ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 151/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 23/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016210
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/12/2016 - 27/04/2017)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №151/04

2016 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
2017 წლის პირველი მაისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 13 მაისის №35/04 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი მაისიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებებ

1. ეს წესი არეგულირებს საფინანსო პროდუქტების შეთავაზებისა და მიწოდებისას, ასევესაფინანსო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესებსა და პრინციპებს, რაც მოიცავს ასევე, სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდების საკითხებს.

2. ამ წესის შემუშავების მიზანია საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, ასევე, საფინანსო სექტორისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლების, მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის და ბაზარზე არსებული საფინანსო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც მომხმარებლის მიერ ახალი საფინანსო პროდუქტებით აქტიურ გამოყენებას, ასევე  მათთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკების შემცირებას.

3. ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისათვის და უცხოური ბანკების ფილიალებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის საკრედიტო კავშირებისთვის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტებისათვის.

4. ამ წესის ის ნორმები, რომელიც ვრცელდება დეპოზიტზე, ასევე ვრცელდება ფინანსური ინსტიტუტის მიერ მომხმარებლისგან მოზიდულ თანხებზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ბანკი   საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკი, ასევე უცხოური ბანკის ფილიალი საქართველოში;

ბ) ფინანსური ინსტიტუტი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება საკრედიტო კავშირი, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი;

გ) ფინანსური ორგანიზაცია ბანკი და ფინანსური ინსტიტუტი;

დ) საფინანსო პროდუქტი ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული ნებისმიერი პროდუქტი და მომსახურება;

ე) მომხმარებელი საფინანსო პროდუქტის მიმღები ან ასეთი განზრახვის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი;

ვ) ოპერაცია/ოპერაციის განხორციელება ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ახორციელებს ფინანსური ორგანიზაცია მომხმარებლისათვის საფინანსო პროდუქტის მიწოდებისას, მისივე შიდა პროცედურებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;

ზ) კრედიტი ნებისმიერი ტიპის სესხი/კრედიტი, მათ შორის, ოვერდრაფტი და საკრედიტო ბარათი, მიუხედავად საფინანსო პროდუქტის სახელწოდებისა, რომელსაც ფინანსური ორგანიზაცია სთავაზობს/აწვდის მომხმარებელს;

თ) კრედიტის მთლიანი თანხა – საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი მთლიანი მისაღები თანხის მაქსიმალური შესაძლო ოდენობა;

ი) დეპოზიტი კომერციული ბანკების და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ, კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მომხმარებლისათვის შეთავაზებული/მიწოდებული ნებისმიერი ტიპის დეპოზიტი, ანაბარი ან სადეპოზიტო სერტიფიკატი;

კ) სპეციფიკური საფინანსო პროდუქტი კრედიტი, მათ შორის ოვერდრაფტი, საკრედიტო ბარათი,  რომლის მთლიანი თანხა აღემატება 300 ლარს და  ნაკლებია 200 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში, ასევე დეპოზიტი, რომლის პირველადი შენატანი ნაკლებია 200 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში;

ლ) საპროცენტო განაკვეთი საკრედიტო ან სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ან ინდექსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდის მანძილზე;

მ) საჯარო ინდექსი – ისეთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მაჩვენებელი, განაკვეთი ან ინდექსი, რომელზეც ფინანსური ორგანიზაცია ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას;

ნ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით მიბმულია რაიმე საჯარო ინდექსზე და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული;

ო) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი – ყველა სხვა ტიპის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც არ არის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი;

პ) ფინანსური ხარჯი – ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ფინანსური ორგანიზაციის მიერ და წარმოადგენს მომხმარებლის მიერ კრედიტის/დეპოზიტის მიღების, შენარჩუნებისა და მათით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს. ფინანსური ხარჯის გაანგარიშების წესი მოცემულია ამ წესის მე-12 მუხლში;

ჟ) კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით;

რ) დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი _ დეპოზიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი და მიღებული/მისაღები სარგებელი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევისა და სარგებლის მიღების პერიოდის გათვალისწინებით;

ს) დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულება – საკრედიტო ხელშეკრულება ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის, რომლის მიხედვითაც ფინანსური ორგანიზაცია კრედიტს გასცემს უშუალოდ საქონლის ან მომსახურების მიწოდების სხვა წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული შეთანხმების დაფინანსებისათვის;

ტ) ნაღდი ანგარიშსწორების ფასი – დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების დროს საქონლის/მომსახურების ფასი ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, რომელსაც დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების მონაწილე მომხმარებელი გადაუხდიდა საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს საკუთარი სახსრებით ანგარიშსწორების შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაციის კრედიტის გამოყენების გარეშე;

უ) ხელშეკრულების თავსართი – ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც წინ უსწრებს ხელშეკრულების ყველა სხვა ნაწილს/დებულებას და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების თავსართის ნიმუშები მოცემულია ამ წესის დანართ №4-ში;

ფ) ოვერდრაფტის ან საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება – საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი თანხა აღემატება მის მიმდინარე ანგარიშზე მათ შორის, საბარათე ანგარიშზე, არსებულ სახსრებს;

ქ) არააქტიური პროდუქტი ამ წესის მიზნებისათვის საფინანსო პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის მიერ არ ყოფილა გამოყენებული ზედიზედ თორმეტი თვის განმავლობაში, გარდა საკრედიტო პროდუქტებისა, ასევე მიმდინარე და სადეპოზიტო ანგარიშებისა, მასზე დადებითი ნაშთის არსებობის შემთხვევაში;

ღ) გამჟღავნების ტექსტი ფინანსურ ინსტიტუტთან დაკავშირებულ რისკებზე მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია/ტექსტი. გამჟღავნების ტექსტის სრული და მოკლე ვერსიების აღწერა მოცემულია ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში; 

ყ) მოზიდული თანხა ფინანსური ინსტიტურის მიერ, გარდა არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება საკრედიტო კავშირისა, მომხმარებლისგან სარგებლის დარიცხვის პირობით მიღებული თანხა.

