დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 10/08/1991 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 8, 10/08/1991 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450.140.000.05.001.000.054 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (28/10/1994 - 28/10/1997)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ
თავი 1
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. პრესის თავისუფლება
საქართველოს რესპუბლიკაში პრესა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები თავისუფალია. ეს თავისუფლება რესპუბლიკის კონსტიტუციით არის გარანტირებული.
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს უფლება აქვთ გამოთქვან, გაავრცელონ და დაიცვან თავიანთი თვალსაზრისი ინფორმაციის ნებისმიერი საშუალებით, აგრეთვე მოიპოვონ ინფორმაცია საზოგადოებრივი და სახელმწიფო ცხოვრების საკითხებზე.
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ცენზურა დაუშვებელია.
მუხლი 2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში იგულისხმება: გაზეთები, ჟურნალები, ტელე-რადიოპროგრამები, ვიდეო და კინოდოკუმენტალისტიკა, ბიულეტენები, 500-ზე მეტი ტირაჟით დაბეჭდილი წიგნები და სხვა პერიოდული ან ერთჯერადი გამოცემები, თუ ისინი განკუთვნილია ინფორმაციის საჯარო გავრცელებისათვის.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოდგენილია აგრეთვე გამომცემლობებით, პერიოდული პრესის, ტელე და რადიომაუწყებლობის რედაქციებით, საინფორმაციო სააგენტოებით და სხვა დაწესებულებებით, რომლებიც აწარმოებენ და ავრცელებენ მასობრივ ინფორმაციას.
მუხლი 3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ენა
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ენა არის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ენა – ქართული ენა, აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში სრული თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ფუნქციონირებს ქართული და აფხაზური ენები.
საქართველოს რესპულიკაში ნებადართულია აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერ სხვა ენაზე.
საქართველოს რესპუბლიკა მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობისათვის უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღების და გავრცელების უფლებას მათ მშობლიურ ენასა და სხვა ენებზე.
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის არმქონე პირებს (პოლიტიკურ ემიგრანტებს, სამუშაოდ ჩამოსულ უცხოელებს და ა.შ.) პრეზიდენტის ან მთავრობის გადაწყვეტილებით ნება აქვთ მოამზადონ, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მშობლიურ ან ქართულ ენაზე, თუ ეს ინფორმაცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებს.
მუხლი 4. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ეკრძალებათ:
ა) სახელმწიფო საიდუმლოებათა გამჟღავნება;
ბ) არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების დამხობისაკენ ან შეცვლისაკენ მოწოდება;
გ) ომის, სისასტიკის, რასობრივი, ეროვნული, რელიგიური შეუწყნარებლობის პროპაგანდა;
დ) ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ხელს უწყობს სისხლის სამართლის დანაშაულს;
ე) მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩარევა, მათი პიროვნების ღირესების ხელყოფა;
ვ) პორნოგრაფიის, უზნეობის პროპაგანდა.
მუხლი 5. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ
კანონმდებლობა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ შედგება ამ კანონისა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისაგან, აგრეთვე აფხაზეთის ასს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ კანონებისა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისაგან.
თავი II
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა საქმიანობა და გავრცელება
მუხლი 6. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დაარსების უფლება
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დაარსების უფლება აქვთ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მასობრივ მოძრაობებს, შემოქმედებით კავშირებს, სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნილი და რეგისტრირებულია კანონის შესაბამისად, აგრეთვე 18 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეებს. ამ ორგანიზაციებს და პიროვნებებს აქვთ რამდენიმე გაზეთის ან ჟურნალის, გამომცემლობისა და აგრეთვე დამოუკიდებელი ტელე-რადიომაუწყებლობის რედაქციის დაარსების უფლება. არ დაიშვება მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონოპოლიზაცია. არც ერთი დამფუძნებლის საერთო წილი ერთი და იმავე სახის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არ უნდა აღემატებოდეს 25 პროცენტს.
დამფუძნებელს უფლება აქვს შეაჩეროს, შეწყვიტოს ან ორგანიზაციულად შეცვალოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობა. ასეთ შემთხვევაში დამფუძნებელი პასუხიმგებელია როგორც სახელმწიფო ორგანოების, ასევე კერძო პირების წინაშე ყველა ადრე აღებული ვალდებულებებისათვის.
მუხლი 7. რეგისტრაცია და განცხადება რეგისტრაციის შესახებ
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა რეგისტრაცია ხდება:
ა) (ამოღებულია);
ბ) (ამოღებულია);
გ) პრეფექტურაში, თუ გაზეთი, ჟურნალი ან ტელე-რადიოპროგრამა ადგილობრივი დანიშნულებისაა.
თუ რაიმე მიზეზის გამო მასობრივი ინფორმაციის საშუალება არ ფუნქციონირებს 1 წლის განმავლობაში, მაშინ აუცილებელია მის ხელმეორედ რეგისტრაცია.
საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება-საქართველოს პარლამენტის
უწყებები №21-22,მუხ.456
მუხლი 8. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პოლიგრაფიული ბაზა და ტექნიკური აღჭურვილობა
რეგისტრირებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უფლება აქვთ არსებული ხელშეკრულების საფუძველზე გამოიყენონ პოლიგრაფიული ბაზები. კერძო ან კოოპერატიულ საკუთრებაში შეიძინონ საკუთარი სტამბა რესპუბლიკაში ან საზღვარგარეთ (მათ შორის საბჭოთა კავშირშიც).ანალოგიური უფლება ვრცელდება ტელე-რადიოპროგრამების ტექნიკურ საშუალებებზეც.
მუხლი 9. რეგისტრაციის გარეშე ინფორმაციის გავრცელების შემთხვევები
რეგისტრაცია არ სჭირდება სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების, ოფიციალური ნორმატიული და სხვა აქტების, სასამართლო და საარბიტრაჟო ბიულეტენების გამოცემას, აგრეთვე ხუთას ცალზე ნაკლები ტირაჟის ვიწრო სპეციალურ ლიტერატურას, რომელიც ინფორმაციის გავრცელებისათვის არ არის გამიზნული. წინასაარჩევნო მასალების გასავრცელებლად საკმარისია საარჩევნო კომისიის ნებართვა.
მუხლი 10. რეგისტრაციაზე უარის თქმა
მასობრივი ინფორმაციის საშუალების რეგისტრაციაზე შეიძლება უარი ითქვას:
ა) თუ მისი მიზნები ამ კანონს ეწინააღმდეგება;
ბ) თუ არსებობს ამავე სახელწოდების სხვა გამოცემა;
გ) თუ აკრძალული მასობრივი ინფორმაციის საშუალების გაუქმებიდან არ არის გასული ერთი წელი.
მუხლი 11. სარეგისტრაციო გადასახადი
სარეგისტრაციო გადასახადი წესდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 12. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობის შეჩერება ან შეწყვეტა
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობა შეიძლება შეჩერდეს ან შეწყდეს, თუ განმეორებით დაირღვა ამ კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნები ან იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა დაკავშირებულია მატერიალურ ზარალთან, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს რესპუბლიკას.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობის შეჩერება ნიშნავს ბეჭდვითი გამოცემის ერთი ან რამდენიმე ნომრის აკრძალვას, აგრეთვე განკარგულებას ტელე-რადიომაუწყებლობის დროებითი შეწყვეტის შესახებ.
მასობრივი ინფორმაციის საშუალების საქმიანობის დროებითი (არა უმეტეს ერთი თვისა) შეჩერების უფლება აქვს იმ ორგანოს, რომელმაც იგი რეგისტრაციაში გაატარა. შეჩერება ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო მასობრივი ინფორმაციის საშუალებას. ყველას შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება მასობრივი ინფორმაციის საშუალების საქმიანობის შეჩერების შესახებ. სასამართლო ვალდებულია ორი კვირის განმავლობაში განიხილოს აღძრული საკითხი. თუ სასამართლო დაადგენს შეჩერების უკანონობას, აუცილებელია დაზარალებული მასობრივი ინფორმაციის საშუალების მატერიალური და მორალური ზარალის კომპენსირება.
მასობრივი ინფორმაციის საშუალების საქმიანობის სრული შეწყვეტა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს.
თუ დამფუძნებელი გააუქმებს ამა თუ იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებას, რედაქციას ან რედაქტორს (მთავარ რედაქტორს) აქვს უპირატესი უფლება დააარსოს იმავე სახელწოდების მასობრივი ინფორმაციის საშუალება (გაზეთი, ჟურნალი, გამომცემლობა, ტელე-რადიომაუწყებლობის რედაქცია).
მუხლი 13. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დამფუძნებელი, რედაქტორი, რედაქცია და გამომცემელი
დამფუძნებელი განსაზღვრავს მასობრივი ინფორმაციის საშუალების პროგრამას (ძირითად პრინციპებს).
თუ მასობრივი ინფორმაციის დამფუძნებელი ერთდროულად გამომცემელი (დამფინანსებელი) არ არის, დამფუძნებელსა და გამომცემელს (დამფინანსებელს) შორის ფორმდება ხელშეკრულება. გამომცემელს, რომელიც ფინანსურად დამოუკიდებელია, უფლება აქვს იყოს დამფუძნებელიც. მასობრივი ინფორმაციის საშუალების დამფუძნებლის, რედაქციისა და გამომცემლის საწარმოო, ქონებრივი და ფინანსური ურთიერთობა აიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. დამფუძნებელს, გამომცემელსა და რედაქციას შორის ფინანსურ თუ სხვა ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტებს აგვარებს სასამართლო.
დამფუძნებელს უფლება აქვს დააყენოს საერთოდ რედაქციის პასუხისმგებლობის საკითხი ხელისუფლების წინაშე, თუ იგი ვერ აგვარებს კონფლიქტებს შემუშავებული წესდების საფუძველზე. ან ვერ უძღვება სამუშაოს.
რედაქციის საქმიანობას წარმართავს რედაქტორი სარედაქციო კოლეგიის დახმარებით.
სარედაქციო კოლეგია იქმნება დამფუძნებლის მიერ დამტკიცებული წესდების მიხედვით.
მუხლი 14. სარედაქციო წესდება
მასობრივი ინფორმაციის საშუალების სარედაქციო წესდებას ხმების უმრავლესობით იღებს რედაქციის საერთო კრება, რომელსაც ესწრება მისი შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი და ამტკიცებს დამფუძნებელი. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი. თუ დამფუძნებელი და გამომცემელი ერთი და იგივე ორგანო ან ერთი და იგივე კერძო პირია, კონფლიქტს მასსა და რედაქციას შორის აგვარებს სასამართლო.
მუხლი 15. პერიოდული პრესის ძირითადი მონაცემები
პერიოდული გამოცემის ყოველი გამოშვების ძირითადი მონაცემებია:
1. გამოცემის სახელწოდება;
2. დამფუძნებელ-გამომცემელი ან ცალკე დამფუძნებელი და ცალკე გამომცემელი;
3. რედაქტორის (მთავარი რედაქტორის) სახელი და გვარი;
4. გამოშვების რიგითი ნომერი და გამოსვლის თარიღი პერიოდული გამოცემისათვის, ხოლო გაზეთებისათვის – დასაბეჭდად ხელმოწერის დრო;
5. ინდექსი;
6. ტირაჟი;
7. ფასი;
8. რედაქციისა და სტამბის მისამართები.
ტელე-რადიომაუწყებლობა ვალდებულია ეთერში ყოველი გასვლის დროს გამოაცხადოს რედაქციის დასახელება.
მუხლი 16. საკონტროლო და სავალდებულო ეგზემპლარები
პერიოდული გამოცემის უფასო საკონტროლო ეგზემპლარები ეგზავნებათ: პრეზიდენტის პრესსამსახურს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას. ცენტრალურ ბიბლიოთეკებს და საცავებს.
ტელე-რადიომაუწყებლობის რედაქციები ვალდებული არიან გადაცემათა მასალები (ტექსტი, ფირი) შეინახონ ეთერში გასვლის შემდეგ ერთ თვის განმავლობაში. მნიშვნელოვანი გადაცემებისა და ოფიციალური ქრონიკებისათვის იქმნება ტელე-რადიომაუწყებლობის საგანგებო საარქივო ფონდი.
მუხლი 17. გავრცელების წესი და ნებართვა
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა პროდუქციას ავრცელებენ უშუალოდ რედაქცია (მათ შორის ღია საჯარო გაყიდვის წესით), გამომცემელი, კავშირგაბმულობის საწარმოები, ორგანიზაციები ან მოქალაქეები ამ კანონის საფუძველზე. პრესის გავრცელებაზე, სახელმწიფო მონოპოლია არ არსებობს. ცალკეულ ორგანიზაციებს ან მოქალაქეთა ჯგუფებს შეუძლიათ პრესის გავრცელების სახელმწიფო სამმართველოს პარალელურად შექმნან დამოუკიდებელი საწარმოო სამაეურნეო ანგარიშზე და ხელშეკრულების საფუძველზე გაავრცელონ ნებისმიერი პერიოდული გამოცემა. ყველა ასეთი საწარმო საჭიროებს სპეციალურ რეგისტრაციას კანონით დადგენილი წესით.
პერიოდული პრესის თითოეული ცალკე გამოშვება ვრცელდება რედაქტორის ნებართვის შემდეგ.
ბეჭდვითი გამოცემის ტირაჟს განსაზღვრავს დამფუძნებელი.
სახელმწიფო პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ტირაჟს აწესრიგებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ან უზენაეს საბჭოს უფლება აქვს გაზარდოს ან შეამციროს სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი ნებისმიერი პერიოდული გამოცემის ტირაჟი.
ტელე-რადიომაუწყებლობის კერძო დაწესებულებების საეთერო დრო რეგულირდება ტელე-რადიომაუწყებლობის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
კანონიერ საფუძველზე მოქმედი მასობრივი ინფორმაციის საშუალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა, მათ შორის ტირაჟის ან მისი ნაწილის ამოღება, აგრეთვე ნებადართული ტელე-რადიომაუწყებლობის დამოუკიდებელი არხების ჩახშობა ან შეწყვეტა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
მუხლი 18. ოფიციალური ცნობები
სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი ვალდებული არიან უფასოდ გამოაქვეყნონ ამ ორგანოების ოფიციალური ცნობები, ამ ვალდებულებებისაგან თავისუფალი არიან არასამთავრობო მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი, გარდა საგანგებო შემთხვევისა (ომის გამოცხადება, სტიქიური უბედურების შესახებ მოსახლეობის ონფორმირება და ა.შ.).
თავი III
მოქალაქეთა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ჟურნალისტთა უფლება-მოვალეობანი
მუხლი 19. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ინფორმაციის მიღების უფლება
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს უფლება აქვთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ოპერატიულად მიიღონ ცნობები სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანებებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უფლება აქვთ ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანებების ან თანამდებობის პირებისაგან, აგრეთვე მოითხოვონ საჭირო დოკუმენტები. უარის შემთხვევაში მათ უფლება აქვთ მიმართონ ზემდგომ ორგანოებს ან სასამართლოს.
მუხლი 20. პიროვნების ან ორგანიზაციის შეურაცხმყოფელი მასალის უარყოფისა და მასზე პასუხის უფლება
მოქალაქეს ან ორგანიზაციას უფლება აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით რედაქციას მოსთხოვოს პიროვნების შეურაცხმყოფელი მასალის უარყოფა.
უარყოფა ან პასუხი ქვეყნდება გაზეთში ან ჟურნალში სპეციალური რუბრიკით იმავე გვერდზე ან ტელე-რადიპროგრამების მორიგ გამოშვებაში მოთხოვნის შემოსვლის დღიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა. უარყოფა შეიძლება გამოქვეყნდეს სხვა გაზეთში ან ჟურნალში, თუ პიროვნების შეურაცხმყოფელი მასალა დაიბეჭდა რომელიმე ერთჯერად გამოცემაში.
თუ მოქალაქეს ან ორგანიზაციას არ აკმაყოფილებს პასუხი, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.
მუხლი 21. ჟურნალისტი და მისი უფლება
ჟურნალისტი არის პირი, რომელიც აგროვებს, ქმნის, არედაქტირებს ან ამზადებს მასალებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად და აქვს სათანადო რწმუნება, ან არის ჟურნალისტთა რეგისტრირებული კავშირის წევრი.
ჟურნალისტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპებით.
ჟურნალისტს უფლება აქვს:
1. მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია;
2. თავისი მოვალეობის შესრულებისას შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, შეხვდეს თანამდებობის პირებს;
3. ჩაიწეროს მასალა ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის აუდიო-ვიზუალური ტექნიკის გამოყენებით, კინო და ფოტო გადაღებით), კანონით აკრძალული შემთხვევების გარდა;
4. დაესწროს და აქტიურად გააშუქოს მასობრივი ღონისძიებები: საზოგადოებრივი თავყრილობები, მიტინგები, დემონსტრაციები, დაუბრკოლებლად ჩავიდეს სტიქიური უბედურების რაიონებში და ა.შ.
5. მიმართოს სპეციალისტებს შემოსული მასალების შესამოწმებლად;
6. მოითხოვოს ავტორობის საიდუმლოს შენახვა;
7. არ მოაწეროს ხელი და არ მოამზადოს მასალა, რომელიც მის მრწამსს ეწინააღმდეგება, ანდა სარედაქტორო სწორების დროს დამახინჯდა;
8. ჟურნალისტს უფლება აქვს ისარგებლოს ნებისმიერი საარქივო მასალით, საიდუმლო და სპეცფონდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას ან პიროვნების პირად ცხოვრებას (არქივიდან პირადი ცხოვრების შესახებ მასალის გამოქვეყნება შეიძლება თვით ამ პიროვნების ან მისი ახლობელი ნათესავების ნებართვით);
9. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უფლება აქვთ ჟურნალისტი წინასწარ მიავლინონ სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, რომლებიც ვალდებული არიან უზრუნველყონ ჟურნალისტი სამუშაო პირობებით. საგანგებო სიტუაცებში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ან მთავრობას შეუძლია დროებით შეუზღუდოს ჟურნალისტს ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-8 პუნქტებში ჩამოთვლილი უფლებები. ასეთ შემთხვევაში ოფიციალური ხელისუფლება ვალდებულია განუმარტოს ჟურნალისტს ან მის წარმდგენ ორგანოს დროებითი შეზღუდვის მოტივები.
მუხლი 22. ჟურნალისტის აკრედიტება
მასობრივი ინფორმაცის საშუალებებს შეუძლიათ სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებთან, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეთანხმებით მოახდინონ მათთან თავისი ჟურნალისტების აკრედიტება.
აკრედიტებული ჟურნალისტი ესწრება სხდომებს, თათბირებს, აგრეთვე ამ ორგანოთა და ორგანიზაციათა სხვა ღონისძიებებს, აკრედიტებულ ჟურნალისტს უფლება აქვს გაეცნოს სტენოგრამებს, ოქმებს და სხვა დოკუმენტაციას საერთო წესის მიხედვით.
მუხლი 23. უარი ინფორმაციის მიწოდებაზე
ინფორმაციის მიწოდებაზე უარის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელს ეძლევა წერილობითი ახსნა-განმარტება უარის მიზეზების მითითებით ინფორმაციის მოთხოვნიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
ინფორმაციის მიწოდებაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში.
მუხლი 24. ჟურნალისტის მოვალეობანი
ჟურნალისტი მოვალეა:
1. დაიცვას რედაქციის წესდება და პროგრამა;
2. შეამოწმოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის უტყუარობა;
3. დააკმაყოფილოს ინფორმაციის მიმწოდებელ პირთა თხოვნა მათი ავტორობის არგამხელის ან, პირიქით, მითითების შესახებ, თუ ასეთი ინფორმაცია პირველად ქვეყნდება;
4. უარი თქვას რედაქტორის (მთავრი რედაქტროის ან რედაქციის მიერ მიცემულ დავალებაზე, თუ ეს დავალება არღვევს კანონს;
5. პატივი სცეს მოქალაქეთა და ორგანიზაციათა კონსტიტუციურ უფლებებს;
6. პატივი სცეს საქართველოს რესპუბლიკას და მისი პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს სიმბოლოს, ღირსებას.
თავი IV
კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა
მუხლი 25. ყალბი ცნობების გავრცელება, მოქალაქეთა ან ორგანიზაციათა ღირსებისა და პატივის შელახვა
ყალბი ცნობების გავრცელებისათვის, მოქალაქეთა და ორგანიზაციათა განზრახ შეურაცხყოფისა და ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, მათ ხელმძღვანელებს, რედაქტორს (მთავარ რედაქტორს) და მასალების ავტორებს, რომლებმაც დაარღვიეს ეს კანონი.
მუხლი 26. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობაში ჩაურევლობა
სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირების, ნებისმიერი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ ჟურნალისტის ან რედაქციის კანონიერი პროფესიული საქმიანობის დაბრკოლება, ჟურნალისტთა და რედაქტროთა იძულება, შეცვალონ ან უარი თქვან ინფორმაციის გავრცელებაზე, ისჯება ათასიდან ორი ათას მანეთამდე ჯარიმით, ძალდატანების განმეორებით მცდელობის შემთხვევაში – ხუთი ათასიდან ათი ათას მანეთამდე ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
თუ სახელმწიფო ან სახელმწიფო ორგანოები არღვევენ პრესისა და ინფორმაციის სხვა საშუალებების თავისუფლების კანონს, მათ წინააღმდეგ შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.
მუხლი 27. პასუხისმგებლობა მასობრივი ინფორმაციის უკანონო მომზადებისა და გავრცელებისათვის
მასობრივი ინფორმაციის საშუალებით პროდუქციის შექმნა და გავრცელება, თუ იგი რეგისტრაციაში არ არის გატარებული, იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ათას მანეთამდე ჯარიმას, რომელსაც სასმართლო აკისრებს რედაქციას, და ნაბეჭდი ტირაჟის ან სხვა პროდუქციის ამოღებას.
კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იზრდება ხუთი ათას მანეთამდე. ამასთან ხდება იმ ტექნიკური საშუალებების კონფისკაცია, რომლებსაც საინფორმაციო საშუალება იყენებს ინფორმაციის მომზადებისა და გავრცელებისათვის.
მუხლი 28. პასუხიმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევები
რედაქტორს (მთავარ რედაქტორს), ასევე ჟურნალისტს არ ეკისრებათ პასუხიმგებლობა არსწორი ცნობების გავრცელებისათვის:
თუ ამ ცნობებს შეიცავდა ოფიციალური ინფორმაციები;
თუ ისინი მიღებულია საინფორმაციო სააგენტოებისა ან სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების პრესსამსახურებისაგან;
თუ ისინი სიტყვა-სიტყვით იმეორებენ სხვადასხვა ოფიციალურ თავყრილობებზე პასუხისმგებელ პირთა გამოსვლებს;
თუ ასეთი ცნობები იყო გამოსვლებში, რომლებიც ეთერში გავიდა წინასწარი ჩაწერის გარეშე, ან ტექსტებში, რომლებიც არ ექვედებარება რედაქტირებას ამ კანონის შესაბამისად.
მუხლი 29. ღირსების სასამართლო
ჟურნალისტის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებისათვის, რომელიც არ ატარებს კრიმინალურ ხასიათს, მაგრამ მიუღებელია ეთიკური თვალსაზრისით და რასაც მოჰყვა თვით ჟურნალისტის და მასობრივი ინფორმაციის საშუალების საზოგადოებრივი დისკრედიტირება, იქმნება ღირსების სასამართლო.
ღირსების სასამართლოს ქმნის ჟურნალისტთა კავშირი ან ნებისმიერი მასობრივი ინფორმაციის საშუალების კოლექტივი (თუ წარმოიშვა შინა კონფლიქტური სიტუაცია).
ღირსების სასამართლოს შეუძლია დააყენოს პროფესიონალი ჟურნალისტის დასჯის საკითხი (გაკიცხვა, ფულადი ჯარიმა, კავშირის წევრობის დროებითი შეჩერება ან გარიცხვა).
თავი V
საერთაშორისო თანამშრომლობა
მუხლი 30. საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის მიერ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ დადონ შეთანხმებანი უცხოეთის მოქალაქეებთან და ორგანიზაციებთან. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია ამ კანონით გათვალისწინებული ურთიერთობის წესებისაგან განსხვავებული წესები, პრიორიტეტი ენიჭება საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ ინფორმაცია საზღვარგარეთის წყაროებიდან (ტელევიზია, რადიო, პრესა, წიგნები, ბროშურები და ა.შ.).
მუხლი 31. საქართველოში უცხოელი ჟურნალისტების, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა დიპლომატიურ და სხვა წარმომადგენელთა საინფორმაციო საქმიანობა
საქართველოში აკრედიტებული უცხოელი კორესპონდენტებისა და უცხოეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სხვა წარმომადგენლების სამართლებრივ მდგომარეობასა და პროფესიულ საქმიანობას, აგრეთვე საქართველოში დიპლომატიური, საკონსულო და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობების საინფორმაციო საქმიანობას აწესრიგებს საქართველოს კანონმდებლობა და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებები.
თავი VI
კანონის კონტროლი და განხორციელება
მუხლი 32. კანონის დაცვისა და განხორციელების ზედამხედველობის კომისია
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ კანონის დაცვასა და განხორციელებას ზედამხედველობას უწევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შესაბამისი კომისია.
საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
თბილისი,
1991 წლის 10 აგვისტო.
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება-საქართველოს პარლამენტის
უწყებები №21-22,მუხ.456
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები