დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2097 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/11/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 30/11/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 130.050.000.05.001.001.992 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (20/09/2013 - 08/07/2015)
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ
მუხლი 1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ცნება
კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.
მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კონტრდაზვერვითი საქმიანობა – საქართველოს სპეციალური სამსახურების მიერ არასამართალდაცვითი მიზნებისათვის განხორციელებული სპეციალური (ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური) ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიმართულია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების გამოსავლენად და თავიდან ასაცილებლად;
ბ) ოპერატიული საქმიანობა – კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ღია თუ ფარული ფორმებითა და მეთოდებით განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
გ) ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობა – კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ფარული ფორმებითა და მეთოდებით განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
დ) ოპერატიული ინფორმაცია – ოპერატიული ან/და ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის შედეგად მიღებული მონაცემები;
ე) კონტრდაზვერვითი ინფორმაცია – მონაცემები, რომლებიც ასახავს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობას და მათთან დაკავშირებულ გარემოებებს;
ვ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს ხელისუფლების სპეციალური ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ დაზვერვით ან/და კონტრდაზვერვით (ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ და სხვა) ღონისძიებებს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;
ზ) უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები – უცხო ქვეყნის სპეციალური ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ;
თ) უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა – უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა, რომლის მიზანია:
თ.ა) სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება;
თ.ბ) საქართველოს ხელისუფლებასა და მის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად;
ი) ოპერატიული აღრიცხვის საქმე – ფიზიკური ან იურიდიული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის და მათთან დაკავშირებული ქმედებებისა და გარემოებების შესწავლისა და დოკუმენტირებისათვის სპეციალური სამსახურების ოპერატიულ წარმოებაში არსებული საქმე, რომელშიც სისტემატიზებული და კონცენტრირებულია მასთან დაკავშირებით მოპოვებული ოპერატიული მასალები;
კ) საქართველოს პირი:
კ.ა) საქართველოს მოქალაქე;
კ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოქალაქეების მიერ;
ლ) უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა – ნებისმიერი იურიდიული პირი, გარდა ამ მუხლის „კ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა;
მ) უცხო ქვეყნის წარმომადგენელი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
ნ) ელექტრონული თვალთვალი – სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხებიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით) ელექტრონული, მექანიკური ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
ო) შეთანხმებული ელექტრონული თვალთვალი – ელექტრონული თვალთვალი, განხორციელებული სატელეფონო ან სხვა სახის ელექტრონული კავშირის ერთ-ერთი მონაწილე მხარის წერილობითი თანხმობით.
მუხლი 3. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ამოცანები
კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა:
ა) სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიტიკური დამუშავება და გამოყენება;
ბ) კონკრეტული სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოვლენა და თავიდან აცილება.
მუხლი 4. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
კონტრდაზვერვითი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები.
მუხლი 5. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების პრინციპები
1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების განუხრელი დაცვა, პიროვნების ღირსების პატივისცემა;
გ) კონსპირაციის წესების დაცვა;
დ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის მართვის ცენტრალიზაცია და ერთიანობა.
2. კონტრდაზვერვითი საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო და ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვების მიზნით და იგი არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაცია არ არის საქართველოს პირების უფლებების შეზღუდვის საფუძველი.
მუხლი 6. კონტრდაზვერვითი საქმიანობა და საჯაროობა
1. კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.
2. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. კონტრდაზვერვით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მასალების და სხვა მონაცემების ან მათი ნაწილის დასაიდუმლოების წესი და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თავი II. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სისტემა და ორგანიზაცია
მუხლი 7. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურები
1. კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
2. ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება საქართველოს სპეციალურ სამსახურს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
3. სპეციალური სამსახურები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მაკოორდინირებელ სპეციალურ სამსახურს წარუდგინონ ნებისმიერი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებთან.
4. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს:
ა) ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესს;
ბ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესს, რომლითაც განისაზღვრება აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სრული ნუსხა და მათი წარდგენის წესი.
მუხლი 8. სპეციალური სამსახურების უფლებამოსილებები
1. სპეციალური სამსახურების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. სპეციალური სამსახურები ვალდებული არიან:
ა) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ყველა საჭირო ქმედება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ამოცანების შესასრულებლად;
ბ) განუხრელად დაიცვან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, იურიდიული პირის უფლებები, პატივი სცენ პიროვნების ღირსებას;
გ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან კონსპირაციის წესები.
3. სპეციალურ სამსახურებს უფლება აქვთ:
ა) ღიად ან/და ფარულად ჩაატარონ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ბ) უსასყიდლოდ ან სასყიდლით დაამყარონ ურთიერთობა მოქალაქეებთან, რომელთაც ნებაყოფლობით განაცხადეს თანხმობა, კონფიდენციალურ საფუძველზე ხელი შეუწყონ სპეციალურ სამსახურებს;
გ) შექმნან და გამოიყენონ საინფორმაციო სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს კონტრდაზვერვითი საქმიანობის ამოცანათა შესრულებას;
დ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების ჩატარების დროს ხელშეკრულებით ან ზეპირი შეთანხმებით გამოიყენონ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, სამხედრო ნაწილთა სასამსახურო შენობები, ქონება, აგრეთვე კერძო პირთა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი სადგომები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება;
ე) კონსპირაციის მიზნით გამოიყენონ დოკუმენტები, რომლებშიც შენიღბულია სპეციალური სამსახურების თანამდებობის პირთა ვინაობა, დანაყოფების, ორგანიზაციების სადგომებისა და სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილება, აგრეთვე იმ მოქალაქეთა ვინაობა, რომლებიც ამ სამსახურებთან თანამშრომლობენ კონფიდენციალურ საფუძველზე.
მუხლი 9. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებები
1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებებია:
ა) ოპერატიული ღონისძიებები – ოპერატიული საქმიანობის ნაწილი; ისინი ხორციელდება უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ღია ან/და ფარული მეთოდების გამოყენებით. ოპერატიული ღონისძიებების სახეები განისაზღვრება სპეციალური სამსახურების სამართლებრივი აქტებით;
ბ) ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები – ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის ნაწილი; ისინი ხორციელდება უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
2. ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებებია:
ა) ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა;
ბ) ფარული კინო- და ფოტოგადაღება;
გ) სატელევიზიო კამერების და სხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება;
დ) ელექტრონული თვალთვალი;
ე) საფოსტო კორესპონდენციის კონტროლი.
მუხლი 10. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები
კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების საფუძვლებია:
ა) მონაცემები ფაქტებისა და მოვლენების (ან მათი ნიშნების) შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან რომლებსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას;
ბ) მონაცემები უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ან უცხო ქვეყნის წარმომადგენლობის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მომზადებასთან ან განხორციელებასთან, ან არსებობს საფუძველი ასეთი ვარაუდისათვის;
გ) მონაცემები საქართველოს პირის შესახებ, რომლებიც მიუთითებს მის კავშირზე უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობასთან.
თავი III. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების წესები
მუხლი 11. კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განხორციელების ზოგადი წესი
1. საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დაშვებულ შემთხვევებში ცალკეულ პირთა მიმართ, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, ეროვნებისა, სქესისა, თანამდებობრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობისა, რელიგიური აღმსარებლობისა და პოლიტიკური მრწამსისა, შესაძლოა განხორციელდეს კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებები.
2. ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები ხორციელდება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში და, როგორც წესი, არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა, რომელთა განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით.
მუხლი 12. ელექტრონული თვალთვალი
1. ელექტრონული თვალთვალის გამოყენებისათვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
2. შუამდგომლობას უნდა დაეთანხმოს საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ შერჩეული, სპეციალურად უფლებამოსილი პროკურორი (შემდგომში – პროკურორი), რომელსაც უფლება აქვს კანონმდებლობის ფარგლებში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
3. შუამდგომლობა ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვის შესახებ უნდა მოიცავდეს:
ა) ელექტრონული თვალთვალის განხორციელების საფუძვლების მოტივირებულ დასაბუთებას ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად;
ბ) დეტალურ მონაცემებს ელექტრონული თვალთვალის ობიექტის შესახებ;
გ) ფაქტებისა და გარემოებების აღწერას იმის დასადასტურებლად, რომ:
გ.ა) ელექტრონული თვალთვალი მიმართული იქნება მხოლოდ იმ კომუნიკაციების მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის მიღებისკენ, რომლებსაც ექსკლუზიურად იყენებს ან აკონტროლებს ელექტრონული თვალთვალის ობიექტი;
გ.ბ) ყოველ მოწყობილობას ან ადგილს, რომლისკენაც იქნება მიმართული ელექტრონული თვალთვალი, იყენებს ან გამოიყენებს თვალთვალის ობიექტი;
გ.გ) ელექტრონული თვალთვალის მიზანია კონტრდაზვერვითი ინფორმაციის მოპოვება;
გ.დ) კონტრდაზვერვითი ინფორმაცია პრაქტიკულად ვერ მოიპოვება ელექტრონული თვალთვალის გარეშე.