მუხლი 3. ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებ მომხმარებლებისათვის საფინანსო პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდებისას

1. ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის საფინანსო პროდუქტის პირობების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი, წინასწარ ცნობილი და მის ხელთ არსებული სრული ინფორმაციის დროულად მიწოდება. მათ შორის, პროდუქტის ნებისმიერი არხით შეთავაზებისას ხელშეკრულების გაფორმებამდე,  რომელიც მომხმარებელს არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.

2. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურად შეუძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული ფორმით, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის ზეპირი ფორმით მიწოდება.

3. ფინანსური ინსტიტუტი, მომხმარებლისგან თანხის მოზიდვისას,   ვალდებულია, მომხმარებელს გააცნოს გამჟღავნების ტექსტი, რომლის სრული ვერსია მოიცავს შემდეგი შინაარსის ინფორმაციას:

ა) ფინანსური ინსტიტუტი არ არის ლიცენზირებული ბანკი;

ბ) არსებობს ამ ფინანსურ ინსტიტუტში სახსრების განთავსებასთან დაკავშირებული რისკები;

გ) ბანკისგან განხვავებით ფინანსურ ინსტიტუტზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი;

დ) ეს მოკლე გაფრთხილება არ ამჟღავნებს ყველა რისკს.

4. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია, გამჟღავნების ტექსტი განათავსოს მომხმარებელთან გაფორმებულ ყველა დოკუმენტში, ამასთან ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული საფინანსო პროდუქტების ხელშეკრულებებში განათავსოს გამჟღავნების ტექსტის სრული ვერსია, ხოლო ყველა სხვა დოკუმენტში, რომელსაც გადასცემს მომხმარებელს (თამასუქი, ამონაწერი, შემოსავლის ორდერი და ა.შ.). ასევე, სარეკლამო შეთავაზებებისას, გამოიყენოს გამჟღავნების ტექსტის სრული ან შემოკლებული ვერსია. როგორც სრულ, ისე შემოკლებულ ვერსიებში თვალსაჩინოებისათვის ტექსტი უნდა იყოს გამუქებული და დაბეჭდილი ორმაგი დაშორებით. გამჟღავნების ტექსტის სრული და შემოკლებული ვერსიის ნიმუშები მოცემულია ამ წესის №5 დანართში.

5. ფინანსურმა ინსტიტუტმა მომხმარებელს უნდა აცნობოს, რომ ხელშეკრულების ან ნებისმიერი შემდგომი დოკუმენტის დადებამდე მას მოეთხოვება გამჟღავნების ტექსტის წაკითხვა და გააზრება. მომხმარებლის მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია უპასუხოს მის შეკითხვებს და მიაწოდოს მოთხოვნლი ინფორმაცია.

6. საფინანსო პროდუქტის შეთავაზების (მათ შორის, ნებისმიერი ფორმით და საშუალებით რეკლამირების) დროს, ფინანსური ორგანიზაციის მიერ არ უნდა მოხდეს საფინანსო პროდუქტის მახასიათებლების შესახებ ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება და/ან შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი. მიწოდებული/მიუწოდებელი ან/და არასრულად მიწოდებული ინფორმაცია მომხმარებელს არ უნდა უბიძგებდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.

7. სარეკლამო მასალის მომზადების დროს უნდა მოხდეს შემდეგი წესების გათვალისწინება:

ა) იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის რეკლამირებისას შეთავაზებაში მითითებულია ამ პროდუქტის ფასის განმსაზღვრელი ნებისმიერი პარამეტრი, გარდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთისა (ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, სარგებლობის საკომისიო და ა. შ.), სავალდებულო სახით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზეც;

ბ) პროდუქტის შეთავაზებაში (გარდა ვერბალური შეთავაზებისა) ეფექტურ საპროცენტო განაკვეთთან ერთად პროდუქტის ფასის განმსაზღვრელი სხვა ნებისმიერი პარამეტრის გამოყენების შემთხვევაში, ყველა ამ პარამეტრის, მათ შორის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, ფონტის ზომა და ვიზუალი უნდა იყოს ერთმანეთის იდენტური;

გ)  თუ პროდუქტის შეთავაზებაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არაა თავიდანვე ცალსახა, რამდენადაც მისი მნიშვნელობა დამოკიდებულია ფინანსური ხარჯების მოცულობაზე, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლისას გამოყენებული უნდა იქნეს მაგალითი (თანდართული დანართი №6-ის მიხედვით);

დ) ისეთი საკრედიტო პროდუქტის შეთავაზებისას, სადაც მსესხებელია ფინანსური ინსტიტუტი, ასევე, დეპოზიტების შეთავაზებისას კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია გამჟღავნების ტექსტის მოკლე ვარიანტი განათავსოს პროდუქტის ყველა ტიპის შეთავაზებაში, მათ შორის ბეჭდვითი, სატელევიზიო ან სხვა  მედიაში რეკლამირების დროს.

8. დასაშვებია საფინანსო პროდუქტის პირობებზე დისტანციურად, მათ შორის, დაცული და უსაფრთხო ელექტრონული არხებით შეთანხმება. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმების ძალაში შესვლამდე, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მის მიერ ამ წესის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის მომხმარებლის მხრიდან მიღების და გაცნობის, ასევე შეთავაზებულ პირობებზე თანხმობის დადასტურება. მომხმარებლის თანხმობის დადასტურების შემდეგ ძალაში შედის შეთანხმებული პირობები. პროდუქტის დისტანციურად შეთანხმებული პირობები, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, ასევე, პირობების შეცვლისას ყველა ასეთ შემთხვევაში,  მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომხმარებლისთვის ნებისმიერი ფორმით ფინანსური ორგანიზაციის სისტემის ტექნიკური მოწყობის შესაძლებლობების ფარგლებში.

