„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 477-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 130050000.05.001.018347
477-IIს
22/03/2017
ვებგვერდი, 27/03/2017
130050000.05.001.018347
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 30.11.2005, მუხ. 328) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ელექტრონული თვალთვალი − ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“−„შ“ ქვეპუნქტები:

„პ) ელექტრონული თვალთვალის და ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომ − უფლებამოსილი ორგანო);

ჟ) ელექტრონული თვალთვალის ობიექტი − პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება;

რ) ელექტრონული თვალთვალის ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი − ელექტრონული თვალთვალის ობიექტის სარგებლობაში არსებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი ან მომხმარებლის სახელი;

ს) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ62“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;

ტ) სპეციალური სამსახური − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამინისტროების/სამსახურების იმავე დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფები;

უ) ზედამხედველი მოსამართლე − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელიც გასცემს  ამ კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანებას, აგრეთვე ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანებას და ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში აკონტროლებს:

უ.ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით;

უ.ბ) ამ კანონის 147 მუხლის საფუძველზე ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით;

ფ) კონტროლის ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ელექტრონული სისტემა;

ქ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა;

ღ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა;

ყ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკი (შემდგომ − მონაცემთა ცენტრალური ბანკი) − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული მონაცემთა ცენტრალური ბანკი;

შ) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია − ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული და ამ კანონის 142 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამუშავებული ინფორმაცია, რომელსაც აქვს ღირებულება კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება;

ზ) ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ელექტრონული თვალთვალის სახეებია:

ა) სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა;

ბ) ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია;

გ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა.“.

4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. ელექტრონული თვალთვალი

1. ელექტრონული თვალთვალის განსახორციელებლად სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.  

2. ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვის შესახებ შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს:

ა) ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების დასაბუთებას;

ბ) დასაბუთებას, რომ ელექტრონული თვალთვალის განხორციელება აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად და იგი მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალებაა;

გ) დასაბუთებას, რომ კონტრდაზვერვითი ინფორმაცია ელექტრონული თვალთვალის განხორციელების გარეშე ვერ მოიპოვება;

დ) მითითებას მოთხოვნილი ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების სახის შესახებ;

ე) ელექტრონული თვალთვალის ობიექტის/ობიექტების შესახებ დეტალურ მონაცემებს (სავალდებულო არ არის ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შემთხვევაში, თუ ღონისძიების მიზანი ამ ობიექტის/ობიექტების იდენტიფიცირებაა);

ვ) დეტალურ მონაცემებს ელექტრონული თვალთვალის ობიექტის/ობიექტების საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის/იდენტიფიკატორების შესახებ, რომლის/რომელთა კონტროლიც უნდა განხორციელდეს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ფარგლებში.“.

5. მე-13 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, ბრძანებით გასცეს ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვა, თუ არსებობს შესაბამისი ობიექტური საფუძველი და შესრულებულია ამ კანონის მე-10 და მე-12 მუხლების მოთხოვნები.

2. მოსამართლე ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვის შესახებ შუამდგომლობას მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს დახურულ სასამართლო სხდომაზე, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით. მოსამართლეს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება:

ა) გასცემს ბრძანებას ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ;

ბ) გამოაქვს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ზედამხედველი მოსამართლე, რომელიც გასცემს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ ბრძანებას, ამ კანონით დადგენილი წესით აკონტროლებს ღონისძიების აღსრულების პროცესს.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (ბრძანების ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული); საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი). ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს:

ა) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა;

ბ) განკარგულება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ;    

გ) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების სახე;

დ) ელექტრონული თვალთვალის ობიექტის/ობიექტების შესახებ მონაცემები (სავალდებულო არ არის ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შემთხვევაში, თუ ღონისძიების მიზანი ამ ობიექტის/ობიექტების იდენტიფიცირებაა);

ე) მკაფიოდ იდენტიფიცირებადი მონაცემები ელექტრონული თვალთვალის ობიექტის/ობიექტების საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის/იდენტიფიკატორების შესახებ, რომლის/რომელთა კონტროლიც უნდა განხორციელდეს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ფარგლებში;

ვ) ღონისძიების დაწყებისა და დასრულების თარიღები და დრო;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, ამ ბრძანების განხორციელების ადგილი;

თ) უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც ეს ბრძანება უნდა შეასრულოს;

ი) სპეციალური სამსახურის დასახელება, რომელსაც უნდა გაეცნოს და გადაეცეს მოპოვებული ინფორმაცია;

კ) საჭიროების შემთხვევაში, ვისზე ვრცელდება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება;

ლ) ღონისძიების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა მონაცემები.

9. ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილ წარმომადგენელს (მათგან ერთი ეგზემპლარი წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს).“. 

6. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელების უფლება

1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის აუცილებელი, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების გარეშე დაწყების შესახებ. ასეთ შემთხვევაში სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სასამართლოს და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დაწყებიდან 24 საათში მიმართოს მას შესაბამისი შუამდგომლობით. ამ შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები და ის გარემოებები, რომლებმაც განაპირობა ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების გადაუდებლად დაწყება.

2. ზედამხედველი მოსამართლე განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შუამდგომლობას ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. თუ იგი არ გასცემს ბრძანებას, რომელიც ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების უფლებას იძლევა, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია უნდა განადგურდეს.

3. უფლებამოსილი ორგანო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაწყებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ელექტრონული ან მატერიალური სახით სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელს გადასცემს მხოლოდ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, უფლებამოსილი ორგანოსგან წერილობით გამოითხოვოს გამოთხოვის მომენტისთვის ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია ელექტრონული ეგზემპლარის სახით. ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ზედამხედველი მოსამართლე უზრუნველყოფს მის დადგენილი წესით განადგურებას.

4. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ანადგურებს ამ კანონის 14მუხლით დადგენილი წესით, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში.

5. უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების ელექტრონულ ეგზემპლარს დაუყოვნებლივ აწვდის ზედამხედველ მოსამართლეს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141−1410 მუხლები:

„მუხლი 141. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელება

1. ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება ან ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება დადგენილი წესით წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს. უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებას.

2. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება ხორციელდება ზედამხედველი მოსამართლის ბრძანებით დადგენილი ვადით და წყდება მისი გასვლისთანავე.

3. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა აღრიცხოს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელებასთან დაკავშირებული შემდეგი მონაცემები: ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების სახე, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დაწყებისა და დასრულების დრო, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ობიექტი, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი, ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების ან სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების რეკვიზიტები.

მუხლი 142. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის გაცნობა და დამუშავება

1. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის გაცნობა და დამუშავება ხდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალურად გამოყოფილ, შეზღუდული დაშვების არეალებში, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამგვარ არეალებში შესვლის და უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემასთან დაშვების წესი, პროცედურა და პირობები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.

2. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაცია ელექტრონული თვალთვალის განხორციელებისას იმგვარად უნდა დახარისხდეს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის ღირებულების მქონე ინფორმაციის აღნიშნული მიზნებისთვის ღირებულების არმქონე ინფორმაციისგან გამიჯვნა და შენახვა. კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის ღირებულების არმქონე ინფორმაცია უნდა გაანადგუროს უფლებამოსილმა ორგანომ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების დროს, დადგენილი პერიოდულობით. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის დახარისხების წესი, პროცედურა და ტექნიკურ-ორგანიზაციულ ღონისძიებათა კომპლექსი განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.

3. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციის სათანადო დაცვისათვის პასუხისმგებელი არიან უფლებამოსილი ორგანო და სპეციალური სამსახური.

მუხლი 143. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციის შენახვა, გაცემა და განადგურება უფლებამოსილი ორგანოს მიერ

1. ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას უფლებამოსილი ორგანო ინახავს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დასრულებიდან ან შეწყვეტიდან 10 დღის განმავლობაში. სპეციალური სამსახური ვალდებულია აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოს მოპოვებული ინფორმაციის გატანა უფლებამოსილი ორგანოდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო ანადგურებს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში.

2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების გარეშე დაწყებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას უფლებამოსილი ორგანო ინახავს ელექტრონული თვალთვალის დასრულებიდან ან შეწყვეტიდან 10 დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში უფლებამოსილ ორგანოს არ წარედგინება ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება, რომელიც ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების უფლებას იძლევა, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ნადგურდება, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში.

3. უფლებამოსილი ორგანო აგრეთვე უზრუნველყოფს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული შემდეგი ინფორმაციის განადგურებას და მისი განადგურების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში ასახვას შემდეგ შემთხვევებში:

ა) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/ მოპოვებული ინფორმაციისა − ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ზედამხედველი მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე; 

ბ) ამ კანონის 14მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციისა − თუ ამ ინფორმაციას არა აქვს ღირებულება კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის;

გ) ამ კანონის 14მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტილი ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციისა − ზედამხედველი მოსამართლის ბრძანების ან სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

4. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია გადაეცემა სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მოპოვებული ინფორმაციის ელექტრონული ეგზემპლარის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის გადაცემის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს გადაცემული ინფორმაციის ელექტრონული ეგზემპლარის განადგურებას, რაც აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმში.

5. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციის შენახვის, გაცემისა და განადგურების წესი განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.

მუხლი 144. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეწყვეტა და შეჩერება

1. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება წყდება, თუ:

ა) შესრულდა ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შესახებ ზედამხედველი მოსამართლის ბრძანებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანა;

ბ) დადგინდა გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შესახებ ზედამხედველი მოსამართლის ბრძანებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება ობიექტურად შეუძლებელია ან ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელებას კონტრდაზვერვითი ინფორმაციის მოპოვებისთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს;

გ) გავიდა ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ვადა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ან ზედამხედველი მოსამართლე. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ვადამდე შეწყვეტის შესახებ სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაში ან ზედამხედველი მოსამართლის ბრძანებაში აგრეთვე უნდა მიეთითოს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციის განადგურების ან შენახვის თაობაზე.

4. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება შეიძლება შეაჩეროს ზედამხედველმა მოსამართლემ კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, თუ:

ა) არ არსებობს ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ჩატარების შესახებ; 

ბ) კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი არ არის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების ელექტრონული ასლი.

5. უფლებამოსილი ორგანო ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დასრულების ან შეწყვეტის შემდეგ ადგენს ოქმს. ოქმში აღინიშნება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი, ღონისძიების დაწყებისა და დასრულების დრო, ელექტრონული თვალთვალის ობიექტი/ობიექტები და ამ ობიექტის/ობიექტების ტექნიკური იდენტიფიკატორი/იდენტიფიკატორები, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შესაბამისი სახე და მისი განხორციელებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, ღონისძიების განხორციელების ადგილი, ცნობები ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თაობაზე და ინფორმაცია ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის განადგურების შესახებ.

6. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების მიმდინარეობისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაიცეს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შუალედური ოქმი.

7. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ოქმის ერთი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ ორგანოში, ხოლო ორი ეგზემპლარი გადაეცემა სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც უზრუნველყოფს ერთი ეგზემპლარის ზედამხედველი მოსამართლისთვის წარდგენას ამ კანონის 145 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 145. ზედამხედველი მოსამართლის მიერ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების კონტროლი

1. ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, სპეციალურ სამსახურს მოსთხოვოს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციისა და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის წარდგენა. მიღებულ ინფორმაციას ზედამხედველი მოსამართლე განიხილავს დახურულ სასამართლო სხდომაზე, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, გასცეს ბრძანება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეწყვეტის შესახებ, თუ იგი მიიჩნევს, რომ არსებობს ამ კანონის 14მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

2. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების დასრულების შემდეგ ზედამხედველ მოსამართლეს წარედგინება ანგარიში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შესახებ და უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი შესაბამისი ოქმის ეგზემპლარი.

მუხლი 146. ზედამხედველი მოსამართლის მიერ კონტროლის განხორციელება

1. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას ზედამხედველი მოსამართლე აკონტროლებს:

ა) კონტროლის ელექტრონული სისტემით, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმებით;

ბ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით, ინიციირებულ/განხორციელებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების სამართლებრივ საფუძვლებთან შედარებით.

2. ამ კანონის 14მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს ზედამხედველი მოსამართლე აკონტროლებს მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით, ამ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელებისას ზედამხედველი მოსამართლე აგრეთვე უფლებამოსილია გაეცნოს კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით მიწოდებულ იმ აქტივობებს, შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებს და ლოგირების მონაცემებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის საფუძველზე ხორციელდება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელებისას ზედამხედველი მოსამართლე უფლებამოსილია გაეცნოს მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით მიწოდებულ იმ აქტივობებს, შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებს და ლოგირების მონაცემებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლისა და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხორციელდება.

5. ზედამხედველ მოსამართლეს უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს მოსთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტებები კონტროლის პროცესში გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით და ამ ახსნა-განმარტებების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ინიციირების შესახებ.

6. ზედამხედველი მოსამართლე გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარულ ტექნიკურ შესაძლებლობას აკონტროლებს კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით. აღნიშნული კონტროლის განხორციელებისას ზედამხედველი მოსამართლე აგრეთვე უფლებამოსილია გაეცნოს კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით მიწოდებულ იმ აქტივობებს, შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებს და ლოგირების მონაცემებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის საფუძველზე ხორციელდება.

7. თუ ზედამხედველი მოსამართლე ვერ ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, ზედამხედველი მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლე.  

მუხლი 147. უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვა

1. სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით უფლებამოსილი ორგანოსგან ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამოთხოვის შესახებ. ზედამხედველი მოსამართლე ამ შუამდგომლობას განიხილავს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება:

ა) გასცემს ბრძანებას უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ;

ბ) გამოაქვს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (ბრძანების ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული); საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი). მოსამართლის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს:

ა) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა;

ბ) განკარგულება უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ;

გ) დეტალური მონაცემები იმ საკომუნიკაციო აღჭურვილობის შესახებ, რომლის მეშვეობით განხორციელებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებიც უნდა იქნეს გამოთხოვილი;

დ) სპეციალური სამსახურის დასახელება, რომელსაც უნდა გადაეცეს გამოთხოვილი ინფორმაცია;

ე) უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს ბრძანება;

ვ) ინფორმაციის გამოთხოვისთვის აუცილებელი სხვა მონაცემები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილ წარმომადგენელს (მათგან ერთი ეგზემპლარი წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს).

მუხლი 148. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემა

1. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

2. სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს, თუ:

ა) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიება ან დანაშაულის გამოძიების დაწყება;

ბ) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გადაცემა განპირობებულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით, აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად და ამ მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა;

გ) გადასაცემ ინფორმაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს გამოძიებისთვის ან გამოძიების დაწყებისთვის და მისი სხვა საშუალებით მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნებისთვის, თუ იგი აკმაყოფილებს იმავე კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.                 

მუხლი 149. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურება

1. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, რომელსაც აღარ აქვს ღირებულება ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად და არ უნდა გადაეცეს უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, ანადგურებს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი ზედამხედველი მოსამართლის თანდასწრებით. ამ ინფორმაციის განადგურების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ზედამხედველი მოსამართლე და სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ეს ოქმი გადაეცემა ზედამხედველ მოსამართლეს.

2. სპეციალური სამსახური ვალდებულია დადგენილი პერიოდულობით შეამოწმოს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ღირებულება ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად.

მუხლი 1410. პირისთვის შეტყობინება

1. სპეციალური სამსახური ვალდებულია პირს მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ წერილობით შეატყობინოს მას შემდეგ, რაც ამგვარი შეტყობინება საფრთხეს აღარ შეუქმნის იმ მიზანს, რომლისთვისაც ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება განხორციელდა. ამ ინფორმაციასთან ერთად პირს მიეწოდება ზედამხედველი მოსამართლის ბრძანება მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ, მონაცემები ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თაობაზე და ინფორმაცია მისი განადგურების შესახებ, აგრეთვე მასალა, რომლის საფუძველზედაც ზედამხედველმა მოსამართლემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, და განემარტება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

2. პირისთვის მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ შეტყობინება დაუშვებელია, თუ შეუტყობინებლობა აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების და დემოკრატიული წყობილების ინტერესების დასაცავად ან ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ან მის მოსაპოვებლად გამოყენებული მეთოდების გამჟღავნება საფრთხეს შეუქმნის სპეციალური სამსახურის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას.

3. პირისთვის მის მიმართ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ წერილობით შეტყობინების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

„მუხლი 191. ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებისა და სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების საფუძვლები

ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება და სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება ხორციელდება ამ კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.“.

9. 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის ელექტრონული სისტემის, კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემის ამოქმედება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების მიმართ.

2. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უზრუნველყოს ამ კანონის მიზნებისთვის ზედამხედველი მოსამართლის განსაზღვრა, კონტროლის ელექტრონული სისტემისა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი აპარატული უზრუნველყოფის საშუალებების შეძენა და სხვა, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.   

3. 2020 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის ამოქმედება.

4. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღება.

 მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი (გარდა „გ“ ქვეპუნქტისა), პირველი მუხლის მე-4−მე-6 პუნქტები, პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 141−14მუხლები, 146 მუხლი (გარდა მე-6 პუნქტისა), 147−1410 მუხლები და პირველი მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.    

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 146 მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან.  


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 მარტი 2017 წ.

N477-IIს