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №484 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.441
მუხლი 13. მოსამართლის ბრძანება
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს (შემდგომში – მოსამართლეს) უფლება აქვს ბრძანებით გასცეს ნებართვა ელექტრონული თვალთვალის განხორციელების შესახებ, თუ არსებობს ობიექტური საფუძველი და შესრულებულია ამ კანონის მე-10 და მე-12 მუხლების მოთხოვნები.
2. მოსამართლე ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვის შესახებ შუამდგომლობას მისი მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა განიხილავს დახურულ სასამართლო სხდომაზე, სპეციალური სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის და პროკურორის მონაწილეობით. მოსამართლეს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება:
ა) გასცემს ბრძანებას ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების ჩატარების შესახებ;
ბ) გამოიტანს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. მოსამართლეს უფლება აქვს მოითხოვოს ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც აუცილებელია საკითხის გადასაწყვეტად.
4. ამ მუხლის მიხედვით გაცემული ბრძანებით ნებადართულია ელექტრონული თვალთვალი იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მისი მიზნების მისაღწევად, მაგრამ არა უმეტეს 90 დღისა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადის გაგრძელება შეიძლება მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, იმავე წესით და საფუძვლით, რაც დადგენილია თავდაპირველი ბრძანებისათვის, თითოეულ ჯერზე არა უმეტეს 12 თვისა.
6. ამ მუხლით ნებადართულ ელექტრონულ თვალთვალზე მოსამართლის ბრძანება ავალდებულებს ელექტრონულ საკომუნიკაციო ოპერატორს (სატელეფონო კომპანიას), რათა მან:
ა) უზრუნველყოს ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) საიდუმლოდ შეინახოს ელექტრონულ თვალთვალთან დაკავშირებული ყველა მონაცემი.
7. ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების (შუამდგომლობა, ბრძანება და სხვა) მიმართ მოქმედებს საიდუმლოების დაცვის რეჟიმი.
მუხლი 14. ელექტრონული თვალთვალის მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელების უფლება
1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისათვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მიუხედავად ამ კანონის მე-11 და მე-13 მუხლების მოთხოვნებისა, თუ სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი დაადგენს, რომ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა ელექტრონული თვალთვალის გამოსაყენებლად, რათა მოპოვებულ იქნეს კონტრდაზვერვითი ინფორმაცია მოსამართლის ბრძანების მიღებამდე, და არსებობს ობიექტური საფუძველი ასეთი თვალთვალისათვის საჭირო ბრძანების მისაღებად, იგი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ელექტრონული თვალთვალის განხორციელების შესახებ.
2. სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ აცნობებს მოსამართლეს ელექტრონული თვალთვალის განხორციელების შესახებ და 24 საათის განმავლობაში მიმართავს მას შესაბამისი შუამდგომლობით.
3. თუ მოსამართლე არ გასცემს ბრძანებას, რომელიც ელექტრონული თვალთვალის განხორციელების უფლებას იძლევა, ელექტრონული თვალთვალი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
მუხლი 15. შეთანხმებული ელექტრონული თვალთვალი
1. სპეციალური სამსახური უფლებამოსილია ელექტრონული კავშირის ერთ-ერთი მონაწილე მხარის წერილობითი თანხმობით განახორციელოს ელექტრონული თვალთვალი, რომელიც მიმართულია კონტრდაზვერვითი ინფორმაციის მოპოვებისკენ.
2. ასეთი სახის თვალთვალის ვადაა არა უმეტეს 90 დღისა. ვადის გაგრძელება ხდება იმავე პროცედურით, როგორითაც პირველადი უფლების მიღება.
მუხლი 16. საფოსტო კორესპონდენციის კონტროლი
საფოსტო კორესპონდენციის კონტროლის განსახორციელებლად სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი მიმართავს მოსამართლეს ბრძანებისათვის იმავე პროცედურით, როგორითაც ელექტრონული თვალთვალის შემთხვევაში.
მუხლი 17. სატელევიზიო კამერების და სხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება
კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი უფლებამოსილია გასცეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სატელევიზიო კამერების და სხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების ნებართვა.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი უფლებამოსილია გასცეს ორგანიზაციის საქმიანობაში ფარული მონაწილეობის ნებართვა, თუ:
ა) არსებობს სათანადო საფუძველი, რომ ორგანიზაცია მონაწილეობს უცხო ქვეყნის წარმომადგენლობისათვის ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობაში;
ბ) ფარული მონაწილეობა მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანი კონტროლისათვის.