9. ბანკი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველგვარი დამატებითი ხარჯისა და საკომისიოს გარეშე, მისცეს მას წვდომა ამავე ბანკში არსებულ მომხმარებლის ფინანსურ პროდუქტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, მინიმუმ ერთი დისტანციური არხის (ინტერნეტი, ინტერნეტბანკი, მობილური ტელეფონი ან მობაილბანკი) საშუალებით ბანკის სისტემის ტექნიკური მოწყობის ფარგლებში.

მუხლი 4. ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები მომხმარებლებისათვის სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების გამჟღავნების შესახებ

1. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების შესახებ. ამასთანავე, აღნიშნულ რისკებზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ფინანსურ ორგანიზაციას აქვს როგორც მატერიალურად და/ან ელექტრონული არხებით გაფორმებულ ხელშეკრულებებში, ასევე ვერბალურადაც, პროდუქტის შეთავაზებისას და ამ პროდუქტთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელებამდე.

2. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია სავალუტო რისკის შესახებ, როდესაც მომხმარებელს შემოსავლები კრედიტის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში აქვს. ასევე, უცხოური ვალუტით დეპოზიტის განთავსების შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია მსგავსი პირობების მქონე პროდუქტზე ეროვნულ ვალუტაში.

3. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია კრედიტზე გადასახდელი თანხის ზრდის რისკზე, როცა კრედიტი გაიცემა ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთებით (გარდა ინფლაციის ინდექსზე მიბმული კრედიტისა).

4. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია კრედიტის დაუბრუნებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებულ რისკებზე მაგალითად, მიმდინარე ანგარიშების დაყადაღების, მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების კრედიტის დასაფარად  რეალიზაციის შესაძლო რისკებზე.

5. მოცემული მუხლით დადგენილი ვალდებულებების ეფექტიანი განხორციელებისა და კონტროლის მიზნით, სხვადასხვა ტიპის მომსახურების წერტილების მოწყობისა და მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია იმოქმედოს მის მიერ შემუშავებული და საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 5. ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები მომხმარებლებთან სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელშეკრულების თავსართი

1. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს გაუკეთოს თავსართი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სავალდებულო სათაური – „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები“და მასში ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს მომხმარებლისათვის ადვილად აღსაქმელი ფონტის ზომით, მაგრამ არანაკლებ 12-ისა. ხელშეკრულების თავსართში ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა განათავსოს შემდეგი წინადადება: „გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე –  032 2 406 406”.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების თავსართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას ამ წესის დანართ №4-ში მოცემული ნიმუშების ზოგადი სტილი და მასში შემავალი კომპონენტების თანმიმდევრობა. ხელშეკრულების თავსართში არ უნდა მიეთითოს ის საკომისიოები, რომლის გადახდაც კონკრეტულ მომხმარებელს არ ეკისრება. ხელშეკრულების თავსართში უნდა მიეთითოს მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია სრულად უნდა იყოს ასახული, დაუშვებელია სავალდებულო ინფორმაციის ხელშეკრულების თავსართში ასახვისას მითითება გაკეთდეს ხელშეკრულების შესაბამის მუხლებზე.

3. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია თავდებობის/სოლიდარული პასუხისმგებლობის ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის, ასევე იპოთეკის და/ან გირავნობის საგნის მესაკუთრისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მსესხებელთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების თავსართისა და მოთხოვნის შემთხვევაში ხელშეკრულების ასლები იმავე ფორმით, რა ფორმითაც გაფორმებულია მსესხებელთან და აღნიშნული ვალდებულების თაობაზე წინასწარ წერილობით აცნობოს მსესხებელს.

4. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების თავსართში განათავსოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“, „ზ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასევე, პრეტენზიის წარდგენის ფინანსურ ორგანიზაციაში არსებული ფორმების ჩამონათვალი და ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული  ინფორმაცია.

5. ფინანსური ორგანიზაცია, საკრედიტო ხელშეკრულებების თავსართში ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ინფორმაციასთან ერთად, ვალდებულია, ასევე:

ა) მიუთითოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს კრედიტის გაცემას უცხოური ვალუტით, გააკეთოს ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით: „უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!“. აღნიშნულ ჩანაწერს უნდა მოსდევდეს: „ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს “, ასევე ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია;

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი, გააკეთოს ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით: „ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთიანი სესხი (გარდა ინფლაციით ინდექსირებულისა) მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!“ აღნიშნულ ჩანაწერს უნდა მოსდევდეს: „ საჯარო ინდექსის ცვლილებამ შესაძლოა შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს.! “, ასევე, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია;

დ) იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით, მსესხებელია ფინანსური ინსტიტუტი, ეს უკანასკნელი ვალდებულია ხელშეკრულების თავსართში განათავსოს გამჟღავნების ტექსტის სრული ვერსია.

6. ფინანსური ორგანიზაცია, სადეპოზიტო ხელშეკრულებების თავსართში ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ინფორმაციასთან ერთად, ვალდებულია, ასევე:

ა) მიუთითოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 ქვეპუნქტის „ა“ და“ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ბ) იმ შემთხვევაში, როცა სადეპოზიტო ხელშეკრულება ითვალისწინებს დეპოზიტის უცხოური ვალუტით განთავსებას,  გააკეთოს ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით: „უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!“. აღნიშნულ ჩანაწერს უნდა მოსდევდეს: „ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს”, ასევე, ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნტით გათვალისწინებული ინფორმაცია;

გ) იმ შემთხვევაში, როცა სადეპოზიტო ხელშეკრულებით რეგულირდება ურთიერთობები ამ წესის და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად გამოშვებული სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის შესახებ,  გააკეთოს ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით: „აღნიშნული სადეპოზიტო სერტიფიკატი წარმოადგენს სტანდარტულ სადეპოზიტო სერტიფიკატს და მისი პირობები შეესაბამება კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების მოთხოვნებს“;

დ) იმ შემთხვევაში, როცა სადეპოზიტო ხელშეკრულებით რეგულირდება ურთიერთობები არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის შესახებ, გააკეთოს ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით: „აღნიშნული სერტიფიკატი არის არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატი და მასზე არ ვრცელდება კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების მოთხოვნები“;

ე) იმ შემთხვევაში, როცა სადეპოზიტო ხელშეკრულებას, კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, აფორმებს ფინანსური ინსტიტუტი, ეს უკანასკნელი ვალდებულია ხელშეკრულების თავსართში განათავსოს გამჟღავნების ტექსტის სრული ვერსია.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, ასევე მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის განთავსებისას საკრედიტო ხელშეკრულების თავსართში უნდა მიეთითოს მხოლოდ ლარის შესაძლო გაუფასურების, ხოლო სადეპოზიტო ხელშეკრულების თავსართში, მხოლოდ ლარის შესაძლო გამყარების შემთხვევაში გამოთვლილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

8. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს მასში მოცემული პირობების ფინანსური ორგანიზაციის მიერ ცალმხრივი ცვლილების შესაძლებლობას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს ხელშეკრულების თავსართში. ამასთან, ხელშეკრულების თავსართში უნდა მიეთითოს ხელშეკრულების პირობების ცვლილების შემთხვევაში მომხმარებლის ინფორმირების ხელშეკრულებით განსაზღვრული  საკომუნიკაციო არხი და ვადა.

9. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მომხმარებელს გააცნოს ხელშეკრულებაში ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად მოცემული ფინანსური ხარჯები და თანხმობის შემდეგ გააფორმოს მასთან ხელშეკრულება.

მუხლი 6. ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები მომხმარებლებთან სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტი ხელშეკრულების გაფორმებისას ხელშეკრულებში სავალდებულოდ მისათითებელი ინფორმაცია

1. სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული ხელშეკრულება უნდა იყოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების დედანი და სადაც ეს შეუძლებელია, ხელშეკრულების ასლი. ხელშეკრულებაში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო რეკვიზიტების გარდა მოცემული უნდა იყოს ამ მუხლით განსაზღვრული სავალდებულო სახელშეკრულებო ინფორმაცია.

2. სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაში მოცემული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:

ა) საპროცენტო განაკვეთი ან განაკვეთები, თუ აღნიშნული განსხვავებულ მნიშვნელობებს იღებს მომხმარებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე, თითოეული გარემოების მითითებით;

ბ) საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესაძლებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ იმ ცალკეული გარემოებების/წესების მითითებით, რომლის მიხედვითაც განხორციელდება ცვლილებები, ასევე მოსალოდნელი ცვლილებების მომხმარებლისათვის წინასწარ შეტყობინების წესი და ვადა;

გ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში ინდექსი, რომელზეც საპროცენტო განაკვეთია მიბმული;

დ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში იმ ინდექსის საჯარო ხელმისაწვდომობის წყარო, რომელზეც საპროცენტო განაკვეთია მიბმული;

ე) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რეგულარულობით და ფორმით მიეწოდება მომხმარებელს ინფორმაცია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მიერ მიღებული მნიშვნელობების შესახებ;

ვ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების დეტალური წესი;

ზ) ფინანსური პროდუქტის გაცემასთან, შენარჩუნებასა და დასრულებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები;

თ) ინფორმაცია იმ ფინანსური ხარჯების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში;

ი) დაშვებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც გამოყენებული იქნა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში;

კ) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, დამრგვალებულ, სულ მცირე, მეათედამდე;

ლ) ფინანსურ ორგანიზაციაში პრეტენზიის წარდგენის ფორმები, პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წყარო, მაქსიმალური ვადა პასუხის მიღებისათვის თითოეული ფორმით გამოხატულ პრეტენზიაზე, ფინანსური ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც შესაძლებელია პრეტენზიის წარდგენა, ასევე პრეტენზიების განხილვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მექანიზმები.

3. საკრედიტო ხელშეკრულებაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მოცემული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:

ა) კრედიტის ვადა;

ბ) კრედიტის მთლიანი თანხა;

გ) კრედიტის მთლიანი თანხიდან მისაღები თანხის პირობები, მათ შორის: კრედიტის მთლიანი თანხიდან ფინანსური ხარჯების გამოკლებით დარჩენილი გასატანი თანხის ოდენობა, პერიოდულობა/გატანის თარიღები და გატანების საერთო რაოდენობა;

დ) საკრედიტო ბარათის/ოვერდრაფტის გამოყენების შემთხვევაში დანართი №1-ით გათვალისწინებული ორი სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;

ე) უცხოური ვალუტით გაცემული საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, დანართ №1-ში მოცემული ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;

ვ) უცხოური ვალუტით გაცემული ინდექსირებულ განაკვეთიანი საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ინდექსის შესაძლო 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო ლარში გაცემული ინდექსირებული განაკვეთიანი საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ინდექსის შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით წლის განმავლობაში ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;

ზ) სადაც შესაძლებელია, კრედიტის დასაფარად შენატანების ოდენობა, სიხშირე/შენატანების განხორციელების მაქსიმალური ვადები და საერთო რაოდენობა, შენატანების ოდენობა გამოსახული უნდა იყოს, სულ მცირე, თანხობრივად;

თ) შესაძლო პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი;

ი) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები;

კ) კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის უფლება და შესაძლო დამატებითი ხარჯები, რომელიც წარმოიშობა ამ უფლების გამოყენებისას, აღნიშნული ხარჯების სიდიდე ან გამოთვლის მეთოდი;

ლ) დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში, იმ საქონლის /მომსახურების პირდაპირი ანგარიშსწორების ფასი, რომლის შესყიდვასაც აფინანსებს დაკავშირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტი. ასევე, აღნიშნული საქონლის/მომსახურების ფასი, რომელსაც მომხმარებელი იხდის დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმების შედეგად;

მ) იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ფინანსური ორგანიზაციისგან იღებს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო მომსახურების მიღებისათვის სავალდებულო სხვა სახის დამატებით მომსახურებას, ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული დამატებითი მომსახურების მიღებასთან;

ნ) იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ფინანსურ ინსტიტუტთან აფორმებს საკრედიტო ხელშეკრულებას, სადაც მსესხებელი ფინანსური ინსტიტუტია, ხელმოწერის თავზე ხელშეკრულებაში უნდა განთავსდეს გამჟღავნების ტექსტის სრული ვერსია.

