დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №551 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 114 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/02/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.021824 |
|
„ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №551 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №551 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2016, 010220020.10.003.019616) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობა: საქართველოს პრემიერ-მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − საბჭოს თანათავმჯდომარე; საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში − საბჭოს თანათავმჯდომარე; საქართველოს იუსტიციის მინისტრი − საბჭოს წევრი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი − საბჭოს წევრი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი − საბჭოს წევრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − საბჭოს წევრი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი − საბჭოს წევრი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − საბჭოს წევრი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი − საბჭოს წევრი; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − საბჭოს წევრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − საბჭოს წევრი; საქართველოს თავდაცვის მინისტრი − საბჭოს წევრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − საბჭოს წევრი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახურის) უფროსი − საბჭოს მდივანი; სსიპ − რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე − საბჭოს წევრი; სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი − საბჭოს წევრი; სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი − საბჭოს წევრი;“. 2. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მინისტრების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების მიერ საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ მოვალეობას ასრულებს ამ პირის მიერ განსაზღვრული მოადგილე.“. 3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 2. საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ შემდეგი დაწესებულებების/ორგანიზაციების წარმომადგენლებს: საქართველოს გენერალური პროკურატურა; საქართველოს უზენაესი სასამართლო; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი; საქართველოს სახალხო დამცველი (სახალხო დამცველის აპარატი); სახელმწიფო ინსპექტორი (ინსპექტორის სამსახური); საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია; სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახური; საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია; გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი (UNRC) საქართველოში; გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობა საქართველოში; გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენლობა საქართველოში; გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) საქართველოში; გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) საქართველოში; გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობა საქართველოში; გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი; შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) საქართველოში; ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში; ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში; USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოში; არასამთავრობო ორგანიზაცია − ქალთა საინფორმაციო ცენტრი; არასამთავრობო ორგანიზაცია − სამოქალაქო განვითარების სააგენტო; არასამთავრობო ორგანიზაცია − საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; არასამთავრობო ორგანიზაცია − კონსტიტუციის 42-ე მუხლი; არასამთავრობო ორგანიზაცია − საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო; ფონდი „ღია საზოგადოება − საქართველო“; არასამთავრობო ორგანიზაცია − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); არასამთავრობო ორგანიზაცია − ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); არასამთავრობო ორგანიზაცია − პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); არასამთავრობო ორგანიზაცია − იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“; არასამთავრობო ორგანიზაცია − სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი; კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).“. 4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: „ მუხლი 21 1. საბჭოსთან იქმნება საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შედგება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან და რომლის მიზანია საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებში შემავალ საკითხებზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა. 2. საკონსულტაციო ჯგუფის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთვის (სამსახურისთვის) შესაბამისი განაცხადის წარდგენის გზით. 3. საკონსულტაციო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები შეიძლება, შედიოდნენ თემატური სამუშაო ჯგუფის/კომისიის შემადგენლობაში.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული „ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. საბჭო იქმნება განუსაზღვრელი ვადით. 3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2. საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა 1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. საბჭოს შემადგენლობაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მიწვეულ იქნენ სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები. 3. საბჭოს მდივნის ფუნქციას ასრულებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახურის) უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − საბჭოს სხდომის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სამდივნოს თანამშრომელი. 4. საბჭოს შემადგენლობაში შემავალი პირის მიერ, გარდა ექსპერტისა და მეცნიერისა, ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე. 5. საბჭოს ის წევრები, რომლებიც წარმოადგენენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს, საბჭოს წინაშე პასუხისმგებელნი არიან საკუთარი უწყების მიერ ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებაზე. მუხლი 3. საბჭოს ამოცანები და უფლებამოსილებები 1. საბჭოს ამოცანებია: ა) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის განხილვა და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა; გ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია და ანგარიშგება შესაბამისი თემატური სამუშაო ჯგუფების/კომისიების საშუალებით; დ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი; ე) ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით/რეზოლუციით მიღებული რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია; ვ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, სახელშეკრულებო ორგანოებისა და უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ანგარიშების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის/პარლამენტის კომიტეტის მიერ მიღებულ დადგენილებაში/დასკვნაში ასახული ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია; ზ) უფლებამოსილების განხორციელების პროცესში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. 2. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საბჭოს უფლებამოსილებებია: ა) ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მომზადებული წინადადებებისა და რეკომენდაციების განხილვა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა; ბ) თემატური სამუშაო ჯგუფების/კომისიების საქმიანობის ფარგლების, შინაარსის განსაზღვრა და დებულების დამტკიცება; გ) კოორდინაციის მიზნით, თემატური სამუშაო ჯგუფების/კომისიებისა და ადამიანის უფლებათა სამდივნოს საქმიანობის ზედამხედველობა; დ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა; ე) ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ეფექტიანად შესრულების მიზნით, დავალებების შემუშავება სამუშაო ჯგუფებისთვის/კომისიებისთვის, შესაბამისი სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა სამდივნოსთვის; ვ) ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშების საფუძველზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებით/რეზოლუციით მიღებული რეკომენდაციების განხილვა და უფლებამოსილი სამთავრობო უწყებების მიერ მათი შესრულების კოორდინაცია; ზ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, სახელშეკრულებო ორგანოებისა და უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ანგარიშების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის/პარლამენტის კომიტეტის მიერ საქართველოს მთავრობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მიღებული დადგენილების/დასკვნის განხილვა და უფლებამოსილი სამთავრობო უწყებების მიერ მათში ასახული ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია; თ) გადაწყვეტილებების მიღება ან/და სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისთვის და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესასრულებლად. მუხლი 4. ადამიანის უფლებათა სამდივნო 1. საბჭოს ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველყოფისა და ყოველდღიური მხარდაჭერის მიზნით, არსებობს ადამიანის უფლებათა სამდივნო (შემდგომში − სამდივნო), რომელიც არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზნის განსახორციელებლად, სამდივნო უზრუნველყოფს: ა) საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას; ბ) სხვა სამინისტროებში ადამიანის უფლებებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიების/ჯგუფებისა და საბჭოს საქმიანობებს შორის კოორდინაციას; გ) თემატური სამუშაო ჯგუფების/კომისიების გამართულ ფუნქციონირებას, ეფექტიანი კოორდინაციის, განხორციელებისა და ანგარიშგების მიზნით; დ) საკონსულტაციო ჯგუფთან რეგულარულ თანამშრომლობას, მათი წინადადებების/რეკომენდაციების განხილვის მიზნით; ე) ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს საბჭოს მიერ მიღებული მონიტორინგის მეთოდოლოგიით. 3. ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახურის) საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება სამდივნოს დებულებით. მუხლი 5. ანგარიშის წარდგენა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებული ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 31 მარტისა. მუხლი 6. თემატური სამუშაო ჯგუფები/კომისიები 1. ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის, განხორციელებისა და ანგარიშგების მიზნით, საბჭოს ან საქართველოს მთავრობის მიერ იქმნება თემატური სამუშაო ჯგუფები ან/და კომისიები და მტკიცდება მათი დებულება. 2. თემატური სამუშაო ჯგუფის/კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები, საკონსულტაციო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მეცნიერები, ექსპერტები და შესაბამისი (თემატური) სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლები. 3. თემატური სამუშაო ჯგუფი/კომისია უფლებამოსილია: ა) სამდივნოსთან კოორდინაციით, მოამზადოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმისა და გეგმაში შესატანი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციები და ცვლილებები; ბ) განიხილოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით სამდივნოს მიერ მომზადებული ინფორმაცია/ანგარიში და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები მის შესრულებასთან დაკავშირებით; გ) განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც აუცილებელია თემატური სამუშაო ჯგუფების/კომისიების მიერ მათზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად. მუხლი 7. საბჭოს მუშაობის ორგანიზება 1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თანათავმჯდომარე − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. 3. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, იმართება წელიწადში სამჯერ. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეს ან მისი დავალებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს უფლება აქვს, მოიწვიოს საბჭოს რიგგარეშე სხდომა. 4. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ადგენს სამდივნო, თემატური სამუშაო ჯგუფების/კომისიების საქმიანობის გათვალისწინებით და ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე, რომლის საჯაროდ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამდივნო. 5. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საბჭოს სხდომაზე ასევე მოიწვიოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლ(ებ)ი. 6. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ სხდომის თავმჯდომარეს, თანათავმჯდომარესა და საბჭოს წევრებს. 7. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს ხმის უფლების მქონე წევრთა ნახევარზე მეტი. 8. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. 10. სხდომის ჩატარებიდან 1 კვირის ვადაში სამდივნო აქვეყნებს სხდომის ოქმს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული „ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული მონიტორინგის მეთოდოლოგია მიიღება ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს მიერ ელექტრონული ფოსტის (HumanRightsGeo@gov.ge) მეშვეობით. ამ საშუალებით გამოხატული პოზიცია ან/და მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები