თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019250
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
185
18/04/2016
ვებგვერდი, 22/04/2016
300160070.10.003.019250
თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/04/2016 - 25/05/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №185

2016 წლის 18 აპრილი

   ქ. თბილისი

 

თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2016 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი

მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს ჩვეულებრივი თხილის (Corylus avvellana L., Corulus maxima) და მათი კულტივირებული ჰიბრიდების ნაყოფის მიმართ და ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორის მიმართ, რომელიც ახორციელებს გატეხილი ან/და გადამუშავებული თხილის  ექსპორტს.

2. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ექსპორტისათვის განკუთვნილი  თხილის  რეგულირების პრინციპების განსაზღვრას.

3. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს:

ა) ტერმინთა განმარტებებს;

ბ) მოთხოვნებს გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის მიმართ;

გ) მოთხოვნებს  რეგულირების ობიექტის უვნებლობის, შეფუთვისა და ეტიკეტირებისადმი;

დ) ჰიგიენის მოთხოვნებს ბიზნესოპერატორის მიმართ;

ე) გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის შესაბამისობის კონტროლის პროცედურებს.

მუხლი 2. რეგულირების ობიექტი

 რეგულირების ობიექტებია  ექსპორტისათვის განკუთვნილი:

ა) გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით);

ბ) თხილის გული;

გ) გადამუშავებული თხილის გული.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს  შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით) (Inshell hazelnut) ჩვეულებრივი თხილის (Corylus avvellana L. და Corulus maxima) და მისი ჰიბრიდების კულტივირებული მცენარეების ნაყოფი, რომელსაც მოცილებული აქვს ნაყოფსაფარი;

 ბ) გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით) მშრალი (Dry) თხილი, რომლის ნაჭუჭის ზედაპირი მშრალია და სინესტის მასური წილი არ აღემატება 12 %-ს;

გ) გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით) მრგვალი (Inshell rounded hazelnut) თხილი ნაჭუჭით, რომლის განივი კვეთის მაქსიმალური დიამეტრი ნაკლებია ან ტოლია სიგრძის და აქვს მრგვალი ფორმა;

დ) გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით) მოგრძო (Inshell pointed hazelnut) თხილი ნაჭუჭით, რომლის დიამეტრი სიგრძეზე ნაკლებია და ზედა ნაწილს აქვს მოგრძო ფორმა;

 ე) გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით) სხვა ფორმის (other Inshell hazelnut) ყველა სხვა ფორმის თხილი ნაჭუჭით, გარდა ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმისა;

ვ) გაბზარული ან გახეთქილი გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით) (Split or broken hazelnuts) ნაჭუჭის ნებისმიერი ღია ბზარი ან ნახეთქი, რომლის ზომა თხილის გარშემოწერილობის ¼-ზე მეტია;

ზ) ნაჭუჭის დეფექტი (Shell defects) ნაჭუჭის ნებისმიერი დეფექტი, რომელიც თხილის გულზე არ ახდენს გავლენას;

თ) ცარიელი (Empty ) თხილი ნაჭუჭით, თხილის გულის გარეშე;

ი) გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით) დაუზიანებელი  (Intact hazelnut) თხილი ნაჭუჭით, რომლის ნაჭუჭი არ არის გაბზარული, გახეთქილი ან მექანიკურად დაზიანებული. უმნიშვნელო ბზარი ან ნახეთქი არ ითვლება დეფექტად, თუ თხილის გული არ არის დაზიანებული;

კ) თხილი გამომხმარი, გამოფიტული (Shriveled hazelnut) თხილი, რომლის გულის კანის ზედაპირის 50%-ზე მეტი დანაოჭებულია და რომელიც მიიღება მაღალმოსავლიან წელს ან გვალვის ან არასწორი შრობის ან მცენარის ნიადაგიდან ცუდად გამოკვებისას ან შეიძლება ეს იყოს მემკვიდრული ნიშანი;

ლ)   თხილი დამჭკნარი (Shrunken hazelnut) თხილში ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში განაყოფიერების შემდეგ სწრაფად ზრდის გამო  განუვითარებელი, დეფორმირებული, მაგარი კონსისტენციის მქონე გულის წარმოქმნა;

 მ) თხილი კარგად ფორმირებული (Fully developed hazelnut) თხილი, რომლის ნაჭუჭს არ აქვს შესამჩნევი დეფორმაცია და თხილის ფორმა შეესაბამება კლასისა და კომერციული ტიპისათვის დამახასიათებელ ფორმას;

ნ) უცხო სუნი და გემო (Abnormal smell and taste) განსხვავებული სუნი და გემო, რომელიც არ არის დამახასიათებელი თხილისათვის;

ო) უცხო მინარევები (Foreign matter) ნებისმიერი მინარევი, რომელიც არ ახასიათებს ნაჭუჭიან თხილს ან/და თხილის გულს;

პ) თხილი მავნებლებით დაზიანებული ზოგიერთი მავნებლის მიერ გამოწვეული შეუიარაღებელი თვალით ხილული დაზიანება, რომლის დროსაც თხილში შეიძლება აღინიშნებოდეს მკვდარი მწერების ან მწერების ნარჩენების არსებობა;

ჟ) თხილი დაობებული (Moldy hazelnut) თხილი ნაჭუჭით ან/და თხილის გული, რომელზეც ან/და რომელშიც შეიმჩნევა შეუიარაღებელი თვალით ხილული ობის სოკოს ჰიფები;

რ) თხილი დამძაღებული (Rancidity hazelnut) თხილის გულში არასასურველი გემოს წარმოქმნა, რომელიც გამოწვეულია თხილის გულში არსებული ცხიმებისა და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვით;

ს) თხილი დამპალი,  გაფუჭებული  (Rotten, spoiled hazelnut) თხილი, რომლის სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეცვლილია მიკროორგანიზმების მოქმედების შედეგად;

ტ) თხილის გული (Kernel) ჩვეულებრივი თხილის (Corylus avvellana L., და Corulus maxima) და მათი ჰიბრიდების კულტივირებული მცენარეების ნაყოფი ნაჭუჭის გარეშე;

უ)    თხილის გული მრგვალი (Rounded kernel) თხილის გული, რომლის განივი კვეთის მაქსიმალური დიამეტრი ნაკლებია ან ტოლია სიგრძის და აქვს მრგვალი ფორმა;

ფ) თხილის გული მოგრძო (Pointed kernel) თხილის გული, რომლის განივი კვეთის მაქსიმალური დიამეტრი სიგრძეზე ნაკლებია და ზედა ნაწილს აქვს მოგრძო ფორმა;

ქ) თხილის გული სხვა ფორმის (Other kernel) ყველა სხვა ფორმის თხილის გული, გარდა ამ პუნქტის  „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმისა;

ღ) თხილის გული სუფთა (Clean kernels) თხილის  გული, რომელსაც არ აღენიშნება შეუიარაღებელი თვალით ხილული დაბინძურება და უცხო მინარევები;

ყ) უცხო მინარევი (Foreign matter) ყველა სახის მინარევი, გარდა თხილის გულის ან თხილის გულის ნაწილებისა;

შ) თხილის გული მწერებით დაზიანებული (Insect damaged hazelnuts) ზოგიერთი მწერის და პარაზიტის მიერ გამოწვეული თხილის გულის შეუიარაღებელი თვალით ხილული დაზიანება, რომლის დროსაც აღინიშნება მკვდარი მწერების ან მწერების ნარჩენების არსებობა;

ჩ) თხილის გული დანაწევრებული (Pieces hazelnut) თხილის გული, რომელსაც აკლია ზომის 1/3 და ასევე თხილის გულის ნაწილები, რომლებიც ვერ გადიან 5 მმ დიამეტრის მქონე ნახვრეტებიან ცხავში (ბადეში);

ც) თხილის გულის ლაქები და ფიზიოლოგიური ცვლილებები  (Stains and physiological changes of hazelnut) თხილის გულის ფერისა და გემოს ცვლილება, რომელიც ვითარდება მაღალ ტემპერატურაზე ან არახელსაყრელ პირობებში გამოშრობისა და შენახვის დროს (თხილის გულის დეფექტად არ მიიჩნევა თხილის გულის ცენტრის ყავისფერი ან მუქი ყავისფერი შეფერილობა, რასაც თან ახლავს თხილის გულის ლებნების უმნიშვნელო გაყოფა, თუ ის გავლენას არ ახდენს თხილის გულის სუნსა და გემოზე);

ძ) თხილის გული ტყუპი  (Twins hazelnut) 2 გულის განვითარება ერთ გაუტეხავ თხილში;

წ) თხილის გულის გაყვითლება  (Yellowing hazelnut) გაჭრილი თხილის გულის ზედაპირზე მუქი ყვითელი ფერის წარმოქმნა, რომელსაც თან ახლავს ან არ ახლავს გულის დარბილება ან ფერისა და გემოს ცვლილება;

ჭ) თხილის გულის ქსოვილის გამაგრება (სიმსივნე) (Tumors hazelnut) თხილის გულში მწერების მიერ დაზიანებულ ადგილზე მაგარი, თეთრი ფერის ქსოვილის წარმოქმნა. თუ ასეთი ქსოვილის ზომა 2 მმ-ზე ნაკლებია, იგი არ უნდა იქნეს გათვალისწინებული;

ხ) თხილის გულის ფარული სიდამპლე (Invisible rot hazelnut) თხილის გულში განვითარებული სიდამპლე, რომლიც გარედან დათვალიერებისას არ შეიმჩნევა;

ჯ) თხილის გულის ფარული ობი (Invisible mold hazelnut) თხილის გულში განვითარებული ობი, რომლიც გარედან დათვალიერებისას არ შეიმჩნევა;

ჰ) თხილის გულის მჟავე გემო (Sour taste hazelnut) თხილის გულის ფერის, სუნისა და გემოს გაუარესება, რომელიც წარმოქმნება თხილის გულში არსებული ცხიმების დაჟანგვით და თხილს აძლევს უმნიშვნელოდ მჟავე გემოს;

 ჰ1) თხილის გულის მექანიკური დაზიანება (Mechanically damaged hazelnut ) თხილის ნაჭუჭის მოცილებისას თხილის გულის 3 მმ-ზე მეტი დიამეტრის და 1,5 მმ სიღრმის დაზიანების წარმოქმნა;

2) თხილის გულის დეფორმაცია (Pressed hazelnut) თხილის გულის ფორმის ცვლილება, რომელიც გამოწვეულია ფიზიკური ზემოქმედებით ან სხვა მიზეზებით;

3) მოსავლის აღების წელი (Crop year) თხილის დაკრეფის წელი;

4) თხილის გული გადამუშავებული (Processed hazelnut kernels) გადამუშავებული თხილის გული, პროდუქტი, რომელიც გაირჩა, მოიხალა, დაიჭრა, დაქუცმაცდა ან გადამუშავდა სხვა ნებისმიერი პროცესით;

5) თხილის გული ბლანშირებული (კანგაცლილი)  (Blanched hazelnut kernels) თხილის გული, რომელსაც სრულად აქვს კანი მოცილებული. დაუშვებელია კანის ნაწილობრივ მოცლა;

6) თხილის გული მოხალული (Roasted hazelnut kernels) ბლანშირებული (კანგაცლილი) თხილის გული, რომელიც მოხალულია. დაუშვებელია ნაწილობრივ მოხალვა;

7) თხილის გული ბლანშირებული (კანგაცლილი), როგორიც არის (Blanched hazelnut kernels) (as is) თხილის გული, რომელსაც მოცილებული აქვს კანი. ნაწილობრივ კანგაცლილი გულები დასაშვებია;

8) თხილის გული მოხალული, როგორიც არის (Roasted hazelnut kernels) (as is) (კანგაცლილი) თხილის გული, რომელიც მოხალულია. ნაწილობრივ მოხალული გულები დასაშვებია;

9) თხილის გული, ნაწილობრივ ბლანშირებული (კანგაცლილი) (Partly Blanched hazelnut kernels) თხილის გული, რომელიც მიიღება ბლანშირების (კანის მოცილება) შემდეგ და წარმოადგენს ბლანშირებული (კანგაცლილი) და ნაწილობრივად ბლანშირებული (კანგაცლილი) თხილის გულების ნარევს;

 ჰ10) თხილის გული ნაწილობრივ მოხალული (Partly Roasted hazelnut kernels) თხილის გული, რომელიც მიიღება მოხალვის შემდეგ ნაწილობრივ ბლანშირებული (კანგაცლილი) და კანგაუცლელი თხილის გულებისაგან;

 ჰ11) თხილის გული კუბებად დანაწევრებული (დაქუცმაცებული) (Diced hazelnut kernels) სპეციალური მეთოდის გამოყენებით, კუბების ფორმით დაჭრილი თხილის გული;

12) თხილის გული ბლანშირებული (კანგაცლილი), დეფექტიანი (როგორიც არის) (Defected Blanched hazelnut kernels, as is) თხილის გული, რომელიც წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე სახის ბლანშირებული (კანგაცლილი), დეფექტიანი, მათ შორის, დამჭკნარი, გამოფიტული, გამაგრებული, მექანიკურად დაზიანებული, დამტვრეული, დახეთქილი ტყუპი გულების ნარევს. ნაწილობრივ ბლანშირებული (კანგაცლილი) თხილის გული დაშვებულია;

13) თხილის გული მოხალული, დეფექტიანი, (როგორიც არის) (Defected Roasted hazelnut kernels, as is) თხილის გული, რომელიც წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე სახის მოხალული, დეფექტიანი, მათ შორის,  დამჭკნარი, გამოფიტული გამაგრებული, მექანიკურად დაზიანებული, დამტვრეული, დახეთქილი ტყუპი გულების ნარევს. ნაწილობრივ მოხალული თხილის გული დაშვებულია;

14) თხილის გული კუბებად დანაწევრებული (დაქუცმაცებული), დეფექტიანი (როგორიც არის) (Defected Diced hazelnut kernels, as is) თხილის გული, რომელიც წარმოადგენს სპეციალური მეთოდის გამოყენებით კუბების ფორმით დაჭრილი ერთი ან რამდენიმე სახის დეფექტიანი, მათ შორის,  დამჭკნარი, გამოფიტული გამაგრებული, მექანიკურად დაზიანებული, დამტვრეული, დახეთქილი ტყუპი გულების ნარევს;

15) ძველი მოსავალი (old crop) წინა 2 ან მეტი წლით ადრე აღებული მოსავალი;

16) დეფექტი დაჭკნობა, გამოფიტვა, გამაგრებული ქსოვილის წარმოქმნა, გაყვითლება, დამძაღება, დალპობა, დაობება, ფარული სიდამპლე, ფარული დაობება, მავნებლებით დაზიანება, მექანიკურად დაზიანება, დამტვრევა, დახეთქვა, ტყუპი გული, უცხო მინარევები;

17) კომერციული ტიპი თითოეულ პარტიაში ერთნაირი ტიპის თხილი ნაჭუჭით ან თხილის გული, რომელსაც შესაძლებელია შერეული  ჰქონდეს მწარმოებელი ქვეყნის მიერ განსაზღვრული სხვა ტიპი;

18) დეკლარირებული სტანდარტი სტანდარტი, რომელსაც მწარმოებელი იყენებს და რომლის გამოყენების შესახებაც მიუთითებს, მათ შორის, საწარმოს შიდა სტანდარტი;

19) შესაბამისობის დეკლარაცია დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ადასტურებს პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

20) არასტანდარტული გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით), თხილის გული გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით) და  თხილის გული, რომელიც  არ შეესაბამება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ  გაუტეხავი თხილისა (თხილი ნაჭუჭით) და  თხილის გულისათვის დადგენილ ფორმას, კომერციულ ტიპს, ხარისხსა და ზომას;

21) შესაბამისობის შეფასება (შშ) პროცედურები, რომლითაც დგინდება, შესრულებულია თუ არა შესაბამისობის შეფასების ობიექტის მიმართ დადგენილი მოთხოვნები;

22) შესაბამისობის შეფასების ობიექტი პროდუქტი, პროცესი, სისტემა,  რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისობის შეფასება.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის  მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა  დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 4. მოთხოვნები რეგულირების ობიექის მიმართ

1. მოთხოვნები გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით) მიმართ:   

ა) გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით) ზოგადი მახასიათებლები:

ა.ა) ნაჭუჭის მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც ნაჭუჭი უნდა იყოს:

ა.ა.ა) კარგად ფორმირებული და არ უნდა იყოს მნიშვნელოვნად დეფორმირებული;

ა.ა.ბ) დაზიანების გარეშე, დეფექტად არ მიიჩნევა უმნიშვნელო ნახეთქი, ბზარი და ზედაპირული ცვლილება, თუ თხილის გული არ არის დაზიანებული;

ა.ა.გ) საღი, ისეთი დეფექტის გარეშე, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ბუნებრივად შენახვის დროს მის ხარისხზე;

ა.ა.დ) მავნებლებისა და მწერებით გამოწვეული დაზიანებების გარეშე;

ა.ა.ე) სუფთა, არ უნდა ჰქონდეს შეუიარაღებელი თვალით ხილული დაბინძურება, ჭუჭყი და უცხო მინარევები;

ა.ა.ვ) ნაყოფსაფარისგან თავისუფალი, დასაშვებია ნაჭუჭის ზედაპირის არაუმეტეს  5%  დაფარული იყოს მწვანე ნაყოფსაფარით;

ა.ა.ზ) მშრალი, ზედმეტი სინესტის გარეშე;

ა.ბ) თხილის გულის მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც თხილის გული უნდა იყოს:

ა.ბ.ა) დაზიანების გარეშე, დეფექტად არ მიიჩნევა ზედაპირული უმნიშვნელო დაზიანებები;

ა.ბ.ბ) საღი, მავნებლებით და მწერებით დაზიანებისა და გაფუჭების გარეშე;

ა.ბ.გ) სუფთა, არ უნდა ჰქონდეს შეუიარაღებელი თვალით ხილული დაბინძურება, ჭუჭყი და უცხო მინარევები;

ა.ბ.დ) ჯგუფისთვის დამახასიათებელი სიმწიფის;

ა.ბ.ე) ობის გარეშე;

ა.ბ.ვ) მავნებლებისა და მწერებით გამოწვეული დაზიანებების გარეშე და არ უნდა ჰქონდეს შეუიარაღებელი თვალით ხილული დაზიანების ნიშნები;

ა.ბ.ზ) თავისუფალი ცოცხალი ან/და მკვდარი მავნებლებისა და მწერებისაგან, მათი განვითარების ეტაპის მიუხედავად;

ა.ბ.თ) დამძაღების გარშე;

ა.ბ.ი) უცხო სუნისა და გემოს გარეშე;

ა.ბ.კ) ლაქების გარეშე (თხილის გულის დეფექტად არ მიიჩნევა თხილის გულის ცენტრის ყავისფერი ან მუქი ყავისფერი შეფერილობა, რასაც თან ახლავს თხილის გულის ლებნების უმნიშვნელო გაყოფა, თუ ის გავლენას არ ახდენს თხილის გულის სუნსა და გემოზე);

ა.გ) სინესტის მასური წილი, რომელიც გაუტეხავი თხილისთვის (თხილი ნაჭუჭით) შეადგენს 12%-ს, ხოლო გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით) გულისათვის 7 %-ს;

ბ) გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით) ფორმის და კომერციული ტიპის მახასიათებლები, რომლის მიხედვით გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით) იყოფა 3 ჯგუფად:

ბ.ა) გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით) მრგვალი, რომლის განივი კვეთის მაქსიმალური დიამეტრი სიგრძის ტოლი ან სიგრძესთან მიახლოებულია და აქვს მრგვალი, სფერული ფორმა;

ბ.ბ) გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით) მოგრძო, რომლის განივი კვეთის მაქსიმალური დიამეტრი სიგრძეზე ნაკლებია და აქვს მოგრძო ფორმა;

ბ.გ) გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით)  სხვა ფორმის, რომელსაც ახასიათებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ჯგუფებისაგან განსხვავებული მახასიათებლები;

გ) გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით) ხარისხის მახასიათებლები, რომლის მიხედვით გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით) იყოფა 3 კლასად:

გ.ა) ექსტრა (უმაღლესი) კლასი, რომელსაც ახასიათებს ექსტრა (უმაღლესი) ან კომერციული ტიპისათვის დამახასიათებელი ნიშნები, არ უნდა ჰქონდეს რაიმე დეფექტი. დეფექტად არ ითვლება უმნიშვნელო ზედაპირული ცვლილებები, რომლებიც გავლენას არ ახდენენ გარეგნულ ნიშნებზე, ხარისხსა და შეფუთულ ერთეულში ხარისხზე;

გ.ბ) I კლასი, რომელსაც ახასიათებს I კლასის ან კომერციული ტიპისათვის დამახასიათებელი ნიშნები, დასაშვებია ფორმისა და ფერის უმნიშვნელო ცვლილება, რომელიც გავლენას არ ახდენს გარეგნულ ნიშნებზე, ხარისხსა და შეფუთულ ერთეულში ხარისხზე;

გ.გ) II კლასი, რომელსაც არ ახასიათებს ექსტრა (უმაღლესი) და I კლასის დამახასიათებელი ნიშნები, დასაშვებია დეფექტები, რომლებიც გავლენას არ ახდენს გარეგნულ ნიშნებზე, ხარისხსა და შეფუთულ ერთეულში ხარისხზე;

გ.დ) კლასების მიხედვით გაუტეხავი თხილისთვის (თხილი ნაჭუჭით) განსაზღვრული ხარისხიდან დასაშვები გადახრა წარმოდგენილია №1 ცხრილში „გაუტეხავი თხილისათვის (თხილი ნაჭუჭით) განსაზღვრული ხარისხიდან დასაშვები გადახრა;

დ) მოთხოვნები გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით) ზომის მიმართ, რომლის დადგენა (დაკალიბრება) ხდება განივი კვეთის დიამეტრის მიხედვით, მრგვალ ნახვრეტებიან ცხავში (ბადეში) გატარებით და გამოხატულია მაქსიმალური ან მინიმალური ზომებით იმ პირობით, რომ მაქსიმალური ზომის განსაზღვრისას მითითებული  უნდა იქნეს სიტყვები „და ნაკლები“, ხოლო მინიმალური ზომის მითითებისას „და მეტი“. ზომის მიხედვით გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით) იყოფა 6 ზომად:

დ.ა) ზომა - 22 მმ და მეტი, შერჩევა 22 მმ და ზემოთ (ან და ნაკლები);

დ.ბ) ზომა 20-დან 22 მმ-მდე, შერჩევა 20 მმ და ზემოთ (ან და ნაკლები);

დ.გ) ზომა 18-დან 20 მმ-მდე, შერჩევა 18 მმ და ზემოთ (ან და ნაკლები);

დ.დ) ზომა 16-დან 18 მმ-მდე, შერჩევა 16 მმ და ზემოთ (ან და ნაკლები);

დ.ე) ზომა 14-დან 16 მმ-მდე, შერჩევა 14 მმ და ზემოთ (ან და ნაკლები);

დ.ვ) ზომა 12-დან 14 მმ-მდე;

დ.ზ) გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ზომებისა, ნებისმიერი სხვა ზომის გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით), რომელიც უფრო დიდი ზომისაა, შესაძლებელია დასახელდეს „შერჩეული ზომის“ სახელწოდებით;

დ.თ) ზომის დადგენა (დაკალიბრება) სავალდებულოა „ექსტრა“ (უმაღლესი), I კლასის და შერჩევით II კლასის გაუტეხავი თხილისათვის (თხილი ნაჭუჭით);

დ.ი) გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით) ყველა კლასისათვის დაშვებულია ზომიდან გადახრა:

დ.ი.ა) მრგვალი თხილისათვის წონის 5 %;

დ.ი.ბ) მოგრძო თხილისათვის წონის 10 %;

ე) გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით) გულში მარილმჟავაში უხსნადი ნაცრის ელემენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გ/კგ-ში;

ვ) არ უნდა მოხდეს სხვადასხვა წლის მოსავლის შერევა.

2. მოთხოვნები თხილის გულის მიმართ:

ა) ზოგადი მახასიათებლების მიხედვით, თხილის გული უნდა იყოს:

ა.ა) დაზიანების გარეშე, ნაწილობრივ გაცლილი კანი, ასევე 3 მმ დიამეტრისა და 1,5 მმ სიღრმის უმნიშვნელო დაზიანებები არ მიიჩნევა დეფექტად;

ა.ბ) მშრალი, ზედაპირული სინესტის ნიშნების გარეშე;

ა.გ) სუფთა, ხილული უცხო მინარევების გარეშე;

ა.დ) საღი, სიდამპლის ნიშნების და დამძაღებული გემოს გარეშე, რაც სურსათად გამოყენებისათვის გამოუსადეგარს ხდის;

ა.ე) სრულყოფილად განვითარებული, დამჭკნარი და გამოფიტული გული არ მიიჩნევა სრულყოფილად განვითარებულად;

ა.ვ) დამძაღების გარეშე;

ა.ზ) ისეთი დეფექტების გარეშე, რომელიც მას სურსათად მოხმარებისათვის გამოუსადეგარს გახდის;

ა.თ) თავისუფალი ცოცხალი მავნებლებისა (მღრღნელების) და მწერებისაგან, მათი განვითარების ეტაპის მიუხედავად;

ა.ი) მავნებლებით, მწერებით და სხვა პარაზიტებით ხილული დაზიანებისა და გაფუჭების გარეშე;

ა.კ) ობის გარეშე;

ა.ლ) უცხო სუნისა და გემოს გარეშე;

ა.მ) ჯგუფისთვის დამახასიათებელი სიმწიფის;

ა.ნ) სინესტის მასური წილი არ უნდა აღემატებოდეს 6%-ს;

ბ) თხილის გული ფორმის და კომერციული ტიპის მიხედვით იყოფა 3  ჯგუფად:

ბ.ა) თხილის გული მრგვალი, რომლის განივი კვეთის მაქსიმალური დიამეტრი სიგრძის ტოლი ან სიგრძესთან მიახლოებულია და აქვს მრგვალი, სფერული ფორმა;

ბ.ბ) თხილის გული მოგრძო, რომლის განივი კვეთის მაქსიმალური დიამეტრი სიგრძეზე ნაკლებია და აქვს მოგრძო ფორმა;

ბ.გ) თხილის გული სხვა ფორმის, რომელსაც ახასიათებს  ამ  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ჯგუფებისაგან განსხვავებული მახასიათებლები;

გ) თხილის გული ხარისხის მიხედვით იყოფა 3 კლასად:

გ.ა) ექსტრა (უმაღლესი) კლასი, რომელსაც ახასიათებს ექსტრა (უმაღლესი) ან კომერციული ტიპისათვის დამახასიათებელი ნიშნები, არ უნდა ჰქონდეს რაიმე დეფექტი. დეფექტად არ ითვლება გულის უმნიშვნელო ზედაპირული ცვლილებები, რომლებიც გავლენას არ ახდენენ გარეგნულ ნიშნებზე, ხარისხსა და შეფუთულ ერთეულში ხარისხზე;

გ.ბ) I კლასი, რომელსაც ახასიათებს I კლასის ან კომერციული ტიპისათვის დამახასიათებელი ნიშნები, დასაშვებია ფორმისა და ფერის უმნიშვნელო ცვლილება, რომელიც გავლენას არ ახდენს გარეგნულ ნიშნებზე, ხარისხსა  და შეფუთულ ერთეულში ხარისხზე;

გ.გ) II კლასი, რომელსაც არ ახასიათებს ექსტრა (უმაღლესი) და I კლასის დამახასიათებელი ნიშნები, დასაშვებია დეფექტები, რომელიც გავლენას არ ახდენს გარეგნულ ნიშნებზე, ხარისხსა და შეფუთულ ერთეულში ხარისხზე;

გ.დ) თხილის გულისთვის კლასების მიხედვით განსაზღვრული ხარისხიდან დასაშვები გადახრა წარმოდგენილია №2 ცხრილში „თხილის გულისათვის განსაზღვრული ხარისხიდან დასაშვები გადახრა“;

დ) თხილის გულის ზომა, რომლის დადგენა (დაკალიბრება) ხდება განივი კვეთის დიამეტრის მიხედვით, მრგვალ ნახვრეტებიან ცხავში (ბადეში) გატარებით და გამოხატულია მაქსიმალური ან მინიმალური ზომებით იმ პირობით, რომ მაქსიმალური ზომის შემთხვევაში, მითითებულ უნდა იქნეს სიტყვები „და ნაკლები“, ხოლო მინიმალური ზომის შემთხვევაში „და მეტი“:    

დ.ა) თხილის გული ზომის მიხედვით შეიძლება იყოს:

დ.ა.ა) ექსტრა (უმაღლესი) და I კლასის თხილის გულის მინიმალური ზომაა 9 მმ;

დ.ა.ბ) პატარა დიამეტრის („პიკოლო“) ან მსგავსი თხილის გულისათვის 6<9 მმ;

დ.ბ) თითოეული ზომის თხილის გულის მინიმალურ და მაქსიმალურ  დიამეტრებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 2 მმ-ს;

დ.გ) ექსტრა (უმაღლესი) და პირველი კლასის თხილის გულისათვის დასაშვებია ყველა დიამეტრი, რომელიც აღემატება მინიმალურ დიამეტრს;

დ.დ) თხილის გულის ჯგუფებისათვის დაშვებულია ზომიდან გადახრა:

დ.დ.ა) ყველა კლასის მრგვალი თხილისათვის წონის 5 %;

დ.დ.ბ) ყველა კლასის მოგრძო თხილისათვის წონის 10 %;

დ.ე) იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ კლასს შორის თხილის გულის დიამეტრის სხვაობა 1 მმ-ია, დასაშვებია ზომიდან გადახრა:

დ.ე.ა) მრგვალი თხილისათვის წონის 10%;

დ.ე.ბ) მოგრძო თხილისათვის წონის 15%;

დ.ე.გ) გადახრა თითოეული დიამეტრისათვის უნდა იყოს ± 0,2 მმ;

ე) თხილის გულში მარილმჟავაში უხსნადი ნაცრის ელემენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გ/კგ-ში;

ვ) არ უნდა მოხდეს სხვადასხვა წლის მოსავლის შერევა.

3. მოთხოვნები გადამუშავებული თხილის გულის მიმართ:

ა) გადამუშავებული თხილის გული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ზოგად მოთხოვნებს:

ა.ა) უნდა იყოს დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების;

ა.ბ) არ უნდა ჰქონდეს ნებისმიერი მავნებლით გამოწვეული შეუიარაღებელი თვალით ხილული დაზიანება;

ა.გ) არ უნდა ჰქონდეს ობისა და სიდამპლის ნიშნები;

ა.დ) არ უნდა იყოს დამძაღებული;

ა.ე) თავისუფალი უნდა იყოს ცოცხალი ან/და მკვდარი მავნებლებისა და მწერების და მათი ნარჩენებისაგან;

ა.ვ) უცხო მინარევების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0,05%-ს;

ა.ზ) არ უნდა ჰქონდეს უცხო სუნი და გემო;

ა.თ) გადამუშავებული თხილის გულის სინესტის მასური წილი, თუ ის მიღებულია კანგაცლილი (ბლანშირებული) ან სხვა ტიპის კანგაცლილი (ბლანშირებული) თხილის გულიდან არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს;

ა.ი) გადამუშავებული თხილის გულის სინესტის მასური წილი, თუ ის მიღებულია მოხალული ან სხვა ტიპის მოხალული თხილის გულიდან, არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს;

ბ) გადამუშავებული თხილის გულები ფორმის მიხედვით შეიძლება იყოს:

ბ.ა) მრგვალი, რომლის დიამეტრი მისი სიგრძის ტოლია და აქვს მრგვალი ფორმა;

ბ.ბ) მოგრძო, რომლის სიგრძე დიამეტრზე მეტია და აქვს მოგრძო ფორმა;

გ) გადამუშავებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საღი და დაზიანებული თხილის გული, რომელიც იყოფა 2 ჯგუფად:

გ.ა) I კლასის გადამუშავებული თხილის გული, რომელიც მზადდება საღი თხილისაგან და მისი ქიმიური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს №3 ცხრილით - „გადამუშავებული თხილის გულის ქიმიური მაჩვენებლები კლასების მიხედვით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ.ბ) II კლასის გადამუშავებული თხილის გული, რომელიც მზადდება II კლასის თხილის გულისაგან და დადგენილი მაჩვენებლებიდან გადახრა უნდა შეესაბამებოდეს №4 ცხრილით „გადამუშავებული თხილის გულისათვის განსაზღვრული ხარისხიდან დასაშვები გადახრა კლასისა და ტიპის მიხედვით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს;

დ) I კლასში გაერთიანებულია კანგაცლილი და მოხალული თხილის გული ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“, „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.  ეს კლასებია:

დ.ა) I/ექსტრა (უმაღლესი) კლასის გადამუშავებული თხილის გული (კანგაცლილი ბლანშირებული და მოხალული), რომელიც მზადდება ექსტრაკლასის გულებისაგან და დადგენილი მაჩვენებლებიდან გადახრა უნდა შეესაბამებოდეს №4 ცხრილით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

 დ.ბ) I/კლასი I გადამუშავებული თხილის გული (კანგაცლილი-ბლანშირებული) და მოხალული) მზადდება ექსტრაკლასის გულებისაგან და დადგენილი მაჩვენებლებიდან გადახრა უნდა შეესაბამებოდეს №4 ცხრილით   განსაზღვრულ მოთხოვნებს;

 დ.გ) I/კლასი II გადამუშავებული თხილის გული (კანგაცლილი-ბლანშირებული) და მოხალული) მზადდება ექსტრაკლასის გულებისაგან და დადგენილი მაჩვენებლებიდან გადახრა უნდა შეესაბამებოდეს №4 ცხრილით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის  „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თხილის გული გადამუშავების მეთოდის მიხედვით იყოფა შემდეგ ტიპებად:

ე.ა) კანგაცლილი (ბლანშირებული);

ე.ბ) მოხალული, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს დამწვრის გემო და სუნი;

ე.გ) კანგაცლილი (ბლანშირებული) (როგორც არის);

ე.დ) მოხალული (როგორც არის);

ე.ე) ნაწილობრივ კანგაცლილი (ნაწილობრივ ბლანშირებული);

ე.ვ) ნაწილობრივ მოხალული;

ე.ზ) მარილიანი ან ზეთში მოხალული, რომელიც მზადდება თხილის გულის დამარილებით და შემდგომში მშრალად ან ზეთში მოხალვით. ზეთში მოხალული თხილის გული შეიძლება იყოს მარილიანი ან უმარილო;

ე.თ) დანაწევრებული (დაქუცმაცებული), რომელიც მიიღება სპეციალური მეთოდის გამოყენებით და დაჭრილია შესაბამისი ფორმით;

ე.ი) კუბებად დანაწევრებული (დაქუცმაცებული), რომელიც მიიღება სპეციალური მეთოდის გამოყენებით და დაჭრილია კუბების ფორმით;

ე.კ) ნაწილებად დაჭრილი, რომელიც მიიღება სპეციალური მეთოდის გამოყენებით და დაჭრილია „ფოთლის“ ფორმით;

ვ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის  „ე.ა“,  „ე.ბ“,  „ე.გ“,  „ე.დ“, „ე.ე“ და „ე.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადამუშავებული თხილის გულისათვის დადგენილი მაჩვენებლებიდან გადახრა უნდა შეესაბამებოდეს „გადამუშავებული თხილის გულისათვის განსაზღვრული ხარისხიდან დასაშვები გადახრა კლასისა და ტიპის მიხედვით“ №4 ცხრილით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ზ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თხილის გული გადამუშავების მეთოდის მიხედვით იყოფა შემდეგ ტიპებად:

ზ.ა) დეფექტიანი, კანგაცლილი (ბლანშირებული) (როგორც არის);

ზ.ბ) დეფექტიანი, მოხალული (როგორც არის);

ზ.გ) დეფექტიანი დანაწევრებული (დაქუცმაცებული);

ზ.დ) დეფექტიანი, ნაწილებად დაჭრილი;

თ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადამუშავებული თხილის გულისათვის დადგენილი მაჩვენებლებიდან მაქსიმალური გადახრა გამოითვლება იმ დეფექტიანი თხილის გულის შესაბამისად, რომელიც გადამუშავდა და უნდა შეესაბამებოდეს  №5 ცხრილით  „გადამუშავებული თხილის (კანგაცლილი, ბლანშირებული ან/და მოხალული) გულის II კლასისათვის განსაზღვრული ხარისხიდან დასაშვები მაქსიმალური გადახრა“ განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ი) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თხილის გულის ზომები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

კ) ზომები არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტით, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კლასის თხილის გულისათვის;

ლ) დაქუცმაცებული თხილის ზომა შეიძლება იცვლებოდეს 2 მმ-დან 12,5 მმ-მდე;

მ) დაშვებულია გადამუშავებული თხილის გულისათვის ზომების გადახრა ± 0,2 მმ-ით;

ნ) კანგაცლილ, მოხალულ და დაქუცმაცებულ I კლასის თხილის გულში ერთი ერთეულით მეტი ან ერთი ერთეულით ნაკლები ზომის თხილის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს საერთო წონის 10 %-ს;

ო)  დასაშვებია გადამუშავებისათვის სხვადასხვა ჯგუფის თხილის შერევა, დეკლარირებული სტანდარტის შესაბამისად.

მუხლი 5. მოთხოვნები  რეგულირების ობიექტის უვნებლობისათვის,  შეფუთვისა და ეტიკეტირებისათვის

1. მე-4 მუხლით განსაზღვრული გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით), თხილის გული და გადამუშავებული თხილის გული უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მაჩვენებლებს, რომელთა  გამოკვლევა ხდება თხილის საჭმელად ვარგისი ნაწილის მიმართ.

2. მოთხოვნები რეგულირების ობიექტის შეფუთვის მიმართ:

ა) გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულის და გადამუშავებული თხილის გულის შეფუთვისათვის გამოყენებული მასალა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს;

ბ) გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულის და გადამუშავებული თხილის გულის შეფუთვისათვის გამოყენებული მასალა უნდა იცავდეს პროდუქტს შიდა და გარე დაზიანებისაგან და გავლენას არ უნდა ახდენდეს შეფუთული ერთეულის შიგთავსზე;

 გ) გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით) და თხილის გულის თითოეული შეფუთული ერთეული უნდა შედგებოდეს ერთგვაროვანი ჯგუფის, კლასისა და კომერციული ტიპის გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით) ან თხილის გულისაგან;

დ) თხილის გული შესაძლებელია მოთავსებულ იქნეს ტომრებში ან მაგარ შეფუთვაში, რომელიც არ ცვლის თხილის ხარისხობრივ და უვნებლობის მაჩვენებლებს. მცირე დაფასოების შემთხვევაში, სამომხმარებლო შეფუთვა თითოეულ დიდ შეფუთვაში უნდა იყოს ერთი და იმავე წონის;

ე) გადამუშავებული თხილის გულის მცირე ზომის შეფუთული ერთეულიდან მასის დასაშვები (გრამი) გადახრის მაქსიმალური სიდიდეები მოცემულია №6 ცხრილში - „გადამუშავებული თხილის გულის მცირე ზომის შეფუთული ერთეულიდან მასის დასაშვები (გრამი) გადახრის მაქსიმალური სიდიდე;

ვ) გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით) სხვადასხვა ჯგუფის შეფუთულ ერთეულში სხვა ჯგუფის თხილის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს საერთო წონის 12%-ს. ექსტრა და I კლასის გაუტეხავ თხილთან დაკავშირებით შეფუთულ ერთეულში წონის 12% შესაძლებელია იყოს სხვა კლასის თხილი ან კომერციული ტიპი იმ პირობით, რომ მათი წარმოება ერთ  საწარმოო ერთეულში ხდება.  ეს დაშვება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს II კლასის გაუტეხავი თხილისათვის (თხილი ნაჭუჭით), თუ კომერციული ტიპის ან გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით)  კლასი მითითებული იქნება ეტიკეტზე;

ზ) გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულის და გადამუშავებული თხილის გულის ყველა შეფუთული ერთეული არ უნდა შეიცავდეს უცხო მინარევებს;

თ) გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულის და გადამუშავებული თხილის გულის შეფუთვამ შენახვის პირობების დაცვისას    უნდა უზრუნველყოს ვარგისიანობის ვადის გასვლამდე  თხილის ხარისხისა და ვარგისიანობის შენარჩუნება.

3. ექსპორტისათვის განკუთვნილი თხილის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები რეგულირდება მიმღები ქვეყნის მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 6. ჰიგიენური მოთხოვნები ბიზნესოპერატორის მიმართ

1. ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია თხილის წარმოებასთან (მათ შორის, პირველად წარმოებასთან), გადამუშავებასთან ან/და დისტრიბუციასთან, ვალდებულია, დაიცვას „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესით“ განსაზღვრული მოთხოვნები.

2. შესაძლებელია ბიზნესოპერატორმა, რომელიც ახორციელებს თხილის წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესისაგან განსხვავებული წესი იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის მიერ დასაბუთებული იქნება მის მიერ გამოყენებული განსხვავებული წესით ზოგადი ჰიგიენური მოთხოვნების უზრუნველყოფა.

მუხლი 7.  რეგულირების ობიექტის შესაბამისობის კონტროლი

1. ექსპორტისათვის განკუთვნილი გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულის და გადამუშავებული თხილის გულის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან ან/და დეკლარირებულ სტანდარტთან შესაბამისობის კონტროლს ახორციელებს:

ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ  სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში სააგენტო) სახელმწიფო კონტროლის დროს;

ბ) ბიზნესოპერატორი შიდა საწარმო კონტროლის დროს შესაბამისობის შეფასებისას.

2. გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით),  თხილის გულის და გადამუშავებული თხილის შესაბამისობის შეფასებისათვის, საჭიროების შემთხვევაში,  ნიმუშის აღება ხდება პარტიიდან.   

3. პარტიად გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით) და  თხილის გულისათვის  მიიჩნევა ერთისა და იმავე ან სხვადასხვა ჯგუფის, კლასის, ზომის, მოსავლის აღების წლის, ერთი სახეობის და ზომის ტარაში შეფუთული ნებისმიერი რაოდენობის პროდუქტი ერთ სატრანსპორტო ერთეულში,  რომელსაც თან ახლავს ერთი შესაბამისობის დეკლარაცია და მისი შეფასების ერთეულს წარმოადგენს დიდი ზომის შეფუთვა.

4. პარტიად გადამუშავებული თხილისათვის  მიიჩნევა ერთისა და იმავე ჯგუფის, კლასის, ზომის, ან/და შერეული, მოსავლის აღების და გადამუშავების წლის ერთი სახეობის და ზომის ტარაში შეფუთული ნებისმიერი რაოდენობის პროდუქტი ერთ სატრანსპორტო ერთეულში,  რომელსაც თან ახლავს ერთი შესაბამისობის დეკლარაცია და მისი შეფასების ერთეულს წარმოადგენს დიდი ზომის შეფუთვა.

5. ამ მუხლის  მე-3 და მე-4  პუნქტებისათვის ერთ ერთეულად ითვლება დიდი  ზომის  შეფუთვა, რომელიც შედგება მცირე ზომის შეფუთული ერთეულებისგან.

6. გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით) და   თხილის  გულისათვის ნიმუშის აღება  ხდება თითოეული პარტიის დიდი ზომის შეფუთვის არანაკლებ 5-10%-დან, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით. თუ შემთხვევითი შერჩევის მეთოდით აღებული შეფუთული ერთეულის რაოდენობა წილადური რიცხვია, ხდება მისი დამრგვალება წინა მთელ რიცხვამდე.

7. გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით) და   თხილის  გულის  დიდი ზომის შეფუთვებიდან ხდება ნიმუშის   შერევა და 2 კგ საშუალო ნიმუშის აღება.

8. გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით) და თხილის გულის შეფასებისათვის ხდება გარეგანი დათვალიერება, შეხება, დაყნოსვა, შემდგომში ნაჭუჭის მოცილება გაუტეხავი თხილისათვის (თხილი ნაჭუჭით), ორგანოლეპტიკური შეფასება, აწონვა, თხილის გულის დაჭრა, ლაბორატორიული გამოცდა.

9. გადამუშავებული თხილის გულის ნიმუშის აღება, საჭიროების შემთხვევაში,  ხდება  თითოეული   დიდი  ზომის  შეფუთვიდან,  არანაკლებ 200 გ-ის ოდენობით, შემდგომში ხდება მათი შერევა და 2 კგ საშუალო ნიმუშის აღება.

10. გადამუშავებული თხილის გულის შეფასებისათვის ხდება დათვალიერება, შეხება, დაყნოსვა, ორგანოლეპტიკური შეფასება, აწონვა, ლაბორატორიული გამოცდა.

11. გადამუშავებული თხილის ექსპორტისას:

ა)  ბიზნესოპერატორი ვალდებულია, პარტიის ფორმირების დასრულების შემდეგ განახორციელოს შესაბამისობის შეფასების პროცედურები;

ბ) ბიზნესოპერატორმა მიმართოს სააგენტოს, რომელიც ნიმუშის აღების დასრულებისთანავე  ახდენს დიდი ზომის შეფუთვის დალუქვას;

გ) ნიმუში რეფერენტული გამოცდისათვის აღებული უნდა იქნეს სააგენტოს მიერ, რომელიც ინახება პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.

12.  სააგენტოს მიერ დადებული ლუქის ახსნას და შეცვლას, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს სააგენტო ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი  სსიპ შემოსავლების სამსახური (შემდგომში სამსახური).

13. გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით),   თხილის გულის და გადამუშავებული თხილის ექსპორტისათვის ბიზნეოპერატორი ვალდებულია,  სააგენტოში წარადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია (№1 დანართის მიხედვით)  და შიდა კონტროლის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი,  რითაც ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის ამ ტექნიკურ რეგლამენტით ან/და დეკლარირებული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

14. სააგენტო ვალდებულია, ბიზნესოპერატორის მიერ შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენიდან არა უმეტეს 48 საათის განმავლობაში განახორციელოს შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.

15. სამსახური საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბაჟო პროცედურებს ახორციელებს სააგენტოს მიერ  შესაბამისობის დეკლარაციის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში.