ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ

ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 336
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.018722
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
336
09/07/2015
ვებგვერდი, 13/07/2015
470000000.10.003.018722
ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (13/07/2015 - 19/02/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №336

2015 წლის 9 ივლისი

ქ.თბილისი

 

ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, 21-ე მუხლისა და 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს  „ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესი“.
მუხლი 2
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, ამ დადგენილებით დამტკიცებული  წესის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, უზრუნველყონ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება.
მუხლი 3
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ვეტერინარული საქმიანობის მიმწოდებლების შეტყობინების/ანგარიშგების წესის დამტკიცება.
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე  სამინისტროებმა უზრუნველყონ შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების განხორციელება, ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. 
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი  1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ წესის მიზანია, დროულად გამოავლინოს ბიოლოგიური საფრთხე, დაადგინოს საფრთხის გამომწვევი მიზეზი და წყარო და დროულად მოახდინოს იმ სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან  საფრთხის შემცირებაზე ან/და ლიკვიდაციაზე.

2. ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემა:

ა) განსაზღვრავს ინტეგრირებულ ეპიდზედამხედველობის სისტემაში მონაწილე ორგანოებსა და თითოეული სტრუქტურის უფლება-მოვალეობებს;

ბ) განსაზღვრავს სხვადასხვა სექტორის ურთიერთქმედების ზოგად პრინციპებს, ინფორმაციის რეგისტრაციისა და გაცვლის წესს და აზუსტებს პროცედურებს;

გ) ადგენს ამ სისტემაში შემავალი ორგანოების მოქმედების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ არეალს.

3. ამ წესის მოთხოვნები სავალდებულოა ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე ორგანოებისა და პირებისთვის.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა – მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

ბ) ეპიდზედამხედველობა – მოსახლეობის, ცხოველების ჯანმრთელობის, საკვების და/ან  წყლის უვნებლობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების მუდმივმოქმედი სისტემა;

გ) ინფექციური დაავადებების ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული სისტემა − ქვეყანაში ეპიდზედამხედველობის ღონისძიებების ერთობლიობა, რომელსაც უზრუნველყოფს სახელმწიფო და რომელიც ხორციელდება შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო ორგანოებისა და პერსონალის მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად;

დ) პათოგენი ან ინფექციური აგენტი – მიკროორგანიზმი (ბაქტერია, ვირუსი, პროტოზოა, სოკო)  ან პრიონი, რომელიც იწვევს დაავადებას მასპინძლის ორგანიზმში;

ე) ბიოლოგიური აგენტი − პათოგენი ან ბიოლოგიური წარმოშობის ტოქსინი, რომელიც იწვევს დაავადებას მასპინძლის ორგანიზმში და შეიძლება მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული, როგორც ბიოლოგიური იარაღი;

ვ) ნფექცია − მასპინძლის ორგანიზმის ცოცხალი ქსოვილის ინვაზია დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებით და მასპინძელი ორგანიზმის პასუხი ამ მიკროორგანიზმებისა და მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინების მიმართ;

ზ) განსაკუთრებით საშიში პათოგენი – იმ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევი, მაღალი გადამდებლობის მქონე ბიოლოგიური აგენტები და ტოქსინები, რომლებსაც შეუძლიათ, მძიმე ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას და განსაზღვრულია „განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 მაისის №01-18/ნ ბრძანებით;

თ) განსაკუთრებით საშიში ინფექციები − მაღალი პათოგენობის მქონე ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნიან ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას;

ი) საფრთხე − გარკვეულ პირობებში ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობის და/ან სიცოცხლისათვის ზიანის შემცველი ნებისმიერი წყარო და მოქმედება;

კ)    რისკი − ზიანის განხორციელებისა და მისი სიმძიმის ალბათობათა კომბინაცია;

ლ) ეპიდემია – პოპულაციის ცალკეულ ჯგუფში დაავადების შემთხვევების მნიშვნელოვანი  ზრდა მოსალოდნელ (ფონურ) დონესთან შედარებით;

მ) ეპიდაფეთქება – განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოსახლეობის ან ცხოველების შეზღუდულ რაოდენობაში გადამდები დაავადების ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა ხანმოკლე პერიოდში;

ნ) ეპიდემიური კერა – ინფექციის წყაროს ადგილი და მისი მომიჯნავე ტერიტორია, რომელთა ფარგლებშიც მოცემულ პირობებში შესაძლებელია დაავადების გამომწვევით ჯანმრთელი ადამიანების, ცხოველების ინფიცირება;

