2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 135/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017388
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
135/ნ
17/08/2017
ვებგვერდი, 18/08/2017
430110000.22.022.017388
2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (18/08/2017 - 29/09/2017)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №135/ნ

2017 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 

2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ6“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „2017-2018 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის №359 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
ამ ბრძანების დანართის შესაბამისად დამტკიცდეს 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიქეთევან ნატრიაშვილი



დანართი
2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი ადგენს 2017-2018 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის  აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამულ მიმართულებას/მიმართულებებს,  რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო (შემდგომში პრიორიტეტული პროგრამული მიმართულება) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესსა და პირობებს.
2. პროგრამული დაფინანსების გზით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება მიზნად ისახავს:

ა) უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობას;

ბ) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების განვითარებასა და ახალგაზრდების დაინტერესებას აღნიშნული მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად.


მუხლი 2. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები
1. 2017-2018 სასწავლო წელს პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებებია:

ა) აგრარული მეცნიერებანი;

ბ) განათლება;

გ) ინჟინერია;

დ) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;

ე) სოციალური მეცნიერებები;

ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებანი;

ზ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ბაკალავრიატის იმ საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომელზეც/რომლებზეც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად დააფინანსებს სახელმწიფო (შემდგომში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები), ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს აღნიშნულ პროგრამებზე ადგილების რაოდენობას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ასევე მასში განსახორციელებელ ნებისმიერ ცვლილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მის მიღებამდე, წერილობით ათანხმებს სამინისტროსთან. 
4. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ადგილების რაოდენობის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინონ, რომ, მათ მიერ განსაზღვრული ადგილების დასაფინანსებლად აუცილებელი თანხის ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მათთვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების მოცულობას.

მუხლი 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების მოცულობები 
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების წლიური მოცულობები განისაზღვრება შემდეგი ოდენობებით:

ა) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,756,250 ლარი;

ბ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 4,275,000 ლარი;

გ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 787,500 ლარი;

დ) სსიპ – აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,182,500 ლარი;

ე) სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1,035,000 ლარი;

ვ) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 450,000 ლარი;

ზ) სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 517,500 ლარი;

თ) სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 720,000 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით; 
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება მიმართოს:

ა) 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული   სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად;

ბ) იმ სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, რომლებიც აღიდგენენ სტუდენტის სტატუსს ან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან მობილობის/შიდა მობილობის საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სრულად არ შეივსება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობა.


მუხლი 4. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტის სწავლის საფასური
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული ყოველი სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ჩაერიცხება არაუმეტეს 2250 ლარი.
2. თუ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური ნაკლებია 2250 ლარზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა უტოლდება ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს.
3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაცემული დაფინანსება უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საშუალოდ 60 კრედიტის (მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტის) ათვისებას არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში.

მუხლი 5. 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი და პირობები
1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული  საქართველოს მოქალაქე, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად.
2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებიდან დასაფინანსებელი სტუდენტების შერჩევას ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაფინანსებლად განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასაფინანსებელი სტუდენტების შერჩევისას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ეყრდნობა ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებულ სტუდენტთა საკონკურსო ქულებს. 
4. თუ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა აღემატება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსების უფლებას მიიღებენ სტუდენტები, რომელთა საკონკურსო ქულა ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით აღემატება  ბაკალავრიატის ამავე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სხვა სტუდენტების შედეგებს.
5. თუ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ რამდენიმე სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი დაფინანსების შემთხვევაში დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ბოლო ადგილზე დასაფინანსებელ სტუდენტს შეარჩევს  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად.
6. თუ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, პროგრამული დაფინანსების ფარგლებში, მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს 2250 ლარისა.
7. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტის მიერ  ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისა და მისი პროგრამული დაფინანსების შემთხვევაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ აქვს უფლება სტუდენტს მოსთხოვოს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის სრულად შევსებამდე დარჩენილი თანხის გადახდა.

მუხლი 6. იმ სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი და პირობები, რომლებიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე აღიდგენენ სტუდენტის სტატუსს ან ჩაირიცხებიან მობილობის/შიდა მობილობის საფუძველზე
1. პროგრამული დაფინანსება შეიძლება გაიცეს  საქართველოს მოქალაქე, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე იმ სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, რომლებიც ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე აღიდგენენ სტუდენტის სტატუსს ან ჩაირიცხებიან მობილობის/შიდა მობილობის საფუძველზე. 
2. თუ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების რაოდენობა აღემატება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების გამოსავლენად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ჩაუტაროს მათ შიდა გამოცდა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების პროგრამული დაფინანსების ვადა განისაზღვრება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამული დაფინანსების ხანგრძლივობიდან დარჩენილი ვადით. 
4. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ სტუდენტების დაფინანსება, რომელთა რაოდენობა აღემატება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროგრამული დაფინანსების განკარგვის შეზღუდვა
1. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული პირის განმეორებით დაფინანსება პროგრამულად, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატის იმავე ან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შემთხვევაში.
2. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში  სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მქონე სტუდენტის დაფინანსება.
3. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში იმ სტუდენტის დაფინანსება, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხება ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე.
4. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში იმ სტუდენტების დაფინანსება, რომლებსაც შესაბამისი სასწავლო წლის პირველი ნოემბრის (შემოდგომის სემესტრში) და პირველი აპრილისათვის (გაზაფხულის სემესტრში) შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.
5. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსება, რაც არ ზღუდავს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის უფლებას სწავლა გააგრძელოს (ჩაირიცხოს) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე. ასეთი სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში სტუდენტისათვის გამოყოფილი დაფინანსების  გადატანა.
7. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში წყდება პროგრამული დაფინანსების გაცემა.

მუხლი 8. პროგრამული დაფინანსების გაცემა
1. სამინისტრო პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების სახაზინო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) მონაცემების შესაბამისად.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი. 
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი პროგრამული დაფინანსების შესაბამისი სწავლის საფასურის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა. 

მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები
1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხარჯვაზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. 
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია:

ა) პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად:

ბ.ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომში ცენტრი) არაუგვიანეს ათი ოქტომბრისა (შემოდგომის სემესტრში)/ათი მარტისა (გაზაფხულის სემესტრში) წარადგინოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული და სტუდენტის სტატუსის აღდგენის წესითა და მობილობით/შიდა მობილობით ჩარიცხული პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასაფინანსებელ სტუდენტთა სია;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტუდენტთა სიის გადამოწმების შედეგად ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს შესაბამის სტუდენტთა გათვალისწინება პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობაში;   

გ) მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს  წარუდგინოს ინფორმაცია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნების შესრულების თაობაზე;

დ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდგომ, სამინისტროს  წარუდგინოს ინფორმაცია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნების შესრულების თაობაზე.


მუხლი 10. სამინისტროს უფლებამოსილება
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მიღწეული შედეგების შეფასების კომისია (შემდგომში − კომისია).
2. კომისიას ტექნიკურ დახმარებას გაუწევს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომისია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მიღწეული შედეგების შეფასების საფუძველზე, უფლებამოსილია შეიმუშაოს დასკვნა მომდევნო სასწავლო წლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა წარედგინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.