემით მოსარგებლეს უნდა გაუგზავნოს საანგარიშო დღის პირობითი მიკუთვნების შედეგები.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ყოველი თვის მე-5 (მეხუთე) სამუშაო დღის 16:00 საათამდე, თითოეულ სისტემით მოსარგებლეს გაუგზავნოს წინა თვის თითოეული დღის პირველადი მიკუთვნების შედეგები. პირველადი მიკუთვნების მიზნებისათვის ტრანსპორტირების ლიცენზიატი იყენებს ამ წესების XIII თავის შესაბამისად დადასტურებულ გაზომვის შედეგებს.

3. სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია ყოველი თვის მე-7 (მეშვიდე) სამუშაო დღის ჩათვლით, ტრანსპორტირების ლიცენზიატს წარუდგინოს დასაბუთებული პრეტენზია წინა თვის ნებისმიერი დღის პირველად მიკუთვნებასთან დაკავშირებით.

4. სისტემით მოსარგებლეები შეიძლება შეთანხმდნენ წინა თვის ნებისმიერი დღის პირველადი მიკუთვნებისგან განსხვავებულ მიკუთვნებაზე. ეს შეთანხმება უნდა იყოს წერილობითი ფორმით დადებული და უნდა მიეწოდოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს ყოველი თვის მე-9 (მეცხრე) სამუშაო დღის ჩათვლით. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია გაითვალისწინოს აღნიშნული შეთანხმება, თუ:

ა) უცვლელია ჯამურად მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის ოდენობა კონკრეტული მიღების ან/და მიწოდების პუნქტისათვის;

ბ) შეთავაზებული მიკუთვნება არ არის დისკრიმინაციული სხვა სისტემით მოსარგებლეებისათვის და არ ახდენს უარყოფით გავლენას ტრანსპორტირების სისტემის მუშაობაზე.

5. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო მიკუთვნება, პირველადი მიკუთვნების, პირველად მიკუთვნებაზე სისტემით მოსარგებლეების პრეტენზიებისა და სისტემით მოსარგებლეებს შორის შეთანხმებების გათვალისწინებით.

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეებს ყოველი თვის მე-10 (მეათე) სამუშაო დღეს უნდა გაუგზავნოს წინა თვის თითოეული დღის საბოლოო მიკუთვნების შედეგები.

7. ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელიც მიკუთვნების შესაბამისად სისტემით მოსარგებლემ მიიღო ყველა მიღების პუნქტში ჯამურად, წარმოადგენს მის დღიურ მიღებას, ხოლო ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელიც სისტემით მოსარგებლისთვის გაიცა ყველა მიწოდების  პუნქტიდან, წარმოადგენს მისთვის დღიურ გაცემას.

8. სისტემით მოსარგებლისთვის დღიური გაცემა (შესაბამისი ოდენობა) წარმოადგენს მისთვის ბუნებრივი გაზის დღიურად ტრანსპორტირებულ ოდენობას.

9. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინებები სისტემით მოსარგებლეს უნდა გაეგზავნოს იმ მიღებისა და მიწოდების პუნქტების მიხედვით, რომლებიც შეტანილია ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და სისტემით მოსარგებლეს შორის გაფორმებულ გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებაში. ამასთან, აღნიშნული შეტყობინებები სისტემით მოსარგებლეს უნდა გაეგზავნოს ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში გამოქვეყნებული სტანდარტული ფორმების მიხედვით და სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:                                                                                                                                                       

ა) სისტემით მოსარგებლის მიერ თითოეული მიღებისა და მიწოდების  პუნქტისთვის ბუნებრივი გაზის დადასტურებულ ნომინაციას;

ბ) თითოეულ მიღებისა და მიწოდების პუნქტში  გაზომილი ბუნებრივი გაზის ოდენობას;

გ) თითოეული მიღებისა და მიწოდების პუნქტისათვის ყველა სისტემით მოსარგებლის დადასტურებულ ნომინაციათა ჯამს;

დ) ბუნებრივი გაზის ოდენობას, რომელიც თითოეულ მიღების და მიწოდების პუნქტში მიკუთვნებულია სისტემით მოსარგებლისათვის;                                        

ე) სისტემით მოსარგებლის დადასტურებულ ნომინაციასა და მასზე მიკუთვნებულ ბუნებრივი გაზის ოდენობებს შორის სხვაობას;

ვ) სისტემით მოსარგებლისთვის ყველა მიღების პუნქტში მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის ჯამურ ოდენობას (დღიური მიღება);

ზ) სისტემით მოსარგებლისთვის ყველა მიწოდების პუნქტში მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის ჯამურ ოდენობას (დღიური გაცემა);

თ) სისტემით მოსარგებლის დღიურ უბალანსობას (პირობით ან საბოლოო);

ი) ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ამ წესების X თავის შესაბამისად განხორციელებული დამაბალანსებელი ქმედებების შესახებ დასაბუთებულ ინფორმაციას.


თავი X
დაბალანსება

მუხლი 42. ტრანსპორტირების ლიცენზიატის ვალდებულებები დაბალანსებისათვის
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ტრანსპორტირების სისტემის დაბალანსებაზე მისი უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, ტრანსპორტირების სისტემის საოპერაციო ზღვრების ფარგლებში მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით განახორციელოს ყველა ქმედება (დამაბალანსებელი ქმედება), რომელიც აუცილებელია ტრანსპორტირების სისტემაში უბალანსობის აღმოფხვრის ან მისი თავიდან აცილებისთვის.

3. დამაბალანსებელი ქმედების განხორციელებამდე, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გაითვალისწინოს ბუნებრივი გაზის წნევა და დანაკარგები ტრანსპორტირების სისტემაში, ასევე, სისტემაში არსებული ბუნებრივი გაზის ოდენობა და მიმწოდებლების დადებითი და უარყოფითი უბალანსობები. დამაბალანსებელი ქმედების განხორციელებისათვის, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ამ წესების 44-ე მუხლის შესაბამისად უნდა შეისყიდოს საბალანსო გაზი.

4. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შეიმუშაოს და მის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს პროცედურა (პროცედურა დამაბალანსებელი ქმედებისათვის), რომლითაც განისაზღვრება ის შემთხვევები,  როდესაც ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა განახორციელოს დამაბალანსებელი ქმედება.

5. ყოველი დამაბალანსებელი ქმედების განხორციელების შემდეგ, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია სისტემით მოსარგებლეებს დაუსაბუთოს ასეთი ქმედების აუცილებლობა და ასევე, აცნობოს მისი ხარჯისა და დაბალანსებისთვის საჭირო ბუნებრივი გაზის შესაბამისი ოდენობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია სისტემით მოსარგებლეებს უნდა მიეწოდოთ  ხელმისაწვდომობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ამ წესების 48-ე მუხლით გათვალისწინებული უბალანსობის ანგარიშსწორებამდე.

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხოს ყველა დამაბალანსებელი ქმედება და მასთან დაკავშირებით ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.

7. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია მის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს დამაბალანსებელი ქმედების მიზნით ყოველ თვეში შესყიდული ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია, ბოლო 5 (ხუთი) წლისათვის.

8. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში უნდა აწარმოოს დაბალანსების ჯგუფების რეესტრი, რომელიც სულ მცირე მოიცავს ინფორმაციას მისი წევრებისა და დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ. დაბალანსების ჯგუფის იდენტიფიცირება ხდება დაბალანსების ჯგუფის სახელით.  

9. თუ სისტემით მოსარგებლე ქმნის, უერთდება ან ტოვებს დაბალანსების ჯგუფს მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ამ წესების მე-18 მუხლის შესაბამისად შეიტანოს შესაბამისი ცვლილება სისტემით მოსარგებლეთა რეესტრში.

10. დაბალანსების ჯგუფში გაერთიანებულ სისტემით მოსარგებლეებს ამ თავის მოთხოვნები ეხება არა ინდივიდუალურად, არამედ როგორც მთლიან დაბალანსების ჯგუფს.

11. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა არ უნდა მიიღოს მოგება/ზარალი ამ მუხლით განსაზღვრული დამაბალანსებელი ქმედებებიდან.  დამაბალანსებელი ქმედებისთვის გაწეული ყველა ხარჯი ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა აინაზღაუროს დაბალანსების ანგარიშიდან ამ წესების 49-ე მუხლის შესაბამისად.


მუხლი 43. საბალანსო გაზის წლიური დაგეგმვა
1. ყოველი წლის პირველ მაისამდე  ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომდევნო წლის საბალანსო გაზის წლიური გეგმა.

2. საბალანსო გაზის წლიურმა გეგმამ უნდა მოიცვას სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:

ა) მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის პროგნოზი;

ბ) დაბალანსების მიზნით საჭირო ბუნებრივი გაზის საპროგნოზო ოდენობა წლის, თვის და დღის ჭრილში;

გ) დაბალანსების მიზნით თითოეულ მიღების პუნქტში ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ მისაღები ბუნებრივი გაზის ოდენობა;

დ) საბალანსო გაზის შესყიდვის ხელშეკრულების (საბალანსო ხელშეკრულება) გაფორმების პროცედურა, აღნიშნული ხელშეკრულების სავარაუდო ხანგრძლივობა და მისაღები გაზის მაქსიმალური დღიური ოდენობა.


მუხლი 44. საბალანსო ხელშეკრულება და დღიური უბალანსობის ფასი
1. დამაბალანსებელი ქმედების განხორციელების მიზნით ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ერთ ან მეტ მიმწოდებელთან (საბალანსო გაზის მიმწოდებელთან) გააფორმოს ხელშეკრულება (საბალანსო ხელშეკრულება) ბუნებრივი გაზის (საბალანსო გაზი) შესყიდვის და სისტემაში მიწოდების ან მისი გაყიდვის და სისტემიდან გატანის შესახებ. საბალანსო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს კომისიის მიერ დამტკიცებული საბალანსო გაზის წლიური გეგმის შესაბამისად.

2. საბალანსო ხელშეკრულება ფორმდება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სატენდერო პროცედურების შესაბამისად; ან

ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საბალანსო გაზის მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევის გზით.

3. საბალანსო გაზის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია მის ვებგვერდზე გაასაჯაროოს ტენდერის საბოლოო და ინდივიდუალური შედეგები თითოეული მონაწილისათვის, კომერციული საიდუმლოების გათქმის გარეშე.

4. საბალანსო ხელშეკრულებით სულ მცირე განსაზღვრული უნდა იყოს:

ა) ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები;

ბ) საბალანსო გაზის მიმწოდებლის ვალდებულება, სისტემაში მისაღები და სისტემიდან გასაცემი ბუნებრივი გაზის ოდენობა შეუსაბამოს ტრანსპორტირების ლიცენზიატის დამაბალანსებელ ქმედებებს, ლიცენზიატის მითითებების შესაბამისად;

გ) დამაბალანსებელი ქმედებისათვის ტრანსპორტირების ლიცენზიატის ან საბალანსო გაზის მიმწოდებლის მიერ შესყიდული ბუნებრივი გაზის ფასი.

5. საბალანსო ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს პირველი სექტემბრისა, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ხელმოწერილი საბალანსო ხელშეკრულების ასლი და დღიური უბალანსობის ფასის გაანგარიშების მეთოდოლოგია, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ა) საბალანსო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ შეთავაზებულ დღიური უბალანსობის ფასს (DImP), ამ წესების 47-ე მუხლის მიზნებისათვის;

ბ) დღიური უბალანსობის ფასის (DImP) გაანგარიშების დასაბუთებას, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ბ.ა) საბალანსო გაზის ფასის განსაზღვრისთვის საბალანსო ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ პარამეტრებს, ასევე წლის განმავლობაში საბალანსო გაზის ფასის პერიოდული გადახედვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირობებსა და საბალანსო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა ცვლად ხარჯებს;

ბ.ბ) ფიქსირებულ ხარჯს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც საბალანსო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გადაუხადოს საბალანსო გაზის მიმწოდებელს;

ბ.გ) სხვა ხარჯებს, რომლებიც დამაბალანსებელი ქმედების განხორციელებისათვის უნდა გასწიოს ტრანსპორტირების ლიცენზიატმა.

ბ.დ) აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარჯების წლის თითოეულ დღეზე გადანაწილების მეთოდს;

გ) ამ წესების 47-ე მუხლით გათვალისწინებულ დაბალანსების კოეფიციენტებს, რომელთა მისადაგებაც უნდა მოხდეს დადებითი და უარყოფითი უბალანსობის შემთხვევაში. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია დაადგინოს ერთზე მეტი დაბალანსების კოეფიციენტი იმის მიხედვით, თუ რამდენად სცდება სისტემით მოსარგებლე ან დაბალანსების ჯგუფი ამ წესების 46-ე მუხლით დადგენილ უბალანსობის დასაშვებ ზღვრებს.

6. დღიური უბალანსობის ფასის (DImP) გაანგარიშების მეთოდოლოგიის წარდგენიდან 30 (ოცდაათი) დღეში კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი დამტკიცების თაობაზე.

7. თუ საბალანსო ხელშეკრულების მოქმედების ვადა აღემატება 1 (ერთ) წელს, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა კომისიას უნდა წარუდგინოს დღიური უბალანსობის ფასის გაანგარიშების მეთოდოლოგია ყოველი წლის დაწყებამდე სულ მცირე 4 (ოთხი) თვით ადრე.


მუხლი 45. სისტემით მოსარგებლის დღიური უბალანსობის გაანგარიშება
1. სისტემით მოსარგებლე ვალდებულია შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს მის მიერ ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული და მისთვის სისტემიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობების დაბალანსება.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ამ წესების IX თავით განსაზღვრული პირობითი და საბოლოო მიკუთვნების პარალელურად, იმავე ვადებში უნდა გამოთვალოს თითოეული სისტემით მოსარგებლის პირობითი და საბოლოო დღიური უბალანსობა საანგარიშო დღისთვის, შემდეგნაირად:

DIm = DD - DW,
    სადაც:

DIm:  სისტემით მოსარგებლის დღიური უბალანსობა (კუბ.მ);

DD:  სისტემით მოსარგებლის მიერ ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ);

DW:  სისტემით მოსარგებლისთვის ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ).

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეს პირობითი/საბოლოო დღიური უბალანსობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პირობითი/საბოლოო მიკუთვნების შესახებ ინფორმაციასთან ერთად, ამ წესების 41-ე მუხლის შესაბამისად. დაბალანსების ჯგუფის შემთხვევაში, პირობითი და საბოლოო უბალანსობის შესახებ დღიური ინფორმაცია უნდა მიეწოდოს დაბალანსების ჯგუფის პასუხისმგებელ მხარეს, ჯგუფის ყველა წევრისათვის ცალ-ცალკე. დაბალანსების ჯგუფის დღიური უბალანსობა არის მისი წევრების დღიურ უბალანსობათა ჯამი.

4. თუ საბოლოო დღიური უბალანსობა საანგარიშო დღისთვის არის დადებითი/უარყოფითი, სისტემით მოსარგებლეს ან დაბალანსების ჯგუფს აქვს დადებითი/უარყოფითი დღიური უბალანსობა ამ დღისათვის.


მუხლი 46. უბალანსობის დასაშვები ცდომილების ზღვრები
1. სისტემით მოსარგებლე ან დაბალანსების ჯგუფი საანგარიშო დღეს აჭარბებს უბალანსობის დასაშვები ცდომილების ზღვარს, თუ ამ დღეს სისტემით მოსარგებლის ან დაბალანსების ჯგუფის საბოლოო დღიური უბალანსობის აბსოლუტური მნიშვნელობა აღემატება ამავე სისტემით მოსარგებლის ან დაბალანსების ჯგუფის წევრთა მიერ ჯამურად დადასტურებულ ნომინაციათა ოდენობის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მაჩვენებელს.