ო) პანდემია – გადამდები დაავადების უჩვეულოდ ფართო (რამდენიმე ქვეყნის, კონტინენტის ან მსოფლიოს მასშტაბით) გავრცელება, რომელიც მოიცავს მოსახლეობის ან ცხოველების მნიშვნელოვან ნაწილს;

პ) ზოონოზური დაავადება –  ნებისმიერი ინფექციური დაავადება, რომელიც შეიძლება გადაეცეს ხერხემლიანი ცხოველიდან ადამიანს და პირიქით;

ჟ) ეპიზოოტია − გადამდები დაავადებით ერთდროულად მრავალი ცხოველის დასენიანების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელ (ფონურ) დონესთან შედარებით;

რ) ეპიზოოტიური მდგომარეობა − განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დროის გარკვეულ მონაკვეთში ცხოველთა გადამდები დაავადებების წარმოშობისა და გავრცელების შესახებ მონაცემების ერთობლიობა;

ს) ცხოველი − ნებისმიერი ხერხემლიანი თუ უხერხემლო ცხოველი (ყველა სახეობის ცხოველი), ფრინველი, თევზი, ფუტკარი, წყალხმელეთა ძუძუმწოვარი, ამფიბია, კიბოსნაირი, მოლუსკი, საინკუბაციო კვერცხი, განაყოფიერებული ქვირითი;

ტ) ბიოუსაფრთხოება – ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებისაგან პერსონალის, მოსახლეობის, ცხოველებისა და გარემოს დაცვისკენ მიმართული ორგანიზაციული, სამედიცინო-ბიოლოგიური და საინჟინრო-ტექნოლოგიური ღონისძიებებისა და საშუალებების სისტემა;

უ) დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა (დზეის) − ქვეყანაში მოქმედი ეპიდზედამხედველობის ელექტრონული სისტემა;

ფ) სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (დკსჯეც) −   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და მისი ტერიტორიული ერთეულები;

ქ)  ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ეროვნული კოორდინატორი  – სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;

ღ) ლუგარის ცენტრი  − სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (დკსჯეც-ის) სტრუქტურული ერთეული − ლუგარის   საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი;

ყ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი (სჯც) − მუნიციპალიტეტებთან არსებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრები;

შ) სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები;

ჩ) რეგიონალური სამმართველო − სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო;

ც) სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია −  სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია და მისი ტერიტორიული ორგანოები;

ძ) შემოსავლების სამსახური − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური;

წ) დკსჯეც რეგიონული დიაგნოსტიკური ლაბორატორია − სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული  ერთეული;   

ჭ) ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია − სსიპ –  ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ზონალური დიაგნოსტიკური ტერიტორიული ერთეულები; 

ხ) საველე სადგური  −  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოები/რეგიონში განლაგებული ლაბორატორიები;

ჯ) ნიმუში − მასალა ლაბორატორიული კვლევისთვის;

ჰ) ლაბორატორია − დაწესებულება და/ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც კონტროლირებად პირობებში, ბიოლოგიურ მასალაზე შეიძლება განხორციელდეს სამეცნიერო კვლევა, ექსპერიმენტული, დიაგნოსტიკური, სასწავლო და/ან საწარმოო სამუშაოები;

1) კონტეინმენტი (შეკავება) – განსაზღვრულ ლაბორატორიულ ან დაწესებულების ერთეულში, უსაფრთხო მეთოდებით კონტროლირებადი გარემოს შექმნა, სადაც  ლაბორატორიის თანამშრომლის, პაციენტის ან სხვა პერსონალის და გარემოს ინფექციურ აგენტთან ექსპოზიციის რისკი მინიმუმამდეა შემცირებული, ან საერთოდ აღმოფხვრილი. კონტეინმენტის ელემენტებია: ლაბორატორიული ჩვევა/პრაქტიკა და ტექნიკა, უსაფრთხო აღჭურვილობა და შენობის დიზაინი;

2) ბიოუსაფრთხოების პირველი დონის ლაბორატორია  − განსაზღვრულია სამუშაოდ ისეთ პათოგენებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ან წარმოადგენენ მინიმალურ პოტენციურ რისკს   ლაბორატორიის პერსონალისთვის ან გარემოსთვის  და, ჩვეულებრივ, არ იწვევენ დაავადებას მოზრდილ, ჯანმრთელ ადამიანში.   ბიოუსაფრთხოების პირველი დონის ლაბორატორია წარმოადგენს კონტეინმენტის საბაზისო დონეს, რომელიც ეყრდნობა კარგ მიკრობიოლოგიურ ჩვევას/პრაქტიკას;

3) ბიოუსაფრთხოების მეორე დონის ლაბორატორია −  განსაზღვრულია კლინიკური, დიაგნოსტიკური, სასწავლო სამუშაოებისათვის ისეთ პათოგენებზე, რომლებიც წარმოადგენენ საშუალო პოტენციურ რისკს ლაბორატორიის პერსონალისთვის ან გარემოსთვის. აღნიშნულ აგენტებთან მუშაობისას ძირითად საფრთხეს წარმოადგენს კანის, ლორწოვანის ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შემთხვევითი ექსპოზიცია. მეორე დონის ლაბორატორია მსგავსია პირველი დონის ლაბორატორიის და დამატებით მოითხოვს პერსონალის სპეციალურ სწავლებას, ლაბორატორიაში დაშვების შეზღუდვებს, საინჟინრო დამცავი საშუალებებისა და პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენებას საჭიროებისამებრ;  

4) ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორია −  განსაზღვრულია კლინიკური, დიაგნოსტიკური, სასწავლო, კვლევითი ან საწარმოო სამუშაოებისათვის ადგილობრივ ან შემოტანილ  პათოგენებზე, რომელთაც რესპირატორული გზით  შეუძლიათ გამოიწვიონ მძიმე ან პოტენციურად ლეტალური დაავადება. ლაბორატორიის პერსონალმა უნდა გაიაროს სპეციალური სწავლება. სტანდარტული ლაბორატორიული ჩვევები/პრაქტიკა და ტექნიკა, უსაფრთხოების აღჭურვილობა და შენობის დიზაინი შეესაბამება კონტეინმენტის მაღალ დონეს;

5) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი – სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის  სახელმწიფო სერტიფიკატი ან/და შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლება;

6) ვეტერინარული მომსახურების მიმწოდებელი – ვეტერინარული მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლება.

7) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი − სახელმწიფო უსაფრთხოებისა  და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

თავი II

ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე ორგანოები და პირები, მათი ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

მუხლი 3. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე ორგანოები

ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე ორგანოებს მიეკუთვნებიან:

ა)  სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და მისი ტერიტორიული ერთეულები;

ბ) მუნიციპალიტეტებთან არსებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრები/სამსახურები;

გ)  სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები;

დ) სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია და მისი ტერიტორიული ორგანოები;

ე)  სსიპ − შემოსავლების სამსახური;

ვ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

მუხლი 4. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირები

ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მიეკუთვნებიან:

ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები;

ბ) ვეტერინარული მომსახურების მიმწოდებლები;

გ) სხვა დაწესებულებები, რომელთაც შეხება აქვთ და/ან მუშაობენ პათოგენებთან.

მუხლი 5. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე ორგანოების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

1. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე თითოეული ორგანო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხს აგებს:

ა) შემთხვევის დროულ აღმოჩენაზე;

ბ) შემთხვევის დროულ რეგისტრაციაზე;

გ) შემთხვევის შესახებ დროულ შეტყობინებაზე/ანგარიშგებაზე;

დ) შემთხვევის ეპიდკვლევასა და ინფორმაციის დროულ განახლებაზე;

ე) შემთხვევის  ლაბორატორიულ კვლევასა და ლაბორატორიული ღონისძიებების დეტალურ ასახვაზე;

ვ) მონაცემთა ანალიზსა და ინტერპრეტაციაზე და სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური და/ან ადგილობრივი ორგანოებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაზე;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ეპიდემიისთვის მზადყოფნაზე,  ეროვნული და/ან დარგობრივი რეაგირების გეგმის თანახმად;

თ) საპასუხო ქმედებასა და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაზე, ეროვნული და (ან) დარგობრივი რეაგირების გეგმის თანახმად;

ი) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (ჯსწ-2005) მიხედვით, მოულოდნელი/უჩვეულო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რისკის და/ან საერთაშორისო გავრცელების საფრთხის შემცველი მოვლენის შემთხვევაში, ჯსწ-ის ეროვნული კოორდინატორისთვის შეტყობინებასა და ურთიერთთანამშრომლობაზე რისკის შეფასებისას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ − ე“ ქვეპუნქტებში მითითებული ვალდებულებები ხორციელდება დაავადებებზე ზედამხედველობის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემის (დზიეს) მეშვეობით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, თითოეული ორგანოს ხელმძღვანელი პირი პასუხს აგებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 6. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე პირების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

1. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე პირები, განურჩევლად მათი იურიდიული ფორმისა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პასუხს აგებენ:

ა) შემთხვევის აღმოჩენისთანავე მის დროულ რეგისტრაციაზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად;

ბ) შემთხვევის აღმოჩენისთანავე შეტყობინება/ანგარიშგებაზე  იმ უწყების მიმართ, რომლის წინაშე შეტყობინების ვალდებულებაც მათ შესაბამისი ნორმატიული აქტით ეკისრებათ.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სამედიცინო და ვეტერინარული მომსახურების მიმწოდებლები პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი III

განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა

მუხლი 7. ერთიანი ლაბორატორიული სისტემა

განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა მოიცავს ბიოლოგიური უსაფრთხოების სხვადასხვა დონის ლაბორატორიების ქსელს, კერძოდ:

ა) დკსჯეც/ლუგარის ცენტრს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-2 დონისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ხოლო მისი ნაწილი ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-3 დონისადმი დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) დკსჯეც-ის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-2 დონის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს;

გ) სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას და მის შემადგენლობაში შემავალ ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-2 დონისადმი დადგენილ მოთხოვნებს;

დ) დკსჯეც-ის რეგიონულ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს, რომელთა ლაბორატორიული ნაწილი უნდა აკმაყოფილებდეს ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-2 დონისადმი დადგენილ მოთხოვნებს;

ე) სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საველე სადგურებს, (გურჯაანის, დუშეთის, მარნეულის, გორის, ამბროლაურის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ბათუმის ლაბორატორიები), რომელთა ლაბორატორიული  ნაწილი უნდა აკმაყოფილებდეს ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-2 დონისადმი დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 8.  ლაბორატორიების ბიოუსაფრთხოების დონეების განსაზღვრა

საქართველოში განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიან ლაბორატორიულ სისტემაში შემავალი ლაბორატორიების აღჭურვა, მოწყობა და ფუნქციონირების მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ბიოლოგიური უსაფრთხოების კონკრეტული დონისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ ტექნიკურ და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნებს.

მუხლი 9.  ლაბორატორიების შეტყობინება/ანგარიშგებისა  და  ნიმუშის გადაგზავნის წესი

1. ერთიან ლაბორატორიულ სისტემაში შემავალი ლაბორატორიები ვალდებულნი არიან, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აღმოჩენილი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ იმ ორგანოებს, რომელთა წინაშე შეტყობინების ვალდებულებაც მათ ამ წესით და სხვა ნორმატიული აქტებით ეკისრებათ.

2. ერთიან ლაბორატორიულ სისტემაში შემავალი ლაბორატორიები ვალდებულნი არიან, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აღმოჩენილი შემთხვევის  ნიმუში გადააგზავნონ ზემდგომ ლაბორატორიაში.

3. განსაკუთრებით საშიშ  პათოგენებზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შემთხვევის რეგისტრაციის შემდეგ რეგიონულმა დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ და/ან საველე სადგურმა უნდა მოახდინონ მხოლოდ  (I) ნიმუშის აღება, (II) ნიმუშის შეფუთვა და (III) ნიმუშის ტრანსპორტირება ზემდგომ ლაბორატორიაში. გამონაკლისია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოები, სადაც წარმოებს ბრუცელოზის და ჯილეხის პირველადი დიაგნოსტიკა. ნიმუშის ლაბორატორიულ ანალიზსა და შემთხვევის დადასტურებას უზრუნველყოფს მხოლოდ ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია ან  ლუგარის ცენტრი. იმ შემთხვევაში, როდესაც ნიმუშის შემდგომი ლაბორატორიული კვლევა საჭიროებს ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-3 დონეს, ყველა სამუშაო ტარდება მხოლოდ დკსჯეც  ლუგარის ცენტრში.

4. ქვეყანაში მოქმედმა ლაბორატორიებმა (მათ შორის, სამედიცინო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში), რომლებიც არ შედიან ერთიან ლაბორატორიულ სისტემაში, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე და/ან მათ მიერ გამოწვეულ დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ დკსჯეც-ს. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ნიმუშის შეფუთვას და უსაფრთხო ტრანსპორტირებას.

5. ქვეყანაში მოქმედმა ვეტერინარულმა ლაბორატორიებმა (მათ შორის, ვეტერინარულ კლინიკებში), რომლებიც არ შედიან ერთიან ლაბორატორიულ სისტემაში, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, განსაკუთრებით საშიში პათოგენების იდენტიფიცირების და/ან  განსაკუთრებით საშიში პათოგენების მიერ გამოწვეულ დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ნიმუშის შეფუთვასა და უსაფრთხო ტრანსპორტირებას.

6. ნიმუშების აღება, შენახვა და უსაფრთხო ტრანსპორტირება ზემდგომ ლაბორატორიულ დონეზე უნდა მოხდეს ბიოუსაფრთხოების არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვით.

7. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ლაბორატორიის/დაწესებულების  ხელმძღვანელი პირი პასუხს აგებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი IV

დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული  ინტეგრირებული სისტემა

მუხლი 10. ელექტრონული ინტეგრირებული  სისტემა

1. დაავადებათა ეპიდზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა (დზეის) წარმოადგენს დაავადებათა შესახებ ერთიან ინფორმაციულ ბაზას და ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში შემავალ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტს, რომელიც გამოიყენება დაავადებათა შემთხვევების დროული შეტყობინება/ანგარიშგების, მონიტორინგისა და ანალიზისთვის.  

2. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში შემავალი ორგანოები (დკსჯეც, სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო, სსიპ- შემოსავლების სამსახური, სჯც) ანგარიშგების ოფიციალურ სისტემად მიღების შემდეგ, ვალდებულნი არიან დზეის-ში შემთხვევის დროულ რეგისტრაციაზე, ანგარიშგება/შეტყობინებასა და განახლებაზე, მათი კომპეტენციის ფარგლებში.

თავი V

ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში შეტყობინების წესი ინფექციების ჯგუფების მიხედვით

მუხლი 11. სავალდებულო შეტყობინების წესი

1. „განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 მაისის №01-18/ნ ბრძანებით განსაზღვრულ განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებაზე ეჭვის მიტანის ყოველი შემთხვევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს რისკს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის, ექვემდებარება სექტორებს შორის სავალდებულო შეტყობინებას.

2. საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და ამ ხელშეკრულებებიდან და/ან კონვენციებიდან გამომდინარე, ზოონოზური, სურსათითა და წყლით გამოწვეული დაავადების შემთხვევები ექვემდებარება სექტორებს შორის  სავალდებულო შეტყობინებას.

3. სექტორებს შორის შეტყობინებას ექვემდებარება ასევე ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები, რომლებიც აგრეთვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოველთა და მეცხოველეობის პროდუქტებით ვაჭრობაზე და მათ გავრცელებას ქვეყნის შიგნით შეიძლება მოჰყვეს მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები.

4. კონკრეტული სექტორისათვის მნიშვნელოვანი დანარჩენი ინფექციების ჩამონათვალს, სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადგენს შესაბამისი სამინისტრო და ამტკიცებს ნორმატიული აქტით. ინფექციების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციისა და გაცვლის წესი რეგულირდება შესაბამისი სამინისტროს ნორმატიული აქტით.

5. ყველა სექტორი თავისი მოქმედების არეალში უჩვეულო/მოულოდნელი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რისკის და/ან საერთაშორისო გავრცელების საფრთხის შემცველი შემთხვევის გამოვლენისას ვალდებულია, შეატყობინოს ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (ჯსწ) ეროვნულ კოორდინატორს. ეროვნული კოორდინატორი, თავის მხრივ, ჯსწ-ის (WHO 2005) მე-2 დანართის შესაბამისი გადაწყვეტილების ინსტრუმენტის გამოყენებით შეაფასებს, წარმოადგენს თუ არა მოვლენა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობას და ატყობინებს ჯსწ-ის საკონტაქტო პირს.

თავი VI

ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული სისტემისთვის საჭირო მინიმალური ინფორმაციის მოცულობა, ინფორმაციის რეგისტრაციისა და გაცვლის წესი

მუხლი 12. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ სისტემაში მონაწილე ორგანოების ურთიერთინფორმირებულობის ვალდებულება, ინფორმაციის რეგისტრაციის და გაცვლის წესი

1. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე ყველა ორგანო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია, უზრუნველყოს შემთხვევის შესახებ ან/და ეპიდემიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დროული/ოპერატიული რეგისტრაცია და გაცვლა სხვა ორგანოებთან დადგენილი წესის მიხედვით.

2. შემთხვევის ან/და ეპიდემიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის სავალდებულო რეგისტრაცია, შეტყობინება/ანგარიშგება, განახლება და გაცვლა ხორციელდება დზეის-ის გამოყენებით,  ამ წესით დადგენილ ვადებში.

3.  დზეის-ში რეგისტრაციასთან ერთად, საჭიროებისას, შემთხვევის ან/და ეპიდემიური მდგომარეობის აღმომჩენი ორგანო ვალდებულია, ოპერატიული კომუნიკაციის ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით (მობილური ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ა.შ.) მიაწოდოს ინფორმაცია ზემდგომ ორგანოს უწყებრივი დაქვემდებარების მიხედვით და ასევე სხვა სექტორის ტერიტორიულ ორგანოებს, მათი კომპეტენციიდან და დაავადების ან/და ეპიდემიური მდგომარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

4. ეპიდემიური კერისა და გავრცელების საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ეროვნული რეაგირების მექანიზმის ამოქმედების საჭიროებისას, შემთხვევის (მათ შორის, სურსათით ან/და წყლით გამოწვეული დაავადების) ან/და ეპიდემიური ან ეპიზოოტიური მდგომარეობის აღმომჩენი ორგანო ვალდებულია, ოპერატიული კომუნიკაციის ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით (მობილური ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.) მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრს.

5. ჯსწ-ის შეტყობინებას დაქვემდებარებული მდგომარეობის/ მოვლენის შეტყობინება ხორციელდება ოპერატიული კომუნიკაციის ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით (მობილური ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ა.შ.) ჯსწ-ის ეროვნულ კოორდინატორთან.

მუხლი 13. ზოონოზური დაავადებების კონტროლის მიზნით ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე ორგანოებს შორის  ურთიერთინფორმირებულობის წესი

1. ეპიზოოტიური სიტუაციის გამწვავებისა და ზოონოზური დაავადების  შემთხვევის  შესახებ შეტყობინებას რეგიონული სამმართველო  დიაგნოსტირებიდან 24 საათის განმავლობაში უგზავნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პირველადი დიაგნოზი კლასიფიკაციის მითითებით საეჭვო/ სავარაუდო ან დადასტურებული;

ბ) ცხოველის/ფრინველის სახეობა;

გ) დიაგნოსტირების თარიღი;

დ) ცხოველის/ფრინველის რაოდენობა, სტატუსი (ცოცხალი, მკვდარი);

ე) მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ვ) ეპიზოოტიური კერის ზუსტი ადგილმდებარეობა და საზღვრები.

2. განსაკუთრებით საშიში ზოონოზური დაავადებით ცხოველის დაავადების შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო შეტყობინებას უგზავნის დკსჯეც-ს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პირველადი დიაგნოზი კლასიფიკაციის მითითებით საეჭვო/ სავარაუდო ან დადასტურებული;

ბ) ცხოველის/ფრინველის სახეობა;

გ) დიაგნოსტირების თარიღი;

დ) ცხოველის/ფრინველის რაოდენობა, სტატუსი (ცოცხალი, მკვდარი);

ე) ცხოველის/ფრინველის მესაკუთრის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ვ) ეპიზოოტიური კერის ზუსტი ადგილმდებარეობა და საზღვრები.

3. ადამიანებში ზოონოზური დაავადების გამოვლენის შემთხვევის  შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 24 საათის განმავლობაში აწვდის რეგიონალურ სამმართველოს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დიაგნოზი, ICD_10 კლასიფიკაციის მითითებით;

ბ) შემთხვევის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (კონფიდენციალობის დაცვით) და დაავადებულის სტატუსი (ცოცხალი, გარდაცვლილი);

გ) დიაგნოსტირების თარიღი;

დ) ექსპოზიციის წყაროსთან კონტაქტის სახე;

ე) ეპიდემიური კერის ადგილმდებარეობა და საზღვრები.

4. ადამიანებში განსაკუთრებით საშიში ზოონოზური დაავადების შემთხვევის  შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დკსჯეც შეტყობინებას უგზავნის სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დიაგნოზი ICD-10  კლასფიკაციის მითითებით;

ბ) შემთხვევის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (კონფიდენციალურობის დაცვით) და დაავადებულის სტატუსი (ცოცხალი, გარდაცვლილი);

გ) დიაგნოსტირების თარიღი;

დ) ექსპოზიციის წყაროსთან კონტაქტის სახე;

ე) ეპიდემიური კერის ადგილმდებარეობა და საზღვრები.

მუხლი  14.  სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ სისტემაში მონაწილე ორგანოებს შორის  ურთიერთინფორმირებულობის წესი

1. ბაზარზე განთავსებული (მათ შორის, საზოგადოებრივი კვების ობიექტში) სურსათის მიღებასთან ასოცირებული დაავადებების (ბოტულიზმი, სხვა ბაქტერიული საკვებისმიერი მოშხამვები, ნაწლავური ინფექციები)  შემთხვევის შესახებ  სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 24 საათის განმავლობაში აწვდის შეტყობინებას სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:

ა) ბოტულიზმის თითოეული შემთხვევის შესახებ;

ბ) სხვა ბაქტერიული საკვებისმიერი მოშხამვებისა და ნაწლავური ინფექციების ჯგუფური (3 ან მეტი) შემთხვევის შესახებ.

2. დკსჯეც-ის მიერ სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოსადმი მიწოდებული შეტყობინება სურსათით გამოწვეული დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დიაგნოზი ICD-10 კლასიფიკაციის მითითებით;

ბ) შემთხვევის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (კონფიდენციალობის დაცვით) და დაავადებულის სტატუსი (ცოცხალი, გარდაცვლილი), რაოდენობა;

გ)  დიაგნოსტირების თარიღი;

დ) სავარაუდო პოტენციურად საფრთხის შემცველი სურსათის   დასახელება და საკვებად გამოყენებული ფორმა;

ე) პაციენტის მიერ დასახელებული საზოგადოებრივი კვების ობიექტის/სურსათის მწარმოებლის/დისტრიბუტორის და/ან რეალიზაციის ადგილის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

3. სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო, ლაბორტორიული კვლევის დასრულებიდან  24  საათის  განმავლობაში, დკსჯეც-ს აწვდის ინფორმაციას  კვლევისას გამოვლენილი დაავადებების გამომწვევებით ან/და კონტამინანტებით სასურსათო პროდუქტის დასენიანების ფაქტის შესახებ. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციებს:

ა) ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სურსათის  ზუსტი დასახელება და სარეალიზაციო ფორმა;

ბ) ნიმუშის აღების ადგილი და თარიღი;

გ) ლაბორატორიული კვლევის თარიღი;

დ) გამომწვევის/ტოქსინის/დამასენიანებლის საიდენტიფიკაციო მონაცემი;

ე) სურსათის მწარმოებლის/რეალიზატორის (საზოგადოებრივი კვების ობიექტის, სურსათის მწარმოებლის, რეალიზაციის ადგილის ან სხვ.), რომელიც შესაძლოა მოიცავდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკს, საიდენტიფიკაციო მონაცემები.

მუხლი 15. წყლით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ სისტემაში მონაწილე ორგანოებს შორის ურთიერთინფორმირებულობის წესი

1. სასმელი წყლით გამოწვეული დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 24 საათის განმავლობაში უგზავნის შეტყობინებას სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნულ ცენტრს და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიღებულ ინფორმაციას აწვდის სურსათის  ეროვნულ სააგენტოს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დიაგნოზი ICD-10 კლასიფიკაციით;       

ბ) შემთხვევის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (კონფიდენციალურობის დაცვით) და დაავადებულის სტატუსი (ცოცხალი, გარდაცვლილი), რაოდენობა;

გ)  დიაგნოსტირების თარიღი;

დ) რისკის ფაქტორის შემცველი სასმელი წყლის ადგილმდებარეობა.

2. სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ ინფორმაციის მიღებისას სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო 24 საათის განმავლობაში უგზავნის შეტყობინებას სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) რისკის ფაქტორის დახასიათება;

ბ) რისკის ფაქტორის შემცველი სასმელი წყლის შესახებ ინფორმაცია.

3. რეკრეაციული წყლით გამოწვეული დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი 24 საათის განმავლობაში აწვდის შეტყობინებას სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებს. სსიპ −  ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მიღებულ ინფორმაციას აწვდის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დიაგნოზი ICD-10 კლასიფიკაციით;

ბ) შემთხვევის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (კონფიდენციალურობის დაცვით) და დაავადებულის სტატუსი (ცოცხალი, გარდაცვლილი), რაოდენობა;

გ)  დიაგნოსტირების თარიღი;

დ) რისკის ფაქტორის შემცველი რეკრეაციული წყლის შესახებ ინფორმაცია.

4. რეკრეაციული წყლის დაბინძურების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო  24 საათის განმავლობაში აწვდის შეტყობინებას სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და მუნიციპალიტეტების შესაბამის  ორგანოებს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) რისკის ფაქტორის დახასიათება;

ბ) რისკის ფაქტორის შემცველი რეკრეაციული წყლის ადგილმდებარეობა.

მუხლი 16. სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და სსიპ −  ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთინფორმირებულობის წესი

1. სსიპ − შემოსავლების სამსახური საქართველოს  საბაჟო  საზღვარზე დასენიანებული ქვეყნიდან ჩამოსული მგზავრების ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში შეტყობინებას უგზავნის სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დეტალური ინფორმაცია შემოსული მგზავრისა და რისკის ფაქტორის შესახებ;

ბ) ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული ნიმუშის შესახებ ინფორმაცია;

გ) საეჭვო გამომწვევის/ტოქსინის/დამასენიანებლის საიდენტიფიკაციო მონაცემი.

2. ნიმუშის აღებას, ლაბორატორიულ შეფუთვასა და უსაფრთხო ტრანსპორტირებას კვლევისთვის უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი, დადგენილი წესების შესაბამისად.

მუხლი 17. სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთინფორმირებულობის წესი

1. სსიპ − შემოსავლების სამსახური საქართველოს საბაჟო საზღვარზე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოწმებისას გამოვლენილ დაავადებებზე,  რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას, შეტყობინებას დაუყოვნებლივ აწვდის სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს. თითოეული სასაქონლო პარტიის შესახებ ელექტრონულად მიეწოდება „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კოტროლის განხორციელების  წესის  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010  წლის 31 დეკემბრის  №429 დადგენილებით განსაზღვრულ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტში“ ასახული ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) „სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტის“ სერიული ნომერი;

ბ) საქონლის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში შემოსვლის თა­რიღი;

გ) საქონლის წონა ან რაოდენობა;

დ) საქონლის დასახელება, ცხოველთა სახეობა;

ე) საქონლის თანმხლები ვეტერინარული სერტიფიკატის/­ნე­ბართვის ნომერი;

ვ) წარმოშობის ქვეყანა, საწარმო;

ზ) საქონლის დანიშნულების ადგილი, მიმღები;

თ) მიღებული გადაწყვეტილება;

ი) ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული ნიმუშის შესახებ ინფორმაცია.

2. ნიმუშის აღებას ლაბორატორიული კვლევისთვის, ნიმუშის შეფუთვასა და უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სსიპ − შემოსავლების სამსახური (იმ შემთხვევაში, როდესაც ნიმუშის აღება, მისი შეფუთვა ან/და ტრანსპორტირება სპეციფიკურია და საჭიროებს განსაკუთრებული პირობების შექმნას, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიის უფლებამოსილი პირის მიერ).

თავი VII

საერთაშორისო შეტყობინება

მუხლი 18. საერთაშორისო შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება

საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და ამ ხელშეკრულებებიდან და/ან კონვენციებიდან გამომდინარე დაავადების/მდგომარეობის აღმოჩენის შემთხვევაში, სავალდებულოა საერთაშორისო შეტყობინების გაგზავნა.

მუხლი 19. საერთაშორისო შეტყობინების გაგზავნაზე უფლებამოსილი ორგანოები

საერთაშორისო შეტყობინების ვალდებულება ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში შემავალ ორგანოებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

ა) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით განსაზღვრულ შეტყობინებებზე პასუხისმგებელია სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;

ბ) ცხოველთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ შეტყობინებებზე პასუხისმგებელია სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო;

გ) სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სტანდარტებთან (SPS) დაკავშირებით შეტყობინებებზე პასუხისმგებელია სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო.

მუხლი 20.  საერთაშორისო შეტყობინების გაგზავნის წესი და ვადები

საერთაშორისო შეტყობინება ხორციელდება შესაბამისი საერთაშორისო წესების თანახმად და ამ საერთაშორისო წესებით დადგენილ ვადებში.

თავი VIII

 ურთიერთქმედება

მუხლი 21.  საპასუხო ქმედება და კონტროლი

ინციდენტზე საპასუხო ქმედება და სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება იგეგმება და მიმდინარეობს ეპიდემიური კერისა და გავრცელების საფრთხის მასშტაბის მიხედვით „ეროვნული რეაგირების გეგმის“ ან „დარგობრივი რეაგირების გეგმის“ მიხედვით.