4. სადეპოზიტო (გარდა სადეპოზიტო სერტიფიკატის) ხელშეკრულებაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მოცემული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:

ა) ვადიანი დეპოზიტის ხანგრძლივობა, ვადის მითითებით;

ბ) დეპოზიტის სხვა პირობები: ვადები, სარგებლის გამოტანის პირობები, განახლების პირობები;

გ) საპროცენტო სარგებლის დარიცხვის (გაანგარიშების) და ასახვის (გადახდის) წესი, პირობები და პერიოდულობაж

დ) მინიმალური მოთხოვნები დეპოზიტის გახსნისა და შეთავაზებული საპროცენტო სარგებლის მიღებისათვის;

ე) უცხოური ვალუტით განთავსებული სადეპოზიტო პროდუქტისათვის, დამატებით, დანართ №2-ში მოცემული ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;

ვ) უცხოური ვალუტით განთავსებული ინდექსირებულ განაკვეთიანი სადეპოზიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ინდექსის შესაძლო 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო ლარში განთავსებული ინდექსირებულ განაკვეთიანი სადეპოზიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ინდექსის შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით წლის განმავლობაში შემცირების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;

ზ) ხელშეკრულების ვადის გასვლამდე თანხის გამოტანასთან დაკავშირებული საურავები და/ან გადასახდელები;

თ) იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსური ინსტიტუტი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მომხმარებელთან აფორმებს სადეპოზიტო ხელშეკრულებას, ხელმოწერის თავზე ხელშეკრულებაში უნდა განთავსდეს გამჟღავნების ტექსტის სრული ვერსია.

5. სადეპოზიტო სერტიფიკატის ხელშეკრულებაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მოცემული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:

ა) სადეპოზიტო სერტიფიკატის ტიპი – საპროცენტო ან დისკონტური;

ბ) არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის შემთხვევაში – სადეპოზიტო სერტიფიკატის ვალუტა;

გ) სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადიანობა;

დ) საპროცენტო სარგებლის დარიცხვის (გაანგარიშების) და ასახვის (გადახდის) წესი, პირობები და პერიოდულობა;

ე) არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის შემთხვევაში – უცხოური ვალუტით განთავსებული სადეპოზიტო პროდუქტისათვის, დამატებით, დანართ №2-ში მოცემული ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;

ვ) არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის შემთხვევაში – უცხოური ვალუტით განთავსებული ინდექსირებულგანაკვეთიანი სადეპოზიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ინდექსის შესაძლო 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო ლარში განთავსებული ინდექსირებულგანაკვეთიანი სადეპოზიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ინდექსის შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით წლის განმავლობაში შემცირების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

6. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს შესთავაზოს, ხოლო მომხმარებლის თანხმობის ან მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ხელშეკრულების ნიმუში, რომელშიც სრულად იქნება მითითებული ხელშეკრულების ყველა ზოგადი მუხლი და წინასწარ ცნობილი პარამეტრი. მომხმარებლის მიერ სპეციალური საფინანსო პროდუქტის მიღებასთან/დაინტერესებასთან დაკავშირებული განაცხადის გაკეთების შემდეგ კი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხელშეკრულების ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი ნიმუში მომხმარებლისთვის შესათავაზებელი კონკრეტული პირობების მითითებით.

7. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობების, მათ შორის საპროცენტო განაკვეთის ცალმხრივი ცვლილების შესაძლებლობას, ასევე ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა შესთავაზოს მინიმუმ ერთი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და მისაღები, მომხმარებლისათვის უფასო წინასწარი შეტყობინების ინდივიდუალური საკომუნიკაციო, მათ შორის, მატერიალური ან ელექტრონული არხი (მოკლე ტექსტური შეტყობინება, ინტერნეტბანკი, სატელეფონო ზარი და ა.შ.) და ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს შეტყობინების მომხმარებელთან შეთანხმებული არხი, წესი და ვადა.

8. ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმება დასაშვებია ისეთ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება  საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების პირობების ცვლილება მომხმარებლის სასარგებლოდю

9. იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის მიერ ფინანსურ ორგანიზაციაში თანხის შეტანის დღე ემთხვევა უქმე დღეს, ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებლისგან შენატანი უნდა მიიღოს მომდევნო სამუშაო დღეს ყოველგვარი დამატებითი საკომისიოსა თუ პირგასამტეხლოს დარიცხვის გარეშე.

10. ხელშეკრულებაში ინფორმაცია გასაგებად უნდა იყოს ფორმულირებული და მოცემული ადვილად წასაკითხი და აღქმადი ფონტის ზომით, ამასთან ფონტის ზომა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები.

მუხლი 7. ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ძალაში შესვლის შემდეგ

1. მომხმარებლის მიერ მის სარგებლობაში არსებული საკრედიტო პროდუქტის (გარდა ოვერდრაფტისა და საკრედიტო ბარათებისა) შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ მას, ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე, დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია:

ა) კრედიტის ნაშთი;

ბ) კრედიტის შემდგომი შენატანის ვადა და ოდენობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს შეუძლებელია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების გამო;

გ) საშეღავათო ან სხვა პირობების არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია მათ შესახებ და ამ პირობის გამოყენებისათვის არსებული ვადები და საჭირო შენატანები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს შეუძლებელია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების გამო.

2. მომხმარებლის მიერ მის სარგებლობაში არსებული ოვერდრაფტისა და საკრედიტო ბარათით მომსახურების გაწევისას მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ მას, ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე, დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია:

ა)   ანგარიშიდან ათვისებული ლიმიტის შესახებ ინფორმაცია;

ბ) ოვერდრაფტის/საკრედიტო ბარათის საპროცენტო განაკვეთი ან განაკვეთები ამონაწერის პერიოდის განმავლობაში;

გ) მინიმალური სავალდებულო გადასახდელი თანხა, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში;

დ) საშეღავათო ან სხვა პირობების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია მათ შესახებ და ამ პირობის გამოყენებისათვის საჭირო ვადები და შენატანები.