2. უბალანსობის დასაშვები ცდომილების ზღვარი შეადგენს 10%-ს.

3. თუ მიმდევრობით ორი ან მეტი დღის განმავლობაში სისტემით მოსარგებლე ან დაბალანსების ჯგუფი სცდება უბალანსობის დასაშვებ ზღვარს და ტრანსპორტირების ლიცენზიატი მიიჩნევს, რომ ეს გავლენას ახდენს ან შეიძლება მოახდინოს ტრანსპორტირების სისტემის საიმედო, უსაფრთხო და ეფექტიან მუშაობაზე, მას დამაბალანსებელი ქმედების გარდა, უფლება აქვს შეზღუდოს ან შეწყვიტოს ამ მოსარგებლისათვის ან დაბალანსების ჯგუფისთვის ბუნებრივი გაზის მიღება ან/და გაცემა. ტრანსპორტირების ლიცენზიატის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და იგი მომდევნო სამუშაო დღეს  უნდა მიეწოდოს კომისიას.

4. თუ მიმდევრობით 5 (ხუთი) დღის განმავლობაში სისტემით მოსარგებლე ან დაბალანსების ჯგუფი სცდება უბალანსობის დასაშვები ცდომილების ზღვარს (განგრძობითი უბალანსობა), ამ წესების 47-ე მუხლით განსაზღვრული დღიური უბალანსობის საფასურის გაანგარიშებისას ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უბალანსობის დასაშვები ცდომილების ზღვრის წრფივად შემცირება უნდა დაიწყოს მე-6 დღიდან იმგვარად, რომ მე-10 დღეს იგი იყოს ნულის ტოლი. მე‑10 დღის შემდეგი ყოველი დღისათვის, როდესაც სისტემით მოსარგებლე ან დაბალანსების ჯგუფი იქნება დასაშვები ზღვრების მიღმა, ეს ზღვარი მისთვის იქნება ნულის ტოლი, ვიდრე სისტემით მოსარგებლე ან დაბალანსების ჯგუფის უბალანსობა არ დაბრუნდება დასაშვები ზღვრის ფარგლებში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განგრძობითი უბალანსობასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელება ჩერდება ფორსმაჟორის დროს, მისი მოქმედების პერიოდით.


მუხლი 47. უბალანსობის საფასურის გაანგარიშება

1. სისტემით მოსარგებლეები და დაბალანსების ჯგუფები უარყოფითი უბალანსობის შემთხვევაში ვალდებულნი არიან  გადაიხადონ, ხოლო დადებითი უბალანსობის შემთხვევაში უფლება აქვთ მიიღონ საფასური დღიური უბალანსობისათვის.

2. თუ სისტემით მოსარგებლეს ან დაბალანსების ჯგუფს კონკრეტულ დღეს აქვს დადებითი უბალანსობა, იგულისხმება, რომ მან ტრანსპორტირების ლიცენზიატს მიჰყიდა მისი უბალანსობის შესაბამისი ოდენობის ბუნებრივი გაზი და უფლება აქვს ტრანსპორტირების ლიცენზიატისგან მოითხოვოს დღიური უბალანსობის შესაბამისი საფასურის გადახდა.

3. თუ სისტემით მოსარგებლეს ან დაბალანსების ჯგუფს კონკრეტულ დღეს აქვს უარყოფითი უბალანსობა, იგულისხმება, რომ მან ტრანსპორტირების ლიცენზიატისგან შეისყიდა მისი უბალანსობის შესაბამისი ოდენობის ბუნებრივი გაზი და ვალდებულია ტრანსპორტირების ლიცენზიატს გადაუხადოს  დღიური უბალანსობის შესაბამისი საფასური.

4. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა წინა თვის თითოეული დღისათვის უნდა გამოთვალოს დღიური უბალანსობის საფასური (DimC) თითოეული სისტემით მოსარგებლისათვის ან დაბალანსების ჯგუფისთვის, ამ მუხლის მე-5- მე-8 პუნქტების შესაბამისად.

5. თუ სისტემით მოსარგებლეს ან დაბალანსების ჯგუფს კონკრეტულ დღეს აქვს უარყოფითი უბალანსობა და:

ა) არ აჭარბებს უბალანსობის დასაშვებ ზღვარს, მისი დღიური უბალანსობის საფასური გამოითვლება შემდეგნაირად:

DImC=Abs(DIm)×DImP,
სადაც:
DImC: დღიური უბალანსობის საფასური (ლარი);
DIm: სისტემით მოსარგებლის ან დაბალანსების ჯგუფის საბოლოო დღიური უბალანსობა (კუბ.მ);
DImP: დღიური უბალანსობის ფასი (ლარი/კუბ.მ).

ბ) აჭარბებს უბალანსობის დასაშვებ ზღვარს, მისი დღიური უბალანსობის საფასური გამოითვლება შემდეგნაირად:

DImC=Abs(DIm)×NBC×DImP,
სადაც:
DImC: დღიური უბალანსობის საფასური (ლარი);
DIm: სისტემით მოსარგებლის საბოლოო დღიური უბალანსობა (კუბ.მ);
NBC: კომისიის მიერ დამტკიცებული დღიური უბალანსობის ფასის მეთოდოლოგიით განსაზღვრული დაბალანსების კოეფიციენტი (>1) უარყოფითი დღიური უბალანსობისთვის;
DImP: დღიური უბალანსობის ერთეულის ფასი (ლარი/კუბ.მ).

6. თუ სისტემით მოსარგებლეს კონკრეტულ დღეს აქვს დადებითი უბალანსობა და:

ა) არ აჭარბებს უბალანსობის დასაშვებ ზღვარს, მისი დღიური უბალანსობის საფასური გამოითვლება შემდეგნაირად:

DImC=DIm×DImP×PBC,
სადაც:
DImC: დღიური უბალანსობის საფასური (ლარი);
DIm: სისტემით მოსარგებლის საბოლოო დღიური უბალანსობა (კუბ.მ);
DImP: დღიური უბალანსობის ერთეულის ფასი (ლარი/კუბ.მ);
PBC: კომისიის მიერ დამტკიცებული დღიური უბალანსობის ფასის მეთოდოლოგიით განსაზღვრული კოეფიციენტი (≤1) დადებითი დღიური უბალანსობისათვის.

ბ) აჭარბებს უბალანსობის დასაშვებ ზღვარს, მისი დღიური უბალანსობის საფასური გამოითვლება შემდეგნაირად:

DImC=DIm×DImP×EPBC,
სადაც:
DImC: დღიური უბალანსობის საფასური (ლარი);
DIm: სისტემით მოსარგებლის ან დაბალანსების ჯგუფის საბოლოო დღიური უბალანსობა (კუბ.მ);
EPBC: კომისიის მიერ დამტკიცებული დღიური უბალანსობის ფასის მეთოდოლოგიით განსაზღვრული კოეფიციენტი (<=1) დადებითი დღიური უბალანსობისათვის იმ შემთხვევებისათვის, როდესაც უბალანსობა აჭარბებს უბალანსობის დასაშვებ ზღვარს..
DImP: დღიური უბალანსობის ერთეულის ფასი (ლარი/კუბ.მ);
 


მუხლი 48. უბალანსობის საფასურის მოთხოვნა
1. ყოველი საანგარიშსწორებო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია გაიანგარიშოს თითოეული სისტემით მოსარგებლის ან დაბალანსების ჯგუფის მიერ გადასახდელი ან მისაღები უბალანსობის საფასური, რომელიც წარმოადგენს ამ სისტემით მოსარგებლის ან დაბალანსების ჯგუფის წინა თვის თითოეული დღისთვის ამ წესების 47-ე მუხლის შესაბამისად გამოთვლილი უბალანსობის საფასურების ჯამს.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და სისტემით მოსარგებლეს ან დაბალანსების ჯგუფის პასუხისმგებელ მხარეს შორის უბალანსობის საფასურის ანგარიშსწორება უნდა მოხდეს გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების შესაბამისად, ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლისათვის ან დაბალანსების ჯგუფის პასუხისმგებელი მხარისათვის მიწოდებული ინვოისის საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ ინვოისში საანგარიშსწორებო თვის ყოველი დღისათვის მოცემული უნდა იყოს სულ მცირე:

ა) დადასტურებული ნომინაციები მიწოდებისა და მიღების პუნქტებში, ცალ-ცალკე და ჯამურად;

ბ) სისტემით მოსარგებლის საბოლოო დღიური უბალანსობა;

გ) დღიური უბალანსობის ფასი;

დ) დადებითი და უარყოფითი დღიური უბალანსობის საფასური.

4. დაბალანსების ჯგუფის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა დაბალანსების ჯგუფის პასუხისმგებელი მხარეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს როგორც მთლიანად ჯგუფისათვის, ისე შესაბამისი ჯგუფის წევრი ყველა სისტემით მოსარგებლისთვის.


მუხლი 49. დაბალანსების ანგარიში
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატს უნდა ჰქონდეს განცალკევებული ანგარიში დაბალანსების მიზნებისათვის (დაბალანსების ანგარიში), სადაც ასახავს:

ა) დაბალანსებასთან დაკავშირებით მის ყველა ხარჯს, მათ შორის დამაბალანსებელი ქმედებიდან გამომდინარე ხარჯსა და ამ წესების 48-ე მუხლის შესაბამისად სისტემით მოსარგებლეთათვის ან დაბალანსებაზე პასუხისმგებელ მხარეთათვის გადახდილ უბალანსობის საფასურს;

ბ) ამ წესების 48-ე მუხლის შესაბამისად სისტემით მოსარგებლეებისგან ან დაბალანსებაზე პასუხისმგებელ მხარეთაგან მიღებულ უბალანსობის საფასურს.

2. დაბალანსების ანგარიშის განულება უნდა მოხდეს ყოველი წლის ბოლოს. ამ მიზნით, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მოახდინოს დაბალანსების ანგარიშზე არსებული დადებითი ან უარყოფითი ნაშთის გადანაწილება სისტემით მოსარგებლეებზე ან დაბალანსების ჯგუფებზე, მათ მიერ ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის ოდენობების შესაბამისად.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ტრანსპორტირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯები დაბალანსების ანგარიშზე უნდა აისახოს როგორც ხარჯი და ასევე უნდა აისახოს ტრანსპორტირების ლიცენზიატის შესაბამის ანგარიშზე როგორც შემოსავალი ძირითადი საქმიანობიდან.

4. კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს დაბალანსების ანგარიშის შემოწმება აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის მიერ.

5. დამოუკიდებელი აუდიტორი საბალანსო ანგარიშის აუდიტის დასრულების შემდეგ ამზადებს შემოწმების ანგარიშს და უგზავნის კომისიას და ტრანსპორტირების ლიცენზიატს. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ანგარიშის შემაჯამებელი დოკუმენტი გამოაქვეყნოს მის ვებგვერდზე.


თავი XI
საოპერაციო გაზი

 


მუხლი 50. ტრანსპორტირების ლიცენზიატის ვალდებულება საოპერაციო გაზთან დაკავშირებით
1. საოპერაციო გაზი არის ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელიც წარმოადგენს შემდეგი კომპონენტების ჯამს:

ა) ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელიც გამოიყენება ტრანსპორტირების სისტემის ოპერირებისათვის (ბუნებრივი გაზის საკუთარი მოხმარება);

ბ) ბუნებრივი გაზის ოდენობა რომელიც დაიკარგა ტრანსპორტირების სისტემის ოპერირებისას (ბუნებრივი გაზის დანაკარგები სისტემაში).

2. საოპერაციო გაზის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება ტრანსპორტირების ლიცენზიატს. საოპერაციო გაზის ანაზღაურების მიზნით ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემაში ბუნებრივი გაზის მიღება არ განიხილება დამაბალანსებელ ქმედებად.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საოპერაციო გაზის საჭიროების  შემცირებისათვის.

4. საოპერაციო გაზის შესყიდვის ხარჯი წარმოადგენს მის ძირითად მომსახურებასთან (ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან) პირდაპირ დაკავშირებულ ხარჯს და მისი ანაზღაურება უნდა მოხდეს შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის მიხედვით.


მუხლი 51. საოპერაციო გაზის წლიური დაგეგმვა
1. ყოველი წლის 1 მაისამდე ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს და საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ტრანსპორტირების სისტემაში საოპერაციო გაზის ანაზღაურების გეგმა მომავალი წლისათვის.

2. საოპერაციო გაზის ანაზღაურების გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ტრანსპორტირების სისტემაში საოპერაციო გაზის გამოთვლის მეთოდს;

ბ) მომავალ წელს საოპერაციო გაზის ანაზღაურებისთვის საჭირო ბუნებრივი გაზის ოდენობის პროგნოზს;

გ) საოპერაციო გაზის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების პროცესსა და ხელშეკრულების შესახებ დეტალებს (სულ მცირე ინფორმაციას ხელშეკრულების  ხანგრძლივობისა და ბუნებრივი გაზის მაქსიმალური ოდენობის მოთხოვნის შესახებ).

3. საოპერაციო გაზის ანაზღაურების გეგმის შემუშავებისას ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი ისტორიული მონაცემები, საერთაშორისო გამოცდილება და მეთოდოლოგია საოპერაციო გაზის შეფასებასთან, ტრანსპორტირების სისტემის ცალკეული ტიპის მოწყობილობის დანაკარგების კოეფიციენტების ან სისტემის მუშაობისათვის საჭირო ბუნებრივი გაზის გაანგარიშებასთან დაკავშირებით.  ზემოაღნიშნული გეგმის შემუშავებისას ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ტრანსპორტირების სისტემის ტექნიკური მომსახურების გეგმების გავლენა.


მუხლი 52. საოპერაციო გაზის შესყიდვის ხელშეკრულებები
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია გააფორმოს საოპერაციო გაზის შესყიდვის ერთი ან რამდენიმე ხელშეკრულება (საოპერაციო გაზის ხელშეკრულებები).

2. საოპერაციო გაზის ხელშეკრულებების გაფორმება ხდება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესყიდვის წესების შესაბამისად ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ჩატარებული ღია ტენდერის საშუალებით; ან

ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესყიდვის წესების შესაბამისად მიმწოდებელთან პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმების გზით.

3. ამ მუხლის მე-2პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ტენდერის ყოველ მონაწილეს უნდა აცნობოს ღია ტენდერის ინდივიდუალური შედეგები და ტენდერის საბოლოო შედეგები გაასაჯაროოს საკუთარ ვებგვერდზე, კომერციული საიდუმლოების დაცვის პირობით.

4. საოპერაციო გაზის ანაზღაურების მიზნით ბუნებრივი გაზის შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს საბალანსო ბუნებრივ გაზთან ერთად, ერთიანი ხელშეკრულებით. ამ შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ დაბალანსების და საოპერაციო გაზის ანაზღაურების მიზნით შესყიდული ბუნებრივი გაზის ოდენობა და შესაბამისი ფასი განცალკევებულად უნდა იყოს განსაზღვრული.

5. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს საოპერაციო გაზის ყველა ხელშეკრულების ასლი მათი გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 სექტემბრისა.


თავი XII
ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის საიმედოობა და  ტექნიკური მომსახურება

მუხლი 53. ტრანსპორტირების ლიცენზიატის ვალდებულება გაზის უსაფრთხოდ და უწყვეტად მიწოდებასთან დაკავშირებით
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატს უნდა ჰქონდეს სათანადო ტექნიკური რესურსი და ჰყავდეს კანონმდებლობით განსაზღვრული კვალიფიკაციის პერსონალი, რათა უზრუნველყოს ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხოება და ბუნებრივი გაზის მიწოდების უწყვეტობა.

2. ბუნებრივი გაზის უსაფრთხოდ და უწყვეტად მიწოდებასთან დაკავშირებით ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, სულ მცირე:

ა) უზრუნველყოს 24-საათიანი ცხელი ხაზის ფუნქციონირება და შესაბამისი ნომრის განთავსება მის ვებგვერდზე;

ბ) შეიმუშაოს საგანგებო რეაგირებისა და უსაფრთხოების შიდა პროცედურები;

გ) ავარიებთან დაკავშირებულ სატელეფონო შეტყობინებებზე მოახდინოს რეაგირება ამ წესების 54-ე მუხლის შესაბამისად.


მუხლი 54. ავარიებზე რეაგირება
1. ავარიების უარყოფითი გავლენის შემცირებისა და მათი დროულად აღმოფხვრის მიზნით, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, საგანგებო რეაგირებისა და უსაფრთხოების შიდა პროცედურების შესაბამისად მოახდინოს მყისიერი რეაგირება.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა,  მის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ უნდა გამოქვეყნოს ინფორმაცია ნებისმიერ ავარიასთან დაკავშირებით. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ავარიის ზოგად აღწერილობას და მისი აღმოფხვრის სავარაუდო დროს. ავარიის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს გონივრული პერიოდულობით.

3. ავარიის აღმოფხვრიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში ტრანსპორტირების ლიცენზიატმა კომისიას უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელიც სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

ა) ავარიისა და მისი გამომწვევი მიზეზების აღწერას;

ბ) ტრანსპორტირების ლიცენზიატისა და სხვა მხარეების მიერ ავარიის აღმოფხვრის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს;

გ) ავარიის დროს დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის შეფასებას;

დ) ავარიის შედეგად დაკარგული ბუნებრივი გაზის რაოდენობის შეფასებას;

ე) ავარიის აღმოფხვრის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად ტრანსპორტირების ლიცენზიატის ფინანსური ვალდებულებების შეფასებას.


მუხლი 55. ტრანსპორტირების ლიცენზიატის ვალდებულებები ტრანსპორტირების სისტემის ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ტრანსპორტირების სისტემის ტექნიკური მომსახურების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს ამ წესების 56-ე მუხლით გათვალისწინებულ გეგმები, რა დროსაც მხედველობაში უნდა მიიღოს ტრანსპორტირების სისტემის ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული მოთხოვნები,  დაკავშირების ხელშეკრულებები, ასევე, სისტემით მოსარგებლეების, დაკავშირებული სისტემების ოპერატორების ან კანონიერი ინტერესის მქონე სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ მოწოდებული ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაცია.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა შეძლებისდაგვარად უნდა მოახდინოს ტექნიკური მომსახურების კოორდინირება და შესაბამისობა დაკავშირებული სისტემის ოპერატორებისა და მომხმარებლების დანადგარების მუშაობის სპეციფიკაციებთან.

4. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს ტექნიკური სამუშაოების ჩატარება ტექნიკური მომსახურების გეგმის შესაბამისად. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია განახორციელოს გადაუდებელი ტექნიკური მომსახურება ამ წესების 57-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით.

5. ტრანსპორტირების სისტემაში ტექნიკური მომსახურების სამუშაოების მიმდინარეობისას, ტრანსპორტირების ლიცენზიატი თავისუფლდება ამ წესებიდან და გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებისაგან, თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა განპირობებულია ტექნიკური მომსახურების სამუშაოების წარმოებით.


მუხლი 56. ტექნიკური მომსახურების დაგეგმვა და განხორციელება
1. ტრანსპორტირების სისტემის ტექნიკური მომსახურების სამუშაოები, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მიღების და მიწოდების პუნქტების მაქსიმალურ ტექნიკურ სიმძლავრეზე, შეძლებისდაგვარად უნდა დაიგეგმოს და განხორციელოს ყოველი წლის მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, არაუგვიანეს ყოველი წლის 15 ნოემბრისა, მოამზადოს და მის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სულ მცირე ყოველთვიურად გაწერილი მომდევნო წლის ტექნიკური მომსახურების გეგმა. აღნიშნული გეგმა მოიცავს დაგეგმილი ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩამონათვალს, მათი განხორციელების განსაზღვრულ ვადებსა და ტრანსპორტირების სისტემის გამტარუნარიანობაზე გავლენის სავარაუდო გაანგარიშებას. ტექნიკური მომსახურების წლიური გეგმა არის საორიენტაციო და არასავალდებულო.

3. ტექნიკური მომსახურების წლიური გეგმის განახლება ხდება არაუგვიანეს შესაბამისი წლის 15 აპრილისა. განახლებული წლიური ტექნიკური მომსახურების გეგმა არის საორიენტაციო და არასავალდებულო.

4. ყოველი თვის დაწყებამდე 5 (ხუთი)  დღით ადრე, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ამზადებს და საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ტექნიკური მომსახურების ყოველთვიურ გეგმას. აღნიშნული გეგმა მოიცავს თვის განმავლობაში განსახორციელებელი ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩამონათვალს, მათი დაწყებისა და დასრულების ვადებს, სისტემის იმ ნაწილს, რომელზეც აღნიშნული სამუშაოები იქონიებს ზეგავლენას და მოსალოდნელ ზეგავლენას ტრანსპორტირების სისტემაში ხელმისაწვდომ ოდენობებზე. ყოველთვიური ტექნიკური მომსახურების გეგმა არის საორიენტაციო და არასავალდებულო.

5. თუ ტექნიკური მომსახურება ორი ან მეტი დღის განმავლობაში მოახდენს ზეგავლენას  მიღების ან მიწოდების პუნქტების გამტარუნარიანობაზე, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა შესაბამისი სამუშაოების დაწყებამდე სულ მცირე 5 (ხუთი) დღით ადრე უნდა აცნობოს კომისიას.

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა განახორციელოს ყველა შესაძლო ქმედება, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ტექნიკური მომსახურების სისტემით მოსარგებლეებსა და მომხმარებლებზე ზეგავლენა.

7. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, აუცილებელი სამუშაოების სახეობისა და შედეგების, ასევე მათი სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია ტექნიკური მომსახურების სამუშაოების დაწყებამდე, სულ მცირე ერთი თვით ადრე, წერილობით მიაწოდოს სისტემით მოსარგებლეებსა და იმ მიერთებულ სუბიექტებს, რომლებზეც ზეგავლენას მოახდენს აღნიშნული სამუშაოები (პირველი შეტყობინება). ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, წერილობით, განმეორებით აცნობოს სისტემით მოსარგებლეებსა და მიერთებულ სუბიექტებს დაგეგმილი ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შესახებ სამუშაოების დაწყებამდე 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე (მეორე შეტყობინება).


მუხლი 57. გადაუდებელი ტექნიკური მომსახურება
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი იღებს გადაწყვეტილებას და ახორციელებს გადაუდებელი ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს, რომლებიც არ მიეკუთვნება ამ წესების 54-ე მუხლით განსაზღვრულ სამუშაოებს და ასევე, სცდება ამ წესების 56-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური მომსახურების გეგმის ფარგლებს, როდესაც ასეთი გადაუდებელი ტექნიკური მომსახურება აუცილებელია ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი მუშაობისათვის.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია გადაუდებელი ტექნიკური მომსახურების სამუშაოების განხორციელებამდე სულ მცირე 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე წერილობით აცნობოს  სისტემით მოსარგებლეებსა და იმ მიერთებულ სუბიექტებს, რომლებზეც ზეგავლენას მოახდენს აღნიშნული სამუშაოები, აუცილებელი სამუშაოებისა და მისი შესაძლო შედეგების, ასევე სამუშაოების სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ.

3. გადაუდებელი ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შესრულების დროის განსაზღვრისათვის, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გაითვალისწინოს სისტემით მოსარგებლეების, დაკავშირებული სისტემების ოპერატორების და კანონიერი ინტერესების მქონე სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირების მოსაზრება, იმ პირობით, რომ საფრთხე არ შეექმნება ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხო და საიმედო ოპერირებას.


მუხლი 58. სისტემით მოსარგებლეთა ვალდებულებები ტრანსპორტირების სისტემის ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით
1. სისტემით მოსარგებლეებმა ამ წესებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით უნდა ითანამშრომლონ ტრანსპორტირების ლიცენზიატთან და მოთხოვნიდან უმოკლეს დროში მიაწოდონ მას ყველა აუცილებელი ინფორმაცია ტრანსპორტირების სისტემის ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია ტექნიკური მომსახურების სამუშაოების პერიოდში დააწესოს ნებისმიერი აუცილებელი შეზღუდვა მიღებისა და მიწოდების პუნქტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ასეთი შეზღუდვა მიღების ან მიწოდების პუნქტებში უნდა განაწილდეს სისტემით მოსარგებლეების მიხედვით შესაბამის პუნქტში მიღების ან გაცემის დადასტურებული ნომინაციების პროპორციულად და ასეთი შეზღუდვის შესახებ სისტემით მოსარგებლეებს  უნდა ეცნობოთ ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მეშვეობით.

3. ტექნიკური მომსახურების მიმდინარეობის პერიოდში სისტემით მოსარგებლეები და მიერთებული სუბიექტები ვალდებულნი არიან შეასრულონ ტრანსპორტირების ლიცენზიატის მითითებები.


თავი XIII
ბუნებრივი გაზის აღრიცხვა

მუხლი 59. ბუნებრივი გაზის აღრიცხვის პრინციპები
1. აღრიცხვის კვანძის შემადგენელი მოწყობილობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. აღრიცხვა უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული გაზომვის მოწყობილობ(ებ)ის საშუალებით.

3. ბუნებრივი გაზის ოდენობის (სტ.მ³) და თბოუნარიანობის გაზომვა უნდა განხორციელდეს სტანდარტულ პირობებისთვის. ამ მიზნებისთვის ტემპერატურის და წნევის სტანდარტული მნიშვნელობებია 20°C ტემპერატურა და 0.101325 მგპა წნევა.


მუხლი 60. პასუხისმგებლობა ბუნებრივი გაზის აღრიცხვაზე
1. აღრიცხვის კვანძის დადგენილ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და კონტროლი ევალება ტრანსპორტირების ლიცენზიატს.

2. ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მიზნით ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს გაზომვის მონაცემების აღება, შეგროვება და დადასტურება  გაზის აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის საშუალებით.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შექმნას გაზომვის მოწყობილობების მონაცემთა ბაზა და განახორციელოს მისი მართვა. მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) გაზომვის მოწყობილობების დასახელებას, ტიპს/მოდიფიკაციას, საქარხნო ნომერს, სიზუსტის კლასსა და საიდენტიფიკაციო კოდს;

ბ) გაზომვის თითოეული მოწყობილობის მონტაჟის თარიღს;

გ) გაზომვის თითოეული მოწყობილობის ექსპლუატაციაში მიღების/გაშვების თარიღსა და შესაბამის დოკუმენტებს;

დ) იმ მიერთებული სუბიექტის დასახელებას, რომლის ანგარიშსწორებაშიც მონაწილეობს აღნიშნული გაზომვის მოწყობილობა;

ე) გაზომვის თითოეული მოწყობილობის დაზიანების, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ისტორიას;

ვ) შესაბამისი აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემულ გაზომვის მოწყობილობების ყველა დამოწმების დამადასტურებელ დოკუმენტს;

ზ) გაზომვის მოწყობილობების შემოწმების აქტებს.

4. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შეინახოს გაზომვის ელექტრონული ან მატერიალური ჩანაწერები.

5. ყველა ოპერაცია, რომელიც გავლენას ახდენს გაზომვის მონაცემებზე, უნდა განხორციელდეს დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

6. აღრიცხვის კვანძის ან მისი ნაწილის დემონტაჟის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შეინახოს აღნიშნული კვანძის კალიბრაციის სერტიფიკატები სულ მცირე 1 წლის განმავლობაში. შესაბამისი მხარეების მოთხოვნის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა, 15 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიაწოდოს მათ ზემოაღნიშნული დოკუმენტები.


მუხლი 61. ძირითადი მოთხოვნები აღრიცხვის კვანძის მოსაწყობად
1. აღრიცხვის კვანძი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი მოწყობილობებით:

ა) გაზის გამზომი მოწყობილობა ან მოწყობილობების კომპლექსი;

ბ) გაზის მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობა შესაბამის მონაცემთა შენახვისა და გადაცემის ფუნქციით.

2. გაზის მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობა შეიძლება იყოს:

ა) მოცულობის ელექტრონული კორექტორი - მოცულობითი კვანძებისთვის;

ბ) ნაკადის გამომთვლელი - ხარჯმზომი კვანძებისთვის.

3. გაზის მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს სათავსოში/კარადაში და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი ელექტროენერგიის წყაროთი.

4. გაზომვის მონაცემების განახლება გაზის მოცულობის გარდამქმნელ მოწყობილობაში უნდა განხორციელდეს ავტომატურად, ქრომატოგრაფიდან უწყვეტად მიღებული მონაცემებით ან ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ, წინასწარ დადგენილი ინტერვალებით, შესაბამისი მხარის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით.

5. გაზის მოცულობის გარდამქმნელ მოწყობილობას უნდა ჰქონდეს საათური გაზომვის მონაცემების არანაკლებ ერთი კალენდარული თვის განმავლობაში შენახვის ფუნქცია (მონაცემთა რეგისტრატორში).

6. ბუნებრივი გაზის ოდენობის განსაზღვრისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი გაზომვის მეთოდები და შესაბამისი მოწყობილობები:

ა) წნევის, ტემპერატურის და კუმშვადობის კოეფიციენტის (ptz) მეთოდის (მოცულობითი კვანძი) გამოყენების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძი უნდა მოიცავდეს გაზის მოცულობით მრიცხველს, ტემპერატურის გადამწოდს, წნევის გადამწოდს და მოცულობის ელექტრონულ კორექტორს ;

ბ) სიმკვრივის მეთოდის (მოცულობითი კვანძი) გამოყენების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძი უნდა მოიცავდეს გაზის მოცულობით მრიცხველს, საოპერაციო პირობებისთვის სიმკვრივის გამზომ უჯრედს, სტანდარტული პირობებისთვის სიმკვრივის გამზომ უჯრედს და მოცულობის ელექტრონულ კორექტორს ;

გ) წნევათა სხვაობის მეთოდის (ხარჯმზომი კვანძი) გამოყენების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძი უნდა მოიცავდეს ხარჯშემავიწროებელ მოწყობილობას, დიფერენციალურ წნევის გადამწოდს, აბსოლუტური ტემპერატურის გადამწოდს, აბსოლუტური წნევის გადამწოდს და ნაკადის გამომთვლელს.

