ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 551
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.019616
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
551
13/12/2016
ვებგვერდი, 15/12/2016
010220020.10.003.019616
ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/12/2016 - 14/02/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №551

2016 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ1“ და „ჰ3“ ქვეპუნქტებისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:

ა) ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება (დანართი);

ბ) ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში − საბჭოს თანათავმჯდომარე;

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

საქართველოს მთავარი პროკურატურა – მთავარი პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – სახელმწიფო მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – სახელმწიფო მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო –მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახურის) უფროსი − საბჭოს მდივანი;

სსიპ − რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო – თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

 

მუხლი 2
საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა ეთხოვოთ შემდეგი დაწესებულებების წარმომადგენლებს:

სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახური;

საქართველოს უზენაესი სასამართლო;

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი;

საქართველოს სახალხო დამცველი (სახალხო დამცველის აპარატი);

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი (ინსპექტორის აპარატი);

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია;

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში;

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში;

ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში;

USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოში;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;

არასამთავრობო ორგანიზაცია − ქალთა საინფორმაციო ცენტრი;

არასამთავრობო ორგანიზაცია − სამოქალაქო განვითარების სააგენტო;

არასამთავრობო ორგანიზაცია − საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

არასამთავრობო ორგანიზაცია − კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

არასამთავრობო ორგანიზაცია − საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო;

ფონდი „ღია საზოგადოება − საქართველო“.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ადამიანის უფლებების დაცვის უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საბჭო იქმნება განუსაზღვრელი ვადით.

3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

4. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.

მუხლი 2. საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა

1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2. საბჭოს შემადგენლობაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.

3. საბჭოს მდივნის ფუნქციას ასრულებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახურის) − უფროსი;

4. საბჭოს შემადგენლობაში შემავალი პირის მიერ, გარდა ექსპერტისა და მეცნიერისა, ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე.

5. საბჭოს ის წევრები, რომლებიც წარმოადგენენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს, საბჭოს წინაშე პასუხისმგებელნი არიან საკუთარი სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებაზე.

მუხლი 3. საბჭოს ამოცანები და უფლებამოსილებები

1. საბჭოს ამოცანებია:

ა) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ბ) ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხილვა და დასამტკიცებლად მთავრობისთვის წარდგენა;

გ) სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი შესაბამისი თემატური სამუშაო ჯგუფების საშუალებით.

2. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საბჭოს უფლებამოსილებებია:

ა) სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მომზადებული წინადადებების და რეკომენდაციების განხილვა, დამტკიცება და  საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

ბ) თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ფარგლების, შინაარსის განსაზღვრა და დებულების დამტკიცება;

გ) კოორდინაციის მიზნით, თემატური სამუშაო ჯგუფებისა და სამდივნოს საქმიანობის ზედამხედველობა;

დ)   სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადება, განხილვა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

ე) სამოქმედო გეგმის ეფექტიანად შესრულების მიზნით, დავალებების შემუშავება სამუშაო ჯგუფებისთვის, შესაბამისი სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოსთვის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახური) (შემდგომში − სამდივნო);

ვ) გადაწყვეტილებების მიღება ან/და სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისთვის და ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად.

მუხლი 4. ანგარიშის წარდგენა

სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებული ყოველწლიური ანგარიში წარედგინება საბჭოს, რომელიც განიხილავს და არა უგვიანეს ყოველი წლის 15 მარტისა წარუდგენს საქართველოს მთავრობას, ხოლო საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 31 მარტისა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

მუხლი 5. თემატური სამუშაო  ჯგუფები

1. საბჭო სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციისა და მონიტორინგის  მიზნით,  ხმათა უმრავლესობით, ქმნის თემატურ სამუშაო ჯგუფებს ან/და მიმართავს მთავრობას მოქმედი უწყებათაშორისი კომისიების, საბჭოებისა და თემატური სამუშაო ჯგუფებისათვის მითითებული ფუნქციების დაკისრებასთან დაკავშირებით.

2. თემატური სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებათა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მეცნიერები, ექსპერტები და შესაბამისი (თემატური) სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლები.

3. თემატური სამუშაო ჯგუფი სამდივნოს ინიციატივის საფუძველზე,  ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს მომხსენებელს თემატური სამუშაო ჯგუფის შემადგენლობიდან, რომელიც თემატური სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს, წინადადებებსა და ანგარიშებს წარუდგენს საბჭოს.

4. თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას,  თემატურ სამუშაო ჯგუფზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საბჭოს სამდივნო, მომხსენებელთან შეთანხმებით. როგორც წესი, თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ტარდება 3 თვეში ერთხელ მაინც. თემატური სამუშაო ჯგუფის სამდივნოს ფუნქცია შეიძლება განახორციელოს სამდივნომ ან არსებული კომისიებისა და საბჭოების სამდივნოებმა.

5. თემატური სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია:

ა) სამდივნოსთან კოორდინაციით მოამზადოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმისა და გეგმაში შესატანი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციები და ცვლილებები;

ბ) განიხილოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით სამდივნოს მიერ მომზადებული ინფორმაცია და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები მის შესრულებასთან დაკავშირებით;

გ) განიხილოს სამდივნოს მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში;

დ) განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც აუცილებელია თემატური სამუშაო ჯგუფების მიერ მათზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად.

მუხლი 6. საბჭოს მუშაობის ორგანიზება

1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე.

2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თანათავმჯდომარე, ან საბჭოს თავმჯდომარის დავალებით, საბჭოს მდივანი.

3. საბჭოს სხდომების პერიოდულობას, დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, იმართება 6 თვეში ერთხელ.

4. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ადგენს სამდივნო თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობის გათვალისწინებით და ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე, რომლის საჯაროდ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს  სამდივნო.

5. საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო (სამსახური).

6. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე თემატური სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.

7. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

8. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ხმათა 1/3-ისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

10. სხდომის ჩატარებიდან 1 კვირის ვადაში საბჭოს სამდივნო აქვეყნებს სხდომის ოქმს.