3. ოვერდრაფტით და/ან საკრედიტო ბარათით სარგებლობის შემთხვევაში ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა შესთავაზოს ანგარიშის ამონაწერის მინიმუმ ყოველთვიური სიხშირით გაცემის მომსახურება ყოველგვარი დამატებითი გადასახდელების გარეშე. მომხმარებლის მიერ აღნიშნული მომსახურების მიღების სურვილის შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ მას უნდა შესთავაზოს მომსახურების მიწოდების წერილობითი ან ელექტრონული ფორმა. ამ პუნქტის მიზნებისათვის წერილობითი შეტყობინების მომსახურებას მიეკუთვნება წერილობითი დოკუმენტის მომხმარებლისათვის დაუყოვნებლივ გაცემა მისი ფინანსურ ორგანიზაციაში გამოცხადების შემთხვევაში.

4. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მას დაუყოვნებლივ მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდოს:

ა) ხელშეკრულების ასლი, რომელიც შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა იყოს დამოწმებული ფინანსური ორგანიზაციის აღნიშვნებით;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების დეტალური წესი;

გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული განახლებული მომავალი შენატანებისა და გამოტანების დეტალური გრაფიკი, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: კრედიტის ძირითადი თანხა, პროცენტი, ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაწესებული სხვა გადასახდელები, კრედიტის დარჩენილი ვადა;

დ) განხორციელებული შენატანებისა და გამოტანების დეტალური ამონაწერი, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: კრედიტის ძირითადი თანხა, საპროცენტო განაკვეთი, პროცენტის თანხა, ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაწესებული სხვა გადასახდელები;

ე) ინფორმაცია ანგარიშის თაობაზე დამოწმებული ამონაწერის სახით. თვეში ერთხელ, მაქსიმუმ უკანასკნელი ორი წლის პერიოდის ამონაწერის გაცემა უნდა იყოს უფასო. აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალურ ბლანკზე (წინასწარ ამობეჭდილ და სპეციალური აღრიცხვის ტიტულოვან ფურცელზე) განთავსების შემთხვევაში ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს დააწესოს საკომისიო. მომხმარებლისათვის მიწოდებული ანგარიშის ამონაწერი უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: ინფორმაცია ანგარიშიდან თანხის გატანის/გადარიცხვის და ანგარიშზე თანხის შეტანის/ჩარიცხვის თარიღებისა და ოდენობების შესახებ მინიმუმ ბოლო ამონაწერის შემდგომი პერიოდიდან ან მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი პერიოდიდან;

5. ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, თუ იცვლება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ცვლილების და/ან დამატების შესახებ ხელშეკრულება უნდა  მოიცავდეს მინიმუმ იმ პირობებს, რომლებმაც განიცადეს ცვლილება და ხელშეკრულების თავსართს.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებაში მოცემული პირობების შესაბამისად მოსალოდნელია ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის და/ან ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდებიან წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმებაზე, ფინანსურმა ორგანიზაციამ აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს უნდა აცნობოს ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების ფორმით ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე. ამ პუნქტის მიზნებისათვის მხოლოდ საჯარო სივრცეში განთავსებული განცხადება ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ არ ჩაითვლება მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებად.

7. მომხმარებლის მიერ კრედიტის ვადაგადაცილებისა და სხვა ნებისმიერი ტიპის დავალიანების წარმოშობის, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შეჩერების/დროებით შეწყვეტის (მაგალითად საკრედიტო ლიმიტის შეჩერება) შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაცია და აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს, ასევე ან თანამსესხებელს, და/ან თავდებს და/ან სოლიდარულ თავდებს (არსებობის შემთხვევაში) შეატყობინოს ზემოაღნიშნული გარემოების დადგომისას დაუყოვნებლივ, ფინანსური ორგანიზაციის ტექნიკური მოწყობის შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა.  ფინანსური ორგანიზაცია არ აგებს პასუხს ვალდებულების დარღვევისათვის, თუ დაკავშირება/მისთვის ინფორმაციის მიწოდება ვერ ხერხდება ადრესატის ბრალეულობით და/ან ადრესატმა შეიცვალა საკონტაქტო ინფორმაცია და ამის შესახებ არ უცნობებია ფინანსური ორგანიზაციისათვის.

8. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შეინახოს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული შეტყობინებების დამადასტურებელი ინფორმაცია ხელშეკრულების სრული მოქმედების პერიოდში, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობისა და გასაჩივრების ვადების გასვლამდე, თუ კანონმდებლობით უფრო ხანგრძლივი ვადა არ არის გათვალისწინებული. ამასთან, მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში ფინანსურმა ორგანიზაციამ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს აღნიშნული ინფორმაცია.

მუხლი 8. არააქტიურ პროდუქტზე საკომისიოს დარიცხვის შეწყვეტის წესი

ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მოახდინოს არააქტიურ საფინანსო პროდუქტზე შესაბამისი საკომისიოს დარიცხვის შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული პროდუქტის გარდა მომხმარებელი სარგებლობს სხვა აქტიური არასაკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტებითაც.

მუხლი 9. კრედიტის წინსწრებით დაფარვის წესი

1. ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია მის მიერ გაცემული კრედიტის რეფინანსირების ან მომხმარებლის საკუთარი სახსრებით წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელს, გარდა ნარჩენი ძირის დაფარვისა, მომხმარებელს დააკისროს და მოსთხოვოს საკომისიო და/ან პირგასამტეხლო ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს წინსწრებით დაფარვის საკომისიოს და/ან პირგასამტეხლოს, თანხის წინსწრებით დაფარვის მომენტისათვის ხელშეკრულების დარჩენილი ვადის გათვალისწინებით, შემდეგი ოდენობით:

ა)  თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა;

ბ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა;

გ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომისიოს და/ან პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ფინანსურ ორგანიზაციას არ აქვს, თუ:

ა) ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი;

ბ) კრედიტის რეფინანსირება მთლიანად ან ნაწილობრივ ხდება იმავე ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი კრედიტით;

გ) კრედიტის წინსწრებით დაფარვა ხდება ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნით;

დ) კრედიტის წინსწრებით დაფარვა ან რეფინანსირება ხდება ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებებში შესატან ცვლილებებზე მომხმარებლის მხრიდან დაუთანხმებლობის მიზეზით.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის კრედიტის საწყის ძირითად თანხად განიხილება ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემული კრედიტისა და კრედიტით სარგებლობისთვის გადახდილი კრედიტთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯების სხვაობა. ამასთან, რეფინანსირების საკომისიოს დაკისრების მიზნებისათვის, არ გაითვალისწინება ისეთი ხარჯები, რომლებიც გადახდილია მესამე პირების სასარგებლოდ.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხა წარმოადგენს საწყისი ძირითადი თანხის ამორტიზირებულს ეფექტური საპროცენტო განაკვეთისა და შენატანების გათვალისწინებით. ნარჩენი ძირის დათვლის მაგალითი მოცემულია №7 დანართში.

5. კრედიტის წინსწრებით ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში, თუ იფარება კრედიტის საწყისი ძირითადი თანხის 20%, არანაკლებ 500 ლარის ოდენობით,  მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მას შესთავაზოს ახალი გრაფიკის მინიმუმ შემდეგი ალტერნატივები:

ა) ნარჩენი ძირითადი თანხის გადანაწილება იმავე პერიოდზე ყოველთვიური შენატანის შემცირების გზით;

ბ) ყოველთვიური შენატანის იმავე ოდენობის პირობებში დარჩენილი პერიოდის შემცირება.

6. მომხმარებლის მიერ კრედიტის წინსწრებით დაფარვის ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ზეპირსიტყვიერად მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებლის ანგარიშზე საკმარისი სახსრების არსებობისას, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია კრედიტის წინსწრებით დაფარვა განახორციელოს იმავე დღეს. ამასთან, ტექნიკური ან სხვა მიზეზით კრედიტის დაფარვა საჭიროებს განსაზღვრულ ვადას. ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია ისარგებლოს აღნიშნული ვადით, თუმცა მოცემულ პერიოდზე არ უნდა უნდა განხორციელდეს პროცენტის დარიცხვა. ამასთან, თუ მომხმარებელის განაცხადის საფუძველზე კრედიტის წინსწრებით დაფარვაზე შეთანხმება განხორციელდა მხოლოდ ზეპირსიტყვიერად, შეთანხმების დეტალებზე  მტკიცების ტვირთი ეკისრება ფინანსურ ორგანიზაციას.

მუხლი 10. მომხმარებლებთან ურთიერთობის ეთიკის კოდექსი

1. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებლებთან ურთიერთობისას დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები და იმოქმედოს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, რათა ხელი შეუწყოს ფინანსური სექტორის მიმართ მომხმარებლებში სანდო პარტნიორის რეპუტაციის გამყარებას.

2. დაუშვებელია მომხმარებლებთან ურთიერთობისას, მათ შორის, მომხმარებლების მხრიდან ფინანსური ორგანიზაციის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას მომხმარებლის პირდაპირი და/ან ირიბი გზით იძულების მიზნით არასწორი ინფორმაციის მიწოდება  და შეცდომაში შეყვანა, მომხმარებლის რეპუტაციის შემლახავი ქმედებების განხორციელება, მათ შორის მესამე პირებისთვის ინფორმაციის მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების გამოყენებისას.

3. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შეიმუშაოს სესხების ამოღების მიზნით ეთიკის კოდექსი.

მუხლი 11. ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები მომხმარებლების პრეტენზიების განხილვასა და აღრიცხვასთან დაკავშირებით

1. ამ მუხლის მიზნებისათვის პრეტენზიად მიიჩნევა მომხმარებლის ნებისმიერი განცხადება (ზეპირი ან წერილობითი), რომლითაც იგი გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, დაუთანხმებლობას, საჩივარს საფინანსო ორგანიზაციის და/ან მისი ნებისმიერი პროდუქტის მიმართ.

2. ფინანსურ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს პრეტენზიების წერილობითი და ელექტრონული ფორმით მიღების/განხილვის სტანდარტული პროცედურა.

3. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) მიიღოს პრეტენზიები/ მომხმარებლისგან ზეპირი, სტანდარტული წერილობითი (დანართი №8) და ელექტრონული ფორმებით;

ბ)    მომხმარებლის პრეტენზიის დაფიქსირების სურვილის შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შესთავაზოს პრეტენზიის დაფიქსირების სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმა. იმ შემთხვევაში, როდესაც იღებს ზეპირ პრეტენზიას, შესთავაზოს მომხმარებელს მისი ალტერნატივა პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით გამოხატვის სახით;

გ) პრეტენზიის, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, მიღებისას პრეტენზიის განმცხადებელს წერილობით/ელექტრონულად დაუდასტუროს პრეტენზიის მიღება;

დ) პრეტენზიის  შესწავლის  დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს მომხმარებლის მიმართვისა და იდენტიფიკაციიდან 1 თვის ვადისა, პრეტენზიის განმცხადებელს, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, დაუყოვნებლივ წერილობით ან ელექტრონულად (მომხმარებელთან შეთანხმებით და/ან პრეტენზიის დაფიქსირების მეთოდის იდენტურად) აცნობოს მას საკითხის შესწავლის შედეგები და, სადაც შესაძლებელია, შესთავაზოს პრეტენზიის გადაწყვეტის პირობები;

ე)   მუდმივად ჰქონდეს მიღებული პრეტენზიების, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, განახლებული ჩანაწერები, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: პრეტენზიის განმცხადებელი მომხმარებლის მონაცემები, პრეტენზიის ხასიათი, ფინანსური ორგანიზაციის პასუხის შინაარსი, პრეტენზიაში დაფიქსირებული პრობლემის გადაჭრისათვის განხორციელებული ღონისძიებები და საბოლოო შედეგი. მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული ჩანაწერები უნდა მიეწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს;

ვ)   აწარმოოს   ამ   წესის   დანართ  №9-ში  მოცემული  სტატისტიკური მონაცემების გაანგარიშება მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ და ყოველთვიურად მიაწოდოს აღნიშნული მონაცემები საქართველოს ეროვნულ ბანკს, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა. მიწოდებულ მონაცემებში უნდა შედიოდეს გასული თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიღებული პრეტენზიების სტატისტიკა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება ფინანსურ ორგანიზაციაზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ფინანსურ ორგანიზაციას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით უკვე განხილული აქვს იმავე მომხმარებლის იგივე პრეტენზია წერილობითი ფორმით და ადგილი არ აქვს დამატებით მნიშვნელოვან ფაქტებსა და გარემოებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით;

ბ) მომხმარებლის პრეტენზია ეხება ფინანსური ორგანიზაციის უარს მომხმარებლისთვის ფინანსური პროდუქტის მიწოდებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ფინანსურ ორგანიზაციას ეკისრება აღნიშნული ფინანსური პროდუქტის მიწოდების ვალდებულება; ან

გ) პრეტენზიის მიზეზს წარმოადგენს შეფერხებები ან უარი მომსახურების გაწევაზე, რომლებიც განპირობებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით, მათ შორის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

5. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, მათ შორის, მოთხოვნილი ელექტრონული არხებით, მიაწოდოს მას არაუგვიანეს მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში.  ამასთან, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოწვეულია ფინანსური ორგანიზაციისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ის ვალდებულია ერთი კვირის ვადაში მიაწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს შეფერხების მიზეზი და ინფორმაციის მოწოდების სავარაუდო ვადა.

მუხლი 12. ფინანსური ხარჯი

1. ფინანსური ხარჯი არის ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ფინანსური ორგანიზაციის მიერ და წარმოადგენს მომხმარებლის მიერ საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტის მიღების, შენარჩუნებისა და საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, კერძოდ:

ა) საპროცენტო ხარჯი/შენატანები;

ბ) მომსახურებაზე ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაწესებული გადასახდელები;

გ) ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაწესებული ტრანზაქციისა და საკომისიო ხარჯი;

დ) აუცილებელი დაზღვევის ხარჯი;

ე) ქონების ღირებულების შეფასების ხარჯი;

ვ) სანოტარო ხარჯი;

ზ) ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასური;

თ) გადასახდელი, რომელსაც მომხმარებელი უხდის მესამე პირს საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულების დროს, თუ ეს წარმოადგენს მომხმარებლის მიერ საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულების და ხელშეკრულებამდე არსებული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელ პირობას;

ი) ფინანსური ორგანიზაციის სხვა პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებული აუცილებელი გადასახდელები/შენატანები, თუ აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას;

კ) სხვა მნიშვნელოვანი გადასახდელები, რომელთა შესახებ ფინანსურმა ორგანიზაციამ შეიტყო ამ წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტში მოცემული ვალდებულების შესრულებისას.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსურ ხარჯს მომხმარებელი უხდის მესამე პირს და ფინანსურ ორგანიზაციას არ შეუძლია ზუსტი ფინანსური ხარჯის ოდენობის დადგენა, ფინანსურმა ორგანიზაციამ ის უნდა განსაზღვროს აღნიშნული ხარჯის მოსალოდნელი საბაზრო ღირებულების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის მიერ ფინანსური ხარჯის გადახდის საჭიროება დგება ხელშეკრულების გაფორმების მომდევნო ეტაპებზე და რომლის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა ფინანსურ ორგანიზაციას წინასწარ არ შეუძლია, ფინანსური ხარჯი შეფასებულ უნდა იქნეს მიმდინარე საბაზრო ღირებულების საფუძველზე.

4. ფინანსურ ხარჯს არ მიეკუთვნება ის ხარჯები, რომელთა გადახდაც მომხმარებლისათვის სავალდებულო იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ მომხმარებელი კრედიტის გამოყენების გარეშე თავად განახორციელებდა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების შეძენას ან/და რომელთა მომხმარებლის მიერ გადახდაც მოსალოდნელია კრედიტის გამოუყენებლობის შემთხვევაშიც.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების მიწოდების ფასი აღემატება ამავე საქონლის/მომსახურების პირდაპირი ანგარიშსწორების ფასს, აღნიშნული დადებითი სხვაობა ფასებს შორის უნდა მიეკუთვნოს ფინანსურ ხარჯებს.

მუხლი 13. სანქციები

თუ ფინანსური ორგანიზაცია არ ასრულებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს  ან  პირდაპირ ან არაპირდაპირ გვერდის უვლის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების და პრინციპების შესრულებას, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

მუხლი 14. გარდამავალი დებულებები

1. ამ წესის ძალაში შესვლამდე დადებულ ხელშეკრულებების ფორმატზე გათვალისწინებული მოთხოვნები გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ  ხელშეკრულების პირობების ცვლილების გამო საჭირო ხდება მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა ან ახალი ხელშეკრულების გაფორმება.

2. ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის, მათ შორის, ამ წესის ძალაში შესვლამდე დადებულ ხელშეკრულებებში ამავე წესით ფინანსური ორგანიზაციისათვის დადგენილ ვალდებულებებზე ჩანაწერების არარსებობა არ ათავისუფლებს ფინანსურ ორგანიზაციას მათი შესრულების ვალდებულებებისაგან.

3. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება არ შეიცავს ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას და/ან ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ მომხმარებლისთვის არ ხორციელდება ინფორმაციის ამ წესის მიხედვით მიწოდება, არ შეიძლება გახდეს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.


totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.