7. წნევათა სხვაობის მეთოდით ბუნებრივი გაზის აღრიცხვა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად აქვს ადგილი შემდეგ გარემოებებს:

ა) მაქსიმალური მოთხოვნილი ნაკადი (Qero) ≥ 3000 მ³/სთ;

ბ) აღრიცხვის კვანძის დატვირთვა სამუშაო რეჟიმში Qmax : Qmin - იქნება 1:10 დიაპაზონში (აღნიშნული პირობა ჩაითვლება დაცულად თუ დიაპაზონიდან გასვლის ჯამური ხანგრძლივობა ბოლო 30 დღის განმავლობაში არ აჭარბებს ამ პერიოდში მთლიანი ნამუშევარი დროის 10%-ს);

გ) გამზომი სექციის დიამეტრი ≥ 100 მმ.;

დ) გამზომი სექციის წნევა ≥ 0.2 მგპა.

8. აღრიცხვის კვანძის მახასიათებლების განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმებია:

ა) საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძი უნდა იყოს ავტომატიზებული და გააჩნდეს ელექტრონული მონაცემთა დამუშავების მოწყობილობები (გაზის მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობები). კომერციული მიზნებისთვის საჭირო საათური და დღიური მონაცემები ტელემეტრიის საშუალებით უნდა იგზავნებოდეს აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში და აღნიშნული მონაცემები ბოლო ერთი თვისთვის უნდა ინახებოდეს უშუალოდ მოწყობილობაში;

ბ) თუ გამზომი მოწყობილობა მაქსიმალური ნაკადით (Qmax) ვერ ახერხებს მინიმალური ხარჯების განსაზღვრას (სეზონური გავლენის გამო) აუცილებელია მოეწყოს დამატებითი მრიცხველი უფრო დაბალი მაქსიმალური ნაკადით (Qmax) პირველი მრიცხველის დამოუკიდებლად და პარალელურად;

გ) თუ Qero ≥ 4 000 (მ³/სთ), სარეზერვოდ  უნდა მოეწყოს იდენტური პარამეტრების მეორე გამზომი მოწყობილობა ერთმანეთის დამოუკიდებლად და პარალელურად (ერთი აქტიური მეორე სარეზერვო).

დ) Qero ≥ 60 000 მ³/სთ ხარჯმზომ კვანძებზე ავტომატური გაზომვის ჯაჭვი (გადამცემები, ნაკადის გამომთვლელი) უნდა იყოს დუბლირებული.

9. ყველა აღრიცხვის კვანძს უნდა მიენიჭოს სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი).

10. სარემონტო სამუშაოების დროს მომხმარებლის გაზით უწყვეტი მომარაგების მიზნით აღრიცხვის კვანძს ამ წესებით განსაზღვრულ ან/და დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევებში, მთავარი აღრიცხვის ხაზისგან დამოუკიდებელად და პარალელურად უნდა ჰქონდეს იგივე პარამეტრების მეორე აღრიცხვის ხაზი.

11. აღრიცხვის კვანძის აღრიცხვიანობის ზედა ზღვარი უნდა აღემატებოდეს მიერთების სიმძლავრეს.

12. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს იმგვარად, რომ გაზომვის მოწყობილობაში გაიაროს მშრალმა და გასუფთავებულმა გაზმა ლამინარული (არა ტურბულენტური) დინებით.

13. აღრიცხვის კვანძის სწორი მონაკვეთების სიგრძეები გაზის მრიცხველამდე და მრიცხველის შემდეგ უნდა შეესაბამებოდეს გაზომვის მოწყობილობების ქარხანა-დამამზადებლის მოთხოვნებს.

14. აღრიცხვის კვანძის კარადების/სათავსოების მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს გაზომვის მოწყობილობების ქარხანა დამამზადებლის მიერ მითითებულ პარამეტრებს, უზრუნველყოფდეს მათ დაცვას დაზიანების, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის, ტენიანობის, მტვრისა და სხვა არასასურველი ეფექტებისგან.

15. აღრიცხვის კვანძის გეომეტრიული ზომების შემოწმება/დადასტურემა უნდა განხორციელდეს შესაბამისი აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ.

16. აღრიცხვის კვანძი უნდა იყოს ისეთი მოწყობის (დიზაინის), რომ მაქსიმალურად იყოს დაცული არასანქცირებული ჩარევისაგან.

17. აღრიცხვის კვანძი და მის შემადგენელი ნაწილები, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა იქონიონ ბუნებრივი გაზის აღრიცხვის სისწორეზე, უნდა იყოს დალუქული.

18. ბუნებრივი გაზის ოდენობის აღრიცხვისთვის გამოყენებული მრიცხველები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  ნორმალური მუშა პირობები მაქსიმალური დასაშვები შეცდომა (MPE)
კლასი Qmax/Qmin Qmax/Qt Qr/Qmax Qmin≤Q<Qt Qt≤Q≤Qmax
1.00 ≥20 ≥5 1.2 2% 1%

სადაც:

Qr: გადატვირთვის ნაკადი (ყველაზე მაღალი ნაკადი, რომლის დროსაც, ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, მრიცხველი მუშაობს გაუარესების გარეშე) (კუბ.მ/სთ);

Qmin: ნაკადის ყველაზე დაბალი მნიშვნელობა, სადაც გაზის მრიცხველი აკმაყოფილებს მოთხოვნებს მაქსიმალურ დასაშვებ შეცდომასთან დაკავშირებით (MPE) (კუბ.მ/სთ);

Qmax: მაქსიმალური ნაკადი;

Qt: გარდამავალი ნაკადი, რომელიც მოქმედებს მაქსიმალურ და მინიმალურ ნაკადებს შორის, სადაც ნაკადის სიდიდე ორ, ზედა და ქვედა ზონად იყოფა. თითოეულ ზონას აქვს მაქსიმალური დასაშვები შეცდომა (კუბ.მ/სთ).

19. წნევის გამზომი გარდამქმნელის მიერთება უნდა განხორციელდეს სამსვლიანი ონკანის გავლით.

20. აღრიცხვის სიზუსტისა და კონტროლის მიზნით, აღრიცხვის კვანძში მოწყობილი უნდა იყოს ორი დამცავი მასრა (ჰილზა) (შენადუღი მილისი ½"NPT) გაზის მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობის ტემპერატურის გადამწოდისთვის და საკონტროლო ტემპერატურის გაზომვისთვის.

21. გაზის აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემის და გაზომვის მოწყობილობების დამიწება უნდა მოხდეს უსაფრთხო გარემოში იმგვარად რომ არ გამოიწვიოს გამზომი და საკომუნიკაციო მოწყობილობების გაუმართაობა.

22. გამზომი მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ბეჭდით და ფირნიშით ყველა მონაცემით (Qmax, Qmin, Pmax, იმპულსები/მ³, ა.შ.).

23. აღრიცხვის კვანძი უნდა იყოს თავსებადი გაზის აღრიცხვის ავტომატიზებულ სისტემასთან და უნდა გააჩნდეთ მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში გაცემის შესაძლებლობა.


მუხლი 62. აღრიცხვის კვანძის შემოწმება
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს განახორციელოს აღრიცხვის კვანძის გეგმური და საკონტროლო შემოწმება მისი სტრუქტურული  გამართულობისა (ვიზუალურად) ან/და გაზომვის მოწყობილობების სწორად ფუნქციონირების შემოწმების მიზნით. შემოწმების შემდეგ უნდა შედგეს შესაბამისი შემოწმების აქტი.

2. აღრიცხვის კვანძების შემოწმება ასევე შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე.

3. აღრიცხვის კვანძის ვიზუალური შემოწმებისას უნდა განხორციელდეს შემდეგი სამუშაოები:

ა) გაზომვის მოწყობილობების ვიზუალური დათვალიერება;

ბ) გაზომვის მოწყობილობების მთლიანობის შემოწმება;

გ) გაზომვის მოწყობილობების და მომჭერების ხუფზე ლუქების მთლიანობის შემოწმება;

დ) გაზომვის მოწყობილობების მიერთების სქემის შემოწმება;

ე) გაზომვის მოწყობილობების პასპორტის არსებობის შემოწმება;

ვ) აღრიცხვის ჟურნალის წარმოების შემოწმება.

4. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია განახორციელოს აღრიცხვის კვანძის და მათში დამონტაჟებული მოწყობილობის სათანადო ფუნქციონირების შემოწმება სულ მცირე შემდეგი მეთოდებით:

ა) მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობის არსებითი ცვლილებების შემოწმება სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით;

ბ) ავტომატიზებული გაზომვის შემოწმება, ავტომატიზებული გაზომვებისა და დროთა განმავლობაში გეგმიური (ვიზუალური წაკითხვით აღებული) გაზომვების მონაცემების შედარებით;

გ) გაზომვის საშუალებით გამოვლენილი დიაგნოსტიკური შეტყობინებების ანალიზი.

დ) მოცულობითი კვანძისთვის:

დ.ა) მრიცხველის გამტარუნარიანობის შემოწმება არანაკლებ 5-წუთიანი პერიოდულობით;

დ.ბ) წნევისა და ტემპერატურის მნიშვნელობების მყისიერი შემოწმება, კონტროლისა და სარეზერვო მოწყობილობების მიერ გაზომილ მნიშვნელობებთან შედარება.

ე) ხარჯმზომი კვანძისთვის:

ე.ა) წნევის, ტემპერატურისა და დიფერენციალური წნევის მყისიერი მნიშვნელობების შემოწმება და საკონტროლო და სარეზერვო მოწყობილობების მნიშვნელობებთან შედარება;

ე.ბ) სიმკვრივის მზომი მოწყობილობის მიერ გაზომილი საათობრივი ჩანაწერების შემოწმება და მისი შედარება ბოლო დღის მანძილზე სისტემაში დაფიქსირებულ მნიშვნელობებთან.

5. აღრიცხვის კვანძის გეგმური შემოწმება და გამზომი მოწყობილობების კალიბრაცია უნდა განხორციელდეს ახალი აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში მიღებისას და არსებულ აღრიცხვის კვანძებზე ისეთი ცვლილების განხორციელებისას, რომელიც ზეგავლენას მოახდენს გაზის აღრიცხვის სიზუსტეზე.

6. არსებული აღრიცხვის კვანძის გეგმური ვიზუალური შემოწმება და გამზომი მოწყობილობების კალიბრაცია უნდა განხორციელდეს წელიწადში სულ მცირე ერთხელ.

7. ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებული სუბიექტი, თუ ფლობს ინფორმაციას გაზომვის მოწყობილობის დაზიანების შესახებ, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ ტრანსპორტირების ლიცენზიატს.

8. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხვის კვანძის შემოწმება განახორციელოს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. ამ მიზნით ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია დაინტერესებულ მხარეებს შეატყობინოს შემოწმების ადგილი და დრო. დაინტერესებულ პირთა გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ტრანსპორტირების ლიცენზიატს, რომ განახორციელოს შემოწმება.


მუხლი 63. აღრიცხვის მონაცემების დადასტურება და აღრიცხვის ანგარიშის გაცემა
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია განახორციელოს აღრიცხვის მონაცემების დადასტურება (გადამოწმების ღონისძიებების ჩატარება), რაც გულისხმობს გაზომვის მონაცემების დაზუსტებას.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უზრუნველყოფს აღრიცხვის მონაცემების დადასტურებას პრიორიტეტულობის მიხედვით. თანაბარი პრიორიტეტულობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ მონაცემების დადასტურებას, რომელზეც ბოლო 12 თვეში ფიქსირდება მოხმარების შემცირება.

3. აღრიცხვის მონაცემების სისრულისა და დიაგნოსტიკური შეტყობინების (შეტყობინება რომლის საფუძველზეც ეჭვქვეშ დგება მონაცემების სისწორე) არარსებობის დროს, გაზის აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით უნდა მოხდეს გაზომილი მონაცემების ავტომატური დადასტურება.

4. თუ გარკვეული მიზეზების გამო შეუძლებელია გაზომვის მონაცემების ავტომატური დადასტურება, შეიძლება გამოყენებული იყოს ნახევრად ავტომატიზებული დადასტურება.

5. ბუნებრივი გაზის აღრიცხვის ანგარიში არის დოკუმენტი, რომელიც აჯამებს საანგარიშო თვის თითოეული დღისთვის განმავლობაში დადასტურებულ გაზომვის მონაცემებს, თითოეული აღრიცხვის კვანძისთვის.

6. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა მიერთებულ სუბიექტებს უნდა წარუდგინოს პირველადი გაზომვის მონაცემები ყოველდღიურად და აღრიცხვის ანგარიში ყოველთვიურად.


მუხლი 64. ბუნებრივი გაზის ოდენობის დადგენა გაზომვის მოწყობილობების გაუმართაობის ან ჩავარდნის დროს
1. გაზომვის მოწყობილობების  გაუმართაობის ან ჩავარდნის (გაზომვის შეცდომა) დროს,    თუ გაზომვის შეცდომის დაწყების თარიღის ობიექტურად დადასტურება შეუძლებელია, გადაანგარიშება უნდა მოხდეს აღრიცხვის კვანძზე ბოლოს განხორციელებული შემოწმებიდან გაზომვის შეცდომის აღმოფხვრამდე პერიოდზე.

2. გაზომვის არასწორი მონაცემების შესწორების შემდეგ განაწილების ლიცენზიატმა უნდა შეცვალოს აღრიცხვის ანგარიშ(ებ)ი და გაუგზავნოს შესაბამის მხარეებს.

3. გაზომვის შეცდომის შემთხვევაში გაზომვის მონაცემები უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) თუ გაზომვის მოწყობილობის ერთ ან რამდენიმე ხელსაწყო (რომლებიც ერთად ქმნიან გაზომვის ჯაჭვს) გაუმართავად მუშაობს ან დისტანციურად გამზომი სისტემებიდან მიღებული მონაცემები დაიკარგა, გაზის ოდენობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება უნდა მოხდეს სარეზერვო სისტემებიდან/მოწყობილობიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც სარეზერვო სისტემა/მოწყობილობა არ არსებობს, მიღებული/გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:

ბ.ა) თუ გაზომვის შეცდომის შემოწმებისას შესაბამისი თვის პერიოდისათვის არსებობს მიღებული/გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობის ზუსტი აღრიცხვის მონაცემები, ამ შემთხვევაში მოცემულ თვისთვის დაითვლება დღიური საშუალო და აღნიშნული გამოყენებული იქნება არაზუსტი ან გამოტოვებული მონაცემის ნაცვლად;

ბ.ბ) თუ ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის ოდენობის ზუსტი აღრიცხვის მონაცემები არ არსებობს, მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს წინა წლის ანალოგიური პერიოდში მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობის ნამრავლით ცვლილების კოეფიციენტზე. ცვლილების კოეფიციენტი გამოითვლება გაზომვის შეცდომამდე 90 დღით ადრე საშუალო დღიური ოდენობის (მ³/დღეში) შეფარდებით წინა წლის შესაბამისი პერიოდის საშუალო დღიურ ოდენობასთან. საშუალო დღიური ოდენობის გაანგარიშებისას ნულოვანი მონაცემები მხედველობაში არ მიიღება;

ბ.გ) თუ მიერთებულ სუბიექტებს შეუძლიათ გაზის ნაკადთან დაკავშირებული ისეთი მონაცემების უზრუნველყოფა, რომელიც დადასტურებულად მუდმივ თანაფარდობაშია ბუნებრივი გაზის აღრიცხულ მაჩვენებლებთან, შესაძლებელია ამ თანაფარდობის გამოყენება გამოტოვებული პერიოდის მონაცემების (თუ შესაძლებელია დღიური) განსასაზღვრად.

გ) თუ წნევათა სხვაობის მეთოდის პრინციპზე მოწყობილ აღრიცხვის კვანძზე დაფიქსირდა დასაშვები ნაკადის გადამეტება და არ არსებობს სხვა გზა, რის მიხედვითაც მოხდებოდა ფაქტობრივად გადინებული გაზის ოდენობის განსაზღვრა, ჩაითვლება, რომ იგი დასაშვები ნაკადის 30%-ით გაზრდილი მნიშვნელობის ტოლია.

4. იმ შემთხვევაში თუ გაზომვის შეცდომა დაკავშირებულია ტელემეტრიის მოწყობილობის გაუმართაობასთან და ვერ მოხდა მონაცემების ავტომატური გადაგზავნა, მონაცემების შესწორება უნდა განხორციელდეს უშუალოდ გაზომვის მოწყობილობებიდან ან სარეზერვო მოწყობილობებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღებული მონაცემების საფუძველზე.


მუხლი 65. აღრიცხვის ანგარიშის გადამოწმების მოთხოვნა
1. სისტემით მოსარგებლეებს ან ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებულ სუბიექტებს შეუძლიათ ტრანსპორტირების ლიცენზიატს მოსთხოვონ აღრიცხვის ანგარიშის გადამოწმება. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

ა) შესამოწმებელი აღრიცხვის კვანძის საიდენტიფიკაციო კოდს;

ბ) სადავო მონაცემებსა და შესამოწმებელი დროის მონაკვეთს;

გ) ტექნიკურ ინფორმაციას, რითაც ასაბუთებს მოთხოვნას.

2. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული და სხვა საჭირო მონაცემების საფუძველზე, უნდა განახორციელოს შესაბამისი შემოწმებები ამ წესების 62-ე მუხლის შესაბამისად.

3. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა მოთხოვნის საფუძვლიანობა, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია მოახდინოს ბუნებრივი გაზის ოდენობის კორექტირება და გამოსცეს გაზომვის განახლებულ ანგარიში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის მიღებიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა მოთხოვნის წარმდგენ პირს უნდა გაუგზავნოს ანგარიში, რომელიც შეიცავს:

ა) შემოწმების ჩატარების შესახებ მოთხოვნის მიღების თარიღს და მოთხოვნის ყველა საჭირო დოკუმენტაციას;

ბ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის საკონტაქტო პირების სახელს, გვარსა და საკონტაქტო ინფორმაციას;

გ) განხორციელებული ქმედებების აღწერილობას;

დ) თუ დასტურდება მოთხოვნის საფუძვლიანობა, სადავო პერიოდის განახლებულ გაზომვის ანგარიშს;

ე) თუ მოთხოვნის საფუძვლიანობა არ დასტურდება, უარის დასაბუთებას.

5. იმ შემთხვევაში თუ  მოთხოვნის საფუძვლიანობა არ დასტურდება, შემოწმებისთვის გაწეული ხარჯები ანაზღაურება ეკისრება მომთხოვნ მხარეს.


მუხლი 66. გაზის აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა
1. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია მოაწყოს გაზის აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა (გაას).

2. გაას-ი უნდა უზრუნველყოფდეს აღრიცხვის კვანძებში აღრიცხული ბუნებრივი გაზის მნიშვნელობების ავტომატურ მიღებას ერთსაათიანი პერიოდულობით, დროის ნებისმიერი მონაკვეთისათვის (დღე-ღამე, კვირა, თვე და ა.შ.).  

3. გაას-ის შემადგენლობაში შედის:

ა) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობები;

ბ) საკომუნიკაციო მოწყობილობები;

გ) საკომუნიკაციო ქსელები;

დ) ბუნებრივი გაზის გაზომვის მოწყობილობები.

4. გაას-ი ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მონაცემებს იღებს:

ა) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობებისგან;

ბ) ბუნებრივი გაზის გაზომვის მოწყობილობებიდან.

5. გაას-ი აღჭურვილი უნდა იყოს ზუსტი მერიდიანული დროის სისტემით და გარანტირებული ელექტრო კვებით.

6. გაას-ი მართვის ყველა დონეზე დაცული უნდა იყოს ინფორმაციის არასანქცირებული ჩარევისა და მისი თვითნებური ცვლილებისგან როგორც ცალკეული ელემენტების დალუქვის გზით, ასევე პროგრამული საშუალებებით.

7. კომისიას მასზე დაკისრებული ფუნქციის ჯეროვნად შესასრულებლად უნდა გააჩნდეს წვდომა გაას-თან.


მუხლი 67. აღრიცხვის კვანძის დალუქვა
1. აღრიცხვის კვანძის გამართულობის შემთხვევაში გაზომვის მოწყობილობები ილუქება ტრანსპორტირების ლიცენზიატის და სურვილის შემთხვევაში – ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებული სუბიექტების მიერ.

2. გაზომვის მოწყობილობების ტესტირების ან მათზე სხვა მოქმედების ჩატარებამდე, ვიდრე გაიხსნება ლუქები, მონაწილე მხარეებმა უნდა შეამოწმონ მათი მთლიანობა და შეადარონ თითოეული ლუქის სერიული ნომერი მის ჩანაწერებში არსებულ ნომერს.

3. თითოეული ლუქის დადება ან მოხსნა უნდა განხორციელდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატისა და ყველა სხვა უფლებამოსილი მხარის თანდასწრებით (სისტემით მოსარგებლეები და ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებულ სუბიექტები), რომელთაც უნდა ეცნობოთ ლუქის დადების/მოხსნის დრო და ადგილი გონივრული პერიოდით ადრე, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ლუქის დადებას/მოხსნას. ლუქის დადების/მოხსნის შემთხვევაში უნდა გაფორმდეს აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტი შესაბამისი ლუქის დადების/მოხსნის მიზეზის მითითებით. აღნიშნული აქტის ასლი უნდა გადაეცეს თითოეულ მხარეს და უნდა შეიცავდეს:

ა) ლუქის ნომერს;

ბ) ლუქის დადების/მოხსნის თარიღს;

გ) ობიექტის დასახელებას;

დ) აღრიცხვის კვანძის კომპონენტის/კომპონენტების  დასახელებას;

ვ) ლუქის დადების/მოხსნის პროცესში მონაწილე და დამსწრე პირების ვინაობასა და თანამდებობას.

4. ავარიის შემთხვევაში ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთა დაუსწრებლად მოხსნას ლუქი, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მათ.


თავი XIV
ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთება

მუხლი 68. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ძირითადი მოთხოვნები
1. მაძიებლებს უნდა ჰქონდეთ ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების თანაბარი უფლებები, ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად.

2. პირი უფლებამოსილია მიერთდეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე თუ:

ა) მიწოდების პუნქტისათვის:

ა.ა) იგი არის ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი;

ა.ბ) სურს გახდეს პირდაპირი მომხმარებელი და მისაერთებელი ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება შეუძლებელია.

ბ) მიღების პუნქტისათვის:

ბ.ბ) მიერთება ხდება ბუნებრივი გადამზიდის მოთხოვნით.

3. მიერთების წერტილში ყველა მოწყობილობა-დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესების, მოთხოვნებს.

4. მიერთების წერტილი უნდა მოეწყოს იმგვარად, რომ უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის მექანიკური მინარევებისა და კონდენსატისგან გასუფთავება და მისი აღრიცხვა XIIIთავის შესაბამისად.

5. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა მის ვებგვერდზე უნდა განათავსოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

6. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებისა და არსებული მიერთების ცვლილების სამუშაოებს ახორციელებს მხოლოდ ტრანსპორტირების ლიცენზიატი.


მუხლი 69. მიერთების განაცხადის წარდგენა
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ამ წესების მოთხოვნების გათვალისწინებით შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს „ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების და არსებულ მიერთებაში ცვლილების“ შესახებ განაცხადის სტანდარტული ფორმა (მიერთების განაცხადი). მიერთების განაცხადი ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გამოაქვეყნოს მის ვებგვერდზე.

2. მიერთების განაცხადის სტანდარტული ფორმა სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ა) განმცხადებელის დასახელებას, სამართლებრივ ფორმას, საბანკო რეკვიზიტებს, მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერს და ელექტრონული ფოსტის მისამართს);

ბ) ტექნიკური ინფორმაციის მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია;

გ) საპროგნოზო დღიური დატვირთვის გრაფიკს;

დ) მოთხოვნილი ახალი მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების, აგრეთვე მაძიებლის მოწყობილობა-დანადგარების ზოგად აღწერილობას;

ე) მიერთების სამუშაოების დაწყების, ბუნებრივი გაზის მოწყობილობა-დანადგარების ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებისა და ექსპლუატაციაში გაშვების სასურველ თარიღებს;

ვ) მიერთების მინიმალურ და მაქსიმალურ სიმძლავრეს (კუბ.მ/სთ);

ზ) მინიმალურ და მაქსიმალურ სამუშაო წნევას (მგპა);

თ) წლიური საპროგნოზო მოხმარებას (კუბ.მ);

ი) ოდორიზაციის კვანძის საჭიროების შესახებ ინფორმაცია.

3. მიერთების განაცხადს თან უნდა დაერთოს:

ა) 1000 ლარის ოდენობით დეპოზიტის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაძიებლის რეალური ინტერესის დასადასტურებლად;

ბ) მისაერთებელი ობიექტის განთავსების მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ტექნიკური ხასიათის დასაბუთებული უარი მისაერთებელი ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებით (ეხება მხოლოდ წესების 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს);

გ) განმცხადებლის კუთვნილი ობიექტის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია, მისი განლაგების გეგმის, საკადასტრო რუკის და საჯარო რეესტრიდან შესაბამისი ამონაწერის ჩათვლით.

4. მაძიებელმა, ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების მიზნით, ამ წესების 70-ე მუხლით განსაზღვრული მიერთების განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარუდგინოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს. მიერთების განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ.

5. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია დაარეგისტრიროს მაძიებლის მიერ წარდგენილი განაცხადი და მიანიჭოს მას რეგისტრაციის ნომერი.


მუხლი 70. მიერთების განაცხადის განხილვა
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შეამოწმოს წარმოდგენილი განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების სრულყოფილება და მისი შესაბამისობა ამ წესების 69-ე მუხლის მოთხოვნებთან და დაამტკიცოს იგი ან დაადგინოს ხარვეზი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს ხარვეზის დადგენის შესახებ და განუსაზღვრავს არანაკლებ  15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე მის გამოსასწორებლად. თუ ხარვეზი მითითებულ ვადაში არ გამოსწორდა, განაცხადი დარჩება განუხილველი და ტრანსპორტირების ლიცენზიატმა განმცხადებელს უნდა დაუბრუნოს განაცხადი, თანდართული დოკუმენტაცია და დეპოზიტი 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (თუ იგი გადახდილია განმცხადებელის მიერ). განმცხადებელის მიერ ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის განაცხადის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი ხელახალი რეგისტრაცია.

2. თუ განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში განმცხადებელს არ ეცნობება ხარვეზის თაობაზე, განაცხადი ითვლება დამტკიცებულად და ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია იმოქმედოს ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად.

3. თუ პირს სურს გახდეს პირდაპირი მომხმარებელი და ამ მიზნით წარადგენს სრულყოფილ მიერთების განაცხადს, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნული განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მისი მიღებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს კომისიას, რომელიც შეისწავლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე განაწილების ლიცენზიატის უარის დასაბუთებას. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ მაძიებლის განაცხადის დამტკიცება ან მასში ხარვეზის დადგენა უნდა მოხდეს კომისიის დასკვნის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მაძიებელს.


მუხლი 71. უარი ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებაზე ან არსებული მიერთების ცვლილებაზე
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი იღებს მაძიებლის ობიექტის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების გადაწყვეტილებას განმცხადებელის მოწყობილობა-დანადგარების ბუნებრივი გაზის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხო და/ან ეფექტიან და საიმედო ფუნქციონირებაზე შესაძლო გავლენის შეფასების შემდეგ.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია დასაბუთებული უარი განაცხადოს მიერთებაზე ან არსებული მიერთების ცვლილებაზე, თუ:

ა) აშკარა უარყოფით გავლენას იქონიებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის ეფექტიან, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებაზე ან/და ტრანსპორტირების ლიცენზიატის შესაძლებლობაზე, გაუწიოს სათანადო მომსახურება სხვა მომხმარებლებს;

ბ) ტრანსპორტირების სისტემაზე მისაერთებელ წერტილთან უკვე არსებობს ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთება ან სხვა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს განაცხადით მოთხოვნილი პირობები (ახალი მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში).

3. იმ შემთხვევაში თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატი უარს განაცხადებს მიერთებაზე ან არსებული მიერთების ცვლილებაზე მან დასაბუთებული უარი განაცხადის დამტკიცებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში წერილობითი ფორმით უნდა აცნობოს განმცხადებელს. პასუხი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ან/და სხვა ტექნიკურ გადაწყვეტას მოთხოვნილი მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების რეალიზებისათვის.

4. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს არ აქვს უფლება უარი განაცხადოს ბუნებრივი გაზის განმცხადებლის მიერთებაზე მომავალში სიმძლავრის შესაძლო უქონლობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის ნაწილის გადატვირთვის მიზეზით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მიერთებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხოებასა და საიმედოობას, რაც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა დაადასტუროს ტექნიკური კრიტერიუმებით.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების მე-8 მუხლით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის განვითარების გეგმა ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის იმგვარად განვითარებას, რომ განმცხადებლისთვის შეიძლება შეთავაზებული იყოს მოცემული პერიოდისათვის არსებული მიერთების წერტილზე უფრო ახლო მიერთების წერტილი ან სისტემის განვითარების შემდეგ შესაძლებელია მოთხოვნილი მიერთების ან არსებულ მიერთებაში ცვლილების განხორციელება, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია სისტემის განვითარების და შესაბამისი ვადის შესახებ აცნობოს განმცხადებელს.


მუხლი 72. მიერთების შეთავაზება და მიერთების ხელშეკრულების გაფორმება
1. იმ შემთხვევაში თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატი უარს განაცხადებს მიერთებაზე ან არებული მიერთების ცვლილებაზე, იგი ვალდებულია მიერთების განაცხადის დამტკიცებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში მაძიებელს წერილობით აცნობოს თანხმობის თაობაზე და გაუგზავნოს შეთავაზება (მიერთების შეთავაზება) განაცხადის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში.

2. მიერთების შეთავაზება გულისხმობს მაძიებლისათვის მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების შესახებ ხელშეკრულების (მიერთების ხელშეკრულების) ხელმოწერილი ორი ეგზემპლარის გაგზავნას. მიერთების ხელშეკრულებ(ებ)ის სტანდარტულ ფორმას შეიმუშავებს ტრანსპორტირების ლიცენზიატი და ამტკიცებს კომისია. კომისიის მიერ დამტკიცებული მიერთების ხელშეკრულება ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გამოაქვეყნოს მის ვებგვერდზე.

3. მაძიებელმა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატისგან შეთავაზების მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა აცნობოს თავისი თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთავაზება ავტომატურად უქმდება და განაცხადი დარჩება განუხილველი. აღნიშნული ვადის გასვლამდე განმცხადებლის დასაბუთებული მოთხოვნით შესაძლებელია ამ ვადის ერთჯერადად გაგრძელება არაუმეტეს 20 (ოცი) სამუშაო დღით.

4. მაძიებელი მიერთების შეთავაზებაზე თანხმობას გამოხატავს ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ წარდგენილ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით და მისი ერთი ეგზემპლარის ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის მიწოდებით.

5. მიუხედავად იმისა, დაეთანხმება თუ არა განმცხადებელი ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ წარდგენილ მიერთების შეთავაზებას განსაზღვრულ ვადაში, გადახდილი დეპოზიტი მაძიებელს უკან არ უბრუნდება.

6. მიერთების ხელშეკრულებაში შესაძლებელი უნდა იყოს სპეციფიკური პირობების, ტექნიკური მახასიათებლებისა და საფასურის გამოყოფა. მიერთების ხელშეკრულება არ უნდა ახდენდეს მაძიებლის დისკრიმინაციას და ის არ უნდა განსხვავდებოდეს ერთი და იგივე კატეგორიის პროექტებისათვის.

7. მიერთების ხელშეკრულება უნდა ასახავდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:

ა) მაძიებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, ორგანიზაციული ფორმა, საბანკო რეკვიზიტები, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;

ბ) კომპენსაციის ოდენობა მიერთების ვადის დარღვევის შემთხვევაში;

გ) მიერთების განაცხადის საიდენტიფიკაციო ნომერი;

დ) მისაერთებელი ობიექტის მახასიათებლები (საათობრივი და დღიური სიმძლავრე, მინიმალური და მაქსიმალური სამუშაო წნევა);

ე) ინფორმაცია მიერთების წერტილის შესახებ;

ვ) მიერთების საფასური;

ზ) მიერთების სამუშაოების განხორციელების პერიოდი, დაყოფილი შემდეგ ეტაპებად:

ზ.ა) ნებართვებისა და თანხმობების მოპოვებისათვის განსაზღვრული პერიოდი;

ზ.ბ) მიერთების სამუშაოებისათვის, მათ შორის, ოდორიზაციის სისტემის მოწყობისათვის (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პერიოდი, ყველა საჭირო ნებართვისა და თანხმობის მოპოვების შემდეგ.

8. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს შეწყვიტოს მიერთების ხელშეკრულება:

ა) როდესაც ხელშეკრულების პირობები ირღვევა იმგვარად, რომ ის საფრთხეს უქმნის მისი პირობების ეფექტიანობას ან/და შესრულებას;

ბ) თუ ცნობილი გახდება, რომ მიერთების წერტილის მოწყობამდე განმცხადებელის ობიექტი მიერთდა სხვა გაზის ქსელზე;

გ) თუ შეუძლებელია სახელმწიფო სტრუქტურიდან ნებართვის ან/და თანხმობის მოპოვება ტრანსპორტირების ლიცენზიატისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო;

დ) თუ მაძიებლის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის პროცედურები.


მუხლი 73. საფასური და ვადა
1. მაძიებელი ვალდებულია მიერთების ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში სრულად გადაიხადოს ამ წესებით დადგენილი ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების საფასური.

2. მიერთების სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, მათ შორის, დადებული მიერთების ხელშეკრულებით.


მუხლი 74. მიერთების წერტილის შემადგენელი ნაწილი და მისი მდებარეობა 
1. მიერთების წერტილის მდებარეობას განსაზღვრავს ტრანსპორტირების ლიცენზიატი, მაძიებლის ინტერესების შეძლებისდაგვარად გათვალისწინებით, გამოქვეყნებულ ტექნიკურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

2. მიერთების წერტილი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:

ა) მილსადენი (განშტოება მაგისტრალური გაზსადენიდან გაზომვის და რედუცირების სადგურამდე);

ბ) მთავარი ჩამკეტი ონკანი (საონკანო კვანძი განშტოებაზე);

გ) ავარიული ჩამკეტი ონკანი ავტომატიზებული მართვით;

დ) გაზის მომზადების კვანძი (გასუფთავება, წნევის რეგულირება  და საჭიროების შემთხვევაში  წინასწარი გათბობა);

ე) აღრიცხვის კვანძი;

ვ) ოდორიზაციის ავტომატიზირებული კვანძი (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) მართვისა და დაცვის ავტომატიზებული სისტემა;

თ) მიერთების წერტილის დაცვის საშუალებები;

3. მიერთების წერტილის ადგილმდებარეობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ:

ა) შესაძლებელი იყოს მისასვლელი გზის მოწყობა მძიმე ტექნიკისთვის;

ბ) იყოს საკმარისი სივრცე მიერთების წერტილის მოწყობილობა-დანადგარების განთავსებისათვის;

გ) მოპოვებული იყოს საჭირო ნებართვები ან შესაძლებელი იყოს მათი მოპოვება.

4. მიერთების წერტილის სქემები და ნახაზები მომზადებული უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების და სტანდარტების მოთხოვნების დაცვით.


მუხლი 75. მოთხოვნები მაძიებლის ბუნებრივი გაზის მოწყობილობა-დანადგარების მიმართ
1. მაძიებელმა უნდა უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული (მიერთების მის მხარეს) გაზის მოწყობილობა-დანადგარების შესაბამისობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოების ნორმებთან, რათა ამ მოწყობილობებმა არ შეუქმნას საფრთხე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის შეუფერხებელ მუშაობას, ტრანსპორტირების ლიცენზიატის პერსონალსა და მის მიერ დაქირავებულ მესამე პირებს.

2. მაძიებელმა უნდა უზრუნველყოს მიერთების მის მხარეს არსებული გაზსადენების და მოწყობილობა-დანადგარების გამოყოფა (დემარკაცია) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემისგან, საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერით.

3. მიერთების წერტილის ექსპლუატაციაში მიღებამდე, მაძიებელმა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები.

4. ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების წინ აუცილებელია, მაძიებელმა ჩაატაროს მისი მოწყობილობა-დანადგარების წინასწარი ტესტირება და მისი შედეგები წარუდგინოს ტრანსპორტირების  ლიცენზიატს. ტესტირების შედეგები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მაძიებლის ქსელის მზადყოფნის შესახებ და მას უნდა დაერთოს:

ა)  ძირითადი მოწყობილობა-დანადგარების დაზუსტებული სპეციფიკაციები, ნახაზები და სქემები;

ბ) მაძიებლის ბუნებრივი გაზის მოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქციების ასლები და პასუხისმგებელი პირების სია;

გ) მაძიებლის მიერ მიერთების მის მხარეს არსებული გაზსადენებისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების გეგმა;

დ) მისაერთებელი ობიექტის მოწყობილობა/დანადგარების მზადყოფნის ანგარიში.


მუხლი 76. პირდაპირი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაცია
1. პირდაპირი მომხმარებელი უნდა ფლობდეს და ექსპლუატაციას უწევდეს მიერთების წერტილიდან მის მხარეზე არსებულ ყველა ბუნებრივი გაზის მოწყობილობა-დანადგარს.

2. პირდაპირი მომხმარებელი პასუხისმგებელია მისი კუთვნილი ბუნებრივი გაზის მოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე.

3. პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულია შეინახოს და განაახლოს მიერთების წერტილის შემდგომ მისი კუთვნილი გაზის მოწყობილობების მშენებლობასთან, მოდიფიკაციასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები იმგვარად, რომ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს სრულყოფილად წარუდგინოს დასაბუთება გაზის მოწყობილობების მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის ამ თავით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე, ყველა საჭირო დოკუმენტის თანდართვით.

4. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებული პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულია, არ დაუშვას მის ქსელზე სხვა მომხმარებლის მიერთება. ტრანსპორტირების ლიცენზიატს ეკრძალება მომსახურების გაწევა იმ პირდაპირ მომხმარებლისთვის, რომელიც არღვევს ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას.


თავი XV
ელექტრონული საინფორმაციო სისტემა

მუხლი 77. ტრანსპორტირების ლიცენზიატის უფლებები და მოვალეობები
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შექმნას და მომსახურება გაუწიოს ელექტრონულ საინფორმაციო სისტემას. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს ამ ელექტრონულ საინფორმაციო სისტემის უსაფრთხო, შეუფერხებელი და უწყვეტი მუშაობა.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე და რაიმე სახის დამატებითი საფასურის დაკისრების გარეშე, საშუალება უნდა მისცეს სისტემით მოსარგებლეებს, მიერთებულ სისტემებს ან/და კანონიერი ინტერესების მქონე ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, ჰქონდეთ დაუბრკოლებელი წვდომა ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე; ამ მიზნით, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა შეიმუშავოს ელექტრონულ საინფორმაციო სისტემასთან წვდომის და მისი მოხმარების წესები და პირობები და გამოაქვეყნოს მის ვებგვერდზე.

3. იმ შემთხვევებში, როდესაც ელექტრონული საინფორმაციო სისტემა მიუწვდომელია სისტემური პრობლემების გამო, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ელექტრონული საინფორმაციო სისტემის ყველა მომხმარებელს კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებების შესახებ. ნებისმიერი ასეთი სისტემური პრობლემა ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა აღმოფხვრას რაც შეიძლება სწრაფად.

4. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის წვდომა ელექტრონულ საინფორმაციო სისტემასთან, მის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან.

5. პირები, რომელთაც გააჩნიათ წვდომა ელექტრონულ საინფორმაციო სისტემასთან, უნდა დაემორჩილონ ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ გამოქვეყნებულ წესებს და პირობებს.

6. ელექტრონულ საინფორმაციო სისტემასთან დაშვების მქონე პირებისაგან ტრანსპორტირების ლიცენზიატს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე პასუხისმგებლობა  სისტემის ხელმიუწვდომლობის ნებისმიერი შემთხვევისთვის.

7. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო და ხელმისაწვდომი გახადოს იგი სისტემის ყველა არსებული და პოტენციური მომხმარებლისთვის.


მუხლი 78. ელექტრონული საინფორმაციო სისტემა
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში მონაცემები გამოაქვეყნოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონულად რედაქტირებად ფორმატში.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს, რომ საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფდეს წვდომის განსხვავებულ დონეებს მისი სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებისათვის.

3. ელექტრონული საინფორმაციო სისტემით შესაძლებელი უნდა იყოს თითოეულ სისტემით  მოსარგებლეთათვის საკმარისი ინფორმაციის მიწოდება, რათა მათ შეძლონ საკუთარი საქმიანობის განხორციელება კანონისა და ამ წესების შესაბამისად.

4. ელექტრონული საინფორმაციო სისტემა აგრეთვე უნდა შეიცავდეს ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით ყველა ფუნქციას, რომელიც ტრანსპორტირების ლიცენზიატს მისცემს ამ წესებით მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას.


მუხლი 79. ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მომხმარებლების ვალდებულებები
1. სისტემით მოსარგებლეებს უნდა მიეცეთ ელექტრონულ საინფორმაციო სისტემასთან წვდომის უფლება.

2. ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მომხმარებლები ვალდებული არიან დაემორჩილონ მასთან წვდომის წესებსა და პირობებს. ელექტრონული საინფორმაციო სისტემით სარგებლობა შესაძლებელია ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ შესაბამისი მომხმარებლის სახელის (ID-ის) და პაროლის მინიჭების შემდეგ.

3. ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მომხმარებლის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული საინფორმაციო სისტემის არასათანადოდ გამოყენების შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია შესაბამის მომხმარებელს დააკისროს ნებისმიერი ის ხარჯი, რომლის გაწევაც ტრანსპორტირების ლიცენზიატს ასეთი არასათანადო გამოყენების შედეგად მოუწევს. ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მომხმარებელი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა არასათანადო გამოყენების შემთხვევის აღსაკვეთად. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია  ელექტრონული საინფორმაციო სისტემის არასათანადოდ გამოყენების შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს ან მომხმარებლებს დროებით სრულად ან ნაწილობრივ შეუზღუდოს ელექტრონულ საინფორმაციო სისტემასთან წვდომა, რა პერიოდშიც უნდა განუსაზღვროს ალტერნატიული საშუალება ამ წესებით მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის.


კარი III
ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელის წესები

თავი XVI
განაწილების ლიცენზიატის მომსახურებები და ვალდებულები

მუხლი 80. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვა და ექსპლუატაცია
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ფლობდეს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელს და მის შემადგენელ მოწყობილობა-დანადგარებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს  და სხვა სახის მოწყობილობებს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე.

2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვა განახორციელოს:

ა) მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესებისა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების პირობების დაცვით, დაკავშირებული სისტემის ოპერატორებთან გაფორმებული დაკავშირების ხელშეკრულებით და საცალო მომხმარებლების უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების მიზნით მასზე დაკისრებული  ვალდებულებების შესაბამისად;

ბ) ისე, რომ შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილი იყოს მომარაგების საიმედოობა და  შემცირებული იყოს გაზმომარაგების წყვეტების უარყოფითი გავლენა მომხმარებლებზე და დაკავშირებულ სისტემებზე;

გ) ეფექტიანად და გარემოზე მინიმალური უარყოფითი ზეგავლენით;

3. გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხოების და საიმედოობის შენარჩუნების, მისი  ეფექტიანად ოპერირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) პერიოდულად განსაზღვროს გამანაწილებელი ქსელის ტექნიკური მდგომარეობა დისტანციური დიაგნოსტიკური ხელსაწყოების გამოყენებით ან/და ქსელის ადგილზე შემოწმების გზით;

ბ) განსაზღვროს საექსპლუატაციო ღონისძიებები გამანაწილებელი ქსელის და მისი შემადგენელი ნაწილების შემოწმების აქტების საფუძველზე და გამოიყენოს გამანაწილებელი ქსელის მართვის საუკეთესო პრაქტიკა;

გ) უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და განახლება მისი ნაწილების მწყობრიდან გამოსვლის ან მომსახურების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით;

დ) გამოიყენოს სენსორები და მონაცემთა გადამცემი მოწყობილობები, რეალურ დროში  სისტემის მონიტორინგისთვის, თუ ეს აუცილებელია სისტემის ეფექტური მონიტორინგისთვის;

ე) გამოიყენოს დისტანციური მართვის სისტემები კრიტიკული  მოწყობილობებისთვის, გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხოების მიზნით;

ვ) კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად გამოიყენოს გაზომვის მოწყობილობები ბუნებრივი გაზის ნაკადის უწყვეტ რეჟიმში გასაზომად;

ზ) შეიმუშაოს საწარმოო ნორმები, სტანდარტები და პროცედურები გამანაწილებელი ქსელის ზედამხედველობასთან, ექსპლუატაციასთან და ოპერატიულ მართვასთან დაკავშირებით;

თ) მოთხოვნის შემთხვევაში მესამე მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია გამანაწილებელი ქსელის მდებარეობის/განლაგების, ასევე მის სიახლოვეს სამუშაოების შესრულების დროს უსაფრთხოების ზომების შესახებ.  

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განსაზღვროს მომსახურებები (მომსახურების ტიპი, ოდენობა ან/და სიმძლავრე), რომელიც საჭიროა განაწილების საქმიანობის ეფექტიანად გაწევისთვის და შეისყიდოს ეს მომსახურებები.

5. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია შეისყიდოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემდეგი ტიპის მომსახურებები:

ა) საოპერაციო ბუნებრივი გაზი, რომელიც საჭიროა გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვისთვის, მათ შორის გაზის წინასწარი გათბობისათვის, საკომპრესორო სადგურის მუშაობისათვის, ასევე ბუნებრივი გაზი, რომელიც საჭიროა ქსელში დანაკარგების კომპენსირებისათვის;

ბ) მოთხოვნის მართვის მომსახურება, რაც გულისხმობს მომხმარებლების გაზის მოხმარებაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის უფლებას.

6. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ითანამშრომლოს დაკავშირებული სისტემის ოპერატორებთან და გონივრულობის ფარგლებში მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მათი სისტემების უსაფრთხო და საიმედო ოპერირების გამარტივების მიზნით.

7. განაწილების ლიცენზიატის (ან მისი დაქირავებული პირის) მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული კვალიფიკაციის მქონე პერსონალს აქვს უფლება აწარმოოს საოპერაციო, აღდგენითი და სამშენებლო სამუშაოები.

8. გამანაწილებელ ქსელზე სამუშაოების წარმოების დროს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მომხმარებელზე, დაკავშირებულ სისტემებზე და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მოხდენის რისკი.

9. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ჰყავდეს საავარიო ბრიგადები, გამანაწილებელ ქსელზე ავარიების შემდეგ ქსელის უსაფრთხო და საიმედო მუშაობის უმოკლეს ვადებში აღდგენის, მომხმარებლებზე და მიერთებულ სისტემებზე ავარიების უარყოფითი ზეგავლენის მინიმიზაციის მიზნით. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ავარიებზე აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

10. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აწარმოოს და შეინახოს გამანაწილებელი ქსელის დეტალური ტექნიკური დოკუმენტები, რომელიც შეეხება მის გეოგრაფიულ მდებარეობას, გეგმებს/გრაფიკებს, ტექნიკური აღჭურვილობის სპეციფიკაციებს და უსაფრთხოების წესებს.

11. გამანაწილებელი ქსელის დაზიანების და ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უფასოდ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია პირს, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს გამანაწილებელი ქსელის სიახლოვეს და საჭიროების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უფასოდ განახორციელოს სამუშაოების ზედამხედველობა.

12. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეიმუშაოს განსაკუთრებულ (ავარიულ) სიტუაციებში გასატარებელი პროცედურები და პერიოდულად განახორციელოს საცდელი შემოწმება ავარიების სალიკვიდაციო ღონისძიებების ეფექტიანობის და მისი გაუმჯობესების მიზნით.


მუხლი 81. საცალო მომხმარებლის შიდა ქსელი და მის კუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებულ აღრიცხვის კვანძთან დაშვება
1. საცალო მომხმარებელი ვალდებულია:

ა) საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მისი შიდა ქსელის (მათ შორის, გაზსადენების სისტემისა და გაზის მომხმარებელი დანადგარების) უსაფრთხო ექსპლუატაცია და საჭიროების შემთხვევაში მისი რეკონსტრუქცია/ცვლილება განახორციელოს მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული კვალიფიციური პირების მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ბ) მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ბუნებრივი გაზის დანადგარებით სარგებლობამ არ შეუქმნას საფრთხე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ დააზიანოს საკუთრება, არ გამოიწვიოს გამანაწილებელი ქსელის ან მისი შემადგენელი ნაწილების მწყობრიდან გამოსვლა და არ მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა სხვა მომხმარებლების ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე.

2. საცალო მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის დაშვება აღრიცხვის კვანძთან, რამდენადაც ეს აუცილებელია მისი მოწყობისთვის, სარგებლობისთვის, ექსპლუატაციისთვის და ექსპლუატაციიდან გამოყვანისთვის (დემონტაჟისთვის).

3. აღრიცხვის კვანძი უნდა იყოს ხელმისაწვდომი განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის. თუ განაწილების ლიცენზიატი მოითხოვს დაშვებას წინასწარ, გონივრულ ვადებში, საცალო მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს ლიცენზიატის უფლებამოსილი პერსონალის დაშვება მიერთების მოწყობილობების მონტაჟის, მისი სარგებლობის, ექსპლუატაციის და დემონტაჟის მიზნით, ასევე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის ან/და შეზღუდვის ღონისძიებების ჩასატარებლად. გარდაუვალი საფრთხის არსებობისას, განაწილების ლიცენზიატს უნდა მიეცეს ობიექტზე დაშვების შესაძლებლობა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების მოთხოვნის გარეშე.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია სამუშაოების განხორციელებისას სიფრთხილით მოეკიდოს მესამე პირთა ქონებას.

5. საცალო მომხმარებელს, თავად ან სხვა პირის მეშვეობით, უფლება არ აქვს ზემოქმედება მოახდინოს განაწილების ლიცენზიატის საკუთრებაზე.

6. საცალო მომხმარებელი ვალდებულია შეატყობინოს განაწილების ლიცენზიატს ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელთაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას განაწილების ლიცენზიატის საკუთრებას.

7. მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან ჩახსნის (მიერთების გაუქმების) მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მოხსნას მომხმარებლის ტერიტორიაზე განთავსებული მისი კუთვნილი მოწყობილობები ან მომხმარებლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დატოვოს იგი არსებულ მდგომარეობაში მომდევნო 1 წლის განმავლობაში.


მუხლი 82. ბუნებრივი გაზის ხარისხი და წნევა
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია გაანაწილოს მხოლოდ ოდორიზებული ბუნებრივი გაზი.

2. გამცემი ურთიერთდაკავშირებული სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაკავშირების წერტილში ბუნებრივი გაზის შესაბამის დაკავშირების ხელშეკრულებაში განსაზღვრული წნევით მიწოდებაზე. ამავდროულად, მიწოდების წნევა არ უნდა აჭარბებდეს დადგენილი ტექნიკური წნევის ლიმიტებს.

3. გამონაკლის შემთხვევებში, და როდესაც აღნიშნული საჭიროა საცალო მომხმარებლების გაზით მომარაგების უზრუნველყოფისთვის, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავშირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინიმალურ მისაწოდებელ წნევაზე უფრო მაღალი წნევის გაზის მიღება. ამ შემთხვევაში, დაკავშირებული სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ მიაწოდოს ბუნებრივი გაზი მოთხოვნილი წნევით. აღნიშნული შემთხვევის გონივრული ალბათობის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისმა დაკავშირებული სისტემის ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ მისი გათვალისწინება ქსელის განვითარების დაგეგმვის დროს.


მუხლი 83. ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და მისი მიკუთვნება 
1. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია საცალო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის აღრიცხვაზე.

2. გამანაწილებელ ქსელში მიღებული და ქსელიდან გაცემული ბუნებრივი გაზი უნდა აღირიცხოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესების შესაბამისად დამონტაჟებული, დალუქული და დამოწმებული აღრიცხვის კვანძის მეშვეობით.

3. ბუნებრივი გაზის ოდენობის (სტ.მ³)გაზომვა უნდა განხორციელდეს სტანდარტულ პირობებისთვის. ამ მიზნებისთვის ტემპერატურის და წნევის სტანდარტული მნიშვნელობებია 20°C ტემპერატურა და 0.101325 მგპა წნევა.

4. ბუნებრივი გაზის აღრიცხვაზე პასუხისმგებლობა გულისხმობს ზუსტი მონაცემების განსაზღვრას, მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესების, შესაბამისად.

5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხული და მიკუთვნებული გაზის შესახებ მონაცემები მიაწოდოს შესაბამის საცალო მომხმარებლებსა და ქსელით მოსარგებლეებს, ასევე დაკავშირებული სისტემის ოპერატორს, მოქმედი კანონმდებლობით და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმით, შინაარსით, პერიოდულობით და დროს.


მუხლი 84. ბუნებრივი გაზის მოხმარების მონაცემთა ბაზა
1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მუდმივად აკონტროლოს საცალო მომხმარებლების შესაბამის მიმწოდებელთან დაკავშირება. ამ მიზნით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აწარმოოს მოხმარების მონაცემთა ბაზა, სადაც უნდა აღინიშნოს სულ მცირე შემდეგ ინფორმაცია:

ა) საცალო მომხმარებლის მისამართი;

ბ) საცალო მომხმარებლის მრიცხველ(ებ)ის საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) საცალო მომხმარებლის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია;

დ) მოქმედი, და არსებობის შემთხვევაში მომავალი მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის მიმწოდებლის შეცვლის კონკრეტული თარიღები და სტატუსები, მათი არსებობის შემთხვევაში;

ე) მაქსიმალური საათობრივი მოხმარება;

ვ) წლიური მოხმარება, უახლესი სააღრიცხვო მონაცემებზე დაყრდნობით;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის სტანდარტიზებული მოხმარების პროფილი (მრუდი).

2. მოხმარების მონაცემთა ბაზიდან კონკრეტული საცალო მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მისი გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს იმ მიმწოდებლისთვის, რომელებიც ამ საცალო მომხმარებელს აწვდის ბუნებრივ გაზს.

3. მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებელს მიაწოდოს ბუნებრივი გაზი, ვიდრე ეს მომხმარებელი დაკავშირებულია ამ მიმწოდებელთან და ამ საცალო მომხმარებლის მოხმარების შესაბამისად გადაუხადოს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს ბუნებრივი გაზის განაწილების საფასური კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.

4. მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებელს 5 სამუშაო დღის ვადაში, უფასოდ მიაწოდოს მის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.


კარი IV
გარდამავალი დებულებები

თავი XVII
გარდამავალი დებულებები

მუხლი 85. ხელშეკრულება დაკავშირებული სისტემების ოპერატორებს შორის
დაკავშირებული სისტემის ოპერატორები ვალდებულნი არიან 2019 წლის 1 სექტემბრამდე გააფორმონ დაკავშირების ხელშეკრულებები, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 86. ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების წერტილების მოწესრიგება
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ამ წესების გამოქვეყნებიდან 2 (ორი) თვის ვადაში უზრუნველყოს ყველა მიღებისა და მიწოდების პუნქტებისათვის (შესაბამისი მიერთების წერტილისათვის) უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდების ამ წესების მე-10 მუხლის შესაბამისად მინიჭება და ამ პუნქტების ჩამონათვალის კომისიაში წარმოდგენა.

2. ამ წესების ამოქმედებიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის ვადაში ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უზრუნველყოს ყველა არსებული მიერთების წერტილის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, ამ წესების XIII და XIV თავების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ მიერთების წერტილი არ არის ამ წესების XIII და XIV თავების მოთხოვნებთან შესაბამისობაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ასევე შეაფასოს მისი ამავე თავებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის სავარაუდო ღირებულება. მოკვლევის შედეგები კომისიაში უნდა იქნეს წარმოდგენილი თითოეული მიერთების წერტილისათვის ცალ-ცალკე.


მუხლი 87. ელექტრონული საინფორმაციო სისტემის განვითარება
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა განავითაროს XV თავში გათვალისწინებული  ელექტრონული საინფორმაციო სისტემა შემდეგი დროის გრაფიკის შესაბამისად:

ა) ამ წესების 78-ე მუხლის შესაბამისად სისტემით მოსარგებლეთათვის და მიერთებული სუბიექტებისათვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ფუნქციონალის განვითარება 2019 წლის 1 აპრილამდე;

ბ) ამ წესების VII და IX თავებში გათვალისწინებული დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ფუნქციონალის განვითარება 2019 წლის 1 ივლისამდე;

გ) ამ წესების X თავში გათვალისწინებული დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ფუნქციონალის განვითარება 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით ელექტრონული საინფორმაციო სისტემის ფუნქციონალების ამოქმედებამდე, ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და სისტემით მოსარგებლეებს შორის ყველა შესაბამისი კომუნიკაცია, ურთიერთქმედება და ინფორმაციის გაცვლა უნდა განხორციელდეს ელექტრონული შეტყობინებების მეშვეობით, ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

3. ელექტრონული საინფორმაციო სისტემის ფუნქციონალების ამოქმედებამდე, ამ წესებში გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია/ფორმა უნდა გამოქვეყნდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატის ვებგვერდზე.


მუხლი 88. გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების ხელმოწერა
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია 2018 წლის 1 ნოემბრამდე კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებისა და „გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ“ განაცხადის სტანდარტული ფორმები.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ამ წესების მე-17 მუხლის შესაბამისად გაფორმებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების შესაბამისად ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მომსახურება სისტემით მოსარგებლეებს გაუწიოს 2019 წლის 1 იანვრიდან.


მუხლი 89. დღიური ნომინაციის ერთეულის საფასური
2020 წლის 1 იანვრამდე ამ წესების 28-ე მუხლში განსაზღვრული დღიური ნომინაციის ერთეულის საფასური არის ნული.

მუხლი 90. ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთება და მიერთების საფასური გარდამავალ პერიოდში
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ამ წესებით XIV თავით განსაზღვრული მიერთების განაცხადისა და მიერთების ხელშეკრულების სტანდარტული ფორმების შემუშავება და კომისიისთვის წარმოდგენა უზრუნველყოს ამ წესების გამოქვეყნებიდან 2 (ორი) თვის ვადაში.

2. ამ წესებით XIV თავით განსაზღვრული მიერთების განაცხადისა და მიერთების ხელშეკრულების სტანდარტული ფორმების კომისიის მიერ დამტკიცებამდე მაძიებელი ვალდებულია მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების მიზნით ტრანსპორტირების ლიცენზიატს წარუდგინოს ამავე თავით განსაზღვრული ინფორმაცია მის მიერ შერჩეული ფორმით, ხოლო მიერთების ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამ წესების 73-ე მუხლით გათვალისწინებული ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების საფასურის დადგენამდე, იგი გამოითვლება ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ დადგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა არ უნდა მიიღოს მოგება მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განხორციელებით.


მუხლი 91. უბალანსობის გამოთვლის დროებითი წესი
1. 2020 წლის 1 იანვრამდე უბალანსობის საფასურის გაანგარიშება უნდა მოხდეს ამ მუხლის მიხედვით.

2. სისტემით მოსარგებლეები და დაბალანსების ჯგუფები ვალდებულნი არიან გადაიხადონ უბალანსობის საფასური, მათი ყოველთვიური უარყოფითი უბალანსობის შესაბამისად, იმ დამაბალანსებელი ქმედებებისთვის, რომელსაც ტრანსპორტირების ლიცენზიატი განახორციელებს.

3. სისტემით მოსარგებლეების ან დაბალანსების ჯგუფების ყოველთვიური უბალანსობა განისაზღვრება როგორც მათი საბოლოო დღიური უბალანსობის ჯამი, თვის ყველა დღისთვის. 

4. ყოველი თვის მე-15 სამუშაო დღემდე ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გაიანგარიშოს წინა თვის უბალანსობის საფასური, უარყოფითი უბალანსობის მქონე თითოეული სისტემით მოსარგებლისა და დაბალანსების ჯგუფისთვის, შემდეგნაირად:

სადაც:

MImCj:  M თვის, j სისტემით მოსარგებლის ან დაბალანსების ჯგუფის უბალანსობის საფასური.

BAC:   M თვეში ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ განხორციელებული დაბალანსების ქმედებების ჯამური ხარჯი.

MNImj:   M თვის, j სისტემით მოსარგებლის ან დაბალანსების ჯგუფის ყოველთვიური უარყოფითი უბალანსობა.

m:   სისტემით მოსარგებლეების ან დაბალანსების ჯგუფების რაოდენობა, რომელთაც აქვთ უარყოფითი უბალანსობა  M თვეში.

5. შესაბამისი თვისთვის, უბალანსობის საფასურის მიკუთვნება არ ხდება იმ სისტემით მოსარგებლეებსა და დაბალანსების ჯგუფებზე, რომელთაც  აქვთ დადებითი თვიური უბალანსობა.

6. ამ წესების ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი უბალანსობის საფასური იქნება გამოყენებული სისტემით მოსარგებლეების ან დაბალანსების ჯგუფების დღიური უბალანსობის საფასურის ნაცვლად, 47-ე მუხლის მიზნებისთვის.


მუხლი 92. ბუნებრივი გაზის ხარისხის გაზომვა
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა 2021 წლის 1 იანვრამდე უნდა მოახდინოს ბუნებრივი გაზის ხარისხის მონიტორინგისთვის საჭირო ყველა ბუნებრივი გაზის ხარისხის გამზომი მოწყობილობის განთავსება, ამ წესების  დანართი №1-ის  მოთხოვნების შესაბამისად.

2. ამ წესების  დანართი №1-ის მოთხოვნების შესაბამისად, ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგისთვის საჭირო ყველა ბუნებრივი გაზის ხარისხის გამზომი მოწყობილობის განთავსებამდე, მან ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენა უნდა განახორციელოს პერიოდულად, აკრედიტებულ ლაბორატორიაში ბუნებრივი გაზის ნიმუშის (მყისიერი შერჩევა) შემოწმების გზით.


მუხლი 93. განვითარების გეგმების წარმოდგენა
ამ წესების შესაბამისად პირველი განვითარების გეგმების წარმოდგენა ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატებმა უზრუნველყონ 2020 წლისათვის.


დანართი №1

ბუნებრივი გაზის ხარისხის გაზომვის პროცედურები

 


მუხლი 1. ბუნებრივი გაზის ხარისხის მონიტორინგის ვალდებულება
1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა განახორციელოს ბუნებრივი გაზის ხარისხის და შემადგენლობის მონიტორინგი მეზობელი ტრანსპორტირების სისტემიდან მიღების თითოეულ პუნქტში, ტრანსპორტირების სისტემის თითოეულ შერევის წერტილში და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელსაც ტრანსპორტირების ლიცენზიატი საჭიროდ ჩათვლის (ბუნებრივი გაზის საკონტროლო წერტილები).

2. დაკავშირებული სისტემების ოპერატორებისთვის მიწოდების პუნქტებში ბუნებრივი გაზის ხარისხის და შემადგენლობის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს დაკავშირებული სისტემის შესაბამის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.


მუხლი 2. ბუნებრივ გაზში ენერგიის შემცველობის გაანგარიშების პარამეტრები
1. ბუნებრივ გაზში ენერგიის შემცველობის გაანგარიშების ძირითადი პარამეტრია მთლიანი თბოუნარიანობა (GCV), რომელიც განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ქიმიური შემადგენლობით, სულ მცირე, ქვემოთ მოცემული ელემენტების მხედველობაში მიღებით:

ა) მეთანი – C1

ბ) ეთანი – C2

გ) პროპანი – C3

დ) იზობუტანი (მეთილპროპანი) – iC4

ე) სტანდარტული ბუტანი – nC4

ვ) იზოპენტანი, მეთილბუტანი – iC5

ზ) სტანდარტული პენტანი – nC5

თ) ჰექსანი და ზემოთ – C6+

ი) აზოტი – №2

კ) ნახშირორჟანგი – CO2

2. მთლიანი თბოუნარიანობის გაზომვა უნდა განხორციელდეს 20°C-იანი სტანდარტული ტემპერატურის ბუნებრივი გაზისთვის, 20°C წვის ტემპერატურისა და 0.101325 მგპა წნევის პირობებში.


მუხლი 3. ბუნებრივი გაზის ხარისხის კონტროლის პარამეტრები 
ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხოების, ბუნებრივი გაზის  ურთიერთგაცვლისა და გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა განხორციელდეს ბუნებრივი გაზის შემდეგი ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგი:

ა)    ვობის ინდექსი;

ბ)    მთლიანი თბოუნარიანობა;

გ)    წმინდა თბოუნარიანობა;

დ)   ფარდობითი სიმკვრივე;

ე)    ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაცია;

ვ)    ჟანგბადის (O2) კონცენტრაცია;

ზ)   წყალბადის სულფიდი - H2S;

თ)   გოგირდი მერკაპტანებში ;

ი)    წყლის ნამის წერტილი;

კ)    ნახშირწყალბადის ნამის წერტილი;

ლ)  მექანიკური მინარევების მასის კონცენტრაცია;

მ)    ტემპერატურა.


მუხლი 4. ინფორმაციის გამოქვეყნება 
ტრანსპორტირების ლიცენზიატმა საკუთარ ვებგვერდზე ყოველდღიურად უნდა გამოაქვეყნოს მთლიანი და წმინდა თბოუნარიანობის საშუალო დღიური მნიშვნელობები ხარისხის გაზომვის თითოეულ წერტილისთვის, სულ მცირე ბოლო 12 თვისთვის.

მუხლი 5. ბუნებრივი გაზის ხარისხის კონტროლის პარამეტრების განსაზღვრა
1. ამ დანართის მე-3 მუხლში განსაზღვრული ბუნებრივი გაზის ხარისხის კონტროლის პარამეტრების განსაზღვრისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები: 
ა) უწყვეტი განსაზღვრა სტაციონალურად მოწყობილი გაზის ავტომატური ქრომატოგრაფებით;
ბ) პერიოდული განსაზღვრა, აკრედიტებული ლაბორატორიების მიერ ჩატარებული გაზის ქრომატოგრაფების ანალიზით, ადგილზე აღებული გაზის ნიმუშის მიხედვით (მყისიერი შერჩევა).  
2. ვობის ინდექსთან, მთლიან თბოუნარიანობასთან, წმინდა თბოუნარიანობასთან,  ფარდობით სიმკვრივესთან, ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციასთან დაკავშირებული ბუნებრივი გაზის პარამეტრები გამოითვლება ბუნებრივი გაზის ქიმიური შემადგენლობის საფუძველზე ამ დანართის მე-6 მუხლის განსაზღვრული მეთოდების შესაბამისად, ხოლო სხვა პარამეტრების გამოთვლა ხდება ამავე დანართის მე-7 მუხლის მიხედვით.

მუხლი 6. ბუნებრივი გაზის თბოუნარიანობის გაანგარიშება
1. მეზობელი ტრანსპორტირების სისტემებიდან ბუნებრივი გაზის მიღების პუნქტში, სადაც ტრანსპორტირების ლიცენზიატი ახორციელებს ბუნებრივი გაზის ხარისხისა და შემადგენლობის მონიტორინგს, მთლიანი თბოუნარიანობა გამოითვლება:

ა) უწყვეტად გაზის ავტომატური ქრომატოგრაფების მეშვეობით.  მთლიანი თბოუნარიანობის საშუალო დღიური მაჩვენებელი გამოითვლება როგორც დღის განმავლობაში ჩატარებული ანალიზების საშუალო მაჩვენებელი.
ბ) მიღების პუნქტში გაზის ქრომატოგრაფების მოწყობამდე, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა პერიოდულად უნდა განსაზღვროს მთლიანი თბოუნარიანობა აკრედიტებული ლაბორატორიების მიერ ჩატარებული გაზის ქრომატოგრაფების ანალიზით, ყოველდღიურად ადგილზე აღებული გაზის ნიმუშის მიხედვით (მყისიერი შერჩევა). 

2. გადამზიდის გაზსადენიდან მიღების პუნქტის შემთხვევაში, სადაც ტრანსპორტირების ლიცენზიატი ახორციელებს ბუნებრივი გაზის ხარისხისა და შემადგენლობის მონიტორინგს:

ა) გადამზიდის გაზსადენიდან მიღების თითოეულ პუნქტში, 10 000 სტ.მ³-ზე მაღალი დღიური მოპოვების შემთხვევაში, მთლიანი თბოუნარიანობა იზომება უწყვეტად გაზის ქრომატოგრაფის მეშვეობით. მთლიანი თბოუნარიანობის საშუალო დღიური მაჩვენებელი გამოითვლება როგორც დღის განმავლობაში ჩატარებული ანალიზების საშუალო მაჩვენებელი.
ბ) გადამზიდის გაზსადენიდან მიღების თითოეულ პუნქტში, 10 000 სტ.მ³-ზე ნაკლები დღიური მოპოვების შემთხვევაში, მთლიანი თბოუნარიანობა იზომება პერიოდულად, ადგილზე აღებული გაზის ნიმუშის მიხედვით გაზის ქრომატოგრაფის ყოველთვიური ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე. თუ მოხდა სტანდარტების ზღვრების გადამეტება, გამოთვლები უნდა განხორციელდეს ყოველკვირეულად, გადამეტების შემდგომი დღიდან; თუ პარამეტრები სულ მცირე ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდევრობითი ჩანაწერის მიხედვით ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, უნდა აღდგეს ყოველთვიური გამოთვლების სიხშირე.

3. გაზის ხარისხის გაზომვა სხვა პუნქტებში, სადაც ტრანსპორტირების ლიცენზიატი ახორციელებს ბუნებრივი გაზის ხარისხისა და შემადგენლობის მონიტორინგს:

ა) ქრომატოგრაფებით აღჭურვილ მიწოდების პუნქტებში მთლიანი თბოუნარიანობა უწყვეტად იზომება. მთლიანი თბოუნარიანობის საშუალო დღიური მაჩვენებელი გამოითვლება დღის განმავლობაში ჩატარებული ანალიზების საშუალო მაჩვენებლით.
ბ) მიწოდების პუნქტებში, რომლებიც ქრომატოგრაფებით არ არიან აღჭურვილნი, მთლიანი თბოუნარიანობა იზომება ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ განსაზღვრულ ბუნებრივი გაზის საკონტროლო წერტილზე.


მუხლი 7. ბუნებრივი გაზის სხვა მახასიათებლების გაანგარიშება
1. დაკავშირებული ტრანსპორტირების სისტემიდან მიღების თითოეულ პუნქტში:

ა) ჟანგბადის შემცველობის მონიტორინგი ხორციელდება ყოველკვარტალური პერიოდულობით, ადგილზე აღებული გაზის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის საშუალებით.

ბ) გოგირდოვანი ნაერთების შემცველობის (წყალბადის სულფიდი - H2S, გოგირდი მერკაპტანებში) მონიტორინგი ხორციელდება ყოველთვიური პერიოდულობით, ადგილზე აღებული ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის საშუალებით.

გ) წყლის ნამის წერტილების მონიტორინგი ხორციელდება გონივრული პერიოდულობით სპეციალური საზომი მოწყობილობების მეშვეობით.

დ) ნახშირწყალბადის ნამის წერტილების მონიტორინგი ხორციელდება ყოველთვიური პერიოდულობით, ადგილზე აღებული ნიმუშების საფუძველზე.

2. გადამზიდის გაზსადენიდან მიღების თითოეულ პუნქტში, რომელთა დღიური მოპოვების მაჩვენებელი მეტია ან ტოლია 10 000 სტანდარტულ მ3-ის:

ა) ჟანგბადის შემცველობის მონიტორინგი ხდება ყოველკვარტალური პერიოდულობით, ადგილზე აღებული გაზის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის საშუალებით.

ბ) გოგირდოვანი ნაერთების შემცველობის (წყალბადის სულფიდი - H2S, გოგირდი მერკაპტანებში) მონიტორინგი ხდება ყოველთვიური პერიოდულობით ადგილზე აღებული გაზის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე.

გ) წყლის ნამის წერტილების მონიტორინგი ხორციელდება გონივრული პერიოდულობით სპეციალური საზომი მოწყობილობების მეშვეობით.

დ) ნახშირწყალბადის ნამის წერტილების მონიტორინგი ხდება ყოველთვიური ან ყოველკვარტალური პერიოდულობით, ადგილზე აღებული ნიმუშების საფუძველზე, თუ საშუალო წლიური მაჩვენებელი 0.1 – 5.5 მგპა წნევის ფარგლებში სტაბილურად ნაკლებია -5°C-ზე.

3. გადამზიდის გაზსადენიდან მიღების თითოეულ პუნქტში, რომელთა დღიური მოპოვების მაჩვენებელი ნაკლებია 10 000 სტ.მ³-ზე:

ა) ჟანგბადის შემცველობის მონიტორინგი ხდება ყოველკვარტალური პერიოდულობით ადგილზე აღებული ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე.

ბ) გოგირდოვანი ნაერთების შემცველობის (წყალბადის სულფიდი - H2S, გოგირდი მერკაპტანებში) მონიტორინგი ხორციელდება ყოველთვიური პერიოდულობით ადგილზე აღებული გაზის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე. ხოლო თუ საშუალო წლიური მაჩვენებელი სტაბილურად ნაკლებია განსაზღვრული ლიმიტის 20%-ზე, ყოველკვარტალური ან ნახევარწლიური პერიოდულობით. 

გ) წყლისა და  ნახშირწყალბადის ნამის წერტილების მონიტორინგი ხორციელდება ყოველთვიური პერიოდულობით სპეციალური საზომი მოწყობილობების მეშვეობით.

4. თუ მოხდა სტანდარტების ზღვრების გადაჭარბება იმ ხარისხობრივი პარამეტრებისა, რომელთა უწყვეტი გაზომვა არ იწარმოება, გამოთვლები უნდა განხორციელდეს ყოველთვიურ საფუძველზე, საზღვრებიდან გადამეტების თვის მომდევნო თვიდან. თუ ეს პარამეტრები არიან ნორმის ფარგლებში სულ მცირე ორი მიმდევრობითი ჩვენების დროს, მაშინ აღდგება ჩვეულებრივი სიხშირე.



დანართი №2

ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მახასიათებლები

ინდიკატორის დასახელება განზომილება მინ. მაქს.
1 ვობის ინდექსი (WI)

მგჯ/მ³

(კკალ/მ³)

41.2
(9850)

54.5
(13000)

2 მთლიანი თბოუნარიანობა (GCV)

მგჯ/სტ.მ³

(კკალ/სტ.მ³)

35.0
(8450)

 
3 წმინდა თბოუნარიანობა (NCV)

მგჯ/მ³

(კკალ/სტ.მ³)

31.8
(7600)

 
4 ფარდობითი სიმკვრივე ρგაზი/ ρჰაერი 0.56 0.71
5 CH4: მეთანის მოცულობითი წილი %მოლი 75%  
6 CO2: ნახშირორჟანგის მოცულობითი წილი %მოლი   2.5%
7 N2: აზოტის კონცენტრაცია %მოლი   6%
8 O2: ჟანგბადის კონცენტრაცია %მოლი   0.05%
9 წყალბადის სულფიდი (H2S) მგ/მ³   20
10 მერკაპტანული გოგირდი მგ/მ³   36
11 წყლის ნამის წერტილი (WDP):
5.5 მგპა აბსოლუტურ წნევაზე
°C   -5
12 ნახშირწყალბადების ნამის წერტილი (HCDP):
0.1 – 5.5 მგპა აბსოლუტური წნევის ფარგლებში
°C   -5
13 მექანიკური მინარევების მასის კონცენტრაცია მგ/მ³   1
14 ბუნებრივი გაზის ტემპერატურა °C 0 +50

 


7. 28/12/2023 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 82 - ვებგვერდი, 29/12/2023 6. 23/06/2023 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 26 - ვებგვერდი, 29/06/2023 5. 18/11/2022 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 53 - ვებგვერდი, 25/11/2022 4. 12/11/2020 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 56 - ვებგვერდი, 18/11/2020 3. 09/09/2020 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 48 - ვებგვერდი, 17/09/2020 2. 21/05/2020 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 21 - ვებგვერდი, 28/05/2020 1. 27/03/2019 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 6 - ვებგვერდი, 04/04/2019