დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
შრომის პირობების ინსპექტირების 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 627 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 270000000.10.003.019694 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (30/12/2016 - 13/10/2017)
|
შრომის პირობების ინსპექტირების 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „შრომის პირობების ინსპექტირების 2017 წლის სახელმწიფო პროგრამა“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
შრომის პირობების ინსპექტირების 2017 წლის სახელმწიფო პროგრამა
|
მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები
1. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს დამსაქმებელს, უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა. 2. პროგრამის ამოცანებია: ა) შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენცია; ბ) გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება და კონსულტირება; გ) იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება; დ) შრომის უსაფრთხოებისა და ჯამრთელობის დაცვის შესახებ შესაბამისი სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა; ე) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუციონალური რეფორმის საჭიროების განსაზღვრა. მუხლი 2. პროგრამის სამიზნე ჯგუფი 1. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ დამსაქმებლები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ან/და ინტერესი გამოხატეს ამ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით და დასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ ამ დამსაქმებლებთან. 2. ინსპექტირების განხორციელების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დამსაქმებლის/საქმიანობის სიდიდეზე, მაგრამ ერთ ობიექტზე არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. დასაბუთებულ შემთხვევებში, აღნიშნული ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, იმავე ვადით. 3. ინსპექტირების განხორციელებიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი (შემდგომში − დეპარტამენტი), დამსაქმებელთან შეთანხმებით, ახორციელებს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის რემონიტორინგს, რომლის ხანგრძლივობაც არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველი ინსპექტირების ვადას. 4. შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ინსპექტირება ხორციელდება ამ პროგრამის ეფექტურად განხორციელებისა და ზედამხედველობის მიზნით, დეპარტამენტის მიერ. 5. ინსპექტირების განხორციელებაზე, რიგითობასა და ვადებზე გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტი სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე. 6. დამსაქმებელს 5 კალენდარული დღით ადრე ეცნობება ინსპექტირების დაწყების თარიღი. 7. ამ პროგრამაში ჩართული დამსაქმებელი მაქსიმალურად ხელს უწყობს ინსპექტორებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში (კერძოდ, ობიექტზე დაშვება, თავისუფალი გადაადგილება და დასაქმებულებთან შეხვედრა/გასაუბრება, საჭირო დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა). დამსაქმებელი ასევე უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს ინფორმაცია ინსპექტირების მიმდინარეობის შესახებ; ბ) მოითხოვოს სოციალური პარტნიორის წარმომადგენლის დასწრება ინსპექტირების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე; გ) გაეცნოს მონაცემებს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ; დ) გაეცნოს ინსპექტორის მიერ მომზადებულ დასკვნას; ე) წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები/მოსაზრებები ინსპექტირების განხორციელების პროცესისა და მომზადებული დასკვნის შესახებ; ვ) მიმართოს ინსპექტორს რეკომენდაციებისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით; ზ) მიმართოს დეპარტამენტსა და შესაბამის ორგანოებს ინსპექტორის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში. 8. ინსპექტირების განხორციელებამ გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს დამსაქმებლის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა. მუხლი 3. პროგრამის ღონისძიებები 1. პროგრამის ღონისძიებებია: ა) ადგილობრივი, დონორი და საერთაშორისო ექსპერტების/ორგანიზაციების დახმარებით ინსპექტორების ტრენინგი; ბ) არასაჯარო ანგარიშების/დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება და დამსაქმებლის ან/და დასაქმებულთა კონსულტირება; გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; დ) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ სისტემური დარღვევების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების ასახვა შესაბამის დოკუმენტში; ე) ანალიზის საფუძველზე, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შესაბამისი სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა და, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო წინადადებების მომზადება; ვ) საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ეფექტურად განხორციელებისა და დეპარტამენტის სრულფასოვანი ფუნქციონირების მიზნით, თარგმნის მომსახურეობის, ავტომობილების, მზომი ხელსაწყოების, სპეცტანსაცმლისა და სპეცფეხსაცმლის, კომპიუტერული მოწყობილობებისა და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვა; ზ) პროგრამის ადმინისტრირება. 2. ინსპექტირების ჩატარების წესი მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამინისტრო. 4. ინსპექტირების განხორციელების პროცესში ინსპექტორის მიერ ივსება ანკეტა, რომლის ფორმას შეიმუშავებს დეპარტამენტი და მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. ინსპექტორის მიერ შედგენილი დასკვნა უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციას ობიექტის შესახებ (სახელწოდება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია ხელმძღვანელის/წარმომადგენლის შესახებ, საქმიანობის სფერო); ბ) ინფორმაციას ინსპექტირების განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესახებ; გ) ინფორმაციას ინსპექტირების ჩატარების პერიოდის შესახებ; დ) ინფორმაციას ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ინფორმაციას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის დარღვევის შესახებ არსებული შესაბამისი ნორმატიული აქტების, სტანდარტებისა და რეგლამენტების მითითებით; ვ) რეკომენდაციებს მათი აღმოფხვრის შესახებ; ზ) ინსპექტორ(ებ)ის ხელმოწერასა და თარიღს; თ) დამსაქმებლის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირის ხელმოწერას. 6. ინსპექტორის მიერ შედგენილ დასკვნას თან უნდა ერთოდეს დამსაქმებლის წერილობითი შენიშვნები/მოსაზრებები ინსპექტირების განხორციელების პროცესისა და მომზადებული დასკვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მუხლი 4. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო 1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 575.000 (ხუთას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარით. 2. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების“ პროგრამისთვის (პროგრამული კოდი - 35 05) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. მუხლი 5. პროგრამის შესრულების ინდიკატორები პროგრამის შესრულების ინდიკატორებია: ა) პროგრამაში ჩართულ დამსაქმებელთა და მათ მიერ დასაქმებულ მუშაკთა რაოდენობა; ბ) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკური და თემატური ანალიზი; გ) შენიშვნები, რეკომენდაციები და, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივები. მუხლი 6. პროგრამის განმახორციელებელი 1. პროგრამის განმახორციელებელია სამინისტროს ცენტრალური აპარატი. 2. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები