სამედიცინო დაზღვევის შესახებ

  • Word
სამედიცინო დაზღვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 660
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 17-18, 05/05/1997
ძალაში შესვლის თარიღი 19/05/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 290.110.000.05.001.000.200
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
660
18/04/1997
პარლამენტის უწყებანი, 17-18, 05/05/1997
290.110.000.05.001.000.200
სამედიცინო დაზღვევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

სამედიცინო დაზღვევის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, მიმართულია საბაზრო ეკონომიკის პირობებში მისი ჯანმრთელობის დასაცავად სახელმწიფოს, დამქირავებლის პასუხისმგებლობისა და დაინტერესების გაზრდისაკენ, უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების განხორციელებას.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. სამედიცინო დაზღვევა

სამედიცინო დაზღვევა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სოციალური გარანტიაა, რომლის მიზანია სადაზღვევო შესატანებისა და აკუმულირებული ფულადი სახსრების მეშვეობით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ხელშეკრულების საფუძველზე პირისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.

    მუხლი 2. სამედიცინო დაზღვევის ფორმები

1. სამედიცინო დაზღვევა საქართველოში ხორციელდება სავალდებულო და ნებაყოფლობითი დაზღვევის ფორმით.

2. (ამოღებულია - 03.12.02 №1815).

3. (ამოღებულია - 03.12.02 №1815).

4. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევა უზრუნველყოფს დაზღვეულისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას სათანადო წესით რეგისტრირებული და ექსპერტიზებული პროგრამის ფარგლებში.

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156

    მუხლი 3. საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის სადაზღვევო უფლებები

1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი გარანტირებულია სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით.

2. საქართველოში მყოფი და მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის სისტემაში, თუ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს აქვს ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის უფლება.

4. საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს აქვს უფლება აირჩიოს ექიმი და სამედიცინო დაწესებულება სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში და შესაბამისად მიიღოს სამედიცინო მომსახურება დაზღვევის პროგრამის სრული მოცულობით, მიუხედავად მის მიერ ფაქტიურად გადახდილი თანხის ოდენობისა.

5. საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს აქვს უფლება აღძრას სარჩელი სამედიცინო დაწესებულების, დამზღვევის ან მზღვეველის მიმართ მათ მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.

თავი II

სამედიცინო დაზღვევის სისტემა

    მუხლი 4. სამედიცინო დაზღვევის ობიექტი

სამედიცინო დაზღვევის ობიექტია სადაზღვევო რისკი, რომელიც დაკავშირებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოსალოდნელ დანახარჯებთან.

    მუხლი 5. სამედიცინო დაზღვევის სუბიექტები

სამედიცინო დაზღვევის სუბიექტები არიან:

ა) დაზღვეული – პირი ან პირთა ჯგუფი, ვის სასარგებლოდაც ხორციელდება დაზღვევა;

ბ) დამზღვევი – დამქირავებელი, სახელმწიფო, ვინც იხდის სადაზღვევო შესატანს დაზღვეულის სასარგებლოდ;

გ) მზღვეველი – სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს სამედიცინო დაზღვევის ლიცენზია.

    მუხლი 6. სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულება

1. სამედიცინო დაზღვევა ხორციელდება ხელშეკრულების ფორმით. სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულება იდება სამედიცინო დაზღვევის სუბიექტებს შორის, რომლებმაც ზუსტად უნდა შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

2. სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულებაში სრულად აისახება:

ა) მხარეთა დასახელება;

ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადები და მისი ვადაზე ადრე შეწყვეტის წესები და პირობები;

გ) დაზღვეულთა რაოდენობა;

დ) სადაზღვევო შესატანის ოდენობა, მისი გადახდის ვადები და წესები;

ე) სადაზღვევო პროგრამის შინაარსი;

ვ) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის ზომები.

3. ხელშეკრულება დადებულად ითვლება პირველი სადაზღვევო შესატანის გადახდის დღიდან, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 7. სამედიცინო დაზღვევის პოლისი

პირი, რომელიც დაზღვეულია სამედიცინო დაზღვევის პროგრამით, ღებულობს ამ დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს – სამედიცინო დაზღვევის პოლისს, რომელიც დაზღვეულს პირადად ეძლევა. ამ პოლისის მოქმედების სფერო განისაზღვრება შესაბამისი სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულებით.

    მუხლი 8. დამზღვევის უფლებები

დამზღვევი უფლებამოსილია:

ა) აირჩიოს ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის პროგრამა შესაბამისი ლიცენზიის მქონე ნებისმიერ სადაზღვევო ორგანიზაციაში;

ბ) განახორციელოს კონტროლი სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე.

    მუხლი 9. დამზღვევის მოვალეობები

დამზღვევი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში;

ბ) დროულად და სრულად გადაიხადოს სადაზღვევო შესატანები დაზღვევის ხელშეკრულებით დადგენილი წესის მიხედვით.   

    მუხლი 10. მზღვეველის უფლებები

მზღვეველი უფლებამოსილია:

ა) დაზღვევის პროგრამის შესასრულებლად აირჩიოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება;

ბ) ნებაყოფლობითი დაზღვევის პროგრამაში თავად განსაზღვროს სადაზღვევო შესატანების ოდენობა და მათი გადახდის პირობები;

გ) შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულებებში დაზღვეულისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი და მოცულობა;

დ) შეამოწმოს დაზღვეულის შრომისა და ყოფის პირობები;

ე) შეწყვიტოს სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულება კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში;

ვ) აღძრას სარჩელი სასამართლოში იურიდიული ან ფიზიკური პირების მიმართ, თუ მათი ქმედებით ან უმოქმედობით დაზღვეულს მიადგა მატერიალური, ფიზიკური ან/და მორალური ზიანი, და მოითხოვოს ამასთან დაკავშირებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება;

ზ) გამოიყენოს მიღებული სადაზღვევო შესატანები (პრემიები) მხოლოდ კანონით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 11. მზღვეველის მოვალეობები

მზღვეველი ვალდებულია:

ა) დაზღვევის პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოს დაზღვეულის სამედიცინო მომსახურება იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომელთაც აქვთ შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია;

ბ) დადგენილი წესით და შესაბამისი ნორმატივების დაცვით შექმნას სამედიცინო დაზღვევის სათანადო ფონდები;

გ) დადგენილი წესით წარუდგინოს ანგარიში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

თავი III

(ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156

    მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156

    მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156

თავი IV

ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევა

    მუხლი 15. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის სამართლებრივი ასპექტები

1. ყველა პირს აქვს ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის უფლება.

2. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის პროგრამა განისაზღვრება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით.

3. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის პროგრამა ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას და ექსპერტიზას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

4. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევისას დამზღვევი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.

    მუხლი 16. მზღვეველი ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევისას

1. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის უფლება აქვს ნებისმიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციას. მზღვეველზე ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის ლიცენზიის გაცემა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ჯანმრთელობის დაცვის მმართველობითი ორგანოები და სამედიცინო დაწესებულებები არ შეიძლება იყვნენ იმ სადაზღვევო ორგანიზაციის დამფუძნებლები, რომელიც მონაწილეობს სამედიცინო დაზღვევაში.

3. მზღვეველს უმტკიცდება მინიმალური საწესდებო ფონდის ნორმატივი, რომელსაც ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის ლიცენზირების სხვა წესებთან ერთად ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

თავი V

სამედიცინო დაზღვევის სისტემაში მხარეთა ურთიერთობის რეგულირება

    მუხლი 17. სამედიცინო დაზღვევის სუბიექტთა ურთიერთობის რეგულირება

1. სამედიცინო დაზღვევის სუბიექტთა ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე სამედიცინო დაზღვევის სუბიექტებს შორის დადებული ხელშეკრულებებით.

2. სამედიცინო დაზღვევის საკითხებზე დავა წყდება სასამართლო წესით.

    მუხლი 18. სამედიცინო დაზღვევის სისტემაში მხარეთა პასუხისმგებლობა

1. (ამოღებულია - 03.12.02 №1815).

2. სამედიცინო დაწესებულება სათანადო შეთანხმებით ვალდებულია გაუწიოს დაზღვეულს სამედიცინო მომსახურება ლიცენზიის შესაბამისი მოცულობითა და ხარისხით. აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში მზღვეველს უფლება აქვს სამედიცინო დაწესებულებას არ აუნაზღაუროს ან ნაწილობრივ აუნაზღაუროს მკურნალობისათვის გაწეული ხარჯები.

3. მზღვეველი მატერიალურად პასუხისმგებელია დამზღვევის წინაშე დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის. მატერიალური პასუხისმგებლობის ზომა გათვალისწინებული უნდა იყოს დაზღვევის ხელშეკრულების პირობებით.

4. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება შესაბამისი შეთანხმების პირობების დაცვით.

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156

თავი VI

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 19. კანონის ძალაში შესვლა

ეს კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი   ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 18 აპრილი.

№660IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 26.11.1999 წ., მუხ.239

2. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

3. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156

4. ძალადაკარგულია - საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5129 - სსმ I, №27, 17.07.2007 წ., მუხ.262