მუხლი 19. კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა
კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი უფლებამოსილია გასცეს კანონმდებლობის ფარგლებში კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნის ნებართვა.
მუხლი 20. სპეციალური სამსახურების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები
1. სპეციალური სამსახურების თანამშრომლებზე ვრცელდება იმ სამსახურების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, რომელთა სამსახურშიც ისინი ირიცხებიან.
2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის და სპეციალური სამსახურის კანონიერ მოქმედებაში, გარდა კანონით საამისოდ უფლებამოსილი პირისა.
3. სახელმწიფო დაწესებულებისა და სამხედრო ნაწილის თანამდებობის პირი კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიების ჩატარებისას ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს სპეციალურ სამსახურს.
4. სპეციალური სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.
მუხლი 21. მოქალაქეთა მიერ სპეციალური სამსახურებისთვის ხელის შეწყობა
1. ცალკეული პირები შეიძლება მათივე თანხმობით ჩააბან კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების მომზადებასა თუ ჩატარებაში. ეს პირები ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ ცნობები, რომლებიც ამ ღონისძიებების მომზადებისა თუ ჩატარების დროს შეიტყვეს, სპეციალურ სამსახურებს არ მიაწოდონ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია, არ გამოიყენონ ეს კავშირი თავიანთი ინტერესებისათვის.
2. სპეციალურ სამსახურებს შეუძლიათ კონტრაქტები დაუდონ მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს მათი მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, სოციალური და თანამდებობრივი მდგომარეობის, ენის, განათლების, საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის, პოლიტიკური მრწამსის და რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად.
3. სპეციალურ სამსახურებს ეკრძალებათ კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის, საქართველოს კონსტიტუციის 63-ე და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირების კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება.
1. სპეციალური სამსახურებისთვის ხელის შემწყობ პირებს სახელმწიფო იცავს.
2. თუ სპეციალური სამსახურებისთვის ხელის შეწყობის მიზეზით ცალკეულ პირებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებს შეექმნებათ სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის რეალური საფრთხე, ეს სამსახურები ვალდებული არიან მიიღონ საჭირო ზომები ასეთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
3. ცნობები იმ პირთა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ სპეციალურ სამსახურებთან, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას; მათი გაცემა შეიძლება მხოლოდ ამ პირთა ან მათი მემკვიდრეების წერილობითი თანხმობით ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. პირს, რომელიც სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობს, აქვს გასამრჯელოს მიღების უფლება.
5. პირს, რომელმაც თანხმობა განაცხადა, კონტრაქტის საფუძველზე ითანამშრომლოს სპეციალურ სამსახურებთან, სახელმწიფო აძლევს გარანტიას, რომ შესრულდება კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები.
6. საჭიროების შემთხვევაში პირის, რომელიც თანამშრომლობს სპეციალურ სამსახურებთან, ასევე მისი ოჯახის წევრების, ახლობლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ტარდება მათი დაცვის სპეციალური ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 23. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა
სპეციალურ სამსახურებს კონტრდაზვერვითი საქმიანობისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფათ ფინანსური სახსრები, რომლებიც იხარჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V. კონტრდაზვერვითი საქმიანობის კონტროლი
მუხლი 24. საპარლამენტო კონტროლი
1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის საპარლამენტო კონტროლის ფორმები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. საქართველოს პარლამენტის წევრებმა კანონით დაცული ინფორმაცია კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ შეიძლება მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ის ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკური და იურიდიული პირების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის კოორდინაციის განმახორციელებელი სამსახურის ხელმძღვანელი ვალდებულია არანაკლებ წელიწადში ერთხელ საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს ანგარიში.
მუხლი 27. საპროკურორო ზედამხედველობა
სპეციალური სამსახურების კონტრდაზვერვითი საქმიანობა არ არის საპროკურორო ზედამხედველობის საგანი. ის ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკური და იურიდიული პირების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, თანხმდება საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ დანიშნულ სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორთან.
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №484 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.441
სპეციალური სამსახურების კონტრდაზვერვითი საქმიანობისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ი ფასეულობ ების გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სპეციალური ჯგუფი, რომლის წევრებსაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ
მუხლი 29. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:
ა) „ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ“;
ბ) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესის შესახებ“.
2. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ან/და მათი ნაწილები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კანონს, იურიდიულ ძალას კარგავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებისთანავე.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 11 ნოემბერი.
№2097-IIს
დოკუმენტის კომენტარები