დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2097 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/11/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 30/11/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 130.050.000.05.001.001.992 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ
მუხლი 1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ცნება
კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.
მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კონტრდაზვერვითი საქმიანობა – საქართველოს სპეციალური სამსახურების მიერ არასამართალდაცვითი მიზნებისათვის განხორციელებული სპეციალური (ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური) ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიმართულია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების გამოსავლენად და თავიდან ასაცილებლად;
ბ) ოპერატიული საქმიანობა – კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ღია თუ ფარული ფორმებითა და მეთოდებით განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
გ) ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობა – კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ფარული ფორმებითა და მეთოდებით განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
დ) ოპერატიული ინფორმაცია – ოპერატიული ან/და ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის შედეგად მიღებული მონაცემები;
ე) კონტრდაზვერვითი ინფორმაცია – მონაცემები, რომლებიც ასახავს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობას და მათთან დაკავშირებულ გარემოებებს;
ვ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს ხელისუფლების სპეციალური ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ დაზვერვით ან/და კონტრდაზვერვით (ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ და სხვა) ღონისძიებებს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;
ზ) უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები – უცხო ქვეყნის სპეციალური ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ;
თ) უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა – უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა, რომლის მიზანია:
თ.ა) სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება;
თ.ბ) საქართველოს ხელისუფლებასა და მის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად;
ი) ოპერატიული აღრიცხვის საქმე – ფიზიკური ან იურიდიული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის და მათთან დაკავშირებული ქმედებებისა და გარემოებების შესწავლისა და დოკუმენტირებისათვის სპეციალური სამსახურების ოპერატიულ წარმოებაში არსებული საქმე, რომელშიც სისტემატიზებული და კონცენტრირებულია მასთან დაკავშირებით მოპოვებული ოპერატიული მასალები;
კ) საქართველოს პირი:
კ.ა) საქართველოს მოქალაქე;
კ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოქალაქეების მიერ;
ლ) უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა – ნებისმიერი იურიდიული პირი, გარდა ამ მუხლის „კ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა;
მ) უცხო ქვეყნის წარმომადგენელი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
ნ) ელექტრონული თვალთვალი − ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ო) შეთანხმებული ელექტრონული თვალთვალი – ელექტრონული თვალთვალი, განხორციელებული სატელეფონო ან სხვა სახის ელექტრონული კავშირის ერთ-ერთი მონაწილე მხარის წერილობითი თანხმობით;
პ) ელექტრონული თვალთვალის და ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომ − უფლებამოსილი ორგანო);
ჟ) ელექტრონული თვალთვალის ობიექტი − პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება;
რ) ელექტრონული თვალთვალის ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი − ელექტრონული თვალთვალის ობიექტის სარგებლობაში არსებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი ან მომხმარებლის სახელი;
ს) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ62“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;
ტ) სპეციალური სამსახური − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამინისტროების/სამსახურების იმავე დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფები;
უ) ზედამხედველი მოსამართლე − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელიც გასცემს ამ კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანებას, აგრეთვე ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანებას და ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში აკონტროლებს:
უ.ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით;
უ.ბ) ამ კანონის 147 მუხლის საფუძველზე ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით;
ფ) კონტროლის ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ელექტრონული სისტემა;
ქ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა;
ღ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა;
ყ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკი (შემდგომ − მონაცემთა ცენტრალური ბანკი) − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული მონაცემთა ცენტრალური ბანკი;
შ) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია − ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული და ამ კანონის 142 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამუშავებული ინფორმაცია, რომელსაც აქვს ღირებულება კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
მუხლი 3. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ამოცანები
კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა:
ა) სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიტიკური დამუშავება და გამოყენება;
ბ) კონკრეტული სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოვლენა და თავიდან აცილება.
მუხლი 4. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
კონტრდაზვერვითი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები.
მუხლი 5. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების პრინციპები
1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების განუხრელი დაცვა, პიროვნების ღირსების პატივისცემა;
გ) კონსპირაციის წესების დაცვა;
დ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის მართვის ცენტრალიზაცია და ერთიანობა.
2. კონტრდაზვერვითი საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო და ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვების მიზნით და იგი არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. (ამოღებულია - 22.03.2017, №477).
მუხლი 6. კონტრდაზვერვითი საქმიანობა და საჯაროობა
1. კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.
2. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. კონტრდაზვერვით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მასალების და სხვა მონაცემების ან მათი ნაწილის დასაიდუმლოების წესი და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თავი II. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სისტემა და ორგანიზაცია
მუხლი 7. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურები
1. კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
2. ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
3. სპეციალური სამსახურები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მაკოორდინირებელ სპეციალურ სამსახურს წარუდგინონ ნებისმიერი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებთან.
4. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს:
ა) ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესს;
ბ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესს, რომლითაც განისაზღვრება აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სრული ნუსხა და მათი წარდგენის წესი.
მუხლი 8. სპეციალური სამსახურების უფლებამოსილებები
1. სპეციალური სამსახურების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. სპეციალური სამსახურები ვალდებული არიან:
ა) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ყველა საჭირო ქმედება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ამოცანების შესასრულებლად;
ბ) განუხრელად დაიცვან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, იურიდიული პირის უფლებები, პატივი სცენ პიროვნების ღირსებას;
გ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან კონსპირაციის წესები.
3. სპეციალურ სამსახურებს უფლება აქვთ:
ა) ღიად ან/და ფარულად ჩაატარონ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ბ) უსასყიდლოდ ან სასყიდლით დაამყარონ ურთიერთობა მოქალაქეებთან, რომელთაც ნებაყოფლობით განაცხადეს თანხმობა, კონფიდენციალურ საფუძველზე ხელი შეუწყონ სპეციალურ სამსახურებს;
გ) შექმნან და გამოიყენონ საინფორმაციო სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს კონტრდაზვერვითი საქმიანობის ამოცანათა შესრულებას;
დ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების ჩატარების დროს ხელშეკრულებით ან ზეპირი შეთანხმებით გამოიყენონ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, სამხედრო ნაწილთა სასამსახურო შენობები, ქონება, აგრეთვე კერძო პირთა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი სადგომები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება;
ე) კონსპირაციის მიზნით გამოიყენონ დოკუმენტები, რომლებშიც შენიღბულია სპეციალური სამსახურების თანამდებობის პირთა ვინაობა, დანაყოფების, ორგანიზაციების სადგომებისა და სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილება, აგრეთვე იმ მოქალაქეთა ვინაობა, რომლებიც ამ სამსახურებთან თანამშრომლობენ კონფიდენციალურ საფუძველზე.
მუხლი 9. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებები
1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებებია:
ა) ოპერატიული ღონისძიებები – ოპერატიული საქმიანობის ნაწილი; ისინი ხორციელდება უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ღია ან/და ფარული მეთოდების გამოყენებით. ოპერატიული ღონისძიებების სახეები განისაზღვრება სპეციალური სამსახურების სამართლებრივი აქტებით;
ბ) ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები – ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის ნაწილი; ისინი ხორციელდება უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
2. ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებებია:
ა) ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა;
ბ) ფარული კინო- და ფოტოგადაღება;
გ) სატელევიზიო კამერების და სხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება;
დ) ელექტრონული თვალთვალი;
ე) საფოსტო კორესპონდენციის კონტროლი;
ვ) სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება;
ზ) ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება.
3. ელექტრონული თვალთვალის სახეებია:
ა) სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა;
ბ) ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია;
გ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა.
მუხლი 10. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები
კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების საფუძვლებია:
ა) მონაცემები ფაქტებისა და მოვლენების (ან მათი ნიშნების) შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან რომლებსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას;
ბ) მონაცემები უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ან უცხო ქვეყნის წარმომადგენლობის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მომზადებასთან ან განხორციელებასთან, ან არსებობს საფუძველი ასეთი ვარაუდისათვის;
გ) მონაცემები საქართველოს პირის შესახებ, რომლებიც მიუთითებს მის კავშირზე უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობასთან.
თავი III. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების წესები
მუხლი 11. კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განხორციელების ზოგადი წესი
1. საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დაშვებულ შემთხვევებში ცალკეულ პირთა მიმართ, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, ეროვნებისა, სქესისა, თანამდებობრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობისა, რელიგიური აღმსარებლობისა და პოლიტიკური მრწამსისა, შესაძლოა განხორციელდეს კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებები.
2. ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები ხორციელდება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში და, როგორც წესი, არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა, რომელთა განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით.
მუხლი 12. ელექტრონული თვალთვალი
1. ელექტრონული თვალთვალის განსახორციელებლად სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
2. ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვის შესახებ შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს:
ა) ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების დასაბუთებას;
ბ) დასაბუთებას, რომ ელექტრონული თვალთვალის განხორციელება აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად და იგი მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალებაა;
გ) დასაბუთებას, რომ კონტრდაზვერვითი ინფორმაცია ელექტრონული თვალთვალის განხორციელების გარეშე ვერ მოიპოვება;
დ) მითითებას მოთხოვნილი ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების სახის შესახებ;
ე) ელექტრონული თვალთვალის ობიექტის/ობიექტების შესახებ დეტალურ მონაცემებს (სავალდებულო არ არის ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შემთხვევაში, თუ ღონისძიების მიზანი ამ ობიექტის/ობიექტების იდენტიფიცირებაა);
ვ) დეტალურ მონაცემებს ელექტრონული თვალთვალის ობიექტის/ობიექტების საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის/იდენტიფიკატორების შესახებ, რომლის/რომელთა კონტროლიც უნდა განხორციელდეს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ფარგლებში.
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №484 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.441
მუხლი 13. მოსამართლის ბრძანება
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, ბრძანებით გასცეს ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვა, თუ არსებობს შესაბამისი ობიექტური საფუძველი და შესრულებულია ამ კანონის მე-10 და მე-12 მუხლების მოთხოვნები.
2. მოსამართლე ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვის შესახებ შუამდგომლობას მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს დახურულ სასამართლო სხდომაზე, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით. მოსამართლეს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება:
ა) გასცემს ბრძანებას ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ;
ბ) გამოაქვს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. მოსამართლეს უფლება აქვს მოითხოვოს ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც აუცილებელია საკითხის გადასაწყვეტად.
4. ამ მუხლის მიხედვით გაცემული ბრძანებით ნებადართულია ელექტრონული თვალთვალი იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მისი მიზნების მისაღწევად, მაგრამ არა უმეტეს 90 დღისა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადის გაგრძელება შეიძლება მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, იმავე წესით და საფუძვლით, რაც დადგენილია თავდაპირველი ბრძანებისათვის, თითოეულ ჯერზე არა უმეტეს 12 თვისა.
6. ზედამხედველი მოსამართლე, რომელიც გასცემს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ ბრძანებას, ამ კანონით დადგენილი წესით აკონტროლებს ღონისძიების აღსრულების პროცესს.
7. ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების (შუამდგომლობა, ბრძანება და სხვა) მიმართ მოქმედებს საიდუმლოების დაცვის რეჟიმი.
8. ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (ბრძანების ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული); საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი). ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს:
ა) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა;
ბ) განკარგულება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ;
გ) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების სახე;
დ) ელექტრონული თვალთვალის ობიექტის/ობიექტების შესახებ მონაცემები (სავალდებულო არ არის ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შემთხვევაში, თუ ღონისძიების მიზანი ამ ობიექტის/ობიექტების იდენტიფიცირებაა);
ე) მკაფიოდ იდენტიფიცირებადი მონაცემები ელექტრონული თვალთვალის ობიექტის/ობიექტების საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის/იდენტიფიკატორების შესახებ, რომლის/რომელთა კონტროლიც უნდა განხორციელდეს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ფარგლებში;
ვ) ღონისძიების დაწყებისა და დასრულების თარიღები და დრო;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, ამ ბრძანების განხორციელების ადგილი;
თ) უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც ეს ბრძანება უნდა შეასრულოს;
ი) სპეციალური სამსახურის დასახელება, რომელსაც უნდა გაეცნოს და გადაეცეს მოპოვებული ინფორმაცია;
კ) საჭიროების შემთხვევაში, ვისზე ვრცელდება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება;
ლ) ღონისძიების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა მონაცემები.
9. ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილ წარმომადგენელს (მათგან ერთი ეგზემპლარი წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს).
1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის აუცილებელი, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების გარეშე დაწყების შესახებ. ასეთ შემთხვევაში სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სასამართლოს და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დაწყებიდან 24 საათში მიმართოს მას შესაბამისი შუამდგომლობით. ამ შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები და ის გარემოებები, რომლებმაც განაპირობა ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების გადაუდებლად დაწყება.
2. ზედამხედველი მოსამართლე განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შუამდგომლობას ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. თუ იგი არ გასცემს ბრძანებას, რომელიც ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების უფლებას იძლევა, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია უნდა განადგურდეს.
3. უფლებამოსილი ორგანო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაწყებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ელექტრონული ან მატერიალური სახით სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელს გადასცემს მხოლოდ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, უფლებამოსილი ორგანოსგან წერილობით გამოითხოვოს გამოთხოვის მომენტისთვის ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია ელექტრონული ეგზემპლარის სახით. ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ზედამხედველი მოსამართლე უზრუნველყოფს მის დადგენილი წესით განადგურებას.
4. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ანადგურებს ამ კანონის 143 მუხლით დადგენილი წესით, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში.
5. უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების ელექტრონულ ეგზემპლარს დაუყოვნებლივ აწვდის ზედამხედველ მოსამართლეს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
მუხლი 141. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელება
1. ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება ან ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება დადგენილი წესით წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს. უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებას.
2. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება ხორციელდება ზედამხედველი მოსამართლის ბრძანებით დადგენილი ვადით და წყდება მისი გასვლისთანავე.
3. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა აღრიცხოს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელებასთან დაკავშირებული შემდეგი მონაცემები: ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების სახე, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დაწყებისა და დასრულების დრო, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ობიექტი, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი, ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების ან სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების რეკვიზიტები.
მუხლი 142. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის გაცნობა და დამუშავება
1. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის გაცნობა და დამუშავება ხდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალურად გამოყოფილ, შეზღუდული დაშვების არეალებში, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამგვარ არეალებში შესვლის და უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემასთან დაშვების წესი, პროცედურა და პირობები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.
2. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაცია ელექტრონული თვალთვალის განხორციელებისას იმგვარად უნდა დახარისხდეს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის ღირებულების მქონე ინფორმაციის აღნიშნული მიზნებისთვის ღირებულების არმქონე ინფორმაციისგან გამიჯვნა და შენახვა. კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის ღირებულების არმქონე ინფორმაცია უნდა გაანადგუროს უფლებამოსილმა ორგანომ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების დროს, დადგენილი პერიოდულობით. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის დახარისხების წესი, პროცედურა და ტექნიკურ-ორგანიზაციულ ღონისძიებათა კომპლექსი განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.
3. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციის სათანადო დაცვისათვის პასუხისმგებელი არიან უფლებამოსილი ორგანო და სპეციალური სამსახური.
1. ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას უფლებამოსილი ორგანო ინახავს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დასრულებიდან ან შეწყვეტიდან 10 დღის განმავლობაში. სპეციალური სამსახური ვალდებულია აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოს მოპოვებული ინფორმაციის გატანა უფლებამოსილი ორგანოდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო ანადგურებს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში.
2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების გარეშე დაწყებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას უფლებამოსილი ორგანო ინახავს ელექტრონული თვალთვალის დასრულებიდან ან შეწყვეტიდან 10 დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში უფლებამოსილ ორგანოს არ წარედგინება ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება, რომელიც ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების უფლებას იძლევა, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ნადგურდება, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში.
3. უფლებამოსილი ორგანო აგრეთვე უზრუნველყოფს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული შემდეგი ინფორმაციის განადგურებას და მისი განადგურების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში ასახვას შემდეგ შემთხვევებში:
ა) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/ მოპოვებული ინფორმაციისა − ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ზედამხედველი მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე;
ბ) ამ კანონის 142 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციისა − თუ ამ ინფორმაციას არა აქვს ღირებულება კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის;
გ) ამ კანონის 144 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტილი ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციისა − ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების ან სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
4. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია გადაეცემა სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მოპოვებული ინფორმაციის ელექტრონული ეგზემპლარის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის გადაცემის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს გადაცემული ინფორმაციის ელექტრონული ეგზემპლარის განადგურებას, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში.
5. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციის შენახვის, გაცემისა და განადგურების წესი განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.
მუხლი 144. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეწყვეტა და შეჩერება
1. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება წყდება, თუ:
ა) შესრულდა ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შესახებ ზედამხედველი მოსამართლის ბრძანებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანა;
ბ) დადგინდა გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შესახებ ზედამხედველი მოსამართლის ბრძანებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება ობიექტურად შეუძლებელია ან ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელებას კონტრდაზვერვითი ინფორმაციის მოპოვებისთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს;
გ) გავიდა ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ვადა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ან ზედამხედველი მოსამართლე. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ვადამდე შეწყვეტის შესახებ სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაში ან ზედამხედველი მოსამართლის ბრძანებაში აგრეთვე უნდა მიეთითოს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციის განადგურების ან შენახვის თაობაზე.
4. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება შეიძლება შეაჩეროს ზედამხედველმა მოსამართლემ კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, თუ:
ა) არ არსებობს ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ;
ბ) კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი არ არის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების ელექტრონული ასლი.
5. უფლებამოსილი ორგანო ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დასრულების ან შეწყვეტის შემდეგ ადგენს ოქმს. ოქმში აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი, ღონისძიების დაწყებისა და დასრულების დრო, ელექტრონული თვალთვალის ობიექტი/ობიექტები და ამ ობიექტის/ობიექტების ტექნიკური იდენტიფიკატორი/იდენტიფიკატორები, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შესაბამისი სახე და მისი განხორციელებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, ღონისძიების განხორციელების ადგილი, ცნობები ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თაობაზე და ინფორმაცია ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის განადგურების შესახებ.
6. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების მიმდინარეობისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაიცეს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შუალედური ოქმი.
7. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმის ერთი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ ორგანოში, ხოლო ორი ეგზემპლარი გადაეცემა სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც უზრუნველყოფს ერთი ეგზემპლარის ზედამხედველი მოსამართლისთვის წარდგენას ამ კანონის 145 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 145. ზედამხედველი მოსამართლის მიერ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების კონტროლი
1. ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, სპეციალურ სამსახურს მოსთხოვოს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციისა და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის წარდგენა. მიღებულ ინფორმაციას ზედამხედველი მოსამართლე განიხილავს დახურულ სასამართლო სხდომაზე, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, გასცეს ბრძანება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეწყვეტის შესახებ, თუ იგი მიიჩნევს, რომ არსებობს ამ კანონის 144 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
2. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დასრულების შემდეგ ზედამხედველ მოსამართლეს წარედგინება ანგარიში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შესახებ და უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი შესაბამისი ოქმის ეგზემპლარი.
1. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას ზედამხედველი მოსამართლე აკონტროლებს:
ა) კონტროლის ელექტრონული სისტემით, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმებით;
ბ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით, ინიციირებულ/განხორციელებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების სამართლებრივ საფუძვლებთან შედარებით.
2. ამ კანონის 147 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს ზედამხედველი მოსამართლე აკონტროლებს მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით, ამ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელებისას ზედამხედველი მოსამართლე აგრეთვე უფლებამოსილია გაეცნოს კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით მიწოდებულ იმ აქტივობებს, შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებს და ლოგირების მონაცემებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის საფუძველზე ხორციელდება.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელებისას ზედამხედველი მოსამართლე უფლებამოსილია გაეცნოს მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით მიწოდებულ იმ აქტივობებს, შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებს და ლოგირების მონაცემებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლისა და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხორციელდება.
5. ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს მოსთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტებები კონტროლის პროცესში გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით და ამ ახსნა-განმარტებების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ინიციირების შესახებ.
6. ზედამხედველი მოსამართლე გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარულ ტექნიკურ შესაძლებლობას აკონტროლებს კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით. აღნიშნული კონტროლის განხორციელებისას ზედამხედველი მოსამართლე აგრეთვე უფლებამოსილია გაეცნოს კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით მიწოდებულ იმ აქტივობებს, შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებს და ლოგირების მონაცემებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის საფუძველზე ხორციელდება.
7. თუ ზედამხედველი მოსამართლე ვერ ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, ზედამხედველი მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლე.
მუხლი 147. უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვა
1. სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით უფლებამოსილი ორგანოსგან ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამოთხოვის შესახებ. ზედამხედველი მოსამართლე ამ შუამდგომლობას განიხილავს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება:
ა) გასცემს ბრძანებას უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ;
ბ) გამოაქვს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (ბრძანების ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული); საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი). მოსამართლის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს:
ა) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა;
ბ) განკარგულება უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ;
გ) დეტალური მონაცემები იმ საკომუნიკაციო აღჭურვილობის შესახებ, რომლის მეშვეობით განხორციელებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებიც უნდა იქნეს გამოთხოვილი;
დ) სპეციალური სამსახურის დასახელება, რომელსაც უნდა გადაეცეს გამოთხოვილი ინფორმაცია;
ე) უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს ბრძანება;
ვ) ინფორმაციის გამოთხოვისთვის აუცილებელი სხვა მონაცემები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილ წარმომადგენელს (მათგან ერთი ეგზემპლარი წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს).
1. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
2. სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს, თუ:
ა) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიება ან დანაშაულის გამოძიების დაწყება;
ბ) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გადაცემა განპირობებულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით, აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად და ამ მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა;
გ) გადასაცემ ინფორმაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს გამოძიებისთვის ან გამოძიების დაწყებისთვის და მისი სხვა საშუალებით მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნებისთვის, თუ იგი აკმაყოფილებს იმავე კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.
მუხლი 149. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურება
1. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, რომელსაც აღარ აქვს ღირებულება ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად და არ უნდა გადაეცეს უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, ანადგურებს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი ზედამხედველი მოსამართლის თანდასწრებით. ამ ინფორმაციის განადგურების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ზედამხედველი მოსამართლე და სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ეს ოქმი გადაეცემა ზედამხედველ მოსამართლეს.
2. სპეციალური სამსახური ვალდებულია დადგენილი პერიოდულობით შეამოწმოს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ღირებულება ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად.
მუხლი 1410. პირისთვის შეტყობინება
1. სპეციალური სამსახური ვალდებულია პირს მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ წერილობით შეატყობინოს მას შემდეგ, რაც ამგვარი შეტყობინება საფრთხეს აღარ შეუქმნის იმ მიზანს, რომლისთვისაც ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება განხორციელდა. ამ ინფორმაციასთან ერთად პირს მიეწოდება ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ, მონაცემები ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თაობაზე და ინფორმაცია მისი განადგურების შესახებ, აგრეთვე მასალა, რომლის საფუძველზედაც ზედამხედველმა მოსამართლემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, და განემარტება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
2. პირისთვის მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ შეტყობინება დაუშვებელია, თუ შეუტყობინებლობა აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების და დემოკრატიული წყობილების ინტერესების დასაცავად ან ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ან მის მოსაპოვებლად გამოყენებული მეთოდების გამჟღავნება საფრთხეს შეუქმნის სპეციალური სამსახურის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას.
3. პირისთვის მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ წერილობით შეტყობინების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით.
მუხლი 15. შეთანხმებული ელექტრონული თვალთვალი
1. სპეციალური სამსახური უფლებამოსილია ელექტრონული კავშირის ერთ-ერთი მონაწილე მხარის წერილობითი თანხმობით განახორციელოს ელექტრონული თვალთვალი, რომელიც მიმართულია კონტრდაზვერვითი ინფორმაციის მოპოვებისკენ.
2. ასეთი სახის თვალთვალის ვადაა არა უმეტეს 90 დღისა. ვადის გაგრძელება ხდება იმავე პროცედურით, როგორითაც პირველადი უფლების მიღება.
მუხლი 16. საფოსტო კორესპონდენციის კონტროლი
საფოსტო კორესპონდენციის კონტროლის განსახორციელებლად სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი მიმართავს მოსამართლეს ბრძანებისათვის იმავე პროცედურით, როგორითაც ელექტრონული თვალთვალის შემთხვევაში.
მუხლი 17. სატელევიზიო კამერების და სხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება
კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი უფლებამოსილია გასცეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სატელევიზიო კამერების და სხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების ნებართვა.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი უფლებამოსილია გასცეს ორგანიზაციის საქმიანობაში ფარული მონაწილეობის ნებართვა, თუ:
ა) არსებობს სათანადო საფუძველი, რომ ორგანიზაცია მონაწილეობს უცხო ქვეყნის წარმომადგენლობისათვის ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობაში;
ბ) ფარული მონაწილეობა მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანი კონტროლისათვის.
მუხლი 19. კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა
კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი უფლებამოსილია გასცეს კანონმდებლობის ფარგლებში კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნის ნებართვა.
ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება და სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება ხორციელდება ამ კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
მუხლი 20. სპეციალური სამსახურების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები
1. სპეციალური სამსახურების თანამშრომლებზე ვრცელდება იმ სამსახურების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, რომელთა სამსახურშიც ისინი ირიცხებიან.
2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის და სპეციალური სამსახურის კანონიერ მოქმედებაში, გარდა კანონით საამისოდ უფლებამოსილი პირისა.
3. სახელმწიფო დაწესებულებისა და სამხედრო ნაწილის თანამდებობის პირი კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიების ჩატარებისას ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს სპეციალურ სამსახურს.
4. სპეციალური სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.
მუხლი 21. მოქალაქეთა მიერ სპეციალური სამსახურებისთვის ხელის შეწყობა
1. ცალკეული პირები შეიძლება მათივე თანხმობით ჩააბან კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების მომზადებასა თუ ჩატარებაში. ეს პირები ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ ცნობები, რომლებიც ამ ღონისძიებების მომზადებისა თუ ჩატარების დროს შეიტყვეს, სპეციალურ სამსახურებს არ მიაწოდონ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია, არ გამოიყენონ ეს კავშირი თავიანთი ინტერესებისათვის.
2. სპეციალურ სამსახურებს შეუძლიათ კონტრაქტები დაუდონ მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს მათი მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, სოციალური და თანამდებობრივი მდგომარეობის, ენის, განათლების, საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის, პოლიტიკური მრწამსის და რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად.
3. სპეციალურ სამსახურებს ეკრძალებათ კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირების კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება.
საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3391 – ვებგვერდი, 24.09.2018წ.
1. სპეციალური სამსახურებისთვის ხელის შემწყობ პირებს სახელმწიფო იცავს.
2. თუ სპეციალური სამსახურებისთვის ხელის შეწყობის მიზეზით ცალკეულ პირებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებს შეექმნებათ სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის რეალური საფრთხე, ეს სამსახურები ვალდებული არიან მიიღონ საჭირო ზომები ასეთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
3. ცნობები იმ პირთა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ სპეციალურ სამსახურებთან, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას; მათი გაცემა შეიძლება მხოლოდ ამ პირთა ან მათი მემკვიდრეების წერილობითი თანხმობით ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. პირს, რომელიც სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობს, აქვს გასამრჯელოს მიღების უფლება.
5. პირს, რომელმაც თანხმობა განაცხადა, კონტრაქტის საფუძველზე ითანამშრომლოს სპეციალურ სამსახურებთან, სახელმწიფო აძლევს გარანტიას, რომ შესრულდება კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები.
6. საჭიროების შემთხვევაში პირის, რომელიც თანამშრომლობს სპეციალურ სამსახურებთან, ასევე მისი ოჯახის წევრების, ახლობლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ტარდება მათი დაცვის სპეციალური ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 23. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა
სპეციალურ სამსახურებს კონტრდაზვერვითი საქმიანობისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფათ ფინანსური სახსრები, რომლებიც იხარჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V. კონტრდაზვერვითი საქმიანობის კონტროლი
მუხლი 24. საპარლამენტო კონტროლი
1. საქართველოს პარლამენტი კონტრდაზვერვით საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმითა და წესით.
2. საქართველოს პარლამენტის წევრებმა კანონით დაცული ინფორმაცია კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ შეიძლება მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3896 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ის ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკური და იურიდიული პირების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის კოორდინაციის განმახორციელებელი სამსახურის ხელმძღვანელი ვალდებულია არანაკლებ წელიწადში ერთხელ საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს ანგარიში.
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №484 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.441
სპეციალური სამსახურების კონტრდაზვერვითი საქმიანობისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ი ფასეულობ ების გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სპეციალური ჯგუფი, რომლის წევრებსაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ
მუხლი 29. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:
ა) „ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ“;
ბ) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესის შესახებ“.
2. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ან/და მათი ნაწილები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კანონს, იურიდიულ ძალას კარგავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებისთანავე.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 11 ნოემბერი.
№2097-IIს
დოკუმენტის კომენტარები